მანანა ლეკბორაშვილი

მოგესალმებათ ყარასტანი

 

 

 თავისთავად სასიამოვნოა, როცა შენს პატარა ქვეყანაში,  არც ისე დიდი ხნის წინათ  თითქმის თავის თავში ჩაკეტილი კინოწარმოებით, თითქმის განადგურებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თითქმის მივიწყებული „ოქროს ხანით“,  ფილმის გადასაღებად ისეთი სახელები იყრიან თავს, როგორებიც არიან: 

        პაველ პავლიკოვსკი - სცენარის თანაავტორი (წლევანდელი „ოსკაროსანი“ ფილმის „იდას“ რეჟისორი), ინგლისელი  ბენ ჰოპკინსი, რომელმაც მსოფლიო ყურადღება მიიქცია თავისი ფილმებით  „თომას კატცის ცხრა სიცოცხლე“ (1999) და „ბაზარი: ზღაპარი ვაჭრობაზე“ (2008) - სცენარისტი და რეჟისორი,  მეთიუ მაკფეიდანი - ფილმის მთავარი გმირი (ჯონ რაითის მისტერ დარსი და ობლონსკი), ასევე მსახიობები მიანა ბერინგი (ტანია „ბინდიდან“) , რიჩარდ ვან ვეიდენი (ჩვენთან ნაკლებად, მაგრამ გერმანიაში ცნობილი კინოსა და თეატრის მსახიობი), ნოა ტეილორი (2012 წლის კანის ფესტივალის ნომინანტი ფილმის „მსოფლიოში ყველაზე მთვრალი ოლქი“ - Lawless-ის  მსახიობი)... 

სასიამოვნოა, როცა ეს ნამდვილი კოპროდუქციაა, არა ლოკაციის დაქირავება  და  როცა მათ გვერდიგვერდ მუშაობენ ქართული შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, ქართველი მსახიობები; როცა ამაში  გარდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრისა, თანხას   დებს ბრიტანული კინოინსტიტუტი და „არტე“, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის კიდევ რამდენიმე ფონდი და კინოკომპანია.  

თუმცა მიუხედავად ამისა, ფილმის პირველივე კადრებიდან, პირველივე მუსიკალური ფრაზიდან  მოუსვენრობა გიპყრობს. პირველივე კადრიდან _ თუ ფილმის სიუჟეტი შენთვის უცნობია; და თუ ნაცნობი _ მაშინ ამას უკვე მოუსვენრობა კი არა, ცუდი წინათგრძნობა ჰქვია და ის სიუჟეტის გაცნობისთანავე იბადება. 

ცუდი წინათგრძნობა,   შეიძლება, სუბიექტური გრძნობაა, მაგრამ  ძნელია, ამ დროს თავიდან მოიშორო სულ ახალი კინოასოციაცია თუნდაც მაჰმალბაფის ქართულ  თანამშრომლობასა და მის „პრეზიდენტთან“, და მით უფრო, შედარებით  ადრინდელი ასოციაცია, ოღონდ უკვე რეალური ცხოვრებიდან, თუმცა ასევე   კინემატოგრაფთან დაკავშირებული; დიახ, დიახ, სწორედ რენე ჰარლინის ფილმს ვგულისხმობ.  შედეგი ორივე შემთხვევაში, რა დასამალია და,  სავალალო აღმოჩნდა.

 ახალი ფილმის „ყარასტანში დაკარგული“  ამბავი  კი ასეთია: ერთ დროს რომელიღაც,   „მცირე“  „ოსკარზე“ წარდგენილ, ამჟამად კი რიგით რეკლამებზე გადართულ  ინგლისელ  რეჟისორს, ემილ მილერს  სადღაც, მისთვის უცნობ კავკასიურ რესპუბლიკაში ფესტივალზე იწვევენ თავისი ფილმით. თუმცა, როგორც აღმოჩნდება, ეს მხოლოდ საბაბი-სატყუარაა, სინამდვილეში კი ქვეყნის  მმართველ ექსცენტრიულ დიქტატორს  სურს, მას ეროვნული კინოეპოპეის გადაღება ანდოს. კინოგადაღებები მოულოდნელი, აბსურდული და საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზებით არის სავსე. რეჟისორისთვის    დიქტატორი მმართველისგან თავის დაღწევა არც ისე ადვილი  ჩანს და, რომ არა რევოლუცია, ვინ იცის, რითი დასრულდებოდა მისი სტუმრობა თუ შემოქმედებითი მივლინება ეგზოტიკურ ქვეყანაში.

იწყება ფილმი და პირველივე კადრებიდან ნაცნობი ურბანული პეიზაჟები შემოგეფეთება თვალში, ნაცნობი, მაგრამ არა საყვარელი, აი, ისეთი, უფრო ხშირად თვალს რომ არიდებენ ხოლმე. თუმცა,  გული იმით შეგიძლია დაიმშვიდო, რომ ეს   საქართველო არაა, ეს ყარასტანია,  კავკასიის  მთებში ჩაკარგული პირობითი რესპუბლიკა, რომელშიც  სურვილის შემთხვევაში, მაყურებელი ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ და, კიდევ ვინ იცის, რომელი კულტურის ნიშნებს  ამოიკითხავს. აქ მიმდინარე მოვლენებიც არ არის წმინდა ქართული, არც ყველას და ყოველთვის ეძებნება რეალური პროტოტიპი.

ფილმი დასცინის ეგოცენტრულობას, დიქტატორულ რეჟიმებს, კინემატოგრაფს - მის იდეოლოგიურ გავლენას, გადაღების პროცესს,  კინემატოგრაფისტებს, მაყურებელს... ეს ზოგადსაკაცობრიო საკითხებია, მაგრამ  კინოს ფიზიკური რეალობის გარეშე არსებობა არ შეუძლია, თუნდაც ყველაზე აბსურდული და გამოგონილი კინოსამყაროს შექმნის დროსაც  კი. აქაც,  ამ პირობითი ქვეყნის რეალიები სულაც არ არის პირობითი, წარმოსახვაც ხომ რეალობით იკვებება და ჩემდა სამწუხაროდ,  ეს წარმოსახვის მკვებავი რეალობა ძალზე ხშირად ჩვენი, მშობლიურია. 

       ალბათ უნდა ვიცინოთ უიღბლო კინორეჟისორის თავგადასავალზე, მაგრამ რატომღაც არ გამოდის, ჩვენთვის ეს აბსურდი კი არა, რეალობაა, შეიძლება ოდნავ გამუქებული, ოდნავ გროტესკული,  მაგრამ ზოგჯერ   რეალობიდან გადმოწერილსაც ჰგავს  - ალუზიები, ფაქტები, ყოფითი დეტალები... საინტერესოა, რომ თუ გერმანული კრიტიკა ფილმს გროტესკულ კომედიას უწოდებს, ჩვენთან ის შავი კომედიაა. 

თუმცა, ვფიქრობ, საქმე მაინც არ არის მხოლოდ სუბიექტურ განცდაში  -  არც საკუთარ თავზე გაცინება გაგვიჭირდებოდა,  ფილმს რომ ამის საშუალება მოეცა. მეჩვენება, რომ ის ვერ ჩამოყალიბდა დრამასა და კომედიას შორის, ვერ მოახერხა მათი ჰარმონიული შერწყმა - ხან ერთის კალთას ეფარება, ხან - მეორის.    შედეგად - კომედია ზედმეტად დრამატული მოჩანს, რომ სასაცილო იყოს;  დრამა კი -საკმაოდ კომიკური იმისთვის, რომ უთანაგრძნო.

  შესაძლოა, აქ ავტობიოგრაფიულმა მომენტებმაც ითამაშა თავისი როლი (შვიდწლიანი პაუზა არც ისე ცოტაა რეჟისორისთვის),  მაკფეიდანის გმირიც  ზედმეტად დრამატულად განიცდის ფილმის პერიპეტიებს და მცირე ნაპრალსაც არ ტოვებს  საკუთარ თავსა და გმირს შორის. გაცილებით მსუბუქი და ორგანულია  რიჩარდ ვან ვეიდენის პრეზიდენტი აბაშილიევი, ძალიან სასაცილო და ზუსტია დავით ველიჯანაშვილის „ჩრდილი“, თუმცა ეს უკვე დეტალებია და მთლიანად ფილმის განწყობას ვერ ცვლის.

  დრო და სივრცე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს აღქმას და, შესაძლოა, ფილმი წარმატებული აღმოჩნდეს სხვა ქვეყნებში; შესაძლოა, მას აქაც გამოუჩნდნენ დამფასებლები და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს დროთა განმავლობაში, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველო მომავალში მაინც ჩამოიშორებს მხოლოდ ეგზოტიკური ან პირობითი ქვეყნისთვის გამოსადეგი ლოკაციის იმიჯს და იქცევა კინემატოგრაფიულ ქვეყანად, სადაც მიდიან უბრალოდ კარგი კინოს გადასაღებად.

ჟურნალი Filmprint N16/ ზაფხული 2015