ეკატერინე ვერულაშვილი
ამონარიდი ეკატერინე ვერულაშვილის ძმის, ოთარ ვერულაშვილის მიერ დაზე დაწერილი წიგნიდან
ეს ნარკვევი ჩემს დას, რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს ეკატერინე (კატუშა) ვარლამის ასულ ვერულაშვილს მივუძღვენი. ეკატერინეს ცხოვრება ჩემს გულში ჩარჩენილი ამბავია. მე ვიყავი მისი არა მარტო ძმა, არამედ გულითადი მეგობარი, მისი შემოქმედებითი გზის თანამგზავრი, მისი არქივის „საზოგადოებრივი“ დირექტორი და, რაც მთავარია, მისი უპირველესი მაყურებელი ყველგან, სადაც კი გამოსულა სცენაზე: ხაშურში, გორში, ქუთაისში, თელავში და, რასაკვირველია, თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე.
ამიტომ, გადავწყვიტე, დავწერო თეატრზე ფანატიკურად შეყვარებული დის ამბავი, შესაძლებლობის ფარგლებში აღვწერო მისი უანგარიშო შრომითა და ჭაპანწყვეტით განვლილი არცთუ დიდი გზა, რათა გაიგოს მომავალმა თაობამ, თუ როგორ თავდადებას მოითხოვს ხელოვნება, განსაკუთრებით სცენა, ეს თავისებური ტაძარი, სადაც კელაპტრებად ადამიანთა გულები ანთია.
ჩვენი ოჯახი არ იყო მრავალრიცხოვანი. დედა - დამსახურებული მასწავლებელი, მამა - მოსამსახურე, როგორც იტყვიან, ტყავში ძვრებოდნენ, რათა შვილებისათვის ჯეროვანი აღზრდა მიეცათ. ფუფუნებით არ ვცხოვრობდით, მაგრამ სწავლისა და გართობის ყველა პირობა გვქონდა შექმნილი, განსაკუთრებით გვიყვარდა თეატრი. კვირის გათენებას შევხაროდით, დილის სპექტაკლებზე წაგვიყვანდა დედა ან მამა, ან თვითონ ჩვენ ჩავკიდებდით ხელს ერთმანეთს და გავწევდით. წინასწარ ვიცოდით, რა სპექტაკლი გადიოდა იმ დღეს მარჯანიშვილის, რუსთაველის ან ოპერის თეატრებში. ჩვენთვის, ბავშვებისათვის, უპირველესი და ანდამატივით მიმზიდველი მაინც მოზარდ მაყურებელთა თეატრი იყო. თვალწინ მიდგას კატოს აწითლებული ლოყები, ანთებული თვალები, როდესაც მისი საყვარელი გმირების გასაჭირს ხედავდა სცენაზე. ბევრჯერ გაქცეულა ავანსცენისკენ ატირებული.
შემდეგ ბავშვი ატიკტიკდა, ხმა ამოიღო, ყოველგვარი ხვეწნის გარეშე დიდი მსახიობების მიბაძვით კითხულობდა მონოლოგებს, ლექსებს, მერე მეც ამიყოლია, შინ ვდგამდით სპექტაკლების ცალკეულ სცენებს, ხოლო თუ სტუმარი გვეწვეოდა, კატოს ბენეფისი იმართებოდა.
მამა ანიშნებდა და ეკატერინე დაიწყებდა... ბოლოს, საქმე იქამდე მიდიოდა, რომ ეხვეწებოდნენ - გეყოფა, ერთი ჭიქა ღვინო დაგვალევინეო.
გამოხდა ხანი, გაიარა ბავშვობის გიჟმაჟმა დღეებმა. საშუალო სკოლა ჩემმა დამ წარჩინებით დაამთავრა. დადგა უმაღლეს სასწავლებელში შესვლისთვის მზადების დღეები. საოჯახო თათბირზე გადაწყდა, რომ კატოს გამოცდები ჩაებარებინა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტზე. კატომ ყურადღებით მოისმინა ყველას აზრი და სრულიად სერიოზულად, წარბშეუხრელად განაცხადა:
- სწორია, მე ინჟინერი უნდა გავხდე, ამის ყველა მონაცემი მაქვს. მაგრამ ერთი პირობით, ინსტიტუტში არავის წაყოლა არ მინდა. საკმაოდ მომზადებული ვარ და რომელიმე თქვენგანის იქ გამოჩენა გუნებას წამიხდენს.
ამაზე ყველა დათანხმდა.
დაიწყო გამოცდების დაძაბული დღეები:
ყოველ მესამე დღეს კატო გვახარებდა:
- მივიღე „ფრიადი“! მივიღე „კარგი“! მივიღე „ფრიადი“!
- მივიღე!... მივიღე!.. - და ბოლოს, ყველას გასაგონად გამოაცხადა: ჩავირიცხე თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში! ახლა მკითხველმა წარმოიდგინოს, თუ რა ალიაქოთი ატყდებოდა შინ. შემდეგ ისიც გამოირკვა, რომ კატოს საიდუმლო განზრახვას თურმე დედა უწყობდა ხელს.
მალე ყველაფერი მოგვარდა, დაწყნარდა, კალაპოტში ჩადგა. ოჯახი დარწმუნდა, რომ კატოსგან ინჟინერ-მექანიკოსი არ გამოვიდოდა.
კატომ კი დაიწყო სწავლა, მაგრამ სწავლაც არის და სწავლაც. როგორც კი დაბრუნდებოდა ინსტიტუტიდან, ჩაიკეტებოდა თავის პატარა ოთახში და იქიდან დიდხანს ისმოდა ყვირილი, ტირილი, დეკლამაცია, სიცილი, თავაწყვეტილი ხარხარი, გამოვიდოდა ოთახიდან და გვეტყოდა - მომავალი როლის ხასიათს ვეძებო.
ახლა ჰუმანიტარულ (როგორც თვითონ ეძახდა) საგნებს ჩაუჯდებოდა. „ქარიშხალი“ ჩაწყნარდებოდა, გარდაიქმნებოდა, შვიდად უჯდა წიგნებს და ჩაჰკირკიტებდა სტრიქონებს. ჩვენ შემოგვრჩა მისი სტუდენტობისდროინდელი ჩანაწერები, რომლებიც სავსეა აღფრთოვანებული სტრიქონებით.აი, ისიც:
„1937 წელი, აპრილი. მივდივარ და მიმიხარია ინსტიტუტში. ბედნიერი ვარ. ჩემს სათაყვანებელ მსახიობებს (ა.ხორავა, ა.ვასაძე, ს.ზაქარიაძე, ვ.გოძიაშვილი, ვ.ანჯაფარიძე) შევხვდები, მათთან ვისაუბრებ. ეს ხომ ჩემი ოცნება იყო! დაკავებული ვარ საკურსო სპექტაკლში, მთავარი როლი მაქვს, როდის გავა დრო, როდის ვიქნები პროფესიონალი მსახიობი, როდის დავდგამ ფეხს დიდ სცენაზე. მანამდე კი, სწავლა, სწავლა, ოფლის ღვრა“... გულუბრყვილო სტრიქონებია, მაგრამ მის საზეიმო განწყობილებას სრულად გადმოსცემს.
მთელი ოჯახი დავესწარით მის საკურსო სპექტაკლს, ტაში შევაწიეთ, საქები სიტყვები არ დავიშურეთ.
... ერთხელ, გვიან ღამით ხმაურმა გამაღვიძა.
-კატო, რა გემართება, რატომ არ იძინებ? - ტუქსავდა დედა.
- დედა, ვფიქრობ, მაცალე!
ფიქრობდა კატო, თავის მომავალს სჭვრეტდა, მისი ოცნება ფრთას ისხამდა.
ვიდრე კატო პერიფერიაში მოღვაწეობდა, ქართული კინოს რეჟისორები როგორ შეამჩნევდნენ ეკრანისათვის საჭირო ასეთ ძვირფას მსახიობს, ისინი ხომ ძირითადად თბილისში ეძებდნენ ტიპაჟებს. როდესაც მარჯანიშვილის თეატრში გადმოვიდა სამუშაოდ და მისმა ნიჭმა გაიელვა ამ დიდი ტრადიციის მქონე სცენაზე, სწრაფად მოხვდა იგი კინოს ორბიტაზე. პირველად ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმში „ქორწილი“. ფილმმა მსოფლიო ეკრანები შემოიარა, რომელ ფესტივალში არ მიიღო მონაწილეობა, რა ჯილდო არ დაიმსახურა. პრესა აქებდა მთავარი როლის შემსრულებელს გოგი ქავთარაძეს, ცალკე გაოყოფდა ეკატერინე ვერულაშვილს, განსაკუთრებით მოსწონდათ ეპიზოდი, სადაც იგი ბინოკლით ათვალიერებდა სასიძოს - ეს მონაკვეთი მთელი მისი მოქმედების ქვეტექსტს შეიცავსო.
მოსკოვის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ცნობილმა იუგოსლავიელმა რეჟისორმა, ფრანც შტიგლიცმა თქვა - აღფრთოვანებული ვარ „ქორწილით“, გოგი ქავთარაძე გავიცანი, ნეტავ ეკატერინე ვერულაშვილიც მანახაო.
ახლა ყველამ შეამჩნია უკვე საკმაოდ პოპულარული მსახიობი.
კატო კინორეჟისორების ყველა წინადადებას თანხმდებოდა, არ თაკილობდა პატარა როლს. რატომ? თავისი თავის იმედი ჰქონდა. იგი უსიტყვო თუ პატარა როლში იმდენ სიმართლეს ჩააქსოვდა, რომ მაყურებლის მეხსიერებაში ჯეროვან ადგილს იკავებდა ყოველთვის. გავიხსენოთ, თუნდაც, მისი რამდენიმე როლი: მოტირალი ქალი (ნ.მჭედლიძის „ავტობუსი“), მარუსა (შ.მანაგაძის „ვინ შეკაზმავს ცხენს?“), მეზობლის ქალი (შ.მანაგაძის „კეთილი ადამიანები“), დამსვენებელი (ნ.ნენოვასა და გ.წულაიას „წარსული ზაფზული“), აკვირინე (ს.დოლიძის „შეხვედრა წარსულთან“) და სხვ. განა შეიძლება ამ როლებს გმირები ვუწოდოთ? არა, ისინი სურათის გადაღების დროს კატოს მიერ არიან გამდიდრებული, გაცოცხლებული, სწორედ ამიტომ რჩება ისინი მაყურებლის მეხსიერებაში; ახლოს დგანან მასთან და მკვეთრად გვაგრძნობინებენ თავიანთ თავს, თავიანთ ადგილს ფილმში, კატოს მიერ „უსიტყვო“ გმირების ამგვარი ამეტყველება მსახიობის უბრალოებით, უშუალობით, ცხოვრებისეული სიმართლითა და მეტყველი მიმიკის ზუსტი მიგნებით არის გამოწვეული.
ეკატერინე ვერულაშვილის სახელი გასცდა რესპუბლიკის ფარგლებს. მან მიწვევა მიიღო „არმენფლმიდან“, „ტაჯიკფილმიდან“, „მოსფილმიდან“.
„მოსფილმში“ მან რეჟისორ ბ.რიცარევის „ალადინიდ ჯადოსნურ ლამპარში“ ითამაშა ალადინის დედის როლი. მეტად საინტერესოდ მოგვითხრობენ „მოლოდაია გვარდიას“ მიერ გამოცემულ ალმანახში ვ.ვიტკოვიჩი, გ.იაგფელდი ფილმის მოსამზადებელ პერიოდში კატოს შესახებ: „ეკატერინე ვერულაშვილი უცნაურია ცხოვრებაში, მძიმე წუთებშიც კი ხუმრობის გუნებაზეა. „ალადინის“ რეპეტიციებზე არაფერი გამოდიოდა, ნერვიულობდა, წირვეულობდა, ტანსაცმელს წუნობდა, ტექსტი ერეოდა, მოხერხებულად ვერ ჯდებოდა, უშნოდ დადიოდა... მაგრამ თანდათან რაღაც გამოიკვეთა, თითქოს მსახიობმა მიაგნო, მაგრამ ძალაც გამოელია, ხვალ სასინჯი გადაღებაა. სტუდიიდან ცრემლიანი მიდის და ამბობს, რომ ვერ დაიძნებს, რომ ხვალ სასინჯ გადაღებაზე ჩაფლავდება.
მეორე დღეს გამოცხადდა პავილიონში დაფიქრებული, მისთვის ჩვეული ღიმილის გარეშე.
- დიახ, დიახ, არ მეძინა, ფეხზე ძლივს ვდგავარ, არაფერი გამოვა, არც ვღელავ, გადამიღეთ, როგორც გინდათ.
სინათლე ჩართეს, გადაღება დაიწყო.
ვერულაშვილი ჯერ კიდევ თავისი კაბის ნაოჭებს ალაგებს. მან თითქოს ვერ გაიგონა განკარგულება „დაიწყეთ“. აუჩქარებლად მობრუნდა, ხედავს, მის წინ მეფის ასულია. დიდხანს ათვალიერებს, ბოლოს ამოიხვნეშებს დაცნობისმოყვარეობით ეკითხება:
- ვინ ხარ?
გაქრა აპათიის ნიშანწყალი, რომელიც სულ ხუთი წუთის წინ მის სახეზე იყო აღბეჭდილი. იგი დაჟინებით დასცქერის, ხელით ფრთხილად ეხება მეფის ასულს და უმეორებს შეკითხვას:
- ვინ ხარ?
ზღაპარი დაიწყო.
ბავშვივით გაიტაცა ფილმის სიუჟეტმა, მისი აღმაფრენა პარტნიორებსაც გადაედოთ.
როდესაც სინათლე ჩაქრა, სცენარის ავტორი აპარატთან მიიჭრა.
- გთხოვთარაფერი შეცვალოთ, ასე დარჩეს სურათში! - შეევედრა მსახიობებს, რეჟისორს და ყველა იქ მყოფს.“
მეორე დღეს კატო თბილისში გამოფრინდა, არც სინჯს დაუცადა დ არც მის შედეგს, დაამტკიცეს თუ არა როლზე. მხოლოდ ორი დღის შემდეგ მივიღეთ შემდეგი შინაარსის დეპეშა: „თქვენმა სასინჯმა გადაღებამ არნახული წარმატება მოიპოვა, მიიღეს ტაშის გრიალით, დაელოდეთ გამოძახებას. რიცარევი“.
ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ვ .ვიტკოვიჩისა და გ.იაგფელდის წერილი, გავნაგრძოთ, საინტერესოა: „ახლა კი, როდესაც ფილმი კინოთეატრებში მიდის, ალადინის დედის ეკრანზე გამოჩენა დარბაზში გამოცოცხლებას იწვევს, ყოველი მისი რეპლიკა - ხარხარს. ეს სასაცილო, გარეგნულად მოუხეშავი, სინამდვილეში კი მეტად კეთილი ქალი გასაგები და ახლობელია დარბაზში მსხდომთათვის. ქალბატონ ეკატერინეს შემთხვევით გამოუვიდა ეს როლი? არა, მან ამ სახის შექმნაში თავისი განცდები ჩააქსოვა, მან მოუთხრო მაყურებელს, რაც იცოდა, მოუთხრო თავისებურად, სევდიანი იუმორით“.
ალადინის დედის როლის გარდა კატომ კიდევ რამდენიმე ეპიზოდური როლი ითამაშა კინოსტუდია „მოსფილმში“, რომელთა შორის აღსანიშნავია გიორგი დანელიას „არ დაიდარდო“ და „ბედნიერ აღმოჩენათა დღე (რეჟ. გენადი მამაი), ხოლო ამის შემდეგ გ.დანელიამ ისევ მიიწვია ე.ვერულაშვილი თავის ახალ ფილმში „მთლად წყალწაღებული“ („ჰეკლბერი ფინის“ მიხედვით) და შესთავაზა მას ჰეკის დეიდის როლი. ეს როლი კატომ თავისებურად გახსნა. მართალია, მას სამჯერ უწევს გამოჩენა ეკრანზე, მაგრამ ესეც საკმარისია, რათა დარბაზში გამოცოცხლება და მხიარული სიცილი გამოიწვიოს.
შესანიშნავი სახე შექმნა კატო ოთარ აბესაძის ფილმში „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“, სადაც მან განასახიერა ფილმის მთავარი გმირის მამიდის როლი. სე როლი საგანგებოდ დაწერა სცენარის ავტორმა ოტია იოსელიანმა და სახელიც კი არ შეუცვალა მამიდას, დატოვა თავისივე სახელით (კატუშა), რითაც კიდევ უფრო დაუახლოვა თავისი გმირი მსახიობს. კატომ გაამართლა ფილმის შემქმნელთა პროგნოზი - როლი სრულყოფილი გამოვიდა, ცხოვრებისეული, ეროვნული კოლორიტითა და კეთილი, ნათელი იუმორით აღსავსე.
როდესაც ეკატერინე ვერულაშვის ჰკითხეს, რას მიიჩნევთ მსახიობის უპირველეს მოვალეობადო, უპასუხა: „შრომისმოყვარეობას და პასუხისმგებლობას. მსახიობი იგივე მებრძოლია, რომელიც ყოველთვის მზად უნდა იყოს სცენაზე ყოველგვარი მოულოდნელობისათვის“.
კინოკრიტიკოსმა გიორგი დოლიძემ ასე შეაფასა კატოს შემოქმედება: „ე.ვერულაშვილი ისეთი მსახიობია, რომლისგანაც მუდამ ახალს მოველით. მაგრამ მის ნიჭს ჩვენი რეჯისორები ცუდად იყენებენ, როგორც იტყვიან, ზღვას კოვზით აშრობენ“.
ბოლო ხანებში სახის ფერი დაკარგა კატომ, ვგრძნობდით, რომ ავად იყო, ამდენმა შრომამ დაასუსტა, მაგრამ არ იმჩნევდა, თავი მხნედ ეჭირა, ვინ გაბედავდა მასთან მკურნალობაზე სიტყვის ჩამოგდებას. და, აი, 1973 წლის სექტემბრის მიწურულში კატო რატომღაც დიდხანს შემორჩა ლოგინს, მამა შეეხმიანა - რეპეტიციაზე გაგვიანდებაო. კატო წამოჯდა, საათს შეხედა - 10 საათი იყო, რეპეტიციაზე დაგვიანება მას არ სჩვეოდა, ადგომა სცადა და ვერ ადგა... თვალთ დაუბნელდა... წამოწვა და ვერარ ადგა... გარადიცვალა... როგორი უცნაურიც იყო ცხოვრებაში, ისე უცნაურად, მოულოდნელად გარდაიცვალა.
სსრკ სახალხო არტისტი, თანამედროვე ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მოღვაწე, რეჟისორი გ.ლორთქიფანიძე აღნიშნავს „მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ეკატერინე ვერულაშვილი მალე შეერწყა დასს დასწრაფად ჩადგა მწყობრში. იგი, თავისი შემოქმედებითი ინდივიდუალობით, გახლდათ გამგრძელებელი იმ სახელოვანი ტრადიციებისა, რომელიც შექმნეს თეატრში ცეცილია წუწუნავამ, სესილია თყაიშვილმა, გიორგი შავგულიძემ და სხვებმა. ეკატერინე ეროვნული ყაიდის მსახიობი იყო. იგი შეიყვარა მაყურებელმა.
მასთან მუშაობა მომიხდა ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესებში „მე ვხედავ მზეს“ და „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომლებშიც მან სახასიათო, ეპიზოდური როლები განასახიერა და შეძლო შთამბეჭდავი სცენური სახეები შეექმნა. ეს სახეები ღრმად აღიბეჭდა მაყურებლის მეხსიერებაში.
ეკატერინეს წასვლა ცხოვრებიდან დანაკლისია ქართული სამსახიობო სკოლისათვის. როგორც რეჟისორს მიმაჩნია, რომ იგი კვლავ ბევრ საინტერესო სახეს შექმნიდა ქართულ თეატრსა თუ კინოში“.
ყველასათვის საყვარელი მსახიობი, ქართული სცენის მშვენება ვასო გოძაშვილი, ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო კატოს დაკრძალვას, თავისი გულისტკივილი ქაღალდზე გადაიტანა და ბარათი ოჯახს გამოგვიგზავნა.
„კატო ვერულაშვილი... ჩვენი კატუშა. კატუშა... ხომ ასე ვეძახდით, მივმართავდით დიდიც და პატარაც, ნაცნობნი თუ უცნობნი, მისი მოტრფიალენი, პატივისმცემელნი მისი ხანმოკლე, ლამაზი შემოქმედებისა, რომელიც ასე უმოწყალოდ, განუკითხავად გაქრა, თვალთ დაგვეკარგა.
ტანმორჩილი, ხმელი ქალი იყო, მეტყველი თვალებით, რომელსაც დაუნდობელი სიკვდილი ადრე ეძგერა, თვალთ ისარი გაუყარა, სამუდამოდ ჩაუბნელა საყვარელი სცენის შუქი, ასე რომ უყვარდა, ეტრფოდა და ურომლისოდაც ერთი წუთით სიცოცხლეც კი არაფრად უღირდა, და , აგე, სიცოცხლეც ხომ ანაცვალა.
რაოდენ მძიმე იყო ჩემთის „ძველი ვოდევილების“ ფინალში ჩაბნელებულ სცენაზე განათებული ქოლგით ხელს რომ მივაშველები, რათა ფრთხილად ჩამომეყვანა კიბეებზე.
აი, ბედი მსახიობისა. ხალხს აცინებდა და ამ დროს კი რა ტკივილებს განიცდიდა ფიზიკურადაც და სულიერედაც.
ნიჭიერი გახლდათ ჩვენი კატუშა და საკმარისი პოპულარობითაც სარგებლობდა ხალხში, ყოველი მისი გამოჩენა სცენაზე ტაშით გვირგვინდებოდა. მასთან მუშაობა ყოველთვის მსიამოვნებდა, იგი მუდამ უკმაყოფილო იყო თავისი თავისა და ამიტმაც, კარგი მაძიებელივით ვერ ივენებდა. „ბატონო ვასო, ასე რომ ვთქვა ეს ფრაზა? ასე რომ მოვიქცე?“ - მეკითხებოდა და თან ღელავდა, მოსაწონი იქნებოდა თუ არა. უსაქმურად თეატრში თავისი თავიც სძულდა და სხვაც, ღელავდა, ნაღვლობდა, ხშირად თეატრის რომელიმე კუთხეში შეამჩნევდით ფიქრებში წასულს...
მაგონდება, სპექტკლის დროს ადრე ვიცი თეატრში მისვლა. ერთხე; სიცილით გამომეცხადა, ჩამოჯდა სავარძელში და მეუბნება: ბ-ნო ვასო, რამდენი ხანია დავიფიცე, თქვენზე ადრე მოვიდე თეატრში, მაგრამ ვერ იქნა და ვერა, ადრე მოსვლას ვერ გასწრებთო. როცა ნამდვილი გამარჯვება ხვდა წილად თეატრშიც და კინოშიც, ღოცა ხარობდა, სწორედ მაშინ მიგვატოვა, ყველას გული დაგვწყვიტა, მეგობრებსაც და მისი ნიჭის თაყვანისმცემლებსაც, ვისაც ნამდვილად უყვარდა იგი და პატივს სცემდნენ“.
ვინახავთ ამ წერილს, როგორც ძვირფას რელიკვიას, ხშირად ვკითხულობთ, კიდევ და კიდევ. და ვიგონებთ კატოს, თეატრზე ფანატიკურად შეყვარებულ მსახიობს, უღალატო მეგობარს, სიცოცხლის ხალისითა და იუმორით მდიდარ ადამიანს.
ჟ. „ახალი ფილმები“, 1989, N10