ეკა კონტრიძე.   „მამლუქი“, ანუ ფილმის  შექმნის სულ სხვა ისტორია

      ჩვენ ყველანი საბჭოთა სისტემიდან მოვდივართ.   ძალადობის, რეპრესიების, ტერორის და უსამართლობის  სასტიკი სისტემიდან.  ტოტალიტარულ  გარემოში ცხოვრების  70 წლის მანძილზე,  მუდმივად ხდებოდა ჩვენი ქვეყნის  ისტორიის ფალსიფიცირება, წარსულის გადაწერა, გადაკეთება და  ტყუილის ისტორიულ სინამდვილედ წარმოჩენა. . .

       გაყალბებულია როგორც საქართველოს ისტორია, ასევე ქართული კინოს  ისტორიაც.  ქვეყნიდან გატანილია ისტორიული მნიშვნელობის წიგნები, დოკუმენტები, ფოტოები და კინოფირები. . .  გამქრალია დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში გადაღებული როგორც დოკუმენტური კადრები, ასევე  კინოდოკუმენტაცია. . . მთლიანად  გატანილია  1937-1938 წლების  „სახკინმრეწვის“ მუშაობის მასალები. . .„დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარული ფილმების სტუდიის“  მასალები კი მხოლოდ 50-ანი წლებიდან იწყება. . .

   მე-20 საუკუნის  20, 30 და 40-იან წლების ქართულ  ფილმოგრაფიაში   გვხვდება   ფილმები, რომლის არც ფირები, არც ფოტოები და არც კინოდოკუმენტაცია აღარაა შემორჩენილი.    არქივებში დაცულ „სახკინმრეწვის“ ოქმებში  ზოგჯერ ვხვდებით ფილმის ისეთ დასახელებებსაც, რომლის არსებობაც ჩვენთვის დღემდე უცნობია, მაგალითად: „ღირსების საქმე“ (მ. გელოვანი, 1931),    „მეღორეს გაუმართლა“ (ვ. სიდამონ-ერისთავი,1931),   „ნე პასარან (და არა ნო პასარან, როგორც ეს ესპანურად უნდა ჟღერდეს, დ. რონდელი, 1937), „ქალი მწვანეში“ (გ. მაკაროვი,  1937)  და სხვა.

     ქართული კინოს რეალური ისტორიის დადგენის  ერთადერთი საშუალება   არქივებში  მუშაობაა.  აუცილებელია ქართული კინომემკვიდრეობის, როგორც  ჩვენი უმნიშვნელოვანესი წარსულის, მასშტაბური კვლევა და საგანმანათლებლო საქმიანობის წამოწყება.   ამის  გარეშე,  ისტორიის ზუსტი ანალიზი და რაიმე  სახის სრულყოფილი კვლევის  ჩატარება,   შეუძლებელია.      საბჭოთა სისტემის ნარჩენებისგან   გათავისუფლების პირველი ეტაპიც ხომ საკუთარი ისტორიისა და წარსულის შესწავლა და  სწორად გააზრებაა.

      იმისათვის, რომ  წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ მუშოაბდა  „სახკინმრეწვი“ საბჭოთა ცენზურის პირობებში, ერთი ფილმის გადაღების სულ სხვა  ისტორიას მოგიყვებით, ისტორიას, რომელიც არქივში გაფანტული მასალებიდან აღვადგინე და რომელიც  20 წელზე მეტს  მოიცავს...

      1958 წელს საბჭოთა ეკრანებზე  დავით რონდელის  მხატვრული ფილმი „მამლუქი“ გამოვიდა. ფილმის  სცენარი უიარაღოს (კონდრატე თათარაშვილის) 1912 წელს გამოქვეყნებული მოთხრობის მიხედვით დავით რონდელმა დაწერა.

    ამ მოთხრობის მიხედვით გადაღებულმა პატრიოტული სულისკვეთების ფილმმა მაყურებლში დიდი სიყვარული დაიმსახურა და ის დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართულ კინემატოგრაფში.

     აქ, ამ ამბავში ახალი და გასაკვირი არც არაფერი იქნებოდა, რომ არა არქივში ნაპოვნი აქამდე უცნობი მასალები, კერძოდ „მამლუქის“ ორი ძველი, გაცრეცილი ლიტერატურული სცენარი, რომელსაც გარკვევით აწერია 1936 წელი. ერთ-ერთი მათგანი 8 გვერდიანია და მას გარეკანზე ასევე გარკვევით  აწერია „სცენარის ავტორი ტიციან ტაბიძე“,[1] ხოლო მეორეა 36 გვერდიანი 5 ნაწილიანი კინოსცენარი  წარწერით - „მამლუკი“. . .  [2](„მამლუკი“ როგორც უიარაღოს მოთხრობის სათაურია და არა „მამლუქი“ როგორც დავით რონდელის ფილმის სათაური)

     30-იანი წლების „სახკინმრეწვის“ სამხატვრო საბჭოს სხდომის ოქმებში წერია, რომ უიარაღოს მოთხრობა „მამლუკი“, დიდი ხნის განმავლობაში იყო ქართველ კინომუშაკთა შემოქმედებითი ინტერესის საგანი და ნაწარმოების  ეკრანიზაციის მოთხოვნა  არაერთხელ განუცხადებიათ სტუდიის კინორეჟისორებს.   1936 წელს კი ეკრანიზაციის იდეა,  როგორც იქნა, „სახკინმრეწვის“ სამხატვრო  საბჭოზე სასცენარო განყოფილებამ ოფიციალურად  წარმოადგინა.   სტუდიის ხელმძღვანელობას მოთხრობის  სიუჟეტი რატომღაც „ნაკლებდრამატურგიულად“  მოეჩვენა (სავარაუდოდ პატრიოტული  ხასიათის გამო) და  „დრამატურგიულ ფორმებში ჩამოსაყალიბებლად, მასზე ინტენსიური შემოქმედებითი მუშაობა“ მოითხოვეს.  ნაწარმოების კინოსცენარად გადაკეთება კი სტუდიის ხელმძღვანელობამ  ახალგაზრდა პოეტ ტიცინ ტაბიძეს დაავალა.  

   ფრაგმენტი სახკინმრეწვის სამხატვრო საბჭოს სხდომიდან (სტენოგრაფიული ჩანაწერი):  

„... ამხანაგი ალხაზიშვილი :  მასალა ძალიან კინემატოგრაფიულია, მაგრამ მე მგონია, რომ საჭიროა ფინალი ცოტა გადაკეთდეს. მაშინ გაქრება ის ნაციონალისტური ელფერი, რომელიც აქვს რომანს. აუცილებელია ასევე მასალა გათავისუფლდეს რომანტიზმისაგან. ძირითადად თემა მისაღებია.

ამხანაგი შენგელაია:   მასალა ძალიან საინტერესოა. აქ  საკითხი უნდა მივიყვანოთ ისტორიულ ტრაგედიამდე, მაშინ იქნება ეს თემა სწორი.

ამხანაგი თითბერიძე :  ეთანხმება ყველა შენიშვნას და ვთვლი, რომ ამ მასალას უნდა მოსცილდეს ყველაფერი ნაციონალისტური და ის უნდა დარჩეს  წმინდად სოციალურ თემად....

ამხანაგი მგალობლიშვილი : ... თუ არა და, ის ჩვენს თემების და ჩვენს გეგმას არ შეესაბამება“...

            განხილვის ოქმი დათარიღებულია 1936 წლით.

     სამხატვრო საბჭომ, რომელსაც თავად პოეტი ტიციან ტაბიძეც ესწრებოდა,   ერთხმად დაადგინა : „თემა მივიღოთ,  აუცილებლად  როგორც კლასიკური ნაწარმოების დადგმით.[3]

       სიტყვა მამლუქი არაბულად თეთრკანიან მეომარ მონას ნიშნავს და ამბავიც   მე-18  საუკუნეებში  საქართველოდან ხალხის გატაცებასა და უცხოეთში მონებად გაყიდვის ტრაგედიაზე მოგვითხრობს.  უიარაღოს მოთხრობაში,  პირველწყაროში,  ავტორი თხრობას  ხალასად, ტიპური ქართველი გლეხების ტაგუიასა და მზეხას ოჯახის აღწერით იწყებს.  შემდეგ მათ ადამიანებით მოვაჭრე  აბრაგები   უმცროს ბიჭს, ხვიჩას მოსტაცებენ და ასე იწყება ბიჭის ტრაგიკული ისტორია.  გატაცებულ ბავშვს  ჯერ გურიაში თავადის სახლში გადამალავენ, საიდანაც მას  მღვდელი მარკოზი დაიხსნის, მაგრამ  ბიჭუნას ისევ გაიტაცებენ და გასაყიდად თურქეთში გემით გადაიყვანან. გემზე შეშინებული და ატირებული პატარა ხვიჩა ქართველ ტყვეებს სალომესა და რეზოს მიეკედლება.   სტამბულში ჩასულებს  რეზოს და სალომეს  მდიდარი ვენეციელი ვაჭარი წაიყვანს, ხვიჩას კი ჰუსეინ აღა იყიდის და მამლუქად მიიყვანს ეგვიპტელ ალი ბიისთან სასახლეში.

   30 წლის შემდეგ,  მამლუქი  მაჰმუდი-ხვიჩა,  ფრანგებთან ბრძოლსას, ვენეციელ მხედართმავრის გარეგნობაში ნაცნობ ნაკვთებს დაინახავს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვენეციელი სიკვდილის წინ ქართულად „ვაი ნანას!“ შესძახებს, ხვიჩა-მაჰმუდი  მოკლული ჯარისკაცის სახეში  რეზოს და სალომეს შვილს ამოიცნობს.

   ტიციან ტაბიძის  პირველი კინოსცენარი ზუსტად მიყვება უიარაღოს ამ სიუჟეტს და ის ფაქტიურად გეგმაა მომავალი ფილმისათვის.

    მეორე, 36 გვერდიანი სცენარი კი  მართლაც ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის დასრულებული კინოსცენარია. აქ დამატებულია პერსონაჟები და საინტერესოდაა დახატული გმირების ხასიათები.   ასევე მნიშვნელოვანია, რომ სცენარში დასაწყისშივე შემოდის კიდევ ერთი პერსონაჟი - გოჩა, რომელიც ისევ ჩნდება სტამბულში მონათა ბაზრობაზე და ფილმის ფინალში - ვენეციელი მხედართმთავრის სახით.

      „... ტყით და ხშირი ბუჩქნარით დაფარული სერი, სადაც  თხებია გაფანტული.   მათ სდარაჯობს ორი პატარა  ბიჭი . ერთი იქნება 6 წლისა,  მეორე 8 წლისა. ბავშვები ნიაღვრისგან ჩამორეცხილ  დაქანებაზე თამაშობენ. 8 წლისას მარჯვენა ყურის ბიბილო ორად გაპობილი აქვს. პაწია დააჩერდება, ხელს მოავლებს და უკვირს, თუ რატომ არის მისი ამხანაგის,  რომელიც იმავე დროს მისი ბიძაშვილია, ყური ორად გაპობილი, თავისი კი ორივე მრთელია. ამხანაგი უხსნის, რომ ეს მას დაბადებიდანვე აქვს და ამიტომაც „ჩხოტორიას“ ეძახიან. ბავშვები მხიარულად აგრძელებენ თამმაშობას, ჭიდაობენ, ცეკვავენ და შემდეგ თხებს ბინისაკენ ერეკებიან. ერთ ადგილას თხები ორად იყოფიან, ერთი ჯგუფი გზას აგრძელებს ჩხოტორიას მეთვალყურეობით, მეორე კი იქვე ახლოს მდგომ, დაბალი, მჭვარტლისაგან გაშავებული ისლით გადახურული, პატარა ფიცრული სახლისაკენ უხვევს...  [4] (ფრაგმენტი  კინოსცენარიდან)

     სცენარის სიუჟეტი შემდეგ ისევ ზუსტად მიყვება უიარაღოს თხრობას, მაგრამ ისტორიული კონტექსტის პარალელურად, უფრო ღრმად არის წარმოჩენილი  ქვეყნის ეროვნული ტრაგედია. უფრო მტკივნეულად გვიხატავს ქართველთა გატაცებისა და მონებად გაყიდვის მძიმე ბედს.

     მღვდელი მარკოზის გმირიც  მეტად კეთილი და მზრუნველი პერსონაჟია, რომელიც   ქართველი  სასულიერო პირის კრებითი სახე უფროა.

   უიარაღოს მოთხრობისგან განხვავებით, სცენარში დამატებულია ასევე სასიყვარულო ხაზი, უფრო სწორედ,  უიღბლო სასიყვარულო სამკუთხედი.   ახალგაზრდა და ძლიერი მაჰმუდი-ხვიჩა შეუყვარდება ალი ბიის ხარამხანის ფავორიტს,  ჩერქეზი წარმოშობის ჰელი-ხათუნს, ხოლო მაჰმუდს კი საქართველოდან ახლადმოტაცებული ტყვე  ლუნ-ხათუნი უყვარს. მაგრამ სასოწარკვეთილი ლუნ-ხათუნი  თავს იკლავს, მაჰმუდს კი აპატიმრებენ.

     სცენარში უიარაღოს მოთხრობისაგან განსხვავებით, მაჰმუდი  ხვდება თანამემამულეებს, ამიტომაც ამბავს ფონად განუწყვეტლად დაჰყვება მონატრებული საქართველოს თემა.  ბავშვობისდროინდელი მივიწყებული მოგონებები და ნოსტალგიის  სევდიანი  ემოცია, რაც  კიდევ უფრო ცოცხალს და საინტერესოს ხდის მონა-მეომარის უიღბლო ბედს.

     მეტი დაძაბულობის შესაქმნელად სცენარში  გამოყენებულია „მოულოდნელობის“ ეფექტი  - მოულოდნელად იკარგება ჯერ  გოჩა, შემდეგ მოულოდნელად იტაცებენ  ხვიჩას, მოულოდნელად კლავენ მღვდელ მარკოზს და ისევ იტაცებენ ხვიჩას. შემდეგ სტამბოლში ისევ მოულოდნელად ხვდებიან ერთმანეთს   გოჩა და ხვიჩა,  მოულოდნელად ხვდება მაჰმუდი ქართველ ლუნ-ხათუნს და ბოლოს,   ბრძოლის ველზე მოულოდნელად კლავს საკუთარ ბიძაშვილს, ბავშვობის მეგობარ  „ჩხოტორია“-გოჩას.

    განსაკუთრებულად ემოციურად არის აღწერილი ფილმის ფინალური სცენა.  გოჩას სიკვდილის შემდეგ, სწორედ  ბრძოლის ველზე აღწევს განცდები კულმინაციას - მაჰმუდს ახსენდება შორეული ბავშვობა, სამშობლო,  დედა, თავისი ოჯახი, სოფელი... ამეტყველდება შინაგანი ხმა და ხვდება ყველაზე მთავარს, რომ არც თავად არის არაბი მხედართმთავარი და არც გოჩა იყო ვენეციელი მეომარი, ორივე უბედური საქართველოს შვილები იყვნენ,  უსამართლოდ მოტაცებული და გაყიდული...

      ფინალური სცენა არის მაჰმუდის თვითგაგებისა და იდენტიფიკაციის ძიების მთავარი აქცენტი, რომელიც მაშინდელ ხელმძღვანელობას და ცენზურას ალბათ ავისმომასწავებელ სიმბოლოდ ეჩვენა. ეს მინიშნება ხომ  ქართველი ხალხის იდენტიფიკაციის და სამშობლოს  ძიების სიმბოლოდ შეიძლება დაენახათ... ეს სიმბოლური მინიშნება კი იმ დროს მართლაც შეიძლებოდა გამხდარიყო სცენარის დაწუნების  მიზეზი. სამწუხაროდ,  ამიტომაც ტიციან ტაბიძის ამ ლიტერატურული სცენარით ფილმის გადაღება არ მოხდა...

      კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოხდა ტიციან ტაბიძის სცენარის ეკრანიზაცია, ისევ  ეროვნული არიქივის დოკუმენტებშია. „სახკინმრეწვის“ ერთ-ერთ დოკუმენტში  ჩამოთვლილია  - „ავტორები, რომლებმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულეს  სტუდიასთან დადებული ხელშეკრულება“. ამ ჩამონათვალში მოხსენიებულია ტიციან ტაბიძე, სცენარისათვის „მამლუკი“ .  დოკუმენტი დათარიღებულია 1937 წლით და  მნიშვნელოვანია იმით, რომ ტიციან ტაბიძესთან ერთად,  „არაკეთილსინდისიერ ავტორებად“ დასახელებულია - „სამუელ კუპრაშვილი[5]  სცენარისათვის „ორი ზღვა“ და „აბო“ (სცენარისტი სამუელ კუპრაშვილი  1937 წელს დახვრიტეს);  გიორგი გუგუნავა[6] სცენარისათვის „იქ სადაც იქმნება ამინდი“ და „ხიდი ენგურზე“ (რუსთაველის თეატრის დირექტორი, გიორგი გუგუნავა 1937 წელს დახვრიტეს); მიხეილ ჯავახიშვილი[7] სცენარისათვის „არსენა მარაბდელი“ (მიხეილ ჯავახიშვილიც 1937 წელს დახვრიტეს)... [8]   

         შესაძლებელია, სწორედ  სცენარზე მუშაობის პერიოდში მოხდა ტიციან ტაბიძის დაპატიმრება და შემდეგ მისი დახვრეტა, ამიტომ სტუდიის ხელმძღვანელობამ „მამლუქის“ შეჩერების ოფიციალურ მიზეზად „სცენარის ავტორის არაკეთილსინდისიერი მუშაობა“ დაასახელა ( აქვე უნდა ავღნიშნო, რომ სწორედ ამ დროს,  1937წელს,  „სახკინმრეწვის“ დირექტორი ავქსენტი თითბერიძე და მისი მოადგილე ივანე კიკნაძეც დააპატიმრეს და დახვრიტეს, სტუდიაში კი უშიშროების მრავალრიცხოვანი ჯგუფი „გამოძიებას ატარებდა“).

    „მამლუქის“ ტიციან ტაბიძისეული ვერსიის  მხოლოდ  ეს ორი მოკლე სცენარი გადარჩა,  ხოლო ფილმის გადაღების იდეა, დიდი ხნით დაივიწყეს.

         წლების შემდეგ, უკვე  1954 წელს  სახკინმრეწვის სასცენარო განყოფილების უფროსთან შალვა აფხაიძესთან შედის კინორეჟისორ დავით რონდელის განცხადება : „გთხოვთ  შეიტანოთ თემატურ გეგმაში კინოსცენარი  „მამლუკები“. აგრეთვე აღნიშნული ნაწარმოების საფუძველზე სცენარისა და ფილმის შექმნა დამევალოს  მე, რადგან წინათაც მქონდა ამ  ნაწარმოებზე განაცხადი.

                                   დავით რონდელი 02.08. 1954.[9]

 

      იმავე წლითაა დათარიღებული შალვა აფხაიძის დასკვნა დავით რონდელის სცენარზე „მამლუკები“ :  „დავით რონდელის მიერ წარმოდგენილი სცენარიმამლუქებისლიბრეტო გადაკეთებულია უიარაღოს ამავე სახელწოდების ცნობილი მოთხრობის მიხედვით. ლიბრეტოში სავსებით  დაცულია მოთხრობის იდეური  საფუძველი და სიუჟეტური ხაზი.

   სცენარზე მუშაობისას ავტორმა უნდა გაითვალისწინოს ერთი მთავარი შენიშვნა:

ხვიჩას  თავად ალექსანდრესაგან დაიხსნის და შემდეგ უვლის მღვდელი მარკოზი. რელიგიის მსახურის  სცენარში ამ რიგად გამოყვანა არ არის სასურველი. მღვდლის ნაცვლად აღებული უნდა იქნეს რომელიმე სხვა პროფესიის კაცი.

წარმოდგენილი ლიბრეტოს საფუძელზე შეიძლება ავტორთან დადებული იქნეს ხელშეკრულება.

                     სასცენარო განყოფილების უფროსი . აფხაიძე 28.10. 1954 წელი[10]

      „მამლუქის“ ახალი,  86 გვერდიანი კინოსცენარი, რომელიც კინოსტუდია „ქარული ფილმის“ საარქივო მასალებში დევს, არის რუსულ ენაზე და დათარიღებულია 1955წლით.

     კინოსცენარის ბოლო ვარიანტი, ტიციან ტაბიძის სცენარისაგან ოდნავ განსხვავდება. აქ დამატებულია მარკოზის სახლში მცხოვრები დედა-შვილი ლერწმისა და ცირა. სწორედ ცირას ხვდება მუჰამედი წლების შემდეგ ალი ბიის სასახლეში, ისიც გატაცებულია და ახლა უკვე მას ფატიმა ჰქვია. აი აქედან იწყება მათი უიღბლო ისყვარულის ისტორია. [11]

     არსებობს ასევე 1955 წლით  დათარირებული სტუდიის მთავარი ცენზორების დასკვნა კინოსცენარზე, რომელიც  ზოგიერთ ადგილას წარმოუდგენლად აბსურდულია. მაგალითად,  ვკითხულობთ: 

„...საჭირო იყო უფრო მეტი თავისუფალი შეჭრა მოთხრობის  ჩარჩოებში, მისი უფრო გაფართოება, მეტი დრამატურგიული გამომგონელობა და ამრიგადმოთხრობამამლუკის“ საფუძველზე, თანამედროვე თვალით დანახული, მაღალი პოლიტიკური სიმახვილის მქონე კინოდრამატული ნაწარმოების შექმნა...

„...  სცენარში  არ ჩანს ქართველი ხალხის აქტიური მოქმედება მშობლიური ქვეყნის ამწიოკებელთა და გამცემთა მიმართ. არ ჩანს ხალხის მოწინავე ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი არსებით ებრძოდნენ სამშობლოს დამამცირებელსა და გამყიდველ არამზადებს, როგორც თავად-აზნაურობიდან, ისე გლეხებიდან...“

„...ამბავი ხალხის უფრო ძლიერი მოძრაობისა და საზოგადოებრივი აქტივობის გამომხატველი სცენებით უნდა გაღრმავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პოლიტიკური ჟღერადობა სუსტი იქნება...“

და ბოლოს, ყველაზე საინტერესო -  „ ... 74 გვერდზე  რუსული ფრაზა „Стройные ряды Мамлюков“ აქ  სიტყვას „Стройные“  აშკარა შეცდომაა,  რადგან ფრიდრიხ ენგელსი მამლუკთა დამარცხების საკითხს როცა ეხება, ხაზს უსვამს,  რომ მათ არ გააჩნდათ „Стройные ряды“.

    სცენარმა სავარაუდოდ კიდევ ბევრ შენიშვნას და  შესწორებას გაუძლო და სამხატვრო საბჭოზე  საბოლოო დასკვნა ასეთი იყო: „ნაშრომი მეტად საინტერესო თემაზეა დაწერილი. იგი გაკეთებულია კარგად და  ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში  ჩვენი კინომრეწველობამამლუკისსახით საბჭოთა საზოგადოებას მისცემს კიდევ ერთ სრულფასოვან და შინაარსიან ფილმს.

                                                         1955წელი“

     საბოლოოდ  მხატვრული ფილმი „მამლუქი“ ეკრანებზე მხოლოდ 1958 წელს გამოვიდა. ეს არის ფილმი,  რომელშიც ნაჩვენებია  საქართველოს ტრაგიკული წარსული, მისი დაპყრობის, აოხრებისა და  შეურაცხყოფის შემზარავი სურათები. . .მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ  ფილმში   ტრაფარეტული საბჭოთა ისტორიული  ფილმებისგან განსხვავებით, მშრომელი ხალხის საგმირო წარსულის ნაცვლად პირველად ვხედავთ უბრალო ხალხის  უსუსურობას და უიმედობას უსამართლობის წინააღმდეგ. . .  და პირველად, ფრთხილად და შეპარვით ვგრძნობთ ქარველი ხალხის პატრიოტული სულისკვეთების გაღვიძების სურვილის.  იმედს იმისას, რომ სამშობლოს სიყვარული -  ეს მიჩქმალული და დავიწყებული გრძნობა, აუცილებლად უნდა გაძლიერდეს.

    სამწუხაროდ,  ფილმ „მამლუქის“ დოკუმენტაციაში, რომელიც ორ ათეულ წელს მოიცავს, 1937 წლის შემდეგ ტიციან ტაბიძის სახელი და გვარი არსად აღარ ფიქსირდება, არადა, ამ ახალგაზრდა, უდანაშაულოდ  რეპრესირებული პოეტის  როლი ფილმის შექმნის ისტორიასა და პატრიოტიზმის ამ სახით წარმოჩენაში, მართლაც განუზომელია...

    ... და ვინ იცის, კიდევ რამდენი ავტორის სახელი და გვარია დაკარგული ქართული კინოს ისტორიაში... ვინ იცის,  კიდევ რამდენი მნიშვნელოვანი ფილმი და დოკუმენტური მასალაა გატანილი ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან...    წინ კიდევ ბევრი  შეუსწავლელი,   გამოუქვეყნებელი და  მოულოდნელი ამბები გველოდება...   

 



[1] ეროვნული არქივი .-52, ან-2, -1598

[2] ეროვნული არქივი .52, ან-2, -1599

[3] ეროვნული არქივი .-52, ან-1, .-2

[4] ეროვნული არქივი .52, ან.2, -1599

[5] სამუელ (ბაჭუა) კუპრაშვილი -  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=3231

[6] გიორგი (გოგი) გუგუნავა - http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=9735

[7] ჯავახიშვილი მიხეილ -  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=7900

[8] ეროვნული არქივი ფ.297, ან-1, -1334

[9] ეროვნული არქივი ფ-52, ან-2, -1597

[10] ეროვნული არქივი ფ-52, ან-2, -1597

[11] ეროვნული არქივი  .52, ან-2 -1600

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. თბილისი. 2024