გია ჭუბაბრია
რეჟისორი, ოპერატორი
დაიბადა 28.05.1937
საქართველოს დამსახურებული მოღვაწე (1983). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998). ღირსების ორდენის კავალერი (1997). საქართველოს კინოაკადემიის პრიზის “ნატოს” მფლობელი (1996). გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ალბერტ შვაიცერის პრემიისა და მედლის ლაურეატი (1983). სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1965).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1954-1957), საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ლ. კოსმატოვის სახელოსნო. 1957-1964). მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში” (1962-1966) , საქ. ქდსპფ სტუდიაში (1966 წლიდან დღემდე). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (დოკუმენტური კინორეჟისურის შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი, 1977 – 2009).
ჭუბაბრიას სადიპლომო ნამუშევარია „აღმაფრენა“ (პირველი ქართული ფართიფორმატიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი). რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად როგორც ოპერატორს გადაღებული აქვს ფილმები „მთათუშეთის ჩანახატები “ (1964 რეჟ. თ.აბულაძე), „სვანური ჩანახატები“ (1965), ვახტანგ მიქელაძესთან ერთად “ომალო” (სც.თანაავტორი, 1967). მისი საოპერატორო ნამუშევრები გამოირჩევა კამერის შესაძლებლობების კარგი ფლობით, პლასტიკისა და ფიზიონომისტიკის ცოდნით.
მთა მას განსაკუთრებით უყვარს და პირველი რეჟისორული ნამუშევრებიც მას მიუძღვნა: „თეთრი თორღვაი“ (1969. II საკავშირო ფესტივალია დიპლომი და პრიზი, მინსკი, 1970; ობერჰაუზენის მ/მ ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დიპლომი, 1970) – დოკუმენტური ჩანახატი ალვანელი მწყემსების ცხოვრებაზე, „ომალო“ (1967 სცენ. Aავტ. Dდა ოპერატორი), „უშგული“ (1969. საქ. ალპინიზმის პრიზი და დიპლომი, 1970), „თეთრი ზღაპარი“ (1972 სცენ.ავტორი, რეჟისორი და ოპერატორი), თავისი ფილმებისათვის, როგორც წესი, ის თავად წერს სცენარებს.
გ.ჭუბაბრიას რეჟისურა მკვეთრი ინდივიდუალურობით, მასალისადმი ავტორისეული აქტიური დამოკიდებულებით ხასიათდება, აღსანიშნავია დაკვირვებული თვალი და დამახასიათებელი დეტალების მიგნების აირა. მის მიერ გადაღებული ფილმები ლირიზმითა და პოეტურობით გამოირჩევა. ამ თვალსაზრისით მთის თემაზე გადაღებული ფილმების გვერდით უნდა აღინიშნოს ერთნაწილიანი ფილმი „ჩუქურთმა“ (1971 რეჟისორი, სც.ავტორი და ოპერატორი), რომელშიც ასახულია ბავშვთა გუნდის რეპეტიცია, რომელზეც ლოტბარი, როგორც ქართულ ჩუქურთმას ქვის მკვეთი, ისე ამუშავებს “შენ ხარ ვენახის” მუსიკალურ ხვეულებს ბავშვების სულში; ასევე ერთნაწილიანი “ორაგულის ბედი” (რეზო თაბუკაშვილის სცენარის მიხ., რეჟ. ოპ. 1979. პრემია საუკეთესო სამეცნ.პოპ. ფილმისათვის IV რესპუბლიკურ კ/ფესტივალზე (სოხუმი), 1981), რომელშიც ორაგულის ცხოვრების ციკლის მაგალითზე პატრიოტიზმის თემაა განსხეულებული.
მის შემოქმედებაში თემატურად დიდი ადგილი უჭირავს უცხოეთში გადაღებულ ფილმებს: „ზაარბრიუკენის ქრონიკები“ (1974წ, რეჟისორი, სც.ავტორი და ოპერატორი), „იაპონური ჩანახატები“ (1974. რეჟისორი, სც.ავტორი და ოპერატორი), “ქართველები ნიდერლანდებში” (რეზო თაბუკაშვილის სცენარის მიხედვით გადაღებული ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი: “რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან” (დიპლომი და პრემია გ. ჭუბაბრიას საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის ქართული ფილმების III რესპუბლიკურ კინოფესტივალზე (თელავი), 1979) და “რაც დავიწყებით არ იბინდება”, რეჟ. ოპ. 1976-1977), “ავსტრიული დღიური” (1979), “ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში” (1989. რეჟ.სც. ოპ.) “მეგობრობის ფურცლები” (1989. რეჟ.სც. ოპ.) და სხვა. ეს ძირითადად რეპორტაჟული ხასიათის ფილმებია, რომლებიც საქართველოს დელეგაციების უცხოეთში მოგზაურობას აფიქსირებენ და ამავე დროს მოგვითხრობენ ამ ქვეყნებზეც.
ამავე დროს რეჟისორი რეჟისორი ცდილობს დააფიქსიროს თანამედროვე ისტორიის მძაფრი მომენტებიც და მოგვცეს მათი განზოგადოებული ხატი: “საქართველო წინ და მაღლა” (1981, “ხუთწლედის მატიანის” პრემია), “გზა თავისუფლებისაკენ..” (1992. რეჟ. ოპ. სცენარისტი ლევან ცინცაძე, 20 წთ.), “ცხინვალი გუშინ, დღეს” (1993. რეჟ.სც.), “კაცობრიობის შემოდგომა” (1995), “რწმენის აღორძინება _ წამი სასწორისაი” (საქართველო-გერმანიის ერთობლივი ნაწარმოები, 1997), რომელიც არა მარტო მართლმადიდებლურ საეკლესიო ცხოვრებას ასახავს, არამედ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული განვითარების ვრცელ სპექტრსაც იძლევა, და სხვა.
ფილმოგრაფია:
აღმაფრენა (1964) - ოპერატორი
მთათუშეთის ჩანახატები, დოკუმენტური (1964) – ოპერატორი
სვანური ჩანახატები, დოკუმენტური (1965) – ოპერატორი
ომალო, დოკუმენტური (1967) – სცენარის ავტორი, ოპერატორი
უშგული, დოკუმენტური (1969) – ოპერატორი
თეთრი თორღვაი, დოკუმენტური (1969) - სცენარის ავტორი, ოპერატორი, რეჟისორი
საქართველოს კულტურის დღეები გდრ-ში, დოკუმენტური ( 1969) – ოპერატორი, რეჟისორი
საქართველო ზეიმობს , დოკუმენტური (1970) – ოპერატორი
ჩუქურთმა, დოკუმენტური(1971) – სცენარი ავტორი, ოპერატორი, რეჟისორი
საქართველო: ლეგენდები და სინამდვილე , დოკუმენტური (1971) - ოპერატორი
თეთრი ზღაპარი, დოკუმენტური (1972) – სცენარის ავტორი, ოპერატორი, რეჟისორი
ადამიანები – ხომალდები, დოკუმენტური (1974) – რეჟისორი, სცენარის ავტორი და ოპერატორი
ზაარბრიუკენის ქრონიკები, დოკუმენტური (1974) – სცენარის ავტორი, ოპერატორი, რეჟისორი
იაპონური ჩანახატები, დოკუმენტური (1974) – სცენარის ავტორი, ოპერატორი, რეჟისორი
ქართველები ნიდერლანდებში, დოკუმენტური (1976) - ოპერატორი, რეჟისორი
ცეცხლში ნაწრთობი, დოკუმენტური (1977) – სცენარის ავტორი, ოპერატორი, რეჟისორი
მუზეუმი ღია ცის ქვეშ, დოკუმენტური (1978) – სცენარის ავტორი, ოპერატორი, რეჟისორი
ორაგულის ბედი, დოკუმენტური (1979) - ოპერატორი, რეჟისორი
ავსტრიული დღიური, დოკუმენტური (1979) – სცენარის ავტორი, ოპერატორი, რეჟისორი
საქართველო წინ და მაღლა, დოკუმენტური (1981) – სცენარის ავტორი, რეჟისორი
ჩვენ ქურთები ვართ, დოკუმენტური (1982) – სცენარის ავტორი, რეჟისორი
ქართული არქეოლოგია გუშინ, დღეს, ხვალ, დოკუმენტური (1982) – სცენარის ავტორი, რეჟისორი
ჩოგოვაძეები , დოკუმენტური (1983) – რეჟისორი
მხატვარი ანთიმოზ გორგაძე, დოკუმენტური (1984) – სცენარის ავტორი, რეჟისორი
აკადემიკოს ილია ვეკუას პორტრეტი , დოკუმენტური (1984) – სცენარის ავტორი, რეჟისორი
თანამეგობრობა, დოკუმენტური (1985) – სცენარის ავტორი, ოპერატორი, რეჟისორი
ზაარლანდის დღეები საქართველოში, დოკუმენტური (1985) – სცენარის ავტორი, რეჟისორი
ჩუქურთმის საგალობელი, დოკუმენტური (1987) - სცენარის ავტორი, ოპერატორი, რეჟისორი
ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, დოკუმენტური (1989) - ოპერატორი, რეჟისორი
მეგობრობის ფურცლები, დოკუმენტური (1989) – სცენარის ავტორი, ოპერატორი, რეჟისორი
ჟამი შეკრებად ქვათა, დოკუმენტური (1990) – სცენარის ავტორი, ოპერატორი, რეჟისორი
მოქანდაკეები კოტე და მერაბ ბერძენიშვილები, დოკუმენტური (1991) – სცენარის ავტორი, რეჟისორი
გზა თავისუფლებისკენ?, დოკუმენტური (1992) - ოპერატორი, რეჟისორი
ცხინვალი გუშინ, დღეს, დოკუმენტური (1993) – სცენარის ავტორი, რეჟისორი
კაცობრიობის შემოდგომა, დოკუმენტური (1995) – სცენარის ავტორი, რეჟისორი
რწმენის აღორძინება, დოკუმენტური (1997) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
საქართველოს რკინიგზა, დოკუმენტური (2002) – სცენარის ავტორი, რეჟისორი
გაფითრებული თებერვლის ლანდი (მარო მაყაშვილი), დოკუმენტური (2005) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
იხ. ასმათ დავითაშვილი. სიახლის ძიებაში – ჟ. “საბჭოთა ხელოვნება”, 1973, N7
ნინო ნატროშვილი. გია ჭუბაბრია – ჟ. “საბჭოთა ხელოვნება”, 1981, N8
ზაირა თოფურია. ფიქრი, ძიება, ფიქრი...– ალმანახი “კინო”. 1982. მერვე გამოშვება.
პაატა ნაცვლიშვილი. მშვენიერების უსასრულობა – ალმანახი “კინო”. მეთერთმეტე გამოშვება. 1983