სტატიის სარჩევი

გივი ბარამიძე

სოფიკო ჭიაურელი

მსახიობისთვის არაფერია იმაზე უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე შეგრძნება საკუთარი შემოქმედების სახალხო აღიარებისა.

დამსახურებული აღიარება!

ეს ყველაზე დიდი ჯილდო, სიცოცხლისა და შემოქმედებითი რწმენის განმამტკიცებელი ელექსირია ყოველი ჭეშმარიტი ხელოვანისათვის.

სოფიკო ჭიაურელი ერთი იმათგანია, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება - ორი ათეული წლის ნაყოფიერი შემოქმედებით სწორედ ასეთი აღიარება დაემსახურებინა ხალხისგან.

როგორც აღნიშნავენ, შთამომავლობისათვის გენებს შეიძლება მართლაც ჰქონდეს გარკვეული ზემოქმედებითი მნიშვნელობა. მაგრამ ისტორია იმასაც ცხადყოფს, რომ დიდ ხელოვანთ იშვიათად თუ ჰყოლიათ თავიანთი მსგავსი მემკვიდრენი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარ იშვიათობას წარმოადგენს სოფიკო ჭიაურელიც, რომელიც ღირსეული მემკვიდრე აღმოჩნდა ჩვენი სახელგანთქმული მსახიობის - ვერიკო ანჯაფარიძისა და საყოველთაოდ  ცნობილი რეჟისორის - მიხეილ ჭიაურელისა.

თუმცა, თავიდან უცებ და იოლად როდი გამომჟღავნებულა ეს მემკვიდრეობითი უნარი. მშობლებს კიდეც გაუკვირდათ, გოგონამ მოულოდნელად საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში რომ გადაწყვიტა სასწავლებლად შესვლა. მანამდე მას არასოდეს გამოუვლენია განსაკუთრებული მიდრეკილება სამსახიობო ხელოვნებისადმი. მართალია, იგი ბავშვობიდანვე ეზიარა სცენასა და ეკრანზე მშობლების შემოქმედებითი წარმატებებით გამოწვეულ სიხარულს, მაგრამ ეს  იყო მხოლოდ მშობლების დასახურება, დაუფარავ სიამაყეს რომ აგრძნობინებდა არც თუ მთლად გაბედულ და თამამ გოგონას. ეს იყო და ეს. და მაინც, მტკიცე და შეურყეველი აღმოჩნდა მისი გადაწყვეტილება. მით უმეტეს, მისადმი სიფრთხილე გამოიჩინეს მშობლებმაც და შესამოწმებლად თავიანთ კოლეგებს წარუდგინეს.

ძნელი შეიქნა მორცხვი და მკრძალებული გოგონას სულში დაფარული არტისტული ნიჭის აღმოჩენა, მაგრამ თეატრის გამოცდილ და ალღოიან მსახიობებს - ოლღა პიჟოვასა და ბორის ბიბიკოვს ენიშნათ, რომ „მასში არის ის რაღაც“ - სამსახიობო მონაცემების  ნაპერწკალი, რომელსაც გაღვივება და ცეცხლად დანთება სჭირდებოდა. სოფიკო მათსავე სახელოსნოში ჩაირიცხა. 1955 წელს დაიწყო სწავლების რთული და საინტერესო ძიებებით სავსე წელი და უცებ იგი რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ მიიწვია თავის ფილმში „ჩვენი ეზო“ ციცინოს როლზე.

ფილმი „ჩვენი ეზო“ 1957 წელს ოქროს მედლით იქნა დაჯილოებული ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე მოსკოვში და ამ დიდ წარმატებაში სოფიკო ჭიაურელსაც გარკვეული წვლილი მიუძღვის. გიორგი მდივნის სცენარის მიხედვით შექმნილ ამ ფილმში უხვადაა ცხოვრების ფართო გზაზე მოზარდი თაობის გასვლის ამსახველი პოეტურად ამაღლებული დეტალები. საგულისხმოა ისიც, რომ ფილმის მთავარი გმირების - ციცინოსა და დათოს ყმაწვილურ სულში განმასახიერებლების - ახლად დაქორწინებული სოფიკო ჭიაურელისა და  გიორგი შენგელაიას პირადი ცხოვრება ერთგვარ ავტობიოგრაფიულ გამოძახილად იქცა. გიორგისთან ერთად სოფიკომაც საკუთარი თავი განასახიერა მისთვის ჩვეული გულწრფელობითა და უშუალობით და სწორედ მისი გულწრფელობისა და უშუალობის გამოკვეთაში გამოვლინდა მსახიობის შემოქმედებითი თავისებურების „ის რაღაც“ მარცვალი, რომელმაც შემდგომ სცენასა და ეკრანზე თანდათან სულ უფრო მრავალმხრივ განშტოებული, უხვი ნაყოფი გამოიღო. „ის რაღაც“ სოფიკომ სასწავლო როლში, იაპონური პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლ „წეროების სიმღერაშიც“ გამოავლინა, როცა თავისებური პლასტიკურობითა და სინარნარით განასახიერა წეროს როლი.