მანანა ლეკბორაშვილი 

გიორგი შენგელაია - მუდმივი ექსპერიმენტის გზაზე

(70-იანი წლებიდან დღემდე)

             ”ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა  აშენებულით    ტკბობაში”

                                            გურამ რჩეულიშვილი

 

       ქართველი რეჟისორები მაინცდამაინც არ სწყალობენ პოპულარულ ჟანრებს (კომედიის გამოკლებით). ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ თვალს გადავავლებთ თუნდაც ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში შექმნილ ქართულ ფილმებს: სულ რამდენიმე დეტექტივი, სათავგადასავლო ფილმი, მელოდრამა, მიუზიკლი, და მორჩა.
      მაგრამ არის გამონაკლისიც. ეს რეჟისორი გიორგი შენგელაიაა, რომელიც წლების განმავლობაში შესაშური ერთგულებით აფართოვებს ქართული კინოს ჟანრულ ჩარჩოებს. 
      თუ მის შემოქმედებას გადავხედავთ, ამ გზაზე ისეთ ტეხილებს აღმოვაჩენთ, რომ გიორგი შენგელაია ქართული კინოს ისტორიაში უნიკალურ მოვლენადაც შეიძლება იქნეს აღიარებული. მხატვრულ-დოკუმენტური “ალავერდობა” და ფსიქოლოგიური “ჯილდო”, “დოუ-ნანას” რიტმზე აწყობილი დინამიკური სათავგადასავლო ფილმი “მაცი ხვიტია” და მის კვალდაკვალ ბიოგრაფიული კინოსურათი “ფიროსმანი”, რომელიც სულ სხვა რიტმით სუნთქავს - მასში მხატვრის შინაგანი ცხოვრების პულსაციაა განფენილი და თანაბრად შორს დგას როგორც ტრადიციული “ბიოპიკისგან”, ისე საბჭოთა კინემატოგრაფის მიერ აღზევებული ისტორიულ-ბიოგრაფიული ჟანრისგან; შემდეგ კიდევ ახალი ხვეული - იგივე ეპოქა, იგივე თბილისი, რაც “ფიროსმანში”, მაგრამ ხასიათი, განწყობა, პირობითობის ტიპი რადიკალურად განსხვავებული, ვიდრე წინა ფილმში - პირველი ქართული მიუზიკლი  “ვერის უბნის მელოდიები”.
     მიუზიკლმა დაბადებიდან დღემდე განვითარების დიდი გზა გაიარა და მრავალი სახეცვლილებაც განიცადა.   XX საუკუნის დასაწყისში ბროდვეის სცენაზე დაბადებული ახალი ჟანრი თავისთავში მელოდრამას,  მუსიკალურ რევიუს, შოუს, კომიკურ სცენებს აერთიანებდა. ხმის შემოსვლასთან ერთად მიუზიკლი ეკრანზე ინაცვლებს და 30-40 წლებში ჩამოყალიბებული კინოჟანრის სახეს იღებს. მსუბუქი მუსიკალური კომედიის და მელოდრამის შემდეგ იგი თანდათან აფართოებს თავის არეალს და დრამატულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ კონფლიქტებსაც ეჭიდება. მაგრამ გიორგი შენგელაიას გეგმებში არ შედიოდა ჟანრის შემდგომი განვითარება და მისთვის ახალი გზების კვლევა. მისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა უცხო ტრადიციის მშობლიურ ნიადაგზე გადმონერგვა და ქართულ მასალაზე დაფუძნება. ამიტომ ის მიუზიკლის ტრადიციულ ტიპს და ნაცად ფორმებს მიმართავს. 
     ფილმი ტიტრებიდანვე მონიშნავს მოქმედების ადგილს, დროსა და ხასიათსაც კი. თოკზე გაფენილი სარეცხი - ძველებური კრინოლინიანი კაბები, კორსეტები, შეიდიშები... - მაყურებელს XIX საუკუნის თბილისის ერთ-ერთ უბანში ეპატიჟება. აქ ყველაფერი წესით და რიგით მიდის: მრეცხავები - რეცხავენ, ყასბები - ხორცს ჭრიან, ხაბაზები - პურს აცხობენ, ფოსტალიონები - გაზეთებს და ცხელ-ცხელ ამბებს არიგებენ, ვაჭრები - ვაჭრობენ, პოლიცია - ცდილობს არ იყოს “ბუნტი”... მაგრამ ფილმს არ აინტერესებს რეალური ყოფა. აქ ყველაფერი ესთეტიზირებულია, ზეიმური, ცეკვის რიტმს აყოლილი, სახალხო კარნავალის სულს დამორჩილებული (ქორეოგრაფი იური ზარეცკი). 
    მრეცხავი ვარდო ამ უბნის დედოფალი და,  როგორც იტყვიან, უბნის თვალია: ენერგიული, მშრომელი, მხიარული, სამართლიანი. ის განსაკუთრებით გულშემატკივრობს ქვრივ მედროგე პავლეს და მის ოჯახს, ორ ნიჭიერ და მომხიბლავ გოგონას (ია ნინიძე და მაია კანკავა). გოგონები ცოცხლობენ, სუნთქავენ მუსიკალურ რიტმში. მათ ერთი ოცნება აქვთ: ახლადგახსნილი ტანცკლასის მოსწავლეები გახდნენ. ამისთვის  არც მონდომება აკლიათ და არც ნიჭი, მაგრამ არა აქვთ ფული. 
    ფილმში სოციალური უთანასწორობის თემა შემოდის, მაგრამ სახალხო კარნავალისთვის ეს თემა არ არის უცხო და მისი გამოსწორების გზებიც ადვილად გამოინახება. ვარდო ასეთ მდგომარეობას უსამართლობად აღიქვამს: მდიდრებს - ყველაფერი, ღარიბებს კი - არაფერი? და არსენას გზას ადგება - მდიდრებს ართმევს, ღარიბს - აძლევს. ქურდობა, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ხალხური სამართლით “ქურდის ქურდი ცხონდაო” და თანაც, რას არ ჩაიდენ ადამიანი სიყვარულის სახელით. 
    ვარდოს წყალობით სახლების მეპატრონე გეურქოვის შეშა პავლეს ქოხს ათბობს, მისივე ქურქი სხვა პატრონს პოულობს და ტანცკლასისათვის ფულიც ნაშოვნია, ობლებს არც დაპურება აწყენთ და ყასაბ მიხაკას ხბოს ხორცის სურნელიც პავლეს ქოხთან დატრიალდება. 
    საქმეში პოლიცია ერთვება და პავლეს აპატიმრებს, მაგრამ ვარდო ვერ დაუშვებს, რომ მის მაგივრად უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს და როგორც დედოფალი, თავად შედის ციხეში. ბატონი პოლიცმეისტერი დიდად გაოცებული და შეწუხებულია, მაგრამ წესი - წესია, წესრიგი - წესრიგია. სამაგიეროდ, ასე არ არის უბრალო ხალხისთვის და მრეცხავები გაფიცვას აცხადებენ. ამიერიდან ნატიფ ქალბატონებს თავად მოუწევთ საკუთარი თეთრეულის რეცხვა, პოლიცმეისტერს კი - მუნდირის შიშველ ტანზე ჩაცმა. მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია, რომ ჰაერში “ბუნტის” სუნი დატრიალდა, ამისი კი ცეცხლივით ეშინია პოლიციას. ხალხურმა სამართალმა გაიმარჯვა: ვარდო თავისუფალია, გოგონების სწავლის ფული გადახდილია - ოცნებაც ასრულდა, გრძნობებიც გაცხადდა, ფილმი ოჯახური ბედნიერების სურათით სრულდება. 
    სიუჟეტი, რა თქმა უნდა, მარტივია და პირობითი. მაგრამ ეს ხომ კარნავალია, სადაც თამაშია მთავარი. აქ მდიდარი და ღარიბის დაპირისპირებაც ხალხური წარმოდგენების ფორმაში აისახება. ვარდო და პავლე, როგორც დადებითი და ამასთან ლირიკული გმირები, ნაკლებ არიან დისტანცირებული საკუთარი პერსონაჟებიდან, ისინი მეტად ასრულებენ როლს, ნაკლებ -თამაშობენ, სამაგიეროდ, უარყოფითი პერსონაჟების განსახიერებაში სათამაშო, კარნავალური სტიქია სრულად ზეიმობს. დოდო აბაშიძის (პოლიცმეისტერი), რამაზ ჩხიკვაძის (ვაჭარი პანკე), ბორის წიფურიას (ძიბო, პოლიციის დამსმენი), გოგი ქავთარაძის (პოლიციელი), ეროსი მანჯგალაძის (გეურქოვი), კახი კავსაძისა და ალისა ფრეინდლიხის (ტანცკლასის პედაგოგები) პერსონაჟები კი არ განასახიერებენ, არამედ თამაშობენ თავის სოციალურ როლებს, თამაშობენ აზარტით, დაგემოვნებით, თავისი და მაყურებლის გულის გასახარად. მათი მუსიკალური (კომპ. გიორგი ცაბაძე) და ქორეოგრაფიული ნომრები იმდენად შთამბეჭდავი და მაღალი ენერგეტიკის მატარებელია, რომ ერთგვარად ჩრდილავენ კიდეც მთავარ გმირებს. 
    რა თქმა უნდა, ფილმს სტილის, თემატური, ჟანრული თვალსაზრისით ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ როცა არც ბროდვეის ტრადიციები გიმაგრებს ზურგს და არც ინგლისური მიუზიკჰოლის, გაექცე საბჭოთა მუსიკალური ფილმებისათვის ხშირად დამახასიათებელ ნაძალადეობას და ყალბ ინტონაციებს, შექმნა გადამდებად ხალისიანი, უშუალო და მიმზიდველი სანახაობა, რომლის მელოდიებსაც ხალხი დღემდე მღერის, უდავო შემოქმედებითი წარმატებაა. შემდეგში, როცა რეჟისორი კვლავ დაუბრუნდება მიუზიკლს, ამ წარმატების განმეორებას ის ვეღარ შესძლებს.
     მაგრამ მანამდე ისევ ახალი ხვეული: მიუზიკლის პირობითი სამყაროს შემდეგ რეჟისორს, როგორც ჩანს, კვლავ რეალობის მონატრება გაუჩნდა. მომდევნო ფილმს “ქვიშანი დარჩებიან” რეჟისორი კახეთში, ალაზნის არხის მშენებლობაზე იღებს. რეჟისორი, როგორც “ალავერდობაში”, დოკუმენტურისა და მხატვრულის შეთავსების მეთოდს იყენებს. არხი ნამდვილად გაჰყავთ, ფილმში მონაწილე სოფლის მცხოვრებლებიც უმეტესწილად ადგილობრივი მკვიდრნი არიან, რეალურია პრობლემებიც - არხმა გლეხების მიწაზე უნდა გაიაროს, ზოგიერთს საკუთარი ნაშრომ-ნაჯაფი სახლ-კარის მიტოვება და ახალ ადგილზე გადასახლებაც უწევს, რაც ბუნებრივ პროტესტს ბადებს...
    ამ ტიპის კონფლიქტი ტრადიციულად მოითხოვს დაპირისპირების გამოკვეთას, მოქმედების დრამატიზებას, მაგრამ ავტორები თითქოს განზრახ ერიდებიან ინტრიგის გამძაფრებას, განზრახ ადუნებენ დრამატურგიულ ხაზს. მათ აინტერესებთ არა იმდენად ყოფითი წვრილმანები, სოციალური პრობლემები, არამედ უპირატესად ზნეობრივი ატმოსფერო და მორალური პრინციპები, რომლითაც ეს ადამიანები - ერთის მხრივ, მუდამ მოფუსფუსე, მოუცლელი მშენებლები და მეორეს მხრივ, მიწასთან ფესვებით დაკავშირებული გლეხები, ცხოვრობენ. ფილმის ინტონაცია თავშეკავებულია, დაფიქრებული.  თხრობა თავისუფლად ვითარდება, მკაცრი სიუჟეტური კავშირების გარეშე. ამ პირობებში მაყურებლის ჩართვა ეკრანულ მოვლენებში ძნელი აღმოჩნდა. ფილმი მჭვრეტელობითი და დეკლარატიული გამოვიდა, და თუმცა 1977 წელს სახელმწიფო პრემია დაიმსახურა, კრიტიკაც და მაყურებელიც გულგრილი დატოვა.
    სამაგიეროდ, მასობრივი მაყურებელი აღფრთოვანებით შეხვდა გიორგი შენგელაიას (მიშა ჭიაურელთან ერთად) მომდევნო კინოსურათს “სიყვარული ყველას უნდა”, რომელიც ისევ კახეთშია გადაღებული, თუმცა ამჯერად სრულიად სხვა ჟანრში და სხვა სტილისტური მანერით. მიუზიკლად ჩაფიქრებული ფილმის მოქმედება  თანამედროვე  კახეთში მიმდინარეობს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამის გამო ფილმი რეალობასთან უფრო მიახლოებული და ნაკლებ პირობითი გამოვიდა, ვიდრე “ვერის უბნის მელოდიები”. მაგრამ ეს არც ყოფილა ავტორების მიზანი. სიუჟეტი აშკარად პაროდიულია: სოფელში სამკერვალო ტექნიკუმის კურსდამთავრებული გოგონა ჩადის, რომელსაც მიზნად დაუსახავს სოფლის მცხოვრებლები, სანამედროვე კოლმეურნეები ყოფაშიც და სამუშაოზეც ესთეტიკურად მიმზიდველი ფორმებით შემოსოს. ენერგიულ და ხალისიან ქალიშვილს გამოცოცხლება შეაქვს სოფლის ცხოვრებაში. საბოლოოდ იგი გულისსწორსაც პოულობს და ოცნებასაც ისრულებს - ფილმი ბედნიერი სოფლის მცხოვრებლების ასევე პაროდიული დეფილეთი სრულდება.
    ამ სიუჟეტურ ღერძზეა აკინძული სოფლის დანარჩენ მკვიდრთა ისტორიები, რომელთა საერთო სულისკვეთება ფილმის სახელწოდებაშია გამოტანილი. დიახ, სიყვარული ყველას უნდა, ზოგი - იბრძვის ამისთვის, ზოგიც - დაკარგულს მისტირის...
    მაგრამ პაროდია საკმაოდ რთული ჟანრული ფორმაა, ის ბეწვის ხიდზე სიარულს მოითხოვს. ამჯერად პაროდირება ხშირად უხეშ კარიკატურულ ხასიათს იძენს. სიცილის გამოწვევა თვითმიზანი ხდება, დამოუკიდებლად მისი (სიცილის) ხარისხისა. 
    რაც მთავარია, ვფიქრობ, მიუზიკლში, რომლიდანაც მაყურებელში გადის კომიკური გამონათქვამები და დიალოგები, და არა მუსიკა, ალბათ ყველაფერი რიგზე არ არის. ფილმი ვერ აღწევს მიუზიკლისათვის დამახასიათებელ და აუცილებელ მუსიკის, ქორეოგრაფიის, პლასტიკის ჰარმონიულ ერთიანობას, იგი მუსიკალური კომედიის ჟანრის ფარგლებში რჩება ანუ კომედიად, რომელშიც  ჩართულია მუსიკალური ნომრები.
    მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, გაოცებას და პატივისცემას იწვევს რეჟისორის უნარი და სითამამე დაივიწყოს, რაც აქამდე უკეთებია; უკანმოუხედავად იაროს ყოველ ჯერზე ახალი მიმართულებით; დახვეწილი სტილიზაციის შემდეგ იმუშაოს რადიკალურად სხვა ხელწერით, პრინციპული უგემოვნების, კიჩის ზღვარზე, ააგოს ფილმი გარეგნულ ეფექტებზე და  გეგებზე. და ამის შემდეგ გადაიღოს ისევ სტილურად დახვეწილი, ქვეტექსტებით და უთქმელი სათქმელით დატვირთული ფილმი - “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”. 
   ახალგაზრდა კომპოზიტორი ეს ნიკუშა ჩაჩანიძეა (ლევან აბაშიძე), რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოვლა და ხალხური მუსიკის ნიმუშების შეგროვება გადაუწყვეტია. მიუხედავად მისი მასწავლებლის, გიორგი ყანჩაველის გაფრთხილებისა, რომ ცუდი დროა და მოგზაურობა საშიშიაო, ის თავისას არ იშლის. მისი გულუბრყვილო, ბავშვური მზერა ვერავითარ საფრთხეს ვერ ხედავს, მით უმეტეს, რომ მისი მოგზაურობის მიზანი ყოველმხრივ უწყინარი და თითქოს მაქსიმალურად განრიდებულია რეალობას..
    თავიდან მართლაც არაფერი მოასწავებს ხიფათს, თუმცა კი ქვეყანაში გამეფებული სიწყნარე ავის წინათგრძნობით არის გამსჭვალული. პირველად ეს წინათგრძნობა ფიზიკურ განსხეულებას წყაროს ეპიზოდში შეიძენს, სადაც სასიკვდილოდ ნაცემ მამაკაცს აღმოაჩენენ. ეს ლეკო თათაშელია (გია ფერაძე), რომელიც ნიკუშას მეგზური და გზისმკვლევი ხდება მის უცნაურ მოგზაურობაში.
    მოგზაურობა კი მართლაც უცნაური გამოდგა, ისევე უცნაური, როგორც სამყარო, რომელშიც ახალგაზრდა კაცი მოგზაურობს: შიშით გარინდული, ეჭვებით და რაღაცის მოლოდინით აღსავსე. აქ ნიკუშას მიზანს შენიღბვად აღიქვამენ, თავად მას - იდუმალი “ცენტრის წარმომადგენლად”, მის სიტყვებს შრომის თუ სადღესასწაულო სიმღერების შესახებ - კონსპირაციულ ტექსტად, პროფესიული დანიშნულების რუკას - მომავალი აჯანყების გეგმად. უარყოფა კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს, წარმოსახული და სასურველი სჯაბნის საღ აზრს. წმინდა ესთეტიკური წიაღსვლებით განპირობებული მიზანი მაინც პოლიტიკური ინტრიგების შუაგულში ამოაყოფინებს თავს გულუბრყვილო ახალგაზრდას.
    მაგრამ ახალგაზრდა კომპოზიტორი მზად არ არის იტვირთოს თავსმოხვეული მისია, მით უმეტეს, რომ ამის მზაობა არც საზოგადოებაში, უფრო სწორედ, კუნძულებად შემორჩენილ საზოგადოების ბოლო წარმომადგენლებშია. ჩვენს წინაშე იშლება პერსონაჟების პორტრეტული გალერეა, რომლებიც თავის პირად კარ-მიდამოში, როგორც ციხე-სიმაგრეში, შეყუჟულან და გარემო სინამდვილისგან თავის დაცვას განზე დგომით ცდილობენ. 
    ხეთერელები, კათარელები, არჯევნელები, ოცხელები, იტრიელები - ტანადები, ლამაზები, კეთილშობილები; მოძრაობა - ღირსების გრძნობით აღსავსე; მათი მზერა თითქოს ძველი ფოტოგრაფიებიდან გადმოსულა ეკრანზე; მათი საცხოვრისი წარსული დიდების კვალს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ისინი სხვადასხვაგვარად ხვდებიან ნიკუშას გამოჩენას, უმეტესად ეჭვიანი თავშეკავებულობით. შეიძლება სჯერათ მისი საიდუმლო მისიის, შეიძლება - არა, ეს კია, გაყოლის სურვილით მაინცდამაინც არ იწვიან. რევოლუციურ აღტკინებას მათი გულები მიუტოვებია. მხოლოდ ყოფილ ოფიცერს, შალვა ხეთერელს (რუსლან მიქაბერიძე) აიტაცებს ნიკუშა ჩაჩანიძის გამოჩენა. ის ჯიუტად ცდილობს მის სიტყვებში სასურველი მინიშნება ამოიკითხოს, ცხენს მოახტება და თბილისისკენ გასწევს, დილით კი ტყვიით შუბლგახვრეტილს მოასვენებენ უკან.
    მაგრამ არც წყნარად, ყველაფერში გაურევლად ცხოვრება აღმოჩნდა სწორი სტრატეგია. ეს ხალხი არაფერს აშავებს, მაგრამ მათი უბრალოდ არსებობაც კი საფრთხეს უქმნის ბოროტების ზეობას. ამიტომ საბაბი ყოველთვის გამოიძებნება და გამოიძებნა კიდეც - ფერიცვალობის დღესასწაულზე აალებული ეკლესია. დამსჯელი რაზმის მიერ დამნაშავის პოვნა ძნელი არ არის. ამაში მას შესანიშნავ სამსახურს უწევს Aახალგაზრდა კომპოზიტორის საიდუმლო მისიის ვერსია და მისი რუკა. ახალგაზრდა კომპოზიტორის მასპინძლებს ოჯახ-ოჯახ ჩამოუვლიან და უკანასკნელ გზას გაუყენებენ.
    მთელ ამ ისტორიაში კატალიზატორის და არსებითად ინიციატორის როლსაც ლეკო თათაშელის წინააღმდეგობრივი ფიგურა ასრულებს. ის პირველი “ხვდება” ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის ჭეშმარიტ მიზანს და გულმხურვალედ ცდილობს დაარწმუნოს სხვებიც. ის ანთებულია თავისივე გამოგონილი იდეით და უკვე ძნელი გასაგებია, სად არის გულწრფელი გრძნობა და სად - თეატრალური პოზა, სად - თავისუფლების წყურვილი და სად -საკუთარი მაღალი დანიშნულებით ცდუნება. ლეკოს პროვოკაცია მიზანდასახული არ არის, თუმცა ეს არ ამცირებს შედეგების სიმძიმეს. 
    ლეკო თათაშელი არ გაურბის “პასუხისმგებლობას” - ის, ერთის მხრივ, ადასტურებს საიდუმლო შეთქმულების არსებობას და ამით ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, მეორეს მხრივ, ხელს აფარებს ნიკუშას და მზად არის მთელი დანაშაული საკუთარ თავზე აიღოს. ის თავის თავს აცხადებს აჯანყების მოთავედ, წამებასაც იტანს და თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ალბათ დარწმუნებული, რომ მის სახელს, როგორც თავისუფლებისათვის თავგანწირული გმირისა,  საქართველო დროშასავით აიტაცებს. 
    მაგრამ თათაშელის წარმოსახვაში დაბადებული პათეტიკური სურათ-ხატებისგან განსხვავებით რეალობა სულ სხვა სურათებს გვიხატავს. “მასხარამ წამებულისა და წმინდანის ეკლის გვირგვინი დაიხურა. ეროვნული ტრაგედია ფარსად აქცია.” (აკაკი ბაქრაძე. კინო, თეატრი. “ხელოვნება”, თბ., 1989, გვ. 222)საზოგადოების საუკეთესო ნაწილი უხმოდ, უსახელოდ, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ნადგურდება.
    მრავლისმთქმელია ფილმის ფინალური კადრები. დასახვრეტად გზას გაყენებული პატიმრების გადათვლისას ბადრაგი დანაკლისს აღმოაჩენს. ეს როსტომ იტრიელს შეუსრულა “დიდსულოვნად” თხოვნა მისმა თანაკლასელმა და ნიკუშა ჩაჩანიძე გაანთავისუფლა (მან ხომ თავადაც კარგადაც უწყოდა მისი უდანაშაულობა). მაგრამ დამსჯელ მექანიზმს ციფრი აინტერესებს და არა პიროვნება. ამიტომაც ბადრაგი იქვე გზად მიმავალ გლეხკაცს ჩამოსვამს ურმიდან და სასიკვდილოდ განწირულთა რიგში შეაგდებს.  რა ერთი უდანაშაულო, რა - მეორე. სწორედ უდანაშაულოთა დასჯა ქმნის ბოროტების მმართველობისთვის აუცილებელ შიშის ატმოსფეროს, თორემ დამნაშავის დასჯა ისედაც სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად ითვლება. 
    და კიდევ, განადგურებისთვის განწირულთა რიგებში ერთად აღმოჩნდნენ არისტოკრატები და გლეხკაცი, ერის სული და ფიზიკური სხეული - ორივე თანაბრად მიუღებელი და არასასურველი შიშის რეჟიმისთვის.
    ფილმში დასახელებულია აღწერილ მოვლენათა კონკრეტული თარიღი - 1907 წელი. მაგრამ აშკარაა, რომ ფილმის ავტორთათვის, ისევე როგორც ლიტერატურული პირველწყაროსთვის, ეს ისტორიული თარიღი ცენზურული მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი. ნებისმიერი ქართველისათვის, რომელიც მეტ-ნაკლებად იცნობს გასული საუკუნის საქართველოს ისტორიას, ფილმით აღძრული უახლოესი ასოციაცია 1924 წლის აჯანყებაა. 
    თუმცა ფილმის ავტორები დაბეჯითებით არც ამ თარიღზე აკეთებენ მინიშნებას. ისტორიული დეტალები არ არის ხაზგასმული.  მთლიანად ფილმის რიტმი, კადრის წყობა, კოლორიტი, პორტრეტების ხასიათი (ოპერატორი ლევან პაატაშვილი, მხატვრები გოგი ალექსი-მესხიშვილი და ნიკუშა შენგელაია) ქმნის  წარსულის ატმოსფეროს, მიახლოებულს როგორც დეკლარირებულ, ისე ნაგულისხმევ ეპოქასთან. მაგრამ ფილმის საზღვრები კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე ტაბუდადებული კონკრეტული ისტორიული მოვლენების  მინიშნებით აღწერა.  
    ფილმი არ უღრმავდება ინტრიგის განვითარების პერიპეტიებს, არც პერსონაჟების ფსიქოლოგიურ მოტივაციათა ნიუანსებს. კამერა თითქმის არასდროს არ უახლოვდება გმირებს (ფილმი ძირითადად საერთო და საშუალო ხედებით არის გადაღებული), მაყურებელს მიზანდასახულად არ აძლევს ფილმის მოქმედებაში ზედმეტად ემოციური ჩართვის საშუალებას. თხრობა ეპიკურ ხასიათს იძენს, ეკრანული მოვლენებისგან დისტანცირება განზოგადების, ფიქრის მოთხოვნილებას ბადებს. 
    ფილმი იქცევა იგავად შიშზე და ღირსებაზე, არჩევანზე და მის ფასზე, ჭეშმარიტ და ცრუ გმირობაზე; იგავად, რომელიც ახლობელია და გასაგები ყველა დროისა და ყველა ხალხისთვის. ალბათ ყველა ქვეყნის ისტორიამ იცის ეპოქები, როცა ეგზალტაციას ეწირება საღი აზრი, პათეტიკური სიტყვისთვის და ეფექტური პოზისთვის იღუპება საქმე, ჩნდებიან ცრუ გმირები, ზედმეტი და უფრო მეტიც, სახიფათო ხდება ჭკუა, განათლება, ღირსება, ზნეობა. ამის დასტურია ბერლინის კინოფესტივალის ნომინაციაც “ოქროს დათვზე” და დამსახურებული “ვერცხლის დათვიც” საუკეთესო რეჟისურისთვის. 
    სამწუხაროდ, თავად საქართველოსთვისაც ფილმი მხოლოდ წარსულისკენ მიმართული კი არა, წინასწარმეტყველურიც აღმოჩნდა.  
    და ამის შემდეგ ისევ რეჟისორისთვის უკვე ტრადიციად ქცეული “ამოსუნთქვა” - სათავგადასავლო ჟანრის ფილმი “ხარება და გოგია”, რომელიც რეალურად არსებული პიროვნებების, XX საუკუნის დასაწყისის კახეთში სახელგანთქმული ყაჩაღების: ხარება ჯიბუტისა და გოგი კენკიშვილის ცხოვრების ეპიზოდებს ეყრდნობა.
    გიორგი შენგელაიამ ძალიან კარგად იცის პროფესიონალი მსახიობის ფასი, მაგრამ როგორც მისი შემოქმედება გვიჩვენებს, ასევე მშვენივრად ესმის, რა ხალასი ჟღერადობა შეიძლება მოიტანოს ეკრანზე არაპროფესიონალის პიროვნულმა, ფაქტურულმა და პლასტიკურმა თავისებურებებმა. ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, როცა მან კახელი ყაჩაღების როლებისათვის ცნობილი სპორტსმენები, მოჭიდავეები ლევან თედიაშვილი (გოგია), მიხეილ სალაძე (ილო მებურიშვილი), ავთო მაისურაძე (ძია) და ველორბოლაში მსოფლიო რეკორდსმენი ომარ ფხაკაძე (ხარება) ამოიღო მიზანში და მიუხედავად “რჩეულების” პიროვნული წინააღმდეგობისა, თავისი გაიტანა კიდეც.
     თუ “მაცი ხვიტიაში” ფილმის სუნთქვას გაჭენებული ცხენების ფლოქვთა თქარა-თქურის რიტმი აძლევდა, აქ მძიმე კახური სისხლი ჩქეფს. ფილმის რიტმში სისხლსავსე, ძალ-ღონით სავსე სხეულთა სუნთქვა იგრძნობა. 
    ფილმი მთლიანად ფიზიკურ ქმედებაზეა აგებული, ეპიზოდი ეპიზოდს მკაცრი სიუჟეტური აუცილებლობით მიჰყვება: ხარებასა და გოგიას შეხვედრა და დაძმობილება; ხარებას კონფლიქტი თავადთან, მოურავობის მიტოვება და ტყეში გაჭრა; გოგიას გადაწყვეტილება, მხარში დაუდგეს ძმადნაფიცს; რაზმის შეკრება; სოციალისტებთან დაკავშირება და მათთან საერთო ოპერაციები, რაც სისხლის დაღვრით მთავრდება; აქვეა ეპიზოდები, როგორ ართმევენ მდიდარს ფულს, რათა თავი ირჩინონ, როგორ ეხმარებიან გაჭირვებულს, როგორ უჭერს მხარს მოსახლეობა და როგორ გამოიძებნებიან მოღალატეებიც; აქვეა პროგრესული თავადაზნაურობის კეთილგანწყობის ამსახველი სცენები და მეფის რუსეთის ოფიცერი (როგორც ჩანს გადმოსახლებულთაგან), რომელიც ყაჩაღების აყვანის ოპერაციებზე ზანზალაკებიანი ეტლით დადის.  
     დრამატურგიული მასალის ერთგვარი სწორხაზოვნება, თითქოს დროს აღარ უტოვებს ფილმს მოვლენათა სწრაფ მონაცვლეობაში უფრო ღრმად ჩახედოს გმირებს თვალებში, უფრო ახლობელი გახადოს ხასიათები, მათი საქციელის მოტივაციები. სწორედ აქ თამაშობს გადამწყვეტ როლს პიროვნების ენერგეტიკული აურა, რომელიც განსასახიერებელი როლის მიღმა არსებობს და აცოცხლებს ეკრანულ სახეებს. 
    ამ კინოსურათის დახასიათებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიტყვა “ნაღდი”. ფილმის შავ-თეთრი გამა და მკვეთრად კონტრასტული გამოსახულება კახეთის მზის ხვატით სუნთქავს. ეკრანიდან თითქოს კოცონის სურნელი მოდის. ფილმის პერსონაჟები მშვენივრად გრძნობენ თავს ჩოხა-ახალუხში და იარაღსაც ისე ხმარობენ, თითქოს ბავშვობიდან არიან მასთან შეზრდილი. საბოლოოდ ნაკლი და ღირსება ერთმანეთს აწონასწორებს და ფინალში ფილმი მძლავრ ემოციურ მუხტს იკრებს.
    “ხარებასა და გოგიას” შემდეგ პაუზა უფრო ხანგრძლივი გამოდგა, ვიდრე ჩვეულებრივ. და ეს ბუნებრივიც იყო. საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ისეთი სისწრაფით დატრიალდა, მისი გააზრება და მხატვრული განზოგადება გაჭირდა. ასეთ სიტუაციაში ყველაზე გონივრული ნაბიჯი ალბათ ლიტერატურული კლასიკის ან წმინდა ჟანრული კინოსათვის თავშეფარება იქნებოდა; მით უმეტეს, რომ გიორგი შენგელაიასათვის არც ერთი იქნებოდა უცხო ხილი ან მიუღებელი კომპრომისი, და არც მეორე. მაგრამ წინდახედულება და გაბედულება ძნელად ეთანხმება ერთმანეთს. რეჟისორმა კვლავ მისთვის უვალი გზით არჩია სიარული. 
    თავდაპირველად, როცა გამოჩნდა პირველი ცნობები გიორგი შენგელაიას ახალ ფილმზე მუშაობის შესახებ, პრესა იტყობინებოდა, რომ მისი გმირის პროტოტიპად ცნობილი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი იყო ჩაფიქრებული. თუმცა ფილმის გამოსვლის შემდეგ ამაზე აღარაფერი თქმულა. როგორც ჩანს, მუშაობის პროცესში სცენარი სხვა გზით განვითარდა და მთავარი პერსონაჟის სახეში თავდაპირველი ჩანაფიქრი მხოლოდ ამოსავალ წერტილად და რამდენიმე შტრიხად შემორჩა. 
    საბოლოოდ მივიღეთ ფილმი “ორფეოსის სიკვდილი”, ინტელექტუალის დრამა, რომელიც ცდილობს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მაღლა დადგეს, მაგრამ   ცხოვრების ორომტრიალი მაინც ითრევს თავის მორევში და დაღუპვამდე მიჰყავს იგი.
     ბატონი ვახტანგი (ზურა ყიფშიძე) უნივერსიტეტის პროფესორია, ენტომოლოგი. მისი შესწავლის საგანი მწერების სამყაროა, უფრო კონკრეტულად კი პეპლები. ძნელი წარმოსადგენია რეალური ცხოვრებიდან უფრო დაშორებული საგანი, ვიდრე ამ ზეციური ქმნილებების დღემოკლე არსებობა. მაგრამ ხშირად ყოველდღიურობას განრიდებული მზერა უფრო გამჭოლი აღმოჩნდება ხოლმე და ამჩნევს იმას, რასაც ყოველდღიური ცხოვრების დუღილში ქაფი ჰფარავს. თუმცა, როგორც წესი, ემოციებსაყოლილი აზროვნება  მტრულად ხვდება იმ მითითებებს და მოწოდებებს, რაც არ თანხვდება საერთო ნაკადს. 
    როგორც ფილმიდან ირკვევა, ბატონი ვახტანგსაც თავისი მყუდრო ბინიდან, პეპლების გარემოცვიდან სხვანაირად დაუნახავს ყოველდღიური სინამდვილე, მასობრივად გაბატონებულ განწყობილებებში საშიში ეგზალტაცია და აგრესია უგრძვნია, ქვეყანას მომავალში სისხლით და ნგრევით რომ ემუქრება. მის გამოსვლას შედეგად მოსდევს ბრალდებები ანტიეროვნულობაში, კოსმოპოლიტიზმში, უნივერსიტეტში ლექციების კითხვის აკრძალვის მუქარა. 
    ფილმში მოვლენების და ფაქტების განზოგადება არ ხდება. ეკრანიდან მარტივად იკითხება საქართველოს უახლესი ისტორიის რეალიები, მით უმეტეს,  რომ ფილმი ამ მოვლენების ცხელ კვალზე იქმნებოდა. თავად რეჟისორიც ვერ რჩება გარედან მეთვალყურის და უცდომელი მსაჯულის როლში. არა მხოლოდ პირდაპირ, სიტყვიერად გამოთქმულ, არამედ საგნობრივ, ვიზუალურ გადაწყვეტაშიც მკაფიოდ ჩანს ავტორის მოქალაქეობრივი მრწამსი. ამის მაგალითია თუნდაც ილიას საპარადო, უგემოვნო, დაკვეთით შესრულებული პორტრეტი ვახტანგის “ხალხის ფეხის ხმას აყოლილი” მეგობრის ოჯახში და მის საპირისპიროდ ილიას სადა ფოტო თავად ვახტანგის კაბინეტში.
    მაგრამ, თუმცა პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ მძაფრად არის წარმოჩენილი ფილმის ქსოვილში, მას არც ისე დიდი დრო ეთმობა. მალე მოქმედება სულ სხვა გზაზე გადაუხვევს და პროლოგის შემდეგ სიუჟეტი მელოდრამის კანონებით ვითარდება, სადაც თავიდან ასეთი სიმწვავით გაცხადებული თანამედროვე ცხოვრების პოლიტიკური ასპექტები მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ შეგვახსენებს თავს.
    ვახტანგი შემთხვევით ახალგაზრდა ქალს, ნინოს, გაიცნობს. იგი პროფესორისგან განსხვავებულ ორბიტებზე ტრიალებს. ერთის მხრივ, მუსიკალური ბოჰემა (ირაკლი ჩარკვიანი და მისი ანსამბლი), რომელთანაც, როგორც ჩანს, სულიერი მეგობრობა აკავშირებს. მეორეს მხრივ, გაურკვეველი კრიმინალურ-მაფიოზური წრე, რომლის ხელმძღვანელსაც მატერიალური უზრუნველყოფის ფასად ნინოს სხეული უყიდია და ახლა საკუთარ ნივთად მიაჩნია, რომლის სრული განკარგვის უფლებაც აქვს; ამაში კი შეურაცხყოფის მიყენება, ცემა და მოკვლის უფლებაც მოიაზრება.
     ნინოსა და ვახტანგს შორის ურთიერთინტერესი ჩნდება, თუმცა ამ გრძნობას მომავალი არ უწერია. ეს კარგად ესმის ნინოს და ვახტანგს სთხოვს, არ ჩაერიოს მის ცხოვრებაში. მაგრამ ვახტანგი დაჟინებით ცდილობს დაიხსნას ქალი მისი ცხოვრების ჯოჯოხეთიდან, ცდილობს გადააცდინოს ჩვეულ ორბიტას და სხვა სამყაროთა ხიბლი აჩვენოს. ამ მიზნით ქალაქგარეთ მიჰყავს, ექსპედიციაში, რათა “აჩვენოს როგორ იჭერს პეპლებს”. 
    ნინო მართლაც სხვა გარემოში ხვდება. აქ სისადავე, გულწრფელობა, ურთიერთპატივისცემა, საქმის სიყვარული სუფევს, ყოველგვარი გარეგნული ელვარების და პათეტიკის გარეშე. და ამ გარემოში ნინოც  სულ სხვა სახით წარმოგვიდგება. მსახიობი ნინო კასრაძე ბრწყინვალედ წარმოგვიდგენს ამ გარდასახვას. ასეთ უმწეო, დარცხვენილ, დაბნეულ ნინოს მაყურებელი პირველად ხედავს. მას თითქოს საყრდენი გამოაცალეს, ჩვეული ატრიბუტები წაართვეს, “საბედისწერო ქალის” როლის სათამაშოდ რომ იყენებს იმ, სხვა ცხოვრებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, აქ ორფეოსი ივიწყებს თავის ფუნქციას. მას საერთოდ გადაავიწყდა, რომ აქ ევრიდიკეს გადასარჩენად იყო მოსული და საკუთარ სამყაროში ჩაიძირა. და ევრიდიკე სამუდამოდ ქრება მისი ცხოვრებიდან: ნინო სოფლიდან იპარება და იკარგება.
    იქნება კიდევ ერთი მცდელობა: ვახტანგი შემთხვევით დაკრძალვაზე მოჰკრავს თვალს თავის ევრიდიკეს და კვალდაკვალ აედევნება; ბოლომდე მისდევს და მდიდრულ ვილაში (ანუ ჰადესში) აღმოჩნდება. (ფილმის პათოსისთვის ნიშანდობლივია, რომ აქ ვახტანგს კრიმინალების გვერდიგვერდ სწორედ ის პიროვნებები დახვდება ფილმის პირველი, პოლიტიკური ნაწილიდან, ვინც მას ანტიეროვნულობაში სდებდა ბრალს და ლექციების კითხვის აკრძალვით ემუქრებოდა). ვახტანგი არც მოწინააღმდეგეთა აღმატებულ ძალას ეპუება, თუმცა მიზანს, ბუნებრივია, ვერ აღწევს - ნინო რჩება, სადაც არის, მას კი უხეშად გამოაგდებენ გარეთ.
    საბოლოოდ გამოდის, რომ ვახტანგი ვერც ნინოს დახსნას ახერხებს და არც საშუალებას აძლევს მას, დარჩეს იქ, სადაც არის. ნინო კრიმინალების ხელით იღუპება, ფილმის ფინალში საკუთარ სახლში მოულოდნელად კვდება ვახტანგიც და ძნელი გასაგება, რას ვერ გაუძლო მისმა გულმა: ევრიდიკეს დაკარგვას თუ გარემომცველ სამყაროს - ფილმში არც ერთი მიზეზისთვის იკვეთება საკმარისი მოტივაცია და არც მეორესთვის.
    საკმაოდ თამამმა განზრახვამ, ერთ ფილმში შერწყმულიყო ორი განსხვავებული ჟანრი - პოლიტიკური დრამა და მელოდრამა  - ავტორები საუკეთესო შედეგამდე ვერ მიიყვანა: პოლიტიკურმა დრამამ სრულად ვერ შეისხა ხორცი, ფონის სახე მიიღო და პოლიტიკური გამონათქვამის დონეზე დარჩა; რომანტიკული დრამისთვის ფილმს რომანტიზმი აკლია, მელოდრამისთვის გრძნობათა სიმძაფრე და მათი ემოციური გაშლა, რის გამოც მაყურებელს სივრცე არ ჰყოფნის  პერსონაჟებთან დასაახლოვებლად. ამაში არცთუ დადებით როლს თამაშობს ირაკლი ჩარკვიანის მიერ შესრულებული თავისთავად კარგი “ზონგები”, რომელიც სწორხაზოვანს ხდის ეკრანულ მოვლენებს და კიდევ უფრო აუცხოებს მაყურებელს მასთან. 
    სწორხაზოვანი და სიცოცხლეს მოკლებული გამოვიდა მთავარი გმირის, ვახტანგის სახეც. მას ზურა ყიფშიძის პროფესიონალიზმი და ნიჭიც ვერას   შველის, რადგან შეუძლებელი ხდება სრულყოფილი ინტელიგენტის მოდელის გაცოცხლება. მით უმეტეს ნიშნებად რჩებიან მეორე პლანის პერსონაჟები: კრიმინალები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, მუსიკოსები. ერთადერთი, ვინც ახერხებს ცოცხალი სახე შექმნას ეკრანზე ეს ნინო კასრაძეა, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
    ქართული კინოსთვის უცხო “ფენოვანი ღვეზელი” ამჯერად არ “გამოცხვა”, თუმცა წარუმატებელი ექსპერიმენტიც გამოცდილებაა,  არანაკლებ საჭირო და ხშირად სასარგებლოც როგორც თავად შემოქმედისთვის, ისე კინოპროცესისთვისაც.
    “ორფეოსის” გამოცდილებამ გიორგი შენგელაიას კვლავ ახალ და ახალ ჟანრებში ექსპერიმენტირების სურვილი ვერ დაუკარგა. კიდევ უფრო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით გერმანული შეკვეთის შედეგად გადაღებულ ეროტიკულ კინონოველას “სიყვარული ვენახში” (ისევ პირველი -  ამჯერად ეროტიკული ფილმი ქართულ კინოში), რეჟისორი ამჯერად გროტესკული კომედიის ავტორად წარმოგვიდგა. დასანანია, რომ ეს ფილმიც  უფრო მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა აღმოჩნდა, ვიდრე მხატვრული ჟესტი. პრინციპში, ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. 
    ბათუმისკენ მიმავალ მატარებელში ფილმის ავტორებმა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა არცთუ სასიამოვნო და მიმზიდველ მოვლენას და ტიპაჟს მოუყარეს თავი. მატარებელი ბათუმისკენ მიემგზავრება, ადგილისკენ, სადაც ფულიც ადვილად იშოვება და ნაირგვარი თაღლითებისთვისაც გასაქანი მეტია; თუმცა ჩვეული დაუდევრობის გამო გზა აერევა (!), ჯერ აფხაზეთში აღმოჩნდება, შემდეგ კი საერთოდაც - ჭიათურაში.
    ფილმს ერთგვარი კოლაჟის ხასიათი აქვს.   იგი არათანაბარი გამოვიდა, სხვადასხვა ხარისხის მხატვრული განზოგადებით და სხვადასხვა ხარისხის იუმორით. მაგრამ ალბათ ძალზე ძნელია შეინარჩუნო სტილური ერთიანობა ეკრანზე და შექმნა გაწონასწორებული ფილმი, როცა ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების მაგისტრალური ხაზები ასეთი სისწრაფით იცვლება. ფილმი, რომლის გადაღებაც იწყებოდა მოქალაქეობრივი აღმავლობის და იმედების ხანაში, სრულდება სულ სხვა განწყობების პერიოდში. და ნიშანდობლივია, რომ ფილმმა, შეიძლება ითქვას, ორი სახელწოდება მიიღო: საწყისი “ც და ფინალური კადრის შემდეგ - “მატარებელი მიდის”.
    სრულიად განსხვავებული ჟანრები, მხატვრული ფორმები, საფიქრალი - ძნელი დასაჯერებელიც კი არის, რომ ეს ფილმები ერთი რეჟისორის შემოქმედებითი გზის ნაწილია. მაგრამ თუ რამ საერთო არის ამ ფილმების შორის, ეს მუდმივი ძიება, მისთვის ჯერ უვალი გზების დაძლევის ჟინი და პროფესიონალური პასუხისმგებლობის გრძნობაა. გიორგი შენგელაიას ფილმებს შორის არის ელიტარული და მასობრივი, ჟანრული და საავტორო, ძალზე წარმატებული და ნაკლებ, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვნახავთ ისეთს, რომელიც გადაღებულია ხელოსნის გულგრილი პროფესიონალიზმით, ცივი გულით და გონებით, თითოეულ ფილმში ის თავად არის წარმოდგენილი, შემოქმედი თავისი რთული და მრავალწახნაგოვანი ბუნებით. 

 

 

 

ნარკვევების კრებული "ქართველი კინორეჟისორები", ნაწილი II. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2007