გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
რეჟისორი
19.10.1927, თბილისი - 13.06.2013, თბილისი
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სახალხო არტისტი (1971), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979). კინემატოგრაფისტთა წევრი 1979 წლიდან.
მარჯანიშვილის სახ. პრემიის (1977), სახელმწიფო პრემიის (ფილმისთვის "დათა თუთაშხია",1981), რუსთაველის სახ. პრემიისა (ფილმისთვის "წიგნი ფიცისა", 1983) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის (სპექტაკლისთვის "ქეთო და კოტე", 1995) ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996)
არის ორი საპატიო ნიშნის და შრომის წითელი დროშის ორდენების მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი (1996).
1944–1945 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე (გიორგი ტოვსტონოგოვის სახელოსნო), ხოლო 1945–1950 წლებში - მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, სადიპლომო ნამუშევარი – "დასავლეთის საზღვარი" (დადგა ვილნიუსის დრამატულ თეატრში). 1951–1952 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ოსტატობის პედაგოგად. სხვადასხვა დროს იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1952-1954, 1957-1963, 1963-1967, 1976-1980), ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობისდრამატული თეატრის (1954-1956) და თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის (1963-1965) მთავარი რეჟისორი. 1967 წელს რუსთავში დაარსასახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე. 1984-1986 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. იყო თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი (1999-2000), საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე (1985 წლიდან),
გიგა ლორთქიფანიძე იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი (1992-1995).
მისი თეატრალური დადგმებიდან აღსანიშნავია კ. გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი” (1952), კ. ლორთქიფანიძის “კოლხეთის ცისკარი” (1959), ნ. დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “მე ვხედავ მზეს” (1960, 1961), პ. კაკაბაძის “კახაბერის ხმალი” (1965), ა. როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი” (1967), ვ. კოროსტილიოვის “ასი წლის შემდეგ” (1967) და “მარტოობის დღესასწაული” (1974), ნ. დუმბაძის “საბრალდებო დასკვნა” (1976), სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე” (1978), ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეატრში - “მევიოლინე სახურავზე” (1986), თბილისის საოპერო თეატრში ვ. დოლიძის “ქეთო და კოტე” (1990), ბ. კვერნაძის “კოლხთა ასული” (1997), ბათუმის საოპერო თეატრში - ჯ. ვერდის “აიდა” (1998). განხორციელებული აქვს დადგმები მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკში“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მალაია ბრონნაიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად თეატრალური რეჟისორი იყო, საინტერესო ნამუშევრები შექმნა კინემატოგრაფშიც.
ფილმოგრაფია:
შაქირი (როტე ფანე, 1932) - მსახიობი (რობერტის შვილი)
განაჩენი (1959) - სცენარისტი
დათა თუთაშხია (1978) - რეჟისორი (გიზო გაბესკირიასთან ერთად)
წინაპართა მიწა (1979) - რეჟისორი
გამარჯობა ყველას (ფიროსმანი, 1980) - რეჟისორი
წიგნი ფიცისა (1983) - რეჟისორი
ერთ პატარა ქალაქში (1985) - სცენარისტი, რეჟისორი
თეთრი ბაირაღები (1990) - სცენარისტი, რეჟისორი
პრემიერა (1991) - სცენარისტი, რეჟისორი
ღამის ზარები (1997) - სცენარისტი, რეჟისორი
ღმერთო, რისი გულისთვის… (უმადური, 2003) - სცენარისტი, რეჟისორი