აკაკი ბაქრაძე
„პირველი მერცხლის“ ალეგორია
რატომღაც სიტყვა პროვინციას ყოველთვის უარყოფითი მნიშვნელობით ვხმარობთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ მასაც აქვს გარკვეული ხიბლი, კერძოდ, გულუბრყვილობა, რაიც ზოგჯერ ადამიანის სულიერ სისუფთავეს მოწმობს. ლევან ჭელიძისა და ნანა მჭედლიძის ფილმში „პირველი მერცხალი“ დახატულმა პროვინციამ ამ ალალი მიამიტობით მიიპყრო თავდაპირველად ჩემი ყურადღება.
„პირველი მერცხლის“ პატარა, ზღვისპირა დაბა ძალიან ცდილობს არ ჩამორჩეს დიდი ქალაქების კულტურულ ცხოვრებას. დაბელები ამას იმით გამოხატავენ, რომ კაბარე გაუხსნიათ, უცხოელი მუსიკოსები და მოცეკვავენი მოუწვევიათ. საღამოობით აქ სხედან, თითო ჭიქა ყავას შეექცევიან და ოცნებას ეძლევიან. ყველას, მთელ ამ პატარა ქალაქს, უცხოელი მოცეკვავე ქალი უყვარს. კაბარეში უფრო მისი ეშხით დადიან, ვიდრე „მაღალ ცივილიზაციასთან“ წილნაყარობის დასამტკიცებლად. მაგრამ საკმარისია, ცეკვის დროს, ქალს კაბა აუფრიალდეს და კოხტა ნიფხავი გამოუჩნდეს, რომ ყველამ მორცხვად თავი დახაროს. შეცბუნებულებმა თვალები დააჭყიტონ. ამ დაჭყეტილ თვალებიდან, პროვინციალობასთან ერთად, ალალი გულუბრყვილობაც იცქირება. ამიტომ ამ ადამიანების მიმართ გულითადი თანაგრძნობის განწყობილება გიჩნდება.
ამ პატარა ქალაქში ფეხბურთის ფანატიკურად მოყვარული ადამიანებიც ცხოვრობენ. ისინი მზად არიან ევროპის რაგინდარა გუნდს ეთამაშონ ფეხბურთი. საკუთარი უპირატესობისაც სჯერათ, ოღონდ იმდენად უცნაურები არიან, რომ შესაძლებელია ძნელი ბურთის დაჭერით აღტაცებულმა მეკარემ კარი მიატოვოს, მაყურებელში შევარდეს, დედასა და და-ძმებს მოეხვიოს. ამ დროს კი მიტოვებულ კარში მის გუნდს გოლი გაუტანონ. არც ის არის გამორიცხული, რომ გაბრაზებულმა მაყურებელმა სატევარი გაიძროს, სტადიონზე შეიჭრას და საკუთარ გუნდს ასე გამოექომაგოს; გამარჯვებული გუნდის რომელიმე ფეხბურთელი ცოლმა კინწისკვრით შინ გააგდოს - ცოლშვილიან კაცს რა გეფეხბურთება და სალაზღანდაროდ სად გცალიაო; ქალაქის პირველი ფეხბურთელი კი სახლიდან მიაბრძანონ, ქოქოლა მიაყარონ, წყელვა-კრულვით გაისტუმრონ, მაგრამ მან ქალაქში მაინც ტრიუმფატორივით თავაწეულმა გაიაროს.
იასონისათვის (მსახიობი დავით აბაშიძე) მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს გააგდებენ თუ არა სახლიდან. იგი მეოცნებე კაცია და ფეხბურთელთა დაუმარცხებელი გუნდის შექმნაზე ფიქრობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის ავტორების მიერ იასონის სახე საგანგებოდ არის აქცენტირებული. ეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ვლინდება. მაგალითად, იასონს სჯერა, რომ მარჯვენა ფეხით მომაკვდინებელი დარტყმა შეუძლია, ამიტომ ფეხზე წითელი ჭინჭი აქვს შემოკრული. ამით აფრთხილებს მეტოქეს: ჩემს მარჯვენა ფეხს მოერიდეო. იასონის ამ რწმენას ფილმის ავტორები კვერს უკრავენ: იასონმა ბურთს დაარტყა და ბურთიც ზეცაში ავარდა. დგანან და უცდიან ფეხბურთელები - როდის ჩამოვარდება ბურთი. კინოკამერის თვალი (ოპერატორი გიორგი ჭელიძე), ბურთთან ერთად, მაშინვე ავარდება ჰაერში, უსაშველო სიმაღლის ილუზია რომ შექმნას. იასონი კარში დაარტყამს. ბურთი მეკარე ხვიჩას (მსახიობი ვასილ ნადარაია) მოხვდება. ისიც მოცელილივით ძირს დაეცემა (ნუ დაივიწყებთ, რომ მანამდე დამსწრე საზოგადოება ბიჭს აფრთხილებდა - არ შეცდე, კარში არ დადგეო. ყველას ეშინია იასონის დარტყმის). ფილმის ავტორები საზოგადოების შიშს ამართლებენ. ცოცხალ-მკვდარი ხვიჩა ექიმთან გააქანეს. მერე ვხედავთ: ექიმის სახლის წინ ფეხბურთელები დგანან. მოლოდინით სავსე მათი თვალები იყურება ეკრანიდან. ელიან, რას იტყვის ექიმი: გადარჩება თუ არა ხვიჩა. ფეხბურთელებიდან კინოკამერა იასონს გამოჰყოფს. იგი ცალკე დგას თავჩაქინდრული. მისი დგომის პოზა ხმამაღლა ლაპარაკობს - ჩემი ბრალი არ არის, რა ვქნა, ასეთი საშინელი ძალით დარტყმა შემიძლიაო. ყველაფერი კეთილად მთავრდება. საღსალამათი ხვიჩა ექიმის ბინიდან აღტაცებული გამოვარდება. აღტაცებას თავისი მიზეზი აქვს: ბიჭს ექიმის ქალიშვილი მოეწონება. ცრუ განგაში იასონს სასაცილო მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ ფილმის ავტორები ამას არ გვაგრძნობინებენ, პირიქით, ისინი ყველაფერში იასონს ეთანხმებიან, ამით აძლიერებენ საერთო განწყობილების სევდანარევ იუმორს.
კომედიურობა გაძლიერებულია აქტიორის პომპეზურ გარეგნობასა და შინაგანი სამყაროს მიამიტურობის შეპირისპირებითაც. მაგრამ ფილმის მსვლელობის დროს თანდათანობით ვრწმუნდებით, რომ იასონის პიროვნება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა.
გავიხსნეოთ „პირველი მერცხლისა“ და ინგლისელ ფეხბურთელთა შეხვედრის ეპიზოდი. ინგლისელები სჯობიან იასონის ბიჭებს. „პირველი მერცხალი“ სასტიკად მარცხდება. დიდია ანგარიში ინგლისელთა სასარგებლოდ. ამ დროს იასონს საშუალება ეძლევა ერთი საპასუხო ბურთი მაინც გაიტანოს. მაგრამ ამას იასონი შეგნებულად არ აკეთებს და აი რატომ: მეტოქის მეკარემ ტრამვა მიიღო. აღარ შეუძლია კარის დაცვა. იასონს კეთილშობილება არ აძლევს ნებას ცარიელ კარში დაარტყას და გოლი გაიტანოს. იგი ამჯობინებს ბურთი კარს ააცდინოს და დაზარალებულ მეტოქეს მიეშველოს.
აქ იასონი ამჟღავნებს დამარცხებულის საოცარ დიდსულოვნებასა და რაინდულ კეთილშობილებას, რაც ბუნებრივია, ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე მატჩის მოგება.
ამრიგად, იასონის პიროვნებაში ერთიანდება მიამიტობა და დიდსულოვნება. თურმე იასონის გულუბრყვილობა პრიმიტიულობის ნაყოფი არ ყოფილა, არამედ დიდბუნებოვანი კაცის სულიერი სისპეტაკე.
სამწუხაროდ, ფილმის დანარჩენი პერსონაჟები არ არიან ასე ღრმად დახასიათებულნი. ისინი მხოლოდ საერთო განწყობილების შესაქმნელად არსებობენ და ამ ფუნქციას დამაჯერებლადაც ასრულებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ისევ იასონის ცხოვრებას მივყვეთ.
როგორც კი იასონის დიდბუნოვნება ნათელი ხდება, ღიმილის გვერდით ჩნდება ტკივილი და ტრაგიკული ინტონაცია იჭრება. ფილმში ნაამბობიც სპორტული ისტორიის ჩარჩოს არღვევს და ერის თავგადასავლის ალეგორიად იქცევა. ახლა უკვე სხვა ქვეტექსტით იკითხება ინგლისელებთან მატჩის დაწყების წინ მომხდარი შემთხვევა.
ჩვეულებრივი სიტუაციაა. ერთ მხარეს, კარის წინ, ინგლისელები დგანან, მეორე მხარეს - „პირველი მერცხალი“. თითქოსდა განსაკუთრებული არაფერი ხდება. სადაც არის თამაშიც დაიწყება. მაგრამ უცბად ინგლისელები იწყებენ სიმღერას. მღერიან ეროვნულ ჰიმნს. გუგუნებს ერის, ქვეყნის, სახელმწიფოს სადიდებელი. ვხედავთ იასონისა და მისი ბიჭების გაოგნებულ სახეებს. რა ხდება? ასეთი რამ მათ აქამდე არ ენახათ. რა უნდა იმღერონ პასუხად? არც სახელმწიფო აქვთ, არც ჰიმნი, არც არასოდეს ყოფილან ასეთ ვითარებაში. ისინი თამაშობდნენ ფეხბურთს. თამაშობდნენ იმიტომ, რომ უყვარდათ, ერთობოდნენ, სახელის მოხვეჭაც უნდოდათ. მართალია, ერთხელ ისინი გაზეთ „ივერიაშიც“ შეაქეს, მაგრამ ეს სასიხარულო იყო და მეტი არაფერი. ახლა კი უფრო რთული ალტერნატივა დადგა. ახლა საქმე მარტო მოგება არ არის. მოწინააღმდეგეს უნდა დაუმტკიცო, რომ შენც ერი ხარ და არა შემთხვევით შეკრებილი ჯოგი, რომელსაც, ავად თუ კარგად, ფეხბურთის თამაშიც უსწავლია. მეტოქის ჰიმნს პასუხი სჭირდება და „პირველი მერცხალიც“ მღერის, მართალია, ეს ჰიმნი არ არის, ხალხური სიმღერაა, მაგრამ მთავარია ის, რომ ვაჟკაცურად ჟღერს. შეგიძლია იხტიბარი არ გაიტეხო და მეტოქეს თვალში ნაცარი შეაყარო, ასეც იქცევიან.
როცა ამ სურათს უყურებ, გეღიმება, მაგრამ ბოღმაც გახრჩობს. უფრო იმიტომ, რომ მეტოქე მიხვდა: არავინ ხარ. მიხვდა, რომ, ჰიმნის მაგიერ, უბრალოდ ხალხურ სიმღერას მღერი. მაგრამ მას კეთილშობილება და აღზრდის კულტურა ნებას არ აძლევს არ მოგისმინოს, პატივი არ გცეს და თავი არ მოიტყუოს. იგი ყველაფერს ისე იღებს, როგორც ნამდვილს. არ გაგრძნობინებს, რომ სიცრუეს მიგიხვდა, ამ დამოკიდებულებით კიდევ უფრო გამცირებს. უკვე სიცილის გუნებაზე აღარა ხარ. პროვინციალიზმი და ჩამორჩენილობა ტრაგიკული და მეტად მტკივნეული ხდება, მაგრამ ამ ტკივილს უნდა გაუძლო. იგი გულში ჩაიმარხო და სახიდან სევდანარევი ღიმილი არ მოიცილო. სხვა გამოსავალი არ არის.
ინგლისელებთან დამარცხდნენ. ბუნებრივიც იყო. არ ეყოთ ნიჭი, გამოცდილება, ძალა. მაგრამ არის სხვა შემთხვევაც, როცა იმარჯვებენ, მაგრამ მაინც წაგებულნი არიან. ასე თურქებთან მოხდა. ასეთი პირობა იყო დათქმული: მატჩის მომგები სანაძლეოს ფულსაც იგებდა. ამ პირობასაც თავისი საფუძველი ჰქონდა. „პირველ მერცხალს“ სპორტული ფორმა არა აქვს, არც ფული. რაღაც გზით ეს ფული უნდა იშოვნონ. საქმეს არ შველის გემზე ფეხბურთელთა მტვირთავად მუშაობა. ამ საქმეში გროშებს აძლევენ. საკმარისია ერთი მწარე რეპლიკა - ჩვენი მარგანეცი მიაქვთ და ისევ ჩვენ გვაგინებენო, ძარცვავენ მთელ ქვეყანას. მძარცველი როდის იყო გაძარცულის სასარგებლო საქმეს აკეთებდა! ამიტომაც ფულის საშოვნელად სხვა გზების მოძებნაა საჭირო. და აჰა, შემთხვევაც. თურქები თანახმანი არიან ფულზე ითამაშონ. თავგანწირული თამაშობდა „პირველი მერცხალი“. მოიგო კიდეც. ფულიც მიიღო. სხედან მდინარის პირას და მოგებულ ფულს ითვლიან. მოულოდნელად თავზარდამცემი შეძახილი - ფული ყალბია. თავქუდმოგლეჯილი გარბიან პორტში, ამაოდ, თურქები უკვე ჩამსხდარან გემში და წასულან.
კეთილშობილება, გულუბრყვილობა მოტყუებული და გაცუცურაკებულია.
ან მოტყუებული ან წაგებული. ასეთია ამ ხალხის ბედი.
თანდათანობით იკვეთება ერის იერხატი: ღატაკი და კეთილშობილი, დიდბუნებოვანი და მოტყუებული, ამაყი და დამარცხებული.
ფილმის კომედიური ატმოსფეროც თანდათანობით იჟღინთება ტრაგიკული განწყობილებით. სულ უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება კითხვა - რა ძალით არსებობს ეს ხალხი? ამ კითხვის პასუხად ფილმის ავტორები გვაჩვენებენ ფინალს.
ინგლისელებთან მატჩი დიდი ანგარიშით წააგეს. არაფერმა უშველათ: არც იასონის მომაკვდინებელმა დარტყმამ (ასე, სიტყვის უთქმელად, გაიფანტა მითი იასონის მარჯვენა ფეხისა), არც მონდომებამ, არც გამარჯვების დაუოკებელმა წყურვილმა, არც მაყურებელთა მხარდაჭერამ.
მატჩის ბოლოს გაწვიმდა კიდეც. დასველებულნი, ქანცგაწყვეტილნი, ჩამოხეულნი, ტალახში ამოთხუპნულნი, დამარცხებულნი და წამხდარნი მილასლასებენ იასონი და მისი ბიჭები ზღვისპირას. ერთ უდაბურ ადგილას, კბოდეზე ჩერდებიან. გემიდან გუგუნითა და გრიალით ისმის ინგლისური ეროვნული ჰიმნი. მისი ხმა ყველაფერს ავსებს. ქართველი ფეხბურთელების მწუხარებით სავსე სახეზე ერთმანეთში აზელილია წვიმა, ცრემლი, ოფლი, ტალახი. ისინი მზერით მიაცილებენ გემს. უცბად, თითქოს დაგროვილმა ბოღმამ ვულკანივით ამოხეთქაო, იწყებენ სიმღერას. ისევ იმ სიმღერას, მატჩის დაწყების წინ, ჰიმნის მაგიერ რომ იმღერეს. მღერიან ისე, რომ უსკდებათ ძარღვები, ეხლიჩებათ ყელი, მაგრამ მაინც ომახიანად და ვაჟკაცურად. არსებითად ეს არ არის სიმღერა. ეს უფრო გლოვაა. თვალებიდან მოწანწკარებს ცრემლები, სხეული უთრთით და უცახცახებთ, მაგრამ სიმღერას არ წყვეტენ. ეს სასიცოცხლო ენერგიის გამოვლენაა. სხვა ძალა მათ არა აქვთ. გაუტეხელ სულში უნდა იპოვნონ არსებობის საფუძველი.
მაშასადამე, არც იასონის მიამიტობა, უსაგნო კეთილშობილება და დიდბუნებოვნება ყოფილა მისი პიროვნული თვისება. ეს ეროვნული ხასიათითაც ყოფილა გაპირობებული.
არც ამ პატარა ქალაქის პროვინციულობა, სიცილისმომგვრელი კუდაბზიკობა და სულიერი სისუფთავით გამოწვეული გულუბრყვილობა ყოფილა ლოკალური მოვლენა. ესეც მთელი ქვეყნისათვის ყოფილა დამახასიათებელი.
ფილმის ავტორთა თანაგრძნობით სავსე ღიმილი და გულისტკივილიც ამით ყოფილა ნაკარნახევი.
ასე იქცევა, ერთი შეხედვით, უბრალო სპორტული ამბავი ერის ისტორიული ცხოვრების ტრაგიკულ ალეგორიად.
1978 წ.
აკაკი ბაქრაძე. კინო. თეატრი. "ხელოვნება" თბილისი. 1989. გვ,208-212