ლანა ღოღობერიძე.     ვალსი პეჩორაზე – დამშვიდობება წარსულთან

ჩემი ბოლო ფილმი იყო ვალსი პეჩორაზე, დაწერილი და გადაღებული ჩემი ბავშვობის განცდებისა და დედას მოთხრობების კვალდაკვალ. დედა და შვილი, იძულებით მოწყვეტილი ერთმანეთს; დედა, გადასროლილი სადღაც ქვეყნის დასალიერში, და მარტო დარჩენილი შვილი, რომელიც ბრუნდება თავის სახლში, სადაც შინსახკომელია ჩასახლებული. – ჩემთვის ეს პირადი ისტორია მთელი იმ ცხოვრების არსის გამომხატველი იყო. დედას მოთხრობებიდან ჩემი მთავარი განცდა თუ შთაბეჭდილება თოვლისა და ყინულის სამყაროში ქალების უგზოუკვლო ხეტიალს უკავშირდებოდა. აი, ამ აბსურდული მსვლელობის ხატი მინდოდა შემექმნა ჩემს ფილმში. ქალების, რომელთა ერთადერთი დანაშაული ჩესეირობა, ანუ ხალხის მტრის ოჯახის წევრობაა, მიჰყავთ სადღაც, მიჰყავთ უსასრულოდ – მატარებლით, გემით, ფეხით – იმ სამყაროში, სადაც ისინი არავის სჭირდება. ამიტომაც არა აქვს ბოლო მათ უთავბოლო ხეტიალს და ის დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა გემი მდინარეში ჩაიყინება... და ამ დროს, აქ, თბილისში, იბმება ბავშვისა და შინსახკომელის ასეთივე აბსურდული ურთიერთობა. სცენარზე მუშაობისას სულ თვალწინ მედგა ის ჩემი, ბავშვობისდროინდელი ჩეკისტი და რატომღაც მისი ბოლოც ასეთად მესახებოდა: ის პირნათლად ასრულებს დავალებას, ცდილობს ყველა საშუალებით დაავერბოვკოს ბავშვი, მაგრამ თანდათან, მისთვისაც მოულოდნელად, მის გაქვავებულ სულში იღვიძებს რაღაც, თანაგრძნობის მსგავსი, რაც მისი აღსასრულის მიზეზი ხდება.

ამ ფილმის გადაღება გარდაუვალი იყო: ის აუცილებლად უნდა გადამეღო იმისათვის, რომ ჩამომეხსნა წარსულის ტვირთი; ფილმი რომ დავამთავრე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დავიცალე ყველაფრისგან და, რაც მთავარია, მოგონებებისგან, რომლებიც ხან ღრმად იყო ჩამალული სულის სიღრმეში, ხან ამოტივტივდებოდა ზედაპირზე, მაგრამ,

412

დაფარული თუ გამომჟღავნებული, მაინც ყოველთვის მბორკავდა. და მხოლოდ ახლა, როცა ცენზურის გარეშე შევძელი გადამეღო ჩემი ყველაზე პირადი ფილმი, ვიგრძენი შინაგანი თავისუფლება. ამასთან შედარებით ფერმკრთალდებოდა ყველაფერი და კონკრეტულად ის, რომ ვენეციის თვალწარმტაც ფესტივალზე ფილმმა ორი პრიზი მიიღო (იტალიური კრიტიკის პრიზი და პრიზი – ლა ნავიჩელა) და კიდევ ერთი საერთაშორისო ეკუმენისტური ჟიურის პრიზი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე; ის, რომ სურათით სან-ფრანცისკოსა და იერუსალიმის ფესტივალებში ვმონაწილეობდი, ეს ყველაფერი უაღრესად სასიხარულო იყო და მაინც – მეორეხარისხოვანი, ვინაიდან მთავარი და ჩემი არსებობის განმსაზღვრელი – წარსულთან ეს თავისებური დამშვიდობება გახლდათ. დღეს მაქვს სურვილი მკითხველს გავაცნო რამდენიმე ნაწყვეტი წერილებიდან, რომლებიც ფრანგულ პრესაში დაიბეჭდა ფილმის პარიზის ეკრანებზე გამოსვლის დღეს, ვინაიდან მეჩვენება, რომ უცხო ქვეყნის კრიტიკოსებმა ზუსტად ისე გაიგეს ფილმი, როგორც მე მქონდა ჩაფიქრებული.

ჟურნალი ტელერამა:

– ფილმის მთავარი ხატია შავ-თეთრი გამოსახულება, გადასახლებული ქალები, რომლებიც ლასლასით დაეხეტებიან ჩრდილო-რუსეთის უსასრულო ყინულოვან უდაბნოში. ფილმი ორი თემის ერთმანეთში გაუთავებელი გადახლართვაა. ეს ტრადიციული სცენარი კი არა, მოზაიკაა სცენებისა, რომლებიც მოგვითხრობენ ადამიანთა ყოველდღიურ ბრძოლაზე არსებობისთვის, მაშინ როცა გადარჩენის იმედი აღარც კია... ეს არის ფილმი, ერთი შთამბეჭდავი, სულის შემძვრელი ხატით ქალებისა, რომელთაც უსასრულო ხეტიალი აქვთ მისჯილი – მკაცრი ფილმი, რო-მელიც თავისი შენელებული რიტმით არავითარ კომპრომისზე არ მიდის მაყურებლის დასაპყრობად. მაგრამ არის რაღაც დიდი ძალა თავისთავად კინემატოგრაფისტი შვილის მიერ განხორციელებულ დავიწყებასთან ბრძოლის ამ აქტში.

გაზეთი ლე კანარ ანშენე:

413

ლანა ღოღობერიძის ეს ფილმი ყურადღებას იპყრობს, უპირველეს ყოვლისა, თავისი ნორჩი გმირის – გოგონას – საოცარი სიმსუბუქით, გოგონასი, რომელიც მარტოდმარტო, მგლებით გარშემორტყმული, განაგრძობს ცეკვას. ამ სიფრიფანა, სინატიფით სავსე სილუეტს და მშვენიერ სახეს სინათლის სხივი შეაქვს ბნელ, წყვდიადით მოცულ სინამდვილეში.

გაზეთი ლე პარიზიენ:

რეჟისორი არ ახდენს ემოციათა ფორსირებას, მით უფრო ამაღელ-ვებელია ეს საშინელი დოკუმენტი, რომელიც უსათუოდ ჩაიწერება ის-ტორიის დოსიეში.

ჟურნალი ლიბერასიონ:

ეს არის ავტობიოგრაფიული მხატვრული ფილმი, სადაც კინემატოგრაფისტმა გამოიგონა თავისი ალტერ-ეგო. – ანა, პატარა გოგონა – ერთადერთი, ვინც გადარჩა არყოფნაში დანთქმული ოჯახიდან. ამ როლს შესანიშნავად ასრულებს პატარა ნინო სურგულაძე. ლანა ღოღობერიძე ერთმანეთთან აკავშირებს დიდი წმენდის პერიოდის თბილისის ყოველდღიურობას და ქალების თოვლში უმიზნოდ ხეტიალის სიზმარეულ სცენებს. ამავე დროს, ქართველი კინემატოგრაფისტი არ არის დაბრმავებული და ახერხებს დაინახოს განსხვავება ნათელ რუსეთსა და სოვიეტიზმის საშინელებას შორის, ვინაიდან მისი ესთეტიკური ძიებანი ძალიან ახლოსაა ქაოსის ვერტოვისა და ეიზენშტეინისეულ გააზრებასთან მონტაჟის მეშვეობით. აქედან მოდის სოციალისტური კადრების (1 მაისის დემონსტრაცია, ორთქლმავალი, რომელიც მიქრის) ბრწყინვალე ჩართვა მხატვრულ ქსოვილში. ეს ფილმი არის მემკვიდრეობა, რომელიც აღმოცენდა გაწამებული და, ამასთანავე, პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობიდან.

სულ ახლახან გავიგე, რომ ნინომ ლა-სკალაში, პრემიერაზე, შეასრულა კარმენის პარტია, რამაც დიდი სიხარულითა და სიამაყით ამავსო. 

ფრაგმენტები წიგნიდან "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება".  გამომცემლობა ,,ფავორიტი პრინტი’’  2018