მანანა ლეკბორაშვილი 

უკანასკნელი მოჰიკანები

 (ალ. რეხვიაშვილის დოკუმენტური ფილმი "უკანასკნელნი")

 

           ”უკანასკნელნი” ასე ჰქვია ალექსანდრე რეხვიაშვილის ბოლო ფილმს, რომელიც რაჭის მაღალმთიანი სოფლების ღების და ჭიორას ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. სახელწოდება სიმბოლურად ჟღერს, რადგან ის თანაბრად შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც ფილმის პერსონაჟებს - ამ სოფლების მაცხოვრებლებს, ისე მის ავტორს, რეჟისორ საშა რეხვიაშვილს. 
             რამდენიმე წლის წინ კინოს სახლში სამეცნიერო კონფერენცია ტარდებოდა, რომლის თემაც ბოლო წლების ქართული კინოპროდუქციის განხილვა და ქართული კინემატოგრაფის პრობლემების გაანალიზება იყო. ამ პროდუქციის მკვეთრად უარყოფით შეფასებას რეჟისორების მხრიდან უკვე ტრადიციადქცეული თავისმართლება-დანამუსება-შეტევა მოჰყვა. რთული პირობები, ფინანსების არარსებობა, ამის გამო დროში გახანგრძლივებული გადაღებები - აი, რეჟისორების მუდმივი საჩივარი. ამის საპასუხოდ რეპლიკა დარბაზიდან: ”ასეთ პირობებში რომ ვერ იღებს, საშა რეხვიაშვილი გამოფენებს აწყობს ”კოპალაში”.
            მართლაც, საშა რეხვიაშვილი ის რეჟისორია, რომელსაც ამ მძიმე წლების განმავლობაში არსად დაუწუწუნია საჯაროდ; იღებდა მაშინ, როცა უჩნდებოდა ამის საშუალება და იმას, რისი საშუალებაც იყო. სამაგიეროდ მას არ დასჭირებია თავის გამართლების მიზნით გადატანილი ავბედობათა სია თან დაერთო თავისი ფილმებისთვის. მისი ფილმები, თუნდაც ბოლო წლებში გადაღებული საარქივო მასალაზე აგებული მონტაჟური კინოსურათები ”აღთქმული მიწა”, ”რუსული პალესტინა”, მხატვრული უკომპრომისობის ნიმუშებია.
            ეს სიტყვები სრულად ეკუთვნის საშა რეხვიაშვილის ბოლო ფილმსაც ”უკანასკნელი”. 
თუ მხოლოდ სიტყვიერად აღვწერთ ფილმს, მის ქსოვილს - ეს ტრადიციული ეთნოგრაფიული ფილმია: როგორ ცხოვრობენ, როგორ შრომობენ მაღალმთიან რაჭის სოფლებში შერჩენილი მოსახლეობა. მათი ყოველდღიური საქმიანობა, გლოვა, პურობა, დღესასწაული... მაგრამ ეს ნიშნავს არაფერი ვთქვათ ფილმზე, რადგან რეჟისორს არ აინტერესებს კონკრეტულად არც თივის მთიდან ჩამოზიდვის პროცესი და არც თივის ზვინის დადგმის ტექნოლოგია, არც დაკრძალვის რიტუალი და არც ყოველდღიური ყოფის დეტალები. 
           რეჟისორისთვის მთავარია ადამიანი, მაგრამ ადამიანი ამ კონკრეტულ გარემოსთან ერთიანობაში. ამიტომ გვახედებს ასე ხშირად თავის გმირების სახეში, თვალებში; ამიტომ გვასმენინებს მათ საუბარს ხმის გარეშე; ამიტომ აკვირდება მათ ნაჯაფარ ხელებს, გამოზომილ მოძრაობებს, ხმის მოდულაციას. და მაშინ მაყურებლისთვისაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახლებს შორის ბილიკებზე მოდებული შამბი, დაკეტილი ეკლესიის კარებთან დანთებული სანთელი, შრომისგან დაღლილი ხელებით აწეული ჭიქა, პათეტიკას მოკლებული სადღეგრძელო... 
            გავიხსენოთ, რამდენ ქართულ დოკუმენტურ ფილმში გვინახავს სამსხვერპლოზე თუ არა სამსხვერპლოზე დაღვრილი ცხოველთა სისხლი. ძნელად წარმომიდგენია მაყურებელი, რომელსაც შეუვალად შეუძლია ამას გაუძლოს და თვალი არ აარიდოს ამ დროს ეკრანს. მაგრამ ვერ ვიხსენებ ფილმს, რომელიც იწვევს არა შეძრწუნებას სისხლიანი სურათებით, არა ადამიანის არაადამიანურობის განცდას, არამედ უპირველეს ყოვლისა თანაგრძნობას მსხვერპლის (ამ შემთხვევაში ღორის) მიმართ, უფრო მეტიც, ახერხებს გვაგრძნობინოს ღორის ტრაგედია. რითი, როგორ - სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია, მაგრამ ხელოვნებაში ხომ ხშირად მთავარია არა ის, თუ რა და როგორ, არამედ ვინ.
           და ბოლოს, ფინალური ცეკვის სცენა - არც მხიარული, არც ნაღვლიანი, დინჯი, აუჩქარებელი, რომელიც თავისი ხანგრძლივობით სცდება უბრალო ჩანახატის ფარგლებს და ამ ადამიანების სულის შეუპოვრობის კვინტესენციად გვევლინება.
           ”უკანასკნელნი” არ არის ხმაურიანი ნაწარმოები, არ არის ის ფილმი, რომელიც დარბაზებს შეკრებს, საფესტივალო პუბლიკის აპლოდისმენტებს მოწყვეტს. სამაგიეროდ ეს ფილმია, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს და ხანგრძლივ დისტანციაზე ალბათ ბევრ სპრინტერსაც გადაასწრებს. 

გაზეთი ”იბერია” №5 (11)

13-16 მაისი