ქეთი პატარაია. ლუიჯი პირანდელოს „ზეთის ჭურჭელი“ და რეზო გაბრიაძის „ქვევრი“
1909 წელს, იტალიურ გაზეთში „კორიერე დელა სერა“ (Corriere della Sera) ლუიჯი პირანდელოს ნოველა „ზეთის ჭურჭელი“ (იტალიურად - La Giara) დაიბეჭდა.
1907 წელს გამოცემული, ოტორინო პიანიჯანის ეტიმოლოგიური ლექსიკონის განმარტებით, giara არაბული წარმოშობის თიხის დიდი ჭურჭელია, რომელსაც კაიროში წყლისთვის იყენებენ. იტალიაში კი, ზეითუნის ზეთის შესანახად განკუთვნილ, სახელურებიან თიხის ჭურჭელს უწოდებენ, რომელშიც ღვინის შენახვაც შეიძლება.
იმ დროისთვის პირანდელო უკვე საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო. მან ბევრი და გამორჩეული ნაწარმოები შექმნა, რომლებიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ. მოგვიანებით, 1934 წელს, იგი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიას აიღებს „დრამატული და სასცენო ხელოვნების თამამი და გენიალური აღორძინებისთვის“.
ნოველაში - „ჯარა“ ასახულია ორი მოხუცის - დონ ლოლო ძირაფასა და ოსტატ, ძია დიმა ლიკაზის კომედიური ამბავი, რომელიც დებიუტანტ რეჟისორ ირაკლი კვირიკაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ოსტატურად გადმოაქართულა რევაზ გაბრიაძემ.
დრამატურგმა ნოველიდან დატოვა ძირითადი ფაბულა და მთავარი პერსონჟები, მაგრამ შეცვალა მოქმედების დრო: XVIII საუკუნის ბოლო XX საუკუნის 60-იან წლებად იქცა, მოქმედების ადგილი: სიცილიის პატარა სოფელი - კახეთის ერთ-ერთ სოფლად; დაუმატა მოქმედი გმირები, ზეთის შესანახი ჭურჭელი კი ქვევრად გარდაქმნა. ფილმსაც ასე უწოდეს - „ქვევრი“ (რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, სცენარისტი რეზო გაბრიაძე).
„ქვევრი“ ჩემი პირველი ფილმია, 1970 წელს გადავიღე. ლუიჯი პირანდელოს მოთხრობაა. სადიპლომო თემას ვეძებდი. მქონდა რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ კონკრეტულად ეს მოთხრობა რეზო გაბრიაძემ მომცა. წავიკითხე, სცენარიც დავწერეთ და კახეთში ჩავედით. რთველის დრო იყო. მახსოვს, ვენახში გავედით თუ არა, კახელმა ხელი ჩამომართვა, სულ დატკბილული ჰქონდა. ეს იყო ფილმის კამერტონი ჩემთვის. ღამით, როდესაც დასაძინებლად ვწვებოდით, ყრუ ხმები მესმოდა. რა არის-მეთქი, ვიკითხე და ქვევრებში ღვინო დუღსო. ამ ყველაფერით ისე ავივსე და დავიმუხტე. რომ იქვე დაიბადა ყველაფერი. იმპროვიზაციულად გაკეთებული ფილმია“, - იხსენებს ირაკლი კვირიკაძე.1
ვინ არის მთავარი გმირი ნოველაში და სცენარსა და ფილმში? პირანდელოსთან ეს - დონ ლოლო ძირაფაა - საკმაოდ შეძლებული ხანშიშესული სიცილიელი მემამულე, რომელიც გლეხებს ქირაობს სამუშაოდ და მოსავლის დასაბინავებლად. თვითონ არ შრომობს, თეთრი შლაპით დადის და ყველას ამოწმებს, შენიშვნებს აძლევს, უყვირის, ეჩხუბება. ფრთხილობს, რომ არაფერი მოპარონ, ამიტომაც ზეთისხილის ყველა მარცვალი ხეზე უკვე დიდი ხნის წინ აქვს გადათვლილი. რომ არაფერში მოტყუვდეს, მუდამ ქალაქში, ვექილის კარზე მიაჩაქჩაქებს ჯორს. ბოლოს, შეწუხებული ვექილი კანონების კრებულს ჩუქნის, რათა დონ ლოლომ ყველა კითხვაზე პასუხები თვითონ იპოვნოს.
რეზო გაბრიაძის გოგია კახელი გლეხია, მშრომელი, მომჭირნე. მომჭირნეობა მისივე შრომისმოყვარეობის შედეგია. სავსე გოდრიდან მტევანი ყურძენიც კი ენანება, რომ გაბრაზებულმა, შვილს ესროლოს, რადგან იცის, რამხელა შრომაა ჩადებული მის მოყვანაში.
დონ ლოლომაც და გოგიამაც იყიდეს უზარმაზარი თიხის ჭურჭელი მოსავლის დასაბინავებლად: ერთმა - ზეთისთვის, მეორემ - ღვინისთვის. ერთს სახლში მიართვეს, მეორემ იმერეთიდან ჩამოიტანა. ორივემ საკმაო თანხა გადაიხადა: დონ ლოლომ - 4 უნცია, გოგიამ კი - 200 მანეთი, თუმცა, ხელოსანს ეუბნება, 300 მანეთი დამიჯდაო. ჭურჭელი ორივეს გაუტეხეს. გოგიას - ქალიშვილმა, რომელსაც მამის დახმარება უნდოდა, ისიც შემთხვევით, დონ ლოლოს კი - საგანგებოდ, ვიღაც ავისმსურველმა, როგორიც ბევრი ჰყავს.
სიცილიის სოფელშიც და კახეთშიც არის თიხის ჭურჭლის ხელოსანი, ოსტატი, რომელსაც თითქმის სასწაულმოქმედი წებო აქვს და თიხის გამთელება შეუძლია. პირანდელოსთან ეს ძია დიმა ლიკაზია, გაბრიაძესთან - აბესალომი. ისინი გვანან ერთმანეთს, თავისი საქმის მცოდნეები არიან და მართალია, ჭურჭელს ყელს არც ერთი უმოწმებს, სამაგიეროდ გატეხილ ნაწილს ორივე უნაკლოდ აწებებს. ჭურჭლიდან მათ გამოსაყვანად დონ ლოლომ ისევ ვექილს ჰკითხა რჩევა, გოგიამ კი მილიცია მიიყვანა.
მილიციის უფროსი და მილიციელი პავლე რეზო გაბრიაძის შექმნილი გმირები არიან. მათი შემოსვლა სცენარის ცენტრალური ადგილია. ირაკლი კვირიკაძის ფილმში მილიციის უფროსის სახასიათო და დაუვიწყარ სახეს ეროსი მანჯგალაძე ქმნის, რასაც მსახიობის ოსტატობასთან ერთად, გონებამახვილური დიალოგებიც უწყობს ხელს.
როცა აბესალომის ქვევრიდან გამოყვანის იმედს დაჰკარგავს, მილიციის უფროსი ცდილობს თანასოფლელების თვალში რეპუტაცია მაინც არ დაკარგოს და გამოსავალს ეძებს: „ოოო, ძალიან რთული საკითხია, ძალიან. აი, ეგეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში მე არ მქონია, ძმაო! ორშაბათს მოხვალთ ჩემთან განყოფილებაში შენა და ისა. თუმცა, ის როგორ მოვა კაცო?! ჰო, მოკლედ, მოხვალთ და იქ გავარკვევთ“.
ვერსად ვერაფერი გაარკვიეს. არადა, ხელოსნებმა იმუშავეს, პატრონებმა კი გასამრჯელოც გადაუხადეს. აბესალომმა უკან გამოუყარა გოგიას თავისი ხუთი მანეთი, ძია ლიკაზიმ კი შეინახა ხუთი ლირა. მოგვიანებით, ეს ხუთი ლირა იქ მყოფ გლეხებს მისცა და უთხრა - ტავერნაში წადით და საჭმელ-სასმელი იყიდეთ ჩემთვისაც და თქვენთვისაცო. მათაც გამოართვეს ფული და შემდეგ ღამით, მთვარის შუქზე, ზეთის ჭურჭლის გარშემო ცეკვავდნენ მთვრალები.
ფილმში კი, ფული რა სახსენებელია, აბესალომისთვის აქეთ მიაქვთ შინ მომზადებული გემრიელი საჭმელ-სასმელი. მიაქვს თითქმის ყველას, ვინც ამ ამბავს შეესწრო, მათ შორის, პოლიციელ პავლესაც, რომელსაც თავის უფროსთან ერთად უნდა „შეეშინებინა“ აბესალომი და ქვევრიდან გამოეყვანა.
დონ ლოლოსაც და გოგიასაც მოაფიქრდათ - თიხის „საპყრობილე“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გატეხონ, თუ შიგ გამომწყვდეული ხელოსანი ჭურჭლის ღირებულებას გადაიხდის. არც ერთი უნებლიე პატიმარი თანახმა არაა - ორივეს შიგ ჯდომა ურჩევნია.
„გაბრიაძის ტალანტის ხალხურობა არ იწვევს ჩემში ეჭვს“, - წერს მწერალი ანდრეი ბიტოვი. 2 ეს ის ტალანტია, რომელიც ხალხს ესმის, უყვარს, სიცოცხლით ავსებს.
ფილმის ერთ-ერთი ღირებულება იუმორით გაჯერებული ფრაზები და დიალოგებია:
„მილიციელი პავლე - როგორ მოხვდი მანდა, უპასუხე უფროსსა!
აბესალომი - ბავშობიდან აქა ვზივარ“;
„თანასოფლელი - მე მგონი, მაგას ნაწილ-ნაწილ თუ გამოვიტანთ.
პავლე - როგორა?
თანასოფლელი - როგორა და, ჯერ ერთ ნაწილს გამოვიტანთ, მერე - მეორესა, გაიგეე?
პავლე - რას ამბობ,, კაცო! რეებს მიედ-მოედები?!
თანასოფლელი - ჰოო და მერე ავიღოთ და თავისივე წებოთი შევაერთოთ“;
„უფროსი - ჰოდა, რას გეუბნები, კარგად დამიგდე ყური! თავი თუ გამოეტია, ტანი რატო არ ეტევა?
პავლე - ეს ხო წრეა? ლაუაზიეს კანონია.
უფროსი - ლაუაზიე ვინ არი?“;
„მილიციის უფროსი - რა ვქნა ძმაო, ქვევრის გატეხვა თქვენა არ გინდათ, მე კიდევ ქრისტე არა ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვაარ, ბიჯოს!“...
პირანდელოც ხალხისთვის წერს, მისი გმირებიც სიცილიის სოფლებისა და პროვინციული ქალაქების მცხოვრებლები არიან, მაგრამ ზემოხსენებულ ნოველაში არ არის იმდენი ხალასი იუმორი და სიმსუბუქე, რამდენიც ფილმშია.
ფრანგი მწერალი და რეჟისორი რენე კლერი ამბობს: „კომედია არ იძლევა საბოლოო კვანძის გახსნას. ის მიისწრაფვის მაყურებელს ბედნიერების განცდა დაუტოვოს“. 3
„ქვევრი“ ნამდვილად ტოვებს ამ განცდას, რასაც ვერ ვიტყვით პირანდელოს ნოველაზე, რადგანაც ის კომედია არ არის, მხოლოდ ნიშნებს ატარებს. იმის მიუხედავად, რომ ნოველაში მოთხრობილი ამბავი საკმაოდ სახალისოა, ნაწარმოები დრამატულ ნოტებს შეიცავს, რაც არაა გასაკვირი, რადგან პირანდელო კომედიოგრაფი არაა. პირიქით, დრამატულად, მისტიკურად უყურებს სამყაროს, მისი ეპოქის წარმომადგენელია.
მთვრალი მოცეკვავე გლეხები ეჯახებიან თიხის ჭურჭელს, ის გორდება, ზეთისხილის ხეს ენარცხება და ტყდება - ასე მთავრდება ნოველა. ფილმში ქვევრს თვითონ გოგია დააგორებს.
აღსანიშნავია მხატვრის (ქრისტესია ლებანიძე) და ოპერატორის (ლომერ ახვლედიანი) ნამუშევარი. შავ-თეთრ ფირზე გადაღებული ფილმი საერთოდ არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რაიმე ფერი აკლია, იმდენი ტონი და შუქ-ჩრდილი თამაშობს გამოსახულებაში. ლომერ ახვლედიანი იხსენებს, რომ მისთვის, ისევე, როგორც ირაკლი კვირიკაძისთვის, „ქვევრი“ სადიპლომო ნამუშევარი იყო.
„გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რეზო გაბრიაძის სცენარს, რომელიც იმხანად ასევე იწყებდა კინემატოგრაფთან თანამშრომლობას, გია ყანჩელის შესანიშნავ მუსიკას, ბუხუტი ზაქარიაძის ყოფნას გადასაღებ მოედანზე... მაშინ არც მესმოდა, რა დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ამ ფილმს და რა გავლენას მოახდენდა ის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების შემდგომ განვითარებასა და სტილისტიკაზე“,4 - წერს კინომცოდნე დავით ბუხრიკიძე.
ირაკლი კვირიკაძის „ქვევრი“ არ არის პირანდელოს ამ ნოველის ერთადერთი ეკრანიზაცია. ერთ-ერთი მათგანი, ძმები პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმი „ქაოსი“, 1984 წელს გამოვიდა ეკრანებზე.
„ქაოსი“ ლუიჯი პირანდელოს ნოველების მოტივებზეა გადაღებული და 5 ეპიზოდისა და ეპილოგისგან შედგება. მოქმედება ვითარდება სიცილიაში, XIX –XX საუკუნების მიჯნაზე. მეოთხე ეპიზოდის სახელია „ზეთის ჭურჭელი“.
უნდა აღინიშნოს ფილმის ოპერატორი ჯუზეპე ლანჩი (რომელმაც იმუშავა ნანი მორეტისთან, მარკო ბელოკიოსთან, რობერტო ბენინისთან, გადაიღო ანდრეი ტარკოვსკის „ნოსტალგია“). „ქაოსში“ ის ოსტატურად აჩვენებს სოფლის ცხოვრების ფერადოვან დღეებსა და მთვარის მაგიური ზემოქმედებით მოჯადოებულ ღამეებს. მაგრამ ამ ღამეებში ბევრი ბოროტება იმალება: თიხის ჭურჭელი ორად იყოფა, ვიღაცები შურისძიების გეგმებს აწყობენ და აქვთ კიდეც საფუძველი... აქ მეტი სიმძიმეა, ვიდრე ნოველაში.
ძმები ტავიანებისა და ტონინო გუერას დონ ლოლო ძირაფა, ყველა უარყოფით თვისებასთან ერთად, შურიანიცაა. მას, უკვე ასაკოვანს, შურს დაქირავებული, ათიოდე წლის ბიჭის სინორჩის. ამით გაავებული, ფეხს გამოსდებს ზურგზე ტომარამოკიდებულ ბავშვს და ძირს აგდებს. სამაგიეროდ, ხალხის შურისძიებაც უფრო სასტიკია.
არც ძია დიმა ლიკაზის აქვს აბესალობის უბრალოება და სიხალასე. „მე ეშმაკის შვილი ვარ და ამ წებოს რეცეპტი თვით მამაჩემმა - ეშმაკმა მიკარნახა“, - ამპარტავნულად ეუბნება ხელოსანი სწორედ იმ პატარა ბიჭს.
დაჩაგრული ხალხი ბოლოს ტოვებს დონ ლოლოს და ხელში ატატებული მიჰყავს ახალი კერპი - ოსტატი ლიკაზი.
„ზეთის ჭურჭელში“ გამომსახველი და ორგანულია ნიკოლა პიოვანის მუსიკა, მაგრამ არანაკლებია გია ყანჩელის მუსიკა, რომელიც „ქვევრში“ ჟღერს.
შთამბეჭდავია „ზეთის ჭურჭელი“, მაგრამ მისი გმირები სიმპათიას არ იწვევენ. ყველას თავისი დიდი ნაკლი აქვს და რთულია თქვა, არის თუ არა ვინმე დადებითი პერსონაჟი.
„ქვევრში“ პირიქითაა - რთულია მოძებნო ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პერსონაჟი, თუმცა, ყოველი მათგანი სწორედ თავისი ნაკლითაა ნაჩვენები. მაყურებელი კარგად ხედავს ამ ნაკლს, მაგრამ ესმის გმირების და უყვარს კიდეც ისინი.
იტალიური ფილმის სცენარის ავტორები არიან ძმები ტავიანები და ტონინო გუერა, ქართული ფილმისა - რეზო გაბრიაძე. ჩემი აზრით, პირველი ფილმის გმირებს სქემატურობის ელფერი დაჰკრავთ, მეორის კი - ცოცხალი ადამიანები არიან; პირველი ფილმი უარყოფითზე გველაპარაკება, მეორე - დადებითზე, თუმცა, დაახლოებით ერთსა და იმავეს გვიჩვენებენ.
ქართველმა ავტორებმა მოახერხეს, იტალიური ამბავი ნამდვილ ქართულ (კახურ) ისტორიად ექციათ, ქართული ხასიათებით.
„ქართველისათვის ცხოვრება თავისთავად ზეიმია, დღესასწაულია, სანახაობაა, მრავალსახოვნებაა“, 5- წერს ლიტერატურათმცოდნე გურამ ასათიანი ქართული სახიათის კვლევისას. ავტორები ამ ფილმშიც დაუვიწყარ ზეიმს აწყობენ.
საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ტონინო გუერა წერდა: „მიყვარს საქართველო. ამ ქვეყანამ ბევრი ბედნიერი დღე მაჩუქა. მახსოვს ჩემი მეგობრები, მათ შორის, რეზო გაბრიაძე, ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარია“. 6
ჩვენთვის უცნობია, როცა ტონინო გუერა ამას ამბობდა, ნანახი ჰქონდა თუ არა გაბრიაძის ფილმები, მაგრამ რეზო გაბრიაძის მხატვრობა სხვა საუბრის თემაა. იგი იმ იშვიათ მწერალთაგანია, რომელიც თავადვე წინასწარ ხედავს საკუთარ ლიტერატურას სცენასა და ეკრანზე. სცენარი ხომ ფილმის ეკრანული პირველსახეა.
„ფილმიც იყენებს მუსიკას, ხმაურს, საგნებისა თუ ცხოველების ვიზუალურ რაობას, მაგრამ ყველაფერი ეს ემსახურება ფილმის „ცენტრს“ - მოძრავ სურათებს“. როგორც ჩანს, ამ მოძრავ სურათებს წინასწარ გრძნობს და ხედავს რეზო გაბრიაძე.
1. თავბერიძე დ. დიდი სკანდალი მოსკოვში - ირაკლი კვირიკაძის მოგონება. https://jolo.ge/%D0%B5%D1%82%D0%BE%D1%82-%D1%84%D0%B8%D0%BB%D1%8C%D0%BC-%D0%BD%D0%B0%D0%B4%D0%BE-%D1%81%D0%B6%D0%B5%D1%87%D1%8C-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90/, უკანასკნელად გადამოწმდა: 10.04.22.
2. Битов А. „ Книга о друзьях“. https://books.google.ge/books?id=a8ifCgAAQBAJ&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false, უკანასკნელად გადამოწმდა: 10.04.22.
3. Клер Р. Сценарии и коментарии. М., „Искусство“, 1969, стр. 172.
4. ბუხრიკიძე დ. ლომერ ახვლედიანი - „ნატვრის ხის“ ფერმწერი. გაზ. „პრემიერი“, 20-26 ნოემბერი, 2013.
5. ასათიანი გ. „სათავეებთან“. https://el.ge/articles/307, უკანასკნელად გადამოწმდა: 10.04.22.
6. ფაცია ლ. „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვცვიოდეს...“ https://www.ambebi.ge/article/175633-dae-cremlebi-mxolod-xaxvis-chrisagan-gvdiodes-genialuri-kartveli-xelovanis-rezo-gabriazis-shemokmedebiti-gza/, უკანასკნელად გადამოწმდა: 2.04.19.