შოთა ნოზაძე

ორმოცდაათი წელი კინოში

 

20-იან წლებში კახეთის ერთ პატარა სოფელში ვცხოვრობდი.

ერთხელ, მე და ჩემი მეგობარი სკოლოდან შინ ვბრუნდებოდით, კლუბთან გაკრულ აფიშაზე წავიკითხეთ, რომ „პროჟექტორში“ უჩვენებდნენ კინოსურათ „სურამის ციხეს“.

მართალია, უკვე მოზრდილი ბიჭები ვიყავით, მაგრამ პირველად ნანახმა კინომ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მე და ჩემი მეგობარი ბევრს ვმსჯელობდით „პროექტორზე“, გვიკვირდა, როგორ მოძრაობდნენ უსულო ადამიანები კედელზე გაკრულ თეთრ ტილოზე, მაგრამ ჩვენი გონება ვერ  ჰაროლბოდა კინოს ამ საიდუმლოებას...

მალე სამუდამოდ გამოვემშვიდობე კახეთს და ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ ხაშურში გავაგრძელე სწავლა.

ქალაქში ცხოვრებამ საშუალება მომცა მენახა „სამი სიცოცხლე“, „ხანუმა“, „ორი მონადირე“ და სხვა ქართული ფილმები. ხშირად გადიოდა საზღვარგარეთული კინოსურათებიც, რომლებშიც მონაწილეობდნენ: ჩარლი ჩაპლინი, ჰაროლდ ლოიდი, მერი პიქფორდი, დუგლას ფერბენქსი და სხვები. აგრეთვე ძალიან მომწონდა იგორ ილინსკი, მიხაილ ჩეხოვი, მოსკვინი, მალინოვსკაია...

30-იანი წლების ახალგაზრდობა და საერთოდ, კინომოყვარულები კარგად იცნობდნენ ქართული საბჭოთა კინოხელოვნების ფუძემდებელ რეჟისორებს: ივანე პერესტიანს, ალექსანდრე წუწუნავას, მიხეილ ჭიაურელს, ნიკოლოზ შენგელაიას, ლეო ესაკიას, სიკო დოლიძეს, დავით რონდელს... ასევე კარგად იცნობდნენ ქართველ კინოვარსკვლავებს: ნატო ვაჩნაძეს, თამარ ბოლქვაძეს, ალექსანდრა თოიძეს, კოტე მიქაბერიძეს, მიხეილ გელოვანს, აკაკი ხინთიბიძეს, სიკო ფალავანდიშვილს, დიმიტრი ყიფიანს...

იმ ხანად ძნელად თუ მოიძებნებოდა ახალგაზრდა, რომელიც კინომსახიობობაზე არ ოცნებობდა, გამონაკლისი, ცხადია, არც მე გახლდით. როგორც ხშირად ხდება  ხოლმე, ჭაბუკები კინოში ნანახ მსახიობებს ვბაძავდით, ვცდილობდით, სახიფათო ტრიუკები გაგვეკეთებინა, დავდევდით ერთმანეთს, „ვიჭერდით“, „ვატუსაღებდით“, „ვკლავდით“.

ანცობით თავს ვირთობდით და ამას „კინოში თამაშს“ ვეძახდით. ერთხელ, სკოლაში ჩემმა  თანაკლასელებმა - გიორგი გიკაშვილმა, გელა მაჭავარიანმა, ლეო თომაძემ, რომლებიც „ჟანდარმების როლში“ გამოდიოდნენ, განიზრახეს ჩემი „დატუსაღება“. წინ მე გავრბოდი, ისინი მომდევდნენ, მეორე სართულზე ავირბინე, დერეფანში, მარჯვნივ გავუხვიე და ჩიხში მოვემწყვდიე.  გასასვლელი არსად იყო. კუთხის ოთახში შევირბინე. ფანჯარა ღია იყო და მეც ელვის სისწრაფით ავხტი რაფაზე, კარნიზს გავყევი, ღარს ხელი ჩავჭიდე, რათა პირველ სართულამდე ჩავყოლოდი და თავისთვის მეშველა, მაგრამ...

თუნუქის მილი მოძვრა, ხელში შემრჩა და მეორე სართულიდან მიწაზე ზღართანი მოვადინე... ფეხი მოვიტეხე...

ფეხი დიდხანს მქონდა თაბაშირში, შემდეგ ყავარჯნით დავდიოდი.

1930 წელს თბილისში ჩამოვედი, ელექტროტექნიკუმში გამოცდები ჩავაბარე, მიმიღეს, საერთო საცხოვრებელში ბინა მომცეს, სტიპენდიაც დამინიშნეს.

ბევრი მეგობარი გავიჩინე, ერთი მათგანი იყო ლევან ღუდუშაური, შემდეგში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კრივში, შესანიშნავი ახალგაზრდა, განათლებული, ჭკვიანი. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით სავარჯიშო დარბაზში, სადაც იშვიათი ადამიანი და პედაგოგი, კოწო ბადრიძე გვავარჯიშებდა, მე ჭიდაობით ვიყავი გატაცებული.

ერთხელ ლევან ღუდუშაურმა მითხრა: „სახკინმრეწვში“ კინომსახიობთა კურსები იხსნება, წავიდეთ, ბედი ვცადოთო. მე შევყოყმანდი, იგი არ მომეშვა და დავთანხმდი.

„სახკინმრეწვში“ დანიშნულ დღეს მივედით და რას ვხედავთ? უამრავი ახალგაზრდა, ქალიშვილი და ჭაბუკი შეკრებილა, ზოგიერთის ჩაცმულობა და თმის ვარცხნილობა მეტად სასაცილო იყო (იმ დროსაც იყვნენ მოდას ბრმად ადევნებული გოგო-ბიჭები).

ვაჟების მეტი ნაწილი ჩოხა-ახალუხში და ქამარ-ხანჯლით დამშვენებული მოსულიყო, იერემია წარბას და ტარიელ მკლავაძეს ბაძავდნენ.

ერთი ახალგაზრდა ისე გათავხედებულიყო, ცხენზე ამხედრებული დაჯირითობდა „სახკინმრეწვის“ წინ...

თვალს ვადევნებდი ამ მომავალ „კინოვარსკვლავებს“ და ვფიქრობდი, თუ ღმერთი გაწყრა და მიმიღეს, ნუთუ ამ შერეკილ ხალხთან მომიხდება სწავლა და მუშაობა-მეთქი.

უცებ, ჩემი სახელი და გვარი შემომესმა მეორე სართულის ფანჯრიდან.

სწრაფად ავირბინე კიბე და კარი მორიდებით შევაღე. მაგიდას ხუთი კაცი უჯდა. ორი მათგანი ვიცანი - კინოფილმებში მყავდა ნანახი - მსახიობი სიკო ფალავანდიშვილი და კაკო ხინთიბიძე. გამომკითხეს გვარი, სახელი სად ვცხოვრობდი, რას ვსაქმიანობდი, და ა.შ. ყველაფერზე პასუხი მშვიდად გავეცი.

რეჟისორმა გიორგი მაკაროვმა, რომელმაც მშვენივრად იცოდა ქართული ენა, ეტიუდი მომცა:

- ახალგაზრდავ, აი, იმ საწერი მაგიდის უჯრაში თქვენი პირადი საბუთებია - პასპორტი, პირადობის მოწმობა. იქვეა დიდი რაოდენობის ფული, რომელიც მამათქვენს ეკუთვნის. გინდათ ამხანაგებთან ერთად საზღვარგარეთ გაიპაროთ. ისინი ქვევით გელიან. საბუთები და ფული უნდა მოიპაროთ და ოთახიდან გახვიდეთ... არ დაგავიწყდეთ, რომ მამათქვენი მთვრალია და აი, აქ, სადაც ჩვენ ვზივართ, სძინავს.

ყველაფერი გასაგები იყო, მაგრამ რაღაც შეუცნობელი შინაგანი ღელვა ვიგრძენი. თითქოს შიშმაც კი შემიპყრო, მაგრამ რას ვიზამდი? „აბა, დაიწყეთ“ - შემომესმა რომელიღაცის ხმა.

მე გარეთ გავედი, ორიოდე წუთის შემდეგ ეტიუდის შესრულება დავიწყე.

კარი ფრთხილად შემოვაღე, მაგიდისაკენ გავემართე... თვალებდაქაჩული ხშირად ვიყურები „მამის“ საწოლისაკენ. მაგიდასთამ ნივედი, უჯრა ფრთხილად გამოვაღე და ...

მაგიდაზე კაკუნი მესმის. ეს რაღაცის ნიშანი იყო, ინტუიციით მივხვდი, რომ „მამა“ საწოლზე შეირხა ან დაახველა...

კაკუნის ხმაზე უმალ მაგიდასა და სკამს შორის ჩავიმალე... რამდენიმე წამის შემდეგ თავი ამოვყავი, უჯრა გამოვაღე, საწოლისაკენ ვიყურები, „საბუთები და ფული“ ჯიბეში ჩავიწყვე, კარებამდე მივედი და ...

- კარგია, კმარა! - მომაძახეს აქეთ-იქიდან და იქვე გამომიცხადეს - მიღებული ხართ, სწავლა პირველი სექტემბრიდან იწყება, მეცადინეობა საღამოს იქნებაო.

მადლობა სიხარულით წავილუღლღე, ყველას გამოვემშვიდობე და კიბეზე კისრისტეხით დავეშვი.

პირველი სექტემბრიდან დილით ტექნიკუმში დავდიოდი, საღამოს კი ვისმენდი. სააქტიორო კურსებზე ლექციებს ვისმენდი. დაგვირიგეს მოწმობებიც, რომლითაც კინოთეატრებში უფასოდ დავდიოდით ფილმების სანახავად.

ახლაც სიამოვნებით ვიგონებ ჩვენი კურსების შესანიშნავ ლექტორებს: შალვა ნუცუბიძეს, კონსტანტინე კაპანელს, ვახტანგ კოტეტიშვილს, კოტე მიქაბერიძეს, ეს უკანასკნელი კინომსახიობის ტექნიკას გვასწავლიდა.

რამდენჯერმე შევხვდით ნატო ვაჩნაძეს,  მიხეილ გელოვანს, აკაკი ხინთიბიძეს და სხვებს, რომლებიც გვესაუბრებოდნენ კინოს დიდ მომავალზე და ქართული კინოს გასვლაზე საერთაშორისო არენაზე. სამწუხაროდ, ამ კურსებმა მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება, იგი დახურეს. რა იყო ამის მიზეზი, ჩვენთვის საიდუმლოდ დარჩა.

მე ჩემს ტექნიკუმში გავაგრძელე სწავლა.

1933 წლის მაისში სოხუმში პრაქტიკას გავდიოდი.

ერთ მშვენიერ დღეს ჩაფიქრებული, მხარზე ბრჭყალებგადაკიდებული მივაბიჯებდი ზღვის ნაპირზე, სასტუმრო „რიწას“ მივუახლოვდი, სადაც ტელეფონის საკონტროლო ბოძი იდგა.

ფეხებზე „ბრჭყალები“ გავიკეთე, ღვედიც მოვიმარჯვე და ბოძზე ფრთხილად ავედი. საქმეს რომ მოვრჩი, ის-ის იყო ბოძიდან ჩამოსვლა დავაპირე, სასტუმროს აივნიდან ვიღაცის გამჭოლი მზერა ვიგრძენი. მივიხედე, ამ დროს ცალი „ბრჭყალი“ დამიცურდა, ჰაერში შევტორტმანდი. „ფრთხილად, ბიჭო, არ ჩამოვარდე“, - მომაძახა უცნობმა.

მე მოხერხებულად შემოვტრიალდი. აივნიდან სანდომიანი, წარმოსადეგი კაცი მიყურებდა.

- ნუ დარდობთ, ბატონო, თუ ჩამოვვარდები, ამ მადლიან მიწაზე დავეცემი-მეთქი, - მივუგე ღიმილით.

იგი კვლავ დაჟინებით მომცერებოდა.

- რა გვარი ხარ, ბიჭო? - შემეკითხა.

ვუპასუხე. ბოძიდან აუჩქრებლად ჩამოვედი. კაცმა ხელით მანიშნა და ჩამომძახა, თუ დრო გაქვს, ცოტა ხნით სასტუმროში ამოდიო.

ვიფიქრე, ალბათ ტელეფონი თუ აქვს გასასწორებელი-მეთქი და სასტუმროში შევედი, მასპინძელი გამომეგება. ოთახში სხვებიც იყვნენ, რომლებიც რაღაცაზე გაცხარებული კამათობდნენ. ჯერჯერობით ჩემთვის ვერ მოიცალეს. მე ტელეფონი შევამოწმე, კარგად მუშაობდა...

...მათი საუბრიდან ის გავიგე, რომ ამ ჩემს მომპატიჟებელს სიკო ერქვა, ცოტა ხნის შემდეგ ისისც გავიგე, რომ თბილისიდან სოხუმში ჩამოსულა ვირაც ალექსანდრე დოვჟენკოსთან, რომელიც აქ ისვენებდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ამ ბატონმა სიკომ ჩემთვისაც მოიცალა, მომიბრუნდა და თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით, მეგობრულად გამომესაუბრა.

მისი ზოგიერთი შეკითხვა მეუცნაურა. შეყვარებული თუ გყავსო, კინოში თუ გინდა თამაშიო. გამეღიმა და მხრები ავიჩეჩე, ერთგვარად უხერხულად ვიგრძენი თავი.

მამა ბუნდოვნად მახსოვს, დედა კი მყავს-მეთქი, მივუგე.

(აქვე მინდა აღვნიშნო, კინორეჟისორი სიკო დოლიძე იყო მეტად ჰუმანური პიროვნება, ახალგაზრდობის შესანიშნავი მეგობარი, ხშირად მატერიალურადაც ეხმარებოდა მცირეხელფასიან თანამშრომლებს).

ბატონი სიკო მაგიდასთან მივიდა, ბარათი დაწერა, გადმომცა და მითხრა: თბილისში რომ ჩახვალ, „სახკინმრეწვში“ მიდი, ნახე რეჟისორი ვახტანგ შველიძე და ეს წერილი გადაეცი. მე ცოტა შემაგვიანდება, თბილისში რომ ჩამოვალ, აუცილებლად ჩემთან გამოცხადდიო.

გამოვემშვიდობე და წამოვედი.

მესამე დღეს სოხუმის ფოსტა-ტელეგრაფის ხელმძღვანელებთან ანგარიში გავასწორე; გამოვართვი ცნობა, დახასიათება და თბილისს გამოვემგზავრე.

მატარებლის მონოტონურ ხმაურში ოცნებისა და ფიქრების ზღვაში გადავეშვი... მაშინ ვერ ვგრძნობდი, რომ რთულ და ძნელ გზაზე შევდგი ფეხი.

მას შემდეგ, რაც ჩვენი ორსართულიანი სახლი ოციოდ წუთში ხანძარმა შთანთქა, მამა გარდამეცვალა და წლების მანძილზე მთელი ოჯახი უბინაოდ დავრჩით, გულში ჩავითქვი, მშენებელი ინჟინერი გამოვალ, მამის ნაფუძარზე სახლს ავაშენებ და კერას არ ჩავაქრობ-მეთქი...

ბავშვური ოცნება იყო, რომანტიკული... ცაში კიბემიდგმული, მაგრამ ამ კიბის ბოლოს მივაღწევდი, თუ უფსკრულში გადავიჩეხებოდი, არ ვიცოდი...

ასეთ ფიქრებში ჩაძირულს მკვდარივით ჩამეძინა. ხალხის ხმაურმა მცხეთაში გამომაღვიძა. ჩქარა ჩემს თბილისში ვიქნები-მეთქი, გავივლე გულში... მაგრამ რა ჩემი თბილისია? თბილისში სახლი მე არა მაქვს და კარი...

 მატარებლიდან ჩამოვედი თუ არა, მაშინვე „სახკინმრეწვისკენ“ გავეშურე.

ვახტანგ შველიძე, რომელიც სიკო დოლიძესთან მეორე რეჟისორად მუშაობდა, ღვთისნიერი კაცი აღმოჩნდა. ძალზე თბილად მიმიღო. ბარათი წაიკითხა და მითხრა - სიკო დოლიძე იწყებს ფილმის „უკანასკნელი ჯვაროსნების“ გადაღებას, ფილმში არის ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი... ბევრი ახალგაზრდა მსახიობი გავსინჯეთ. სიკო მწერს, რომ თქვენც გადაგიღოთ ფირზე სასინჯადო. მეორე დღეს „სახკინმრეწვის“ ბაღში ოპერატორმა ალექსანდრე დიღმელოვმა გადამიღო სინჯი. რამდენიმე დღეში სიკო დოლიძეც ჩამოვიდა სოხუმიდან. გადაღებული მასალა ეკრანზე უნახავთ, მოსწონებიათ. როლზე დამამტკიცეს. ხელშეკრულება დამიდეს საფიქრებელი მომემატა.

 გადამღები ჯგუფი ექსპედიციაში წასასვლელად ემზადებოდა. იყო ერთი ფაციფუცი, იკერებოდა კოსტუმები, იძებნებოდა რეკვიზიტი, დაკომპლექტდა ჯგუფი, მაგრამ არ ჰყავდათ მთავარი როლის შემსრულებელი. მისი ძებნა დიდხანს გრძელდებოდა.

სანამ ყველაფერი მოგვარდებოდა, მე კაკო კვანტალიანს მიმაბარეს, რომელიც ამ ფილმში ერთ-ერთ კომიკურ როლს თამაშობდა. იგი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო, კინოში მასაც პირველად უნდა ეთამაშა, ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ დროს მაინც პოულობდა, რათა მსახიობობაში ცოტათი მაინც გავეწვრთენი. ჯერ ერთად წავიკითხეთ სცენარი, მერე ეტიუდებს მაკეთებინებდა. მაძლევდა წიგნებს წასაკითხავად, ერთი სიტყვით, აკ.კვანტალიანი იყო ჩემი პირველი პედაგოგიც, მეგობარიც და შემდგომ პარტნიორიც.

თავისუფალი დროც მქონდა. დავდიოდი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ვაკვირდებოდი ჩემთვის უცხო კინო სამყაროს, იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ ფილმებში მენახა.

შემდეგ კი ბედნიერება მხვდა წილად, შევხვედროდი და ახლო გავცნობოდი პირველთაობის იმ მუშაკებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართულ საბჭოთა კინოხელოვნებას. მათგან დღეს ცოცხალი აღარავინაა, მაგრამ მათი ნათელი მოგონება მუდამ წინ მიდგას, როგორც შრომისა და ბრძოლის სიმბოლო. ხშირად მინახავს და მომისმენია მათი საუბარი, სჯა-ბაასი, კამათიც კი, რაც ყოველთვის თეატრსა და კინოხელოვნებას ეხებოდა...

უნდა ვაღიარო, მაშინ მათი კამათისა არაფერი მესმოდა... ჩემდა გასაკვირად, ზოგიერთი მათგანი დროს პოულობდა, თავს გვიყადრებდა და ჩვენთან ფეხბურთსაც კი თამაშობდა, რაც უცნაურად მეჩვენებოდა. მაგონდება ერთი შემთხვევა: ბიჭები ბურთის სათამაშოდ მივდიოდით. კოლია შენგელაია შემოგვხვდა - მე ახლა არ მცალია თქვენთან წამოსასვლელად, მომიგორეთ ეგ ბურთი, ერთს დავარტყამ და მერე წადითო. აბა, უარს როგორ ვეტყოდით, მივუგორეთ, ერთხელ, ორჯერ... და...

უცებ ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა ჰაერში და მეორე სართულზე, დირექტორის მოადგილის, ერასტი ხაჩიძის კაბინეტის ფანჯარა ჩაამსხვრია. კოლიამ დამალვა ვერ მოასწრო. დამსხვრეული ფანჯრიდან თავგამოყოფილმა ხაჩიძემ ჩამოსძახა: „რას შობი, კოლია, ბოვში გახდი?“ დიახ, კოლია შენგელაია, გარდა იმისა, რომ დიდი შემოქმედი იყო, რომელზედაც ბევრი დაწერილა, ბავშვთან ბავშვი დიდთან დიდი. საუკეთესო ორატორი, პოეტი და როგორც საერთოდ ცნობილის, ერუდირებული პიროვნება გახლდათ.

1942 წელს ჩრდილო კავკასიის ფრონტზე ვიბრძოდი, ძმისგან წერილი მივიღე. მატყობინებდა: „ვიცი, ძალიან გეწყინება, მაგრამ რას იზამ, უნდა შეეგუო, კოლია შენგელია გადაღების დროს გარდაიცვალა, გულმა უმტყუნა.“

უღვთო იყო მისი სიკვდილი. მას კიდევ ბევრი რამ შეეძლო გაეკეთებინა კინოხელოვნებაში.

აქვე მინდა მოვიგონო სიკო ფალავანდიშვილთან შეხვედრა, რომელსაც კინოსტუდიის სულსა და გულს ეძახდნენ. ნიჭიერი კინომსახიობი, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, გულისხმიერი ადამიანი - ასე დაახასიათა იგი მსახობმა კირილე მაჭარაძემ.

ორიოდე კვირის მისული ვიყავი კინოსტუდიაში. ფალავანდიშვილი იღებდა ფილმს „ჟუჟუნას მზითევი“. ერთ დღეს მიმიხმო და მითხრა - პატარა ეპიზოდში მინდა გადაგიღო, თუ დრო გაქვს, უარს ნუ მეტყვიო. სიხარულით დავთანხმდი. მეორე დღეს, გადამღებ ჯგუფთან ერთად სოღანლუღში, მტკვრის ნაპირზე შერჩეულ გადასაღებ ობიექტზე მივედით.

 რთული არაფერი ყოფილა, საფანტიანი თოფიდან უნდა გამესროლა, რათა ყრუ-მუნჯს დაენახა, რომელსაც კაკო ხინთიბიძე თამაშობდა. ეს იყო და ეს.

ორი დუბლი გადაიღეს, ფალავანდიშვილმა მადლობა მითხრა.

მე თავისუფალი ვიყავი, მაგრამ მთელი დღე მათთან დავრჩი, რეკვიზიტის გადატან-გადმოტანაში ვეხმარებოდი. მუშაობას თვალს ვადევნებდი.

იმ ხანად ოპერატორი პოლიკევიჩი უკვე კარგა ხანდაზმული იყო. უჭირდა კამერის ზიდვა.

კარგად მახსოვს, როგორი მზრუნველობით ეპყრობოდა ფალავანდიშვილი თავის მოხუც ოპერატორს, ერთხელ ზურგზედაც კი შეისვა და გადაიყვანა მდინარის მეორე ნაპირზე. გამოვიდა გამოღმა და ახლა კამერას დაავლო ხელი, წყალში შეტოპა, მორევმა ჩაითრია, შეტორტმანდა, კინოაპარატი მაღლა ასწია, წყალი ყელამდე სწვდებოდა. საშიშ ადგილს ძლივს გასცდა და ნაპირზე გამოვიდა.

პოლიკევიჩი შიშმა შეიპყრო, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, კამერა, გადამღები აპარატი რომ წყალში ჩავარდნოდა, ყველაფერი დაიღუპებოდა.

... შემდეგ მოხდა საშინელი ამბავი, რომელიც დღემდე მწარედ მახსოვს.

იმ დღეს კინოსტუდიაში ჯგუფში უნდა შემევლო, რადგან ვალდებული ვიყავი, ყოველ დღე გამოვცხადებულიყავი.

რევოლვერის ხმამ სტუდია შეაზანზარა, ვიღაც კიბეზე ჩარბოდა და შეშფოთებული ყვიროდა - უბედურება მოხდა, უბედურება მოხდაო. მეც მოვბრუნდი და გამოვედევნე. ყველა შემთხვევის ადგილისაკენ გარბოდა. მივედი და რას ვხედავ: ხის მორზე სიკო ფალავანდიშვილი სულს ღაფავდა. პირიდან სისხლი სდიოდა, რევოლვერი იქვე ეგდო.

იქ იყვნენ რეჟისორები - გიორგი მაკაროვი, მიხეილ ჭიაურელი, შემდეგ მოვიდნენ ნინო ღოღობერიძე, კოტე მიქაბერიძე, ლეო ესაკია, სიკო დოლიძე, ალექსანდრე დიღმელოვი, აკაკი ხინთიბიძე, დავით კანდელაკი...

ყველანი დამწუხრებულნი დაჰყურებდნენ მომაკვდავს, რომლის შველა უკვე აღარ შეიძლებოდა.

კარგად მახსოვს, მიხეილ ჭიაურელმა მუჭი გაუხსნა და ხელიდან სამი წერილი ამოუღო.

იქვე გავიგეთ: ერთი ბარათი ბრმა მამის სახელზე დაუწერია, მეორე წერილი ინტიმური ხასიათისა იყო, ვიღაც ქალის სახელზე, ხოლო მესამის შინაარსი დღემდე უცნობია...

არ ვიცი, რამ მიიყვანა იმ ზომამდე, რომ თავისთავს ასეთი სასტიკი განაჩენი გამოუტანა. ჩემი თვალით ნანახმა საშინელებამ ისე იმოქმედა, რომ გადავწყვიტე კინოსტუდია მიმეტოვებინა და იქაურობას გავცლოდი, მაგრამ ხელშეკრულება ამის უფლებას არ მაძლევდა. ხოლო შემდეგ ისეთი ძვრები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ სამუდამოდ დავუკავშირდი კინემატოგრაფიას, სადაც უკვე 50 წლის მანძილზე ვმუშაობ და როცა მაგონდება უდროოდ წასული ადაამიანები, გული სევდით მევსება.

„ახალი ფილმები“, საქართველოს სსრ  სახკინოს საინფორმაციო სარეკლამო-საგამომცემლო გაერთიანება „საქინფორმკინო“. რედაქტორი: სალომე ნიკოლეიშვილი. 1986, №10, გვ.21-23