თათა ზანდუკელი

პაციფიზმის „ზეიმი“

ჯერ კიდევ მანამ, სანამ ცნობიერება ჩამოგვიყალიბდებოდა, ადამიანები ერთმანეთს ვებრძოდით. დიდი ხანია ვერ გაგვიყვია ქონება, მიწები, არადა, ჩვენს პლანეტაზე ყველასთვის სამყოფი ადგილი ნამდვილად არის.

თითქოს ყველაფერი ითქვა ომის მანკიერებებზე, თითქოს სისხლიან ისტორიასა თუ ანტისაომარ პროპაგანდას სამუდამოდ უნდა ჩაეხშო გაუმაძღარ კაცობრიობაში სისხლის წყურვილი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ. გრძელდება ბრძოლა არაფრისთვის, მასში კი ხალხი ყველაფერს კარგავს. ომი არასდროს მთავრდება.

ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ (2013) სწორედ ომის აბსურდულ სისასტიკესა და იმ ხალხის ფსიქოლოგიაზე მოგვითხრობს, რომლებიც ან უშუალოდ მონაწილეობენ მასში, ან მის საზარელ შედეგებს საკუთარ უდანაშაულო თავებზე იმკიან. ესტონელი ივო (ლემბიტ ულფსაკი) ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთნება. მაშინ როცა მისი თანამემამულეების უმრავლესობა სხვის ომს გაექცა და სამშობლოში დაბრუნდა, ივო მტკიცედ დგას უარზე, იგივე გააკეთოს, და თავის მეგობარ მარგუსთან (ელმო ნუგანენი) ერთად მანდარინების მოსავლის აღებას ელის. აფხაზეთის ომი და ადამიანობა მას იძულებულს ხდის, ორი დაჭრილი ჯარისკაცი თავის ჭერქვეშ შეიფაროს, მერე რა, რომ ორივე კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს წარმოადგენს და ერთმანეთის მტერია. 

ზაზა ურუშაძე აქცენტს სიუჟეტის განვითარებასა და პერსონაჟების ხასიათებზე აკეთებს და არა ფილმის ვიზუალურ მხარეზე. როგორც ჩანს, მისთვის მნიშვნელოვანია, მაყურებლამდე მისული სათქმელი არა ჭკვიანი, კომპლექსური კინოენით შენიღბული, არამედ ყველასთვის მარტივად გასაგები და, რაც მთავარია, ემოციურად დატვირთული იყოს. მიუხედავად ამისა, ფილმის ვიზუალი მაინც ძალიან დახვეწილია. ცივ, მკაფიო ფერებს თითქოს ომის სუსხი მოაქვს მაყურებლამდე, საერთო ხედები კი, მშვენიერი კომპოზიციების ჩვენების გარდა, იმ სიცარიელის განცდას აღვივებს ჩვენში, რაც ივოს დაცლილ სოფელში სუფევს. ემოციათა ზღვა მოაქვს მუსიკალურ გაფორმებასაც, რომელშიც მთელი ფილმის ხასიათი იდეალურადაა ჩაქსოვილი და, ამასთანავე, მელოდიაც ძალიან დასამახსოვრებელია. თუმცა ფილმის მთავარი ღირსება მაინც დრამატურგიაა, რომელიც, მიუხედავად მოსალოდნელი სიუჟეტური სვლებისა და ზოგჯერ, განსაკუთრებით დასასრულისკენ, ჭარბი ემოციისა, ავტორის ჩანაფიქრს ბოლომდე ასრულებს და მაყურებლის გულამდე სათქმელი იდეალურად მიაქვს.

ფილმის პირველ სცენაში ივო ხის ყუთებს აკეთებს. ვეცნობით პერსონაჟის საქმიანობას, მის ყოველდღიურ ყოფას. შემდეგ კი ჯარისკაცი მოდის და საქმეს აწყვეტინებს.   ვფიქრობ, რეჟისორმა ამ სცენით ომის სახე მეტაფორულად გადმოგვცა -  ომიც ხომ, რბილად რომ ვთქვათ, ხელს უშლის ყოველდღიურ საქმეებში ჩაფლულ ადამიანებს და ერთიანად ცვლის მათ რეალობას, როგორც, მოგვიანებით, ამ ჯარისკაცმა და მასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა ივოსი. 

ივოს ხასიათს კინოსურათის ექსპოზიციურ ნაწილშივე კარგად ვეცნობით. თითქოს ეკრანიდან ასხივებს მისი სიდინჯე, სათნოება, პატიოსნება, ჰუმანურობა, მორალის მაღალი შეგრძნება, რაშიც, ალბათ, მსახიობის წვლილი ძალიან დიდია. მოქმედებებითაც მალევე ვხვდებით, რომ ეს მცდარი შთაბეჭდილება არ ყოფილა და იგი მართლაც არის ამ ყოველივეს განსახიერება. საინტერესოა განსხვავებები ივოს და მარგუსის ხასიათებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მარგუსიც ისეთივე ჰუმანურობითა და კეთილი ბუნებით გამოირჩევა, იგი თითქოს რთულ სიტუაციებში ივოს ზურგს არის ამოფარებული და მის მითითებებს ელოდება, თუმცა, ცხადია, ეს მასზე ცუდად არ მეტყველებს, უბრალოდ მათი ურთიერთობის დინამიკასა და ივოს ლიდერის თვისებებს გვიჩვენებს. 

ფილმში კვანძი მაშინ იკვრება, როცა ივო მცირე შეტაკების შედეგად დაშავებულ ორ ჯარისკაცს, ერთმანეთს თანამებრძოლები რომ დაუხოცეს, გადაარჩენს და ჩეჩენი აჰმედი (გიორგი ნაკაშიძე) და ქართველი ნიკა (მიშა მესხი) ერთ სახლში აღმოჩნდებიან. კონფლიქტი ცალსახაა - აჰმედი იფიცება, რომ ნიკას მოკლავს, ნიკა ჯერ უგონოდაა, მაგრამ, ეჭვიც არ გვეპარება, ისიც იმავენაირად იქნება განწყობილი მტრის მიმართ. ივოს როლი ამ კონფლიქტში ძალიან მნიშვნელოვანია. „მძინარე კაცის, უგონოდ მყოფი კაცის მოკვლაა წმინდა საქმე?“ - ეკითხება შურისძიების წყურვილით გაშმაგებულ აჰმედს ივო. მსახიობი ისე დამაჯერებლად, ისე ზუსტად შერჩეული ხასიათით წარმოთქვამს ამ სიტყვებს, აჰმედი კი არა, მაყურებელიც კი გრძნობს სირცხვილის განცდას. ამ მომენტიდან ივო არა მხოლოდ მკურნალად, არამედ ამ ორი ახალგაზრდა, ომისგან სახეცვლილი კაცის დამრიგებლადაც გვევლინება, მოგვიანებით კი მამობრივ მზრუნველობასა და სიყვარულსაც იჩენს. სწორედ ეს ურთიერთობებია ფილმში ყველაზე მნიშვნელოვანი.

მიუხედავად იმისა, რომ კინოსურათი ძალიან მძიმე თემაზეა და საკითხიც, ავტორის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ამავე რაკურსითაა წარმოჩენილი, კომიკური ელემენტები მაინც მრავლადაა ფილმში, რაც, ძირითადად, პერსონაჟების ხასიათებიდან და მათი ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ფილმი მთავარ ეშხს მაშინ იძენს და ჭეშმარიტი დრამაც მაშინ იწყება, როცა მიშა მესხის პერსონაჟი წამოდგომას ახერხებს და მაყურებელი ფსიქოლოგიური დუელის შემსწრე ხდება, რაც ივოს პატივისცემის, მადლიერების, რიდისა და მისთვის მიცემული პირობის გამო არ გადადის ფიზიკურში - „ჩემს სახლში ვერავინ ვერავის მოკლავს“.  

აჰმედი ნამდვილი კავკასიელია, მტკიცე და რთული ხასიათით. მისივე თქმით, კავკასიელებისთვის სიტყვა, პირობა ყველაზე წმინდა და მნიშვნელოვანია. იგი ორ პირობას დებს, ერთს - ივოსადმი, რომ მის სახლში არ მოკლავს, მეორეს - ნიკასადმი, რომ გარეთ გასვლისთანავე გამოასალმებს სიცოცხლეს. თითქოს ერთი პირობის თუ გვჯერა, მეორეც უნდა დავიჯეროთ, მაგრამ, რატომღაც, თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ივო თავისას გაიტანდა და აჰმედი შურისძიებაზე, ადამიანის სულს რომ ამახინჯებს, ბოლომდე აიღებდა ხელს.

ნიკას ხასიათს ოდნავ მოგვიანებით ვიგებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ფილმის პირველ ნაწილში იგი ან უგონოდაა, ან საწოლიდან ვერ დგება. მისი გაცნობისას ვხვდებით, რომ ის უფრო მშვიდია და, აჰმედისგან განსხვავებით, შურისძიების სურვილით არ არის შეპყრობილი, თუმცა ამის მიღმაც გარკვეული მიზეზი დგას. ეს მიზეზი კი ის არის, რომ ნიკას შეტაკებამ უბრალოდ თანამებრძოლები მოუკლა, აჰმედს კი - ბავშვობის მეგობარი, საკუთარი ძმასავით რომ უყვარდა. ნიკაზე ლაპარაკისას მისი პატრიოტიზმი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რადგან, თუ აჰმედი ოჯახის სარჩენი ფულის გამო იბრძვის, ნიკა ამას პატრიოტიზმის გამო აკეთებს და მტერთან სიტყვიერი დაპირისპირების დროს ისტორიული ფაქტებიც დაჟინებით მოჰყავს. რეჟისორი ამ ყველაფერს ისე გადმოსცემს, რომ აჰმედს არ განსჯის, უფრო სწორად, ივოს აბსოლუტური პაციფიზმის სახით, ერთსაც განსჯის და მეორესაც. 

ნიკასა და აჰმედის ურთიერთობის განვითარება და ივოს როლი ამ განვითარებაში ფილმის ცალსახა ღერძია. კომიკური ელემენტების ძირითადი შემომტანი სწორედ ივოა. როგორც აღვნიშნე, პაციფიზმი და ომის ზიზღი მას აიძულებს, ირონიულად შეხედოს მტრობას. იგი ამ მწარე ირონიის ორ ახალგაზრდასთან ხშირ-ხშირად გამომჟღავნებას არ ერიდება. „სადაა შენი მტერი, ძინავს?“ - მსგავსი რეპლიკები მუდმივ დაძაბულობას მუხტავს და, ამასთან ერთად, აჰმედისა და ნიკას ცნობიერების შეცვლის რთულ, ხანგრძლივ პროცესს დაწყებისკენ უბიძგებს. რამდენიმე რუტინულ სცენაში, რომლებშიც პერსონაჟები საუზმობენ ან ივოსთან და მარგუსთან ერთად ოთახში სხედან, მათი ურთიერთობის განვითარების ეტაპებს მკაფიოდ ვხედავთ. თავდაპირველად, მათ შორის ძუნწი დიალოგის გაცვლა-გამოცვლა უხეში სიტყვებითა, მუქარითა და მძაფრი ზიზღით შემოიფარგლება. ეს სიტუაცია დიდხანს არ იცვლება. ამ ორ ადამიანს შორის რაციონალური საუბრის მაქსიმუმი საქართველოს მიწებზე კამათია, რომელიც არცერთხელ არ მთავრდება კარგად.

ურთიერთობაში, და, ვფიქრობ, ფილმშიც, გარდამტეხ წერტილად მწვადის შეწვის სცენაში ივოს პატარა მონოლოგი გვევლინება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს ისინი გარეთ სხედან, საერთო სუფრასთან, აჰმედს კი ნიკასთვის მიცემული პირობა აშკარად არ შეუსრულებია, ესე იგი, უკვე რაღაც შეიცვალა მათ ურთიერთობაში, ან აჰმედის ცნობიერებაში, ისე, რომ ვერცერთმა ვერ შეამჩნია. მიუხედავად ამისა, მათი მუდმივი კინკლაობა აქაც თავს იჩენს და აღმოჩნდება, რომ ივოს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, თუმცა იგი მოთმინებასაც კი დინჯად კარგავს - „რა არის, რა გჭირთ?! მოგკლავ, მოგკლავ... ვინ მოგცათ მაგის უფლება?!“. ვფიქრობ, ამ სცენაში ურუშაძის მთავარი სათქმელი, მთელი მისი პაციფისტური ფილოსოფიაა ჩაქსოვილი, რაც მაყურებლის გულსაც და გონებასაც თანაბარი ძალით ურტყამს. სიტყვების გავლენას ორივე პერსონაჟის სახეზე ვხედავთ. და თითქოს ივოს სიტყვებისა და ომის შემზარავი სახის დასამტკიცებლად, მარგუსის სახლი ყუმბარას ეწირება.

მომდევნო სცენაში უკვე აშკარაა, რომ ივოს სიტყვებმა გაჭრა - ნიკამ და აჰმედმა ერთმანეთი ადამიანებად აღიქვეს და არა მტრებად. ამ მონაკვეთიდან იწყება შეუჩერებელი ემოციური დარტყმები, რომელსაც, ალბათ, ელოდა კიდეც მაყურებელი, თუმცა მაინც მტკივნეულია და იმასაც ვხვდებით, რომ გააზრებულად მტკივნეული, რადგან ავტორს უნდოდა ასე. ერთმანეთის რელიგიებისადმი პატივისცემის გამოხატვა, მოკლულ თანამებრძოლებზე ლაპარაკი, ბოდიშის მოხდა - ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ აჰმედმა, ვინ იცის, იქნებ პირველად გატეხა სიტყვა, სამაგიეროდ, სულის ნატეხებად ქცევა აიცილა თავიდან და ეს ყველაფერი ივოს დახმარებით. ამ სცენაში ივოს და ნიკას დიალოგი, ალბათ, ფილმში ყველაზე ემოციურია, გავბედავ და ვიტყვი, რომ ზედმეტად ემოციურიც კი. კულმინაციაში განვითარებული მოვლენები წამის წინ გაჩენილი იმედის ნაპერწკლის ომის ლაბადით დაუნდობელი ჩაქრობაა და კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ომი - ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ადამიანს მოუგონია. 

დასასრულს ჩვენს თვალში კიდევ უფრო მაღლდება ივოს პერსონაჟი და კიდევ ერთ ემოციურ დარტყმას ვიღებთ, როცა, ჯერ ერთი, აღმოვაჩენთ, რომ მან სულ ცოტა ხნის წინ დაასაფლავა ომს შეწირული შვილი და, ამასთანავე, მის გვერდზე ასაფლავებს ნიკასაც. „ვუხსნიდი, რომ არავის ომია“ - ავტორი კვლავ განაგრძობს ივოს მეშვეობით მაყურებელთან ლაპარაკს და, უკვე მერამდენედ, თავის პაციფისტურ შეხედულებას აფიქსირებს ომთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, ასეთი ჭარბი, გამიზნული ემოციურობა, შესაძლოა, მაყურებლის გარკვეული ნაწილისთვის გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, რეჟისორმა თვითონაც იცის, რომ ამ ემოციურ ბომბებს მიუხვდება მაყურებელი, თუმცა მაინც ათავსებს მათ ფილმში, რათა სათქმელისგან არაფერი არ დაიკარგოს და მკაფიოდ მიაღწიოს მაყურებლამდე. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რამდენიმე ბომბის ამოგდება დარჩენილებს უფრო ეფექტურს გახდიდა. 

ფილმის დასასრულს ორი შესანიშნავი კინემატოგრაფიული დეტალი იყო, რომლებმაც ძალიან მომხიბლა. პირველი, ეს იყო კონტრასტი ფილმის პირველ სცენასთან, რომელშიც ივო მანდარინისთვის ყუთებს აკეთებს, ფილმის ბოლოს კი ყუთების კეთება კუბოების კეთებით იცვლება. ამით რეჟისორი კიდევ ერთხელ და, ვფიქრობ, საუკეთესოდ გვიჩვენებს, რას უკეთებს ომი ადამიანებს, როგორ ცვლის და ამახინჯებს რეალობას. ალბათ, „მანდარინებიც“ ამიტომ ჰქვია კინოსურათს, ისინი ხომ ფილმში ჩვეულებრივი ცხოვრების სიმბოლოა, რომელსაც ომი ანადგურებს. ვფიქრობ, მასში სასოწარკვეთასთან ერთად იმედიც იგრძნობა, რადგან ისევე როგორც ხეზე დარჩენილი მანდარინები, ჩვეულებრივი, ომამდელი ცხოვრებაც არ წასულა არსად, მხოლოდ მისი დაბრუნებაა საჭირო. მაგრამ ამაზე უფრო საჭირო ისაა, ადამიანებმა მოვიშალოთ მტრობა, სხვისი სიძულვილი, ომი... რასაც მივყავართ მეორე დეტალამდე, ანუ ფილმის ბოლო კადრამდე - როგორ უსმენს აჰმედი კასეტას, რომელსაც ნიკა მთელი ფილმის განმავლობაში აკეთებდა.

„მანდარინები“ ნამდვილად გამორჩეული ძეგლია ქართველ კინემატოგრაფში, მნიშვნელოვანი გზავნილით, კარგი დრამატურგიით, უკეთესი პერსონაჟებითა და მსახიობების მაღალხარისხიანი შესრულებით. ყველაზე მეტად ფილმში ის მომწონს, რომ სათქმელი აშკარაა და ის თავისი უშუალობითა და მშვიდობისკენ სწრაფვის სურვილით ნებისმიერი ეროვნების ადამიანს შეეხება, თუმცა, ვფიქრობ, კინოსურათი მთლიანობაში კიდევ უფრო ეფექტური იქნებოდა, ზოგიერთ მომენტს მელოდრამატული ელფერი რომ არ დაკრავდეს.