მანანა ლეკბორაშვილი

როგორ გაყიდა ილომ ჟორა

 

კომედიური დრამა, დრამატული კომედია თუ ტრაგიკომედია ქართული კინემატოგრაფის  დომინანტურ ჟანრს წარმოადგენდა მისი არსებობის თითქმის ყველა პერიოდში. თუმცა დრამატულის და კომიკურის თანაფარდობა ეპოქისა და კონკრეტული შემოქმედის მოხედვით საკმაოდ ფართო ფარგლებში მერყეობდა, ისევე როგორც თავად კომიზმის ხასიათი და ხარისხი. იყო ისეთი პერიოდიც, როდესაც ქართული ფილმებიდან (და არა მარტო ფილმებიდან) თითქმის საერთოდ გაქრა იუმორი. თითქოს მთელმა ერმა დაკარგა სულიერი ძალა დისტანციიდან შეეხედა მეტისმეტად მძიმე რეალობისთვის და შემოქმედებითად გადაემუშავებინა იგი.

ვერ ვიტყვით, რომ ეს განწყობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ნელ-ნელა ქართულ კინოს უბრუნდება ღიმილი, თუმცა არა ძველებურად ლაღი და უზრუნველი. ამის მაგალითია თემურ ბუტიკაშვილის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც "ჩამოფასებულები" (ინგლისური დასახელება "შეცონდ-ჰანდ შალე").

ერთი შეხედვით არაფერი ახალი - "ცხოვრებისეული" სიუჟეტი, რომელსაც ამ ბოლო წლებში ქართული კინო ენერგიულად უწევს ექსპლუატაციას: გაჭირვება, ეკონომიკური სიდუხჭირე, სულის გაუხეშება... უკვე მოყირჭებული რეალობა ეკრანზე და ეკრანს მიღმა. ალბათ ამიტომაც გამოიწვია ქართულ კინოწრეებში ერთგვარი გაოცება ფილმის ბერლინალეზე მოხვედრის ფაქტმა. მაგრამ არის არსებითი განსხვავება _ საბედნიეროდ,  ეს ფილმი არ არის მორიგი სპეკულაცია ამ თემაზე. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის არის, რომ არ ხდება ყოველდღიურობის ნიშნების უკვე ტრადიციად ქცეული პედალირება, მათი დაგემოვნება, ერთგვარი კეკლუცობა შინაგანი თუ გარეგნული ჭუჭყით.

რეჟისორი ფილმის დრამატურგიულ ღერძად სხვა საყრდენს ირჩევს. მოქმედების ცენტრშია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყვიტა ფილმის მთავარმა გმირმა, ილომ გაეყიდა ძველისძველი მაცივარი, სახელად ჟორა. ამბავი სრულიად ყოფითია, რიგითი, თუმცა საკმაოდ არაორდინალური გაგრძელებით. ავტორები მაყურებელს სთავაზობენ ხასიათებს, სიტუაციას – ერთდროულად კომიკურს და ამავდროულად  საწყალობელს,   დანარჩენი კი ფონია, შეიძლება აქტიური, მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ფონი... ეს ფონი მოცულობას ანიჭებს პერსონაჟებს, ნიშნებიდან ცოცხალ ადამიანებად აქცევს, ქმნის ეკრანული სივრცის მეორე პლანს. არსებობს ფილმის საწყისი ვარიანტი, სადაც ეს მეორე პლანი კიდევ უფრო აქტიური იყო. მაგრამ ბაზრის მოთხოვნები დღეს ქართული კინოსთვის კანონია: ორმიცდაორწუთიანი ხანგრძლივობის ფილმი იძულებული გახდა ოცდახუთწუთიან სტანდარტში მოქცეულიყო და შემომატებული დინამიზმის სანაცვლოდ ღირებულიც ბევრი დაეთმო. 

ფილმის მთავარი პერსონაჟის მდგომარეობა ბევრი ქართული ოჯახის ბედს გვაგონებს – ოდესღაც შეძლებული და ყველაფრით უზრუნველყოფილი ყოფიდან უბადრუკ არსებობამდე, როცა ყოფილი ცხოვრების მოწმეებად მხოლოდ აშლილი პიანინო, მუშაობით გადაღლი ტელევიზორი და ოდესღაც ბავშვური აღფრთოვანების საგანი, დღეს მოგრუხუნე მონსტრად ქცეული მაცივარი შემორჩენილა. ამასობაში მაცივარს სულიერი არსების თვისებებიც შეუძენია და "ჟორად" ქცეულა, მაგრამ სხვა გზა არ არის – ილო იძულებულია წლების განმავლობაში შეთვისებულ ჟორასაც, შესაძლოა ერთადერთ  შემორჩენილ მეგობარს, უღალატოს – გასაყიდი სხვა აღარაფერი აქვს. მუშტარიც მაცივრის შესაფერისი გამოუჩნდება, ისიც ყოფილთაგან _ ყოფილი მუსიკის მასწავლებელი, ია. 

  მისთვისაც მოულოდნელად ილო გაუთვალისწინებელი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: ფული ჰაერივით სჭირდება, მაგრამ სექსიც რომ ასე იშვიათი ხილი გამხდარა მის ცხოვრებაში? არჩევანი სექსის სასარგებლოდ კეთდება და   მაყურებელი იღებს "ეროტიკული სცენას" – ერთ-ერთს იმ მცირე რიცხვიდან ქართულ ეკრანულ რეალობაში, რომლის ყურების დროსაც უხერხულობის გრძნობა არ გიპყრობს – იუმორი ხომ უნივერსალური წამალია.

სცენა გროტესკის ხასიათს იძენს, მაგრამ ის არაა ღიად გაცხადებული. ეს თითქოს თავად პერსონაჟების მიერ არჩეული თამაშის მანერაა (როგორც ხშირად ქართულ სინამდვილეში), ვიდრე მსახიობების მიერ არჩეული სტილი პერსონაჟის ხორცშესხმისათვის. მიშა ჯოჯუა  შესანიშნავად გრძნობს სიტუაციას და დამაჯერებელია ნებისმიერ, ყველაზე სულელურ ვითარებაშიც კი. მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ სხვანაირ ილოსაც, მარტო დარჩენილს, დაღლილს, მოჩვენებითი ოპტიმიზმის ნიღაბჩამოხსნილს და ქრება ხასიათის კომიკურობაც.  მას ღირსეულ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ თანაბარ პარტნიორობას უწევს მინიატურების თეატრის მსახიობი ნატო გიორგაძე. იგი უფრო ფართო, მსუყე მონასმებით ძერწავს სახეს და ხშირად ძალზე ახლოს უახლოვდება სახიფათო საზღვარს, რომლის იქით უკვე სიყალბე და მანერიზმია.

მიუხედავად ქართული რეალობის ერთ-ერთი, არცთუ მაინცდამაინც თვალწარმტაცი ნიშის არაპრეტენზიული რეპრეზენტირებისა, შემთხვევითი არ არის, რომ ფილმს "ჩამოფასებულები" ჰქვია (და არა "ჩამოფასებული", მხოლობით რიცხვში). ბუნებრივია, მხოლოდ მეტისმეტად ზედაპირული მაყურებელი თუ დაიჯერებს, რომ ფილმის  მიზანდასახულება ერთი კონკრეტული ანეკდოტური სიტუაციის ასახვა და მისი საშუალებით მაყურებლის ცოტა ხნით მაინც გართობა იყო. დღევანდელი ქართული კინოპროდუქციის ჭარბი პრეტენზიულობის ფონზე კი ეს თვისება "ჩამოფასებულების" კიდევ ერთ პლიუსად იქცევა.

და კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც აქტუალურს ხდის "ჩამოფასებულების" მაგალითი. ბოლო პერიოდის ქართულ კინოზე საუბრისას გამუდმებით ისმის ჩივილი (რომ არ ვთქვათ წუწუნი) ფინანსურ სიდუხჭირეზე. ეს ფილმი იმის ნათელი მაგალითია, რომ კარგი დაფინანსება ბევრს ნიშნავს, მაგრამ არა ყველაფერს. 

მშობლების დატოვებული ბინის გაყიდვიდან გადარჩენილი მცირე თანხით, თავის საქმეზე შეყვარებული მეგობრების თანადგომით ორ კვირაში გადაღებული ფილმი, მართალია, შემდეგ ერთი წელი ეძებდა საბოლოო დასრულებისთვის (გახმოვანებისა და მონტაჟისთვის) საჭირო თანხებს, მაგრამ რადგან "პროდუქტი" ფაქტობრივად უკვე სახეზე იყო, ეს დაბრკოლებაც გადაილახა და საბოლოოდ იგი ბერლინალეს მოკლე ფილმების სექციაში აღმოჩნდა რჩეულთა შორის, სადაც საფესტივალო პუბლიკის და პროფესიონალების მოწონება დაიმსახურა. 

ასე რომ, რეჟისორებო, წინ!

 ”კინო. ცხელი შოკოლადი” 

№7 აპრილი 2008