ლანა ღოღობერიძე . ცხოვრება კინოში, ცენზურა, აკრძალვე-ბი... და ჩემი პირველი ფილმები 

 

                                                                                                                                                                                                                                                                            კინო – ეს ფერწერაა, რომელიც, ამავე დროს, 

კონსტრუირებულია როგორც მუსიკა... 

ჟან-ლიუკ გოდარი 

         1957 წელს დაიწყო ჩემი კინოცხოვრება, უკიდურესად დამუხტული, მოულოდნელობებით სავსე ცხოვრება, გაზავებული აღმაფრენითა და სასოწარკვეთით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით, ეს საოცრად საინტერესო, გიჟური არსებობა, რომელიც ადამიანისგან ყოველდღიურ თავგანწირვას მოითხოვს. 

      კინოში ჩემი სულ პირველი გამოცდილება მარცხის უმწვავეს განცდასთან არის დაკავშირებული. ჩამოვედი თბილისში საკურსო ფილმის გადასაღებად, ჩამოვიტანე მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარი, დაწერილი ჩემი პირადი გამოცდილების საფუძველზე, ლირიკული ეტიუდი, სადაც აისახა ჩემი სიყვარული ზღვის მყუდრო ყურის და ჩუმი ლიძავის მიმართ. და მე ვფიქრობ, ამ პირადი ინტონაციის გამო, რომელიც იმ დროს საკმაოდ უცხო იყო საბჭოთა კინოსთვის, მან გერასიმოვის და მთელი კათედრის გაკვირვება და მოწონება დაიმსახურა. მომავალ ფილმზე მუშაობა მოსკოვშივე დავიწყე. გატაცებით დავწერე სარეჟისორო სცენარი. ლადომ, რომელიც ყველა ჩემი მოგონების თანამონაწილე იყო, გააკეთა ჩანახატები – ე.წ. რასკადროვკები: ზღვის ყურე, ოქროსფერქვიშიანი სანაპირო, გოგო და ბიჭი, ნავით გადაკარგულნი უსასრულო ზღვაში... და მე, ჩემი აზრით, უკვე გამზადებული ფილმით, – ყურში მედგა მიხეილ რომის ფრაზა: ფილმი მზად არის, საჭიროა მხოლოდ მისი გადაღება – ჩამოვედი თბილისში და გულუბრყვილო ენთუზიაზმით მოცული გამოვცხადდი სტუდიის დირექტორთან, გ.გ.-სთან. მან ირონიული ღიმილით გამომართვა სცენარი, წაიკითხა გერასიმოვის დასკვნა, დაუფარავად ჩაიცინა და, როცა მეორე დღეს მივედი პასუხისთვის, ჩემთვის უკვე ნაცნობი დამცინავი ღიმილით მითხრა: თქვენ ფიქრობთ, 

251 

საკმარისია ჩასვა ნავში გოგო და ბიჭი, გაუშვა შუა ზღვაში, და ეს უკვე დრამატურგიაა? – ეს ვერდიქტი იყო, რომელთან შებრძოლებაც სრულიად ამაო გამოდგა. მე ის აღვიქვი, როგორც პირველი ცდის თუ პირველი სიყვარულის გაწბილება, თუმცა მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ ამგვარი მარცხი, ძირითადად, მოსკოვიდან მომდინარე, არაერთი მექნებოდა მომავალში.

ხანმოკლე ზაფხულის ნაცვლად, სტუდიაში შემომთავაზეს ფილმის გადაღება რომელიმე ტაძრის შესახებ. მე გელათი ავირჩიე. დავიწყე მასალის შესწავლა და თანდათან მთელი არსებით ჩავეფალი გარდასულ დროთა იდუმალებით განმსჭვალულ ატმოსფეროში, რომელიც ქართლის ცხოვრების ყოველ ფურცელზე ცოცხლდებოდა ჩემ თვალწინ. ვცდილობდი, მდიდარი ისტორიული მასალიდან ამერჩია ის, რასაც ემოციური და სუბიექტური ხასიათი ჰქონდა. დავით აღმაშენებელი, მისი გალობანი სინანულისანი... ეს აღმოჩენა იყო. დიდი მეფე, დამპყრობე-ლი და ქვეყნის გამაერთიანებელი, მისი ძლიერების სიმბოლო, მეფე, რომელსაც მადლიერმა ხალხმა აღმაშენებელი შეარქვა, სიცოცხლის ბოლოს გვევლინება სინანულის უკეთილშობილესი განცდით განწმენ-დილ პოეტად! საოცარია მისი სიტყვები, მიმართული გელათის მონას-ტრისადმი: ხოლო დამრჩა მონასტერი, სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულოდ და წარმყუა მისთვისმცა ტკივილი სამარადისო. და მე შევეცადე ფილმი გელათზე მექცია დავით აღმაშენებლის, ამ მის მიერ აგებული ტაძრისა და მისი ქვეყნისადმი სიყვარულის ნოველად.

ცნობილია, რომ დავითი, მისივე ანდერძის თანახმად, დაასაფლავეს ტაძრის შესასვლელში, რათა მისი სურვილისამებრ ყველას მის მკერდზე გაევლო. და ფილმში ჩემთვის ცენტრალურად იქცა ასეთი ეპიზოდი: მოდიან ადამიანები, ბევრნი, ძალიან ბევრნი, მათ სხვადასხვა ეპოქის ფეხსაცმელი აცვიათ, უსასრულოა მათი დინება, მოდიან და აბიჯებენ დავითის საფლავს. საუკუნე ცვლის საუკუნეს და ჩვენ თვალწინ იცრიცება, ცვდება და ბოლოს, ქრება კიდეც წარწერა ქვაზე... 

252 

გელათის მერე გადავიღე კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი – თბილისი-1500. აქაც ვეძებდი პიროვნულ, სუბიექტურ ინტონაციას და ამ ფიქრებში, ბარათაშვილის სტრიქონები ამომიტივტივდა: ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი, მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი... მტკვარი – თბილისის მემატიანე, მრავალ დროების მოწამე... ასე გადავწყვიტე თბილისის ამბის თხრობა მტკვრისთვის დამეკისრებინა...

ამ ორი ფილმით დავიცავი ვგიკში დიპლომი წარჩინებით და უკვე საბოლოოდ დავბრუნდი თბილისში. მერე არჩილ სულაკაურთან ერთად დიდი გატაცებით დავწერე სცენარი მისი ნოველის – ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფვიან – მიხედვით. სცენარი მიიღეს. ვემზადებოდი მისი გადაღებისთვის. ვღელავდი, ვინაიდან მასში ჩემი ზნეობრივი და ესთეტიკური პრინციპები იყო ჩადებული. სამი გმირი, მათი დაძაბული ურთიერთობა, ომი, როგორც ფონი, რომელსაც ვერ ვხედავთ და რომელიც ამწვავებს და აძლიერებს განცდებს, ისევ ზღვა, ნავი, ტალღები, რომლებიც ნაპირისკენ მიისწრაფვიან... და კინემატოგრაფიული ფორმის ძიება – ორი სიზმარი, გოგოსა და ბიჭის ორი ხილვა, რომლებიც უცნაურად ემთხვევა და ავსებს ერთმანეთს და რომლებიც სინამდვილის კონტრაპუნქტად გვევლინება (მაშინ ჯერ არ იყო გადაღებული ივანეს ბავშვობა, სადაც ტარკოვსკიმ, პირველად საბჭოთა კინოში, სიზმარი თუ ხილვა აქცია რეალობაზე გამარჯვების საშუალებად). ფილმი უკვე ჩაშვებული იყო წარმოებაში, ვარჩევდით მსახიობებს, სადაცაა გადაღება უნდა დაგვეწყო, და ამ დროს ჩამოვიდა თბილისში მოსკოვის კულტურის სამინისტროს კომისია, რომელმაც აკრძალა სცენარი, როგორც პაციფისტური და არაპატრიოტული – ცხადია, იგულისხმებოდა საბჭოთა პატრიოტიზმი!

დაიშალა თანამოაზრეებისგან შედგენილი და ენთუზიაზმით სავსე ჯგუფი, გადაიყარა წყალში მთელი წლის თავაუღებელი მუშაობა და ამ კონკრეტულ ფილმთან დაკავშირებული ყველა სწრაფვა, მიგნება, ოცნებაც კი. 

253 

ვიჯექი სახლში, მარტო, და სრული შეგრძნება მქონდა, რომ სიცოცხლე დამთავრდა.

მაგრამ გავიდა ხანი და გონების რომელიღაც კუნჭულში ამოძრავდა ფიქრი: რა ვქნა, რა გავაკეთო, რომ არ დავკარგო ჩემთვის გამოყოფილი ადგილი წარმოებაში? ახალი სცენარის დაწერას ვერაფრით ვერ მოვასწრებდი. უცებ მეხსიერებაში ამოტივტივდა ლეო ქიაჩელის თავადის ქალი მაია, რომელიც ადრიდანვე მხიბლავდა ქალის ძლიერი სახით და განცდათა სიმძაფრით. ბავშვობაში განცდილიც გამახსენდა: ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე ყოველდღე ვხედავდი ახალგაზრდა ქალს, რომელიც მიუყვებოდა ნაპირს, მარტოდმარტო, მუდამ ერთნაირად შავებში ჩაცმული, თავზე შავივე მოსახვევით, ყველასა და ყველაფრისგან მოწყვეტილი; მიდიოდა და ზღვას გასცქეროდა... მოგვიანებით, როდესაც თავადის ქალი მაია წავიკითხე, მაშინვე ის ქალი დამიდგა თვალწინ და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ის სწორედ მაია იყო, ზღვასთან და სიკ-ვდილთან შესახვედრად გამოსული. ბავშვობიდან ჩაბეჭდილმა ამ ხატმა გადამაწყვეტინა ქიაჩელის ნოველის გადაღება. მაშინ დამებადა აზრი, გამეკეთებინა კრებული ნოველებისა, რომლებიც ერთი თემით იქნებოდა გაერთიანებული: ქალი და დრო. ამ თემას ეხმიანებოდა არჩილ სულაკაურის მტრედები. მესამე ნოველა – ფრესკა – რამდენიმე დღეში დავწერეთ არჩილმა და მე.

დღესაც უდიდესი ნოსტალგიით მახსენდება გადაღების პროცესი, როცა ყველანი ახალგაზრდები ვიყავით და ერთნაირად შთაგონებულნი ფილმზე მუშაობით. დღევანდელი თვალით ნათლად ჩანს, რამდენად შესანიშნავი იყო ჩვენი ჯგუფი: ოპერატორი – ლევან პაატაშვილი, მხატვარი – კოკა იგნატოვი, კომპოზიტორი – რეზო ლაღიძე; მსახიობები: ლიანა ასათიანი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, თენგიზ არჩვაძე, ზეიკო ბოცვაძე, კირა ანდრონიკაშვილი...

ანაკლია, ზღვის უმშვენიერესი სანაპირო, ქვიშა, რომელზედაც ყო-ველ დილას სხვადასხვაგვარი, უაღრესად დახვეწილი მაქმანების მსგავსი მოხატულობა აღიბეჭდებოდა ხოლმე. ჩვენ მოჯადოებულებივით

254 

შევცქეროდით ამ საოცარ ნახატებს, მაგრამ მეორე დღეს ის სრულიად იცვლიდა სახეს და ჩვენც, როგორც ნამდვილი ფანატიკოსები, დავდევდით ზღვისა და ქვიშის ამ ამოუცნობ თამაშებს. როგორც კი გათენდებოდა, ლევანი, კოკა და მე გავდიოდით ზღვის პირას და საათების განმავლობაში ვეძებდით ქვიშაზე ხაზების განსაკუთრებულ განლაგებას. ბოლოს, როცა ვიპოვიდით ისეთ ნახატს, რომელიც ჩვენს ესთეტიკურ მოთხოვნილებას ემთხვეოდა, ვეძახდით ჯგუფს. მერე დგებოდა ღრუბლების ჯერი: რაღაც, ასევე ყველასთვის აუხსნელი კრიტერიუმით ველოდით მომენტს, როცა ღრუბლები ჩვენთვის სასურველ ფორმას მიიღებდა, და მხოლოდ მაშინ ვიწყებდით გადაღებას. დღეს ჩემს გაოცებას იწვევს, რა მოთმინებით იტანდა მთელი ჯგუფი ჩვენს ახირებებს, და კიდევ – მიკვირს ის განუსაზღვრელი მატერიალური შესაძლებლობები, რომელიც მქონდა ამ პირველი მხატვრული ფილმის გადაღებისას. მაგალითად, უნდა გადაგვეღო რთული პლანი, როდესაც სანაპიროზე, გასროლის მერე, დაბნეული და შეშინებული ხალხი გარბის სხვადასხვა მიმართულე-ბით. აი, ამ პლანის გადასაღებად სპეციალური შეკვეთით გავაკეთებინეთ ათმეტრიანი ამწე, რომელიც ტრიალებდა თავისი ღერძის გარშემო და, იმავდროულად, ეშვებოდა ქვემოთ. შემოვსხედით ამწეზე ლევანი და მე, ის ეშვებოდა დაბლა და ტრიალებდა, და ჩვენ კამერის ამ მართლაც უჩვეულო მოძრაობით გადავიღეთ რამდენიმე დუბლი პლანისა, სადაც კადრში 500-ოდე დაფეთებული ადამიანი ირეოდა და ბოლოს, როცა ჩვენ სულ დაბლა ჩამოვედით, სანაპირო უკვე სრულიად დაცარიელებული იყო.

ფილმის ცენტრალური ეპიზოდი – სახალხო დღესასწაული უამრავი ხალხით, კარვებით, ცხენებით, ურმებით, ეპიზოდი, სადაც კულმინაციას აღწევს მაიას ვნება – შურისძიების წყურვილი – უნდა გადაგვეღო ღამით ზღვის პირას, სანაპიროზე. ეს ეპიზოდი ჩაფიქრებული მქონდა, როგორც მაიას გრძელი, დაძაბული გავლები. ამისთვის გვჭირდებოდა გრძელი, მიხვეულ-მოხვეული ლიანდაგი და ურიკა. ამ ურიკაზე დაყენებული კამერა უნდა დასდევნებოდა მაიას, რომელიც მიარღვევს მოცეკვავე, მომღერალ,

255 

ღვინით აღტყინებულ ხალხს, რათა იპოვოს ამბაკო და გაგზავნოს ის კარავში მისი მოღალატე შეყვარებულის მოსაკლავად. მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ზღვის პირას ღამით ასეთი გრანდიოზული მასოვკის გადაღება კამერის რთული მოძრაობით, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. და მაშინ გაჩნდა თავხედური იდეა – გადაგვეღო ღამის მთელი სცენა კინოსტუდიაში, ე.წ. დიდ პავილიონში, რომელიც მართლაც უზარმაზარი იყო. აი, ამ პავილიონში სატვირთო მანქანებით მოვზიდეთ ქვიშა, – წარმოიდგინეთ, რამდენი! – ლევანმა პავილიონის ჭერზე ააშენა განათების საოცარი ქსელი, გადაღების მოედანი ავავსეთ ადამიანებით, ურმებით, კარვებით, ცხენებით... და, ბოლოს და ბოლოს, შევუდექით გადაღებას! და, სხვათა შორის, არასოდეს არავის უფიქრია, რომ მაიას ტრაგედია თამაშდებოდა დახურულ სივრცეში, დიგებით განათებულ პავილიონში და არა მღელვარე ზღვის თვალუწვდენელ სანაპიროზე.

ლევან პაატაშვილი უკვე მაშინ იყო თავის საქმეს შეწირული შემოქმედი. მისმა პერფექციონიზმმა, ანუ მუდმივმა მისწრაფებამ სრულყოფისკენ და უკმაყოფილებამ მიღწეულით, ასეთი ანეკდოტი წარმოშვა: ლიოვა გარდაიცვალა, კუბოში წევს. უცებ თავს წამოყოფს და აღშფოთე-ბული დაიძახებს: Разве это доски? Разве это гроб?

ერთ-ერთი გადაღებისას იმდენი უძახა ოთარ მეღვინეთუხუცესს: ეს თითი – ოდნავ მარჯვნივ, ოდნავ მაღლა, ოდნავ მარცხნივ... და მერე: – თმა – ცოტათი გვერდზე, ახლა ცოტა უკან, ახლა ცოტა წინ... რომ ახალგაზრდობაში თავისი სიფიცხით ცნობილმა ოთარმა კიდევ კარგა ხანს ითმინა, ლევანისადმი პატივისცემის გამო, ბოლოს წამოხტა და გააფთრებული ყვირილით: – მოგკლავ, ბარსეგოვიჩ! – ეცა დასახრჩობად გრიმიორს, რომელმაც საერთოდ ვერ გაიგო, რა ხდებოდა მის თავს.

კოკა იგნატოვი მაშინ სულ პატარა ბიჭი იყო, 22 თუ 23 წლისა, მაგრამ მას უკვე ჰქონდა ჭეშმარიტი მხატვრის ყველა თვისება. ამას წინათ ვნახე ფილმისთვის გაკეთებული მისი ესკიზები და ნახატის სიზუსტემ და შესრულების მანერის დახვეწილობამ მაფიქრებინა, რომ უკვე იმ ადრეულ ნამუშევრებში იგრძნობა მომავალი ბრწყინვალე პანოების ავტორი. მახსენდება

256 

კინოცხოვრებისთვის დამახასიათებელი ასეთი პარადოქსი: ზაფხულში ვერ მოვახერხეთ მაიას თვითმკვლელობის გადაღება, შეუმჩნევლად დადგა ნოემბერი, ანაკლიაში აცივდა და ჩვენ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით: სიცივის მიუხედავად, სასწრაფოდ უნდა გადაგვეღო მაიასა და დაფინოს ზღვაში შესვლისა და მაიას დახრჩობის სცენა, რადგანაც სულ ცოტა ხნის მერე ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა. ამ ეპიზოდის გადასაღებადაც სპეციალური ესტაკადა ავაშენეთ, რომელიც ღრმად შედიოდა ზღვაში, ესტაკადაზე დავდგით ლიანდაგი და ურიკა და იქიდან ვიღებდით მაიას ზღვაში შესვლას. ზღვა ცივი იყო, საშინლად ცივი. ლიანა და ციცინო ციციშვილი გათოშილები იდგნენ ნაპირზე და ჭეშმარიტი მსახიობური თავგანწირვით სვამდნენ არაყს, რათა შიგნიდან მაინც გამთბარიყვნენ და შესაძლებელი გამხდარი-ყო თვითონ აქტი ზღვაში შესვლისა და... მაიას დახრჩობისა. ბევრი წვალების მერე გადავიღეთ აუცილებელი დუბლები, რამაც ნამდვილი შვება მოგვგვარა! და რაც მთავარია, ამ ექსპერიმენტის მერე მსახიობებს სურდოც კი არ შეჰყრიათ.

ლიანა ასათიანი, მისი მომნუსხველი და საბედისწერო სილამაზე! მე ვგრძნობდი, რომ მის სახეში და შინაგან სამყაროში ბევრად მეტი სიმ-დიდრე იმალებოდა, ვიდრე ამას იმდროინდელი ფილმები აჩვენებდნენ. სილამაზე, როგორც ბედისწერა, რომელიც ცაში ატყორცნას ან უფსკრულში გადაჩეხას ჰპირდება იმას, ვინც მიუახლოვდება, რაც, ჩემი გაგებით, სრულად ეხმიანებოდა მაიას არსს.

ვფიქრობ, რომ ლიანამ ზუსტად შეძლო ლეო ქიაჩელის გმირის შავ-ბნელი ვნებების გადმოცემა. ის მოდიოდა სახალხო დღესასწაულის შუაგულში თუ ზღვის უკაცრიელ სანაპიროზე, თან მოჰქონდა თავისი ვნებების სიმძაფრე, თავისი გაწბილებული სიყვარული და შურისძიებისა და მასში ჩახლართული სასოწარკვეთის უმწვავესი განცდა, საიდანაც ერთადერთი ხსნა სიკვდილი იყო.

ოთარ მეღვინეთუხუცესი – მაშინ სულ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული მსახიობი, სრულიად განსაკუთრებული ფიზიკური

257 

მონაცემებითა და მსახიობური ინდივიდუალობით, სერიოზული, თავის თავში ჩაღრმავებული და გაშმაგებამდე ფიცხი. მასთან მუშაობამ ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ზიარების არაერთი წუთი მარგუნა, და არა მარტო მაშინ, ჩვენი ახალგაზრდობის წლებში, არამედ ბევრად უფრო გვიანაც, როცა მან მოხუცი პროფესორის როლი ითამაშა ფილმში ორომტრიალი.

თავადის ქალი მაიას მერე დადგა მტრედების ჯერი. ავირჩიეთ ობიექტი ჯავახიშვილის ქუჩაზე და ზამთრის რამდენიმე თვით ამ სახლის სახურავზე დავსახლდით. და როგორც ცოტა ხნის წინ ზღვის სანაპიროზე, ისე ახლა სახლის სახურავიდან ლევანი, კოკა და მე საათობით ვარჩევდით თბილისის განსაკუთრებულ ხედებს და ჩვენთვის სასურველ განათებას ველოდებოდით. საინტერესო იყო, როგორ უცებ შეიცვალა თვალთახედვა: ახლა სამყაროს მხოლოდ ზემოდან დავცქეროდით და ეს ძალიან უჩვეულო და სახალისო იყო. დღეს ისიც მიკვირს, რა თვინიე-რად გვიტანდნენ იქაური მცხოვრებლები, გვიტანდნენ კი არა, როცა განსაკუთრებით ცივი დღე დგებოდა და ჩვენ ნამდვილად ვიყინებოდით სახურავზე, სახლში გვეძახდნენ და ჩაითაც კი გვიმასპინძლდებოდნენ.

მერე იყო ფრესკა, გადაღების ობიექტი – ლადოს პირმშო და სიამაყე, იმ დროს მშენებარე სპორტის სასახლე, გურანდა გაბუნია და თენგიზ არჩვაძე მთავარ როლებში, მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული ფრესკა.

დასრულდა ფილმის გადაღება, მე წავედი ფილმის ჩასაბარებლად მოსკოვში. და იმ დღიდან დაიწყო ჩემი გაუთავებელი, ხან აშკარა და ხან შეფარული ბრძოლა საბჭოთა ცენზურასთან. ფილმის მიღების პროცესი ერთ თვეს გაჭიანურდა, ბოლოს თვით კულტურის მინისტრი – ეკატერინა ფურცევა – მოვიდა სურათის სანახავად. ახლა ძნელი გასაგებია, რა იწვევდა ჩვენი ცენზორების ასეთ აღელვებას, რას ვერ ეგუებოდნენ ამ ნამდვილად აპოლიტიკურ ფილმში. ის კი ცხადი იყო, რომ რისხვის მთავარი ობიექტი პირველი ნოველა იყო, რომ გაღიზიანებას თვით სიტყვების ეს შეთანხმება – თავადის ქალი მაია და ამ თავადის ქალის არასაბჭოთა ვნებები იწვევდა; თუმცა ვერც მტრედებში ხედავდნენ ჭეშმარიტ 

258 

საბჭოთა პატრიოტიზმს. ეს ეჭვები მთელი თვე გრძელდებოდა. სულ ახალ-ახალი კომისიები, და სულ უფრო და უფრო მაღალი რანგისა, ნახულობდნენ ფილმს და ვერც ერთი ვერ ბედავდა დამოუკიდებლად გადაეწყვიტა მისი ბედი. ასე, ბუნებრივად, მივედით ფურცევამდე. და აქ მოხდა საოცარი რამ: კულტურის მინისტრთან ერთად ფილმის სანახავად მოვიდა მისი მრჩეველი ლევ არნშტამი, ცნობილი საბჭოთა რეჟისორი (მოგვიანებით არნშტამი ჩემი ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი გახდა), და უცებ თითქოს სუფთა ჰაერი შემოიჭრა ბიუროკრატიის დახუთულ ატმოსფეროში. არნშტამმა ჩამომართვა ხელი, შემომხედა ყურადღებიანი, ნაღვლიანი და ძალიან თბილი მზერით, დამიჯდა გვერდით და ერთბაშად გაქრა მთელი თვის დაძაბულობა, გაურკვევლობის დამანგრეველი გრძნობა.მე ისიც კი დამავიწყდა, რომ ბრალდებულის სკამზე ვიჯექი და, პირველად, მოსკოვში ჩასვლის მერე, სულ თავისუფლად ვიგრძენი თავი. ფილმის ნახვის მერე გაიმართა კეთილგანწყობილი, დაინტერესებული საუბარი, რომელშიც ფურცევა ჩაერთო, – მერე მითხრეს, რომ არნშტამს მართლაც დიდი გავლენა ჰქონდა მასზე, – და მოხდა სრული შემობრუნება: აღარ იდგა საკითხი მიღება-არ მიღების შესახებ, დაიბეჭდა ფილმის 1000 ასლი, ისკუსსტვო კინოში გამოქვეყნდა საქებარი რეცენზია, სათაურით ტრიპტიქი დროის შესახებ, კინემატოგრაფისტთა ყრილობაზე კავშირის მაშინდელმა თავჯდომარემ ივან პირიევმა წლის შემაჯამებელ მოხსენებაში ასე შეაფასა ჩემი მოსვლა კინოში: Голос у нее молодой, но очень уверенный, сильный, романтический.

მთელი ამ თავგადასავლების მერე გამგზავნეს გდრ-ში, ბერლინში, ფილმის პრემიერაზე. ეს კი ნამდვილად მოულოდნელი იყო! პირველად ვიყავი საზღვარგარეთ, ძალიან ვღელავდი, დაინტერესებულ გერმანელ კინემატოგრაფისტებთან ერთად ვიჯექი დარბაზში, სადაც რამდენიმე წუთში უნდა დაწყებულიყო ფილმი, ჩაქრა სინათლე და უცებ... ჯერ ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა, ეკრანზე მეორე ნოველის – მტრედების კადრები გამოჩნდა და გაისმა, შუიდან, რეზო ლაღიძის მელოდია – მუსიკა ნოველებს აერთიანებდა და ამიტომ, მექანიკური გაჭრის შედეგად ისიც 

259 

დამახინჯებული აღმოჩნდა – ეს შემზარავი იყო! წამოვხტი, ავვარდი საპროექციოში, მექანიკოსმა ვერ გაიგო, რა მინდოდა. დავხედე კოლოფებს, ეჭვი არ იყო, ფილმი პირდაპირ მტრედებით იწყებოდა! დღესაც არ ვიცი, როგორ შედგა ეს ძალადობის ანონიმური აქტი, ის კი ნათელია, რომ კინოჩინოვნიკებმა შური იძიეს ფილმზე, რომლის მიღებაც არ უნდოდათ, დაასახიჩრეს, როგორც ცოცხალი ადამიანი, და ასე გამგზავნეს სხვა ქვეყანაში, პრემიერაზე. დარბაზში აღარ შევბრუნებულვარ, გამოვედი გარეთ, დავდიოდი ბერლინის მაშინ ჯერ კიდევ ჩაბნელებულ ქუჩებში, ბოლოს, მივედი სასტუმროში, სადაც დამხვდნენ აღელვებული და შეწუხებული მასპინძლები და მეც იძულებული ვიყავი წავყოლოდი რესტორანში, სადაც ისინი ძალიან ცდილობდნენ, ეთქვათ კარგი სიტყვები ჩემი უცნაურად შემოკლებული ფილმის შესახებ. 

ასე სევდიანად დასრულდა ჩემი პირველი საზღვარგარეთული პრემიერა.

მერე ჩემი პირველი ფილმით მიმიწვიეს სემინარზე კინემატოგრაფისტთა სახლში – ბოლშევოში, მოსკოვის მახლობლად. ეს იყო საბჭოთა კინოში დამკვიდრებული ერთი მშვენიერი ტრადიცია, რომელიც სრულ კონტრასტს ქმნიდა იდეოლოგიურ ჩარჩოებში მომწყვდეულ კინოცხოვრებასთან, უფრო სწორად, ცალკე იყო იდეოლოგია, ცენზურა, აკრძალვები და ცალკე – ახალგაზრდა რეჟისორთა შეხვედრები, მათი ახალი ფილმები, გაუთავებელი ბჭობა და კამათი ცალკეულ სურათებსა და კინოს გზებზე, კინოენაზე, ანუ ყველაფერი ის, რაც თავისთავად ანგრევდა იდეოლოგიით დადგენილ ნორმებსა და კანონებს; ყველაზე პარადოქსული კი ის იყო, რომ ამ შეხვედრებს თვით ხელისუფლება აწყობდა! ბოლშევოში ჩემმა სურათმა, განსაკუთრებით თავადის ქალმა მაიამ, დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიშნავდნენ მასობრივ სცენებს, კამერის საინტერესო მოძრაობას, რთულ ტრაველინგებს. მტრედებში ყურადღება მიიპყრო სახურავიდან გადაღებულმა ქალაქის წრიულმა პანორამებმა, შოსტაკოვიჩის მუსიკის ფონზე, რომლითაც სრულდებოდა ყოველი დღე და იწყებოდა ახალი.– მე თვითონ ძალიან მიყვარდა ლევან 

260 

პაატაშვილისა და ჩემი ეს საერთო მიგნება... მაგრამ ყველაზე ამაღელვებელი იმ პირველი სემინარიდან ანდრეი ტარკოვსკისთან – ამ სრულიად უნიკალურ რეჟისორთან და პიროვნებასთან – შეხვედრა აღმოჩნდა. ტარკოვსკისაც იმ სემინარზე თავისი პირველი ფილმი ჰქონდა ჩამოტანილი, ივანეს ბავშვობა, რომელიც სულ ჩქარა საბჭოთა კინოსთვის საეტაპო ნაწარმოებად იქცა. ნერვიული, დაფიქრებული, მღელვარე, მოუსვენარი, უცნაური, – სერიოზული ლაპარაკის დროს შეეძლო ქოში უეცრად ზემოთ ესროლა და ქვემოთ ჩამოვარდნილისთვის ვირტუოზულად შეეშვირა ფეხი, – და მაინც, მას მაშინაც კი, ახალგაზრდობაში უკვე აჩნდა ტრაგიზმის დაღი. ჩვენ პირველი დღიდანვე დავმეგობრდით, ერთად ვისხედით ფილმის ჩვენებისას თუ სასადილოში, მერე საათობით ვსეირნობდით და ვლაპარაკობდით... კინოზე, ჩვენს მომავალ ფილმებზე, კინოს განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე. ანდრეისთან, კინოს ამ თავგადაკლულ ენთუზიასტთან, საუბრები თავბრუდამხვევი იყო და, ვინაიდან მე სემინარის ერთადერთი ქალი ვიყავი, ეს ჩვენი მუდმივად ერთად ყოფნა საყოველთაო ეჭვიანობას იწვევდა.

უკანასკნელად ანდრეის 1986 წელს შევხვდი პარიზში. ვიცოდი, რომ განუკურნელი სენით იყო ავად. ჩასვლისთანავე დავურეკე. შევთანხმდით, რომ სენ-ჟერმენის მოედანზე შევხვდებოდით, კაფე ო დე მაგო-ში. ძალიან ვღელავდი, დროზე ადრე მივედი, ის კი უკვე იქ დამხვდა. კუთხის მაგიდასთან იჯდა, გამხდარი, თითქოს დაპატარავებული, ნაცრისფერი და მე, ჩემი მწარე გამოცდილებით, მაშინვე დავინახე მოახლოებული აღსასრულის დაღი. ის კი მისთვის ჩვეული თავაზიანობით წამოდგა, გადამეხვია, გამიღიმა, და არ ვიცი, მომეჩვენა თუ მართლა მოუწყლიანდა თვალები. მერე დიდხანს ვისხედით და ვლაპარაკობდით. გავიხსენეთ ჩვენი პირველი შეხვედრა, ბოლშევო, მისი ჩამოსვლები თბილისში, თბილისის მაყურებლის არაჩვეულებრივი აღფრთოვანება მისი ფილმებით. მე ვეუბნებოდი, როგორ გულწრფელად და უანგაროდ უყვართ ის ჩვენთან. ანდრეი ხალისით ჩაერთო ლაპარაკში. იცი, მეც 

261 

თბილისი და საქართველო რაღაც განსაკუთრებით მიყვარსო, ალბათ ამიტომაც მხვდებაო გულზე პასტერნაკის სიტყვები:

Мы были в Грузии. Помножим 

Нужду на нежность, ад на рай, 

Теплицу льдом возьмем подножьем 

И мы получим этот край...(ჩვენ თვალწინ იყო საქართველო. გადააჯაჭვეთ ედემის ბაღი და ქვესკნელი, ტკბილი და მწარე,მზიან სათბურებს ყინულების კაბა ჩააცვითდა თქვენ მიიღებთ ამ ღვთიურ მხარეს...) 

საღამოვდებოდა. სენ-ჟერმენის მოედანზე ლამპიონები აინთო. კაფეს წინ ვიღაცა ჩარლი ჩაპლინს ასახიერებდა. ანდრეი წამოდგა. დავემშვიდობეთ ერთმანეთს, გამიღიმა, ხელი დამიქნია და წავიდა – მძიმედ, გაჭირვებით. გადაჭრა მოედანი და ბულვარს აუყვა ზემოთ. 

ჩარლი ჩაპლინი მომიახლოვდა და ჩარლის ცილინდრი გამომიწოდა. 

მე სენ-ჟერმენზე მიმავალ ანდრეის გავცქეროდი და სრული განცდა მქონდა, რომ ვხედავდი, როგორ მიდიოდა ის სიკვდილთან შესაყრელად.

1964 წლის 17 თებერვალს დაიბადა ქეთი, мой первенец, светлый и страшный, როგორც ძალიან ზუსტად და ხატოვნად ამბობს მარინა ცვეტაევა. 

პირველ ფილმს მოჰყვა მუშაობა ახალ სცენარზე და ცხოვრებისეუ-ლი სიუჟეტის კიდევ ერთი დრამატული შემობრუნება: ამჯერად თამაზ ჭილაძემ და მე დავწერეთ სცენარი მისი რომანის მიხედვით – შუადღე. ამ რომანმა განსაკუთრებით თავისი რთული კონსტრუქციით მომხიბლა: სიუჟეტი ორი პარალელური ხაზით ვითარდებოდა – მთავარი გმირის ამბავი იკვეთებოდა ბარაბას ბნელი ვნებებით დატვირთული ისტორიით. კიდევ ერთხელ სცენარში ჩადებული მქონდა ჩემი პირადი განცდები, 37 წლიდან გამოყოლილი გამოცდილება: მთავარ გმირსაც ჩემსავით უმშობლებო ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი და ის ახლა, ჩვენ თვალწინ უბრუნდებოდა ცხოვრებას.

ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი 

262 

სცენარიც მიიღეს, ფილმი ჩაუშვეს წარმოებაში, მე უკვე მსახიობებს ვარჩევდი, და უცებ, ისევე როგორც ტალღების შემთხვევაში, სურათი აკრძალა მოსკოვის კომისიამ! როგორც ზოგადსაკაცობრიო იდეების მქადაგებელი, ანუ ანტისაბჭოთა! ისევ დამეუფლა სრული სიცარიელისა და დასასრულის აუტანელი განცდა, მაგრამ აღარ შევუდგები ჩემი იმდროინდელი განცდების აღწერას, ვინაიდან განმეორებული ტრაგედია, მართლაც რომ, შეიძლება ფარსად მოეჩვენოს მკითხველს.  განმეორდა ისიც, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა მაინც გაფაციცებით დავიწყე გამოსავლის ძებნა, რადგანაც ვერ წარმომედგინა არსებობა ფილმზე მუშაობის გარეშე. ასე გადავიღე მე ვხედავ მზეს, სურათი, რომელიც არ იყო ჩემთვის საავტორო ფილმი, ანუ არ გამოხატავდა იმას, რაც დაგროვდა ჩემში მთელი ცხოვრების განმავლობაში და აუცილებლად მინდოდა მეთქვა, და რომელმაც, ამავე დროს, ბევრი ბედნიერი წუთი მარგუნა და, მათ შორის, უპირველესი – ნოდარ დუმბაძესთან უმჭიდროესი ურთიერთობა! ის მართლაც საოცარი პიროვნება იყო – ყურადღებიანი, დაკვირვებული, სიღრმისეულად თავმდაბალი, სადა, თან იუმორის ისეთი მძაფრი გრძნობით გასხივოსნებული, რომ მასთან ერთად ყოფნა ყოველთვის შეუწყვეტელ, ხშირად თავაწყვეტილ სიცილ-ხარხარად იქცეოდა ხოლმე. ფილმის ოპერატორი ტიტო კალატოზიშვილი იყო, ჩემთვის – თანამოაზრე და მეგობარი, მუსიკა – მძაფრი და რიტმულად დაძაბული – ფილიპე ღლონტმა დაწერა.

დაიწყო მსახიობთა შერჩევის წარმტაცი ხანა. ყველაზე ძნელი, ცხადია, ხატიას პოვნა იყო. მოდიოდნენ გოგონები – ათობით, ასობით, ლამაზები, მომხიბლავები, მაგრამ არც ერთი არ ჰგავდა ხატიას, ანუ იმას, ვისაც ნათელი ედგა თავზე და ვინც შინაგანი მზერით ხედავდა მზეს. და აი, ერთ დღეს ასისტენტმა მოიყვანა კიდევ ერთი გოგო. ის ჩუმად შემოვიდა ოთახში, გაჩერდა მაგიდის წინ და შემომხედა... და მე უეცრად თვალნათლივ დავინახე, რომ მისი დიდი, ლურჯი თვალები ვერ ხედავდნენ ვერაფერს, ვერაფერს, მზის და ალბათ კიდევ სოსოიას გარდა. ეს ლეილა ყიფიანი იყო, რომელიც იმდენად დაემთხვა ჩემს წარმოდგენას 

263 

ნოდარ დუმბაძის გმირზე, რომ მაშინვე შევწყვიტეთ ხატიას ძებნა და ეს არამსახიობი გოგონა ყოველგვარი სინჯის გარეშე დავამტკიცეთ ურთულეს როლზე.

1966 წლის 1 მარტს დაიბადა ნუცა და იმავე დღეს დედა უმწვავესი ტკივილებით წაიყვანეს საავადმყოფოში. მე ვგრძნობდი, ვხვდებოდი, ვიცოდი, რომ ახლოვდებოდა აღსასრული. 

დედა გარდაიცვალა 31 ოქტომბერს, საშინელი წვალების მერე. დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი პერიოდი – ორი პატარა შვილით და უდედოდ.

 ფრაგმენტები წიგნიდან "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება"
გამომცემლობა ,,ფავორიტი პრინტი’’

 2018