გიორგი გვახარია

კაცი, რომელსაც სინათლე მოაქვს

ლევან პაატაშვილი თავის დაბადების დღეს (მას სამოცი წელი შეუსრულდა) ჭეშმარიტი გამარჯვებით შეხვდა - დაასრულა მუშაობა ერთდროულად ორ სურათზე,

რომელთა სახვითი გადაწყვეტა თანამედროვე ქართულ კინოხელოვნებაში გადაუჭარბებლად შეიძლება ჩაითვალოს გადატრიალებად. ესაა რეჟისორ რეზო ესაძის ფილმი „ნეილონის ნაძვის ხე“ და ახალგაზრდა რეჟისორის ნანა ჯორჯაძის სურათი „რობინზონიადა“.

ლევან პაატაშვილი ამ ფილმების ჭეშმარიტი თანაავტორია. მისი სული, მისი გულისცემა იგრძნობა ამ სურათების ნებისმიერ ეპიზოდში, ნებისმიერ კადრში. ამ ფილმების ნახვის შემდეგ, ვფიქრობ, აღარავინ დაიწყებს მტკიცებას, თითქოს ოპერატორი კინოში მხოლოდ დამხმარე როლს თამაშობდეს, მხოლოდ შემსრულებლის როლს. პაატაშვილი არათუ აღადგენს თავისი პროფესიის ავტორიტეტს, ის ასაბუთებს კიდეც, რომ ოპერატორი მხატვარია, ფერმწერი, რომელსაც უპირველესად სინათლე მოაქვს. სინათლე, რომელიც აერთებს, აკავშირებს ყველას და ყველაფერს სამყაროში.

ლევან პაატაშვილი თბილისში დაიბადა, მთაწმინდაზე. ამ უბნის ცხოველხატულმა ქუჩებმა დინამიკური კონტურებითა და განუმეორებელი იერით, ჩამოაყალიბა კიდეც ლევან პაატაშვილის ხედვა - ნათელი, მკაფიო და ყოველთვის გამომხატველი.

შემდეგ სამშენებლო ტექნიკუმი დაამთავრა, სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში, მაგრამ აღარ დაუსრულებია. თბილისში დაბრუნდა და სერიოზულად გაიტაცა ფოტოგრაფიამ - თანამშრომლობდა ჟურნალებში, გაზეთებში.

1949 წელს ჩაირიცხა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში საოპერატორო ფაკულტეტზე ბორის ვოლჩეკის სახელოსნოში. იმხანად წამყვანი იყო რბილი გამოსახულება, უარყოფდნენ კონტრასტს, ირებდნენ ძირითადად ფართოკუთხიან ოპტიკაზე.

და აი, 1958 წელს ეკრანებზე გამოდის თენგიზ აბულაძის სურათი „სხვისი შვილები“, რომლის ახალგაზრდა ოპერატორმა ლევან პაატაშვილმა განაცვიფრა მაყურებელი სურათის სახვითი გადაწყვეტით. ფილმის მძაფრმა კონფლიქტმა მოითხოვა არა რბილი გამოსახულება, არამედ მკვეთრი კონტრასტები, მზის ძლიერი შუქის დაპირისპირება ღრმა ჩრდილებთან. პაატაშვილმა  შექმნა შუქ-ჩრდილის კონტრასტით გამძაფრებული გრაფიკული გამოსახულება, რომელშიც უჩვეულოდ შეუკავშირდა ერთმანეთს კადრის სურათოვნება და მისი დინამიკურობა, დაძაბულობა.

კადრის გრაფიკული გამომხატველობა საგრძნობია აგრეთვე ლევან პაატაშვილის მიერ იმხანად გადაღებული სიკო დოლიძის ფილმში „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ [უნდა იყოს "დღე უკანასკნელი, დღე პირველი"]  და ლანა ღოღობერიძის სურათში „ერთი ცის ქვეშ“.

60-იან წლებში საოპერატორო ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. ტრანსფოკატორის გამოგონებამ განაპირობა ინტერესი რთული სტრუქტურებისადმი - კადრის კომპოზიციის განთავისუფლება შებოჭილობისაგან, მსახიობის თავისუფლება კადრში. სწორედ ამ პერიოდში იღებს ლევან პაატაშვილი სურათს „შეყვარებულთა რომანსი“ [„რომანსი შეყვარებულებზე], რომლიდანაც ახალი ეტაპი იწყება მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში.

ამ სურათში კამერას უნდა გამოეხატა გრძნობათა სამყარო. გამოსახულება უნდა განთავისუფლებულიყო ყოფითი დეტალების სიმძიმისაგან. გადასაღები ობიექტი ნათდებოდა გაბნეული, რბილი შუქით, რომლის ფონზე ცოცხალი სინათლის რეფლექსი განსაკუთრებულ ეფექტს - არეკლილი, აღბეჭდილი სინათლის ეფექტს იძლეოდა. ასეთ ატმოსფეროში მით უფრო ბუნებრივი გახდა კამერის თავისუფალი მოძრაობა, იმპროვიზაცია, ოპტიკის მთლიანი პალიტრის გამოყენება. გადაღების ასეთ პირობებში მსახიობიც მუდმივად იყო მოქცეული ახალ სივრცეში, ახალ ფერადოვან ზოლში. ამ ცხოველხატულობით ეკრანის ჩარჩო თითქოს ქრებოდა, იძირებოდა სინათლის ნიუანსებში. სინათლე თვით ფერსაც იმორჩილებდა. მისი ძლიერი ნაკადი ერთგვარ ემოციურ დარტყმას ქმნიდა ეკრანზე.

ფილმში „შეყვარებულთა რომანსი“ შეინიშნება გამოსახულების გარკვეული ეპიკურობა, რომელიც ახალ ხარისხში ავიდა ლევან პაატაშვილის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებში, ფილმში „სიბირიადა“. ამ სურათში პაატაშვილმა კომბინირებული გადაღების გარეშე მიაღწია ნატურაზე გადაღებულ გრანდიოზულ, მასშტაბურ გამოსახულებას.

1978 წელს ლევან პაატაშვილი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. გადაიღო ჯერ გიგა ლორთქიფანიძის სურათი „გამარჯობა ყველას!“, შემდეგ იმუშავა რეზო ესაძესთან, ელდარ და გიორგი შენგელაიებთან, გადაიღო სრულიად განსხვავებული ხასიათის სურათები.

„ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში“ (რეჟ. გიორგი შენგელაია) პლასტიკური სამყარო მკვეთრად სურათოვანია - უარყოფილია პირველი პლანი, კადრები სიბრტყის გასწვრივ არის აგებული. ამ სიბრტყობრივობაში მით უფრო იზრდება როლი შუქ-ჩრდილისა, რომელაც უნდა გამოძერწოს, რელიეფურობა მიანიჭოს კადრს.

სულ სხვაგვარია ელდარ შენგელაიას ფილმის, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, პლასტიკური სამყარო (ამ ნამუშევრისათვის, როგორც ცნობილია, ლევან პაატაშვილი სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა). თავისი ჟანრით სურათი სატირაა, რაც იძლეოდა ოპტიკის გამძაფრების საშუალებას,  მკვეთრი რაკურსების მიღწევას, უტრირებას. მაგრამ ფილმის ავტორებმა უპირატესობა მიანიჭეს ნათელ, ძალზე სადა გამოსახულებას, რომელიც ყურადღებას იპყრობს უპირველეს ყოვლისა, სიმყუდროვით, ჰაერით და საოცარ ერთიანობას ქმნის ეკრანზე.

განსაკუთრებული ატმოსფეროსა და ბუნებრივი განათების მისაღწევად ლევან პაატაშვილი აქტიურად იყენებს ნისლოვან შუქ-ფილტრებს. კამერაზე მუდმივად დამაგრებული ფილტრუ ოპტიკასთან ერთად ქმნის მთლიანობას. გამოსახულება რბილდება, ტონალური პერსპექტივის როლი, კოლორიტი ერთიანდება. ფერები იწყებენ ურთიერთგაკეთილშობილებას.

რეზო ესაძის ფილმებში, „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ და „ნეილონის ნაძვის ხე“, ლევან პაატაშვილი აქტიურად იყენებს ე.წ. ზონალურ ლინზებს, რომლებიც სიმკვეთრეს უნარჩუნებს გამოსახულებას კადრის ყველა მონაკვეთში. მაგალითად, ფილმში „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ პირველ პლანზე ყოველთვის რომელიმე საგანი ან დეტალია. ლინზები გამოყენებულია  მოძრაობის პროცესში. მათი საშუალებით ჩვენს თვალწინ იცვლება განზომილებები, მასშტაბი, სივრცე. ოპერატორი კონსტრუქტორი ხდება. მას საშუალება ეძლევა რაღაც შეცვალოს იმ სტრუქტურაში, რომლის ფიქსაციას ახდენს ობიექტივი - ადამიანური გახადოს ოპტიკა, მიაღწიოს განსხვავებულ ხედვას, აქ უარყოფილია ხელოვნური ტექნიკა, თავისუფლად იცვლება კადრის სივრცე, ოპერატორი მოქმედებს მის ცალკეულ ზონებზე, იქმნება კადრის ჭეშმარიტი დრამატურგია. სივრცე ყალიბდება მხოლოდ იმ საშუალებებით, რომლებიც ხელთ აქვს ოპერატორს..

„ნეილონის ნაძვის ხის“ მოქმედების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ხალხით სავსე ავტობუსში, ე.ი. შეზღუდულ სივრცეში. ოპერატორი კი აღწევს იმის შეგრძნებას, რომ გარშემო ბუნებაა, სიცოცხლეა. უარი ითქვა გამნათებელ ტექნიკაზე. მთელი ფილმი გადაღებულია დღის სინათლეზე, რომელიც შემოდის ავტობუსში.

ამ სურათში გადაღებას ემატება კიდევ ერთი ხერხი მრავალპლანიანი სივრცის შესაქმნელად, ორობიექტივიანი კამერა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთგვარად გამოვიდეთ ერთი ობიექტივის კადრიდან და შევიდეთ მეორე ობიექტივის კადრში, მაქსიმალურად შევიგრძნოთ სივრცის მთლიანობა, ყოველმხრივ დავინახოთ სამყარო, ადამიანები. ამ მთლიანობას კი უპირველესად სინათლე აცოცხლებს, სინათლე ასულიერებს. 

ერთხელ ბატონი ლევანი გატაცებით მიამბობდა, როგორ მიაგნო განათების კონცეფციას სურათში „შეყვარებულთა რომანსი“. დილაადრიან როგორ „დაუდარაჯდა“ მზის პირველ სხივს მოსკოვში - არბატის ერთ ძველ ეზოში.

ბატონი ლევანი დიდხანს სწავლობდა სინათლის ამ სხივის ძალას, მის შესაძლებლობას, იმას, თუ როგორ მოქმედებს პირველი სხივი გარემოზე, საგნებზე, როგორ ცვლის მათ და რაც მთავარია, რას ცვლის მათში.

აღმოჩნდა, რომ სინათლეს ყველაფერი შეუძლია.

 სინათლე ხომ სიკეთეა, რომელიც ყველაფერს აკავშირებს.

სინათლე - სიყვარულია!

სიყვარულს შეიცავს ლევან პაატაშვილის მიერ გადაღებული ნებისმიერი ფილმი, ნებისმიერი კადრი, რომელიც კიდევ დიდხანს მოგვიტანს სიხარულს მისი შემოქმედების დამფასებლებს.

„ახალი ფილმები“, საქართველოს სსრ  სახკინოს საინფორმაციო სარეკლამო-საგამომცემლო გაერთიანება „საქინფორმკინო“. რედაქტორი: სალომე ნიკოლეიშვილი. 1986, №10, გვ.5-7