დიმიტრი ხვთისიაშვილი
წერილი ნოდარ მგალობლიშვილზე
პირველად თემურ ჩხეიძის “მოჩვენებანში” ვნახე. პატარა ვიყავი, ბევრი რამ სპექტაკლიდან არ მახსოვს, თუმცა ხუთივე მონაწილე კარგად მახსოვს, კორიფეებიც – ვერიკო ანჯაფარიძესა და აკაკი ვასაძეს ვგულისხმობ, და შემდეგი თაობის უნიჭიერესი სამეული – სოფიკო ჭიაურელი, გივი ბერიკაშვილი და ნოდარ მგალობლიშვილი.
არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ უპირველესად დამამახსოვრდა საოცრად დიდი, მეტყველი და მრავლის გადმომცემი თვალები. თვალები, რომელიც არცერთი არტისტის მზერაში არ შეგეშლება. შემდეგ “ჯაყოს ხიზნების” სატელევიზიო ვერსია, შემდეგ “შთამომავლობა”, შემდეგ “ჰაკი აძბა”… ახლაც, როცა ვიხსენებ, როგორ არბოდა თავგანწირული უკანა კიბეზე, საკუთარი ძუძუმტის გადასარჩენად, ჟრუანტელი მივლის ტანში. შემდეგ იაგო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…
ეუჰ, რამხელა არტისტი იყო…
არტისტი – პიროვნება, საკუთარი მკვეთრად გამოხატული მოქალაქეობრივი სათქმელით… თუმცა, ახალი რა ვთქვი რო? ეს ხომ ისედაც ყველამ იცის.
საკმაოდ სიტყვაძუნწი იყო, თუმცა პრემიერების შემდეგ გამორჩეულად იცოდა მილოცვა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მსახიობებს გაუჩერდებოდა ხოლმე დიდხანს. ვერ ვიტყვი, რომ რთული არ იყო, განსაკუთრებით დასის შეკრებებზე საჯარო გამოსვლებისას იყო ძალიან მკაცრიც, მომთხოვნიც, როგორც საკუთარი თავის, ისე კოლეგების მიმართ… თუმცა, თავად ისეთ მასტერ-კლასს ატარებდა სცენაზე, რომ სხვას გალაზღანდარავების უფლებას ნამდვილად ვერ მისცემდა…
მახსოვს, დედა გარდაეცვალა და ქალბატონმა ლილი იოსელიანმა (ჩვენმა საერთო პედაგოგმა) მთხოვა პანაშვიდზე წამეყვანა. სამძიმარზე რომ შევედით, უცებ ბატონი ნოდარი ხმამაღლა შეეგება: – ეს რა მიქენით, ქალბატონო ლილი… აი, ამ მწუხრის ჟამსაც კი, საკუთარ თავს ვაკვირდები, რა ხდება ჩემში… რა ვიცი, როდის რა როლში დამჭირდება ეს შინაგანი თუ სულიერი მდგომარეობაო… უდიდესი პროფესიონალის მიერ დამკვირვებლობაზე და ემოციურ მეხსიერებაზე პატარა ვორქშოპი იმ მძიმე ვითარებაშიც ჩაატარა.
მქონდა ბედნიერება პირადი ნაცნობობისა, მეგობრობისა, პარტნიორობისა… ერთხელ კურიოზული ამბავიც მოხდა. სპექტაკლში “ბედი-მდევარი” ეპისკოპოს პავლეს როლს ასრულებდა. გადაღებაზე მიფრინავდა, დირექტორს სწორედ სპექტაკლის დილას გაეთავისუფლა, თუმცა ბატონი გაიოზ კანდელაკი დარწმუნებული იყო, რომ იმ საღამოს სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, ეგონა ხვალ მიფრინავსო და გაუშვა. ბატონი ნოდარი გაფრინდა გადაღებაზე და სპექტაკლი დარჩა ეპისკოპოსის გარეშე. ჩემდა გასაკვირად, თემურ ჩხეიძემ მთხოვა, სპექტაკლი უნდა გადაარჩინოო და მე შემაგდო. ასე რომ, იმ ერთ საოცარი და ბევრი მოულოდნელი სიურპრიზებით აღსავსე 10 ოქტომბერს 1990 წლისა მე ნოდარ მგალობლიშვილის პარიკსა და კოსტუმში “ურცხვად” დავაბიჯებდი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე.
ამ ისტორიის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დავახლოვდით. სულ მეუბნებოდა – ჩვენ ლილიმ სულიერად დაგვანათესავაო. ჩემი მოზარდში დანიშვნა პირადად მომილოცა. ცოტა შევწუხდი კიდეც – სპეციალურად მოვიდა მოსალოცად ამ ხნის კაცი, თუმცა შემდგომში პრაქტიკულად ყველა სპექტაკლზე თუ საღამოზე ჩვენთან ერთად იყო. ძალიან მგულშემატკივრობდა მეც და ჩვენი თეატრის ახალგაზრდა მსახიობებსაც, მათაც მეტი რა უნდოდათ სიამოვნებისგან გარინდულნი საათობით უსმენდნენ მას.
სულ ბოლოს მედეა კუჭუხიძის საიუბილეო საღამოზე მოვიდა. უკვე რამოდენიმე წელიწადი იყო გასული მას შემდეგ, რაც სცენაზე აღარ გამოდიოდა… უცებ სცენაზე სრულიად გაუფრთხილებლად მოვიხმე. (ვიცოდი წინასწარ რომ შემეთანხმებინა, უარს მეტყოდა) რა უნდა ექნა. ამოვიდა სცენაზე და უცებ მოხდა სასწაული. მონატრებული მსახიობი სცენაზე რომ დაინახეს, წამოვარდა მთელი დარბაზი ფეხზე და მქუხარე აპლოდისმენტებით შეახსენა მას, თუ როგორ ენატრებათ. ისიც არ დარჩა ვალში, იქვე მუხლი მოიყარა და ასე გადაუხადა მადლობა როგორც მაყურებელს, ისე იუბილარ რეჟისორს, რომელთანაც დაწყებული ჩაპეკის “დედადან”, დამთავრებული როსებას “პრემიერით” თუ “ანა კარენინათი” არა ერთი და ორი საინტერესო სახე ჰქონდა შექმნილი.
ისეთი ახალგაზრდული იყო, როგორც გარეგნულად, ისე მსოფლმხედველობრივად, მეგონა წლები ვერაფერს დააკლებდა.