კორა წერეთელი

სერგო ზაქარიაძე

...ბატონი სერგო მოსკოვის საავადმყოფოში მოვინახულე. გაგებული მქონდა, თითქმის ძალად დააწვინეს მწვავე ინფარქტის დიაგნოზითო.

პალატის კარი რომ შევაღე, გაოგნებული შევჩერდი. გულაღმა იწვა, ზორბა სხეულზე თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. ზეწარზე მისი უჩვეულოდ მძლავრი, მზემოკიდებული ხელები ესვენა. ალბათ ესიამოვნა ჩემი მისვლა. წვრილი, ღრმად ჩასმული თვალები სიხარულმა აუციმციმა. მერე ოთახს მოავლო თვალი. სტერილური, უმოძრაო გარემო, სისხლის გადასხმისდა ჟანგბადი მიწოდების აპარატურა, ათასნაირი მილები... როგორ არ უხდებოდა ეს ყველაფერი ბატონი სერგოს სიცოცხლით სავსე, მოუსვენარ ბუნებას!

მაშინვე, ჩვეული არტისტიზმით გააბრიაბურა თავისი ავადმყოფოვა, მასთან დაკავშირებული რამდენიმე კურიოზი მიამბო და ექიმების წინასწარი ინფორმაცია რომ არ მქონოდა, ვიფიქრებდი, მსახიობი „ავადმყოფის“ რომელიღაც ახალ როლზე მუშაობს-მეთქი. მერე გავიგე, რომ მან თავისი საქციელით გვარიანად შეურყია რწმენა იქაურ მედპერსონალ, ისინი ისევ და ისევ გაიცებულნი დასცქეროდნენ კარდიოგრამის ულმობელ ზიგზაგებს... ნუთუ რაღაც შეცდომაა? გულში კი ჭრილობა იყო, მტკივნეული, სისხლიანი ჭრილობა - ზუსტი ხელსაწყოები არ ტყუოდნენ... ბატონი სერგო იღიმებოდა, ოხუნჯობდა, დიდი ყურადღებით ისმენდა ახალ ამბებს, ოცნებობდა თეატრის მომავალზე...

რამდენიმე თვე გავიდა, ბატონმა სერგომ სძლია მძიმე განსაცდელს და ისევ სცენას დაუბრუნდა - თითქოს ავადმყოფობაც მოატყუა და გამოცდილი სპეციალისტებიც. იგი გატაცებით და თავდავიწყებით მუშაობდა. სხვანაირად მას არ შეეძლო. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ მუშაობად უმატა, თითქოს ორი-სამი თვის უძრაობამ და უსაქმობამ ახალი ძალები შემატა, თითქოს, დაკარგული დროის ანაზღაურება ეჩქარებოდა... ამზადებდა თეატრს საზღვარგარეთ გასტროლებისთვის, ამზადებდა ახალ როლებს სცენისა და ეკრანისთვის. ვინ უწყის, რამდენს და როგორ ასწრებდა?! კინოსტუდია და სცენა, საზოგადო მოღვაწეობა და ოჯახი.

მახსოვს, ერთხელ, რუსთაველის გამზირზე, თეატრთან შევხვდი, ქუჩის პირას იდგა - ბრგე და ლამაზი. როგორც ყოველთვის, ეჩქარებოდა, ტროტუარიდან სამანქანე გზაზე ფართოდ გადააბიჯა, ხელი ასწია და... უმალვე შეაჩერა მოძრაობა. თბილისელმა მძღოლებმა ზედიზედ დაამუხრუჭეს მის წინ მანქანები, გააღეს კარები - მობრძანდით, ბატონო სერგო!.. ის უკვე მაშინ დიდი მსახიობი სერგო ზაქარიაძე კი არა - საქვეყნოდ ცნობილი და საყვარელი „ჯარისკაცის მამა“ იყო.

კიდევ მაგონდება - მომღიმარი, მთრთოლვარე, ამაყი სერგო დგას სოფი ლორენის გვერდით კრემლის ყრილობათ სასახლეში, ორივემ მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები მიიღო. როგორი უშუალობით, გულღიად, აღფრთოვანებული შეჰყურებდა სოფი ლორენს. თავად ლამაზსა და ნიჭიერს ბავშვურად აოცებდა და ახარებდა სხვისი სილამაზე და ნიჭი.

იგი დიდი მსახიობი იყო. ფლობდა სახალხო აღიარების უმაღლეს ჯილდოებს. სიცოცხლეშივე დაფასდა მისი ნიჭი და შრომა - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ლენინური პრემიის ლაურეატი... და მაინც, თუ რას წარმოადგენდა სერგო ზაქარიაძე ჩვენთვის, ჩვენი კულტურისთვის, კარგად მაშინ შევიგრძენით, როცა სამუდამოდ დავკარგეთ იგი.

ჩვენ გვიყვარდა და ვაფასებდით, შევეჩვიეთ მისგან მოძღვნილ დღესასწაულებს. გვახარებდა და გვიტაცებდა მისი ხელოვნება, მაგრამ არასოდეს გვიფიქრია, რომ ეს განუმეორებელი ჯადოქრობა წარმავალია, გაქრება მასთან ერთად  და დარჩება სიცარიელე, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ შეავსებს.

სერგო ზაქარიაძე მხოლოდ დიდი ხელოვანი არ ყოფილა, ის ბედნიერი კაცი იყო, მისი გრძნობა და სამყაროს პირადი ხედვა ხალხის გრძნობასა და ხედვას ემთხვეოდა. სერგო ზაქარიაძემ შეძლო ხალხის იდეალებისათვის განუმეორებელი ფორმა და საოცარი სიმართლე მიეცა და მისი უზომო პოპულარობის ბუნებაც სწორედ ამით აიხსნებოდა. იგი ერთდროულად ეროვნული სიამაყეც იყო და ამ სიამაყის უტყუარი გამომსახველიც.

სერგო აღმრთებდა თეატრს. ფანატიკურად ემსახურებოდა მას. ერთხელ, გულისტკივილით მითხრა: „თეატრში რომ მსახიობმა ოტელო ითამაშოს, ხუთი წელი მაინც უნდა იბოდიალოს სცენაზე შანდლით ხელში უსიტყვოდ, მერე ხუთიოდე წელიწადს თითო რეპლიკას უნდა დასჯერდეს და მხოლოდ ათი წლის შემდეგ თუ შეძლებს იგი აღტაცებისა და მოკრძალებისგან გაოგნებული, მიუახლოვდეს დიდ როლს. კინოში კი რეჟისორისა და ოპერატორის დახმარებით იმავე ეფექტს აღწევს პიროვნებამ რომელიც პირველად დგას კამერის წინო.“ უნებურად გამეღიმა - მივხვდი, ეჭვიანობდა კინოზე. შურდა კინემატოგრაფის საოცარი თვისებისა - იოლად გადაედგა ნაბიჯი მომავლისკენ, უცერემონიოდ დაემორჩილებინა რაღაც ახალი გამოსახვითი საშუალებები და რადგან მისთვის, სერგო ზაქარიაძისთვის, მსახიობის ყოველი ჭეშმარიტი წარმატება დაკავშირებული იყო მოწამებრივ შრომასთან, სხვა იოლი გზით მოპოვებული ეფექტი მის მიერ რაღაც უსუფთაო, მკრეხელურ ქმედებად აღიქმებოდა. არ უკამათნია, ისე დამეტანხმა - მეც ასე ვფიქრობო. ამ დროისთვის სერგოს 16 ეკრანული სახე ჰქონდა შექმნილი და, ფაქტიურად, დიდი ხნის პროფესიული კინემატოგრაფისტი გახლდათ, მას ხელეწიფებოდა საქმიანი და სპეციფიური რჩევა მიეცა რეჟისორის, ოპერატორისა თუ გამნათებლისთვის, მაგრამ ძრწოლვით უყურებდა მონტაჟს. იგი ვერაფრით შეგუებოდა იმ აზრს, რომ მის მიერ ხორცშესხმული ეკრანული გმირის ცოცხალი სხეული მაკრატლით შეეძლო თვითნებურად დაესერა მემონტაჟეს, რომ ის, რასაც ამდენი სისხლი ჩააქცია, შეიძლებოდა მისთვის სრულიად მოულოდნელი ან სავსებით უცხო სახით შემობრუნებულიყო. მას ისე ეშინოდა ამ მოულოდნელობისა, რომ ცდილობდა, დასრულებული სახით აღარ ენახა ფილმები. ცხადია, გამონაკლისიც იყო. მან რამდენიმე დაასახელა: რა თქმა უნდა, რეზო ჩხეიძის „ჯარისკაცის მამა“, სიკო დოლიძის ორი ფილმი - „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ და „შეხვედრა წარსულთან“, გია დანელიას „არ იდარდო!“. ამ ფილმებში არ აშინებდა საკუთარი თავის დანახვა ეკრანზე, აქ იგი თავს გრძნობდა ხელოვანად, რომელმაც შეძლო თავისი ჩანაფიქრის სრული რეალიზაცია.

სწორედ ეს როლები იწერებოდა სპეციალურად სერგო ზაქარიაძისთვის. იგი ის ოსტატი იყო, რომელსაც ყოველთვის შეეძლო თავისი როლის ავტორი, მისი განუყოფელი ინტერპრეტატორი გამხდარიყო. მხოლოდ და მხოლოდ ეს აკმაყოფილებდა. სცენაზე უსაზღვროდ და დამაჯერებლად მეუფებდა, ხანდახან სხვებსაც ჩრდილავდა ხოლმე (რას იზამ, ნახევარი ძალით თამაში არ იცოდა). „სწორედ გამიგეთ - ძნელია სცენაზე გამოსვლისას ტემპერამენტის დაოკება. ეს დოღივით არის: ყველა ერთი მიზნისკენ მივისწრაფით, ერთი ფინიშისკენ, მაგრამ როცა წინ გავარდები, ძნელია შეჩერება, ან სვლის შენელება... ისე კი, ალბათ მაინც საჭიროა თავის დაოკება ზოგჯერ...“[1]

ეკრანზე სახის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საკითხებს მის ნაცვლად სხვები წყვეტდნენ. ამას ვერაფრით შეგუებოდა და ყოველთვის იბრძოდა როლის ინტერპრეტაციის პირადი უფლებებისათვის (როლის მხატვრული ხარისხის მიუხედავად). ცხადია, შედეგი სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ მსახიობური დამოუკიდებლობა  - ეკრანული ხასიათების გადაწყვეტისას სიმძაფრისა და არაორდინარობისადმი ლტოლვა  პირველი ნაბიჯებიდანვე შეიმჩნევა. ეს კი მაშინ დაიწყო, როცა კინოგენურობა, ეკრანისთვის ბუნებრივი ვარგისობა უკვე მსახიობის უმაღლეს ნიჭად ითვლებოდა - სხვა ყველაფერი კამერასა და მემონტაჟის მაკრატელზე იყო დამოკიდებული.

სერგო ზაქარიაძე იმ დიდ  თანავარსკვლავედს მიეკუთვნება მიეკუთვნება, რომელიც გრძელი და რთული გზით მიდიოდა აღიარებისკენ. მის გამორჩეულ ნიჭიერებასა და იშვიათ შრომისმოყვარეობას ძალიან დიდხანს არ მიეზღო კუთვნილი, შეიძლება იმიტომაც, რომ მასთან მომუშავე ყველა რეჟისორი აწყდებოდა მისი დაუოკებელი, თავნება ხასიათის მძაფრ სტიქიას, ზღვარდაუდებელ გატაცებებს, ყველა  ქარისთვის გადახსნილ სულს. კოტე მარჯანიშვილი „ათვინიერებდა“ ამ მძიმე ხასიათს, აჩვევდა დისციპლინას, მომთხოვნელობას, ოსტატობის დასაუფლებლად დაჟინებულ სწრაფვას. სწორედ მარჯანიშვილის სკოლაში გამოიწრთო მისი არაადამიანური შრომისმოყვარეობა, მოთმინება და პრინციპულობა, აგრეთვე ყველაფრის საკუთარი ძალებით გაკეთების სურვილი - თვით ააგოს როლი, გადასინჯოს, შეუსწოროს დრამატურგს, თვითონ დადგას.

მისი ხასიათის ეს თავისებურებები გახლდათ მიზეზი მუდმივი კონფლიქტისა, თეატრიდან გაქცევის აუტანელი, იძულებული განცდებისა, მაგრამ სწორედ ამ მიზეზმა განაპირობა ბოლოს და ბოლოს, სერგოს ყველაზე დიდი წარმატებები და მსოფლიო აღიარება.

კინომსახიობის კარიერის დასაწყისში სერგო ჩამოშორდა თეატრს და ხუთი წელი არ დაბრუნებია სცენას. ამ პერიოდში დაიწყო მისი საკონცერტო მოღვაწეობა (მხატვრული კითხვა). სრულ კმაყოფილებას ეს მას არ ანიჭებდა, მაგრამ იქ თავისუფლად მაინც გრძნობდა თავს - თავად იყო თავის პატრონი!

1933 წელს რეჟისორმა სიკო დოლიძემ მიიწვია ფილმზე „უკანასკნელი ჯვაროსნები“. თავდაპირველად მეორეხარისხოვანი როლი შესთავაზეს. ხევსური თორღვაის როლი სახელგანთქმულ მსახიობს, უშანგი ჩხეიძეს უნდა შეესრულებინა. როდესაც ფილმი წარმოებაში ჩაუშვეს, მსახიობი ავად გახდა და უარი თქვა გადაღებაზე. ამასომაში რეჟისორმა ყურადღება მიაქცია ს.ზაქარიაძეს, მის არაორდინარულ მონაცემებს - ათლეტური, ვაჟკაცური აღნაგობა, მჩქეფარე ტემპერამენტი, ცეცხლოვანი გამოხედვა, ხშირი, ხვეული თმა, მკვეთრად ჩამოქნილი პროფილი - შესაძლოა, ხმელი სახისთვის ცოტა მოგრძო ცხვირი, მაგრამ სამაგიეროდ, როგორი მომხიბლავი ღიმილი ჰქონდა! და მთავარი როლი შესთავაზა. სერგოს საქციელი წაუხდა. მას ვერ წარმოედგინა თავი ჰეროიკულ როლში - თეატრში უკვე დამკვიდრებოდა სახასიათო გმირის შემსრულებლის სახელი  (ტიბული - „სამ ბღენძში“, ანდრეა - „ჩენჩში“...), მაგრამ სინჯებმა აჩვენა: ხევსურული ტალავარი უხდებოდა და ბუნებრივად, უბრალოდ ეჭირა თავი კამერის წინ! ვერ დაიჯერებდი, რომ ეს მისი პირველი როლი იყო კინოში (ცხადია, კოტე მარჯანიშვილის „კომუნარის ჩიბუხის“ მასიურ სცენებში მონაწილეობა არ ჩაითვლებოდა).

ორმოცი წლის შემდეგ ფილმი ქართული კინოს ისტორიად იქცა. მის ერთ-ერთ ეტაპად. დრომ სიუჟეტის საფუძვლად დადებული სქემა გააშიშვლა. დღესდღეობით, როდესაც თემის აქტუალობა და ცხოვრებისეული მაშინდელი საჭირბოროტო პრობლემები მოიხსნა, სიუჟეტი მოძველებულად, გულუბრყვილოდ გამოიყურება. ფილმი მაინც ინტერესს იწვევს. კვლავ ცოცხლობს ფილმში რაღაც, იგრძნობა ცხელი, შეუწყვეტელი მაჯისცემა, რომელიც თანამედროვე მაყურებელთან აკავშირებს მას და ამის მიზეზი ფილმის მთავარი როლების შემსრულებლები - ციცია (ნატო ვაჩნაძე) და თორღვაი (სერგო ზაქარიაძე) არიან.

თორღვაი იმიტომ აღმოჩნდა საინტერესო, რომ მსახიობმა შესძლო შეეგრძნო პერსპექტივა, მომავლისკენ იმ სწრაფვის დასაწყისი, რაც თავდაპირველად მორიდებითა და ყოყმანით გაისმა ფილმში, ფინალში კი ცრუმორწმუნეობისა და სისხლის აღების რიტუალებში ჩაფლულ ხევსურთა განთავისუფლების პოეტურ სიმბოლოდ იქცა. ფაქტიურად, ის, რაც ჩვენამდე ვერ მოიტანა სიუჟეტმა, ცოცხლობს მთავარი გმირის ხასიათში.

„სწორედ ს. ზაქარიაძის წყალობით ახმიანდა სრულად „უკანასკნელ ჯვაროსნებში“ მთიელი კაცის ფსიქოლოგიის გარდაქმნის თემა“, - წერს სიკო დოლიძე. [2]

თორღვაის როლი საეტაპო აღმოჩნდა სერგოს შემოქმედებისთვისაც. ეს იყო არა მარტო პირველი მთავარი როლი, არამედ ხასიათის სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევის პირველი ცდაც. აქ მსახიობმა პირველად გამოიყენა ეროვნული თავისებურებანი მის ისტორიულ და სოციალურ კონკრეტულობაში, რათა ეჩვენებინა, როგორ გარდატყდება მასში ზოგადსაკაცობრიო თვისებები, როგორ ირეკლება ეპოქის არსი. ეს სვლა მცირედიდან დიდამდე, მასშტაბების გამსხვილების ეს საშუალება სერგოს შემოქმედებითი ნატურისთვის შემდგომში პრინციპულ ღერძად იქცა და რაც უფრო ოსტატდებოდა, სულ უფრო მდიდრდებოდა მისი გამოცდილების საგანძური, მით უფრო შორს იშლებოდა მის მიერ შექმნილ ხასიათთა ჰორიზონტი. კიდევ ერთი თავისებურება: სერგო ზაქარიაძის თორღვაი ტიპიური ხევსურია...

ორი წლის შემდეგ მსახიობი თამაშობს სიმონას როლს სიკო დოლიძის ფილმში „დარიკო“ და ყველა აღნიშნავდა, რომ მის მიერ შესრულებული სიმონა ტიპიური გურული იყო. სერგო არაჩვეულებრივად ზუსტად იჭერს განსხვავებას პლასტიკაში, რიტმში, მოძრაობაში, სიარულში, ტემპერამენტში, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა საუბრის მელოდიკაში. მისი სიმონა  სრულებით არ გავს თორღვაის - დინჯს, თავშეკავებულს. იგი თითქოს ცეკვა-ცეკვით დადის, ონავრული გზნებით უბრწყინავს თვალები, სწრაფად მოძრაობს.

კინოში პირველი ორი როლის წარმატება სერგოს სცენური ბიოგრაფიის საპასუხისმგებლო მომენტს დაემთხვა. იგი შეიყვანეს სპექტაკლში „ურიელ აკოსტა“ - კოტე მარჯანიშვილის რეჟისორული შედევრი) და ეს სამი როლი - თორღვაი, სიმონა, ურიელი - მომავალში დაუკავშირდება მის მიერ 60-იან წლებში შექმნილ ბრწყინვალე სახეები (თეატრში ესაა აგაბო - „როცა ურემი გადაბრუნდება“, მინაგო - „ადამიანი იბადება ერთხელ“, კინოში - გიორგი მახარაშვილი - „ჯარისკაცის მამა“, ფოსტალიონი გიორგი - „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, ლევანი - „არ იდარდო!“). მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ ერთი მხარეა სერგოს ნიჭიერებისა, მისი ერთი არსებითი მხარე. მეორე მისი სახე ალმასხანია ფილმიდან „შეხვედრა წარსულთან“, დესპოტური, ძლიერი, არაჩვეულებრივი პიროვნება, უზარმაზარი ნებისყოფით რომ იკავებს გაცოფებულ გულისწყრომასა და სიძულვილს იმ ადამიანების მიმართ, ვინც სუსტია, ვისაც სხვაგვარად ცხოვრება სურს. ალმასხანსაც მოეძებნება ცხადია, თავისი წინამორბედი -  ნ.შენგელაიას „სამშობლოში“, შადიმან ბარათაშვილი, მ.ჭიაურელის „გიორგი სააკაძეში“, სცენაზე - თინიბეგ უთურგაული მ.მრევლიშვილის „ზვავში“, ბაყ-ბაყ დევი გ.ნახუცრიშვილის ბოროტების განუმეორებელ გროტესკულ პაროდიაში „ჭინჭრაქა“.

ერთნაირი დამაჯერებლობითა და გზნებით ითამაშო კეთილი და ბოროტი, მოხუცი და ახალგაზრდა, ალალ-მართალი და ცრუ, ვერაგი და ერთგული - განა ეს არ არის მსახიობური ოსტატობის უმაღლესი საფეხური? თითქოსდა, მსახიობში ერთდროულად რამდენიმე კაცი ცხოვრობს, ისინი თავისუფლად და უბრალოდ ენაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს სიმსუბუქე მოჩვენებითია და ვინ იცის, რა შრომა უძღვის ამგვარ გარდასახვას, როგორ იხვეწება და მომავლისთვის გადაინახება ხასიათის თითოეული ხვეული, რეჟისორისთვისაც კი უცნობი რაღაც ახალი კოდი, როგორ ჩამოიქნებიან, ჩამოყალიბდებიან სახის იდეად უკვე შერჩეული დეტალები, ელემენტები. დიაღ, ეს ჭეშმარიტად საიუველირო სამუშაოა - უფაქიზესი ქსოვა - და, რა თქმა უნდა, ეფექტი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მასალა აქვს ხელთ მსახიობს. საწუხაროდ, სერგოს არ გააჩდა მისი ნიჭის დონის დრამატურგია.

ნიკოლოზ შენგელაიას ფილმი „სამშობლო“, გიორგი მდივნის პიესის, „პატიოსნების“ მიხედვით  იქნა გადაღებული 1938 წელს. საბჭოთა ხელისუფლების მტრის, მეტყევე სარდიონის როლს, რომელიც ს.ზაქარიაძემ შეასრულა, მსახიობისთვის მაცდუნებელი მასშტაბურობა გააჩნდა და სერგომ მაშინვე იგრძნო ეს. მას არ შეშინებია ხაზი გაესვა თავისი  გმირის არაჩვეულებრივობისთვის, არ შეშინებია წარმოსახა იგი სასიამოვნო გარეგნობის პიროვნებად. ჭაღარაშერთული წვერი ერწყმის ფუმფულა ულვაშებს, ხშირი წარბების ქვეშ პირდაპირი და გულღია მზერაა.

დამაჯერებლად თამაშობს მსახიობი სარდიონის მოჩვენებით, მოგონილ ცხოვრებას, ს. ზაქარიაძე არ ცდილობს ეჭვი შეიტანოს მასში[A1] . იმას, რაც დრამატურგიით არ არის მოცემული, მსახიობი სხვა საშუალებებით აკეთებს. იგი არ მიედ-მოედება, არ თამაშობს თავისი  გმირის ყალბ განცდებს. მაგრამ ყოველთვის რაღაც გრძნობების მოჭარბებას იძლევა, თითქოს მასში მოულოდნელად წყდებოდეს უზარმაზარი შინაგანი დაძაბულობა. ყოველივე ამან მოამზადა ფილმის ფინალური ეპიზოდი, როდესაც თანასოფლელთა მიერ შეკრული წრის ცენტრში მოქცეული მხილებული სარდიონი ბოროტ, ზიზღიან მზერას მოავლებს მათ და მთელი მისი მძლავრი ფიგურა, ფართო მკერდი და მხრები ცოფმორეული სიშმაგით ივსება, სერგომ ეს მუნჯი სცენა ორმაგი აზრის დატვირთვით ითამაშა. სარდიონის არაადამიანურ ზიზღში იგრძნობოდა განთავისუფლების სიხარული, რთული, მრავალწლიანი მოჩვენებითი ცხოვრებისგან თავდახსნით გამოწვეული შვება. ეს კი იმ წლებში ხდებოდა, როდესაც კლასობრივ მტერს, როგორც წესი, შეზღუდულ, ჩამორჩენილ, უსუსურ პიროვნებად განასახიერებდნენ. მისი სხვაგვარად ჩვენება დიდ ცოდვად ითვლებოდა!

კიდევ ერთი ფილმი და კვლავ სტერეოტიპთან დაპირისპირების ცდა: სიკო დოლიძის „მეგობრობა“. ფილმის სიუჟეტი აგებულია უკრაინელ და ქართველ კოლმეურნეთა ურთიერთობის ფაქტზე. სერგომ კოლმეურნეობის ბრიგადირის, ვარდენის როლი შეასრულა. ფილმი შექმნილი იყო უკონფლიქტობის სქემის კანონებით და ამიტომ მის სიუჟეტურ პერიპეტიებს საფუძვლად ყურით მოთრეული „გაუგებრობები“ დაედო. არც თავქარიანი, თავზეხელაღებული ვარდენის ხასიათს, არც საყვარელი გოგონას გავლენით მომხდარ გარდაქმნას არ გააჩნია არავითარი სერიოზული და ლოგიკური დასაბუთება, მაგრამ სერგო მისთვის დამახასიათებელი გზნებით გადაეშვა ხასიათის კომედიურ სტიქიაში და ეს შრომაც, თუმც ნამცეც-ნამცეც, მაგრამ მაინც შევიდა მის აქტივში.

ამრიგად, ყოველი ამგვარი როლი მხოლოდ ძალების გამოცდა, ნიჭიერად შესრულებული ეტიუდი გახლდათ და რადგან სისხლსავსე, მთლიანი ხასიათის შექმნილს შესაძლებლობა არ იყო, მსახიობი მიზნად ისახავდა კონკრეტულ ამოცანას. იგი ცდილობდა, თავის პერსონაჟში მოეძია თუნდაც ერთი საინტერესო შტრიხი, დაემუშავებინა შტამპის გარეშე, სხვანაირად, ახლებურად - ცხოვლად და მხოლოდ თავისებურად. იმ სიტუაციაში, როცა ხასიათის სიღრმეზე ოცნებაც კი ძნელი იყო, იგი ქმნიდა როლის მძაფრ მონახაზს. ასე იზრდებოდა ხელოვანი ჩვენი კინოს კრიზისის მეტად არახელსაყრელ პერიოდში. პატარ-პატარა მიგნებების მარაგი მას 1942 წელს გამოადგა, როცა შადიმან ბარათაშვილის როლი მიიღო მიხეილ ჭიაურელი ფილმში „გიორგი სააკაძე“. ჭკვიანი, პატივმოყვარე, დაუნდობელი და ღვარძლიანი ქართველი დიდებული, ზაქარიაძის შესრულებით დიდი მასშტაბური სახეა. თავი იჩინა როლის გამსხვილების მსახიობურმა სწრაფვამ. წვრილმანი ვნებებით დატვირთული უნიშვნელო კაცუნები და ინტრიგები მისი აქტიორული „მზერის“ მიღმა რჩებიან. მისი შადიმანი უზომოდ პატივმოყვარეა, ძალაუფლების ტრფიალი, დესპოტი და შურიანია. საზღვარი არა აქვს მის სულში გამეფებულ ბობოქარ ვნებებს. საჭიროებისამებრ იგი შემპარავია, ალერსიანი, პირმოთნე და უმოწყალო მზაკვარი. მსახიობი გვთავაზობს ამ ბოროტი სტიქიის გრძნობათა და მოქმედებათა ამსახველ არაჩვეულებრივად მრავალფეროვან პალიტრას. სერგო სწორედ სტიქიას თამაშობს, სტიქიას, რომელიც ყველა საშუალებით მიისწრაფვის თვითდამტკიცებისკენ, ამაღლებისკენ.

ზუსტია და ინტენსიური ამ ეკრანული სახის პლასტიკა. კატის რბილი ნაბიჯებით მძლავრი, ნავარჯიშები სხეული, ერთნაირად მოქნილი ომსა თუ ჯირითში და მლიქვნელური ქედის მოხრის დროსაც, გაფრენილი ხშირი შეჭაღარავებული წარბები, ბოროტი აზროვნების დაძაბულ პროცესზე მიგვანიშნებენ. არწივისებური კეხიანი ცხვირი, მკვეთრი, გამჭოლი მზერა და დამცინავი ღიმილი მის დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობასა და შემზარავ ამპარტავნობას გამოსახავენ.

შადიმანი - მომწიფებული ოსტატის ფილიგრანული ნამუშევარია. იგი როლის ფაქიზ ფსიქოლოგიურ და პლასტიკურ ნახაზს გვთავზობს, ამიერიდან ს.ზაქარიაძის მიერ ნათამაშევი ყოველი ეკრანული როლი გამოირჩევა ზუსტად ჩამოძერწილი, მართალი და მკვეთრი ფორმით. ყოველი ახალი როლი ვითარდება თავისი განსაკუთრებული პლასტიკური, რიტმული და სასაუბრო ხაზით. შესაძლოა, ამ თვისებათა გამო მიიწვია რეჟისორმა ი.პეტროვმა იგი „კუტუზოვში“ ბაგრატიონის როლზე. მოცულობით პატარა, ეპიზოდურ როლს უნდა გადმოეცა ამ ისტორიული პიროვნების ტემპერამენტი და მონუმენტურობა. ს.ზაქარიაძემ შეძლო რამდენიმე მეტყველი შტრიხით გასაოცარი ეფექტისათვის მიეღწია. ბოროდინოს ეპიზოდში, როდესაც მთელი სისწრაფით მოძრავი ძლევამოსილი ბაგრატიონი თან გაიყოლებს ჯარს, ს.ზაქარიაძემ მსხვილ პლანებში იმგვარი სიხარული, მხედრული აზარტი, გამარჯვებით ტკბობა და გრძნობათა ისეთი აღმაფრენა გვიჩვენა, რომ მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრა გამოჩენილი მხედართმთავრის სახე.

სერგოს მოუსვენარი ბუნება, უნარი - მოძრაობაში აღიქვას ცხოვრება, ჯარასავით იტრიალოს მის შუაგულში, მუდამ ბადებს სურვილს - კი არ ითამაშოს როლი, არამედ შექმნას იგი. განსაკუთრებული შემოქმედებითი სიხარულით სერგო თანამედროვეთა როლებს ეწაფება. მძაფრად გრძნობს აქტიურ, დღევანდელი ადამიანის პრობლემებს და ხასიათს. მისი მსახიობური ბეღელი ამ დროისთვის უკვე სავსეა მახვილი და ზუსტი დაკვირვებებით, მიგნებითა და ჩანაფიქრებით. სერგო ზაქარიაძე მოუთმენლად ელის თავის საათს, ელის დრამატურგს, რომელიც დაეხმარება ეს დაკვირვებები ხასიათი რთულ სტრუქტურად ჩამოაყალიბოს. თეატრში პირველ ასეთ დრამატურგად რეზო თაბუკაშვილი მოევლინა. სერგომ მთავარი როლი შეასრულა მის პიესაში „რაიკომის მდივანი“.

კინოში პირველი „სათავისო როლი“ გახდა მოხუცი ფოსტალიონი გიორგი, სიკო დოლიძის ფილმში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“. როგორღაც ერთ-ერთი თათბირის დროს, გვერდით მჯდომმა რეჟისორმა აზრი გაუზიარა. სერგო მაშინვე აენთო და იქვე დაიწყო ჩანაფიქრის განხილვა, თავისი წინადადებები წამოაყენა. მაშინ, ამ თათბირიდან, დაიწყო სერგოსთვის ფოსტალიონის ხასიათზე მუშაობა.

„ორი თვის შემდეგ ლ.აგრანოვიჩთან ერთად დავწერე სცენარი, - იხსენებს ს.დოლიძე. - მსახიობი კი მისთვის ჩვეული კეთილსინდისიერებით მთელი ამ ხნის განმავლობაში ემზადებოდა გადაღებისთვის. ს.ზაქარიაძეს ყველაფერი აინტერესებდა, რაც კი რამ იყო ფოსტალიონის პროფესიასთან დაკავშირებული. ეჩვოდა კოსტუმს, ამუშავებდა მიხვრა-მოხვრას. მაშინვე ჩაიცვა ფოსტალიონის ფორმა და გადაღებების დამთავრებამდე იმით დადიოდა: მალე ისე გაუცვდა კოსტუმი, რომ ფოსტალიონები თავისიანად თვლიდნენ...“ სამწუხაროდ, ფილმში ყველაფერი არ იყო დამოკიდებული მსახიობის სკრუპულოზურ კეთილსინდისიერებასა და ნიჭზე. სცენარი დეკლარაციულობით სცოდავდა. მაღალფარდოვანი სიტყვები, გაცვეთილი ჭეშმარიტებანი მოხუც ფოსტალიონსაც უნდა წარმოეთქვა, ეს კი არღვევდა სახის მხატვრულ აგებულებას. სერგო ც  დილობდა ეთამაშა მოკრძალებული, დაბრძენებული, კეთილი მოხუცი, ცოტა ირონიული, მაგრამ უჩვეულოდ გულიანი, ხალხთან საერთო ენის ადვილად მომნახავი ადამიანი, რომელიც სწორედ ამაში პოულობს არსებობის აზრს და თავის ადგილს ცხოვრებაში. კრიტიკამ აღნიშნა, რომ ს.ზაქარიაძის სიმართლეს, მის მსახიობურ მომხიბვლელობას ყოველმხრივ აუფერულებს სცენარის სისუსტე. ს. ზაქარიაძის თამაშის წყალობით იქმნება სურათის ცენტრალური მხატვრული მხარე: „ცხოვრეა წინ მიდის და ვითარდება, მისი სვლა გარდუვალია, ნაბიჯი მტკიცე, არსება კი - კეთილი, გულისხმიერი, ნათელი; ყველასადმი კეთილგანწყობილი მოხუცი იქნება იგი თუ ახალგაზრდა, გამორჩეული თუ ჩვეულებრივი... მოხუცმა ფოსტალიონმა ადამიანთა ნდობა დაიმსახურა და მიბაძვის სურვილი გაუღვიძა მათ. ამით დიდი საქმე გააკეთა. დაარწმუნა მაყურებელი, რომ სიკეთე სიკეთიდან იღებს სათავეს, რომ სიკეთე აბსტრაქტული კი არა, ცხოვრებისეული, სოციალური კატეგორიაა“...[3]

გარკვეულ სირთულეებთან და წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული სერგოს მუშაობა მოხუცის სახეზე რეზო ჩხეიძის ფილმში „ზღვის ბილიკი“.

ფილმის თემა (უფროსი თაობა უმცროსს გადასცემს ცხოვრებისეულ ესტაფეტას - ესაა  ცხოვრების არსი), მისი გართულებული სტილისტური სტრუქტურის მიუხედავად, გადმოცემული იყო საკმაო პირდაპირობით. გაჭიანურებული კადრები, მონტაჟური სიჭარბენი შლიდა მსახიობის მიერ გულმოდგინედ დახვეწილი ხასიათის კონსტრუქციას. ს.ზაქარიაძე მთელი არსებით იბრძოდა, მისთვის ძვირფასი და ახლობელი იყო ამ ხასიათის იდეა - იდეა მებრძოლი ადამიანისა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეუპოვრობისა (თვითონაც ხომ ასეთი იყო). ამიტომ მთელი გატაცებით მუშაობდა, როგორც ყოველთვის, უდუბლიოროდ, ხანგრძლივად უხდებოდა შემოდგომის ცივ ზღვაში ცურვა. წარუმატებლობის აღიარება მწარე იყო, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია - სერგო გაეცნო და დაუახლოვდა საინტერესო, ახალგაზრდა რეჟისორს, მასავით თავდაუზოგავ, უკომპრომისო მშრომელს, მასავით მაქსიმალისტს. რეზო ჩხეიძის შემოქმედებით პიროვნებაში, მის ხასიათსა და ტემპერამენტში ბევრი რამ იყო ახლობელი, გასაგები, ნათესაური. სერგო მას მამასავით და, ამავ დროს მეგობარივით ეპყრობოდა - ალერსით, მფარველობითა და პატივისცემით. ამ ადამიანურმა და შემოქმედებითმა მეგობრობამ წარმოშვა ორიოდე წლის შედეგ ქართული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები, აქტიორული ოსტატობის მწვერვალი ფილმი „ჯარისკაცის მამა“ და სერგო ზაქარიაძის გიორგი მახარაშვილი.

შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მახარაშვილის როლში თავი მოიყარა ყველაფერმა,  რაც მსახიობს დაკვირვებულად უგროვებია თავისი დაუცხრომელი შემოქმედებითი და უბრალოდ, ადამიანური ცხოვრების ნახევარი საუკუნე. „გიორგი მახარაშვილის ხასიათს საფუძვლად უპირველეს ყოვლისა, უბრალო ქართველი გლეხის სულიერი სამყარო უძევს, რომელსაც მთელი ცხოვრება ვადევნებ თვალყურს და ვსწავლობ. არ ვაჭარბებ -  მთელი ცხოვრება. ამბობენ, ჩემს გმირში ხალხური ხასიათის ბევრი ზუსტი თვისებაა მონახულიო. თუ ეს ასეა, მაშინ უნდა ვთქვა, რომ ათი ათასი ზუსტი დაკვირვება უნდა გამეფილტრა, ეკრანზე ორმოცდაათი რომ მოხვედრილიყო. ამისთვის კი, ამ რაოდენობის დაკვირვების შესაგროვებლად, სულ ცოტა, ოცი წელი მაინცაა საჭირო“,[4] - იგონებდა მსახიობი.

როლი ნათამაშევია მსუბუქად და უბრალოდ. ის ზუსტი აქტიორული გამოთვლებით არის კონსტრუირებული - სწორედ კონსტრუირებული, სხვა სიტყვას ვერ შევარჩევ. ზუსტი გამოთვლა უმაღლესი მათემატიკაა... (სერგოს მოსწონდა ეს მეტაფორა - აქტიორული ხელოვნების უმაღლესი მათემატიკა).

ხასიათის კონსტრუირება უდრის რთული განტოლების ამოხსნას, სადაც ერთი მცდარად დასმული ნიშანი მცდარ შედეგს მოგვცემს, - ამბობდა იგი. ამგვარი გადაწყვეტილებით მსახიობი თავს სდებდა ჭეშმარიტად მათემატიკურ სიზუსტეზე. იგი რთული ტრაპეციის მწვერვალზე დგას ეკვილიბრისტივით, ერთი არაზუსტი მოძრაობა და მთელი კონსტრუქცია დაიფუშება. ირაკლი ანდრონიკოვმა, თითქოს იცოდაო ეს მ.ათემხმატიკური სამზარეულო, მსახიობს უთხრა, მხოლოდ თქვენ შეგწევდათ ძალა გაგემართლებინათ ეს არსებული მდგომარეობა, კიბერნეტიკული სიზუსტით გადაგეყვანათ თქვენი გმირი ეპოქის ორბიტაზე!

გულდასმით იყო მოფიქრებული გმირის გარეგნობა - აღნაგობა, სახე, პლასტიკა, მოძრაობათა რიტმი, მიხრა-მოხრა (სერგო ყოველთვის აგნებდა საჭირო გრიმს, საათობით უჯდა სარკეს). აქ ეხმარებოდა მას ბუნებრივი დაკვირვებულობა, რომელიც მჭიდროდ იყო ნ - შერწყმული ორგანულ თვისებასთან - თითოეულ შტრიხსა და წვრილმანში სახის იდეიდან ამოსულიყო.

გიორგი ტიპიური კახელი გლეხია, მევენახე. სერგო თავისი გმირის გარეგნობის ძიებისას ეყრდნობა მის სოციალურ და ეროვნულ თავისებურებებს. ს.ზაქარიაძის გიორგი მხარბეჭიანია და მოხრილი, ერთი შეხედვით მოუხეშავი. ფართო ნაბიჯებით დადის და ეს სიარული თითქოს ხაზს უსვამს გლეხი კაცის მიწასთან სიახლოვეს, მასთან იმედიან და მყარ კავშირს. შუბლზე ჩამოყრილი ხშირი თმა, წვრილად ჩასმული, გონიერი თვალები, მზერა ხან ალერსიანი, ხანაც - მრისხანე. ხშირი, ვერცხლისფერი ჯაგარი ლოყებსა და ნიკაპს უფარავს. დიდრონი, წინწამოწეული ყურები სახეს გულუბრყვილო უბრალოების ელფერს აძლევენ. სერგომ ეს პორტრეტი გროტესკთან მიახლოებული თამამი, მსუყე ფერებით გამოძერწა.

ენის ცუდად მცოდნე გიორგი, იძულებულია რუსულად ალაპარაკდეს. და, აი, მსახიობი ქმნის თავისებურ მეტყველებას, რომელიც უჩვეულო ემოციურობითა და სიზუსტით გადმოგვცემს მისი გმირის მდგომარეობასა და გრძნობების ურთულეს გამას. „ჩემს თავს ენის ცოდნა წავართვი, - ამბობს მსახიობი. - ფიქრი კი დავიტოვე. წარმოუდგენელი გადატვირთვის გზით ვცდილობდი ის გამომესახა, რისი გამოთქმის სურვილიც მქონდა. ასე გახდა მეტყველება განსაკუთრებულად ემოციური...“ [5] ცხადია, ეს უცებ არ მოსულა. ტექსტი დგინდებოდა ჯერ სცენარისტ სულიკო ჟღენტთან, შემდეგ რეზო ჩხეიძესთან რეპეტიციებზე და უკვე კამერის წინაც მსახიობი დაბეჯითებით ეძებდა მეტყველების ახალ-ახალ საღებავებს. «Мой отец воевал»   «и его отец воевал, и его, его, его, его отец воевал»...

ენა რომ სცოდნოდა, უბრალოდ ეტყოდა: „ჩემი წინაპრები ჯარისკაცები იყვნენო“, მაგრამ რაც უნდა საოცრად გვეჩვენოს, მეტყველების არასწორი ფორმის გამოყენებით სახე, თითქოს, გამსხვილდა, აზრი უფრო გამომახველი გახდა. გამოიკვეთა არა მხოლოდ  სახე, არამედ წარსული მიწისა, სადაც ერთნაირი სიმარჯვით ხმარობდნენ სახნისსაც და მახვილსაც.

გიორგი გლეხურად, კახურად დინჯია, იოლად არ ამჩატდება. ძალიან უჭირს თავი ანებოს მიჩვეულს, შეგუებულს - მშობლიურ სახლს, მშვიდობიან ცხოვრებას.

შესანიშნავია სოფლიდან გამგზავრების სცენა. მანქანის ძარაზე ზის გიორგი მძიმედ ჩაფიქრებული, ყურადღებას არ აქცევს ცოლის დარიგებებს. შემდეგ უცებ ასწევს თავს და თითქოს ერთი მოძრაობით, შიგნით, სულის შემბოჭავი თოკები გაგლიჯაო, დაიძახებს: - „მივდივარ და მივდივარ!“...

ახალგაზრდა მებრძოლის, არკადის რჩევით, გიორგი აკრძალულ ზონას გადალახავს, შეახტება საბარგო მატარებელს და მოულოდნელად ფრონტის ხაზზე აღმოჩნდება.

«Езжай... Езжай... Езжай... Куда езжай... зачем езжай! – говорил, не надо – на самый, на самый фронт?» - ებუზღუნება იგი ახალგაზრდა ჯარისკაცს.

სახის ყველა კომპონენტში - გარეგნობაში, მეტყველებასა თუ პლასტიკაში სერგო ხაზს უსვამს ტავისი გმირის ძირითად თვისებას - სიდინჯეს და საფუძვლიანობას. ამიტომ გვეჩვენება განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად ყველა მისი ზნეობრივი რეაქცია გარე სამყაროს მოვლენებზე. მძაფრ ზნეობრივ გრძნობასთან შეთანხმებული სიდინჯე და უბრალოება, რაც მოხუც მევენახეს მისთვის უჩვეულო საქციელისკენ უბიძგებს, ქმნის იმ განუმეორებელ პათოსს, რომელიც მის ხასიათს დაუვიწყარს ხდის. ცეცხლმოკიდებული ყანის სცენაში, სადაც ახალგაზრდა მეომარი იღუპება, სერგო აღწევს საოცარ ეფექტს, რომლის მსგავსი ძნელად მოინახება თანამედროვე კინოში. ეს „გადასვლა“ მოდის გიორგის არსებიდან, ხასიათიდან და ზუსტად მუშაობს ნაწარმოების იდეისთვის.

- Хлеб, хлеб горит... Хлеб горит!...

შეძრწუნებული ყვირის მოხუცი და ქურთუკით ცდილობს ცეცხლმოკიდებული ყანის ჩაქრობას. რა შეუსაბამოდ და გულუბრყვილოდ ჟღერს საარტილერიო ცეცხლის ხმაურში წამოძახებული მისი სიტყვები, რა უმწეოა და გულის ამაჩუყებელი თავისი უსარგებლო თავგანწირვით გიორგი ამ დროს. იგი წვალობს, ცდილობს გაერკვეს უჩვეულო ვითარებაში... სწორედ ამ დროს შენიშნავს  გადატრუსულ მიწაზე დაცემულ ჭაბუკ მეგობარს, რომელთანაც გაჭირვებამ დაახლოვა. სასაცილო დაბნეულობა მყისვე ქრება. უბრალოდ, აუჩქარებლად და ალალად ასრულებს შურისძიების აქტს - უიარაღოდ მიიწევს მტერზე. ასე მიიწევდნენ მტერზე მისი წინაპრები - დაჯერებულად, შეუპოვრად! ფაშისტი დაბნეული იხევს უკან ამ ბუნებრივი და თავზარდამცემი მრისხანების წინაშე, მისი ძალაგამოცლილი ხელები კიდევ ერთხელ ჩაეჭიდება ავტომატს, მაგრამ გიორგის ძლიერი მუშტი მოცელილივით აგდებს მიწაზე.

თავის სამართლიან მრისხანებაში მკაცრი, დიდებული და მჭმუნვარე სერგო-გიორგი-ჯარისკაცი ამ წუთიდან ფილმის დომინანტად გვევლინება.

ჩვენი ქვეყნის და უცხო ქვეყნის მაყურებელი მას „ჯარისკაცის მამას“, გიორგი მახარაშვილს ეძახდნენ. ალბათ სერგოსი და ფილმის ავტორების ყველაზე დიდი გამარჯვება ის იყო, რომ თავისი ხალხის სულისა და ხასიათის განსახიერებისას ეს გმირი ახლობელი აღმოჩნდა პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მაყურებლისთვის. ხალხმა სერგო მის მიერ შექმნილ გმირის სახეს გაუტოლა. სერგო იგონებდა საქართველოს სასაზღვრო რაიონის ამომრჩევლებთან მოწყობილ ერთ გულთბილ შეხვედრას: „შეხვედრაზე გამოსულნი ხშირად ივიწყებდნენ ჩემს გვარს და გიორგი მახარაშვილს მიწოდებდნენ, ასე, რომ კრების თავმჯდომარე იძულებული იყო, ხშირად გაესწორებინა: - ამხანაგებო, ეს ხომ ჩვენი დეპუტატია, მსახიობი სერგო ზაქარიაძე“.

„ყველგან, სადაც კი ჩვენს ფილმს უჩვენებდნენ - უნგრეთში იქნებოდა, საბერძნეთში, იაპონიასა თუ სხვა ქვეყნებში, მაყურებელი და სპეციალისტები გიორგი მახარაშვილში ხედავდნენ საკუთარ ხალხს, გიმტკიცებდნენ, რომ ასეთი შესანიშნავი მოხუცები მათაც ჰყავდათ. ეს ერთხელ კიდევ გვიმტკიცებს, რამდენად ზოგადადამიანური თვისებები აქვს მოხუცი ქართველი გლეხის სახეს, რამდენად ახლობელია სხვადასხვა ქვეყნის ხალხისთვის, მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების იდეა.“[6]

„ისევე, როგორც ვერავინ უარყოფს კოსმოსის ათვისების შესანიშნავობასა და საოცრებას, უეჭველია თქვენი ნამუშევრის უმაღლესი ღირსება. ხელოვნების სფეროში ეს იმდენად იშვიათია, რომ შეიძლება ითქვას, არასოდეს არ ხდება... - წერდა მსახიობს ირაკლი ანდრონიკოვი, - ბრწყინვალეა, კოლოსალურია! ეს... არ ვიცი, რა დავარქვა!... ქართული კულტურის შესანიშნავ წარმომადგენელთა ღვაწლს თქვენ შემატეთ კიდევ ერთი ქმნილება, რომლის ტირაჟმა და დიდებამ ლამის გადააჭარბოს ყველაფერს, ადრე არსებულს...[7]

სერგო ზაქარიაძის ტალანტს ერთი შესანიშნავი თვისება გააჩნდა - მუდმივი, განუწყვეტელი სრულყოფის, განახლების უნარი. თუ კი შემოთავაზებულ როლში  ახლებურად, უკვე ნათამაშებ სახეებთან დრამატურგიულ და იდეურ მსგავსებას შეამჩნევდა, ან უარს ამბობდა სამუშაოზე, ან ცდილობდა ახლებურად, სულ სხვაგვარად ეთამაშა იგი.

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ბედი განსაკუთრებით თეატრში სწყალობდა. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქაში“ ბაყ-ბაყ-დევის თამაშის შემდეგ მან შექსპირის ლირი ითამაშა, შემდეგ კრეონტი ჟ.ანუის „ანტიგონეში“ და ბეკინა - დ.კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალში“. რა დიაპაზონი, გრძნობათა რა გაქანებაა! მას უკვე ყველაფერი შეეძლო, ფლობდა უმნიშვნელოვანეს ჟანრებს - ტრაგედიიდან გროტესკამდე და კლოუნადამდე.

კინოში იგი თანამიმდევრულად ამუშავებდა იმ თემებს, რომელიც ადრევე ჰქონდა გათვალისწინებული, მაგრამ დრამატურგიული უკმარისობის გამო მთელი ძალით არ იქნა ნათამაშევი. სიკო დოლიძის ფილმში, „შეხვედრა წარსულთან“, სერგო მიიზიდა შესაძლებლობამ, შეექმნა კოლორიტული, ჭკვიანი, უდიდესი შინაგანი ენერგიის მქონე პიროვნების სახე, რომელსაც ქვეტექსტად ორმაგი ექსპოზიციის ხასიათი ექნებოდა.

საბჭოთა მთავრობის დაუნდობელი მტერი, კულაკი ალმასხანი, რთული, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. საღად განსჯის შემდეგ, მან უდიდესი ნებისყოფით თითქოს, ჩაიკლა გულში ბრაზი და სიძულვილი ახალი წყობის მიმართ. ჩაიქრო ზიზღი და ირონია ღატაკი გლეხების მიმართ, რომელთა ინტერესებს ახლა სახელმწიფო და კანონი იცავდა მთელი თავისი ძლევამოსილებით. ზამბარასავით შეიკუმშა, მოისაწყლა თავი და ოჯახში რძლად ბანდიტების მიერ მოკლული ბოლშევიკის ქალიშვილი მოიყვანა - იქნებ, ამით განკულაკებას და ხალხი რისხვას დავაღწიო თავიო.

როლი სერგოს აქტიორულ შესაძლებლობათა გათვლით იწერებოდა, და, როგორც ყოველთვის, მსახიობმა იგი უფრო მსხვილი პლანით წარმოგვიდგინა, ვიდრე ავტორები ვარაუდობდნენ თავდაპირველად. ალმასხანის დრამამ თანდათან გადმოინაცვლა წინა პლანზე, გვერდში ამოუდგა ფილმის მთავარ გმირს, ალმასხანის რძალს, ნინოს (ლ.აბაშიძე), რომელსაც უნდა ეტვირთა ჩანაფიქრის მიხედვით, ნაწარმოების ძირითადი იდეის ბოლომდე გატანა (უბრალო გლეხის გოგონაში თვითშეგნების გაღვიძება). ალმასხანი რთული დრამატული პიროვნებაა. სერგო ყველაფერს აკეთებს, რომ მაყურებელმა შეაფასოს დრამა და გულწრფელად დასწყდეს გული, ასეთი ძლიერი სულისა და გონების კაცი ბოროტებისთვის რომ იხარჯება, რომ კერძო მესაკუთრული ინტერესები აველურებს, ახალი საზოგადოების, ახალი ცხოვრების მშენებელი სოფლის მცხოვრებლებისთვის სოციალურად  სახიფათო პიროვნებად აქცევს მას.

ალმასხანში ყველაფერი განსაკუთრებულია და მასშტაბური (სხვაგვარად სერგოს არ შეუძლია) - შვილიშვილის თავგანწირული სიყვარული, ახალი წყობისა და მისი ამყოლებისადმი საშინელი სიძულვილი, ყოველი მხრიდან ალყაშემორტყმული მხეცის სევდა. ხასიათის რთულ მოზაიკაში ეს სევდა  განსაკუთრებული სიმკვეთრითაა ნათამაშევი. ამ თამაშში გასაოცარია მსახიობური ხერხების სიმძლავრისა და ლირიული ნახევარტონების ჰარმონიული შერწყმა.

სიმარტოვის სევდა! რა რთულად და სხვადასხვაგვარად გამოიხატება იგი თავის სოციალურ სიმარტოვეში. გაველურებული ალმასხანი და მშობლის ბუდიდან ამოფრენილ ვაჟებსა და გარდაცვლილ მეუღლეზე წმინდა და ნათელი სევდით შეპყრობილი მოხუცი მინაგო ო.აბესაძის ფილმიდან „მალე გაზაფხული მოვა“... სერგო ძალზე გატაცებულია ერთი გრძნობის ორ კონტრასტულ პლანში, სხვადასხვა განზომილებაში თამაშის შესაძლებლობით. მას მტანჯველი ფიქრი შემოსძალვია ადამის მოდგმის სიცოცხლის ხანმოკლეობაზე, დასასრულის მოახლოებაზე, გარდუვალი ფაქტის წინ მდგომი ადამიანის ქცევაზე. რა ქნას? მიენდოს ხანშიშესული ადამიანის ბუნებრივ სევდას, სიცოცხლისადმი სულ უფრო მზარდ გულგრილობას? არა, სერგო ვერ შეეგუება ამას, იგი სხვა მასალისგანაა ნაშენი და მსახიობი უდიდესი ხალისით თამაშობს ოხუნჯი, დარდიმანდი, სიცოცხლის მოყვარული, ეშმაკი ლევანის როლს გია დანელიას კომედიაში „არ იდარდო“. ფილმში სერგო ზაქარიაძის მონაწილეობამ გადაახალისა ჩანაფიქრი, იგი დოღის ცხენივით კვლავ მთელი მკერდით გაიჭრა წინ და ფილმიც აიყოლია.

„არ იდარდო“ ხანდახან თითქოს „ლევანი-ზაქარიაძის დაუცხრომელი, ძლიერი ხასიათის კარნახით“ მიემართება. ლევანი უფრო გულითადობითა და თავისი ამაღლებული სულით არჩენს ავადმყოფებს, ვიდრე წამლებით. მას შეუძლია მდიდარ პაციენტს ცხვარი გამოართვას და იქვე განიკითხოს უქონელი. იგი, თითქოს, მთლად გადახსნილია ადამიანებისთვის, ბადალი არა ჰყავს გაჭირვებაში, ალერსში, იმედის მიცემაში.

სუფრასთან - შეუცვლელი თამადაა, ლხინის თავი და თავი, დარდიმანდი, მომღერალი... და მაინც ეს დრამატული სახეა, რადგან სიცოცხლისმოყვარე, მსუბუქი ხასიათი ვერ იხსნის კაცს ტკივილისა და ცხოვრებისეული უსიამოვნებისაგან, ხოლო ახლობელთაგან საკუთარი ნაღვლისა და ცრემლის დაფარვა უზარმაზარ ძალას მოითხოვს. სერგოს პიროვნების სირთულესა და წინააღმდეგობრიობაზე საუბრისას ვიღაცამ  შესანიშნავად მოიშველია რომენ როლანის სიტყვები: „მასში ოცი დუჟინი ვაჟკაცი ზისო“. ერთ-ერთი ვაჟკაცთაგანი ეპიკურეელი ლევანია. ფილმის დასასრულს თანდათან მწიფდება ტრაგიკომედია. ფილმის მხიარულ გმირებს თავს უბედურება ატყდებათ. უაზროდ იღუპებიან ლევანის ნორჩი ქალიშვილი და მისი შეყვარებული ახალგაზრდა პორუჩიკი. მწუხარებამ მოცელა ლევანი, მძიმედ, უიმედოდ დაასნეულა, მაგრამ იგი თავის თავის ერთგულია. მეგობრებთან ერთად სუფრასთან ჭიქა ღვინით ხელში, იწყებს უცნაური სპექტაკლის გათამაშებას. იხდის საკუთარ ქელეხს. მეგობრები ჯერ იბნევიან, უხერხულად გრძნობენ თავს, მაგრამ შემდეგ ოჯახის უფროსის მიერ შეგულიანებულნი, მისი გესლიანი ირონიით გახელებულნი, ერთვებიან თამაშში. ვინ ვის აჯობებს მოსახსენიებელი სადღეგრძელოების თქმაში? ვინ უფრო მჭერმეტყველურად, მახვილგონივრულად შეაფასებს „მიცვალებულს“? მაგრამ მოულოდნელად, ჟანრის სტრუქტურის, მისი პირობითობის დარღვევით, ირონიული ღიმილის სახიდან ჩამორეცხვით, სერგო სერიოზულად იწყებს სიკვდილიდ თამაშს. თითქოს, ფილმი ბენჟამენსა და მის მეგობრებზე დასრულდა და დაიწყო ნიჭიერად შესრულებული, მაგრამ ფილმისთვის სრულიად უცხო ფილმი-ეტიუდი. შეუძლებელია რეჟისორ გია დანელიას ეს არ სცოდნოდა, არ ეგრძნო. მას ან არ შეეძლო, ან არ მოისურვა მსახიობის შეჩერება. ქეიფის ეშხში შესული მეგობრების შეუმჩნევლად, ლევანი ძალას კარგავდა, ფითრდებოდა, ქუთუთოები უმძიმდებოდა, მზერა უქრებოდა. ეს იყო თვალების, ქუთუთოების, გამოხედვის საოცარი თამაში. მეტის უფლება სერგოს არ მიუცია თავისთვის!.. შემდეგ ლევანი ფანჯარასთან იდგა. თვალებით ემშვიდობებოდა ქვეყანას, რომელიც ასე უყვარდა და ჩვენ უკვე ვეღარ ვხედავდით მის ფერმკრთალ სახე, მხოლოდ ფარდას ჩაჭიდებული ხელი თანდათან სუსტდებოდა და ქვემოთ ეშვებოდა, ყინვაშეპარული თითებისგან თავდახსნილი ქსოვილი ფანჯარას ფარავდა, წყვდიადი ისადგურებდა...

მახსოვს, ეპიზოდმა შემაძრწუნა, მარტო იმიტომ კი არა, რომ იგი კომედიის ორგანიკიდან იყო ამოვარდნილი. გამახსენდა კუნცევოს სტერილური თეთრი პალატა, სისხლის გადასასხმელი აპარატები, ზეწარზე დაწყობილი მზედაკრული მძლავრი ხელები. რად გადაწყვიტა სიკვდილის თამაში, არაბუნებრივი სიმძაფრით და დამაჯერებლობით, ნუთუ იმიტომ, რომ ერთხელ კიდევ არაფრად ჩაეგდო, „აბუჩად აეგდო“ მის მკერდქვეშ ჩასაფრებული სახიფათო სენი. ერთხელ კიდევ ჩაეხედა სიკვდილისთვის თამამად თვალებში? მის კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებს დაგვავიწყდა, რომ იგი მძიმე ავადმყოფი იყო, მის მაცდუნებელ ჯანმრთელ იერს, სულის მუდმივ სიმხნევეს შეცდომაში შევყავდით ყველა. ეს შეცდომა დამღუპველი გახლდათ ბავშვურად სათუთი გულის მქონე ადამიანისათვის.

შესაძლოა, გრძნობდა დასასრულის მოახლოებას და გადაწყვიტა, შეუცნობელის ბნელი ფარდის მიღმა გადაეხედა, კვლავ გაესწრო სხვისთვის, რომ ენახა და შეეცნო ის, რაც არც ერთ მოკვდავს არ შეუძლია შეიცნოს; სიკვდილი და  ამ ქვეყნად ისევ დაბრუნება ადამიანისთვის შეუძლებელია, მაგრამ მსახიობისთვის?

... გულმტკივანი და ნაღვლიანი ვფიქრობდი ამაზე ეროვნული გლოვის დღეს, როცა მთელ რუსთაველის პროსპექტს რეპროდუქტორებიდან ეფინებოდა ხმა. იგი კითხულობდა ბარათაშვილსა და ტაბიძეს, კითხულობდა თავის ფიროსმანს, მგლოვიარე თეატრის დარბაზში კითხულობდა შექსპირს და პროსპექტზე გარინდებული ხალხი თვალცრემლიანი უსმენდა საყვარელი მსახიობის გამოსათხოვარ სიტყვებს.

ლევანის როლი უკანასკნელი ეკრანული როლი იყო სერგოსი.

 

კინო. 1980

კინომასალების კრებული.

საქართველოს სსრ კინემატოგრაფიის სახ. კომიტეტი, საქართველოს სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირი

რედაქტორი აკაკი ძიძიგური. გვ. 159-173



[1] О.Богомолов, М.Кушниров. «Соддат, отец солдата»; «Искусство кино», №2, 1966г. Стр. 78

[2][2] С.Долидзе, «Рассказы о творческом пути». М.1968

[3] М.Левин, «Серго Закариадзе», М., 1973, стр.221

[4] К.Церетели, «Образ и эпоха», газ. «Вечерний Тбилиси», 12.7.1965г.

[5] К.Церетели, «Образ и эпоха», газ. «Вечерний Тбилиси», 12.7.1965г.

[6] М.Левин, «Серго Закариадзе», М., 1973, стр.16

[7] ი.ანდრონიკოვის წერილი, ს.ზაქარიაძის პირადი არქივიდან.