თენგიზ არჩვაძე მეორედ ნაჩუქარ სიცოცხლეს ღვინით შეხვდა. ინტერვიუ

  ხალხი პირუთვნელი შემფასებელია, ტყუილუბრალოდ როდი გასცემს სითბოს და სიყვარულს. ეს სიყვარული და უდიდესი პატივისცემა არც მსახიობ თენგიზ არჩვაძესთან მოსულა დაუმსახურებლად. ამის დასტური მის მიერ განვლილი შემოქმედებითი ცხოვრების გზაა. ბატონი თენგიზი მსახიობთა იმ შესანიშნავი პლეადის წარმომადგენელია, რომელმაც 50-80-იანი წლების ქართულ თეატრსა და კინოს უდიდესი წარმატება მოუტანა. თეატრალურ როლებზე საუბრისგან ამჯერად შეგნებულად შევიკავებთ თავს, რაც შეეხება კინოს, მახსოვს,როდესაც ერთმა უცხოელმა გაიგო, თენგიზ არჩვაძეს კინოში 130-ზე მეტი მთავარი როლი აქვს შესრულებულიო, მის საიუბილეო საღამოზე თავად იუბილარს მიმართა: ბატონო თენგიზ, თქვენ რომ ჰოლივუდში ყოფილიყავით, თქვენი ჰონორარით ნახევარ საქართველოს შეინახავდითო...

    სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის თენგიზ არჩვაძე არა მარტო ქართული კინოს ცოცხალი ლეგენდაა, არამედ ვაჟკაცობის, კაცურკაცობის, უდიდესი პროფესიონალიზმისა და საოცარი კეთილშობილების სინონიმიც გახლავთ. იშვიათად შეგხვდებათ მსგავსი ადამიანური ღირსებებით გამორჩეული პიროვნება... თუმცა ძნელად თუ ჩაგახედებს საკუთარ სულში...

    ბატონი თენგიზის მიერ განსახიერებული გმირები დღესაც ისევე აღაფრთოვანებენ მნახველს, როგორც მის ახალგაზრდობაში. ვფიქრობთ, გასახსენებლად მარტო არსაკიძისა და მუშნი ზარანდიას როლებიც კმარა. აღარაფერს ვამბობთ ფილმებზე „შეხვედრა მთაში“, „ხევსურული ბალადა“, „კეთილი ადამიანები“, „სანამ წვიმა გადაივლიდეს“, „მალე გაზაფხული მოვა“, „წიგნი ფიცისა“...

    ეს ისე, მოკლედ, თუმცა, არ შემიძლია არ გავიხსენო საუბრისას თეატრალების (სამწუხაროდ, არ მახსოვს ვისი) მიერ ნათქვამი ფრაზა: „თენგიზი მარჯანიშვილელთა სინდისიაო...“ და არა მარტო: თენგიზ არჩვაძე ქართული ხელოვნების ის მძლავრი ფესვია, რომელიც კიდევ მრავალ თაობას გაზრდის...

     ბავშვობის წლები დალხინებული არ ყოფილა მომავალი მსახიობისთვის. ცხრა წლის იყო ომი რომ დაიწყო და, ცხადია, გაჭირვება მათ ოჯახსაც შეეხო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს წლები მაინც სასიამოვნო მოგონებად შემორჩა ბატონ თენგიზ არჩვაძის მეხსიერებას.

    - არ გვილხინდა, მაგრამ არც დიდი საზრუნავი გვქონდა. - ჩვენზე მშობლები ზრუნავდნენ, ჩვენ კი ვიზრდებოდით. თბილისი ურთიერთობის ქალაქი იყო, თბილი ქალაქი - ხალხს ერთმანეთი გაჰქონდა. . . . მე ძველ „ვორონცოვზე“ დავიბადე. 1932 წლის 3 აგვისტოს (ბატონი თენგიზი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ლომია. ალბათ ამიტომ მეგობარი პოეტი ზაურ ბოლქვაძე „ლომოს“ ეძახდა. შეიძლება ითქვას, არცთუ უსაფუძვლოდ - მეფური სიდარბაისლე და მომხიბვლელობა ხომ მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათია - თ.ო.) დედა (კლავდია ნიკოლოზის ასული სხირტლაძე) დიასახლისი იყო, მამა, ერთი პერიოდი, პირველი მსოფლიო ომის დროს, გაზეთის რედაქტორად მუშაობდა ჭიათურაში, მაგრამ როდესაც ბოლშევიკები „შემობრძანდნენ“ საქართველოში, სერგო ორჯონიკიძე გადაეკიდა მამაჩემს და მანაც მიატოვა ყველაფერი . . . თბილისში გადმობარგდა . . . ბაბუაჩემი, მამაჩემის მამა დავით არჩვაძე, რეაქციის წლებში, 1907 წლის 15 სექტემბერს, 51 წლის ასაკში მოკლეს თბილისში. სიცოცხლე იმათ გამოასალმეს, ვინც იმავე წლის 30 აგვისტოს ილიას დაახალეს სასიკვდილო ტყვია. ბებია მაშინ 27 წლის იყო, ხუთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა გასაზრდელი. მამაჩემი უფროსი იყო მათ შორის და ოჯახის მთელი სიმძიმე, ძალაუნებურად, მას დააწვა მხრებზე - და-ძმები გაზარდა, განათლება მიაღებინა. . . ერთხანს გაერთიანება „ქართულ პურშიც“ კი მუშაობდა . . .

    მიუხედავად გაჭირვებისა, წიგნის სიყვარული არასოდეს განელებია. განსაკუთრებით პოეზია უყვარდა, ახალგაზრდობაში თავადაც წერდა ლექსებს. . . ჩემს სულიერ ფორმირებაზე სწორედ მამამ და ქართულმა ლიტერატურამ მოახდინა უდიდესი ზეგავლენა. . . სახლში უმდიდრესი ბიბლიოთეკა გვქონდა. მამამ ბევრი აკრძალული წიგნი გადამალა, მაგრამ მე მაინც ჩუმად ვკითხულობდი ყველაფერს და ჩემმა ტოლებმა რომ არაფერი იცოდნენ მიხეილ ჯავახიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის შესახებ, მე მათი წიგნები თავიდან ბოლომდე მქონდა გადაკითხული. თუმცა, ამის შესახებ კლასში ხმას ვინ ამოგაღებინებდა! სამი-ოთხი წლისამ უკვე წერა-კითხვა ვიცოდი. ახლა ჩემი შვილიშვილები არიან ასე - ძალიან პატარებმა ისწავლეს წერა-კითხვა.

    - ჩანს ბაბუას დაემსგავსნენ. . .

    - კი. . . რაღაც თვისებები გენებით გადადის, ალბათ . . .

    - თავად როგორი ბავშვი იყავით, ბატონო თენგიზ?  

    - ჩხუბი და დავიდარაბა არასოდეს მიყვარდა, უფრო გულჩათხრობილი და მეოცნებე ვიყავი, რასაც ხატვისა და ლიტერატურის დიდი სიყვარულიც უწყობდა ხელს. . .

    - რაზე ოცნებობდით?

    -  უამრავ რამეზე. . . 

    - მერე, აგიხდათ? 

    - არცერთი. . . საერთოდ, რომელი ოცნება ახდენილა? პირიქით, უარესობისკენ დატრიალდა ყველაფერი . . .

    - ბავშვობიდან ხატავთ? 

    - კი, ბავშვობიდან. . . ხატვა ჩემი სერიოზული გატაცება იყო. ვხატავდი ცარცით, ნახშირით. . . თავიდან პიონერთა სასახლეში ხატვის წრეზე დავდიოდი, მერე დრამატულ წრეში გადავედი და ხატვაზე სიარულს თავი დავანებე, მაგრამ მისი სიყვარული არასოდეს გამნელებია - ერთხელ, მარჯანიშვილის თეატრში გამოფენაც კი მომიწყვეს. . . სკოლაში მათემატიკური საგნები არ მიყვარდა და ამის გამო ხშირად ვაცდენდი გაკვეთილებს. მთაწმინდაზე ავდიოდი, თან სახატავი საშუალებები მიმქონდა და ვხატავდი წყნეთს, უძოს, თუ კოჯრის პეიზაჯებს. . .

    - საინტერესოა, ხატვისადმი ასეთ სიყვარულს მსახიობობის სურვილმა როდის და როგორ გადასძალა?

    - პიონერთა სასახლეში ხატვის წრის ოთახის გვერდით დრამატული წრის ოთახი იყო. ერთხელ  მე და ჩემმა მეგობარმა გურამ მაცხონაშვილმა, რომელიც შემდგომში რეჟისორი გახდა, იმ ოთახში შევიჭყიტეთ. რეჟისორმა თედო წეროძემ დაგვინახა და რეპეტიციაზე შეგვიყვანა. რეპეტიცია მაგიდასთან ჰქონდათ, და რადგან ერთი მოწაფე აკლდათ, მისი ტექსტი მე წამაკითხა. კითხვა კარგად ვიცოდი და თავი არ შემირცხვენია. როგორც ჩანს, ბატონ თედოს მოვეწონე და დრამწრეში სიარული მირჩია. მეც მომეწონა იქაურობა. პიონერთა სასახლის დრამატულ წრეს მაშინ მსახიობები ვახტანგ სულაქველიძე და ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე ხელმძღვანელობდნენ. ისინი არა მარტო მსახიობებად, უპირველეს ყოვლისა, ქართველებად და მეგობრებად გვზრდიდნენ. თეატრალურ ინსტიტუტში ისე მოვხვდი, გამოცდები თითქმის არ ჩამიბარებია - იმხელა გამოცდილება მქონდა მიღებული დრამატულ წრეში, რომ უკვე კარგად მიცნობდნენ.

    - სტუდენტობის წლები როგორ გახსენდებათ?

    - ერთი ცუდი პერიოდი მქონდა. მეორე თუ მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ფარიკაობის დროს სასიკვდილოდ დავიჭერი და ამის გამო თითქმის მთელი წელი საწოლს მიჯაჭვულმა გავატარე, - სასწავლებელში არ მივლია, სიცოცხლის შენარჩუნებას ექიმსა და ძველ სპორტსმენს, გამოჩენილ ტანმოვარჯიშე ქალს იულია ფარეშაშვილს უნდა ვუმადლოდე, არავის ეგონა, თუ კიდევ ავიღებდი დაშნას ხელში, მაგრამ ფარიკაობისთვის თავი არ დამინებებია. . .

    თეატრალურ ინსტიტუტში პირველ კურსზე ქალბატონი ლილი იოსელიანი მასწავლიდა. შემდეგ - აკაკი ვასაძე, ბოლო კურსზე კი - აკაკი ხორავა (აკაკი ხორავასთან ერთად სცენაზე ითამაშა ალექსანდრე სუმბათაშვილის ცნობილ პიესაში „ღალატი“ - თ.ო.). მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც მარჯანიშვილის თეატრში მიმიწვიეს. მაშინ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ვასო ყუშიტაშვილი იყო. . . იმ პერიოდში ვახტანგ ტაბლიაშვილი დგამდა სპექტაკლს „მეფე ერეკლე“ , სადაც რუსი დესპანი ოფიცრის როლი მათამაშეს. ეს ჩემი პირველი როლი იყო დიდ სცენაზე. . .

    - გამოდის, ქართულ სცენაზე მოღვაწეობა რუსული ტექსტით დაგიწყიათ.

    - კი, ასეა. . . მეზობლები მყავდა რუსი ებრაელები და მათთან ურთიერთობაში ადვილად გავიტეხე ენა რუსულში. ჯერ კიდევ სკოლის ასაკამდე თავისუფლად ვწერდი და ვკითხულობდი ქართულადაც და რუსულადაც.

    - ამის შემდეგ თქვენ არაერთი შთამბეჭდავი სახე შექმენით როგორც თეატრში, ისე კინოში . . .

    - როლები არასოდეს მაკლდა, - ძალიან ბევრს ვმუშაობდი. იყო წლები, კინოში ოთხ-ხუთ ფილმში  მუშაობაში სიბერე, ვერც გავიგე. . .

    - კინოში თქვენი პირველი როლი რომელი იყო, ბატონო თენგიზ?

    - კინოში პირველი როლი ეპიზოდური მქონდა. სიკო დოლიძე იღებდა „ფატიმას“ (1958 წ.) და იქ ვასრულებდი თავად ბადილაევის როლს, თეთრი ჩოხა მეცვა. რაც შეეხება მთავარ გმირს, ეს იყო თამაზი „კეთილ ადამიანებში“. ამ როლზე წინასწარი სინჯების გარეშე ამიყვანეს. არ გამჭირვებია, რადგან საკმაოდ დიდი სკოლა მქონდა გავლილი პიონერთა სასახლეში, შემდეგ კი თეატრალურ ინსტიტუტში. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ მიხეილ თუმანიშვილის რეკომენდაციით, ბაში-აჩუკის როლის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატიც ვიყავი, თუმცა შემდეგ არჩევანი ოთარ კობერიძეზე შეჩერდა, რაც სავსებით ლოგიკური იყო, მაშინ იგი, თავისი ასაკით და გამოცდილებითაც უფრო შეეფერებოდა ამ როლს, ვიდრე მე. ლამაზი წლები იყო, მახსოვს, მარტო იმ დღეებში, როცა ეკრანზე „შეხვედრა მთაში“ (1966) გავიდა, ათასობით წერილი მივიღე, სხვა რომ არაფერი ვთქვა. . .

    - აღნიშნული ფაქტიც მეტყველებს, რომ თქვენი პოპულარობა დღითი-დღე იზრდებოდა. . .

    - პოპულარობისთვის კინო მართლაც საუკეთესო საშუალებაა.

    - თეატრი?

    - სამუშაოდ თეატრს არაფერი სჯობს.

    - თქვენმა პასუხებმა სტანისლავსკის სიტყვები გამახსენა: მსახიობისთვის მთავარია არა ტრიუმფი, არამედ სახის შექმნის პროცესი. . . როგორც ჩანს, ეთანხმებით მის აზრს. . .

    - მარტო მსახიობისთვის არა, საერთოდ, ყველა შემოქმედი ადამიანისთვის მუდამ პროცესია მთავარი . . . რა თქმა უნდა, ისიც კარგია, ტაშს რომ გიკრავენ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მთავარი ყოველთვის შენების პროცესია და არა დამთავრებულით ტკბობა. ასე იყო, ალბათ, არსაკიძისთვისაც სვეტიცხოვლის შენების დროს. . .

    - რადგან სვეტიცხოველი ვახსენეთ, იქნებ აქვე გეთქვათ, რა იყო თქვენთვის უტას როლი „დიდოსტატის მარჯვენაში“?

    - რა  ვიცი. როდესაც ფილმი დავამთავრეთ, მაშინ თითქოს არ მომწონდა, დიდხანს არ მინახავს - საერთოდ არ ვუყურებ ჩემს ფილმებს. თავიდან 3-4 წლის წინ ვნახე და უფრო ნორმალური მომეჩვენა, ადრე თითქოს მიუღებელი იყო ჩემთვის . . .

    - ბატონო თენგიზ, მსახიობისთვის, ალბათ, არის ერთი ან რამდენიმე როლი, რომლებიც ხსნიან მისთვის ამ ხელოვნების საიდუმლოს . . . რომელი იყო თქვენთვის ასეთი?

    - ეგ მოგონილია . . . აბა, რა საიდუმლოს ახსნა შეიძლება? ხელოვნება უძირო ზღვაა, -  ბოლომდე ვერასოდეს ჩახვალ . . .

    - „ბოლომდე ჩასვლას“ არც ვგულისხმობ, მაგრამ თანდათანობით ხომ იხსნება რაღაც . . . თუ არა, მაშინ რა არის პროფესიონალიზმი?

    - პროფესიონალიზმია ის, რომ რაც შეიძლება სრულყოფილად შეასრულო შენი სამუშაო. ამას ნიჭი და დიდი შრომის უნარი სჭირდება, თუმცა, ზოგჯერ ნიჭს შრომის უნარსაც ადარებენ. მაგალითად, სერგო ზაქარიაძე ამბობდა: ნიჭი შრომის უნარია, რაც უფრო დიდი შრომის უნარი გაქვს, მით უფრო ნიჭიერი ხარო . . . რთულია მსახიობის პროფესია, ძალიან ძლიერი ნერვული სისტემა უნდა გქონდეს, რომ უდიდეს დატვირთვას გაუძლო. . .

    - თქვენ რომელმა როლმა წაგართვათ ყველაზე დიდი დრო და ენერგია?

    - შინაგანად ყველას თანაბრად ბევრი მიაქვს. . . თუნდაც იმიტომ, რაიმე ტექნიკური სიძნელეები არ შეგვექმნას, ჯერ მარტო ტექსტი უნდა იცოდე ისე კარგად, ღამე უცებ ვიმნმემ რომ გაგაღვიძოს, არ შეგეშალოს. მუშაობის პროცესში ტექსტზე თუ იფიქრე, არაფერი გამოგივა. მარტო ჩემი ტექსტი კი არა, მთელი პიესა ზეპირად ვიცოდი, როდესაც თეატრში ვთამაშობდი.

    - რაიმე განსაკუთრებული გარემო გჭირდებათ როლზე მუშაობისას?

    - კი, როდესაც ვმუშაობ, ირგვლივ სრული სიჩუმე უნდა იყოს - ხმაური არ მიყვარს. ამიტომ ხშირად ისეთ დროს ავდიოდი კუს ტბაზე, როცა იქ არავინ იყო, - თვითონ ვქმნიდი ისეთ გარემოს, რომ ხელი არავის შეეშალა ჩემთვის . . .

    - ყველაზე მეტად რომელ როლზე მუშაობის პროცესი, უფროს სწორად, რომელი ფილმის გადაღებები დაგამახსოვრდათ?

    - განსაკუთრებით „წითელი კარვის“ გადაღებების პერიოდი დამამახსოვრდა, რომელსაც რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი იღებდა (რუსეთში იგი კალატოზოვიდ სახელით არის ცნობილი). ფილმის ერთი ნაწილი მოსკოვში გადავიღეთ, მეორე კი - ფრანც იოსების მიწაზე, ჩრდილოეთ პოლუსთან. იქ გატარებულმა სამმა თვემ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა: თეთრი ღამეები, თეთრი დათვები...

ისინი ძალიან ახლოს მოდიოდნენ ჩვენთან, პურს ვუყრიდით ხოლმე. ფრანც იოსების მიწაზე მურმანსკიდან ყინულმჭრელ „ობით“ გავემგზავრეთ, ხუთი დღე დავყავით ზღვაში. ამ ფილმში დასავლეთის კინოს ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: შონ კონერი, კლაუდია, კარდინალე, პიტერ ფინჩი, მასიმო ჯიროტი, მაგრამ ფრანც იოსების მიწაზე ისინი რატომღაც არ წამოიყვანეს და დუბლიორებით შეცვალეს.

    შონ კონერთან დაკავშირებით ასეთი რაღაც მახსენდება: იგი წარმოშობით შოტლანდიელია და თურმე საბჭოთა კავშირში გამომგზავრებამდე ურჩიეს - კავკასია მოინახულე, იქ ბევრი მთაა, როგორც შოტლანდიაშიო. ჰოდა, ეს რომ გავიგე, ვიფიქრე, ორი კვირით საქართველოში ჩავიყვან-მეთქი. ამის შესახებ კალატოზოვსაც შევუთანხმდი, მაგრამ ჩემი ფიქრი ფიქრადვე დარჩა... „შესაბამის ორგანოებში“ ორი კვირა მაწვალეს და... შონ კონერიც ვეღარ ჩამოვიყვანე. მან ამის მიზეზი უჩემოდაც გაიგო. საქართველოში ჩამოსვლა აღარ მინდაო, - სიცილით მეუბნებოდა. საქართველოში ვერ ჩამოვიყვანე, სამაგიეროდ, შონ კონერს და პიტერ ფინჩს კვირაობით რესტორან „არაგვში“ვეპატიჟებოდი (ეს შეიძლებოდა) რადგან მხოლოდ კვირა დილით აკეთებდნენ იქ ხაშს. კონერს ისე მოეწონა ჩვენებური ხაში, კვირიდან კვირამდე ვერ ითმენდა და სულ იმას მეკითხებოდა, რატომ არ შეიძლებოდა კვირა დილის გარდა სხვა დროსაც ეჭამა ხაში?!

     იცით, ერთხელ პიტერ ფინჩმა რა მითხრა? - დანახარჯს ყოველთვის შენ რატომ იხდი, მილიონერები ხომ ჩვენა ვართო... „თქვენ მილიონერი ხართ, მე კი ქართველი-მეთქი“, - ვუპასუხე.

    - ბატონო თენგიზ, თქვენ არაერთ რეჟისორთან მოგიქიათ ურთიერთობა... რომელს შეგიძლიათ თქვენი უწოდოთ?

    - ბევრი იყო ასეთი... ჩამოთვლა რომ დავიწყო, ვინმე გამომრჩება და ეწყინება. ამიტომ არც ერთს არ დავასახელებ...

    - რაც შეეხება პარტნიორებს?

    - პარტნიორს მსახიობისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. პარტნიორები თუ ერთმანეთს პატივს არ სცემენ, არაფერი გამოვა, ერთ საქმეს ვერ გააკეთებენ. მე ამ მხრივ ბედმა გამიღიმა! საოცარი პარტნიორები მყავდა: ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი, ალექსანდრე ომიაძე, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, მედეა ჯაფარიძე, ლიანა ასათიანი, ლია ელიავა, სოფიკო ჭიაურელი, ლეილა აბაშიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი...რომელი ერთი ჩამოვთვალო? - ქართული თეატრისა და კინოს ნაღები საზოგადოება. - ეს პიროვნებები ჩვენი სცენისა და ეკრანის ისტორიას ქმნიდნენ და ახლაც ქმნიან. თუ რამ კარგი გვაქვს ქართველებს, ეს ჩვენი კულტურაა, ჩვენი კინო და თეატრია...

    - როლზე თუ გითქვამთ უარი?

    - როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო - არასოდეს (თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია). უარს ვამბობდი იმ შემთხვევაში, როცა ნაწარმოები ან გმირი არ მომწონდა... მძაგს დაბალი დონის ნაწარმოები, რომელთა ინსცენირება თუ ეკრანიზაცია მაყურებლის გემოვნებას აქვეითებს არც თავხედობა მომწონს სცენიდან თუ ეკრანიდან, არადა, ახლა ამას რატომღაც დიდი მაზანდა აქვს...

    - ბატონო თენგიზ, როგორც ვიცი, თქვენი მეუღლეც მსახიობია...

    - კი, ერთად ვსწავლობდით თეატრალურ ინსტიტუტში. შემდეგ ნელიმ (ნელი ფილიაშვილი) უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტიც დაამთავრა და ერთხანს ენციკლოპედიაში მუშაობდა. ამჟამად სახლშია და შვილიშვილებს ზრდის. ახლა უკვე ხვდება, რატომ არ მინდოდა მისი მსახიობობა.

    - რატომ არ გინდოდათ?

     - ძალიან მძიმეა მსახიობის პროფესია, მუდმივად სხვაზე ხარ დამოკიდებული.

    ნატო, ბატონი თენგიზის უფროსი ქალიშვილი კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. უმცროსი ქალიშვილი ნათია კი - ინგლისური ენის სპეციალისტი. ორი შვილი ჰყავს - მირიანი და ირინე. ნატოს ქალიშვილი ანუკი უკვე თავადაა პატარა ნატუსის დედიკო. ანუკი სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. ბაბუის ხატვისადმი სიყვარული შვილიშვილში გადავიდა და განხორციელდა კიდეც.

    - ბატონო თენგიზ, საუბარში მითხარით უამრავი წერილი მომდიოდაო... თქვენი გარეგნობისა და პოპულარობის გამო, ბევრი თაყვანისმცემელი რომ გეყოლებოდათ, ეს არცაა გასაკვირი, მაგრამ... მეუღლე არ ეჭვიანობდა?

    - რა ვიცი, ალბათ ეჭვიანობდა კიდეც... ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ უგრძნობინებია... ალბათ არც მე მიმიცია ამის საბაბი...

    - თქვენ თუ ხართ ეჭვიანი?

    - ამ სიბერეში რაღადროს ჩემი ეჭვიანობაა?!

    - ადრე იყავით?

    - ალბათ... როგორ შეიძლება ქართველი კაცი ეჭვიანი არ იყოს?  ან ლამაზი ქალისკენ თვალი არ გაექცეს? მსგავსი შემთხვევები, ცხადია, მეც მქონია ცხოვრებაში...

    - ისე, როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ქალი, უპირველეს ყოვლისა, რომ მამაკაცის ყურადღება დაიმსახუროს?

    -ქალი მშვენიერი უნდა იყოს. მშვენიერებაში სილამაზეს არ ვგულისხმობ. თავის ღირსებას უნდა სცეს პატივი, ერთგული უნდა იყოს... ქალი ოჯახის ბურჯია და, მაშასადამე, საზოგადოების ბურჯიც... საერთოდ კი ქალიც და მამაკაციც, უპირველეს ყოვლისა, პიროვნებები უნდა იყვნენ... ეს ადამიანებს შორის ურთიერთობის საწინდარია. 

    - და რა არის ამ ურთიერთობებში მთავარი?

    - მთავარი კეთილგანწყობაა.

    - საინტერესოა, როგორია მსახიობი თენგიზ არჩვაძე ოჯახში - წყნარი, თუ ქართული ტემპერამენტი იფეთქებს ხოლმე?

    - კი, იფეთქებს ხოლმე... გარეთ თუ თავს ვიკავებ და ვმალავ უარყოფით ემოციებს, სახლში ხანდახან ამას ვერ ვახერხებ, არ გამომდის... არადა, სადღაც ხომ უნდა განიტვირთო ყოველივესგან, ტყეში ხომ არ გახვალ და იქ არ იყვირებ...

    - რატომ ტყეში -  მეგობრებში იტყვით...

    - კი, მეგობრებში და ლხინში, სუფრასთან... უამრავი მეგობარი მყავდა, სხვადასხვა პროფესიის ხალხი. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი უკვე ცოცხალი აღარ არის... დაუნდობელია წუთისოფელი... სამეგობროში ლხინი მიყვარდა ძალიან...

    - არადა, როგორც ვიცი, ღვინო პირველად საკმაოდ გვიან დალიეთ...

    - კი, ოცდაექვსი წლის ასაკში. მანამდე ვვარჯიშობდი და არ ვსვამდი. ჭრილობის შემდეგ მეორედ ნაჩუქარ სიცოცხლეს ღვინით შევხვდი... საკმაოდ კარგად ვიტანდი ღვინოს, ერთხანს სასმელი ვერც კი მათრობდა, ახლა საერთოდ აღარ ვსვამ, ამიკრძალეს... არადა, ჩემთვის წარმოუდგენელია, კაცი ღვინოს არ სვამდეს. კახური ღვინო მიყვარდა განსაკუთრებით, თუმცა, სასმელს მაინცდამაინც არ ვარჩევდი...

    - ალბათ, თამადაც ხშირად იყავით...

    - რა ვიცი... ლხინი მიყვარდა და მიყვარს ძალიან ...

    - საყვარელი სადღეგრძელოც გექნებათ...

    - საყვარელ სადღეგრძელოებს რა გამოლევს, მთავარია სუფრას დაუგდო ყური და მერე თვითონ სუფრა გკარნახობს მორიგ სადღეგრძელოს.

    - სუფრაზე საინტერესო ამბების მოყოლა თუ გიყვართ?

    - რატომაც არ მიყვარს? მე თუ რამე კარგი ვიცი და სუფრის წევრებმა არ იციან, ყოველთვის ვყვები.

    - ახლა შეგიძლიათ რაიმე საინტერესო მოუთხროთ მკითხველს?

    - ასე უცებ რომ არაფერი მახსენდება?

    - კარგით, მაშინ ის გვითხარით, გამოუვალ მდგომარეობაში თუ აღმოჩენილხართ ოდესმე?

    - ბევრჯერ... მაგრამ რაღაც სასწაულით, ყოველთვის გამონახულა გამოსავალი - ან რაღაც გაბრწყინებულა და განათებულა ღმერთის ძალით, ან მე დამინგრევია რაღაც... ეს ცხოვრება ბრძოლაა, და ხელი თუ არ გაანძრიე, არაფერი გამოვა, ოღონდ სასიკეთო საქმის საკეთებლად  უნდა გავანძრიოთ ხელი და არა სანგრევად. უკვე რამდენი წელია, მხოლოდ ვანგრევთ ყველაფერს, შენებაზე კი არ ვფიქრობთ... ალბათ, რომელიღაც ძალებს ირჩევნიათ, რომ საქართველო ფეხზე ვერ დადგეს...

    - ცხოვრება ახსენეთ, ბატონო თენგიზ, დღეს თქვენს ცხოვრებას რომ გადახედოთ, რა ფერებად დაყოფდით?

    - ბავშვობაში ღია ფერები სჭარბობდა, შემდეგ თანდათან უარესობისკენ წავიდა ყველაფერი - აქა-იქ მხატვრული თუ გამოჩნდება სიხარულის ფერი.

    - მაინც რაზე გწყდებათ ყველაზე მეტად გული?  

  - დრო გავიდა ძალიან სწრაფად... „ვერა ვუშველე მიწასა, ანეულს, მოსულს ხნულზედა“... ახლა დარდით ვარ სავსე, ხვალინდელ დღეზე დარდით... ისეთი მძიმე პოლიტიკური სიტუაციაა (ეკონომიკურზე აღარაფერს ვამბობ), როგორი იქნება ხვალინდელი დღე ვერ განსაზღვრავ...

    - უკეთესის იმედი ხომ მაინც რჩება, ბატონო თენგიზ?

    - ალბათ, ღმერთი არ გაგვწირავს... „ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია“... იმედი გვაცოცხლებს და სხვათა შორის, დარდიც გვაკავებს ხანდახან...

თამარ ოთიაშვილი

    როგორც შევიტყვეთ, ბატონ თენგიზს „საიუბილეო საღამოზე გარკვეული თანხა უბოძეს“ და ამ თანხით არაგვის ხეობაში, მისაქციელის იქით, პატარა სახლ-კარი იყიდა, ეზოთი და ვენახით. მსახიობი თითქმის მთელ დროს იქ ატარებს, თუმცა, ალბათ,  სულ მალე ისევ აქტიურად ჩაებმება კინოშემოქმედებით მოღვაწეობაში. ღვთის მადლით, როგორც ჩანს,  ქართული კინო ისევ იწყებს აღორძინებას. ამ დღეებში ბატონ თენგიზ არჩვაძის თბილისელ თაყვანისმცემელთ საშუალება ჰქონდათ ენახათ მსახიობის ბოლო ორი ნამუშევარი. ბელგიაში მცხოვრები ქართველის იური ბერიძის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმი „კგბ - დამნაშავე ანგელოზები“ და ერეკლე ბადურაშვილის სურათი „კიდევ ერთი ქართული ისტორია“, რომლის პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ ოთხსაბათს, 10 სექტემბერს შედგა. მასში ბატონი თენგიზი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ჩვენი ინფორმაციით, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე ნოდარ დუმბაძის ნოველების მიხედვით იღებს ფილმს, სადაც ბატონი თენგიზი ერთ-ერთი როლის შემსრულებლადაა მიწვეული. ნიჭიერ მსახიობს რეჟისორი რეზო ჩხეიძის ახალ ფილმშიც ვიხილავთ, სადაც სასულიერო პირი უნდა განასახიეროს.

    კვლავაც მრავალჯერ გაგეხარებინოთ თანამემამულეთა გულები, ბატონო თენგიზ!

   დიდხანს იცოცხლეთ!

 

 

TVპროგრამა N7 (414)

5 - 21 სექტემბერი. 2003.