ვაჟა გიგაშვილი

მწერალი, სცენარისტი

დ. 15 ოქტომბერი, 1936, თბილისი -  გ. 31 დეკემბერი, 2017.

1953- 1954 სწავლობდა ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში; 

1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი (მისმა სადიპლომო ნამუშევარმა გაიმარჯვა საკავშირო (სსრკ) კონკურსში;  მუშაობდა „ქალაქპროექტში“ (შოთა ყავლაშვილთან და ლადო მესხიშვილთან),  სამხატვრო კომბინატში (ზურაბ წერეთელთან). 

 მონაწილეობდა მრავალ ეთნოგრაფიულ, ალპინისტურ და ზოოლოგიურ ექსპედიციებში - კავკასიონზე, ჩრდილოეთის ზღვებზე, კოლის ნახევარკუნძულზე, შუა აზიაში, ტიან-შანსა და პამირზე.

 1971 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" (რეზო თაბუკაშვილთან), "მწერალთა კინოგაერთიანებაში". 1992 – 1994 წლებში იყო  კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

 

1990-1994 წლებში იყო გაზეთ "მამულის", 1999-2003 წლებში - "განახლებული ივერიის" მთავარი რედაქტორი. 

წერდა სკოლის ასაკიდან. 1953-1954 წლებში ჟურნალ "დილაში" იბეჭდებოდა მისი პატარა მოთხრობების სერია ცხოველებსა და ფრინველებზე. ზოგი მათგანი შეტანილია უმცროსკლასელთა სახელმძღვანელოებში. პირველად, 1957 წელს ჟურნალ "ცისკრის" პირველ ნომრისათვის წარდგენილი მოთხრობა "დღე და ჟამი" არ დაიბეჭდა საბჭოთა ცენზურის გამო. 1970 წლიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ- გაზეთებში - "ცისკარი", "მნათობი", "ლიტერატურული საქართველო", "XX საუკუნე", "ქომაგი", ასევე რუსული თარგმანები - "ლიტერატურნაია გრუზიასა" და "დრუჟბა ნაროდოვში". 

ავტორია წიგნების: 

ნადირობა ჩონ-ტაშში (დოკუმენტური მოთხრობა) - თბ. : ნაკადული, 1976. 

დღე და ჟამი : [მოთხრობები]. - თბ. : მერანი, 1987;

მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს. თბ.  საარი, 2001. 

თბილი ლოგინი და ცივი ღამე - თბ. : მერანი, 2006. (ერთი მოთხრობა). 

ერთი ვინმე ყაფლანიშვილი (რომანი)თბ.   პალიტრა ] 2010.  

 

ფილმოგრაფია

გაზაფხულის საღამო  (1972) - სცენარისტი 

იმედის მწვანე კუნძული (1978) - სცენარისტი, მსახიობი

ნიკა მთაში (1979)  - სცენარისტი, მსახიობი

ამბავი სურამის ციხისა (1984) -  სცენარისტი (დანიელ ჭონქაძის რომანის მოტივების მიხ.)  

დამშვიდობება (ხანა ჩვენი ბავშვობისა, 1987) - სცენარისტი (ზურაბ თუთბერიძესთან ერთად)

სპირალი (1990) - სცენარისტი (გურამ ფანჯიკიძესთან ერთად მისივე ამავე სახელწოდების რომანის მიხ.)  

ანთიმოზ ივერიელი (2001) - სცენარისტი

ჯაყოს ხიზნები (2009) - სცენარისტი (დათო ჯანელიძესთან ერთად, მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მოტივებზე)