ვალერიან სულაკაური

ამაგდარი კინოხელოვანი

(დავით ლომიძის დაბადების 70 წლისთავი)

ყმაწვილკაცობაში კინოხელოვნებაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა... ფერად ხალიჩასავით დაფენილი ალაზნის ველი ატკბობდა მის მზერად, ასაზრდოებდა მის ფანტაზიას... რაღაც გამოუცნობი სიხარული ეუფლებოდა, როცა ჩამავალი მზე კავკასიონის მწვერვალებს გააფერადებდა. სიღნაღიდან მზერა მთელ კახეთს სწვდებოდა... პედაგოგობა ჰქონდა განზრახული და სწორედ სიღნაღში ეზიარა მომავალი მასწავლებლის ჩვევებს, რათა თაობები აღეზარდა მამულისა და ხალხის სიყვარულით. სიღნაღის პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლისას რადიოტექნიკამ გაიტაცა და საკმაოდ მომზადებული რადიომოყვარულიც გახდა. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სიღნაღის რადიოკვანძში მუშაობდა, შემდეგ ხაშურში განაგრძო რადიოსაქმიანობა. 1931 წელს დავით ლომიძე თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. შრომისმოყვარე, მოკრძალებული და ნიჭიერი ჭაბუკის ყურადღება მიიქცია ქართული რადიოტექნიკის ფუძემდებელმა დიმიტრი ხმიადაშვილმა.

- რადიოტექნიკის სიყვარული კარგია, - უთხრა დ.ხმიადაშვილმა, - კარგია რადიომოყვარულობაც, მაგრამ სწორედ საშენო საქმე იწყება კინოხელოვნებაში და იქ უნდა წახვიდე.

ჭაბუკს გაუკვირდა დამრიგებლის ნათქვამი და ეამა კიდეც მისი რჩევა. ხმოვანი საბჭოთა კინოხელოვნება პირველ ნაბიჯებს დგამდა. საჭირო შეიქნა მთელი კინოწარმოების ახალ ლიანდაგებზე დაყენება. კრძალვით მივიდა სახკინმრეწვში (ასე ეძახდნენ მაშინ კინოსტუდია „ქართულ ფილმს“) დავით ლომიძე, წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი გამოვიდოდა ხმოვანი ქართული ფილმი, როგორ აჟღერდებოდა ქართული ფრაზა ეკრანზე, იმ დროისათვის ქართულ კინოსტუდიას თითქმის არაფერი გააჩნდა. არც ხმის ჩასაწერი აპარატურის წარმოება არსებობდა, მხოლოდ დიდი სურვილი და მონდომება იყო ეკრანის ასამეტყველებლად. ეგ იყო და ეგ!... ორმოცდათორმეტი წელი გავიდა მას მერე. ახლა, დღევანდელი თაობისათვის დაუჯერებელიც კია ხმოვანი კინოს ძალზე ძნელი პირველი ნაბიჯები. პირველი ქართული ფილმი „შაქირი“, რუსულ ენაზე გაახმოვანეს ლენინგრადში. მეორე ფილმი, „უკანასკნელი მასკარადი“, როსტისლავ ლაპინსკიმ გაახმოვანა. დავით ლომიძე დიდი მონდომებით დაეუფლა ხმის ჩაწერის ურთულეს ტექნიკას, სწავლობდა მის ყოველ ნიუანსს, ტექნიკურ სიახლეებს, სისტემებს.

ხმის ოპერატორობა მარტო ტექნიკის ცოდნაზე როდია დამოკიდებული, უპირველესი და მთავარი ოპერატორისათვის მხატვრული ალღო და გემოვნებაა, იგი უნდა იყოს დაუფლებული მუსიკალურ კულტურას. დავით ლომიძე დიდი სიყვარულით იგონებს მუსიკის პირველ მასწავლებელს, კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძეს, რომელმაც დიდი მონდომებით აზიარა იგი მუსიკალურ ანბანს, მის ფესვებს, უმადლის იგი კომპოზიტორ შალვა აზმაიფარაშვილს - მუსიკალური მუშფაკის დირექტორს, სადაც იგი სწავლობდა.

სიბეჯითემ, დაუღალავმა შრომამ კეთილი ნაყოფი გამოიღო. დ.ლომიძემ პირველივე პრაქტიკული ნაბიჯი გაბედულად გადადგა. ორმოცდაათი წლის წინათ რეჟისორ დ.რონდელის ფილმის „არშაულას“ ტიტრებზე პირველად გამოჩნდა ქართველი ხმის ოპერატორის გვარი - ეს დავით ლომიძე გახლდათ.

მრავალ სიძნელეთა გადალახვაში, ახალ-ახალ ტექნიკურ სიახლეთა ათვისებაში ვაჟკაცდებოდა ახალგაზრდა ხმის ოპერატორი - ქართულ კინოხელოვნებაში ამ დარგის პიონერი დ.ლომიძე.

კინოსტუდია ნამდვილ უნივერსიტეტად იქცა მისთვის. იგი მუშაობდა ცნობილ ქართველ კინორეჟისორებთან: დ.რონდელთან, მ.ჭიაურელთან, ნ.შენგელაიასთან, ლ.ესაკიასთან, კინომსახიობებთან: ვ.ანჯაფარიძესთან, გ.დავითაშვილთან, შ.ღამბაშიძესთან, ს.ზაქარიაძესთან, კაჩალოვთან, კლიმოვთან, სამოილოვთან. კომპოზიტორებთან: ე.მიქელაძესთან, შ.აზმაიფარაშვილთან, ნებოლსინთან, ო.დიმიტრიადთან, გაუკთან და სხვა. დ.ლომიძემ ჩაწერა დიდი თეატრის სიმფონიური ორკესტრი, „არშაულას“ შემდეგ აამეტყველა ფილმები: „დაკარგული სამოთხე“, „დარიკო“, „სადარაჯო ჯიხური“, „გიორგი სააკაძე“, „შეწყვეტილი სიმღერა“, „აბეზარა“, „ჩრდილი გზაზე“... 35-ზე მეტმა მხატვრულმა და ათასობით დუბლირებულმა და მულტიპლიკაციურმა ფილმმა გაიარა მის ხელში.

დ.ლომიძის პროფესიულ დაოსტატებას ხელი შეუწყო შემოქმედებითმა მივლინებებმა მოსკოვსა და ლენინგრადში.

ღვაწლმოსილი და ამაგდარი კინოხელოვანის - დავით ლომიძის საქმიანობა უყურადღებოდ არ დარჩენილა. მთავრობის საპატიო ჯილდოები, ახალგაზრდობის მიერ მისი აღიარება, როგორვ ღირსეული მასწავლებლისა და დამრიგებლის, დამწყები ოპერატორებისათვის გზის გამკაფავის და მაგალითის მიმცემისა, გახლავთ, სწორედ, ამის დასტური.

დავით ლომიძე ყოველ დღე გახსნილი შუბლითა და გაცისკროვნებული თვალებით მიაბიჯებს კინოსტუდიის პავილიონისაკენ. ეს ნაბიჯები ორმოცდაათი წლის წინ დაიწყო მან და სიკეთის გზებით აგრძელებს... იყო ძნელი პერიოდები, სიძნელეებიც იყო, მაგრამ ყოველი ახალი ფილმის შექმნა რაღაც შეუცნობ სიხარულს ანიჭებდა, სიმხნევეს ჰმატებდა. უანგაროდ ემსახურება ქართულ კინოხელოვნებას ხმის ოპერატორი დავით ლომიძე, ემსახურება რწმენით, სიყვარულით, რადგან მილიონობით მაყურებელს ესტეტიკურ სიამოვნებას რომ ანიჭებს ფილმი, მის შექმნაში გარკვეული წვლილი მასაც მიუძღვის.

 

„ახალი ფილმები“, საქართველოს სსრ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის სარეკლამო-საგამომცემლო განყოფილება. მთ.რედაქტორი: ვასილ მჭედლიშვილი. 1984, №9, გვ.4-5