გიორგი გვახარია

სიღარიბე, როგორც მადლი

ერთი კვირის წინ ყველას გირჩიეთ გენახათ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ახალი ქართული ფილმი, გიგა ლიკლიკაძის ღორი და უტა ბერიასუარყოფითი რიცხვები”. თუ ვერ მოასწარით, არაფერია, ორივე სურათს მალე კინოთეატრებში აჩვენებენ. ვფიქრობ, ”უარყოფითი რიცხვებისსაერთაშორისო წარმატება ჯერ კიდევ წინაა. უტა ბერიას ფილმს მიმზიდველს ხდის კარგად აწყობილი, კლასიკური დრამატურგია, საინტერესო და მრავალფეროვანი ხასიათები, ცოცხალი დიალოგები, აბსოლუტურად იდეალური კასტინგი. თუკი პროდიუსერები კარგად იმუშავებენ, თუკი ეროვნული კინოცენტრი მოინდომებს, ”უარყიფით რიცხვებსსხვა ფესტივალების პროგრამებიც ჩართავენ. ეს კი - გამოვტყდეთ - ყველა ქართველი რეჟისორის მიზანია. როცა ქართული კინობაზარი ძალიან მცირეა, ბუნებრივია სურვილი სხვა ქვეყნებშიც დაგაფასონ, მით უმეტეს, როცა სამშობლოში, ფაქტობრივად, უკვე გაღიარეს. კრიტიკოსთა გამოკითხვით, ”უარყოფითი რიცხვებილიდერი იყო ოქტომბერში ბაკურიანში გამართულ ქართული კინოს ფორუმზე. დარწმუნებული ვარ, ფილმს კარგად მიიღებს მაყურებელი.

აი, გიგა ლიკლიკაძის ღორს კი პრობლემა აქვს. სურათი შეიძლება ვერ გაიგონ. ფილმი უკვე უჩვენეს გერმანიაში, კოტბუსის მეორეხარისხოვან ფესტივალზე. მიუხედავად ამისა, ღორიიქ პრიზის გარეშე დარჩა. როგორც ირა ბერიძე წერს თავის კარგ წერილში:

ღორიქართული ფილმია, პირველ რიგში, ქართველივე მაყურებლისთვის გადაღებული. ამას გერმანიაში პრემიერის შემდეგ გამართული დისკუსიაც მოწმობს, როდესაც დარბაზიდან გერმანელი ქალბატონის გულწრფელი რეპლიკა გაისმა მის უკვე დაგეგმილ მოგზაურობაზე საქართველოში: „იმ აზრზე ვარ, ჩემი უკვე დაგეგმილი მოგზაურობა გავაუქმო“.

ახლა წარმოვიდგინეღორი მაღალი ბიუჯეტით, არა მხოლოდ სამი გმირით, ადამიანებით, რომლებიც გვიამბობენ 20 წლის ბიჭის, ბაჩანას, უცნაური დატყვევების ისტორიას, არამედ სხვა პერსონაჟებითაც, ამ ისტორიის თავისებური კომენტატორებით, არა ცარიელი, ულამაზო, უინტერესო ხრიოკი პეიზაჟებით, არამედ ფერადი და მრავალფეროვანი გარემოთი, რომელიც თავისებურ კონტრაპუნქტს შექმნიდა ეკრანზე გათამაშებულ სისასტიკესთან... ახლა წარმოვიდგინოთღორი”, რომელშიც უფრო ახლოდან გავიცნობდით ბაჩანას, ფილმის დასაწყისში სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან რომ დაითხოვეს, დანჯღრეული ავტობუსით ქალაქიდან შინ რომ ბრუნდება და შემთხვევით რომ აღმოჩნდება ორი უსაქმურის, ორი კრიმინალის, მახოსა და რამოს, ტყვე... ეს მახო და რამო ვინღა არიან? რატომ ცხოვრობენ ერთად? ბებიის ზარმა რატომ დააფრთხო ბიჭები? რა გარემოა ეს? რა ქვეყანაა? ვინაა, საერთოდ, ეს ხალხი?

მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი ფილმში არაა. არის მხოლოდ ღარიბი გამოსახულება, კინოკამერა და 3 პერსონაჟი, რომელთაგან, თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთია პროფესიონალი მსახიობი. ისინი რეალურ ისტორიას გაითამაშებენ, კრიმინალურ ამბავს, რომელიც რეჟისორმა საინფორმაციო გადაცემაში მოისმინა: 20 წლის ბიჭი დაიკარგა, მაყვლის ბუჩქებში გაება, სხვის ეზოში მოხვდა. ამ სახლში შეხიზნულმა მახომ და რამომ ქურდობა დააბრალეს, ჯაჭვით დააბეს (რამდენ ასოციაციას ქმნის ეს ჯაჭვი!), დაუკავშირდნენ ბაჩანას ოჯახს დაბაჩანას თავში” 300 ლარი მოსთხოვეს... მშობლებს ფული არა აქვთ, სოფელში ცხოვრობენ, ქალაქში, ბაზარში ვაჭრობენ, მაგრამ არაფერი ეყიდებათ. გამოსასყიდი შესთავაზეს - ცოცხალი ღორი... ჰო, არის კიდევ სახლი, სადაც ბაჩანას ატყვევებენ, ძველი, უფუნქციო ნივთებით. მეტი არაფერი, საერთოდ არაფერი! როცა გამოსახულება ასეა განტვირთული, როცა არც მუსიკა ისმის და დიალოგებში გინების გარდა თითქმის არაფერია, რას აკეთებს მაყურებელი? აგერ, აკვირდება, როგორ აცვიათ მსახიობებს (კოსტიუმების და დამდგმელი მხატვრის, კახა ბერელიძის, ნამუშევარი განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ), აკვირდება ნახატებს სახლის ჩამოფხეკილ კედლებზე, აკვირდება პერსონაჟების ჟესტებს, მიმიკას. მე ასე ვიტყოდი - უყურებს კინოს! ძალიან კარგად მოფიქრებულ კინოს, რომელშიც, ფაქტობრივად, ერთი ცუდი ეპიზოდის გარდა (როცა ფილმში გროტესკული ქალი შემოდის და როცა მაყურებელმა პირველად შეიძლება დაიხედოს საათზე) ყველაფერი შინაგანი მუხტით, იდუმალებითაა სავსე. ძნელია ზუსტად იმის თქმა, თუ რა ქმნის განტვირთულ და ასკეტურ გამოსახულებაში ამ იდუმალებას. შალვა სოყურაშვილის კამერა? პერსონაჟებს მაშინაც კი რომ ახასიათებს, როცა მათ ზურგიდან იღებს? მიჰყვება, ჩამორჩება, ასწრებს. ზუსტად ისე, როგორც ჩემი საყვარელი რეჟისორების, ძმები დარდენების ფილმებში... სწორედ ასეთი კამერა გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ ჩვენს დაკვირვებასა და ფიქრებში. ჩვენთან ერთად ავტორიც ცდილობს გამოიცნოს თავისი პერსონაჟები.

ანდა იქნებ მსახიობები ქმნიან ამ იდუმალებას? როგორ კარგად თამაშობენ! ბაბუ ხუციშვილი, ნიკა გოზალოვი, თემო გოგინავა. სხვა რეჟისორი თავს დაიზღვევდა და შორ ხედებზე ააგებდა მთელ ამ ისტორიას, რათა არაპროფესიონალ მსახიობებს სიყალბე არ გაჰპარვოდათ. მაგრამ ღორიარის ფილმი, რომლის ყველა სცენას (თვითორგიისცუდად გათამაშებული ეპიზოდის ჩათვლით), ყველა კადრს ეტყობა, რამდენი შრომაა ჩადებული, მათ შორის მსახიობებთან მუშაობაში, მსახიობებთან, რომლებიც თამაშობენ (!) იმპროვიზაციას და, ჩემი აზრით, მსახიობებთან, რომლებმაც კარგად იციან ის სამყარო, რომელსაც განასახიერებენ.

იქნებღორისეფექტი იმაშია, თუ როგორაა აწყობილი? კამერის ნერვიული მოძრაობებიდან, კაკაფონიიდან ხრიოკი პეიზაჟების სტატიკური კადრებით? როცა დაძაბულობა პიკს აღწევს, როცა გამოსახულება მზადაა შიგნიდან დაინგრეს ხმაურით, ბილწსიტყვაობით, პერსონაჟების მოძრაობით, ეკრანზე უსიცოცხლო პეიზაჟის კადრი ჩნდება. ეს თავისებური ამოსუნთქვაა, პაუზაა აგრესიული გამოსახულების ახალი შემოტევის წინ. მე პირადად დიდი ხანია არ მინახავს ქართველ რეჟისორს ასეთი მუსიკალურობა გამოევლინოს ფილმის მონტაჟის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებ, “ღორსგაცილებით მოუხდებოდა მოკლე მეტრაჟი. ფილმის მეორე ნაწილში, მათ შორის კარგ სცენებში, ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ერთ ადგილს ტკეპნის და აღარაფერი რჩება არც სათქმელი და არც საფიქრალი.

 ერთი რამ აშკარაა: გიგა ლიკლიკაძის მიერ შექმნილი კინემატოგრაფიული რეალობა არაა ტურისტებისთვის განკუთვნილი საქართველო, რომელმაც შეიძლება ვიღაც მიიზიდოს ( და ჩვენ ვიცეკვებთ, მაგალითად, საქართველოს თავისებურისავიზიტო ბარათია”, რომელიც ყველაფერთან ერთად ტურისტებსაც მოიზიდავს. ამიტომაც ვწერდი ამას წინათ, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ფილმი, წესით და რიგით, საგანგებო პრემიით უნდა დააჯილდოოს-მეთქი)... ეს რეალობა უფრო კოშმარულ სიზმარს ჰგავს, დღევანდელ საქართველოზე ნანახ სიზმარს. ”ორმაგი სიზმრისეფექტი ძლიერდება, როცა ბაჩანა ძილში ცოცხალ ღორს ნახულობს. თითქოს აიღო ავტორმა და იუტუბზე მონახა ეს ვიდეო - ბავშვი და ღორი. რეალობა თუ გინდათ და ქართული სოფელი თუ გინდათ, აი ბატონო, ესაა რეალობა, ”იუტუბის ვიდეო”... ბაჩანას დატყვევების მთელი ეს ისტორია კი ღარიბი ქვეყნის მხატვრული სახეა, ქვეყნისა, სადაც ადამიანებს, უბრალოდ, არა აქვთ რეალიზაციის საშუალება, თუნდაც სექსუალური რეალიზაციისა.

ბაკურიანში გამართულ ქართული კინოს ფორუმზე, სადაც კოლეგებმა ცოტა ვიკამათეთღორისპრემიერის შემდეგ, რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება გიგა ლიკლიკაძის ფილმის ერთ, შესაძლებელია წამყვან, პლასტს - ჰომოეროტიკულ კომუნიკაციას მახოსა და რამოს შორის. როდესაც ფილმის მეორე ნაწილში დატყვევებული ბაჩანა ბოლოს და ბოლოს ამოიღებს ხმას, ის პროტესტს ამ სიტყვებით გამოხატავს : ”ნუ აგინებთ ჩემს დას, თქვე პიდარასტებო”... ”პიდარასტებო!”. რა თქმა უნდა! მთელი მათი სიტყვათა მარაგი, მათი მიმიკა, მათი ჟესტი (ვიმეორებ, ამღარიბი ფილმისყურებისას ისღა გვრჩება, უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ გმირებს და ასე მივაგნოთ პასუხს კითხვებზე, რომლებიც აუცილებლად დაგვიგროვდება) ეჭვს ბადეს, რომ ვუყურებთ არარეალიზებულ გეებს, რომლებსაც არა მარტო კულტურა არ აძლევს საშუალებას იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით, არამედ, ზოგადად, გარემო, ზოგადად - სიღარიბე. ”ღორი”, შესაძლებელია, სოციალური თვალსაზრისით უფრო მწვავე ფილმი იქნებოდა და ვინ იცის, ის გერმანელი ქალიც გაიგებდა, რა ხდება დღევანდელ საქართველოში, სურათის ავტორს იმის ახსნა რომ დაეწყო, თუ რამ გახადა ეს ორი ახალგაზრდა კაცი მოძალადე. მძიმე სოციალურმა ყოფამ? გადატანილმა ომებმა? დევნილობამ? სააკაშვილმა? ივანიშვილმა? ყველა ეს პასუხი ეფექტურად იმუშავებდა. მაგრამ, არა. ფილმის ავტორს არ აინტერესებს მზა პასუხები. მას არ აინტერესებს სოციალური სიდუხჭირის მსხვერპლი ახალგაზრდები, როგორც მხოლოდ და მხოლოდველოსიპედის მომტაცებლები”, რომლებიც მძიმე სოციალურმა ყოფამ დამნაშავეებად აქცია.

ასეთი მარტივი აღარაა ცხოვრება. ნეორეალიზმის ეპოქაში აღარ ვცხოვრობთ.

ღორი არის ფილმი სამყაროზე, სადაც ადამიანები არარეალიზებულები არიან. სადაც შემოქმედებისთვის (და სექსისთვისაც) ადგილი არ რჩება. ესაა იგავი განუხორციელებელ ძალადობაზე, არარეალიზებულ დამნაშავეებზე, რომლებიც თავიანთ ტყვეს ჯაჭვით კი აბამენ, აგინებენ, ამცირებენ, მაგრამ ფიზიკურად მაინც არ ძალადობენ მასზე. და არა მხოლოდ იმიტომ, რომკლასობრივი სოლიდარობისინსტინქტით მოქმედებენ, არამედ იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ იყვნენ ბოროტები (ბებიის ეშინიათ). მათ ისიც კი არ შეუძლიათ, რომ გაიაზრონ - სინამდვილეში არა დამრტყმელი ბიჭები, არამედ მხოლოდ და მხოლოდპიდარასტებიარიან. ღორიესაა იგავი ძალიან ღარიბ ქვეყანაზე, სადაც ადამიანებს უკვე არაფერი შეუძლიათ. ჰოდა, ვის მოუნდება ახლა ასეთ ქვეყანაში ჩამოსვლა?

მახსოვს, დაახლოებით 10 წლის წინ ჩემს ძმას, რომელიც მექსიკაში ცხოვრობს, მეხიკოში ჩავაკითხე ბერლინის ფესტივალის შემდეგ. გამომკითხა ფესტივალზე. ვუამბე მექსიკურ ფილმებზე, რომლებსაცბერლინალესსაკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამებში უჩვენებდნენ. ვაქე და ვადიდე. ირონიულად შემომხედა და მითხრა, ”მაგ მექსიკურ არტჰაუზებში მექსიკისგან კრიმინალების ბუდეს ქმნიან და აფრთხობენ მაყურებელსო”. წლები დასჭირდათ მექსიკელ რეჟისორებს იმისათვის, რომ მათი ძალისხმევა, მათი ნიჭი დაფასებულიყო სამშობლოში და საზღვარგარეთ (მათ შორის გერმანიაში). უცნაურია, მაგრამ წლები დასჭირდა ხალხს მარტივი ჭეშმარიტების გასახსენებლად: რეალობა, რომელსაც აღბეჭდავს კინოკამერა, არასდროს არაა თავად რეალობის იდენტური - მაშინაც კი, როცა ავტორს ეს გააზრებული არა აქვს. კინოხელოვნება პოეზიაა. დანარჩენი გემოვნების საქმეა - ვისაც, მაგალითად, ჩემსავით გიყვართ ლაკონიურად, ძუნწად, ”ღარიბადთქმული ამბავი, გადაღებულიშავი კომედიის” - თუ გნებავთ, “შავი ანეკდოტის” - ჟანრში, აუცილებლად უნდა ნახოთ ღორი”.

რადიოთავისუფლება. დეკემბერი 06, 2019