მსახიობი, რომელიც ისე დაკრძალეს, რომ თითქმის არავის გაუგია - ნინო ლეჟავა მამის ბოჰემურ ცხოვრებაზე

მსახიობი გია ლეჟავა 2011 წელს ისე გარდაიცვალა, რომ საზოგადოებას მისი წასვლა თითქმის არც გაუგია...

რატომღაც მსახიობი მისმა კოლეგებმაც სათანადოდ ვერ დააფასეს...

გია ლეჟავა 43 წლის განმავლობაში რუსთავის თეატრის მსახიობი იყო. როგორი მორიდებულიც სიცოცხლეში იყო, ისეთივე მორიდებით წავიდა ამ ქვეყნიდან - ამბობენ მისი ახლობლები.

მისმა ქალიშვილმა, მსახიობმა ნინო ლეჟავამ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა მამის შესახებ.

„იმ დროს, როცა ქართული კინო გრგვინავდა, თეატრი მეფობდა და ღირებული კეთდებოდა, მამა არ გამოუყენებიათ. არადა, ბოლოსაც როგორ ნატრობდა - ერთი ბებერი „მარაზმატიკის“ ეპიზოდური როლი მათამაშონო.

„მარადისობის კანონი“, „კურდღელი“, „მტრედის მოტანილი ბარათები“, „ანთიმოზ ივერიელი“, „დემეტრე მეორე“, „სპირალი“, „თბილისი ჩემი სახლია“, „მოცურავე“, „ვირთხა“ - სულ ეპიზოდურ როლებში იყო. მე „ეპიზოდჩიკი“ ვარო, ამბობდა“ - მამას იხსენებს მსახიობი ნინო ლეჟავა.

ბოლოს ესპანელებმა ეპიზოდურ როლში გადაიღეს. როცა გამოჯანმრთელდებოდა, ამ როლის გაზრდას აპირებდნენ...

ბოჰემურმა ცხოვრებამ თავისი კვალი დაატყო. ციროზი დაუდგინეს. უკვე გვიან იყო, მეოთხე სტადია... ორი კვირა იავადმყოფა.

ნინო ლეჟავა: „ერთხელ თქვა, „ვიბრიდები“, ციროზით ვინ გადარჩენილაო. ვამშვიდებდი, ნუ ნერვიულობ, წლები ცოცხლობენ ამ ავადმყოფობით-მეთქი. ჩემმა ძმამ ვაშაძის ბალახები მოუტანა, ცოტას დაამშვიდებსო. მართლაც ასე იყო. დავაჯერეთ, რომ ეს განკურნებადია. თუმცა გულის სიღრმეში მაინც ფიქრობდა სიკვდილზე. სიკვდილამდე ორი დღით ადრე დედაჩემს როლი გადააწერინა... ლაშა ნოზაძე ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების კოლაჟის გაკეთებას იწყებდა. დუბლიორი ააყვანინა, რეჟისორი არ დავაღალატოო. ლოგინთან ედო როლი და სწავლობდა, ლექსებს წერდა:

„ცხოვრებაში ლოთის გეგმა,

 ხუთიანზე შევასრულე

 და სცენაზეც კარიერა

 ლოთის როლით დავასრულე.“

გარეგნობიდან გამომდინარე, ხშირად ქურდების როლებს ასრულებინებდნენ. ასეთი ლექსი დაწერა.

„გულით კეთილი გახლავართ,

ფულით საკმაოდ ღარიბი,

ეკრანზე ქურდებს ვთამაშობ,

ცხოვრებაში ვარ ჰარიფი...“

ნინო ლეჟავა: მე და მამამ პირველი ერთობლივი როლი „პირანდელოში“ ვითამაშეთ, ხუთი წლის ვიყავი და გია ჩემი ძმის როლს თამაშობდა. შემდეგ კი იყო ფილ მ ი „თბილისი ჩემი სახლია“. ის კადრი, სადაც ერთად ვართ, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ხომ მილიციელს თამაშობდა, მაგრამ მამობრივი მომენტი დაეტყო და ძალიან თბილი სცენა გამოვიდა. მისი სავიზიტო ბარათი „სპირალში“ და „კანონიერ ქურდებში“ განსახიერებული როლებია. დამიტოვა სახელი, კაი კაცობა, წიგნები და ხატები. ძალიან მორწმუნე იყო.  თავისებურად მძიმე იყო, ოღონდ, მხოლოდ სახლში. მისი კუთხისთვის ხელი არ უნდა მოგეკიდა. ძნელად აღსაზრდელი ბავშვივით იყო. ამიტომაც ძალიან უჭირს დედას უმისობა, 38 წელიწადი უვლიდა ამ „ძნელად აღსაზრდელ ბავშვს“. ერთხელ, საშა იოსელიანთან ერთად თამაშობდა ფილმ „მდგმურებში“. ბებერს ასახიერებდა, შუაზე ჰქონდა თავი გადაპარსული და გულზე „სოსკა“ ეკიდა. სახეზე ისეთი გრიმი ჰქონდა, მკვდრის ფერი ედო. შუაღამისას ამ ფორმაში მოგვადგა, ზარი დარეკა და კარი ბებიამ რომ გააღო, კინაღამ გაგიჟდა - საოცრად ჰგავდა გარდაცვლილ ბაბუას. ასეთი რაღაცებიც შეეძლო ეკეთებინა. საშინლად ემოციური ადამიანი იყო. განსაკუთრებულად ეპყრობოდა სტუდენტებს. არასოდეს მოუთხოვია მათთვის ჰონორარი. ძალიან მოგვაკლდა, სახლი დაცარიელდა... მასთან რომ მივდიოდი, პირველ სართულზე ისმოდა ტელევიზორის და გიას ხმა. სამზარეულოში იყო, თუ ჩაის იდუღებდა, ყოველთვის რაღაცაზე მსჯელობდა. თავისთვის თუ ლაპარაკობდა ე.ი. როლს იხსენებდა. ქუჩაში შევფეთებივარ, ვერ შევუნიშნივარ და არ გამიჩერებია, რადგანაც ის იქ იყო, როლში. მე კაფეში მიმტანადაც მიმუშავია, მაგრამ მამას მხოლოდ თავისი საქმე უყვარდა. სხვა არაფერი უნდა დაგევალებინა. ნანობდა თავის განვლილ ბოჰემურ ცხოვრებას. ეს სინანული ლექსად დაგვიტოვა:

„ქრება სიცოცხლე ჯამბაზის,

ერთი უბირი ოხრისა,

იდიოტურად მთავრდება

ცხოვრება იდიოტისა“.

„პრაიმტაიმი“, თამარ გონგაძე (არქივი)