მანანა ლეკბორაშვილი
რამოდენიმე სიტყვა ისტორიისა და „ცუდი“ ფილმების დასაცავად
კარგა ხანია ჩამომიყალიბდა და დღითიდღე მიმტკიცდება აზრი, რომ ქართველები ისტორიას ძალზე უპატივცემულოდ ვექცევით და, რაც მთავარია, ყოველდღიურ ცხოვრებაში საერთოდ არ გვახსოვს მისი არსებობა.
ბევრს ალბათ გაუკვირდება – „ჩვენი გმირი წინაპრები“ „ისტორიული მემკვიდრეობა“, „გმირული წარსული“, „უნიკალური ისტორიული ძეგლი“ ყველა ქართველს ხომ პირზე გვაკერია. მე კი სულ სხვას ვგულისხმობ, დაახლოებით იმას, რამაც ილიას ათქმევინა: ჩვენი "ქართლის ცხოვრება" ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მოქმედი პირი ისტორიისა ჩრდილშია მიყენებული".
ჩვენი ისტორია მართლაც მწვერვალების ისტორიაა და, რომ არა უცხოელი მოგზაურები, მისიონერები, ისტორიკოსები, ქართული ყოფის დეტალები კიდევ უფრო ბურუსით იქნებოდა მოცული. თუ მწვერვალების სიყვარულს ქართული კინემატოგრაფზე გადავიტანთ ასეთ სურათს მივიღებთ: ზოგ რეჟისორზე წერს ყველა, ზოგზე – არავინ; „ცისფერ მთებზე“ დაწერა თითქმის ყველამ, ვინც კი კინოზე წერდა, ისევე როგორც „მონანიებაზე“, მაგრამ სცადეთ და მოძებნეთ რამე იმავე, 1983 წელს გამოსულ ფილმზე „გაზაფხული გადის“, ან „მონანიების“ კვალდაკვალ გამოსულ „ახალ არკადიაზე“ ან „მოდით, ვილაპარაკოზე“. მერწმუნეთ, გაგიჭირდებათ.
გასაგებია, უარყოფითი რეცენზიები წერა, მით უმეტეს „უწყინარ“ ფილმებზე, ნაკლებად პოპულარული იყო; შემოქმედებითი თვალსაზრისითაც წერა მაშინ უფრო საინტერესოა, როცა თავად ფილმი იძლევა ანალიზისთვის საინტერესო მასალას, მაგრამ ვიღაცამ იმაზეც ხომ უნდა იფიქროს, რომ ისტორია აქ და ახლა, ყოველდღიური ქმედებებით იქმნება, და რომ აქ და ახლა დაწერილ შეფასებას თუ ანალიზს ისტორიისთვის სულ სხვა ფასი აქვს.
კიდევ კარგი, რომ საბჭოთა პერიოდის პერიოდულ გამოცემებში ასე თუ ისე არსებობდა სარედაქციო პოლიტიკა, ყოველდღიური რუტინისადმი დაქვემდებარების ვალდებულება და საიუბილეო თარიღებზე მაინც ჩნდებოდა მწირი, ხშირად არაშემოქმედებითი, მაგრამ მაინც ინფორმაცია, შეკვეთილი რეცენზიები, ისევე როგორც იყო ოფიციალური განხილვები, იწერებოდა და ინახებოდა ოქმები. მაგრამ მიუხედავად ამისა, „შეუმჩნეველი“ ფილმებისა და კინემატოგრაფისტების რაოდენობა მაინც სამწუხაროდ დიდია.
შეიძლება თქვათ – კინო მაინც არაა თეატრი! რა მნიშვნელობა აქვს რეცენზიას, სპექტაკლისგან განსხვავებით ფილმი უცვლელი სახით რჩება და ყოველთვის შეიძლება მისი გაანალიზება.
მაგრამ ისტორიისთვის ფილმის თანადროული რეცენზია გარდა მის რაობაზე წარმოდგენის შექმნისა, კიდევ სხვა ინფორმაციის მატარებელიცაა – დროის პრიორიტეტების, აზროვნების წესის, განწყობების და ისტორიისთვის საინტერესო უამრავი სხვა ნიუანსის შესახებ.
და მეორეც, არც ფილმის და ფირის უკვდავების შესახებ არსებული შეხედულებაა მაინცდამაინც სწორი. ხან არქივი დაიტბორება (რეალური ფაქტი), ხან – ავტორის საწოლის ქვეშ შენახული ერთადერთი ასლი ბინიდან ბინაზე გადაბარგებისას არეულობაში სადღაც გაქრება (ფაქტი წარმოსახვის სფეროდან), ხან შენახვის შეუფერებელი პირობების გამო, უცბად აღმოვაჩენთ, რომ ფირის აღდგენა შეუძლებელია ... რა, არ მომხდარა?! რამდენიც გნებავთ...
საბედნიეროდ, საბჭოთა კავშირის პერიოდის ფილმები შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. ამ უკეთესი მდგომარეობის გარანტი კი ის არის, რომ საწყისი მასალები ჩვენ არ გვეკუთვნის და ის მოსკოვში ინახება. იმედია, ნელნელა მისი გამოსყიდვისთვისაც მოვიცლით, მაგრამ რა ეშველება დანარჩენებს, პოსტსაბჭოთა პროდუქციას, რომელთა უმეტესობა, ყველაფერთან ერთად, ვიდეო ფორმატშია გადაღებული?! ამ ციფრული მატარებლების გადამკიდეთ, სულ ცოტა ხანში, მათ აღმოსაჩენად შეიძლება გათხრების ჩატარებამაც კი ვეღარ გვიშველოს.
ამ პირობებში, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ფილმების დაცულობის ერთ–ერთი გარანტი მსოფლიო აბლაბუდა და მისი მძლავრი სერვერებია, რომელთა საშუალებითაც ხანდახან ოფიციალურად, უფრო ხშირად კი არაოფიციალურად ცირკულირებს როგორც ძველი, ასევე ახალი ფილმებიც.
მაგრამ ამგვარი ცირკულაცია წინააღმდეგობაში მოდის საავტორო უფლებებთან და ამაზე, დიდი ხანი არაა, რაც ქართველმა კინემატოგრაფსტებმაც დაიწყეს ზრუნვა. და რაში გამოიხატა ეს ზრუნვა?
დაიხურა ქართული ფილმების ერთ–ერთი ყველაზე დიდი ბაზა – babaduli.de, დღეს ამ მისამართზე შესვლისას ასეთი განცხადება დაგვხვდებათ:„საქართველოში მიიღეს კანონი რომელიც კრძალავს ქართული ფილმების განთავსებას საიტებზე. მართალია ჩემთვის გაუგებარია საბჭოთა ფილმები რატომ გახდა უცებ ვიღაცის საკუთრება მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის და არც სურვილი არ მაქვს კანონის დარღვევის. მითუმეტეს რომ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი საიტზე გაკეთებული იყო ხალხისთვის და საიტის არანაირი მოგება არ ქონია ამ ყველაფრიდან. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება საიტი გამომერთო..და ექვსი წლის ნაწვალები ქარისთვის გამეტანებია. მე ბედნიერი ვარ თუ ამ წლების განმავლობაში ოდნავი სიხარული მაინც თუ შევიტანე თქვენს ცხოვრებაში. საიტი გამორთულია გტხოვთ ტყილად ნუ იწვალებთ შესვლაზე. პატივისცემით ბაბადული.“
მკვეთრად შემცირდა ფილმების ნახვის შესაძლებლობა კინოცენტრის გვერდზეც, სადაც მხოლოდ ონლაინ შეიძლებოდა ფილმების ყურება და ისიც საკმაოდ ცუდი ხარისხით, ასე რომ მას მხოლოდ საინფორმაციო და არა კომერციული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა; თითქმის აღარ არის ქართული ფილმები მსხვილ გასართობ პორტალებზეც; სამაგიეროდ, აქა–იქ გაბნეულ მრავალპროფილიან გვერდებზე „ვინ რა და როგორიც იშოვას“ პრინციპით განთავსებული ფილმების აღმოჩენა მაინც შეიძლება.
სადავო არ არის, საავტორო უფლებების დაცვა საჭიროა, მაგრამ აქაც ალბათ გონიერების მოხმობით და ზომიერების დაცვით. ერთსიტყვიან კანონებში დღევანდელი ცხოვრების ყველა წახნაგის მოქცევა ძალზე რთულია, მით უმეტეს, როცა ეს სიტყვაა „აიკრძალოს“.
„საავტორო უფლებების დაცვა“ გაგებულია, როგორც ცხრაკლიტულს იქით გადამალვა? პრაქტიკა არ ადასტურებს, რომ აკრძალვებით შეიძლება აიძულო მომხმარებელი იყიდოს ის, რის ყიდვასაც ის არ აპირებს. მით უმეტეს, რომ ყიდვის შესაძლებლობაც არ არის. გაყიდვაში ვერც ერთი ახალი ფილმის, კარგის თუ ცუდის, ციფრულ ვარიანტს ვერ აღმოაჩენთ. არადა, დისკები შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ ცხელ კვალზე, მით უფრო იმ ტიპის ფილმების როგორიცაა „ოცნების ქალაქის“, ან „გოგონა სლაიდიდან“. სამი–ოთხი–ხუთი წლის შემდეგ ემახსოვრება მაყურებელს ეს ფილმები, რომ დისკი მოიკითხოს? შეიძლება ავტორები სხვანაირად ფიქრობენ. ნეტარ არიან მორწმუნენი...
ჩემი აზრით, ქართულ კინოს დღეს პოპულარიზაცია უფრო სჭირდება, ვიდრე მისი ხელშეუხებლობის დაცვა და ამ გზაზე ხანდახან პირატული მიმოქცევაც არ დაიძრახება, თუმცა არსებობს ბევრად უფრო ცივილიზებული მეთოდებიც. მთელ მსოფლიოში არსებობს კომერციული და არაკომერციული გაქირავების ცნება, ფილმოთეკები, საუნივერსიტეტო თუ სხვა ბაზები, რაც კვლევისთვის, ინფორმაციისთვის, განათლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფილმებს. ჩვენთან რატომღაც აკრძალვით დავიწყეთ, დანარჩენი შემადგენელი ნაწილი კი დავივიწყეთ.
წაგებული კი ისევ ქართული კინო რჩება, განსაკუთრებით ე.წ. მეორე ეშელონის ფილმები. აბა, შევხედოთ: არ იწერება რეცენზიები, ეკრანზე ძლებს ძალზე ცოტა ხანს: ერთი–ორი კვირა, ისიც საკითხავია რამდენად შევსებულ დარბაზში, შემდეგ – ერთი ჩვენება ტელევიზიით (ისიც კარგ შემთხვევაში) და დამთავრდა ... არსაიდან ხმა, არსით ძახილი.
ცოტა ხანში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დღევანდელი კინო ქართული კინემატოგრაფის ისტორიის თეთრი ლაქაა, ან შემოინახოს მხოლოდ ფილმოგრაფიული მონაცემების სახით: ყოფილა ასეთი ფილმი და აღარ არის. რა თქმა უნდა, ეს უპირატესად „ცუდ“, „უხარისხო“, „უმნიშვნელო“ ფილმებს ემუქრება, მაგრამ ისტორიამ წესით ისიც უნდა გვასწავლოს, რომ მხატვრული ნაწარმოების მნიშვნელობას დრო განსაზღვრავს; და არავინ იცის, როდის და რა კუთხით აღმოჩნდება ისტორიისთვის საინტერესო ესა თუ ის ფილმი.
ამერიკული ტრადიციით კინომცოდნეობითი პროგრამები, რომლებიც ძირითად აქცენტს კინოს ისტორიისა და თეორიის კულტუროლოგიურ შესწავლაზე აკეთებენ, როგორც წესი, არსებობს ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის კათედრებზე. აქ ფილმებს განიხილავენ როგორც ერთ–ერთ საშუალებას შეისწავლონ ქვეყნის ისტორია, საზოგადოებრივი ცხოვრების თავისებურებები, კულტურა – ფართო გაგებით. ამისთვის საუკეთესო მასალას კი სწორედ მეორე ეშელონის ფილმები იძლევა. მწვერვალები უფრო ხშირად მაინც ავტორის სულიერი სამყაროს ანარეკლია, რიგითი ფილმები კი, ხშირად თავისდა უნებურადაც, თანამედროვეობის ტვიფარად გვევლინებიან.
მართალია, ქართული კინემატოგრაფი რეალობასთან უშუალო ურთიერთობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, მაგრამ გადაავლეთ გონების თვალი თავის დროზე ათვალისწუნებულ „ჭრიჭინას“, „აბეზარას“, „თოჯინები იცინიანს“, „ნინოს“ და იმედი მაქვს დაეთანხმებით ამ სტატიის პათოსს, როცა მასში ეპოქის შეიძლება არაპირდაპირ, მაგრამ ძალზე საინტერესო ანარეკლს გადააწყდებით.
ჟურნალი filmprint N5 ზაფხული, 2012