ბუბა ხოტივარი

მთვრალი მონღოლები.

მოგონება

ერთხელ რეზო ჩხეიძე, მაშინ კინოსტუდიის დირექტორი, ორი საათი და თორმეტი წუთი (იქ მჯდომებმა დავითვალეთ - ცდომილება ორი-სამი %) არწმუნებდა (აბრუებდა) ტელეფონით დაბა ფასანაურის შინაგან საქმეთა ჩინოსანს, მილიციის მაიორს, რომ გაეთავისუფლებინა პატიმრობიდან კინოსტუდიის რვა ცხენოსანი. 

ამბავი ასე იყო. 1981 წელს, „დიმიტრი მეორის“ გადაღებისას, ფასანაურის ტყეში დაბანაკებული გვყავდა მონღოლების ტანსაცმელში გამოწყობილი ცხენოსნები. გადაღება რაღაც მიზეზით გადავდეთ და თბილისში წამოვედით. ჯგუფის დირექციას კი გამორჩენია ცხენოსნების გაფრთხილება. ბიჭები სამი დღე მშივრები მჯდარან ტყეში. მხოლოდ ერთ გლეხკაცს მიუყიდია ათი ლიტრი თოფივით ჭაჭა. ცხენოსნებმა სვეს და სვეს ეს ჭაჭა, ელოდნენ და ელოდნენ დირექციას, მაგრამ როცა არავინ მოვიდა, კიდევ უფრო უაზროდ დათვრენ და კიდევ უფრო მოშივდათ. ერთი ცხენოსანი, თურმე ბერად აღკვეცას აპირებდა და ორი დღე ყვებოდა, იესოს ქრისტემ როგორ „ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი. დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები“... 

აქ ვიღაცას წაუჩივლია, ბაზარი იქ გახსნეს, სადაც ხრუშჩოვმა მერვე საუკუნის ტაძარი დაანგრია 1958-ო (ეს მართლაც ასე იყო). ამ ბაზარში მთიულური ხინკალი კი აქვთ, მაგრამ საშინლად ძვირიაო. მშიერ კუჭზე ამდენი უსამართლობის მოთმენა უკვე აღარ შეიძლებოდა, წამოიშალნენ უგონოდ მთვრალი მონღოლები ქართული გულებით, შეახტნენ ცხენებს და პირდაპირ შეაჭენეს ფასანაურის ბაზარში. შუბებითა და მათრახებით დაერიენ მედახლეებს, სულ მამაღმერთის გამყიდველები ეძახეს და რაც კი მოხვდათ ხელში, ყველაფერი წაიღეს. ბაზარში ისეთი პანიკა ამტყდარა, ვერ გააიგებდი, ვინ სად გარბოდა...

ღამე დაუჭერიათ სადღაც მლეთის მახლობლად სერიოზული სამხედრო მობილიზაციის შემდეგ. მონღოლ ოკუპანტებს ხმაურზე მიაგნეს თურმე - მრავალჟამიერს მღეროდნენ გასაგრილებლად არგვში ჩაცვენილები. ჯერ ასლანურ მრავალჟამიერს, შემდეგ კი იმას, დედას ლევანა რომ მღეროდა.

რეზო ჩხეიძე კი მაიორს უმტკიცებდა, თქვენ გადაგირევიათ სტუმრები, მოგიშიებიათ და ჭაჭის მეტი არაფერი მიგირთმევიათო. ჩვენთან, იმერეთში, სტუმრებს ასე არავინ ექცევაო. ახლავე გამოუშვითო. 

მაიორი მოთმინებითა და პატივისცემით უსმენდა „ჯარისკაცის მამას“, მაგრამ უკვირდა, რასა მთხოვთ, არა მაქვს უფლება, თითოს რვა-რვა წელი ეკუთვნისო. 

რეზო რკინისებური ლოგიკით უმტკიცებდა, რომ ერთი ადამიანის ბედზე, ხშირდ, დამოკიდებულია მთელი სამყაროს ბედიც. უხსნიდა „პეპლის პრინციპს“, გნოსეოლოგიურ-ონტოლოგიურ ყოფიერებას, სამყაროს როგორც ერთი მთლიანის რაობას. უმტკიცებდა, რომ თალესის წყალი, პითაგორას რიცხვთა განზომილება, დემოკრიტეს ატომები და პლატონის იდეები პირდაპირ მიმართებაშია ქართულ კინოსთან, რომელმაც აზროვნების უმთავრეს საკითხად აქცია ეს პრობლემები. თუმცა არსებობს სხვა შეხედულებებიც: რომ ადამიანი - არის, ბუნება - არის, ღმერთი - არის, მაგრამ რაღაა თავად ეს – „არის“? 

რეზო მანამდე უკითხავდა ქართული კინოს ანტიკური საფუძვლების კურსს, სანამ ტელეფონში ამ მომთმენი მაიორის კვნესის ყრუ ხმა არ გაისმა. შემდეგ ბრაგვანის. 

"მგონი წაიქცაო", წაგვიჩურჩულა რეზომ. ახლა მინისტრს დავურეკავო. მინისტრს მომდარის მოყოლა რომ დაუწყო, ის კინაღამ დაიხრჩო სიცილით...

მეორე დღეს, როცა რვავე გმირი თავდახრილი შელასლასდა რეზოს კაბინეტში, რეზო ფანჯარასთან დახვდათ ზურგით მდგარი. ცხენოსნებმა ჯერ არ იცოდნენ, რომ რეზომ უკვე შეძლო მინისტრის დარწმუნება. რეზო კი ხმას არ იღებდა, დიდხანს იდგა ჩუმად. იმხელა პაუზა დაუჭერია, ორი ცხენოსანი კინაღამ წაქცულა ნერვიულობისგან. შემდეგ რეზომ ჩუმად თქვა: „ორი წელი არ გაბედოთ დალევა. მხოლოდ ახალ წელს ან ქორწილში“. აქ რეზო გავიდა კაბინეტიდან და კარი გააჯახუნა. რამდენადაც ვიცი, ზოგი მათგანი დღემდე აღარ მიკარებია სასმელს. ბაზარსა და გლეხობას კი მთელი დანაკლისი კინოსტუდიამ აუნაზღაურა...