მანანა ლეკბორაშვილი. ცუდი კარგი ხალხი

      ქართული კინოს მაყურებლებში ხშირად  გაიგონებთ უკმაყოფილო წამოძახილს:   „ისევ ნარკომანია?!“, „ისევ ოთხმოცდაათიანი წლები?“.

      დიახ, ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ (სცენარის ავტორები გიორგი თავართქილაძე და ვლადიმერ კაჭარავა) ისევ ოთხმოცდაათიანი წლების თემაზე გადაიღო თავისი ოცწუთიანი ფილმი და წინანდლის პრემიის ლაურეატიც გახდა.

       ფილმს „ცუდი ხალხი“ ჰქვია. ირონიული სათაურია.   თუმცა  კარგი ხალხი რომ ეწოდებინათ ავტორებს, არანაკლებ ირონიული იქნებოდა.   რადგან  ფილმის პერსონაჟები არც ცუდები არიან და არც კარგები, უფრო ზუსტად ცუდებიც არიან და კარგებიც,  ცალ-ცალკე  კი ერთიც    ირონიულად ჟღერს და მეორეც.

    ფილმში 1992 წლის ერთი ჩვეულებრივი, კარგად ნაცნობი თბილისური ისტორიაა მოთხრობილი: ქალაქი ორად არის გაყოფილი -  თეთრსამკლაურიანები და შავსამკლაურიანები.  ისინი პოზიციებს იყოფენ, საქმეებს არჩევენ. მთავარ გმირს ბავშვი ჰყავს სიცხიანი, მისთვის წამალს ეძებს. ამ ძებნაში „მტრის“ ნაწილში აღმოჩნდება, თუმცა აქაც მისი ახლობლები არიან...

    უყურებ ფილმს და არ იცი, იცინო თუ იტირო. უცხოელი მაყურებლისთვის ეს ალბათ აბსურდის კომედია იქნება, შეიძლება ახალი თაობისთვისაც, თანამედროვეთათვის კი არცთუ შორეული წარსულის გაცოცხლება. გაცოცხლება არა  ქრონოლოგიურ სიზუსტეში  თუ ნატურალისტურ დეტალებში.    მიკროისტორიები აბსურდის ზღვარს უახლოვდება - თუმცა უმეტესობა რეალურად მომხდარი ამბებია, პერსონაჟები თითქმის გაშარჟებული, მაგრამ ამავე დროს ძალიან ნაცნობი. რეჟისორის და მსახიობების მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ძალიან ზუსტად არის დაცული ზღვარი რეალობასა და აბსურდს,  პერსონაჟად გარდასახვასა და პერსონაჟის წარმოდგენას შორის.  ქართველებს ხომ გვიყვარს თამაში - ჭირსა თუ ლხინში, სცენაზე თუ პარტერში და რეჟისორმა მოახერხა, ეს თამაშის მომენტი    ზომიერ და ზუსტ კალაპოტში მოექცია.

      ყველაფერი ეს კი ქმნის ოთხმოცდაათიანი წლების ძალიან  ცოცხალ და დამაჯერებელ ატმოსფეროს, რომელშიც სიყალბის ადგილი (თითქმის) აღარ რჩება, რადგან იუმორი, მსუბუქი ირონია პირველ რიგში სიყალბის მტერია. ამასთან იუმორი, ირონია, თვითირონია ძალზე აკლია თანამედროვე ქართულ კინოს და მის ველზე შავი კომედიის გამოჩენა არ შემიძლია დადებით მოვლენად არ მოვიჩნიო.

      და კვლავ რომ დავუბრუნდე ფრაზას „ისევ ოთხმოცდაათიანი წლები?“. დიახ, ისევ ოთხმოცდაათიანები, ისევ აფხაზეთის ომი, ისევ აგვისტოს მოვლენები, ისევ დუხჭირი სოციალური ყოფა, ისევ ნარკომანიის პრობლემა. ქართულ კინემატოგრაფს არცერთი ეს თემა არ ამოუწურავს, არცერთ თემაზე არ მოუცია ისეთი ღრმა მხატვრული - ემოციურად თუ ინტელექტუალურად  -  ანალიზი, რომ თემა დახურულად გამოცხადდეს. თან -  ძალიან ბანალური ფრაზით დავასრულებ -   ბოლოს და ბოლოს მთავარია არა რა, არამედ - როგორ.  

ფილმპრინტი 2018