ირა კუჭუხიძე
რეალურისა და ირეალურის მიჯნაზე
(მიხეილ კობახიძე)
მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების ქართული კინოს აღზევებასა და ფართო აღიარებაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერთმა ფრიად ავტონომიურმა და თვითმყოფადმა მოვლენამ - ეს არის მიხეილ კობახიძის კინოსამყარო. მ. კობახიძე ნოვატორია როგორც ხელოვანი, რადგან მისი ფილმების ფორმა, რომლისადმი იგი აქტიურ ინტერესს იჩენს, ფორმა - დახვეწილი და პირობითი ემსახურება ქართული კინოსათვის სრულიად ახალი ეკრანული სივრცის შექმნას.
მიხეილ კობახიძემ, როგორც ახალი ლირიკული გმირის აღმომჩენმა, დიდი გავლენა მოახდინა ქართულ კინოაზროვნებაზე გაუხსნა რა ახალი ჰორიზონტები ბევრ თავის თანამედროვე და მომდევნო თაობის რეჟისორთა შემოქმედებას. მისი დიდი წვლილი არის ისიც, რომ დასაბამი მისცა ლაკონიურ კინოაზროვნებას და მოგვიანებით ფართოდ აღიარებული “ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის” საუკეთესო ტრადიციებს.
60-იანი წლების დასაწყისში მ. კობახიძემ დიდ კინომატოგრაფიაში ფეხი შემოდგა ლაღად, თავისი სათქმელითა და ხელწერით; როგორც დასრულებულმა ოსტატმა, ბუნებით მომადლებული ნიჭით დაჯილდოვებულმა კინემატოგრაფისტმა. ამიტომაც იყო, რომ ეს “ნათლობა” დიდ წარმატებად და საყოველთაო აღიარებად გადაიქცა. ჯერ კიდევ სტუდენტურ ფილმში “კარუსელი” მოინიშნა რეჟისორის შემოქმედებითი ინტერესები, რომლებმაც დასრულებული, დახვეწილი და უნაკლო ხორცშესხმა ჰპოვეს მის მომდევნო ფილმებში. საოცარი წარმატება ხვდა წილად ფილმს “ქორწილი” (1964წ.), რომლის მხატვრული სრულქმნილება დღესაც ეჭვმიუტანელი რჩება. დებიუტმა ნათელჰყო, რომ რეჟისორის შემოქმედება აღნიშნულია ძალზე თავისთავადი მხატვრული მეთოდით, უცდომელი გემოვნებით, ღრმა ინტუიციით და ნათელი აზრით.
პირველ ფილმში გამოვლინდა აგრეთვე რეჟისორის მიდრეკილება ეკრანული გამოხატვის და მხატვრული განზოგადების პირობითი ფორმებისადმი, ლაკონიური დრამატურგიისა და იუმორისადმი, კინოსახის ლირიკულ-ექსცენტრიკული გადაწყვეტისადმი. შესანიშნავად გრძნობს რა ფორმის, ჟანრის თავისებურებას, ეკრანული პლასტიკის ხასიათს, რეჟისორი თავის შემოქმედებას ყოველთვის აზღვევს იმ ნაკლოვანებისაგან, რაც არც თუ იშვიათად იჩენს ხოლმე თავს ამგვარი სტილური მიმართულების ნაწარმოებებში. მ. კობახიძის ფილმები იმდენად ორგანულია მისი ნიჭისთვის, რომ მათი განზოგადების პირობითობაც, სახეების სიმბოლურობაც ძალდაუტანებლობის, სილაღის შეგრძნებას ბადებს და ამასთანავე ისინი მოკლებულნი არიან უსიცოცხლო სქემატურობას, ვინაიდან მოცემული ფორმის ჩარჩოებში მაინც საკმაოდ ავლენენ ინდივიდუალური ხასიათის ნიშნებს. ამით კი ცხადია, მისი პერსონაჟები მაყურებლისთვის უფრო საინტერესო, მახლობელნი და თანაგანცდის თუ თანაგრძნობის გამომწვევნიც ხდებიან.
განა “ქორწილის” გმირი ხორცშესხმული ადამიანი არ არის? სიხალისე და პირველი სიყვარულის გრძნობის სინატიფე, ახალგაზრდული ოპტიმიზმი და განცდის უშუალობა, გულუბრყვილობა -განა ეს თვისებები ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებებით არ არის წარმოსახული მსახიობ გოგი ქავთარაძის მიერ?..
ძალზედ “პროზაული” პროფესიის (ფარმაცევტი!), მაგრამ პოეტური ბუნების, მეოცნებე ვაჟს ავტობუსში შემთხვევით მის გვერდით მჯდომი ქალიშვილი შეუყვარდება. მათ შორის აღმოცენებული ურთიერთ სიმპათიის იმპულსები სერიოზული კავშირის გაღრმავებაზე არ მიანიშნებს. მით უმეტეს, რომ ქალიშვილის დედა ფხიზლად “დარაჯობს” თავის პირმშოს. საგულისხმოა, რომ ვაჟისაგან განსხვავებით, გოგონა უმაღლესი სულიერების ხელოვნებას ეუფლება (მევიოლინე!). რეჟისორი აქ თითქოს ლოგიკას ამოატრიალებს და ფინალში გოგონა, ალბათ, დედის მიერ არც თუ უანგაროდ არჩეულ მამაკაცს მიჰყვება ცოლად. ჩვენი გმირი კი კარგავს რა ზღვარს რეალობასა და ოცნებას შორის, იმის განხორციელებას შეუდგება, რაც მის წარმოსახვაში დასურათდა. ყვავილებით ხელში, საზეიმოდ გამოწყობილი მიიჩქარის ქალიშვილის სახლისაკენ, რათა მკაცრ და კაპას დედას (რომელიც ოცნებებში ლამის კეთილ ანგელოზად მოევლინება!) მისი ხელი სთხოვოს. თავდაჯერებული და ხალისიანი შედის სადარბაზოში და აქ თავისი სიმპათიის საქორწილო რიტუალს წააწყდება. დამალვას ცდილობს, სევდა შეიპყრობს, მაგრამ...
“ქორწილში” მიხეილ კობახიძე კინოენით გვესაუბრება ძალზე უბრალო, ყველასათვის გასაგებ და ამაღელვებელ, მაგრამ მარადიულ ადამიანურ გრძნობებზე - სიყვარულზე, ახალგაზრდულ ოცნებებზე, პირველ იმედგაცრუებაზე, სიყვარულის თანმხლებ სიხარულსა და ნაღველზე... და, რაც მთავარია, ფილმი ნათლად, თითქმის “ხელშესახებად” გვაგრძნობინებს ადამიანებს შორის გულწრფელი, სულიერ საწყისებზე აღმოცენებული ურთიერთობის სილამაზეს. შესაბამისად, მისი იუმორიც განსაკუთრებულ შეფერილობას იძენს. მასში სჭარბობს ლირიზმი და სიცოცხლისდამამკვიდრებელი მსოფლშეგრძნება. ასე, მაგალითად, “ქორწილს” მეტ ღირსებას და მნიშვნელობას ისიც ჰმატებს, რომ სავსეა საღი, ოპტიმისტური იუმორითა და იმედით. ფილმის გმირმა -კეთილი ოცნებებით აღვსილმა ახალგაზრდამ პირველ სიყვარულთან ერთად ტკივილი და იმედგაცრუება იწვნია, მაგრამ, ვფიქრობ, რაც მას სიუჟეტით გადახდა, მისი ბიოგრაფიის წარუშლელ ფაქტად ვერ გადაიქცევა, რადგან ყვავილებით ხელში ის კვლავ წინ მიდის, ამაყად, ენერგიულად, ის თავისი ოცნებისკენ მიაბიჯებს შეუჩერებლად. ცნობილი რომანსი _ “Эх, раз, ещё раз...”, რომელიც რეფრენივით გასდევს ფილმს და ფინალურ კადრებსაც, გამოყენებულია იუმორით თუ ირონიით და სწორედ იმას უსვამს ხაზს, რომ ყველაფერი ჯერ წინ არის. ეს მუსიკალური გადაწყვეტა ამგვარ ეფექტს იმიტომ იძლევა, რომ ფილმის გმირის და რომანსის გმირის სულიერი წყობა კონტრასტულია. ფილმის გმირი სიცოცხლით და იმედით სავსე ახალგაზრდაა, რომანსის გმირი კი უკვე დაღლილია ცხოვრებისგან და ყოველი ახალი ეპიზოდი მის ცხოვრებაში მხოლოდ კიდევ ერთი კარგად ნაცნობი და მოყირჭებული შთაბეჭდილებაა.
“ქორწილში” რეალობასთან კავშირი ჯერ კიდევ საკმაოდ მჭიდროა (ინტერიერები, დეტალებზე ყურადღების გამახვილება, თბილისის ქუჩები, ბუნებრივი ხმაურები და.ა.შ.). პროფესიული, წმინდა კინემატოგრაფიული თვალსაზრისით ამგვარი, პირობითად რომ ვუწოდოთ, “დოკუმენტური სტილისტიკა” ძალზე არტისტულად არის გამოყენებული “ქორწილში” და ამიტომ ატრაქციონის ილუზიასაც კი ბადებს. ჩანს, სწორედ ამ არტისტიზმში იმალება ის პოტენცია, რომელიც გამჟღავნებას ითხოვს და რომელმაც მ. კობახიძე მიიყვანა “ქოლგამდე”, ე.ი. საკუთარ პირობით საეკრანო სამყარომდე.
მეტაფორულ - სიმბოლური აზროვნება აქ კიდევ უფრო შორს მიდის და ჩვენს თვალწინ უსულო საგანი - ქოლგა ცოცხლდება, დამოუკიდებელ “არსებად” მოგვევლინება, იწყებს მოძრაობას და მოქმედებას. სიმბოლო არასოდეს ერთმნიშვნელოვანი არ არის. აქაც ასეა, მაგრამ ქოლგა რომ რაღაც უცხოსი, მოუხელთებელის, ახალგაზრდა გმირებისათვის მიმზიდველის და, ბოლოს და ბოლოს, ცდუნების სიმბოლოა - ეს ცხადზე ცხადია.
შეყვარებულები სრულ ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან, მათ შორის სულიერი კავშირის ძაფებია გაბმული, მათ სიმშვიდესა და იმავდროულად სიხალისეს თითქოს არაფერი ემუქრება... მაგრამ გამოჩნდება ცაში მოფარფატე ქოლგა და შეყვარებულები კარგავენ მოსვენებას -აქეთ-იქით დასდევენ, მის დაჭერას ლამობენ, ერთმანეთისთვის თითქოს აღარ სცალიათ. ქოლგა კი აცდუნებს, აღიზიანებს, ხან თვალს მიეფარება, მერე კვლავ გამოჩნდება. ამ დროს პერსონაჟების ინტენსიური მოძრაობა, მოცეკვავე მიმოხვრა - მთლიანად პლასტიკური მონახაზი გმირების ხასიათის თუ შინაგანი მდგომარეობის საოცრად ზუსტ და ბევრისმთქმელ დახასიათებას იძლევა. აი, გამოჩნდება მესამე პერსონაჟი, მოდის ვიწრო გზაზე, არა, ამას არ ჰქვია “მოდის” _ სიტყვით გამოუთქმელი მოძრაობით მოკუნტრუშობს მამაკაცი და ადვილად ეუფლება შეყვარებულებისათვის ნანატრ ქოლგას, სთავაზობს ქალიშვილს და ისიც ხელს შეავლებს მაცდურ საგანს... ერთი წამით შეყვარებულ ვაჟს და ჩვენც _ მაყურებელს უცნაური გრძნობა გვეუფლება, გრძნობა იმედგაცრუებისა. მაგრამ რეჟისორი სიუჟეტის ასეთ სვლას არ დაუშვებს და... აღდგება ჰარმონია, მოკუნტრუშე მამაკაცი_ნიღაბი კი ქოლგით ხელში გზას გაუყვება.
როგორც უკვე აღინიშნა, მ. კობახიძემ პირველივე ფილმით გვამცნო თავისი მიდრეკილება მხატვრული განზოგადების სუბიექტური და პირობითი ფორმებისადმი, რაც შემდგომში უფრო აშკარა და გამოკვეთილ სახეს იღებს. მისი მინიატურებისათვის დამახასიათებელია მონოლოგიურობა, რომელიც ვლინდება ხელოვანის მიერ ადამიანთა დამოკიდებულებებისა და გრძნობათა გამოხატვით, სამყაროს ხილვით, რომელიც სუბიექტურ განწყობილებათა პრიზმაშია გატარებული. ამასთან, ავტორი არ გაურბის ამ განწყობილებების მძაფრ ემოციურ შეფერილობას, რაც ბუნებრივად იწვევს პოეტური და ექსცენტრიკული ხერხების გამკვეთრებას. მ. კობახიძის ფილმების “მოხდენილი” კინემატოგრაფიულობა ხშირად დაფუძნებულია ხმა_ხედვითი სტრუქტურის ამა თუ იმ ელემენტის აქცენტირებასა და განსაკუთრებულ გააზრებაზე. ასე მაგალითად, “ქორწილში” და “ქოლგაში” გარკვეული ხმოვანი შეხამებები, მუსიკალური ლაიტმოტივები საჭირო გუნება_განწყობილებას კი არ ქმნიან მხოლოდ, არამედ საუცხოოდ მეტყველებენ ადამიანურ განცდებზე, გმირების სულიერ მდგომარეობასა და, რაც მთავარია, მათდამი ავტორის დამოკიდებულებაზე. ამგვარად, იქმნება ფილმის თითქოსდა დამოუკიდებელი ხმოვანი სახე, პარტიტურა, რომელიც, ალბათ, გამოსახულების გარეშეც ცხადად შეგვაგრძნობინებს ემოციურ განწყობილებათა მთელ გამას, სიუჟეტის მიღმურ სულიერ ფონს. მუსიკა აქტიური დრამატურგიული ძალაა და, ვიმეორებ, გარკვეულად დამოუკიდებელი მხატვრული სახის მნიშვნელობასაც იძენს. მას შეუძლია “განასახიეროს” ადამიანის მრავალგვარი გრძნობები და სულიერი მდგომარეობები. მუსიკა ხან სიყვარულის ხატია, ის უხილავი ძაფი, რომელიც ორ ადამიანს შორის გაბმულა და მათი ცხოვრება ბედნიერი და გასულიერებული გაუხდია, ხან კიდევ მუსიკა ცდუნებისა ან სევდის, საზეიმო შთაგონებისა თუ თავშეუკავებელი სიხარულის ხატია... ხშირად კი, ის ავტორის ლირიკული, იუმორისტულ_ირონიული დამოკიდებულების გამოხატვის უზუსტესი საშუალებაა. სწორედ ამგვარ აზრობრივ, ემოციურ და ინტონაციურ აქცენტებს ქმნის მუსიკა მ. კობახიძის ფილმებში.
მაგრამ კინო რომ უპირველესად გამოსახულებაა _ მოძრავი გამოსახულება _ ეს მიხეილ კობახიძემ შესანიშნავად იცის და ამიტომაც თავის შემოქმედებაში უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებს მთელი ფილმის, ეპიზოდის, ცალკეული კადრის თუ პერსონაჟის პლასტიკურ ნახაზს, რომლის ყველა ნიუანსი ავტორის ემოციური ტონუსის მანიშნებელიც, სახეების გახსნის საშუალებაც და აზრისა და გრძნობის საუკეთესო გამომსახველი ძალაც ხდება, მითუმეტეს რომ რეჟისორი თანმიმდევრულად უარს ამბობს სიტყვაზე.
მ. კობახიძისათვის მსახიობის ფუნქციის გააზრებისას და მათი შერჩევისას გადამწყვეტი ხდება უნარი რაც შეიძლება სრულად გამოხატონ სულიერი მდგომარეობა და განწყობები პლასტიკით, ჟესტით, მიმიკით... როგორც წესი, მისი მსახიობი ვირტუოზულად უნდა ფლობდეს საკუთარ სხეულს, მსუბუქად მოძრაობდეს, ცეკვავდეს, ჰქონდეს მდიდარი და ზუსტი მიმიკა. ყოველივე ეს კი რეალურისა და თითქმის ფანტასტიკურის, ყოფითისა და ექსცენტრიკულის მიჯნაზე უნდა იმყოფებოდეს. ერთი სიტყვით, რეჟისორი მსახიობისაგან ითხოვს ჩვეულებრივი გრძნობების, მოქმედებებისა და აზრის ხაზგასმულად უჩვეულო გამოხატვას.
მიხეილ კობახიძე ფილმიდან ფილმში აძლიერებს კინოსახის პირობითობას, კომიკური ეფექტის, პანტომიმის, ექსცენტრიკის მნიშვნელობას და “მუსიკოსებში” ეს ვექტორი გარკვეულ უკიდურესობამდე მიჰყავს. თუკი “ქორწილში” ექსცენტრიკა ვლინდებოდა უპირატესად როგორც სულის ექსცენტრიკა, როგორც წინააღმდეგობრივი მდგომარეობა კომიკურსა და სევდიანს შორის, თუკი აქ ჯერ კიდევ ძლიერია, თუ შეიძლება ასე ითქვას, რეალისტური პასაჟები, მაშინ მომდევნო ფილმებში ექსცენტრიკა წარმოგვიდგა როგორც სინამდვილესთან თავისებური თამაში.
“მუსიკოსები” გრაფიკულად უნაკლოდ შესრულებული კინოზღაპარია. გმირები მოქმედებენ თეთრ ფონზე, რომელიც კონკრეტული ადგილისა და დროის ნიშნებსაც კი არ ავლენს. მოქმედ პირთა (ორი მამაკაცი) მოძრაობას, ჟესტებს, მიმიკას არაფერი აქვს საერთო რეალურ ყოფაში ადამიანის საქციელთან. ეს ძალზე თავისებური კინოეტიუდი ნათლად და ხატოვნად გადმოგვცემს აზრს ადამიანთა შორის უთანხმოების, მტრობის აბსურდულობის შესახებ. ავტორი პირველივე კადრებიდან გვთავაზობს “თამაშის წესს” _ ფილმში ყოველივე ხაზგასმულად პირობითი ფორმით განიფინება. პირობითია გარემო _ უფრო ზუსტად, ის, როგორც ასეთი, არ არსებობს; პირობითია გმირების გარეგნობა, მათი ჩაცმულობა და მათ ხელში არსებული აქსესუარები, გრძნობათა გამოხატვის მანერა და ფილმის სხვა ელემენტები. მაგრამ თავად ეს ემოციები, შინაგანი მდგომარება და იმპულსები, რომლებიც ასე უცნაურად გამოიხატება, ძალზე ნათელი, ნაცნობი და გასაგებია.
ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ “მუსიკოსებში” ყოველივე აღნიშნული მიზნად ისახავს გამოიწვიოს მაყურებლის სიცილი. მაგრამ საკმარისია კომედიური და ექსცენტრიკული ეფექტების მიღმა “გავიხედოთ”, ნათელი გახდება, რომ რეჟისორის მიერ მიგნებული ესა თუ ის ხერხი მოცემული სტილისტიკის ფარგლებში სათქმელის გამოხატვის ყველაზე ბუნებრივი გზაა. მ. კობახიძე აღწევს ექსცენტრიკული, აბსურდული კომედიის ორგანულ შერწყმას სევდითა და იმედით არსავსე ფიქრსა და აზრთან. ასეთი ჟანრული საწყისი “მუსიკოსებში” პირველივე კადრიდან იჩენს თავს: კაცი საჭადრაკო დაფას მიჯდომია და თავის თავს ეთამაშება. სიტუაცია თითქოს სულაც არ არის კომიკური, მაგრამ გმირის ხაზგასმული სერიოზულობა, საკუთარი ღირსების შეგნებით გამსჭვალული, თვითკმაყოფილებით აღსავსე სახის გამომეტყველება, მოძრაობა და მიმოხვრა მაშინვე აღგვიძრავს სიცილის რეაქციას. სერიოზულობა და გაუმართლებლად გაზვიადებული “სოლიდურობა” გმირის ყოველ მოძრაობაში მოსჩანს: იმაში, თუ როგორ გადაადგილებს საჭადრაკო ფიგურებს, როგორ ზის, როგორ შემოტრიალდება, აიღებს დურბინდს და თეთრ ფონზე გამოჩენილ შორეულ შავ წერტილს მიაჩერდება. ამ მოკლე ექსპოზიციას მოსდევს ეფექტური კონტრასტი _ იცნო რა მოახლოებულ ადამიანში თავისი კეთილი ნაცნობი, “მოჭადრაკე" უმალ გარდაიქმნება. ეს კონტრასტი თუ მეტამორფოზა იმდენადვე ფსიქოლოგიურია, რამდენადაც გარეგნულად მკვეთრად ექსცენტრიკული. მისი გამოხატულება _ პლასტიკურად მდიდარი რიტმული გარბენაა. მოულოდნელი შეხვედრისგან ბავშვური აღტაცებით შეპყრობილი ორი ადამიანის ცეკვა, რომლითაც ეს ეპიზოდი მთავრდება, მართლაც რომ შესანიშნავი სანახაობაა: ტექნიკურად დასრულებული და დახვეწილი მოძრაობები, მიმიკური თამაში სავსებით და მთლიანად ჩაენაცვლება სიტყვას. “მუსიკოსები” ხმა_ხედვითი და პლასტიკურ_რიტმული კონტაპუნქტის იდეალური მაგალითია.
როდესაც მიხეილ კობახიძის შემოქმედებაზე და ქართული კინოს განვითარებაში მის როლზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს კიდევ ერთი დეტალი: ქართული კინო ადრეც განიცდიდა მოწინავე მსოფლიო კინემატოგრაფიების გავლენას ფორმისა და სტილის ძიების თვალსაზრისით. მას ზოგჯერ ცნობილი მიმდინარეობების მოწაფური მიბაძვაც კი ახასიათებდა. რა თქმა უნდა, ჰქონდა პრინციპული მიღწევებიც, მაგრამ, ჩემი აზრით, პირველი ქართველი კინორეჟისორი, რომელმაც შეძლო ფორმითა და ესთეტიკით დახვეწილი, უნაკლო ფილმები შეექმნა ისე, რომ ამ პრიორიტეტს არ ჰქონოდა თვითმიზნური ხასიათი _ იყო მიხეილ კობახიძე.