პაატა იაკაშვილი

"ჩემი ბებია"

 

    "ჩემი ბებია" უჩვეულო ბედის ფილმია, ის გადაღებისთანავე თაროზე შემოდეს და მერე თითქმის 40 წელი ამ სურათის ასავალ-დასავალი არავინ იცოდა...
    ერთხელ დრამატურგმა გიორგი მდივანმა შეკითხვაზე, თუ როგორ დაიბადა ფილმის გადაღების იდეა, თქვა, რომ უნდოდა დაეწერა სცენარი ე.წ. "მფრინავ კავალერიაზე" (ანუ კომკავშირელ აქტივისტებზე, რომლებიც რაღაც "სახალხო კონტროლის" მსგავს ფუნქციას ასრულებდნენ). მაგრამ რატომღაც გამოვიდაო ასეთი ფილმიო... ე.ი. ფილმის უჩვეულო ფორმამ თვით სცენარის შინაარსის ცვლილება გამოიწვია: აგიტფილმის მაგიერ მივიღეთ სულ სხვა ნაწარმოები, რომელიც იმ დროს ქართველ ინტელექტუალთა შორის პოპულარული. ესთეტიკურ-პოლიტიკური მიმდინარეობის, ექსპრესიონიზმის, კინემატოგრაფიულიო გამოხატულება იყო. 
    ლათინური სიტყვა "ექსპრესსიო"  გამოხატვას, გამოვლინებას ნიშნავს, ეს მიმდინარეობა გერმანიაში ჩაისახა, რაც განაპირობა მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებულმა დიდმა სოციალ-პოლიტიკურმა და რა თქმა უნდა, სულიერმა კრიზისმა. ეს ლიბერალურად განწყობილი ინტელიგენციისათვის აუტანელი იყო, რადგან ის განიცდიდა ზეწოლას გააქტიურებული  პროლეტარიატისაგან, ბურჟუაზიისაგან, არისტოკრატიისაგან და სახელმწიფო მოხელეთაგან. მოსალოდნელი იყო მსოფლიო ომი, მოაზროვნე ადამიანს კი, არ შეეძლო რაიმე ეღონა და ისიც მალე მსხვერპლი გახდა ამ ომისა, მოსაგვიანებით კი ომს მოყოლილი რევოლუციისა და არასტაბილურობისა. გარკვეული მომავალი თავზარს სცემდა და თრგუნავდა პიროვნებას, რომლისთვისაც გარემომცველი სამყარო კოშმარულ სიზმრად იქცა.
    სწორედ ასეთ განწყობას გამოხატავდა ექსპრესიონიზმი, რომლის პრინციპებია: სინამდვილის სუბიექტური ინტერპრეტაცია, მძაფრი ემოციურობა, ირაციონალურობისაკენ სწრაფვა, ლირიულ და გროტესკულ-ფანტასტიკური საწყისების მოჭარბება.
    ექსპრესიონისტულ ლიტერატურაში, თეატრში მხატვრობასა და კინემატოგრაფიაში, დიდი ადგილი ეთმობა ჰალუცინაციებს, სიზმრებს, შეშლილთა კოშმარულ ზმანებებს. 
    ამ გზით იხატება სამყარო, რომელიც საოცრად დეფორმირებულია: საგნების ბუნებრივი მოხაზულობა შეცვილილა. თუ მოქმედება კინემატოგრაფიაში ხდება, ნატურის მაგივრად გვთავაზობენ დეკორაციებს. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუქჩრდილებსა და ოპტიკურ ეფექტებს. აი, ასეთ სამყაროში ბატონობს ბოროტება, მარტოხელა გმირი ზეძალებს შებმია. 
    რა მიზეზებიც ხელს უქყობს ექსპრესიონიზმის წარმოშობას, იგივე მიზეზები განაპირობებდა მის გავრცელებას საქართველოში, თუმცა, იყო ზოგიერთი სპეციფიკური ხასიათის მიზეზე XX საუკუნის დამდეგს ქართველის ცნობიერება ორად გახლეჩილი აღმოჩნდა. ჩვენთან ხელოვნურად დაუპირისპირდა ერთმანეთს ეროვნული და სოციალური პრობლემები. არ არსებობს დამოუკიდებლობისკენ სავალი გზის მკვეთრად დასახული ორიენტირები. ამიტომ ვერც თავისუფლების ფასი გავიგეთ და ვეღარც დამოუკიდებლობა შევინარჩუნეთ. ამას მოჰყვა ქვეყნის ოკუპაცია და კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დამყარება. მასთან ერტად ტერორი, ტრადიციული ღირებულებების უარყოფა. ცხოვრების ყველა სფეროს მართავდა წიღელი ბიუროკრატია. 
    კოშმარული რეალობა ყველაზე მძაფრ რეაქციას შემოქმედებით ინტელიგენციაში იწვევდა, რომლის დიდმა ნაწილმა არ მიიღო ხელოვნური სოციალურ-პოლიტიკური სისტემა და მისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატავად სხვადასხვა ფორმებს ეძებდა. შემოქმედებითმა ინტელიგენციამ საამისოდ სათანადო იდეოლოგიური და ესთეტიკური პრინციპები იპოვა ექსპრესიონიზმის სახით. ამ მიმდინარეობისადმი ინტერესი ქართულმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ საუკუნის 10-იან წლებში გამოავლინა... 1916 წელს სანდრო ახმეტელმა ქართული თეატრის სცენაზე განახორციელა სანდრო შანშიაშვილის ექსპესიონისტული პიესის `ბერდო ზმიანის~ დადგმა.
    ექსპრესიონიზმით დიდი გატაცება 20-იან წლების დამდეგიდან იწყება. ჟურნალი "ილიონ"  ბეჭდავს ექსპრესიონიზმის თეპრეტიკოსის კაზიმირ ედშმიტის მანიფესტს `ექსპრესიონიზმი~, მარკუზეს სტატიას "ნიცშე და სტრინბერგი" ამავე დროს, ჟურნალი "კავკასიონი" აქვეყნებს ექსპრესიონისტთა თარგმანებს ქართულ ენაზე: ვალტერ ჰაზენკლევერის "მკვლელები ოპერაში", ერნსტ დრემის ლექსი "ქორწილი", ივან გოლის "ლტოლვილის ქარავანი". ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" დაიბეჭდა წერილები: "თეატრი და ექსპრესიონიზმი" და "ექსპრესიონიზმი კინოში". ქართულ თეატრში დაიდგა გერმანული ექსპრესიონისტული დრამატურგის ერნსტ ტოლურის "ადამიანი-მასა" და "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ", გეორგ კაიზერის "დილიდან შუაღამემდე" და "გაზი", ვალტერ ჰაზენკლევერის "საქმის კაცი", ვერფელის "შპიგელმენშ". ამის პარალელურად იწერებოდა ორიგინალური ქართული ექსპრესიონისტული პიესები, კერძოდ, გრიგოლ რობაქიძის "ლონდა", "მალშტრემ", "ლატავრა".
    ექსპრესიონიზმისადმი ინტერსს ავლენდნენ ქართველი მხატვერები: დავით კაკაბაძე, ირაკლი გამრეკელი, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი.
    რაკი ექსპრესიონიზმმა ადგილი დაიკმვიდრა ქართულ ლიტერატურაში, ფერწერაში, თეატრში და ბუნებრივია, ის შეაღწევდა კინემატოგრაფიაშიც. ექსპრესიონიზმის ესთეტიკის გამოვლენა აშკარად იგრძნობა კოტე მარჯანიშვილის ფილმში "ამოკი", მაგრამ სრულყოფილად და მთელი სიძლიერით ის გამოვლინდა ფილმში "ჩემი ბებია".
    კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი რეჟისორისთვის კოშმარული სიზმარი იყო. ამას ცხადია პირდაპირ და შეუნიღბავად ვერ იტყოდი. ეს არც იყო საჭირო. ექსპრესიონიზმის სახვითი თავისებურება ავტორისეული პოზიციის ვუალირების საშუალებას იძლეოდა. ფილმში მიუღებელია სამყაროს ტრანსფორმირებული სურათი დაიხატა. კოშმარულად ამ სამყაროს აქცევს "საბჭოური ცხოვრების წესი", _ ადამიანისათვის მიუღებელი, შეურაცხმყოფელი ხასიათის გამო ფილმის მეორე ნაწილში ასეთი ეპიზოდია: თანამდებობიდან მოხსნილი ბიუროკრატი, დაწანწალებს, რომ ვინმეს სარეკომენდაციო ბარათი გამოსტყუოს. ერთი დაწესებულების კიბეს აუყვება და ამ დროს პაპიროსის ნამწვავს ძირს დააგდებს, მაგრამ ვიდრე ზევით ავიდოდეს ასეთი რამ მოხდება: კიბის თავში კვარცხლბეკზე "ქანდაკება" დგას, რომელსაც შიშველი მამაკაცი ასახიერებს. "ქანდაკება" კვარცხლბეკიდან ჩამოხტება, ბიუროკრატს უკანალზე წიხლს ამოჰკრავს, ნამწვავს ააღებინენს და ურნაში ჩააგდებინებს. ეპიზოდი სასაცილოა, მაგრამ როცა დაუფიქრდები, მიხვდები, ფილმში ნაჩვენებ. საზოგადოებაში წესრიგისაკენ მოწოდებაც კი ადამიანის შეურაცხყოფად თავდება...
    ყველაფრის დამთრგუნველ ბიუროკრატ მანქანას, ექსპრესიონიზმის ყველა პრინციპის მიხედვით გვიჩვენებს რეჟისორი: უზარმაზარ დარბაზში დიდი მაგიდა დგას,  პირობითად მას შეიძლება "მაგიდა-დაწესებულება" ვუწოდოთ. მაგიდას მოხელეები უსხედან. მათ მაღალ სკამებს, თანამდებობის აღმნიშვნელი წარწერები აქვს. საჭიროების შემთხვევაში სკამის საზურგე კარად იქცევა, საიდანაც შედიან პირობით კაბინეტში, მხოლოდ დაწესებულება არ არის პირობითი. ასეთივეა დაწესებულების თანამშრომელთა მუშაობის ხასიათიც: ისინი საქმის კეთების ილუზიას ქმნიან. სინამდვილეში კი სულ სხვა მისწრაფებები აქვთ. მოდის მუშა, მოაქვს განცხადება, რომელიც სადღაც ქაღალდებში იკარგება. დაწესებულების თანამშრომლები "ჩვეული საქმიანობით" არიან გართულნი. მათი მოქმედების უსაგნობა რომ გვიჩვენოს, ამისათვის რეჟისორი აქცენტს პერსონაჟების ინფანტილურ ბუნებაზე აკეთებს: ზრდასრული ადამიანები პატარა ბავშვივით იქცევიან. ასე მაგალითად, მმართველი, რომლის კარებზეც წარწერაა: "მიღება არ არის, თათბირია", სათამაშო ავტომობილით თამაშობს... მის უსაქმურ მოადგილეს ძალიან უნდა თამაშში ჩაერთოს, მაგრამ მმართველი არ ათამაშებს. მოადგილე გულამოსკვნილი ტირის... დაწესებულების მეორე თანამშრომლის კარზე გაკრული წარწერა გვამცნობს, რომ "საქმიანი ადამიანისთვის იმაზე უსიამოვნო არაფერია, როცა მას უსაქმო ეწვევა", საქმიანობა მდგომარეობს მარჩიელობაში: "ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ" . კერძოდ, ასეთი ფორმით: იატაკზე მორბენალი ტარაკანას ანერწყვებს და თუ მოახვედრებს, ესე იგი "ვუყვარვარ", შემდგომ ქუჩაში მიმავალ ვიღაც ვულგარული გარეგნობის ქალს, ფანჯრიდან დამჭკნარ თაიგულს სტყორცნის. ქალი საჩუქარს არ მიიღებს და ფეხით გათელავს. უიღბლო შეყვარებულს გული მისდის...
    სხვა კადრებს წარწერა აქვს: "გაუფრთხილდით ქაღალს". ამ მოწოდების საპირისპიროდ კაბინეტის ბინადარი უამრავ ქაღალდს ხარჯავს. ის ქაღალდის თვითმფრინავებს ამზადებს, ზედ ისრიან გულებს ახატავს და მინის ბარიერს მიღმა მჯდომი ქალისაკენ აფრენს... ერთი ქაღალდის თვითმფრინავი ქალს სახეში მოხვდება. გაბრაზებული ქალი ამ უცნაურ სასიყვარულო ბარათს დახევს. უარყოფილი შეყვარებული მამაკაცი თავს იკლავს.
    სკამით მეზობლები ჯერ მგლოვიარეების როლში არიან, შემდეგ კი გარდაცვლილის სკამისთვის იწყებენ ბრძოლას. მაგრამ სკამს ვიღაც სხვა იკავებს, რომელიც შესაფერის თუ შეუფერებელი ადგილიდან სარეკომენდაციო ბარათებს იღებს და მაგიდაზე ახვავებს...
   უსაქმურობით დაღლილი დაწესებულების თამანშრომლებს ყველას თავ-თავის ადგილზე ჩაეძინება. ამ დროს მოდის მუშა (მსახიობი აკაკი ხორავა). მისი განცხადება ერთი მოხელიდან მეორესთან დაფრენს, მაგრამ განმხილველი არავინაა... ყველას სძინავს. ამის შემხედვარე განრისხებული მუშა ფეხს დაჰკრავს იატაკს და იღრიალებს: `ბიუროკრატებო~. გამოღვიძებული თანამშრომლები გასაოცარი სისწრაფით შეუდგებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებას.
    ასეთია ფილმის პირველი ნაწილი, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს: "ბიუროკრატთა ცხოვრების ეპიზოდები". ფრაგმენტულობა ამ შემთხვევაში არაფერს აკლებს მთლიან სურათს და კომუნისტური ბიუროკრატიაც სრული სახით წარმოგვიდგა. მხატვრულ სახეთა შექმნისათვის კოტე მიქაბერიძე უხვად მიმართავს სატირას, გროტესკს, პაროდირებას. ფილმის ექსპრესიონისტული ხასიათი, შემოქმედებითი ძიებებისათვის დიდ შესაძლებლობას იძლეოდა - რაც გამოყენებული იქნა და დაიხატა კოშმარული სიზმრის მსგავსი სამყარო, რომელშიაც მოქმედებენ საოცრად პრიმიტიული, თანაგრძნობის უნარს მოკლებული ახალი ტიპის ადამიანები. მათი ქცევის ხასიათი მომდინარეობს არა ექსპრესიონისტული პირობითობიდან, არამედ ცხოვრებისეული სინამდვილედან. საქმე ის არის, რომ ფილმში "ჩემი ბებია" პირველად ჩნდება ეკრანზე ადამიანი, რომელიც თავის ადგილზე არ არის. იმას არ აკეთებს, რასაც უნდა აკეთებდეს, ასეთები არიან დაწესებულების თანამშრომლები. ის, რომ ყველა უსაქმური და მცონარია, მხოლოდ გადაჭარბება არ არის, ეს დროის ნიშანიც იყო და მოიტანა ცხოვრების ყველა სფეროს ყოვლად გაუმართლებელმა ბიუროკრატიზაციამ. როცა მოხელეთა კადრებს სპეციალისტებით კი არ აკომპლექტებდნენ, არამედ იმ ხალხით, ვინც რეჟიმის უსიყტვოდ ერთგული იყო.."
    ფილმის მეორე ნაწილში კოტე მიქაბერიძე თემის მეტად საინტერესო დრამატულ განვითარებას გვთავაზობს: ბიუროკრატთა `საქმიანობის: ზოგადი ჩვენებით ის მხოლოდ ერთი მათგანის თავგადასავალს გვიჩვენებს: ეს არის ისტორია სამსახურიდან გაგდებული ბიუროკრატისა, რომელიც სარეკომენდაციო ბარათის მოპოვებას ცდილობს, რათა თავი აღიდგინოს სამსახურში. ჩვენ წინაშეა უღირსებო, უტიფარი ადამიანია, განუხრელად რომ მიისწარაფის დასახული მიზნისაკენ და ვინმე "ნათლიმამისათვის" სარეკომენდაციო ბარათის გამოსტყუებას ცდილობს. აქედანაა ფილმის სათაურიც.
    თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გათვალისწინებული იქნა ე.წ. "საკავშირო მაყურებლის" ფაქტორი და სურათი რუსულად გაკეთდა. ფილმში წარწერები რუსულადაა, ამიტომ მოიძებნა "ნათლიმამის" რუსული შესატყვისი "ჩემი ბებია".
    კოტე მიქაბერიძიოს მიერ შერჩეულმა ოპტიმალურმა მხატვრულმა ფორმამ კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩინა პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ რეალობა ფილმში დეფორმირებულად არის გამოსახული, ფილმის პირველ ნახევარში მოქმედება პავილიონში მიმდინარეობა, ანუ დახშულ სივრცეში, რომელიც სავსეა თავდაპირველი ფორმაშეცვლილი საგნებით და ნივთებით ასევე, ადამიანთა ტიპაჟებით - გრიმიორთა მიერ საგანგებოდ "რეტუშირებულნი" რომ არიან. 
    ეს ყველაფერი ექსპრესიონისტულ სამყაროს ქმნიდა. "ჩემი ბებია" პირველი ქართული ფილმია, რომელშიც მხატვრობა დრამატურგიულ დატვირთვას იძენს და განსაზღვრავს ფილმის, როგორც სახვით გააზრებას, ასევე აზრობრივ შინაარსაც. 

ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი. პროექტის ავტორი დავით აბდალაძე. თბილისი. 2012 წელი