გვანცა კუპრაშვილი                                              

ფილმში ამღერებული საქართველო

            1940-იანი წლების მიწურულს „თბილისის კინოსტუდიაში“ გადაიღეს მხატვრულ-მუსიკალური ფილმი „ქეთო და კოტე“, პირველი მიუზიკლი მთელ საბჭოთა კავშირში. გადაღებული ავქსენტი ცაგარელის კომედია „ხანუმასა“ და ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ მიხედვით.
            ფილმად გადაღებამდე გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლო იყო, ახალი ფორმითა თუ გამომსახველობითი საშუალებებით გადმოცემულ ამბებს არ გაემართლებინა. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა რეჟისორებმა, ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა, ოპერატორ დიღმელოვთან ერთად,   მოიპოვეს უფლება ცაგარელის „ხანუმას“ სიკო ფაშალიშვილის მიერ გადამუშავებული სცენარით შეექმნათ ფილმი. ამ მოვლენასთან დაკავშირებული საინტერესო მასალაა დაცული საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის არქივებში. ჩვენი მიზანია თანამედროვე მკითხველს, ჩვენს საზოგადოებას, შევახსენოთ „ქეთო და კოტესთან“ დაკავშირებული ზოგიერთი მომენტი, საინტერესო ინფორმაცია და შესაძლოა ახალი, მათთვის უცნობი ძველი მასალაც გავაცნოთ.
       აი, ყველაფერი როგორ დაიწყო: „სტუდიის დირექტორმა ვლადიმერ მაჭავარიანმა დამიძახა და შემომთავაზა ვიქტორ დოლიძის ოპერის „ქეთო და კოტეს“ ეკრანიზირება. ოპერის ეკრანიზაცია!?- თავაზიანად განვუცხადე უარი, მადლობა მოვახსენე და, კარისკენ გავემართე, მაჭავარიანმა ღიმილით დამიძახა - ვახტანგ, მოდი რა გაჩვენო. მივედი, მაგიდის უჯრა გამოსწია და ოფიციალურ ქაღალდზე მიმითითა. ეს იყო საბჭოთა კავშირის ყველა კინოსტუდიების 1947-48 წლებში დასადგმელი ფილმების სია, რომელშიც „ქეთო და კოტე“ მერვე თუ მეცხრე ადგილზე იყო. დოკუმენტს ხელს აწერდა სტალინი “. (ეროვნული არქივი, „ვერცხლის ჯვარი“, ფ. 10. ანაწ. 2. N584).
       ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას ნიშნავდა ამ წინადადებაზე დათანხმება: ერთი მხრივ ეს იყო პატივის და დიდების მოხვეჭის შანსი, ხოლო მეორე მხრივ-დიდი რისკი. ფაქტია, რომ სსრკ-ის ხელმძღვანელს სურდა რუსთაველის დაბადებიდან 750 წლის ზარზეიმით ჩაეტარებინა. უფრო ზუსტად, აღნიშვნის შემდეგ კიდევ ერთხელ შეეხსენებინა რუსი ხალხისთვის, თუ ვისი გორისა იყო ის და ამჯერად ეს უნდა ეჩვენებინა მის თანამედროვე ქართველ შემოქმედებით გენიას თუ არა, დიდოსტატს მაინც.
      იმჟამინდელი ქართული კინემატოგრაფიის ახლად დანიშნულმა მინისტრმა ვლადიმერ მაჭავარიანმა და სტუდიის დირექტორმა მიხეილ კვესელავამ ფილმის გადამღებ ჯგუფს მუშაობის იდეალური პირობები შეუქმნეს. გადაღებები უმთავრესად ღამის ათი საათიდან გათენებამდე მიმდინარეობდა, ძველი კინოსტუდიის პავილიონში და მაშინდელ პიონერთა სასახლის ეზოში. სასინჯ გადაღებებზე თეატრიდან ოპერის მომღერლებიც იყვნენ მიწვეულნი, თითქმის ყველა ტენორი გამოიძახეს, მათ შორის ბათუ კრავეიშვილიც, რომელიც თავადი ლევანის როლზე იყო მიწვეული. სტუდიაში მისვლისთანავე მას ლევანის კოსტუმი მოარგეს და გრიმიც გაუკეთეს, თუმცა რეჟისორმა მისი კოტეს როლში თამაში ამჯობინა: 
      ქეთოს როლი რეჟისორს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა. მან ის სინჯების გარეშე შესთავაზა მედეა ჯაფარიძეს: „ქეთოს როლი მედეას შევთავაზე. მას გაეღიმა, ოპერის პერსონაჟი როგორ ვითამაშოო, ვუთხარი ოპერის გადაღებას არ ვაპირებ მეთქი. მოვუყევი პეტერბურგიდან ქეთოს ჩამოსვლის ეპიზოდი, ყარაჩოხელების ეპიზოდი, კოტეს დახვედრა და შინ მიცილება. ამის შემდეგ მედეამ სიამოვნებით მიიღო ჩემი წინადადება“. (ხელოვნების სასახლე, ხელნაწეთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი. კრავეიშვილი ბ. N 32).
      დამდგმელი ჯგუფი განაგრძობდა  საცდელ გადაღებებს, იღებდნენ ხან დრამის და  ოპერის მსახიობებს, ხანაც  ქუჩიდან აყვანილ ტიპაჟებს, თუმცა შედეგი სახარბიელო არ იყო.
     ამ საკითხზე განსაკუთრებული აზრი ჰქონდა სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელს, იმ დროისთვის სტალინის საყვარელ რეჟისორსა და შემოქმედს, მიხეილ ჭიაურელს.
          „ქეთო მომხიბლავი უნდა იყოს თავისი გულუბრყვილობით. ვფიქრობ, მედეა ჯაფარიძე არაა ქეთო! გირჩევდით გადაგეღოთ მერი ნაკაშიძე: მას მშვენიერი ხმაცა აქვს და  ემოციურადაც შესაფერისია. ის ყველა სინჯში ლამაზი არაა. ამიტომ ოპერატორმა უნდა მოძებნოს საჭირო წერტილი და საუკეთესო რაკურსი. თვით ნატო ვაჩნაძისთვის, საუკეთესო გარეგნობის მსახიობისთვის, საჭირო იყო შესაბამისი რაკურსის მოძებნა. მერი ნაკაშიძე არ შეიძლება გადაიღოთ დაბალი წერტილიდან. მისი უპირატესობა ისაა, რომ მერი ნაკაშიძე ნამდვილი მომღერალია, ხალხს კი უყვარს ნამდვილი მომღერლების ნახვა ეკრანზე, აუცილებელია მისთვის ხელახალი სინჯები, ამავდროულად კონსერვატორიაში უნდა მოიძებნოს ვინმე ახალგაზრდა შემსრულებელთაგანი.
         ლევანი, როგორც მოძრაობის, ასევე გრიმის თვალსაზრისით, არ არის დამაკმაყოფილებელი, უნდა მოისინჯოს ცირგილაძე და გამრეკელი. ეს, უკანასკნელი, ჩემი ვარაუდით, საუკეთესო უნდა იყოს.
         ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძე საუკეთესონი არიან. მათი დამტკიცება შესაძლებელია“. -სტუდიის ხელმძღვანელი მიხეილ ჭიაურელი“(ეროვნული არქივი, ფ. 53. ანაწ. 2. საქმე 584).
      მიხეილ ჭიაურელის შენიშვნებიდან მსახიობების ჩანაცვლების თაობაზე,  ზოგიერთი გაითვალისწინეს, ზოგიც არა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ფილმის მსახიობთა თავდაპირველად შერჩეული ჯგუფის გადაღებისათვის. „ვახტანგ ტაბლიაშვილის პროფესიულ თვალს და გამჭრიახ ჭკუას უნდა ვუმადლოდეთ, რომ იგი არ გაჰყვა ძველ გზას, როგორც 30-40 წლის წინათ რეჟისორები შემთხვევით შერჩეულ ტიპაჟებს იღებდნენ კინო-სურათებში.  ამიტომ ტაბლიაშვილმა უარყო ტიპაჟის ძებნა ქუჩაში და გადაწყვიტა ფილმში მონაწილეობის მისაღებად მოეწვია პროფესიული, მაღალი ოსტატობის მქონე მსახიობები“.(ხელოვნების სასახლე, ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი, კრავეიშვილი ბ. N 33).
      ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნა ლამაზი დეკორაციები, ორიგინალურად გადაწყვიტა ცალკეული ეპიზოდები, მაგალითად,  ყარაჩოხელთა სერენადა, სამი გოგონას სცენა ბაღში. მედეა ჯაფარიძის ქეთომ დაატყვევა მაყურებელი სილამაზითა და სიფაქიზით, ქალაქში ყველა ბიჭი მასზე იყო შეყვარებული. საოცარი, საინტერესო სახეები შექმნეს ქართული სცენის დიდოსტატებმა: ვასო გოძიაშვილმა (სიკო) და გიორგი შავგულიძემ (ნიკო). გიორგი შავგულიძის განუმეორებელმა, სახასიათოდ შესრულებულმა კინტაურის ცეკვამ ფილმის თბილისური კოლორიტი გამოკვეთა, ხოლო ახლადშექმნილმა, სუხიშვილების ანუ ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ დადგმულმა ცეკვებმა ქართული ქორეოგრაფიის უმაღლესი დონე წარმოაჩინა.
    ფილმის წარმატება არსებითად განაპირობა ვიქტორ დოლიძის უკვდავმა მუსიკამ.  ფილმის კომპოზიტორმა არჩილ კერესელიძემ შეინარჩუნა მუსიკის ორგანულობა და საინტერესოდ გააორკესტრა იგი. ასევე დაამატა რამდენიმე სამუსიკო სცენა, გაამდიდრა ძველი თბილისის სამუსიკო ფოლკლორით.
   გამომსახველობითი საშუალებებით ეს არის სრულყოფილი და სანახაობითი ეფექტით აღსავსე ფილმი. ის ცოცხლად გადმოსცემს ქვეყნისა და ეპოქის კოლორიტს. ფილმში იმდროინდელი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობენ: ვერიკო ანჯაფარიძე, ცეცილია წუწუნავა, სესილია თაყაიშვილი და სხვა. მასობრივ სცენებში უამრავი ვარსკვლავია.
   ფილმში მონაწილეობის მსურველი იყო ყველა: დიდი თუ პატარა, სახელგანთქმული თუ ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი. ისინი სთხოვდნენ რეჟისორს სულ მცირე ეპიზოდში მაინც ეთამაშებინა. ამ მხრივ საინტერესოა მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის წერილი:
              „ჩემო საყვარელო და ჭკვიანო ვახტანგ!
           გავიგე, რომ ხანუმა უნდა იყვეს ახალგაზრდა. ასე, რომ უნდა ახალგაზრდა ხანუმა უნდა ვათამაშოთო. მართალია სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ სიბერეს ვერ გადავურჩები, ასე, რომ მე არ მეწყინება, რომ ხანუმა არ მათამაშო. მხოლოდ იქნება რამე გამომიძებნო მოხუცის, ჩემთვის. იმედი მაქვს მეტყვი თუ გაქვს განზრახვა მე მივიღო რამე როლი. იყავი კარგად ჯანმრთელად. ასი წელი იცოცხლე ყველა შენიანებით.“ (ეროვნული არქივი, ფ. 18.)  ვახტანგ ტაბლიაშვილს მოგრძალებული თხოვნით მიმართა ნატო ვაჩნაძემაც. რეჟისორმა მისთვის გამონახა მოკლე ეპიზოდი, რათა ფილმი დაემშვენებინა მაშინდელ „დივას“ - მომხიბვლელ ნატო ვაჩნაძეს.
          ამ ფილმში  მონაწილეობის ასეთი დაუოკებელი სურვილის მიზეზი შეიძლება აგვიხსნას ფილმის მხატვრის იოსებ სუმბათაშვილის მოგონებამ:  „არავითარი ფილმი არ იყო „ქეთო და კოტეს“ გარდა. მაგან დაკეტა ყველაფერი და მარტო ტაბლიაშვილს მისცა სამუშაო. მხატვრისთვის სამუშაოდ მოცემული იყო მხოლოდ როგორც იტყვიან მოსამზადებელი სამუშაო, ერთი თვე, მთელი ოთახი ესკოზებით იყო სავსე, მოვიდა ჭიაურელი, ნახა ეს ყველაფერი, მოეწონა, ის იყო სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს კინოსტუდიის. თუმცა მაშინ ჭიაურელი მოსკოვში მუშაობდა.... ძალიან ციოდა სხვათაშორის როცა იღებდნენ, ზამთარში იღებდნენ, ყველას ციოდა, მედიკო ჯაფარიძეს არა სციოდა, რა ლამაზი გოგო იყო“. (დავით გუჯაბიძის ფილმი „ქეთო და კოტეს ძიებაში“, 2009 წ.)
        ტაბლიაშვილი მოგონებებში აღნიშნავდა, რომ ეს  იყო შემოქმედებითი სიცოცხლის უაღრესად ლამაზი ხანა. „ეს იყო პერიოდი მეტად დაძაბული, მაგრამ ლაღი და დამუხტული, უწყვეტი შემოქმედებითი პროცესით“. (იგივე ფილმიდან). 
            დრო, მართლაც, დაძაბული იყო,  ტაბლიაშვილს გამუდმებით თავს ესხმოდნენ არა მარტო კეთილისმსურველები, არამედ „მტრებიც“. ყველა ცდილობდა რაიმე მიეთითებინა, რჩევა მიეცათ. ძირითადად წუნს სდებდნენ, უკიჟინებდნენ რა როგორ გაეკეთებინა.  კოლეგების მხრიდან რეჟისორზე სხვადასხვა ტიპის შემოტევები არ ცხრებოდა. მუშაობა გაძნელდა. 
          დასახმარებლად საიმედო პიროვნებებს მიმართავდნენ. როცა „ქეთო და კოტეს“ სცენარი ვლადიმერ მაჭავარიანმა მოსკოვში დასამტკიცებლად წაიღო, შალვა გედევანიშვილი და ვახტანგ ტაბლიაშვილი მიხეილ ჭიაურელს სწერდნენ: „ახლა განსაკუთრებით თქვენი დახმარება იქნება საჭირო, სცენარი ჯერ კიდევ მტკიცედ არ არის მიღებული მოსკოვის მიერ, ასეთ ორჭოფულ მდგომარეობაში ძნელია შემოქმედებითი მუშაობის გაშლა. ამჟამად ჩვენი დიდი თხოვნაა დაგვეხმაროთ  სცენარის დამტკიცების დაჩქარებაში“.(ხელოვნების სასახლე, ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი, ჭიაურელი მ.).
         „ქეთო და კოტე“ ერთდროულად ორ ენაზე გადაიღეს. ერთი დუბლი იყო ქართულენოვანი, მეორე კი - რუსულენოვანი. მსგავსი რამ არც მანამდე და არც მის შემდეგ აღარ მომხდარა.
        მოგვიანებით მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ფილმის ორენოვნების გამო იტყვის: „მიხეილ ჭიაურელმა ყველაზე კარგად იცოდა, რა უნდოდა ბელადს. ბელადმა კი ის იცოდა, რომ 250 მილიონიანი საბჭოთა მოქალაქე უკეთ აღიქვამდა რუსულად გადაღებულ ქართულ ფილმს. ფილმი კომერციულიც იქნებოდა და ქართულიც“.(დავით გუჯაბიძის ფილმი „ქეთო და კოტეს ძიებაში 2009 წ.).
    ვახტანგ ტაბლიაშვილმა ასევე მიმართა იმხანად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანს კანდიდ ჩარკვიანს. „ის გაგრაში ისვენებდა. გადაწყდა ჩემი წასვლა. გაგრაში დილას ჩავედი.... 12 საათზე კანდიდ ჩარკვიანის  სამუშაო ოთახში გახლდით. შემომთავაზეს ოპერა „ქეთო და კოტეს“ ეკრანიზება. მე გთავაზობთ მუსიკალურ ფილმს. მჯერა, რომ კარგ  ფილმს გავაკეთებ, მაგრამ სტუდიის რეჟისურა წინააღმდეგობას მიწევს-მეთქი. რას მოითხოვენ? ოპერის ეკრანიზებას ყოველგვარი სიახლის გარეშე. მათ სურთ, თავადი ლევვანი და მისი წრე მეტისმეტად ღატაკი იყვნენ. კატეგორიულად მოითხოვენ ყარაჩოხელთა ეპიზოდის გაუქმებას, მიაჩნიათ, რომ ეს არ არის ბანალური გემოვნების ნაყოფი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ლამაზი სცენა. სცენარი წამოიღეთ? წამოვიღე. წავიკითხოთ. სცენარი ხალისით წავიკითხე, იმედით გავხედე, ღიმილით მიყურებდა. სცენარი მომეწონა, მომწონს თქვენი ჩანაფიქრი. ფილმს გააკეთებთ ისე როგორც თქვენ გინდათ...“. (ხელოვნების სასახლე, ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი, ტაბლიაშვილი ვ. N 39).
       ფილმი მართლაც გადამღები ჯგუფის სურვილისამებრ იქნა გადაღებული, თუცა ცენზურამ მაინც იმოქმედა და უნიკალური კადრები იქნა ამოღებული.
      გთავაზობთ ორ დასკვნას „ქეთო და კოტეს“ სარეჟისორო სცენარზე:
     მხატვრული ფილმების წარმოების, მთავარი სამმართველოს უფროსის სემიონოვის  დასკვნა  „ქეთო და კოტეს“ სარეჟისორო სცენარზე.  ამტკიცებს სსრკ კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე  კ. კუზაკოვი. 1947 წლის 4 მაისი.
    „ფილმში შესასრულებელი. სამუშაოების მიზნით რეკომენდაციას ვაძლევთ რეჟისორებს შეამოკლონ სურათის მეტრაჟი 2550 მეტრამდე.
ამოიღეთ რეჟისორული სცენარიდან ობიექტი „ეკლესია“, ანუ სცენა ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერისა; ასევე შეამოკლეთ, თუ ეს არ დააზიანებს ვიქტორ დოლიძის მუსიკას, შიდა ეპიზოდები. უფრო ლაკონური გახადეთ მრავალსიტყვიანი ეპიზოდი ლევანის სასტუმრო ოთახში. რამდენამდე შეიკვეცოს სცენები: კამათი და ჩხუბი ლევანის სახლში, აურზაური თეატრში  და შეყვარებულთა სენტიმენტალური მოგონების სცენა, მათი პირველი შეხვედრისა. 
    სცენარის რუსული თარგმანი წარუმატებელია. მასში ბევრია საუბრის ზუსტი მიმოქცევის დარღვევა, არაფრისმთქმელი ფრაზები და სიტყვებიც ჭარბადაა.
   სცენარში არსადაა სიტყვიერი იუმორი, კარგი ხუმრობა, მკვეთრი და მიზანში მოხვედრილი სიტყვა.
   რუსული სცენარი საჭიროებს სერიოზულ ლიტერატურულ დამუშავებას, განსაკუთრებით დიალოგებია ყურადღებამისაქცევი. რისთვისაც სტუდიამ უნდა ჩართოს საქმეში კვალიფიციური სპეციალისტი.
 „ქეთოს და კოტეს“ რეჟისორული სცენარი შეთანხმებულად ითვლება მაშინ, თუკი ყველა შენიშვნას გამოასწორებენ.... დამტკიცდეს, მხოლოდ მითითების გათვალისწინების შემდეგ.  - მხატვრული ფილმების წარმოების მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი  სემიონოვი“. (ეროვნული არქივი, ფ. 52. ანაწ. 2. საქმე 584).

         „თბილისის კინოსტუდია“, კინემატოგრაფისტთა სამხატვრო საბჭოს დასკვნა   კინოსურათ „ქეთო და კოტეს“ შესახებ, 1948 წელი.
      „ფილმი „ქეთო და კოტე“ შექმნილია ვიქტორ დოლიძის მიერ, ცაგარელის კომედია „ხანუმას“ მიხედვით. ჟანრის მიხედვით ფილმი მუსიკალური კომედიაა. მოქმედება ხდება რევოლუციამდელ ძველ თბილისში. არტისტების შექმნილ პერსონაჟებში: თავადი ლევანი და მდიდარი ვაჭარი კომედიურ-სატირულ სახეებად ყალიბდება.  საკუთარი მშვენიერი ქალიშვილის გაღატაკებულ თავად ლევანზე დაქორწინებით ცდილობს მაკარი შეაღწიოს „მაღალ საზოგადოებაში“, თავადი ლევანი კი იმედოვნებს, რომ ამ ქორწინებით გაისტუმრებს ვალებსა და გამოისწორებს მატერიალურ მდგომარეობას. მაგრამ ამ ქორწილს წინ ეღობება წმინდა სიყვარული ქეთოსა და სტუდენტ კოტესი, (ძმისშვილი ლევანისა). მაჭანკალი ხანუმას და მაკარის ძმისშვილების : სიკოსა და ნიკოს დახმარებით ახლგაზრდა შეყვარებულები შლიან ორი ხანდაზმულის გეგმას და ქორწინდებიან.(საინტერესოა, რომ ამ ტექსტში ჯვრისწერა არაა ნახსენები!. ხაზი ჩემია გ.კ.).
    ფილმში ნათლად არის ნაჩვენები იმჟამინდელი თბილისის ყოფაცხოვრება. მსუბუქად და ძალდაუტანებლად ვითარდება ქეთოსა და კოტეს სიყვარულის ხაზი. დიდი ოსტატობით არის ფილმის სიუჟეტში ჩასმული უამრავი მელოდია, სიმღერა და საცეკვაო სცენები, რომლებიც უმაღლეს მხატვრულ დონეზეა შესრულებული. მახვილგონიერული იუმორია; ორგანულია ნაციონალური მუსიკა და პოეზია.                  წარმატებით არის არჩეული მსახიობთა მთელი ანსამბლი, რაც ფაქტობრივად განაპირობებს ფილმის წარმატებას. გამორჩეულია მთავარი როლის შემსრულებელი მედეა ჯაფარიძე. კარგად ანსახიერებენ მაკარის ბიძაშვილებს მსახიობები: ვ. გოძიაშვილი და გ. შავგულიძე.
     ფილმის უარყოფით ნიშანთაგან კომისია გამოჰყოფს საერთო სტილის დარღვევას უხეშ ეპიზოდებს, როგორიცაა მაჭანკლების ჩხუბი თავად ლევანთან ლხინის დროს. ასევე ნაკლოვანია საცოლის ნაცვლად ნიშნობაზე ხანუმას გამოსვლა. გარდა ამისა, ფილმის მშვენიერ სანახაობას აუბრალოებს საესტრადო ნომრების მსგავსი მუსიკალური ეპიზოდები. ამასთანავე, ზოგან ხმა და მსახიობთა ტუჩების მოძრაობა არ ემთხვევა.
       სამხატვრო საბჭო მიიჩნევს, რომ მითითებული შეცდომებისა და ნაკლის გამოსწორების შემდეგ ფილმი შეიძლება გავიდეს ეკრანებზე“[1]
       საინტერესო ინფორმაციას შეიცავს მოსკოვის კინოს სახლში ფილმის ჩვენების  შემდეგ განხილვის სტენოგრამა. ფილმის შესახებ მსჯელობა 1948 წლის 4 მაისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საკავშირო კინემატოგრაფიის წარმომადგენლებმა, რომელთა აზრიც წყვეტდა თითოეული ფილმის ეკრანზე გასვლის ბედს. სხდომის თავჯდომარე ყოფილა პომეშჩიკოვი.
        საკმაოდ ვრცელი განხილვიდან  წარმოგიდგენთ ამონარიდებს, რათა თვალნათელი გახდეს, რაც იქ ხდებოდა. 
            ბორის ჩორნი - „ საკავშირო კინოს სახლის პრეტენზიულ მაყურებელს ბევრი კარგი და საუკეთესო ფილმი უნახავს, მაგრამ „ქეთო და კოტემ“ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.... ნახეს ეს არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც გადმოსცემს XIX საუკუნის ქართულ სულსა და გულს, წეს-ჩვეულებებს, მუსიკას, ქორეოგრაფიას.
             ბ.ს. ლასკინი: „თეატრალურობა, რასაც ფილმში ვხედავთ სასიამოვნოა, რადგან სურათი ორგანულად კინემატოგრაფიულია და ესაა მისი დადებითი როლი“.-  ამ მოსაზრებას ყველა გამომსვლელი ერთხმად და სრულად დაეთანხმა.
             ს.დ. ვასილევი - „ის გამორჩეულია იმით, რითიც ჭეშმარიტი ხელოვნება გამოირჩევა და ფასდება, ესაა: სიმსუბუქე, ძალდაუტანლებლობა, მაღალი ოსტატობა, რომლის უკანაც მაღალი შრომაა. ასე უნდა იყოს და არის, რაც უფრო მძიმეა გარჯა, მით უფრო მსუბუქი და ლაღია მისი შედეგი“. მან   გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს ფილმი მკვეთრად განსხვავდება ამავე ჟანრის სხვა ნაწარმოებებისაგან.
              ს.დ. ვასილევი - „ის (დიღმელოვი) ისეთ ნიუანსებს აქცევს კადრში, რომ ხაზსს უსვამს, ამკვეთრებს ეპიზოდს, სცენას, ნაწყვეტსაც კი“. (ეროვნული არქივი, ფ. 52. ანაწ. 2. საქმე 584).
         მართლაც ფასდაუდებელია ჭეშმარიტი დიდოსტატის - დიღმელოვის ოსტატობა, აპარატისა და ობიექტივის თავისეული გამოყენება, რითაც შეძლო კინემატოგრაფიისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური დეტალებით, კადრი პლასტიკური და მუსიკალურად გამომსახველობითი გაეხადა.
        ფილმმა წარმატებით შემოიარა მსოფლიოს თითქმის ყველა ეკრანი. აღფრთოვანებული იყო მაყურებელი, საქებარი სტატიები იწერებოდა პრესაში:   გაზეთი „დეილი ნიუიორკერი“ 1954 წ. - „ჰოლივუდს იშვიათად თუ შეუქმნია ამ მშვენიერების მსგავსი“;   ჟურნალი „სვეტ სავეტუ“ 1953 წ.   - „ქეთო და კოტე სანტერესო მიღწევაა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ეროვნული კინოსი, რომელიც საქართველს შემოქმედებას გვაცნობს“; გაზეთი „გლოზ შჩეცინსკი“ 1953 წ.  - „თუ ფილმ „ქეთო და კოტეს“ ამღერებულ საქართველოს ვუწოდებთ, გადამეტებული არ იქნება“;  გაზეთი ნიუ-იორკ ტაიმსი 1954 წ. -„ეს დიდი ხნის წინ იყო, ვუყურებდი მუსიკალურ კინოკომედია „ქეთო და კოტეს“ და დამამახსოვრდა საოცრად ლამაზი გოგონა, ფილმის გმირი. სწორედ, მასთან ასოცირდება საქართველოს ხატება“.
         რომ არა რკინის ფარდა, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციისგან ჰყოფდა ქართულ კინემატოგრაფიას ისევე, როგორც სრულიად საქართველოს, „ქეთო და კოტე“           XX საუკუნის 40 - იანი წლების მსოფლიო შედევრებს დაუმშვენებდა გვერდს და საქართველოსაც წარმატებების უფრო ხანგრძლივი ისტორია ექნებოდა.
         1999 წელს „ქეთო და კოტე“ დასახელდა ყველა დროის საუკეთესო ქართულ ფილმად.  2008 წელს პროდიუსერმა არჩილ გელოვანმა ფილმი აღადგინა ციფრული ტექნოლოგიებით.

 - ქართული კინო.1940-1960. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. თბილისი. 2024