უტა ბერიას პირველი წინადადება ქართულ კინოში - „უარყოფითი რიცხვები“
რეჟისორობა 13 წლის ასაკში გადაწყვიტა, მაგრამ დროებით ოცნებების გვერდით გადადება მოუწია. 9 კლასის დასრულების შემდეგ კოლეჯში ჯერ იურიდიული მიმართულებით ისწავლა. როცა ჩაბარების დრო მოვიდა, მიხვდა, არა იურისპრუდენცია ან საერთაშორისო ურთიერთობები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ბავშობაში ჩაფიქრებული და მტკიცედ განსაზღვრული შემოქმედებითი საქმიანობა აინტერესებდა და უტამ ბაკალავრიატი კინო-ტელე რეჟისურის, მაგისტრატურა კი სცენარისტის მიმართულებით დაამთავრა.
მის სადებიუტო ფილმში „უარყოფითი რიცხვები“ მოვლენები არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ვითარდება. ციხის კედლებში, გისოსებსა და სნაიპერებით დაცულ გალავანში მაყურებელი თავს თავადაც რიგით პერსონაჟად მოიაზრებს და ღრმა დაკვირვებას აწარმოებს პროტაგონისტსა და მის გარშემომყოფებზე. დრამა, რომელიც გაჯერებულია იუმორისტული პასაჟებით, რბილად და მარტივად ახდენს მაყურებელთა გონებასა და გულზე წვდომას.
ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორის უკვე წარმატებული ფილმი განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი მაყურებლისთვის. როგორც არასრულწლოვნებისთვის, ასევე მოზრდილთათვის. ამ ერთი გულში ჩამწვდომი ისტორიის მაგალითზე ცხოვრებისეული ამოცანები შეიძლება ამოვხსნათ, წავშალოთ გავლებული ზღვარი დადებით და უარყოფით რიცხვებს შორის.
- თქვენი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დებიუტი 31 წლის ასაკში შედგა. ფილმზე დიდხანს და საგულდაგულოდ მუშაობდით და აქამდე ნელ-ნელა მიხვედით. ვიცით ფილმები რომლებსაც რამდენიმე დღეში ან თვეში იღებენ. მსგავსი მოთმინება თქვენი აზრით რეჟისორისთვის დადებითი მახასიათებელია და ფილმის ხარისხზე უკეთ მოქმედებს?
- მე თვითონ ასეთი ადამიანი ვარ. ჩემმა პედაგოგმა, თინათინ ჭაბუკიანმა, რომელიც ჩვენს მისწრაფებებში ყველას ხელს გვიწყობდა, ერთხელ მითხრა, რომ ჩემი მთავარი პრობლემა არის - დრო. მე არ ვიცი დროის სწორად გამოყენება. ძალიან დიდიხანი მჭირდება ისეთი რაღაცეებისთვის, რაც შეიძლება უფრო მოკლე დროში გაკეთდეს. უბრალოდ ასეთი რიტმი მაქვს. მაგრამ, ამ სცენარზე დიდხანს მუშაობამ ჩემთვის ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. გამიგია, რომ ზოგისთვის ამას ცუდი შედეგი მოაქვს და საერთოდ თავს ანებებენ კონკრეტულ ფილმზე მუშაობას. ჩემ შემთხვევაში, სცენართან რამოდენიმეჯერ მიბრუნებამ ის უფრო მეტად დახვეწა და განავითარა.
- თქვენი ფილმი ეხება იმ სივრცეს, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცხო და უცნობია. რამდენად დიდ გამოწვევას წარმოადგენდა გეჩვენებინათ ის მაქსიმალურად მკაფიოდ, რათა სწორად აგესახათ ეკრანზე ჩაკეტილი სივრცე?
- ეს გამოწვევა არსებობდა, მაგრამ მეც შესაფერისად მოვემზადე. თავად არ ვყოფილვარ მსჯავრდებული და შიგნით პირველად საქმიანი მიზნით მოვხვდი. სცენარზე მუშაობის დროს გადავწყვიტეთ შევსულიყავით იმისთვის, რომ მსჯავრდებული ბავშებისთვის კინო ჩვენება მოგვეწყო. ასევე, საგულისხმოა ის, რომ ფილმის შექმნისას მეხმარებოდნენ ადამიანები, რომლებიც იქ ნამყოფები იყვნენ. ვიკვლევდი თემას. ბევრიც მსმენოდა, რადგანაც ჩვენი ცხოვრება სავსეა მსგავსი კავშირებით. გვინდა არ გვინდა, ჩემი ასაკის ბიჭის ცხოვრებას რაღაც ეტაპზე ხვდება ეს თემა და მსგავს ნიუანსებს იგებს. ამიტომაც მე მოვემზადე, რომ ყველაფერი მაქსიმალურად სწორად გადმომეცა. რამდენად მოვახერხე, ამას მაყურებელი შეაფასებს.
ზოგადად, ეს ამოცანა დიდად არც მქონია, რომ რაღაც ზუსტად ამეღწერა. მე სხვა მიზანი მამოძრავებდა. მსურდა ის კონკრეტული ისტორია მეჩვენებინა, რომელიც იქ ვითარდება. როგორ მოქმედებს იქაურობა მთავარ გმირზე და არა განყენებულად გარემოს ახსნა.
- აღსანიშნავია, რომ მსახიობები იმდენად ბუნებრივები არიან, რომ სიყალბის განცდა არცერთ მომენტში ჩნდება, მოგვიყევით მათ შეკრებაზე ერთ შემოქმედებით გუნდად.
- ეს დიდი პროცესი იყო, დაახლოებით ერთწლიანი. სამი კასტინგის რეჟისორი მყავდა: მიშა აფხაზავა, ნუცა წიქარიძე და მაკა კუკულავა. ვმუშაობდით ბაზებზე, სასურველ ტიპაჟებს ვეძებდით ქუჩაში, სკოლებში, ქალაქგარეთ... არაპროფესიონალებს გარეთ, ხოლო მსახიობებს შესაბამისი გზებით. მაკას დახმარებით მთავარი მსახიობი ყველაზე ადრე მყავდა შერჩეული, ამიტომაც შედარებით მშვიდად ვიყავი. სანდრო კალანდაძე ძალიან ნიჭიერი მსახიობი და გონიერი ადამიანია, რომელსაც უმაღლესი კლასის განათლება აქვს მიღებული. მასთან მუშაობა ჩემთვის ერთდროულად იყო ძალიან დიდი სიამოვნებაც და პრაქტიკაც. იგივე განცდა იყო როცა ვმუშაობდი გაგა შიშინაშვილთან, გიორგი ხურცილავასთან და ყველა სხვა მსახიობთან. გარდა იმისა, რომ ტიპაჟურად შესაფერისები იყვნენ, ძალიან ჭკვიანებიც აღმოჩნდნენ. სადაც უთამაშიათ ყველგან შეუდარებლები არიან. მაგალითად თედო ბექაური, რომელიც „გაღმა ნაპირიდან“ ყველას გვიყვარს. ის უკვე ისე მუშაობს, როგორც ძალიან გამოცდილი მსახიობი. ნიუანსებს პროფესიონალების მსგავსად ასრულებდა. სანამ „action“-ს ვიტყოდი, ის უკვე მზად იყო. როლში გადასაღებ მოედანზე მოხვედრისთანავე შედიოდა. შემდეგ იმ განწყობას ინარჩუნებდა, რჩებოდა როლში.
- რეჟისორების მიმართ ხანდახან გამოთქვამენ კრიტიკას, რომ მათმა პროტაგონისტმა არ იცის რას აკეთებს, არ აქვს გათავისებული თავისი როლი და საკითხავია რეჟისორმა აუხსნა თუ არა მას თუ ვის თამაშობს. თქვენთან არაპროფესიონალები არიან მაგრამ ქაოსს ადგილი არ აქვს. თქვენებური მიდგომა გაგაჩნდათ, რომ ისინი როლში შესულიყვნენ და ზუსტად ის გმირები გამხდარიყვნენ, როგორებიც გჭირდებოდათ?
- ჩემთან ბევრი პერსონაჟია. ზოგს გარდასახვა სჭირდებოდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ასეთები არიან რეალურად და არ მოუწიათ ეთამაშათ. ხოლო ვისაც გარდასახვა სჭირდებოდა, მათთან სპეციალურად ვმუშაობდი და თანამშრომლობის შედეგიც სახეზეა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად იცოდნენ რა უნდა შეექმნათ.
- გყავდათ საზღვარგარეთ დახელოვნებული მსახიობი და შეხება გაქვთ ადგილობრივ მსახიობებთან. არის თუ არა რაიმე სახის განსხვავება მათ შორის სამსახიობო ოსტატობის მიმართულებით?
- განსხვავება არის მუშაობის სტილში. მე თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ვუდგებოდი, ჩვენ სწორად შევარჩიეთ პროფესიონალებიც და არაპროფესიონალებიც. თედოს მაგალითი უკვე მოვიყვანე, მან შინაგანად იცის ის, რაც სხვას ასწავლეს. ამ შემთხვევაში ჩემს სამსახიობო დასში დისბალანსი არ მიგვრძნია, ვფიქრობ ეს არც რეალურად არსებობს და არც ფილმში ჩანს რომ ვინმე ნაკლებად კარგი მსახიობია. მაგრამ, როლები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ბადრაგი კაკოს როლი სამსახიობო თვალსაზრისით, ჩემთვის ყველაზე რთული როლია. ძალიან მომწონს როგორც მოახერხა მან მისი შესრულება. გაგამ შექმნა პერსონაჟი, რომელსაც ძალიან ხშირად უწევს სხვადასხვანაირი ტიპი განასახიეროს. დირექტორთან სხვანაირად ლაპარაკობს, ბიჭებთან სხვანაირად ურთერთობს, მარტო როცა რჩება თავისი თავია... ამიტომაც გაგამ ითამაშა გმირი, რომელიც თავადაც ვიღაცეებს თამაშობს, რაც ძალიან შრომატევადია.
- თანამშრომლობდით ბავშთან, რომელიც ამ დაწესებულებაში იყო. როგორ აღწერთ ამ პროცესს და მასთან ურთიერთობას?
- გავიცანი ერთი ბიჭი, რომელსაც იქ რაგბში ავარჯიშებდნენ და ავტორიტეტსაც წარმოადგენდა გარშემომყოფებში. როცა თავისი სასჯელი მოიხადა, ეს სპორტი ისე შეუყვარდა, რომ რაგბის ვარჯიში გააგრძელა კიდეც. ფილმის თემატიკის შესახებ რომ გაიგო, დავმეგობრდით და დიდ დახმარებას მიწევდა. ხშირად ვეკითხებოდი რჩევებს. თანამშრომლობამ ფილმს ავთენტურობაც შესძინა დეტალების სახით.
- ფილმი წარდგენილია საერთაშორისო ფესტივალებზე. სად ხართ მიწვეული ამ ეტაპზე და როგორია 2019 წლის გეგმა?
- წელს იქნება შიდა პრემიერები საფრანგეთში, “არასის კინოფესტივალზე”, რაც დაგვეხმარება საფრანგეთში შიდა დისტრიბუციისთვის. მალევე იქნება რომში “Rome independent film festival”-ზე. შემდეგ დეკემბერში “თბილისის კინოფესტივალზე”. პარალელურად ველოდები პასუხებს სხვა ფესტივალებიდანაც.
- შეხვედრაზე ახსენეთ რომ ლოკაცია ფილმისთვის ფაქტობრივად ააშენეთ, გაარემონტეთ და გადასაღებ მოედნად აქციეთ. მაგრამ, ადგილს უკვე ჰქონდა თავისი კრიმინალური ისტორია.. მოახდინა თუ არა ამან ავთენტური სივრცის შექმნაზე გარკვეული გავლენა?
- დიახ, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. პირველ რიგში, ძალიან კარგი მხატვარი მყავდა, ირაკლი ავალიანი, რომელიც მხოლოდ დიდი კვლევის შემდეგ იწყებს საქმეში თავისი წვლილის შეტანას. ეს ძალიან კარგი მიდგომაა. ჩვენ გვქონდა ციხე, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ თავისი ავთენტურობა აქვს. ამას დაემატა იკას დეტალური დაკვირვება და საბოლოოდ ყველაფერმა ამან ზუსტი გარემო შექმნა.
- ფიქრობთ რომ ერთიანობის განცდას ისიც უწყობდა ხელს რომ რეჟისორობასთან ერთად სცენარზეც თქვენ იმუშავეთ? ფიქრობთ, რომ სცენარისტის პროფესია რეჟისორს მეტად შეუწყობს ხელს ფილმზე უფრო ძირფესვიანად იმუშაოს?
- არაა აუცილებელი რეჟისორი სცენარისტიც იყოს. უბრალოდ მე თავად მსურდა ამ საქმის შეთავსება. სარეჟისოროზე სწავლისას მივხვდი, რომ ფილმის გადასაღებად სცენარი მჭირდებოდა, რომლის მცოდნეც უნდა მომეძებნა. გადავწყვიტე, ეს საქმე თავად გამეკეთებინა და სცენარის წერა მესწავლა.
ზოგადად, ისე მიყვარდება ხოლმე ჩემი ნაწერი, შემდეგ გადაღებაც მინდება. თუ დიდი კვლევის შედეგად წერ რაიმეს, აუცილებლად ჩნდება სურვილი მისი გადაღების. თავდაპირველად ამ პროექტში ჩავერთე როგორც სცენარისტი, რამდენჯერმე გადავწერე ის. პროცესში მეც გავიზარდე, სცენარიც ჩემთან ერთად ვითარდებოდა და მერე უკვე აღარავის დავუთმე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა.
- ხედავთ თუ არა მომავალში სიტუაციის გამოსწორების იმედს ფილმის თემატიკასთან დაკავშირებით? თავად როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი დაწესებულება?
- ფილმში როგორი ციხეცაა, ეგეთი ციხე აღარ არსებობს. არასრულწლოვან ბავშვთა დაწესებულებებში მიდგომა და სისტემა შეცვლილია. ბიჭები პატიმრობაში მიდიან განმეორებითი ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. როგორც ვიცი, ევროპაში არის მოდელები, რომელსაც ვუახლოვდებით და ვემსგავსებით.
საბოლოო ჯამში, ეს ციხე მაინც განზოგადდება, ჩაკეტილობაა მისი შინაარსი და ეს შეიძლება სხვადასხვანაირად გაფართოვდეს. ბევრი ფილმია ამ ბოლოდროს ციხის თემატიკაზე, იქიდან გამოსულ გმირზე. ალბათ ეს განწყობა შინაგანად გაგვაჩნია - ჩაკეტილობის, როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ არეალზე. ალბათ, ეს განცდა გლობალურად არსებობს. თუ ასე განვიხილავთ, გარედან მართვის, ძალაუფლების, ბრძოლის და თამაშის პრობლემები რა თქმა უნდა გამოიკვეთება. ის რომ ფილმში ნაჩვენები კონკრეტული ციხის, არასრულწლოვანთა დაწესებულების სისტემა დღეს ასეთი აღარ არის და მცირე ხულიგნობისთვის მოზარდები წლობით აღარ სხედან ციხეში, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მისაღებია, მაგრამ რაღაცეები არ იცვლება, შინაარსი არ იცვლება ყოველ შემთხვევაში.
- თავად როგორი კმაყოფილი ხართ დებიუტით? როგორ გესახებათ სამომავლო გზა, რას გაითვალისწინებთ, რას შეცვლით, რა გამოცდილება მიიღეთ?
- რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცეები არ მომწონს. გარკვეული ნიუანსები და დეტალები არ მაკმაყოფილებს. ამბობენ, რომ ყოველთვის ასეა. ფილმი პირველი იქნება თუ ბოლო ასეთი განცდა მოგიცავს. მაგრამ, ამ ფილმზე მუშაობის პერიოდში ძალიან გავიზარდე. დიდი დრო მქონდა და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მე პირველ ფილმს საკუთარი შემოქმედებითი და პირადი ცხოვრების ნაწილად მივიჩნევ. პირველი ფილმი მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს პირველი წინადადებაა. შევადარებდი სიტუაციას, როცა ბავშვი, რომელიც ენას ითვისებს და რაღაც სიტყვები იცის, გამართულ წინადადებას პირველად იტყვის, აზრს პირველად ჩამოაყალიბებს. ეს ფუნქცია აქვს ჩემთვის პირველ ნამუშევარს და შემდეგ უფრო რთული წინადადებები უნდა თქვა.
ავტორი: ანი მესხიშვილი
OK! 15.10.2019