ამირან ამირანაშვილი
მსახიობი
დ. 19.05.1955, ქ. ბათუმში
1976 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (სამსახიობო ჯგუფი კოტე სურმავას ხელმძღვანელობით).
არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ამ თეატრის სცენაზე, 1975–1993 წლებში, მან არაერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიხეილ თუმანიშვილის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისა და ცოტნე ნაკაშიძის დადგმებში: მოლიერი, „დონ ჟუანი“ (1981–1990); ა. ცაგარელი, „ჭკუისა მჭირს“ (1990); დ. კლდიაშვილი, „დარისპანის გასაჭირი“(1991); შექსპირი, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1992) და სხვა.
1990-იანი წლების დასაწყისში ამირან ამირანაშვილი საფრანგეთში გაემგზავრა პიტერ ბრუკის მიწვევით, სადაც 10 წლის განმავლობაში, 1993–2002 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თეატრში: ბრეტანის ნაციონალური თეატრი (ქ. რენი), სარა ბერნარის თეატრი (პარიზი), შაიოს თეატრი (პარიზი), კომედი დე ჟენევი (შვეიცარია), კლებერ მელო–ლოზანა (შვეიცარია), ბრიუსელის ნაციონალური თეატრი (ბელგია). ითამაშა სპექტაკლებში: რ. გაბრიაძე, „ქუთაისი“ (1994); ჰ. მიულერი, „ფილოქტეტი“ (1995); ფ. კაფკა, „გამოსასწორებელ კოლონიაში“ (1997); გოგოლი „რევიზორი“ (1998); ვოლიერ დრომესკო, „ბარაკი“ (2000); შექსპირი, „ოტელო" (2002).
მსახიობის ცხოვრების შემდგომი ეტაპი უკავშირდება რუსთაველის თეატრს. რობერტ სტურუასთან ერთად იმუშავა პოცოს როლზე სპექტაკლში „გოდოს მოლოდინში“ (2003).
2010 წელს კვლავ დაუბრუნდა თუმანიშვილის თეატრს. ამჯერად როგორც რეჟისორი, პროექტით, რომელიც გულისხმობდა ე. წ. „ვორქშოფს" ახალგაზრდა მსახიობებთან, რომლის საბოლოო შედეგი იქნებოდა დასრულებული სპექტაკლი – უილიამ შექსპირის "ჰამლეტი". მან შეკრიბა 13 ახალგაზრდა ენთუზიასტი მსახიობი და მათთან შვიდი თვე ეტიუდებსა თუ სავარჯიშოებზე იმუშავა. ოქტომბრის თვეში კი გაიმართა წარმატებული პრემიერა.
არის მადრიდის, ედინბურგის, პერტის, ადელაიდას, კარაკასის, ბოგოტას ფესტივალების ლაურეატი. დაჯილდოებულია პრიზით მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დანკერკის (საფრანგეთი) კინოფესტივალზე; ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის დიდი პრიზით (1996) ფილმისთვის „ყაჩაღები თავი VII“.
ჰყავს მეუღლე – ნატა უთმელიძე, შვილები – სოფო და ანა.
ფილმოგრაფია
მშვენიერი კოსტიუმი (1973) - მსახიობი
დათა თუთაშხია (1978) - მსახიობი
ბეღურების გადაფრენა (1980) - მსახიობი
სიყვარული ყველას უნდა (1980) - მსახიობი
ძმა (1981) - მსახიობი
მიიღეთ გამოწვევა სენიორებო! (1982) - მსახიობი (კავალერის მსახური)
დღეს ღამე უთენებია (1983) - მსახიობი
მონანიება (1986) - მსახიობი
ხარება და გოგია (1987) - მსახიობი
ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) - მსახიობი (სამსონ კარასკო)
პასპორტი (1990) - მსახიობი (ტაქსისტი სურენა)
ციხე-სიმაგრე (1993) - მსახიობი
ყაჩაღები (1996) - მსახიობი (ვანო)
წითელი მაფია (1996) - მსახიობი (მედვედი)
წარსულის აჩრდილები (1996) - მსახიობი
მშვიდობით, ნაპირო! (1999) - მსახიობი (ჰობო)
მაგონია (2001) - მსახიობი (აჰმედი)
ორშაბათ დილას (2002) - მსახიობი
მეშვიდე დღე (2006) - მსახიობი (ტარხუნოვი)