ტატა თვალჭრელიძე

სესილია თაყაიშვილი

... მატარებელმა კივილით გაარღვია სიბნელე და გვირაბიდან გავარდა.

ვაგონში პირისპირ სხედან დედა-შვილი - კუკური (ზურაბ ქაფიანიძე) და მართა (სესილია თაყაიშვილი).

ამ დროს კუპეში სახეშეშლილი კაცი შემოდის (ბაადურ წულაძე), რომელმაც კუკურის კვიმატი გოჭი იყიდა.

- უიმე, რა მოსვლია ამ საცოდავს! - ჩაეცინა მართას.

კარი გაიღო და ვაგონში გოჭი შემოროხროხდა.

კუკურიმ სახეზე გაზეთი აიფარა, თან ცალი თვალით უჭვრეტდა, რა ხდებოდა გარშემო. მართამ ჯერ თავი მოიმძინარა, მერე ასაკისთვის შეუფერებელი სიცქვიტით მიტრიალდა სარკმლისკენ და ნიკაპით ცალ ხელს დაყრდნობილმა ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გახედა იმერეთის ამწვანებულ არემარეს...

რეჟისორ რევაზ ჭარხალაშვილის ახალ ფილმში, „მეცამეტე გოჭი“, სესილია თაყაიშვილი ჩვეული იუმორით ქმნის მართას საინტერესო და დასახსომებელ სახეს. თითოეულ რეპლიკასა და მოქმედებაში იკითხება მსახიობის თვისება - ქვეტექსტებით, უტექსტო ეპოზოდებით, უსიტყვოდ გაამდიდროს ლიტერატურული სახე, სიღრმე შესძინოს მას.

თავად  რეჟისორი და მთელი კოლექტივი აღნიშნავენ, რომ სესილია თაყაიშვილის თამაშის მაქსიმალური სიმართლე სხვასაც აიძულებს უფრო მომთხოვნი იყოს საკუთარი თავისადმი.

1976 წ. სესილია თაყაიშვილმა ერთდროულად სამი ეკრანული მხატვრული სახე შექმნა სამ სრულიად განსხვავებულ ფილმში: „დათა თუთაშხია“, „ნატვრის ხე“, „ქალაქი ანარა“. სურათების თემატურმა და სტილურმა სხვადასხვაობამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მსახიობის შეუდარებელი უნარი არამარტო ჩაეწეროს რეჟისორის მიერ შექმნილ ეკრანული სამყაროს თავისებურებაში, რეჟისორის გადაწყვეტის „გასაღებით“ ითამაშოს, არამედ განაპირობოს კიდევაც ამა თუ იმ ეპიზოდის ემოციური ტონალობა, რაც თავისთავად მეტად მნიშვნელოვანი, ზოგჯერ კი ფილმის საერთო განწყობილების განმსაზღვრელიცაა.

თ.აბულაძის ფილმში, „ნატვრის ხე“ სულ რამდენიმე ეპიზოდი აქვს სესილია თაყაიშვილს, რომელიც მარიტას ბებიას ასახიერებს.

...მიწაზე განრთხმულია მარიტას უსიცოცხლო სხეული. გამხეცებულმა ბრბომ დაიკმაყოფილა ველური ინსტინქტები, მარიტას სახით დროებით მაინც ჩაიქოლა სილამაზის, სათნოების საწყისი და მოშორდა იქაურობას. მარიტასთან მისი ბებია დარჩა, იგი არ კივის, თმებს არ იგლეჯს, ცრემლიც კი არ ჩამოსდის დანაოჭებულ სახეზე, უხმოდ დასცქერის თავის ერთადერთ ნუგეშს და სიხარულს და მხოლოდ უმწეოდ შლის ხელებს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ცრემლი და ტირილი, სასოწარკვეთილი კივილი სადღაც შიგნით, გულსა და ყელს შუა ჩაგუბებულა, სუნთქვას უკრავს, გონებასა და მზერას უბნელებს; ნელა ირწევა მისი ტანი და უზომო, ენით აღუწერელი ტკივილი უდგას თვალებში.

აქ, ეკრანული დროით ამ მეტად მცირე ეპიზოდში, სესილია თაყაიშვილმა გამოავლინა აზრობრივი დეტალის ფლობის ბრწყინვალე, უმაღლესი ოსტატობა. მუდმივი სიღატაკისა და გაუთავებელი უბედურებისგან დაჩაჩანაკებულ, გვამთან უმწეოდ ჩაჩოქილ სხეულში იკითხება განუზომელი მწუხარებაც, იმედების გაცრუებაც, შვილიშვილის ბედში ჩარევის სინანულიც, მსახიობი გვეუბნება უფრო მეტს, ვიდრე მისი როლით იყო იყო განსაზღვრული და, თითქოს, შესაძლებელიც. ცალკეული ჟესტისა  თუ მოძრაობის მეშვეობით ახერხებს მსახიობი კერძო, პირადი გრძნობების განზოგადებას.

სწორედ ეს არის სესილია თაყაიშვილის შეუდარებელი და განუმეორებელი თვისება - ორი, სამი შტრიხით, ბუნებრივად და ზუსტად დახატოს პიროვნება ისე, რომ ეკრანზე მხოლოდ წუთით გაელვებული, სამუდამოდ დარჩეს მაყურებლის მეხსიერებაში.

ერთადერთი ეპიზოდი აქვს სესილია თაყაიშვილს რ. ჩხეიძის ფილმში „ნერგები“, მაგრამ მსახიობმა რამდენიმე რეპლიკით, სათანადო რეაქციითა და გამოხედვით მოახერხა გამოეხატა თავისი გმირის ცხოვრების მთელი აზრი, რით სუნთქავს და სულდგმულობს იგი.

ჭაბუა ამირეჯიბის რომანის, „დათა თუთაშხიას“ ეკრანულ ვარიანტში (რეჟისორები: გ.ლორთქიფანიძე, გ.გაბესკირია) სესილია თაყაიშვილი განასახიერებს ასინეთას; რომანში ამგვარადაა დახასიათებული ასინეთა:

„გაიღო კარი, დაკონკილი დედაბერი შემოვიდა, წელკავი ჰქონდა თუ სიბერით იყო მოხრილი, არ ვიცი, მარა მეტი მოკუზვა ნამდვილად აღარ შეიძლებოდა. მაინც ყოჩაღად შემოვიდა, ნამეტანი ყოჩაღად. იმას რა გამართავდა და, გაიმართა წელში, რამდენადაც შეძლო. წაიღო გაშლილი ხელისგული შუბლისკენ. კარგად გაწვრთნილი სალდათივით მოგვესალმა. მოგვახსენა რაღაც. ნახევარიც ვერ გავიგეთ მისი ნათქვამი. არც ერთი კბილი არ ქონდა, საცოდავ. გაათავა ჩიფჩიფი, ჩამოიღო ხელი, დადგა სმენაზე“.

სესილია თაყაიშვილმა არამც თუ დაკარგა  დახასიათების რომელიმე სიტყვა, არამც თუ ღრმად და  ამომწურავად გამოიყენა თითოეული ნიუანსი, არამედ საკუთარი დამოკიდებულებით დატვირთა ყოველი ჟესტი, გამოხედვა, თუ „კარგად  გაწვრთნილი სალდათივით“ მისალმება; მონად ქცეული ადამიანი, რომელიც საკუთარი ინიციატივით და უკვე სიამოვნებითაც უარს ამბობს პიროვნულ ღირსებებზე, ამ მონურ მორჩილებაში პირად ბედნიერებასაც კი ხედავს, ადამიანი, რომელიც თავისი „მარჩენალის“ გულისთვის მზადაა დაუფიქრებლად არა ერთი და ორი სიცოცხლე იმსხვერპლოს - ყოველივე ამას და კიდევ მრავალ სხვა ფიქრს აღძრავს მაყურებელში თაყაიშვილის ასინეთა.

მრავალსერიანი კინონაწარმოების ამ ნაწილის საერთო სტილისტიკა და მსახიობთა განსახიერება განსაკუთრებული სიმკაცრითა და ფუნქციონალური სიზუსტით გამოირჩევა. ამ საერთო ატმოსფეროს სესილია თაყაიშვილის გმირი, ერთი მხრივ, ზუსტად ერწყმის თავისი გარეგნული იერითა და ქცევით, ხოლო მეორე მხრივ ასევე ზუსტად და ამომწურავად გამოხატავს ეპიზოდის აზრობრივ დატვირთვას.

ამ პერსონაჟს მწერალმა მეტად გონებამახვილურად და ოსტატურად მიაგნო. რომანში ვკითხულობთ: „დაემხო დედაბერი მუხლებზე და კაკოა მედავითნის შეთხზული ლოცვა - ჩაბულბულებისა რა მოგახსენო, ენა ღრძილებიდან უვარდებოდა და ყვავის ბახალის ხმაზე ლაპარაკობდა - მარა სხაპასხუპით და ყოჩაღად თქვა. ადგა ზეზე, თავისი მარჩენალის ნათქვამი გაიმეორა, ისევე სალდათურად გამოგვემშვიდობა, გაბრუნდა და კარებამდე ნაბიჯი აკლდა, გააჩერა სეთურმა“... როგორც ხედავთ, მეტად მეტყველია ასინეთას დახასიათების თითოეული სიტყვა თუ მოქმედება, კონკრეტული და ამომწურავია მწერალი აქ ხასიათის ჩვენებაში.

სესილია თაყაიშვილმა, როგორც გამოცდილმა და ბრძენმა მსახიობმა, ყურადღების მიღმა არ დატოვა მწერლის არც ერთი ნიუანსი და სწორედ იმ გეზით წარმართა ხასიათის განვითარება, რომელიც ჩაფიქრებული ჰქონდა მწერალს. და მაინც შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ, - თქვა ჭაბუა ამირეჯიბმა, - რომ სესილია თაყაიშვილმა ბრწყინვალედ განასახიერა ასინეთა. მხატვრული სახის სწორედ ამგვარი წაკითხვა მგონია ჭეშმარიტი შემოქმედება. ახლა უკვე ჩემთვისაც კი ძნელია ამ პერსონაჟის სხვაგვარი წარმოდგენა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მსახიობი ახალ სიცოცხლეს ანიჭებს ლიტერატურულ გმირს და აღწევს იმას, რომ მკითხველი აბსოლუტურად ივიწყებს წიგნის კითხვის დროს საკუთარ წარმოდგენაში დანახულ გმირს და მთლიანად ღებულობს მსახიობის მიერ შემოთავაზებულ ინტერპრეტაციას, აქტიორის მიერ შექმნილი ეკრანული გმირის მხატვრულ ხორცშესხმას.

მე მეტად მადლიერი ვარ უდიდესი მსახიობის, სესილია თაყაიშვილისა, რომ მან ასეთი სერიოზულობით და დაკვირვებით წაიკითხა ჩემი წიგნი და ასეთი ბრწყინვალებით განასახიერა ლიტერატურული პერსონაჟი.“

სესილია თაყაიშვილის გმირის მხატვრულ-იდეური გადაწყვეტის ემოციური ზეგავლენა იმიტომაა მძლავრი და დაუვიწყარი, რომ აქტიური განსახიერება უზადო ოსტატობაში გამოიხატა.

დაწყებული გრიმით - კეხიანი ცხვირი, ხშირი წარბები, ჯიუტი მზერა, შუბლზე ჩამოფხატული თავშალი, წვრილი, ირიბი ტუჩები, დამთავრებული სიარულით -  თაყაიშვილის გმირი ბოროტებას, ვერაგობასა და მლიქვნელობას გამოხატავს. მის გმირში ერთდროულად მოიყარა თავი ყველა ამ თვისებამ და მათი ამოკითხვის საშუალებას მსახიობი ეკრანზე გამოჩენისთანავე იძლევა.

„ვფიქრობ, ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხატვრული საზეა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, - ამბობს მსახიობი, - ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ სახის გამოძერწვა, მასზე მუშაობა, ცალკეული დამახასიათებელი დეტალის ძიება. როცა ჩემი გმირი გრიმს მივაგენი, მუშაობა როლზე ჩემთვის, თითქოს, დასრულებულად შემეძლო ჩამეთვალა.“

მსახიობის ეს გამონათქვამი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გრიმს სესილია თაყაიშვილის ინდივიდუალური ბუნების გამოვლენაში. წლების მანძილზე იგი საგრიმიოროში აკვირდებოდა ცნობილ მსახიობებს, ფაფაზიანსა და ჟიხარევას. ამან თავისი შედეგი გამოიღო. მსახიობი ბრწყინვალედ დაეუფლა ამ ურთულეს ხელოვნებას, ჩასწვდა სახის ცვლილებების საიდუმლოს. ნაყომი („მუნჯები ალაპარაკდნენ“) და ამალია კარლოვნა („შიში“), პარასკევა („ნაპერწკალი“) და სოფიო („სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“), ელისაბედი („მარიამ სტიუარტი“) და ბახუ მესედუ („შამილი“), ძიძა („რომეო და ჯულიეტა“) და ევა („უფსკრულიდან“), ში-პინი  („ტაიფუნი“) და ოლღა („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) - საკმარისია ამ გმირთა ფოტოსურათების ერთმანეთთან უბრალო შედარებაც, რომ აშკარად დავინახავთ გარეგნული ნახატის მიგნების არაჩვეულებრივ ნიჭს. თავზე წაკრული თავშალი თუ გრძელ თასმაზე ჩამოკიდებული სათვალე, ოდნავ გამსხვილებული წარბები თუ ჭორიკნულად მოჭუტული თვალები, მაღალი თმის ვარცხნილობა თუ საოცრად დამოკლებული წარბები - ასეთი ძუნწი, მაგრამ მეტყველი და აუცილებელი დეტალებით ავლენს მსახიობი გმირის ბუნებისთვის დამახასიათებელ ძირითად თვისებებს. ხასიათის დახვეწა, მისი შინაგანი სამყაროს გახსნა კი, ეკრანზე იქნება ეს თუ სცენაზე, სწარმოებს ფრთხილად, თანამიმდევრულად, ყველა „მოცემული პირობის“ ზუსტი გათვალისწინებით, შინაგანი აღმავალი ხაზით, დრამატურგიული კანონების დაცვით და ისე, რომ წარმოდგენის გულსა და გონებას თან მიჰყვება გმირის რთული, მდიდარი სამყარო.

მესამე ფილმი, რომელშიც მაყურებელმა იმავე წელს იხილა მსახიობი, იყო ირაკლი კვირიკაძის კომედია „ქალაქი ანარა“.

კომედია სესილია თაყაიშვილისთვის ჩვეული სტიქიაა. იგი თავისუფლად გრძნობს თავს ყველა სიტუაციაში, რაც ხელს უწყობს მას წარმოადგინოს ეკრანზე თავისსებური ხასიათი ერთი ახირებული ქალისა, რომელიც ყალბი ტრადიციის მონად ქცეულა. აქ მსახიობი არავითარ გრიმს არ ხმარობს. საკუთარი გარეგნობით წარმოგვიდგება და ეს გარემოება უფრო მეტად ავლენს მის პიროვნულ ადამიანურ იუმორს. ეკრანზე წარმოებს დედასა და შვილს (რ.ესაძე) შორის შინაგანი, დაფარული და დაუფარავი ბრძოლა ოჯახური ტრადიციებისა და თავისებური რელიკვიის - უზარმაზარი ყანწის ირგვლივ. აქაც, ამ როლში, სადაც თითოს მსახიობს ნაკლები შესაძლებლობები მიეცა კიმიკური ტალანტის გამოსამჟღავნებლად, სესილია თაყაიშვილის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება გამოაშკარავდა - განსახიერებული პერსონაჟის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების აშკარა, ნათელი გამოხატვა.

სესილია თაყაიშვილის დამოკიდებულება როლებისადმი იმდენად დამაჯერებელია, რომ მაყურებელი ყოველგვარი ეჭვის გარეშე ეთანხმება  მსახიობის ინტერპრეტაციას, იქნება ეს მდაბიო, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რათა ქალიშვილი მდიდარს გააყოლოს ცოლად („საბუდარელი ჭაბუკუ“), თუ ჭორიკანა ქალი, ყველას და ყველაფერს რომ ჰკიცხხავს („ჩვენი ეზო“), ბოროტი მოხუცი, ობოლ გოგონას ყოველმხრივ რომ ზღუდავს და ცაგრავს („ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“), თუ ბებია, რომელსაც სურს ყოველგვარი დაბრკოლება ააცილოს შვილიშვილს. ამის თავდები სესილია თაყაიშვილის დიდი სამსახიობო ხელოვნებაა...

1945 წლიდან დაწყებული, სესილია თაყაიშვილმა მრავალ ქართულ ფილმში მიიღო მონაწილეობა, სადაც ძირითადად უფროსი თაობის გმირებს ასახიერებდა. მისი შესრულებით ეპიზოდური როლიც კი ფილმის იდეურ და სტილისტურ მიმართებაში მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მსახიობი იმთავითვე ჩასწვდა განზოგადების საიდუმლოს. ხასიათის დახატვისას იგი მართალი და ზუსტია, ყოველგვარ ზედმეტობას გამორიცხავს. მსახიობში არის შინაგანი მასშტაბურობა, რომელსაც ყველა ეს ყოფითი სიზუსტე მხოლოდ ეხმარება. ყოველი დამახასიათებელი ჟესტის, კოლორიტული მოქმედების, მოულოდნელი ინტონაციის უკან დგას კონკრეტული პიროვნება, თავისი განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ქცევითა და გარეგნობით. ამავე დროს, ეს არის გარკვეულად განზოგადებული ხასიათის ადამიანი.

1965 წელს სესილია თაყაიშვილმა, სსრ კავშირის სახალხო არტისტის წოდებასთან დაკავშირებით, კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ „მსახიობისთვის ყველა როლი რაღაცით მნიშვნელოვანია, ყოველ განსახიერებულ გმირში მისი სულის ნაწილია, მაგრამ მე მაინც შემიძლია ორი სახე დავასახელო, რომელიც ყველაზე უფრო მიყვარს: დედოფალი ელისაბედი შილერის პიესაში „მარიამ სტიუარტი“ და ბებია ოლღა კინოფილმში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

ს.თაყაიშვილის განსახიერებით დედოფალი ელისაბედი (რეჟისორი ვ.ყუშიტაშვილი, მხატვარი ი.სუმბათაშვილი, 1955წ. მარჯანიშვილის სახ.თეატრი) იყო ჭკვიანი და დაუნდობელი, ფრთხილი და ბოროტი, ცბიერი და ეჭვიანი, მას შეეძლო დიდი სიყვარულიცა და სიძულვილიც, სხვის ერთგულებაში მუდამ დაეჭვებული დედოფალი ელისაბედი ყველა საშუალებას ხმარობს თავისი სახხელმწიფოს გაძლიერებისათვის, ხოლო როგორც ქალი ცდილობს დაიბრუნოს გრაფი ლესტერი, რომელმაც მარიამ სტიუარტში გაცვხუცალა. მსახიობი არ კმაყოფილდება ერთნაირი საღებავებით, მას აინტერესებს კონტრასტები: ბოროტში სიკეთის გამოვლინება, მოხუცში ახალგაზრდული ნაპერწკალი, მკაცრ და ძალაუფლების მოყვარე დედოფალში - მოსიყვარულე ქალი...

მსახიობის მეორე საყვარელ როლზე - ოლღა ბებიაზე - ბევრი დაიწერა, უფრო მეტი ითქვა. ოლღა ბებია დაკვიდრდა საუკეთესო თეატრალურ და კინემატოგრაფიულ სახეთა საგანძურში.

თ.აბულაძის ფილმის ეკრანზე გამოსვლამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძალაუნებურად ადარებდნენ ერთმანეთს ფილმსა და მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს; კერძოდ, თეატრალურ და ეკრანულ ოლღა ბებიას ს.თაყაიშვილის იერსახეებს.

„სცენაზე შენ შენი სხეულის, ხმის, ჟესტის, ტემპერამენტისა და მოქმედების ბატონ-პატრონი ხარ. გესმის მაყურებლის რეაქცია და მასთან კონტაქტის შედეგად მუშაობ როლზე, ცდილობ, შემდგომი მუშაობა სწორედ ამ რეაქციის გათვალისწინებით წარმართო. მე არ შემიძლია პირობით ატმოსფეროში თამაში; მახსოვს, გიგა ლორთქიფანიძეს ბებია ოლღას ოთახის დეკორაციის შეცვლა ვთხოვე. არ შემიძლია არარრეალური საგნების რეალურად მიჩნევა, როცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. მე მჭირდება რეალური, ნამდვილი ყოფა, სადაც შეიძლება ისეთი ცხოვრება, რომელიც სიყალბეს ააშკარავებს და სიმართლის კამერტონი ხდება.“ (პირადი საუბრიდან).

... ბებია, ილიკო და ილარიონი მერის მოტანილ წერილს კითხულობენ. მერის შეეშალა და მასწავლებლის წერილის მაგივრად ზურიკოს მიერ მისადმი მიწერილი პათეტიკური წერილი გადასცა ბებიას. ნოდარ დუმბაძის ნაწარმებში ვკითხულობთ: „ოთახში წელში მოხრილი ბებიაჩემი შემოვიდა, თავშალი მოიძრო, გამარჯობა თქვა, ჯოხი ბუხრის კუთხეში მიაყუდა, ცეცხლათან ახლო მოეწყო და მე მომმართა:

- შვილო, ზურიკო, შენი ქიმიის მასწავლებელი რა ხნისაა?

- იქნება ასე ოცდაათ-ოცდათხუთმეტი წლის. რაშია საქმე? - ვკითხე მე და სმენად გადავიქეცი. ბებიამ მხრები აიჩეჩა, თავი გადააქნია და ისე მკითხა:

- ცოტა შექანებული ხომ არაა?“

გიგა ლორთქიფანიძის მიერ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი სცენაზე ეს ეპიზოდი ასეთნაირად იყო წარმოდგენილი:

მხნედ შემოდიოდა მხრებში მოხრილი სესილია თაყაიშვილი სცენაზე. ხელში გახსნილი ფურცელი ეკავა - წერილი. სერიოზულად შეხვდა ილიკოს (ჟორჟოლიანი) და ილარიონს (კოსტავა) და ჩვეულებრივი ტონით შეეკითხა ზურიკოს: „ზურიკო, შვილო, შენი ქიმიის მასწავლებელი რა ხნისაა?“ - დარბაზიდან კონტაქტი კი უმალ და ზუსტად დადგენილია, „იქნება ასე ოცდაათი, ოცდათხუთმეტის“... უპასუხა ოდნავ შემცბარმა ზურიკელამ (ლ.ანთაძე), მან უკვე დაუშვა წერილების აღრევის შესაძლებლობა და დაიბნა. ბებია ამას არ იმჩნევს, მან მშვიდად გადასცა წერილი ილარიონს.

“ჩემო უძვირფასესო, უნეტარესო და სულზე უტკბესო,“ - დაიწყო კითხვა ილარიონმა. „შენ გწერს მაგას?!“ - გაუკვირდა ილიკოს, „კი, შენ ნუ მომიკვდები“, - არ იღიმება ბებია.

ამ დროს სესილია თაყაიშვილი მაყურებლის ყურადღების ცენტრშია. თითოეული მისის ჟესტი თუ გამოხედვა, რეაქციის ის ხარისხი, რომლითაც აღიქვამს შექმნილ სიტუაციას, გადამწყვეტია მაყურებელზე სწორი ემოციური ზეგავლენის მხრივ. ამიტომ რეჟისორმა, ასე ვთქვათ, „ბურთი და მოედანი“ მას დაუთმო.

ილარიონი კი განაგრძობს.

„მას შემდეგ, რაც პირველად დაგინახე, მე ვაღიარე აბსოლუტური ჭეშმარიტება მშვენიერებისა...“

„სად მნახა მაგ შეჩვენებულმა? - ისევ სერიოზულად ჩაურთო ბებიამ.

„მე გავიგე არსი სიყვარულისა...“

თითოეული წაკითხული სიტყვისას ბებიას სახე იცვლება, ნაოჭები იშლება, დაღარულ სახეზე ჩნდება ოდნავ შესამჩევი ღიმილი. „მე აღგიქვი შენ, როგორც აპოთეოზი სულიერი განცდისა და ისტორიული შემეცნებისა...“

„ეს ადგილი რაღაც ვერ გავიგე,“ - უკვე გახსნილად იღიმება ბებია.

„დაეფსო მაგას თვალები“, - კივის ილიკო. ილარიონს სიცილისგან კრუნჩხვები ემართება. ბებია ოლღა მათზე თავშეკავებულია, მაგრამ მასაც აღარ შეუძლია. ის ზის სამფეხა სკამზე, შავი თავშლის კუთხით ფარულად იწმენდს ცრემლს და იცინის, იცინის გადამდებად, უკბილო პირით. ვეღარ ერევა ამ თავზე დატეხილ სიცილს, ხელებს იშველიებს - მუხლებზე ირტყამს და მთელი სხეულით ირწევა.

სესილია თაყაიშვილის მოქმედება, თავდაჭერა, ჟესტი, ლაპარაკი სახის ღრმა, ფსიქოლოგიური წვდომის ნათელი მაგალითია, ეს არის უდიდესი უნარი. მოქმედებამდე ყველა „მოცემული ვითარების“ ზუსტი გათვალსიწინებით მსახიობმა სცე,ნაზე მოიტანა დროის სული, სახე მოძრავი, რეალურად ხელშესახები გახადა.

ეს სცენა უცვლელად შევიდა ფილმში, მაგრამ, სამწუხაროდ, სესილია თაყაიშვილს აქ ფართო პლანით ვერ ვხედავთ და ვფიქრობთ, ეს არის ძირითადი მიზეზი ამ ეპიზოდის ნაკლებად აჟღერებისა ეკრანზე, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ს.თაყაიშვილმა სცენაზეც და ეკრანზეც შექმნა რეალურად ხელშესახები, ბუნებრივი სახე, მაგრამ ამასთანავე მისი თამაში გასცდა კონკრეტულად ბებია ოლღას განსახიერებას და ზოგად-საკაცობრიო სახის წვდომას მიუახლოვდა. ბებიას სამოქმედო არე, რა თქმა უნდა, ყოფითის ფარგლებითაა შეზღუდული. იგი არც „ბედის რჩეულია“, ერთადერთი ობოლი შვილიშვილის, ზურიკელას გარდა არავინ გააჩნია „საამქვეყნოდ“. მსახიობმა დაგვანახა სიყვარულის დიდი ძალა, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე გვაგრძნობინა თავისი გმირის ცხოვრების არსი, რომელიც ამქვეყნად  კიდევ ერთი ადამიანის აღზრდაშია. ასევე დიდი შინაგანი ადამიანური ღირსებისაა ბებია ოლღას სიცოცხლესთან განშორების წუთები. სესილია თაყაიშვილის ბებია სიკვდილის წინაც არ ჰკარგავს იუმორს. აქ ს.თაყაიშვილი ახორციელებს მაღალი ხელოვნებისთვის დამახასიათებელ პრინციპს: მთელი ის მადლი, რაც ბებიამ თავისი ცხოვრებით მოიმოქმედა, რასაც თავისი საარსებო ძალები ძეალია - ღირდა სიცოცხლედ. ვალმოხდილი ადამიანის სიდიადე ახლავს სესილია თაყაიშვილის ბებიას.

ამ სცენამ ბევრად მოიგო კინოში, რადგან მაყურებელს შესაძლებლობა შეექმნა ახლო დაენახა, თუ როგორ მოტეხა ბებია იმ ხუთმა წელმა, რომელიც ზურიკომ თბილისში გაატარა. სულ ახლოს ვხედავთ მის ჩამქრალ თვალებს, ჩაცვენილ ლოყებს, ავადმყოფობის სუნთქვა რომ შეეხო. ზურიკოს ხმის გაგონებაზე წამით გაბრწყინებულ თვალებს; თითქოს, სიცოცხლე ჩაჰბერაო ზურიკოს დანახვამ, ისე წამოჯდა ლოგინზე. „ილარიონ, მართლა ჩემს ბიჭს ვხედავ, თუ მელანდება?“ - ხმაშიც, თითქოს, ყოფილი ახირებულობა შეეტყო, მაგრამ სულ მალე ღონემიხდილი მიესვენა ბალიშზე. თვითონ მსახიობს თავისი აზრი აქვს კინოში მუშაობაზე. „არ მიყვარს კინოაპარატი, იგი თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ნელ-ნელა დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანა - მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან ეს აპარატი - მთლიანად მიპყრობს. როგორც კი აღარ ვგრძნობ ხოლმე აპარატის მუშაობას, მუშაობა გაცილებით მიადვილდება.

თანამიმდევრობა - როლის შექმნის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ თანამიმდევრობის აბხოლუტური გამორიცხვა ეკრანული სახის შექმნისას მეტად რთულ პირობებში მაყენებს. არასოდეს არ ვიცი, როგორ განვითარდა მხატვრული სახე, რა აღმავლობა განიცადა, როგორ და რანაირად უნდა განალაგო აქტიორული ძალები მთელი როლის მანძილზე. ამიტომ, როცა ფილმი მზად არის, ვცდილობ არ შევხედო ჩემს მიერ შექმნილ სახე, არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი - რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა.

არ მიყვარს, აგრეთვე რეპეტიციები კინოში. როგორც წესი, არ ვიცი, როდის ვარ კადრში, როდის უნდა ვითამაშო მთელი ძალით, ვარ არეული და დაძაბული.“

მაყურებლისთვის კი დაუჯერებელი და შეუმჩნეველია მსახიობის შიში, რომელიც თან ახლავს როლზე მუშაობის რთულ პროცესს.

ს.თაყაიშვილის ასეთი გულახდილი საუბარი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სიძნელეებზე გულწრფელად ლაპარაკი არ აშინებთ მხოლოდ ნამდვილ ოსტატებს.

„სულ სხვაა რეპეტიცია თეატრში, - განაგრძობს სესილია თაყაიშვილი. - მართალია, აქაც, თითქმის ბოლო მომენტამდე, გენერალურ რეპეტიციამდე, არც რეჟისორმა, არც ჩემმა კოლეგებმა არ იცოდნენ რა სახით წარვსდგებოდი პრემიერაზე, რადგან მე ყოველდღე, ყოველ წუთს, ყოველის სპექტაკლის შემდეგაც ვმუშაობდი სახეზე, მის საბოლოო ჩამოყალიბებაზე, მაყურებელთა რეაქციაში თითქმის ვგრძნობდი სახის დახვეწის ახალ ელემენტებს.“

ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს მსახიობის მუსაობაზე თეატრსა და კინოში. სესილია თაყაიშვილის პოზიცია ამჯერად მყარი და ინდივიდუალურია. „ჩემთვის ეს ორი, აბსოლუტურად საწინააღმდეგო პროცესია, მაგრამ ერთი რამ აქვთ მაინც საერთო - შიში. მომავალი როლის ტექსტის კითხვისას უპირველესი ამოცანაა, გავხადო იგი ჩემი, საკუთარი. მე ჯერ არ ვფიქრობ მომავალი გმირის გარეგნობასა და ქცევაზე, თითქოს, არც ტექსტს ვსწავლობ ზეპირად, ჩემში არ არსებობს ეს პროცესი - დაჯდე და იფიქრო. მე დავდივარ, ვლაპარაკობ, ვამზადებ სადილს, მაგრამ ვგრძნობ - ის ჩემში ზის, მოსვენებას არ მაძლევს. როგორც კი ორგანულად შევითვისებ ტექსტს, იყება შიში, შიში და უნდობლობა საკუთარი აქტიორული შესაძლებლობებისადმი. ჩემთვის ეს საერთოა სცენურ და ეკრანულ როლებზე მუშაობისას. ყველაფერი დანარჩენი პრინციპულად განსხვავებულია.“

დრამატურგიისა და რეჟისორული მხატვრული პრინციპების სიღრმე და ცხოვრებისეულობა მსახიობის ოსტატობის გამოვლენის აუცილებელი წინაპირობაა. ალბათ, ამ პრინციპების თავისებურება აპირობებს განსხვავებასაც სხვადასხვა დროი მსახიობთა ოსტატობაში.

„მაყურებელთან ურთიერთობის დამყარება შეუძლებლად მიმაჩნია თვით მსახიობებს შორის შინაგანი შემოქმედებითი კონტაქტის გარეშე, თუ პიესა არ არის მხოლოდ მონოლოგებე აგებული, მაგრამ ასეთი პიესები ჩვენში ხომ არ იდგმება?! ეს საკითხი ძალიან მაწუხებს, რადგან ვხედავ, რომ სცენასა და ეკრანზე დღეს, თითქმის, დაიკარგა პარტნიორის ცნება. მსახიობები აღარ უსმენენ, ვეღარ ხედავენ ერთმანეთს. დაირღვა შინაგანი კონტაქტი მსახიობებს შორის. ფილმი „ვატერლოო“ თორმეტჯერ ვნახე, რადგან გამაოცა არაჩვეულებრივად რეალურმა როდ სტაიგერმა. როგორ უსმენს იგი პარტნიორს, როგორ უყურებს, როგორ მოქმედებს ნებისმიერ ვითარებაში. ეს, მართლაც საოცრებაა!“

სესილია თაყაიშვილის შემოქმედებაში ეს თვისება რეალურად ხელშესახებია. რა სიღრმის როლიც უნდა განასახიეროს მან, იგი ყოველთვის გასაგები და მისაწვდომია. შექსპირის „რომეო და ჯულიეტაში“ იგი გამზრდელის როლს თამაშობდა. მისეული გამზრდელი ჩვეულებრივი გლეხის ქალი იყო, უხეში და ფხიზელი, ანგარიშიანი და ერთგული. იგი მჭიდროდ უკავშირდებოდა იმ წრეს, საიდანაც გამოვიდა, ვიდრე ჯულიეტას ძიძა გახდებოდა. თაყაიშვილის მიერ შექმნილი სახე იყო ღრმად ხალხური, კოლორიტული და ამავე დროს ეროვნული, ცხოვრებისეული ყოველ გამოვლინებაში, მოქმედებასა და ინტონაციაში.

რეჟისორი რ. ჭარხალაშვილი, ვისი ფილმითაც დავიწყეთ საუბარი დიდ მსახიობზე, ამბობს: „ქალბატონი სესილია ბრწყინვალე მსახიობია, დიდი ავტორიტეტითა და იუმორით განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის ჯგუფში. ყველასადმი ყურადღებიანია, არავინ რჩება შეუმჩნეველი. საოცრად მიმზიდველია მუშაობისას. სახეს თავისებურად ძერწავს. პერსონაჟის ტექსტი რომ გაისაკუთროს, ხშირად იმპროვიზაციის მეთოდსაც მიმართავს. შეიძლება მოზრდილი ტექსტი ერთ რეპლიკამდე დაიყვანოს, მაგრამ ეს ერთი რეპლიკა იქნება ამომწურავი. ამასთანავე, მეტად დამჯერია, ყურადღებით უსმენს რეჟისორსაც, ოპერატორსაც... განცალკევდება, თავისთვის დაამუშავებს ტექსტს. სანამ აპარატის წინ დადგებოდეს, ბუზღუნებს, ჯავრობს, მაგრამ აპარატის წინ უცებ დამშვიდდება და მერე არაფერი ჯობს მის ყურებას - იწყება ჭეშმარიტი შემოქმედებითი პროცესი“.

ჩვენი დროის უდიდეს მსახიობს, სესილია თაყაიშვილს ყველა იცნობს პროფესიისა და ასაკის განურჩევლად, და არამარტო საქართველოში. სესილია თაყაიშვილის ახალ როლებს ელოდნენ თეატრშიც. ამიტომ ყველას აღელვებს მისი თეატრიდან წასვლა.

„სცენიდან წასვლა განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა მსახიობის ცხოვრებაში. იგი უფრო რთულია, ვიცდრე მსახიობის თეატრში მოსვლა. პირადად მე სცენა დავტოვე საკუთარი რწმენით, რომელიც, რა თქმა უნდა სუბიექტურია.

მე ვიგრძენი სცენის დატოვების შინაგანი მოთხოვნილება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემში ჯერ კიდევ ცოცხლობენ აქტიური შემოქმედებითი იმპულსები. აქ ცხოვრებისეულ წინააღმდეგობას წავაწყდი - ერთი მხრივ, ასაკის მძაფრი შეგრძნება, ხოლო მეორე მხრივ, მუდმივი ახალგაზრდობის მწვავე განცდა, რქვს.ომელიც არ ასვენებს ადამიანს. პირადად მე ასაკს გავუწიე ანგარიში.“

სესილია თაყაიშვილის სცენაზე განხორციელებული როლები იმის უტყუარი დასტურია, რომ მსახიობი მართლაც შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდში წავიდა თეატრიდან, მას ჯერ კიდევ შეეძლო არაერთი მნიშვნელოვანი, ღრმა და დასამახსოვრებელი მხატვრული სახის შექმნა.

ქართული სამსახიობო ხელოვნება სესილია თაყაიშვილმა ჭეშმარიტად მაღალ საფეხურზე აიყვანა. იგი არის დიდი ტემპერამენტის, ინტელექტის, სცენური კულტურის მსახიობი, რომელიც დღემდე განუწყვეტლივ მუშაობს თავის თავზე. მთავარი კი ის არის, რომ სესილია თაყაიშვილი ქართულ კულტურას მოევლინა, როგორც საზოგადოების სულიერი და ემოციური ცხოვრების, განწყობილების, მისი დამახასიათებელი ტიპების ერთ-ერთი საუკეთესოდ გამომხატველი მსახიობი.

ასეთი რამ კი რჩეულთა ხვედრია. მხოლოდ ჭეშმარიტად დიდ ხელოვანს ძალუძს იმ საყოველთაო პოპულარობის და სიყვარულის მოხვეჭა, რომელიც სესილია თაყაიშვილს

 

კინო. 1980

კინომასალების კრებული.

საქართველოს სსრ კინემატოგრაფიის სახ. კომიტეტი, საქართველოს სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირი

რედაქტორი აკაკი ძიძიგური. გვ. 135-145