ქეთი პატარაია. დაუმორჩილებლობის სერენადა

       1968 წელს, საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში  შეიქმნა  ქართლოს ხოტივარის მოკლემეტრაჟიანი    მხატვრული ფილმი „სერენადა“. სცენარის ავტორები: რეზო გაბრიაძე, ქართლოს ხოტივარი.   „სერენადა“ საბჭოთა მწერალ

  მიხეილ ზოშჩენკოს ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა   გადაღებული. ნაწარმოები 1929 წელს გამოქვეყნდა, ე. ი. იმ დროს, როცა სტალინური რეპრესიების ხანა ჯერ   მხოლოდ იწყებოდა. 
     ზოშჩენკო, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველის როლში მოგვევლინა – მან არა მარტო გოლიათის   დიქტატურის მოახლოება აუწყა თავის მკითხველს... არამედ შექმნა გოლიათის დამარცხების თავისებური   რეცეპტიც, რომელიც

  ძველთაძველია, მაგრამ განუწყვეტლივ ივიწყებენ ხოლმე - „არ შეგეშინდეს!“.  1 
        ქართლოს ხოტივარის ძმა, რეჟისორი ბუბა ხოტივარი იგონებს: „მიხეილ ზოშჩენკოს მოთხრობა - „სერენადა“   ქართლოს ხოტივარს სკოლიდანვე მოსწონდა – ამ უკრაინელმა ზოშჩენკომ რა ქართული ამბავი დაწერაო!   დავითისა და

  გოლიათის დაძაბული ურთიერთობების მუდმივი პრობლემა ქართლოსს სულ აღელვებდა: არ   მოუდრიკო თავი შენზე ძლიერს, არ დაემონო, კაცად დარჩი, აიტანე ყველაფერი – ტკივილი, შიმშილი,   უსამართლობა – ოღონდ კაცად  და          დარჩი,  დარჩი პიროვნებად... ეს ფილმი ჩვენა ვართ. ჩვენი ისტორიაა, მთელი   ერისაც და ცალკეული ინდივიდისაც... ეს ფილმი თუ არ გადავიღე, კინოს თავს დავანებებო“.2  
       ქართლოს ხოტივარმა სცენარი რეზო გაბრიაძესთან ერთად დაწერა. 1968 წელს, როდესაც საქართველოს   ტელეფილმების სტუდიამ „სერენადა“ გამოუშვა, კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ „არაჩვეულებრივი   გამოფენა“ და „მოსფილმმა“ („ქართულ ფილმთან“ ერთად) „არ იდარდო“ შესთავაზეს საბჭოთა მაყურებელს.     სამივე კინოსურათის სცენარის ავტორი („სერენადაში“ თანაავტორი) რეზო გაბრიაძე იყო. ფილმები   განსხვავებულია (და ეს ბუნებრივიცაა) არა მარტო

მხატვრული ფორმითა და შინაარსით, არამედ   სათქმელითაც. 
      მაყურებელმა სამივე ფილმი კარგად მიიღო, განსაკუთრებით, „სერენადა“. ის, „ცოტა ხანში ერთ-ერთ   ყველაზე პოპულარულ ფილმად აღიარეს ქართული კინოს ისტორიაში“. 3  
      ბუბა ხოტივარი იხსენებს, რომ „სერენადას“ წარმატებამ ყველას თავბრუ დაახვია. წარმატება კი მეტწილად,   ფილმის სათქმელმა განაპირობა, რომელიც ზოშჩენკო – გაბრიაძე – ხოტივარის სამეულმა მკაფიოდ მიიტანა   მკითხველსა თუ მაყურებლამდე. 
      ლიტერატურული პირველწყარო შესავლით იწყება: „აი, ისევ მიწევს ბოდიშის მოხდა ღარიბი სიუჟეტის გამო. 
  სიუჟეტი, მართლაც, ისევ ნაკლებად აქტუალური გამოდის. ის სუსტად პასუხობს დღევანდელი დღის   მოთხოვნებს”. 4 
      ზოშჩენკო დამახასიათებელი მანერით, ირონიით  ყვება ორი ადამიანის ამბავს, რომლებიც მეტოქეები   გამხდარან ერთი ქალიშვილის გამო. ავტორი თავიდანვე  ამბობს, რომ გაუგებარი და დაუჯერებელი რამ   მოხდა: სუსტმა ყმაწვილმა ფიზიკისა და ქიმიის კანონები დაარღვია და ძლიერს აჯობაო. 
      მყვინთავი, ამხანაგი ფილიპოვი, უზარმაზარი კაცი „ბუდიონის ულვაშებითა“ და სუსტი, საცოდავი   სტუდენტი მალაშკინი, ნახევრადინტელიგენტი, არასაიმედო სუბიექტი, სახეზე რაღაც გაუგებარი   წამონაზარდით  – ასე აღწერს თავის გმირებს ავტორი. და კიდევ ერთი გმირი – არაფრით გამორჩეული   ქალიშვილი შუროჩკა, რომელიც ფილიპოვს უყვარს. შუროჩკას კი, როგორც ჩანს, მობეზრდა ფილიპოვი და   რატომღაც სტუდენტით დაინტერესდა. ალბათ ფილიპოვზე საინტერესოდ ლაპარაკობდა ან მასზე სუფთა   ხელები ჰქონდაო. ეს მოხდა რევოლუციიდან მეთორმეტე წელს და აქ არ იყო არანაირი კლასობრივი ბრძოლა,   ორივე ახალგაზრდა პროლეტარული წარმოშობის იყოო. 
   ძლიერი ეჭვიანობს, დამამცირებელი სახელებით მიმართავს სუსტს, მუჯლუგუნებს სთავაზობს ხალხის   თანდასწრებით, „აბა, გამოდი სერენადაზე, შე პარაზიტო, თავს წაგაძრობ!“   სტუდენტი ჯერ ითმენს, შემდეგ კი სახეში ურტყამს მყვინთავს, რის გამოც მაგრად იცემება. 
   ზოშჩენკო ყვება, რომ ყოველ ჯერზე, როცა ნატკენი ადგილები მოურჩება, ახალგაზრდა გარეთ გამოდის და   ფილიპოვს ხვდება. მალაშკინი ისევ ცდილობს დაარტყას მოწინააღმდეგეს და კვლავ ნაცემი, შინელზე   დაწვენილი, ამხანაგებს მიჰყავთ სამკურნალოდ.  ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ ძლიერს აღარ უნდა სუსტის გაუთავებელი ცემა და ბოლოს ფარ-ხმალს   ყრის მის წინაშე, დანებებას აღიარებს და შავ ზღვაზე მიდის სამუშაოდ და საყვინთად. 
  სხვათა შორის, სტუდენტიც დაშორდება თავის შუროჩკას. 
     „ასე რომ, ძალა ძალად, მაგრამ ძალის წინააღმდეგ კიდევ ერთი რაღაცაც არსებობს” , - ასე ამთავრებს   ზოშჩენკო ნოველას.5 
    ფილმ „სერენადას“ გმირები ქართველები არიან და მოქმედება 60-იანი წლების საქართველოში ხდება.   ლიტერატურული ნაწარმოების დასაწყისში, სიუჟეტის სიღარიბის გამო ზოშჩენკოს ბოდიშს,  ქართლოს   ხოტივარი და რეზო გაბრიაძე სრულყოფილ სიუჟეტურ ხაზს ახვედრებენ. 
    კომბინატის თანამშრომელი (სავარაუდოდ, საწყობის უფროსი) ზოზო ავთანდილოვიჩი და მუშა რამაზი   სიმპათიურ ახალგაზრდა თანამშრომელ ლალის გულის მოსაგებად შებმიან ერთმანეთს. ლალი კომბინატის   საწყობის შესასვლელში, ჯიხურში ზის და თვალს ადევნებს „პაექრობას“, რომელიც თანდათან დაუნდობელ   ორთაბრძოლში გადაიზრდება.    ფილმში სიტყვებს დრამატურგიული დატვირთვა არ აქვთ, ისინი უფრო ხმოვანი რიგის ფუნქციას   ასრულებენ, რადგან ყველაფერი ისედაც კარგად ჩანს მოქმედებით. (არც ზოშჩენკო გვთავაზობს დიალოგებს   და ამბავს მესამე პირში ყვება). ფილმში ვხედავთ, როგორ აკითხავს ლალის ახალგაზრდა თაყვანისმცემელი   რამაზი და ისინი ერთად დადიან ცირკში, ერთობიან, ქალაქში სეირნობენ; როგორ მოსწონს ლალი სამსახურში   უკლებლივ ყველა მამაკაცს, ოღონდ უფროსის შიშით, გამხელას ვერ ბედავენ; როგორ უნდა ამ უფროსს –   ავთანდილოვიჩს, რომ თავი მოაწონოს ქალიშვილს და ხან ლუდით უმასპინძლდება, ხან კი ძალის   დემონსტრირებას ახდენს მის წინაშე. ფიზიკური ძალა კი მართლაც ერჩის კოსტუმში გამოწყობილ  გოლიათს. 
     ამიტომაცაა, როგორც კი დაინახავს – როგორ აკითხავს  რამაზი ლალის, სამსახურის შემდეგ, გადაწყვეტს,   მეტოქესთან ურთიერთობა ძალის გამოყენებით გაარკვიოს. რა თქმა უნდა, ფიზიკურად ძლიერი ჯობნის   ფიზიკურად სუსტს, მაგრამ ვერ ჯაბნის სულიერად. პირიქით, რამაზი მუშად ეწყობა კომბინატში და ყოველ   ჯერზე საჩხუბრად იწვევს ავთანდილოვიჩს. მისი შეუპოვრობა და დაუმორჩილებლობა განსაცვიფრებელია.   თანდათანობით, ჩვენ  თვალწინ სუსტდება ძლიერი და ძლიერდება სუსტი. მეტიც, ფიზიკურად ძლიერს უკვე   ეშინია მოწინააღმდეგესთან შეხვედრის.  შემდეგ კი სიმპათია უჩნდება მისადმი და არ უნდა, რაიმე ხიფათი   შეემთხვეს. საბოლოოდ, ეს, ერთი შეხედვით, ბანალური სასიყვარულო სამკუთხედის ამბავი  ფიზიკური   ძალისა და სულიერი ძალის დაპირისპირების ამბად იქცევა და სხვადასხვა ისტორიულ თუ რელიგიურ   ალუზიასაც იწვევს.
   ნაწარმოების ავტორი თითქოს დასცინის თავის გმირებს (ეს მისი თხრობის სტილია), ფილმში კი ეს ირონია   არ იგრძნობა. აქ ავტორებს თავიანთი გმირები უფრო უყვართ და მსუბუქად ხუმრობენ მათზე. აქაც არის   პროტაგონისტი და მისი ანტაგონისტი, მაგრამ, თუ ნაწარმოებში პროტაგონისტი იმარჯვებს   მოწინააღმდეგეზე, რომელიც აღიარებს დამარცხებას და „ბრძოლის ველს“ ტოვებს, ფილმში გმირი და მისი   მოწინააღმდეგე რიგდებიან და ეს შერიგება გულწრფელობითა და ურთიერთსიმპათიითაა აღსავსე. 
     მიხეილ ზოშჩენკო გამორჩეული მწერალი იყო. „მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის შემქმნელი    (დაწერა ათასზე მეტი ფელეტონი) მწერალი, სინამდვილეში, იშვიათად იღიმოდა“. 6   პირველ მსოფლიო და   სამოქალაქო ომებგამოვლილ პიროვნებას, რომელიც მუდმივ წნეხში ცხოვრობდა სისტემის მხრიდან, საამისო მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. 
      ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინსტიტუტის პროფესორი ევგენი კალმანოვსკი   აღნიშნავდა, რომ გაბრიაძის შემოქმედება „განსაცვიფრებელი სამყაროა, სადაც არაფერია დასრულებული,   დადგენილი, ჩამოსხმული, გამყარებული. ყველაფერი მიედინება, ლივლივებს, გადადის და კვლავ   პირველსაწყისს უბრუნდება“. 7 
    რეზო გაბრიაძის სამყარო ყველასგან გამოირჩევა, მას ყველგან იცნობ, არა აქვს მნიშვნელობა – საკუთარი   ნაწარმოების მიხედვით წერს სცენარს,  თუ სხვა ავტორის ნაწარმოების ინტერპრეტირებას გვთავაზობს.    
   „... და მართლაც, რა აერთიანებს კლოდ ტილიეს, პირანდელოსა და ზოშჩენკოს? ამ შესანიშნავი მწერლების   ავტორობა ქვემოთჩამოთვლილ ფილმებში შეიძლება საერთოდ იგნორირებულ იქნას. ეს არც საფრანგეთია,   არც იტალია და არც ლენინგრადი („არ დაიდარდო“, „ქვევრი“ და „სერენადა“) – ეს ყველაფერი გაბრიაძის   სამყაროა, ეს საქართველოა, სწორედ რომ საქართველო, ზუსტადაც საქართველო...“ ,8   -  წერს ანდრეი ბიტოვი.

 

   



[1] Gგვახარია გ. ზოშჩენკო დაკითხვაზე. „რადიო თავისუფლება“, https://www.radiotavisupleba.ge/a/1537511.html, უკანასკნელად გადამოწმდა: 210.04.22.

[2] პატარაია ე. საუბარი ბუბა ხოტივართან, ჟურ. „თბილისელები“, http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=14758, უკანასკნელად გადამოწმდა: 210.04.22.

[3] გვახარია გ. დასახელებული სტატია.

[4]Зощенко М. /Серенада/. https://zoshhenko.ru/zoshchenko-rasskazy-s-21.html, უკანასკნელად გადამოწმდა:   10.04.22.  

[5] Зощенко М. упомянутая книга. 

[6] Риа новости, Биография Михаила Зощенкоhttps://ria.ru/20190810/1557292100.html, უკანასკნელად გადამოწმდა: 210.04.22.

[7] პატარაია ე.  „ვისი მძევალი იყო რეზო გაბრიაძე მრავალი წელი  და რატომ ეშინოდა მისი გია ყანჩელს“. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268452845, უკანასკნელად გადამოწმდა:  10.04.22.

[8]  Битов А. упомянутая книга.