მანანა ლეკბორაშვილი

დარდიანი კაცის ამბავი

თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტის“  გმირები ანა (ია სუხიტაშვილი) და ზაზა (გიორგი ბოჭორიშვილი) ოცდაათ წელს გადაცილებული წყვილია, ყოფილი წყვილი - ფილმის მოქმედება მათი ცოლქმრული ცხოვრების ბოლო დღეებით იწყება. ოფიციალურად  ისინი ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი არიან, მაგრამ ანას უკვე სხვა უყვარს. ზაზა   ვერა და ვერ შეგუებია ახალ რეალობას და გამოსავალს ქალაქიდან გაქცევაში ეძებს. 

წყალი ნერვებს ამშვიდებსო, მაგრამ ალბათ უფრო ზღვა. გიო  კი პალიატომის ტბის ნაპირებს აფარებს თავს,  მისი პეიზაჟები ულამაზესია (ოპ. ირაკლი ახალკაცი, მხატვარი გიორგი გორძამაშვილი), მაგრამ ცივი და მიუკარებელი.  აქ, მსგავსი ბედის ადამიანებს შორის, გიო  ცდილობს იპოვოს  შვება ტკივილისგან, მაგრამ ამაოდ.   მისი მაცოცხლებელი მაინც მხოლოდ იმედია, ტელეფონის ზარზე ჩამოკიდებული იმედი. 

ანასადმი მიჯაჭვულობა დაუძლეველი ხდება. მაგრამ მხოლოდ მისადმი სიყვარულია ამ მიჯაჭვულობის მიზეზი? მის ცხოვრებაში ანასადმი სიყვარულის ალტენატივა არ ჩანს: დედა გულგრილია, მის ოთახს მშობლების სახლში მისი და  იკავებს ოჯახით, ბავშვები მშვენივრად ეგუებიან ოჯახის ახალ წევრს,  ანასთან საერთო ბინა გაქირავებულია, მისი ნივთები ნაწილი გადაყრილია, ნაწილიც -  „გარეთ გამოდგმული“... ცხოვრება  ისე აძევებს მთავარ გმირს, როგორც ზღვას გამოაქვს ნაპირზე უსარგებლო  საგნები -  ნაბიჯ-ნაბიჯ, თანამიმდევრულად; მას კი ხავსიც  ვერ უპოვია მოსაჭიდებლად. 

 როდესაც ბოლო ძაფი წყდება, გიო კვდება. და ამაში არავინაა დამნაშავე. ასეთია მისი ხასიათი, ასეთია ცხოვრება.  ანა - უბრალოდ ქალია, რომელსაც სხვა შეუყვარდა. ავტორები არ ცდილობენ დახატონ ის ყველა უბედურების წყაროდ, მისი წვლილი ამ თავგანწირულ მიჯაჭვულობაში ნეიტრალურიც კია, ისევე როგორც მისი ახალი რჩეულის ბრალი -  ნიკო (სერგო ბუიღლიშვილი)  ხაზგასმით უფერულია, უსახური, რომელზეც ვერც ავს იტყვი და ვერც კარგს. 

სწორედ გიორგის ხასიათით აიხსნება, რომ  სიყვარულის დასრულების შემდეგაც ანას არ უნელდება   პასუხისმგებლობა მის შემდგომ ბედზე. მისი გარდაცვალება  სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო ხდება ტრაგედია ანასთვის.  და აქ  მას მაშველ რგოლად ევლინება მარიკას, ზედმეტი ადამიანების ამ მიკარგული სავანის  ერთ-ერთი ბინადრის  მონოლოგი -  თანაბარი, უემოციო ინტონაციით  მოთხრობილი   გიოსთან ერთად „დაგეგმილი“ მომავალი.  და მხოლოდ მაყურებელზეა დამოკიდებული, მარიკას მოტივაციის  რომელ ინტერპრეტაციას  აირჩევს: სულგრძელობა და   ქალური სოლიდარობა?  -   ანას სინდისის ქეჯნის გარეშე შეუძლია გააგრძელოს ცხოვრება;    გიორგის პიროვნული ღირსების  სიბრალულისგან დაცვის სურვილი? - მან შეძლო ამ დარტყმის გადატანა, ის არ იყო ასე სუსტი;  შეიძლება ორივე  ერთადაც,  იმის წარმოდგენაც შეიძლება, რომ   ეს მისი სულის სიღრმეში ჩამალული  ოცნება იყო,   მაგრამ ალბათ ძალიან გულუბრყვილო მაყურებელი თუ დაიჯერებს, რომ  მარიკა გულწრფელია, რომ გეგმები მართლაც იყო. 

ადვილი წარმოსადგენია, რომ ფილმის დასასრულს ალბათ ხშირი იქნება „არ მჯერა“ - ზრდასრული, ფიზიკურად ჯანმრთელი,  გარეგნულად ფსიქოპათური ნიშნების არმქონე მამაკაცი იღუპება სიყვარულისგან, არა სიყვარულის გამო, არამედ პირდაპირი გაგებით სიყვარულისგან.

ალბათ საზოგადოებაში, სადაც ყოფილ ცოლებს სიყვარულის ან თავმოყვარეობის შელახვის გამო უფრო ხშირად კლავენ, ან  ტკივილს  ნიღბავენ გულგრილი ფრაზით  „ქალების მეტი რა არის“, ასეთი მამაკაცთან იდენტიფიცირება და მისადმი თანაგრძნობა მოსალოდნელი არც არის. პარადოქსია, მაგრამ სავარაუდოდ ვერც ქალთა საზოგადოებაში იპოვის გიო თანაგრძნობას, რადგან ქალებშიც არანაკლებ გამჯდარია ძლიერი მამაკაცის, „მაჩოს“ მომხიბვლელი ხატი,  მიუღებლობა კი თანაგანცდის ადგილს აღარ ტოვებს. 

ეს არც არის გასაკვირი -  ჩვენ ხომ ფილმთან, როგორც წესი, ჩამოყალიბებული განწყობებით, შეხედულებებით, თითოეული საკუთარი (თუ საზოგადოებაში დამკვიდრებული) წინასწარი განსჯით და სტერეოტიპებით მივდივართ და მათ პროეცირებას ვახდენთ ეკრანულ სამყაროზე. ძალზე ძლიერი უნდა იყოს ფილმის   მხატვრული  ზემოქმედების ძალა, რომ ეს განწყობები, ეს პიროვნული გამოცდილების ბარიერები დაანგრიოს და მაყურებელს ახალი, თუნდაც მხოლოდ ეკრანული  გამოცდილებისკენ  უბიძგოს.

ამისთვის არსებობს ორი გზა: ან უძლიერესი შემოქმედებითი მუხტი  და ასეთი შემთხვევები არცთუ ხშირია დღევანდელ მსოფლიო კინემატოგრაფშიც კი, ან კარგად ცნობილი და კარგად დამუშავებული მხატვრული მეთოდები, შეიძლება მათ ტექნოლოგიებიც კი ვუწოდოთ, რომლებიც მაყურებლის რეფლექსებზე ზემოქმედებს პირდაპირ და, როგორც წესი, უტყუარად ხსნის მაყურებლის გულის კარიბჭეს. 

მაგრამ თუ ფილმს არ სურს რეფლექსებზე თამაში, თუ ის სხვა კურსს ირჩევს, მელანქოლიურ, კამერულ დრამას გვთავაზობს, მაშინ ისღა დარჩენია იმ მაყურებლის იმედზე იყოს, რომელიც უფრო გახსნილი მიდის ფილმთან შეხვედრაზე და მზად არის მისი გრძნობების  კამერტონზე ააწყოს ფილმთან ურთიერთობის ასხუთი წუთი.

 ფილმპრინტი.2018