ოთარ კობერიძე: „ქართველ ერს ღირსება გადაარჩენს!“
საქართველოს სახალხო არტისტთან, ბატონ ოთარ კობერიძესთან დიალოგი ყოველთვის საინტერესო და მრავლისმთქმელია, მის მიერ განსახიერებული გმირების ეკრანზე ხილვა სასიამოვნო და გულში ჩამწვდომი, თავად მასზე საუბარი კი იმდენად რთული, რომ ნამდვილად არ ვიცი, წერა საიდან დავიწყო. ამიტომ პირველ ფრაზას ისევ ბატონ ოთარს დავესესხები და ვიტყვი, რომ ეს არის „ადამიანი, რომელიც ცხოვრობს რწმენით, რომელსაც სწამს გათენების, დაღამების, სიყვარულის, ქვეყნის, ხალხის, მეგობრების“, ვისი სიცოცხლეც ეკუთვნის სამშობლოს, გული ქალს (ქალბატონ ლია ელიავას), ღირსება კი თავად მას - პიროვნებას, რომელმაც უამრავი დაბრკოლებითა და სიხარულით სავსე დიდი გზა განვლო და დღემდე სუფთა ღირსებით მოვიდა!
რაც არ უნდა ვეცადოთ, ერთ ინტერვიუში ვერ შევძლებთ ამ გზის ყველა მნიშვნელოვან მომენტზე ყურადღების გამახვილებას, მაგრამ აუცილებლად აღვნიშნავთ (და ალბათ, არც შევცდებით), რომ ქართული კინოს სიტორიაში ოთარ კობერიძეზე უკეთ არავის წარმოუჩენია ქართველი მამაკაცის ჭეშმარიტი ბუნება. მის მიერ საოცარი გულწრფელობითა და ორიგინალობით განსახიერებული როლების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მაგრამ აუცილებლად გავუსვამთ ხაზს იმ ფაქტს, რომ ბრწყინვალე მსახიობს კინოში გზა რეჟისორმა ნიკოლოზ შენგელაიამ დაულოცა, 1941 წელს (ფილმში „შავ მთებში), და აგერ უკვე 65 წელია ოთარ კობერიძე კინოხელოვნებას (და არა მარტო ქართულს) ღირსეულად ემსახურება.
საუბრის განსაკუთრებული თემაა ბატონი ოთარის, როგორც რეჟისორის მოღვაწეობა. წინდაწინ გეტყვით, რომ მას უკვე მზად აქვს „დავით აღმაშენებლის“ ექვსი სერიის სცენარი. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ინტერვიუში ვისაუბებთ, ჩვენ კი გულწრფელი აღფრთოვანებით დავძენთ, რომ თავისი რაინდული გარეგნობითა და ვაჟკაცური ბუნებით ბატონი ოთარ კობერიძე უდავოდ აირეკლავს დავითისეული საქართველოს სრულყოფილებას, სიმტკიცეს, ძლევამოსილებას და უდიდეს კეთილშობილებას.
ერთიც... გასული წლის 17 დეკემბერს ბარბარობა დღეს, ბატონ ოთარს 80 წელი შეუსრულდა. საუბრის დასაწყისისთვის ვნახოთ, როგორ აღნიშნა იუბილე ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა მსახიობმა, შემდეგ კი მისივე დახმარებით მისსავე კინოსამყაროში ვიმოგზაუროთ.
- იუბილე როგორ აღვნიშნე? - ისე, როგორც ყოველთვის: ვიყავი წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, ვემთხვიე ხატს და ვილოცე... მერე, სახლში, ახლობლებისა და მეგობრების ვიწრო წრეში დავილოცეთ. ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი ძმები მერაბ თავაძე და ზურა ცინცქილაძე, ბათუმის თეატრის მსახიობი. ორი წლის წინათ მოგვნათლა ძმებად კათოლიკოს-პატრიარქმა და ამ გრძნობას სუფთად ვატარებთ, ძალიან ყურადღებით ვართ ერთმანეთის მიმართ, რომ ვინმეს რამე არ შეეშალოს, თუ შეეშალა, იმ „სეკუნდში“ გაირიყება ჩვენი ძმობიდან - ეს მე მაქვს დათქმული, როგორც უფროს ძმას... საერთოდ, დიდ ქეიფს არასოდეს ვმართავ ხოლმე, მითუმეტეს ჩემი ლიას (მსახიობი ლია ელიავა - თ.ო.) გარდაცვალების შემდეგ. ახლა ამის დრო არ არის, დიდ ღრეობას მაშინ გადაიხდიან, როცა მე აღარ ვიქნები ამქვეყნად და გამიხსენებენ, მანამდე კი ბევრი რამაა მოსაგვარებელი... ჩემს ლიას ვუხდი ხოლმე დაბადების (28მაისი) და გარდაცვალების (1998წ. ოქტომბერი) დღეებს, ყოველთვის ვლოცულობ, მივდივარ მის საფლავზე, ვანთებ სანთელს და უფალს ვავედრებ მის სახელს. იქ (სასაფლაოზე) ვამბობ ხოლმე ყველაფერ იმას, რასაც სხვა დროს არასდროს არავისთან ვლაპარაკობ. ლია მისმენს და მეუბნება: „მართალი ხარ, ოთარ!“ ვფიცავ უფალს, მე მესმის, როგორ მიხდის მადლობას იმ სიმართლისათვის, რა სიმართლითაც ვცხოვრობ ამქვეყნად...
- ანუ, მიუხედავად მრგვალი თარიღისა, დაბადების დღე განსაკუთრებულად არ აღგინიშნავთ, ბატონო ოთარ?
- ვხვდები, რაც გაინტერესებთ - განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, არც მთავრობისგან მიმიღია რაიმე და არც კულტურის სამინისტროსგან, მაგრამ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. არც რაიმეს აკლებს ჩემს ღირსებას და არც არაფერს ჰმატებს. ჩემი ღირსება ჩემშია და ეს არის ჩემი პრინციპი. ბიძაჩემს (დედის ძმა) მუხრან ბაგრატიონს, რომელიც ბოლშევიკებმა მოკლეს, ხმალზე ასეთი წარწერა აქვს: „სიცოცხლე ჩემი ეკუთვნის სამშობლოს, გული ჩემი - ქალს, ღირსება - მე“. ამ ღირსებით ვცხოვრობ მეც. თუ ჩემს ერს დასჭირდა, თავს დავდებ მისთვის, ქალი ჩემთვის იყო ლია და დარჩება უკუნითი უკუნისამდე, ღირსება კი მე მეკუთვნის. ამიტომაც ვთქვი უარი, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ღირსების ორდენი შემომთავაზეს. როგორ მკადრეთ? ესე იგი, თქვენ მიმტკიცებთ, მე ღირსების ღირსი ვარ? არ მჭირდება-მეთქი! - ვუთხარი. მერე ბევრმა თქვა უარი ღირსების ორდენზე, მათ შორის ნოდარ მგალობლიშვილმაც... სხვა რა გითხრათ? ძველმა მეგობრებმა, ჩემმა პარტნიორებმა დამირეკეს მოსკოვიდან და ძალიან გამეხარდა. ჩემი ლიას მეგობარი ქალბატონებიც მესტუმრნენ, რომელთაც, როგორც უკვე გითხარით, ხშირად ვკრებ ხოლმე ლიას დაბადების და გარდაცვალების დღეებზე, ჩემი ნანას (ქალიშვილი) „პადრუჟკებიც“ მოდიან და ეს არის ის, რაც დიდ სიამოვნებას მგვრის და მახედებს უკან, გზის დასაწყისისკენ.
- მოდით, ახლაც დროებით დავბრუნდეთ წარსულში... საინტერესოა, დღევანდელი გადასახედიდან რა ფერებად დაყოფდით თქვენს ცხოვრებას და რომელ ფერს გამოარჩევდით?
- შავი ფერი სჭარბობს: ორი წლის ვიყავი, მამა რომ დავკარგე. მისი სიკვდილის შემდეგ დედა ჭლექით დაავადდა (ძალიან უყვარდათ ერთმანეთი) და 1939 წელს ისიც გარდაიცვალა, მალე გარდაიცვალა პაპაჩემი ეფრემიც, ჩემი „ჭყონდიდელი“, რომელიც მზრდიდა. მერე ბებიაც გარდაიცვალა, ბაგრატიონთა ღირსეული შთამომავალი. თუმცა, მანამდე ერთი წელი მოვიმატე და ჯარში წავედი - ისევ შავი ფერი. უფლის ძალით, ომიდან ჯანსაღი დავბრუნდი და თითქოს რაღაც ნათელი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ კინომსახიობი ვყოფილიყავი და ამისთის ვემზადებოდი: ვვარჯიშობდი, ცხენოსნობას ვეუფლებოდი, ვჭიდაობდი... ახლაც ვვარჯიშობ და გული მწყდება, რომ დრევანდელი ახალგაზრდები (ყველას არ ვგულისხმობ) ჯანმრთელი ცხოვრების წესს არ მისდევენ, არადა, სწორედ ფიზიკურად და სულიერად ძლიერი თაობა სჭირდება დღეს საქართველოს... მოკლედ, ოცნება ავიხდინე, მაგრამ ისევ გამოჩნდა შავი ფერი: მახსოვს, „ქეთო და კოტეს“ გადაღებები მიმდინარეობდა, სადაც ეპიზოდურ როლში ვიყავი დაკავებული. ღამის გადაღება გვქონდა, მე კი თავს ცუდად ვგრძნობდი, ვერ ვისვენებდი და გული სახლისკენ მიმიწევდა. ფილმის რეჟისორს, ბატონ ვახტანგ ტაბლიაშვილს ვთხოვე, გამათავისუფლეთ-მეთქი! მიხვდა, რომ კარგად ვერ ვიყავი და გამიშვა. ბებიაჩემი, თურმე, მთელი ღამე ბორგავდა და „ოთარ, ოთარს!“ იძახდა. მივედი და, რომ დამინახა, ერთხელ კიდევ ამოიძახა „ოთარ!“ და გარდაიცვალა. ერთი სიტყვით, შავი ფერი სულ თან დამყვებოდა, მაგრამ დრო და დრო ნათელი ფერებიც აღწევდა ჩემამდე (იცინის)... ერთ-ერთი ასეთი ნათელი ფერი იყო ბებიას გარდაცვალების შემდეგ სერგო ჭელიძის მოწვევა სოხუმის თეატრიდან, რომელიც მწერდა: შენი ასე ყოფნა ხელოვნების ღალატია, ჩამოდი ჩემთან, მე გაგზრდი მსახიობად, ვგრძნობ, რომ შენში დიდი პოტენციალიაო. ჩავედი და ერთ წელიწადში უკვე მთავარ როლებს ვთამაშობდი, ორ წელიწადში კი აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება მივიღე. მახსოვს, „გლახის ნაამბობში“ დათიკოს ვანსახიერებდი. ერთ საღამოს ვიღაც წვერმოშვებული „ტელეგრეიკიანი“ კაცი ამოვიდა სცენაზე და მკითხა: იცით, მე ვინ ვარო? ცხადია, ვერ ვიცანი. კოსტავა ვარ, გადასახლებიდან ახლა დავბრუნდიო. იცით, ალბათ, იყო ასეთი მსახიობი - გრიშა კოსტავა - „პოლიტიკურზე“ იჯდა ციხეში. უი-მეთქი, წამოვიძახე და დავუჩოქე , წამომაყენა და მითხრა: შენ მე მეორე სიცოცხლე მომეცი, რათა ხელოვნების სამსახური ისევ განვაგრძოო. ბიჭობიდან მახსოვდა, როგორი საოცარი დავითი იყო ბატონი გრიშა, მისი გავლენა იგრძნობოდა ჩემს დავიტშიც, ამიტომ ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის... მერე იყო გასტროლები და ჩემი, როგორც მსახიობის, დიდი აღიარება რუსეთში... შემდეგ კი „ბაში-აჩუკი“, რომელმაც საოცარი სინათლე შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, რაღაც ცეცხლოვანი, ალისფერი... წარმოიდგინეთ, დავამთავრეთ ფილმის გადაღება, დავიძინე ერთ დღეს და გავიღვიძე ერის გმირად!...
- ნამდვილად ბევრს დაკარგავდა „ბაში-აჩუკი“ და თავისთავად მაყურებელიც, ეპიზოდურ როლში თუ გადაგიღებდნენ, როგორც დაგეგმილი იყო...
- მე, პირიქით, მიხაროდა, რომ ეპიზოდური როლი (შალვა ერისთავის) უნდა მეთამაშა. რეჟისორებს, რატომღაც, წინდაწინ გადაწყვეტილებასავით ჰქონდათ მიღებული, რომ ქართველს არ ვგავდი, და მე ვიყავი იტალიელი, ფრანგი, ან უნგრელი... ამიტომ ვიფიქრე, ეპიზოდიდან დავიწყებ-მეთქი. მაგრამ ლეო ესაკიამ (ფილმის რეჟისორი) რომ ნახა, როგორ ვჯირითობდი ცხენზე, სხვები კი მაშინ სწავლობდნენ ცხენზე ჯდომას, ცეკვე ძიძიგური იყო ერთი, იმას ჰკითხა, რამდენ ხანში იქნებიან გადაღებებისთვის მზადო? სამი თვე მაინც დასჭირდებათო - ასეთი პასუხი რომ მიიღო, გაგიჟდა თურმე: რას ჰქვია სამი თვე, ორ კვირაში გადაღებას ვიწყებო, და იკითხა: კობერიძე სად არის, არ მოვიდაო? როგორ არა, აგერ, ცხენით ჯირითობსო, - უპასუხეს და სასწრაფოდ დამიძახეს. ესაკიამ რომ დაინახა, როგორ დავაყენე ცხენი ყალყზე, ასისტენტს რაღაც ჩასჩურჩულა და წავიდა. ასისტენტი ჩემი მეგობარი იყო თენგიზ გოშაძე. მომვარდა თენგიზი და გახარებულმა მითხრა: ოთარ, ბაში-აჩუკის როლში შენ გიღებენო. ვაიმე, არ მინდა-მეთქი - ვთქვი, მაგრამ... ყველაფერი უფლის ძალით მოხდა, უფალმა საოცარი სინათლე დამაფრქვია ზემოდან და მე ამ ნათლისთვისაც ვლოცულობ, რომელიც დღემდე ფეთქავს ჩემში. იმ სიბნელესაც, რაც გამოვიარე, ამ თვალსაზრისით ვუყურებ და ჩემზე აღარ მოქმედებს, რადგან ჯერ კიდევ ის ალია ჩემში...
- თავიდანვე აღნიშნეთ, რომ რეჟისორები „ბაში-აჩუკამდე“ არაქართველების როლში გაკავებდნენ... საინტერესოა, მაინც რომელი იყო თქვენი პირველი კინოროლი, რომელმა რეჟისორმა დაგილოცათ გზა კინოს საოცარ სამყაროში?
- ჩვენს სკოლაში არსებობდა დრამწრე, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა შოთა პირველმა ჩამოაყალიბა. იგი ხშირად დგამდა ხოლმე სპექტაკლებს სკოლაში და პირველ რიგში მე მაკავებდა, რითაც ძალიან ვამაყობდი, რადგან, როგორც გითხარით, მსახიობობაზე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი. მერე, ბიჭები სტადიონიდან რომ ვბრუნდებოდით, კინოსტუდიასთან შევჩერდებოდით ხოლმე - იქნებ ვინმეს მოვეწონოთო. მართლაც მოვეწონე ვიქტორ ჭანკვეტაძეს, რომელიც მეორე რეჟისორი იყო ნიკოლოზ შენგელაიასთან. მკითხა: „გინდა კინოში გადაღება?“ კი-მეთქი, ვუთხარი დაუფიქრებლად. „მაშინ ხვალ 12 საათზე მოდი კინოსტუდიაში“. რა დამაძინებდა. დილით ცხრა საათზე უკვე იქ ვიყავი. ბატონმა კოლიამ შემომხედა და მითხრა: „შენ ხომ თორმეტ საათზე დაგიბარეს, ცხრაზე რატომ მოხვედი, შვილო? ასე ძალიან გინდა კინოში გადაღება?“ „ძალიან“ - ვუპასუხე გახარებულმა. წაიყვანეთ და ბიჭს ყველაფერი ჩააცვით, ხვალ გადაღება მაქვსო, - ბრძანა ბატონმა კოლიამ. აი, ასე მერგო ბესარაბიელი პარტიზანის როლი ფილმში „შავ მთებში“ და ასე გახდა ნიკოლოზ შენგელაია ჩემი „მამა“ კინოში, თუმცა, ისედაც შვილივით მზრდიდა. გული აწუხებდა და შეტევა რომ დაეწყებოდა, მე მეძახდა - გულ-მკერდს ვუზელდი ხოლმე. მახსოვს, მეუბნებოდა: „ჭიაურელმა სპარტაკი გაზარდა, შენ მე უნდა გაგზარდო კარგ მსახიობად“. ნათელი დაადგეს მის სახელს... მისი გარდაცვალებაც შავი ფერით დაფიქსირდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, მერე და მერე, როგორც უკვე მოგიყევით, ნათელმა ფერებმა იმძლავრა...“
- „ბაში-აჩუკის“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ თაყვანისმცემლების, განსაკუთრებით ქალების, შემოტევას როგორ იგერიებდით?
- (იცინის)... ჩემი მოგერიება არ შველოდა, ძალიან აქტიურები იყვნენ ყოველთვის, მაგრამ მე სულიერად ლიასთვის არასოდეს მიღალატია და მითუმეტეს, საყვარელი არასოდეს მყოლია...
- თუ არ ვცდები, ქალბატონი ლია „ბაში-აჩუკის“ გადაღებებზე გაიცანით...
- არ სცდებით. ამ ფილმის გადაღებისას მოხდა ჩვენი გაცნობა და დაახლოვება. ღამის გადარება გვქონდა და ველოდებოდით. მანამდე ესაკიას ვეუბნებოდი: ვინ არის მთავარ როლში, მე თუ ლია ელიავა, სად არის ამდენ ხანს, რომ არ მოდის-მეთქი? ბატონმა ლეომ გააბოლა ყალიონი და მითხრა: „რომ გამოჩნდება, ოთარ ჩემო, ნახავ, ვინც არის.“ გამოჩნდა და ... „მე დავინახე ჩემი ოცნება, ანგელოზური ნაკვთებით სახის“ - ჩემი ლია... იმ საღამოს სიგრილე იყო, მთელი ღამე ცეცხლი გვენთო, ვთბებოდით, და მე რატომღაც, მთელი ჩემი ცხოვრების შესახებ მოვუყევი მას. ყურადღებით მისმენდა. სწორედ მაშინ ვთქვი გულში: „ეს ქალი ჩემი უნდა იყოს!“ და ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ მისი სიყვარული დამემსახურებინა. ცხრა წლით უფროსი ვიყავი ლიაზე. მას არ უნდოდა გათხოვება, მაგრამ მერე ალბათ დააფასა ჩემი კეთილშობილური დამოკიდებულება, დიდი სიყვარული მის მიმართ და ჩვენ დავქორწინდით.
- გადაღებისას ხელს არ გიშლიდათ ის ფაქტი, რომ საყვარელი ქალის ძმის როლს თამაშობდით?
- პირიქით, ესეც ერთგვარი სპექტაკლი იყო, შინაგანად, ჩემთვისაც და ლიასთვისაც, რადგან შორიდან ვათვალიერებდით ერთმანეთს, სანამ დავუახლოვდებოდით. ეს სისუფთავე ავსსებდა ბაში-აჩუკს, მის გმირობას და მეც ძალიან მშველოდა ეს პროცესი.
- მალე დაქორწინდით?
- ფილმის გადაღება 1956 წელს დაიწყო , 1958 წელს კი უკვე ერთად ვიყავით... არაჩვეულებრივი მეუღლე და პარტნიორი იყო. ერთი კარგი ჩვევა გვქონდა იმასაც და ლიასაც: გადასაღებ მოედანზე გვავიწყდებოდა, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით. თუმცა, ვერც სცენარისტებმა და ვერც რეჟისორებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს ჩვენი დუეტი. საზღვარგარეთ რომ ვყოფილიყავით, ალბათ, ამ დუეტზე ფილმი კი არა, ფილმები შეიქმნებოდა. სამწუხაროდ, შურის გრძნობამ თუ ჩვევამ ბევრი რამ დაგვაკლო და ლია ძალიან გულნატკენი წავიდა ამქვეყნიდან... ჩემი ლია იყო პირველი მსახიობი, რომელმაც ქართველი ქალის ინტელექტი წარმოაჩინა ეროვნულ კინოში. ხოლო ეპიზოდი ტელეფილმ „დათა თუთაშხიაში“ - პოლიციელები რომ შემოდიან და ლია იცავს დათას, ჩემთვის უმაღლესი მწვერვალია მსახიობური მწვერვალია მსახიობური ნიჭისა და თვისებებისა...
- თქვენს მიერ განსახიერებული როლებიდან მას რომელი მოსწონდა განსაკუთრებით?
- „ბაში-აჩუკი“ - თავისთავად, ვინაიდან ამ ფილმის დროს ჩაისახა ჩვენი სიყვარული... მაჰმუდი მოსწონდა ძალიან „მამლუქში“, აგრეთვე ეგზიუპერი „პატარა უფლისწულში“, კიაზო რეჟისორ დავით რონდელის „დაისში“... რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო?...
- მაყურებლის პოზიციიდან მინდა გითხრათ, რომ თქვენი მაჰმუდი დავით რონდელის ფილმში მართლაც არაჩვეულებრივია. სხვა მსახიობი თუ გასინჯეს ამ როლში?
- არა, სხვა არავინ გაუსინჯავთ. იცით, რა ხდებოდა? „ბაში-აჩუკის“ შემდეგ იმდენი მიწვევა მქონდა, რომ რეჟისორები მელოდებოდნენ როდის გავთავისუფლდებოდი, ფილმის „მე ვიტყვი სიმართლეს“ გადაღებები დამთავრებული არ მქონდა, რომ ბატონმა დავითმა მაჰმუდის როლზე დამამტკიცა... ღვთის წყალობით, რუსეთშიც არაერთხელ გამომიძახეს - წელიწადში ორ-სამ სურათზე მაკავებდნენ და, მართალი რომ გითხრათ, ძალიან ვიღლებოდი... სამაგიეროდ, არაჩვეულებრივ, საოცრად დიდ მსახიობებთან მიწევდა შეხვედრა. არასოდეს დამავიწყდება ფაინა რანევსკაია, გენიალური მსახიობი, რომელიც 84 წლის იყო და ამბობდა, ჯერ მსახიობი არ ვარო. მსახიობობა უძირო ჭაა, საიდანაც უნდა ზიდო ოსტატობა. მე ჩემი ცხოვრება არ მეყოფა ამისთვისო. ახალგაზრდობაში ვფიქრობდი, რა თქვა ამ ქალმა-მეთქი, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, რა ადვილია ახალგაზრდა მსახიობისთვის პრანჭვა-გრეხვა, ჭიპის გამოჩენა და რა ძნელია ჩემთვის, რადგან მართლა ძალიან ძლიერი მსახიობი უნდა იყო, ეს რომ გააკეთო. მახსოვს, მარჯანიშვილის თეატრში რომ მივდიოდი, ბებია მეკითხებოდა, „სად მიდიხარ, შვილო?“ „თეატრში მივდივარ, ბებო, სათამაშოდ“, - ვპასუხობდი. „ვაიმე, კიდე თამაშობ, შვილო?“ - მეტყოდა ხოლმე (იცინის)... ამიტომ, ბავშვები თამაშობენ, მე ვანსახიერებ როლს. მაგრამ დღეს უკვე ისევე ვფიქრობ, როგორც ქალბატონი რანევსკაია - ამოვზიდე კი ჭიდან მსახიობური ოსტატობა? ვერა, არ მეყოფა ცხოვრება ამისთვის. მე მინდა ეს გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა. არ შეიძლება ეკრანიდან თავის მობეზრება, ყველაფრის თამაში... ამას გარკვეული საფუძველი უნდა ჰქონდეს, კარგი დრამატურგია... მაგრამ ამავე დროს ვამართლებ მათ, რადგან არც დრამატურგია აქვთ და არც რეჟისურა ვარგა - რაზე უნდა გაიზარდონ?... აქვე გეტყვით, რომ ჩემი აზრით, საჭირო არ არის თეატრალური ინსტიტუტი ყოველწლიურად უშვებდეს მსახიობებსა და რეჟისორებს... არც კინოსტუდიის დირექტორი უნდა იყოს პროფესიით რეჟისორი. როგორც კი კინოსტუდიაში დირექტორად რეჟისორი მოვიდა, დაიღუპა კინოსტუდია, როგორც კი კინოკავშირში მოვიდა რეჟისორი, კავშირი დაიღუპა. დღეს კინო ბიზნესია - ასეა მთელ მსოფლიოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფულის მოგების გულისათვის შენი ერი შეურაცხყო. ამიტომ, ხელმძღვანელი უნდა იყოს იდეურად ძლიერი პიროვნება, რომელიც ფულსაც მოიზიდავს და არც ერის საწინააღმდეგო საქმეს გააკეთებს, ღირსებას არ დაუკარგავს მას. მე უკვე მზად მაქვს „დავით აღმაშენებლის“ ექვსი სერიის სცენარი, მაგრამ, სამწუხაროდ, სპონსორი ვერ მოვძებნე. რატომღაც ყველას უნდა, რომ ერთბაშად მოიგოს ფული. ვე რ გავიტანე ჩემი სიმართლე, რომ დღეს ეს ფილმი ძალიან სჭირდება საქართველოს. ბიზნესმენებმა, თითომ ათასი დოლარი რომ გაიღოს, საკმარისი იქნება ფილმის გადასაღებად, მაგრამ...
- თქვენმა საუბარმა რეჟისორ ლევან ხოტივარის ფილმი „მე ვიტყვი სიმართლეს“ გამახსენა, სადაც თქვენს გმირს, თქვენივე სახელი - ოთარი ჰქვია... ამჯერად ფილმზე საუბარს არ გთხოვთ, უბრალოდ, მაინტერესებს, გაგჭირვებიათ ცხოვრებაში სიმართლის თქმა?
- არა (პაუზა)... მაგრამ გინდა გითქვამს, გინდა - არა, ამ სიმართლეს გზა არ მისცემია, ისე, როგორც“ კონკრეტულ შემთხვევაში - „დავით აღმაშენებელს“ ვგულისხმობ...
- ისე, როგორც რეჟისორს, რამდენი ფილმი გაქვთ გადაღებული?
- თითქმის შვიდი ფილმი, რომლითაც მეტად საინტერესო ადგილი დაიკავეს კინოს ისტორიაში. კანის ფესტივალზე არცერთი მათგანი არ ყოფილა წარდგენილი (დღეს ესაა მოდაში), მაგრამ ფინანსურად საკმაოდ დიდი თანხა შემოიტანეს, თუნდაც, ფილმებმა: "ვინ არის მეოთხე“, „ელოდეთ მეკავშირეს“, „ვუნდერლანდი“ და ა.შ.
- დავუბრუნდეთ თქვენს სამსახიობო კარიერას და, თქვენის ნებართვცით, რეჟისორ თენგიზ აბულაძის „სხვისი შვილები“ გავიხსენოთ, სადაც მეტად საინტერესო გმირს ანსახიერებთ. თქვენი დათა გულისთქმას აყოლილი მამაკაცია... პირადად თქვენ როგორ მოქმედებთ ცხოვრებაში - გრძნობით თუ გონებით?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ბრძენი ვარ. ახალგაზრდობაში ემოცია სჭარბობდა ჩემში, ემოციური ვიყავი სიყვარულშიც, მოქმედებაშიც... მაგრამ, როგორც ჩანს, გონება ემზადებოდა იმისთვის, რომ კი არ ჩაეხშო ის ემოცია, არამედ თავისად გაეხადა. დღეს ისეთივე ახალგაზრდული ემოციები მაქვს, მაგრამ არა გონებას დაქვემდებარებული, არამედ, ეს ემოცია გულიდან გონებაში მიდის და მერე ხდება განსაზღვრა იმის, რაც უნდა გავაკეთო. რატომ ვამბობ ბრძენი ვარ-მეთქი? იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ბევრი რამ მომწიფდა ჩემში. ახალგაზრდამ უნდა გაიაროს ომი, შიმშიმლი, სიყვარული... მაშინ გახდება ბრძენი, უკვე 80 წლის ასაკში, ღმერთმა ყველას მიაღწევინოს ამ წლოვანებამდე. თუ ყველაფერი ეს გონების თაროებზე არ შემოდე და მერე, როცა დაგჭირდება, თაროდან არ ჩამოიღე და არ გაითვალისწინე, სიბრძნე სხვანაირად ვერ მოვა. ზემოდან რომ გადაიხედავ, სუფთა უნდა იყოს ჰორიზონტი, ნათელი... ეს არის სიბრძნე. ღმერთო დიდებულო, მე ეს სიბრძნე უფლის ძალით დამეუფლა (პირჯვარს იწერს)...
- ისე, რომელი კინოროლი წარმოაცენს ყველაზე უკეთ თქვენს თვისებებს, თუნდაც ხასიათს?
- ყველა როლი ჩემია - ჩემი ხასიათისა. ნებისმიერ ადამიანში ყველა თვისება და ხასიათია თავმოყრილი, მთავარია, რომელს მისცემს გზას, რომელს გააღვივებს. მსახიობის ოსტატობის საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ მოცემულ მომენტში სწორედ ის თვისება მოძებნოს საკუთარ თავში, რაც მის გმირს ახასიათებს. ამ მხრივ, ალბათ, მაინც უნდა გამოვყო შაჰ ქავუსი, რომელსაც ტაჯიკებთან ვიღებდი. კინეგაროვი იყო რეჟისორი. როცა ჰკითხეს, რატომ აიყვანე ოთარ კობერიძე ამ როლზეო, უპასუხა: იმიტომ, რომ ქართველია და ქართველები კი ძლიერები არიან სულით, გრძნობით, ზნე-ჩვეულებებითო... მისმა ნათქვამმა, და პლუს იმან, რაც საკუთარი თავიდან „ამოვქაჩე“, შექმნა ქავუსის როლი. იგივე ეგზიუპერი აიღეთ, „პატარა უფლისწულში“ - ფრანგები გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ. მაშინ ეგზიუპერის მეუღლე ცოცხალი იყო და ამბობდა: შემახვედრეთ ჩემს ქმართან, როგორ ჰგავსო.
- შეხვდით?
- რა თქმა უნდა... ჩამეხუტა და „სენტ, სენტ“-ო მეუბნებოდა. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს თავის ფილმში ებრაელი რაბის როლში გადამიღო ჩემი გიას მეგობარმა, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს. თავადაც ებრაელია, გვარად ბერიძე. აქაც დიდი შინაგანი გარდასახვა დამჭირდა, მაგრამ მოვძებნე ყველა საშუალება ჩემში, ბევრ რამეს ჩემს ებრაელ მეგობრებს დავესესხე, გადავხარშე ყველაფერი და მინდა გითხრათ, რომ ჩემს კინოგალერეაში ამ როლმა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დაიკავა.
- ფილმს რა ჰქვია?
- „კაგებე - წმინდა ანგელოზები“ და 1952 წელს მოსკოვის „კაგებეს“ მიერ ებრაელების დარბევის ფაქტს ეხება. ფილმის გასინჯვა უკვე იყო, ბელგიაში უჩვენეს ებრაელებს, ისრაელში... მალე, ალბათ, ქართველ მაყურებელსაც ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა.
- ვლადიმერ ვისოცკისთან შეხვედრას როგორ გაიხსენებთ, ბატონო ოთარ?
- ვალოდია მაშინ სულ ახალგაზრდა იყო, 19-20 წლის. ერთად გვიღებდნენ ფილმში „713 ითხოვს დაჯდომას“. მახსოვს, როგორი საოცარი შემართებითა და თავდადებით მუშაობდა. ყოველ დილით, გადაღებაზე წასვლის წინ ნომერში მირეკავდა და ახალ ლექსს მიკითხავდა. გადაღებები ძირითადად ღამით გვქონდა და სულ ვეკითხებოდი „როდის მოასწარი ლექსის დაწერა?“ ვალოდია სიცილით არიდებდა პასუხს თავს: დამპატიჟე საუზმეზე და გეტყვიო. უნიჭიერესი ბიჭი იყო, მაგრამ სვამდა.
ერთ-ერთ ეპიზოდში მისთვის უნდა გამერტყა. გადაღებისას გარტყმის ილუზიას ვქმნიდი. მოვიდა ჩემთან და მითხრა: გამეტებით გამარტყი, მე ღირსი ვარო. ერთი კარგად გავულაწუნე და ... გადაღება რომ დამთავრდა, მადლობა მომიხადა და დაამატა: მამილო, შენს გარდა ამის უფლებას მივცემდიო... რატომღაც ასე მომმართა...
- თქვენ არა ერთი ცნობილი ადამიანი გიწევდათ პარტნიორობას - კლაუდია კარდინალე, პიტერ ფინჩი, ბრან პაუერი, შონ კონერი - ქართველებზე რომ არაფერი ვთქვათ... განსაკუთრებით რომელს გამოარჩევდით მათ შორის?
- პიტერ ფინჩს, რომელიც „წითელ კარავში“ ექსპედიციის კაპიტნის როლს ასრულებდა. მე ვნახე იგი ოსკარ უაილდის როლში და გავგიჟდი, ისე ბრწყინვალედ ითამაშა. ამ როლისათვის „ოსკარიც“ მიიღო. „წითელი კარვის“ გადაღებისას ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ერთხელ მითხრა: ოთარ, მე ვიცი, როგორ არის სიყვარული ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად... უბრალოდ ვუთხარი. „ქართულად როგორ არისო? მიყვარხარ-მეთქი, - უბრალოდ ვუთხარი. „როგორ?“ - კიდევ მკითხა. მეც ხელახლა გავუმეორე. „ეს რა მითხარი, ოთარ, მი-ყვა-ყვა... ეს ხომ არწივების სიყვარულის, მი-ყვა-ყვა“ და დილით ადრე რომ დგებოდა „მი-ყვა-ყვა, ოთარ“-ო მეუბნებოდა (იცინის). ნაბადი ვაჩუქე და მითხრა: ბანტს გავიკეთებ, ნაბადს წამოვისხამ და ინგლისელებთან ისე გამოვცხადდებიო. საუბედუროდ, ვერ მოესწრო, გარდაიცვალა. ლოს-ანჯელესში გადაღებისას კიბეებიდან დაგორდა, გული გაუსკდა და მოკვდა. თბილისში მინდოდა მისი ჩამოყვანა, მაგრამ...
- ისე, რა არის სიყვარული, თქვენი აზრით, ბატონო ოთარ? რა ფერისაა იგი თქვენთვის?
- სიყვარული საოცრებაა!.. უფრო კონკრეტულად მის ასახსნელად სიტყვები არ მეყოფა - საამისოდ ღარიბია ჩემი ენა... ალისფერია, იგი ჩემთვის... ალი თუ არ მოედო ადამიანს, სიყვარულს ვერ განიცდის, შიმშილი თუ არ გადაიტანა ალმოდებულმა, ვერ იგრძნობს სიყვარულს, თუ არ იომა მამაკაცმა - ალმოდებულმა, ვერ შეიგრძნობს უდიდეს აღმაფრენას... ალბათ, ასეთი ახსნა თუ შეიძლება სიყვარულისა, ჩემს ალისფერში... ალი მიყვარს ძალიან - საოცრად მამშვიდებს ბუხრის ალი და ზღვის ტალღები...
- ცხოვრებას რა გიადვილებს?
- საღი თანამოაზრე...
- და ბოლოს, ბატონო ოთარ, რა გექნებათ სათქმელი ჩვენი საუბრის დასასრულს?
- სათქმელი ბევრია, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი - ღირსებას გავუფრთხილდეთ! ღირსება, რომელიც ჩვენში არის. მაგრამ, სამწუხაროს, კუჭქვეშაა მოქცეული და ამოზიდვა სჭირდება გულამდე, გონებამდე... ღირსება გადაარჩენს ჩვენს ერს!
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
გაზეთი „TV პროგრამა“
№ 13 (544), 3-9 აპრილი, 2006