ლანა ღოღობერიძე. სერგო ფარაჯანოვი და როგორ დავკარგეთ მისი საკვირველი სახლი მთაწმინდაზე
80-იანი წლების დასაწყისში, არ მახსოვს ზუსტად, რომელ წელს, დაიჭირეს სერგო ფარაჯანოვი, სერჟიკა, როგორც მას ყველა ვეძახდით. ამ დროს ფარაჯანოვს უკვე გადაღებული ჰქონდა თავისი შედევრები – დავიწყებულ წინაპართა ჩრდილები და ბროწეულის ფერი – ფილმები, რომლებსაც არავითარი პოლიტიკური მესიჯი არ ჰქონდა, მაგრამ ისეთი გამოსხივება იყო სილამაზისადმი მიდრეკილი თავისუფლების სულისა, რომ უკვე ამით კატეგორიულად უარყოფდა ტოტალიტარული რეჟიმის თვით არსებობის ფაქტს. ეს მშვენივრად ესმოდათ ამ რეჟიმის წარმო-მადგენლებს და ამიტომ ფილმების ავტორს დროდადრო ციხეში ამ-წყვდევდნენ, სხვადასხვა ყოფითი ბრალდებით. ჩვენ, მისი მეგობარი რეჟისორები, ძალიან ვღელავდით, ვინაიდან, როცა ის საქართველოში დააპატიმრეს, უკვე აღარც ახალგაზრდა იყო და ჯანმრთელობაც შერყეული ჰქონდა. ამიტომ, როცა ერთ დღეს ბუცა ჯორბენაძემ გადმომცა სერჟიკას ციხიდან დანაბარები – რამე მიშველეთ, აქ ყოფნას ნამდვილად ვეღარ გავუძლებო, მაშინვე გადავწყვიტე შევარდნაძესთან მისვლა. მიმიღო, როგორც ყოველთვის, იმავე დღეს. მღელვარე საუბარი გამოგვივიდა. მე ყველა არგუმენტი და ყველანაირი ემოცია მოვიშველიე, რათა დამერწმუნებინა შევარდნაძე, რომ არ შეიძლებოდა იმ შეთითხნილი ბრალდებებით ამ დიდი მხატვრის ციხეში გაჩერება. შევარდნაძე შუბლშეჭმუხნილი მისმენდა, ბოლოს მითხრა, რომ ფარაჯანოვი მის გარეშე, მოსკოვის კაგებეს უშუალო დირექტივით დააპატიმრეს, რომ ის თვითონაც დარწმუნებულია, რომ ასეთი რეჟისორი დაპატიმრებული არ უნდა იყოს და რომ ის ყველაფერს მოიმოქმედებს მის გასათავისუფლებლად. ცეკადან იმედიანად გამოვედი, გარეთ ბუცა მელოდებოდა... ამ საუბრის მერე ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სერჟიკა ციხიდან გამოუშვეს. ის გამოვიდა ფიზიკურად მოტეხილი, მაგრამ ისეთივე გიჟმაჟი,
344
ბობოქარი, წინააღმდეგობრივი, როგორიც იყო ყოველთვის. გამოვიდა იმისათვის, რომ თავიდან დაეწყო თავისი ცხოვრების შეთხზვა. ცხოვრებისა, რომელიც აღსავსე იყო ნათელი და ბნელი ვნებებით და სადაც ყველაფერზე მბრძანებლობდა სილამაზე! ის ქმნიდა მშვენიერებას ყველგან – გადაღების მოედანზე, ციხეში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი ბინა მამადავითზე – ეს იყო სილამაზის უცნაური ოაზისი იმ რაღაც უშნო დასახლებაში, ერთმანეთს მიკრული პატარ-პატარა სახლების გარემოცვაში; ერთი პატარა, ბნელი ოთახი, ისეთივე უსახური, როგორიც ყველა სხვა მის ირგვლივ, მაგრამ ნიჭით დაღდასმული, ანუ შიგნიდან გამონათებული საკვირველი კოლაჟებით, თოჯინებით, კოსტიუმების ესკიზებით, ავტოპორტრეტებით; ცისფერი აივანი, მოპირკეთებული უცნაურ-ფიგურებიანი ბარელიეფით... ყველაფერი ბევრი, მოჭარბებული, ფერადი, აჭრელებული, არა ე.წ. კარგი გემოვნების, არამედ ზღვარს გადასული ფანტაზიის ნაყოფი, თავისებური აღმოსავლური ბაროკო. მას გაგიჟებით უყვარდა ლამაზი ნივთები, ძვირფასი ქვები, უყვარდა მათი ყიდვა-გაყიდვა. საკუთარ თავზე თავისუფალი ადამიანის პირდაპირობით ამბობდა: კინო ჩემი ჰობია, ცხოვრების არსი კი აი, ეს არისო, და მაგიდაზე გაშლილ ბრილიანტებსა და ზურმუხტებზე მიუთითებდა. და მაინც, ყველაფერზე უფრო ჩუქება უყვარდა! ჩემს სახლში დღემდე ყველაზე ლამაზი სერჟიკას ნაჩუქარი ქირმანშალი, სუფრა, თოჯინა თუ სუზანია. არ ვიცი, რა იყო მისთვის კინო, მაგრამ ჩუქება კი ნამდვილად ჰობი იყო. მისი და რომ გარდაიცვალა, პანაშვიდზე მივედით. სერჟიკა დამწუხრებული იდგა კუბოსთან, ასევე მწუხარედ იღებდა სამძიმარს, მაგრამ როცა წასვლა დავაპირე, მოსწყდა ადგილს, მეორე ოთახში გავარდა და ხელში მორიგი სუზანით დამედევნა: ჩაფიქრებული მაქვს, ეს უსათუოდ დღეს უნდა გაჩუქოო.
ფარაჯანოვის ფილმებს საკვირველი, მხოლოდ ამ რეჟისორისთვის დამახასიათებელი რიტმი აქვს: გაჩერებული კამერა, გაყინული კადრები, თითქოს კინოს არსის საპირისპირო უძრაობა. და სწორედ ამ რიტმითა და უძრაობით არის შექმნილი მშვენიერება, რომელიც არაფერს არ
345
ჰგავს. ის უნიკალურია თავისი ესთეტიკით და ამიტომაც აქვს ასეთი დიდი აღიარება მსოფლიოში.
და აი, ეს მსოფლიოში აღიარებული ხელოვანი ჩვენი ქალაქის მკვიდრი იყო, ანუ ჭეშმარიტი თბილისელი – თავისი წარმოშობით, მიდრეკილებებით, სულისკვეთებით; მისი მშობლები მამადავითზე ცხოვრობდნენ, თვითონაც აქ დაიბადა და აქ უნდოდა დამარხულიყო, რადგანაც, თავისი დამცინავი და სკეპტიკური ტემპერამენტის მიუხედავად, მაინც მთელი არსებით უყვარდა მისთვის მართლაც მშობლიური ქალაქი. მისი არდადგმული და ყველაზე პირადი სცენარი – აღსარება – ამ, სხვა დროს უთქმელი სიყვარულის გაცხადებაა. და რა სამწუხაროა, რომ ექსტრემისტულმა პატრიოტიზმმა ის სამუდამოდ დააკარგვინა საქართველოს. ჩვენ დავკარგეთ მისი სახლი, თავისი ცისფერი, მოხატული აივნით, რომელიც მსოფლიოში განთქმული მუზეუმი შეიძლებოდა გამხდარიყო; დავკარგეთ მისი კოლაჟები, მისი ფილმები; დაბოლოს, დავკარგეთ თვითონ ფარაჯანოვი, როგორც ჩვენი ხელოვნების ფენომენი. ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია!
ფრაგმენტები წიგნიდან "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება". გამომცემლობა ,,ფავორიტი პრინტი’’ 2018