მანანა ლეკბორაშვილი

თანამედროვე ქართული კინემატოგრაფი და ჟანრული კინო -   კითხვები და  ვარაუდები

 

ჟანრი - ყოფაში მყარად დაფუძნებული, ყოველდღიური კინოპროცესის ჩვეული და „მოთვინიერებული“ ტერმინია.

ნებისმიერი, ვისაც ჰკითხავ, დაუფიქრებლად გიპასუხებს რომელი ჟანრის ფილმები უყვარს.  ბავშვებიც კი არჩევენ ჟანრს, თუმცა შესაძლოა მისი სახელი არც იცოდნენ. განსაზღვრა  ინტუიციურად ხდება, მაგრამ საკმარისია დამატებითი კითხვა და პასუხად - დაბნეული მზერა.

როგორც კი ვტოვებთ შეგრძნებების სფეროს და ანალიზისკენ მივდივართ, მით უფრო რთულდება  ჟანრის „ადვილად აღსაქმელი“ ბუნება  და მით მეტი კითხვა ჩნდება. და მით მეტ საფიქრალს აჩენს   ამა თუ იმ ჟანრის სიყვარული, მიუღებლობა, გავრცელება. არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანზე, ჟანრს ძალზე ბევრი რამის მოყოლა შეუძლია ეპოქებზე, ისტორიულ სიტუაციებზე, ერის ხასიათზეც კი.

 ამ ყველაფერზე დაფიქრება აუცილებლად გიწევს,  როგორც კი ქართული კინოს ჟანრული პრიორიტეტების გაანალიზებას, ან თუნდაც აღწერას იწყებ.

არსებობს მყარი პრიორიტეტები - დროის, სოციალურ-კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად. ან გეგონა, რომ მყარი იყო, ლამის ეროვნული ხასიათის საფუძვლადაც მიგაჩნდა. მერე კი დაკვირვება გაჩვენებს, რომ არა, ის, რაც მარადიული  გეგონა, რადიკალურად შეცვლილა. გუშინდელი პრიორიტეტებიდან აღარაფერი დარჩენილა.

ამის მკაფიო მაგალითია ქართული კინოს კომედიისადმი (ან კომედიური ელემენტებისადმი მაინც) სიყვარული. წლების განმავლობაში ქართული კინემატოგრაფი ამტკიცებდა და ამკვიდრებდა თავის სიყვარულს ცხოვრების კომედიურ ჟანრში აღქმის მიმართ; იუმორით ანზავებდა კონფლიქტის დრამატულობას, ხშირად ტრაგიზმსაც; დიდაქტიკის ნაცვლად იუმორით გვასწავლიდა ჭკუას და ქმნიდა ქართულ კინოიგავებს; იუმორით ფარავდა პოლიტიკურ შეკვეთას. და სად წავიდა ეს ყველაფერი? თანამედროვე ქართულ კინოში კომედია, როგორც ჟანრი, აღარ იძებნება; დაახლოებით ასევე საძებარია იუმორიც, თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე ფილმს, მათ შორის რუსუდან ჭყონიას კინოსურათს „გაიღიმეთ“ (2011), ლევან კოღუაშვილის სევდიან კომედიას „შემთხვევითი პაემნები“ (2013),  სულ ახლახანს  - ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის   ფილმს „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (2017). 

      

რა მოხდა? ცხოვრება შეიცვალა? კი, ნამდვილად. და მასთან ერთად ერის ხასიათიც? ასე ადვილად? ასე უცბად? თუმცა, თუ დავუკვირდებით,  ეს სულაც არ

მომხდარა უცბად. უკვე 80-იანი წლებიდან  ქართულ კომედიას დაღლა დაეტყო, ამ დროს  მოდის ახალი თაობაც, რომლის ეგზისტენციალურ დრამებში ადგილი აღარ დარჩა იუმორისთვის.  მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება  90-იან წლებში, როცა ქართველ საზოგადოებას იუმორისთვის საერთოდ აღარ რჩება ძალა, არც ცხოვრებაში და  მით უფრო კინემატოგრაფში. თუ მაინც არის ცალკეული ეპიზოდები, სიცილი ნაძალადევის შთაბეჭდილებას ტოვებს - სიცილი სიცილისთვის და არა როგორც სამყაროს აღქმის სტილი. 

 თუმცა როცა ვლაპარაკობ ქართულ კინემატოგრაფის ჟანრული კინოსადმი უყურადღებობაზე, ეს მხოლოდ კომედიას არ ეხება.

მთელ მსოფლიოში ფული კეთდება ჟანრულ კინოზე, რომელშიც პოპულარული, სამაყურებლო ჟანრები იგულისხმება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ჟანრული კინო მკვეთრად წამოწევს კინემატოგრაფიული თხრობის იმ კუთხეს, რომელიც იზიდავს აუდიტორიის  დიდ  ნაწილს - იუმორი იქნება ეს (კომედია), ფილმის გმირების განცდების  გათავისება და ემოციური განტვირთვა  (მელოდრამა), საოცარი თავგადასავლები (სათავგადასავლო),  დაძაბული მოლოდინით  (თრილერი) თუ  მძაფრი განცდებით  (მძაფრსიუჟეტიანი ფილმი) სისხლის აღელვება და ა.შ. რეფლექსების, თანდაყოლილი გრძნობების დონეზე ხომ ყველა ადამიანი ერთნაირია და დიდად არ შეცვლილა კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში.

 ჟანრის სახელწოდებაც   უფრო ხშირად სწორედ მის მთავარ, „გამწევ“ ძალაზე მიუთითებს: ფანტასტიკა, მუზიკლი, საშინელებათა ფილმი, რითაც კიდევ უფრო უადვილებს მაყურებელს ფილმების ზღვაში ადვილად გამოარჩიოს მისთვის საინტერესო; თუ არა - ნათლობის  ფუნქციასაც თავად მაყურებელი  ითავსებს: ფილმები ომზე, ბოევიკები, ცხოვრებისეული ფილმები, სატირალი ფილმები და ბიჭური ფილმებიც კი (დიახ, დიახ, არსებობს ასეთი არაფორმალური ტიპოლოგიაც).

  მაყურებელს უყვარს ჟანრული კინო, უყვარს ყველგან და მათ შორის საქართველოშიც. თუმცა, პარადოქსია, უყვარს მაყურებელს, მაგრამ არა რეჟისორებს.

 საბჭოთა პერიოდში ამას ალბათ ჰქონდა თავისი გამართლება - მეთოდთან და თემებთან ერთად ზემოდან იგეგმებოდა ჟანრებიც.  დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით მოდელირებულ რეალობას ქართული კინო ზღაპარში, იგავში, იუმორში გაექცა.  გარემოებებმა განაპირობა და  ქართველი რეჟისორებისთვის მთავარ მეტოქედ არა მაყურებელი, არამედ ცენზურის დაწესებულებები უფრო იქცა და კიდევ, რა თქმა უნდა, სწრაფვა თვითგამოხატვისკენ.

 ჩემი დაკვირვებით, ქართველი რეჟისორებისთვის უფრო ახლობელია ჟანრული ფორმები, რომლებიც რუსი მკვლევარის ლეონიდ კოზლოვის კლასიფიკაციის მიხედვით,[1] მიმეტიური ტენდენციის დომინირებით არის შექმნილი. ეს ტენდენცია უპირისპირდება ჟანრულ კინოს, რადგან თავად ტენდენციაში ჩადებულია მხატვრული პირობითობის უარყოფის პრინციპი, პრინციპი, რომელიც ჟანრების არსებობის აუცილებელი საფუძველია.

 გამორიცხვის მეთოდის გამოყენებით - არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული ჟანრული თვისებები, არ ესადაგება ჩამოყალიბებული ჟანრების (დეტექტივის, ვესტერნის, მიუზიკლის და ა.შ.) მოდელს, ამ რიგის ფილმებს, ლეონიდ კოზლოვის მიხედვით,  აერთიანებენ საკმაოდ არაზუსტი ტერმინით „ფსიქოლოგიური დრამა“ ან უფრო მარტივად „დრამა“.

 კიდევ ერთი მკვლევარი, მიხეილ იამპოლსკი გვთავაზობს ამ ტიპის ფილმები განისაზღვროს ტერმინით „რეალისტური ფილმი“[2], რადგან მაყურებელთა ძირითადი მასის მიერ ეს ფილმები აღიქმება როგორც რეალობის  პირდაპირი ასლი, მისი პირობითობა   „შეუმჩნეველია“ , სამაგიეროდ, მის   ფონზე სხვა ჟანრები ავლენენ თავის პირობითობას  და ამგვარად, „რეალისტური ფილმი“ გვევლინება დამაჯერებლობის ნორმად, რეალობის „ადეკვატურად“ ასახვის ნორმად.

 ეს ტერმინი საკმაოდ ნაყოფიერი შეიძლება აღმოჩნდეს  ჟანრული კვლევისას  და განსაკუთრებით, ქართული ჟანრული კინოს კვლევისას, რადგან ჯერ ერთი, კუთვნილ  სივრცეს  უბრუნებს საკუთრივ „ფსიქოლოგიურ დრამას“, როგორც სპეციფიკურ ჟანრს,  რომლის განვითარებითაც ქართული კინო ვერ დაიკვეხნის; და მეორე, ის ფაქტობრივად ჩაანაცვლებს საკმაოდ ბუნდოვან და ტიპოლოგიურად განუსაზღვრელ კონგლომერატს, რომელსაც „საავტორო კინოს“ სახელით ხშირად და არასამართლიანად უპირისპირებენ ჟანრულ კინოს.

 ძირითადად სწორედ ამ ტიპის ფილმებით არის წარმოდგენილი ქართული კინემატოგრაფი. ქართული დრამა, როგორც წესი,  არ არის აგებული კლასიკური დრამის პრინციპებზე, არც მის კინემატოგრაფიულ სახეცვლილებებზე, ის უფრო ახლოა მ.იამპოლსკისეულ დრამის განმარტებასთან -  დრამა, როგორც „რეალისტური ფილმი“, რომელშიც პირობითობა ნაკლებად არის გამოკვეთილი და უფრო სინამდვილის „დაუმახინჯებელი“ ტვიფარის სახით წარუდგება მაყურებელს.

 შეიძლება ცოტა შეგვაცბუნოს სიტყვა „რეალისტურმა“ და „დაუმახინჯებელმა“.  ქართული კინოსთვის ძირითადში დამახასიათებელი არ არის რეალისტური ფორმებისადმი სიყვარული, მით უმეტეს ყოველდღიური, ყოფითი რეალობისადმი. მაგრამ თუ ეროვნულ თავისებურებებს გავითვალისწინებთ, ალბათ სწორედ ასე აღვიქვამთ ჩვენ რეალობას.

 „რეალისტური ფილმის“ ფარგლებში ექცევა ქართულ კინოში კიდევ უფრო გავრცელებული ისეთი „არაკანონიკური“ ჟანრიც, როგორიც კინომოთხრობაა -  შესუსტებული დრამატიზმით (ან მისი არარსებობით). ასეთი  ფილმები მიყვება ცხოვრების ნაკადს და ემორჩილება  მოცემული გარემოსთვის,  მოცემული  დროისთვის  დამახასიათებელ „ცხოვრების ჟანრს“.

 მით უფრო ახლო მეჩვენება ეს ჭეშმარიტებასთან,  რომ მაგალითად,  კომედიაც, რომელიც სრულიად ჩამოყალიბებული  პოპულარული კინოჟანრია,  როგორც წესი, ქართულ კინორეალობაში  არ ექვემდებარება კომედიების არც ერთ ცნობილ კლასიფიკაციას  (ექსცენტრული, სიტუაციების თუ ხასიათის).  აქ ვერ ვიპოვნით ერთ ღერძს და ფილმი თავისუფლად ითავსებს სხვადასხვა ნაირსახეობის ნიშნებს, რათა  იუმორით  ასახოს გარემო,    ცხოვრების წესი, პერსონაჟები, სიტუაციები და განახორციელოს მთავარი მიზანი  -   გააცინოს მაყურებელი.

 რაც შეეხება ჟანრულ კინოს, ის პირობითობის მისეული კანონებით და პრინციპებით მკვეთრად დეტერმინებულია, მაშინაც კი, როცა არღვევს ან მიდის ამ კანონების წინააღმდეგ. იქნებ სწორედ ეს, კანონისადმი დამორჩილების პრინციპი არ უყვარს ქართულ კინოს, არ იზიდავს    ცხოვრებაზე სხვადასხვა წერტილიდან შეხედვის შესაძლებლობა. ერთადერთი რეჟისორი, რომელსაც ეს აინტერესებს, ვგონებ, გიორგი შენგელაიაა, რომელიც მეთოდურად ცდილობს სხვადასხვა ჟანრში გამოსცადოს თავი.   მის შემოქმედებაში იყო კომედიაც, მუსიკალური კომედიაც, მუზიკლიც, სათავგადასავლო ფილმიც,   მელოდრამაც  და პოლიტიკური იგავიც.   სხვებისთვის ეს თითქოს ერთეული შემთხვევითი გამოცდილებაა და როგორც წესი, არცთუ სახარბიელო შედეგით.  

 

    

 ასე იყო ადრე, მაგრამ უკვე 25 წელია ქართული კინო დამოუკიდებელია და დამოუკიდებლად წყვეტს რა ჟანრის, რა სტილის  ფილმი გადაიღოს. თუმცა ამ დამოუკიდებლობას ჟანრებთან მიმართებაში ბევრი არაფერი შეუცვლია. პრიორიტეტები, უმნიშვნელო ცვლილებების გარდა, იგივეა -    რიცხობრივად ისევ  „რეალისტური ფილმი“  ლიდერობს; ჟანრული კინოსადმი ინტერესი კვლავ მეტად დუნეა და მათი რიცხვი ერთეულებით შემოიფარგლება.

 თუმცა   უსამართლობა იქნება არ აღვნიშნოთ   პერიოდი, როცა გარკვეული ინტერესი  ჟანრისადმი შეინიშნებოდა. ეს ინტერესი   90-იანების ბოლოს  დაიწყო და განსაკუთრებით   ახლადფეხადგმულ სერიალებში იჩინა თავი:  პიონერი ავთო ვარსიმაშვილის  „როზმარის ჩვილის“ მიხედვით გადაღებული მისტიკური ჰორორის ჟანრის „სახლი ძველ უბანში“ აღმოჩნდა, ის   ჯერ კიდევ 1994 წელს გადაიღეს.  2000-იანი წლების დასაწყისიდან  მას მოყვა ძირითადად  კრიმინალური და  დეტექტიური სერიალები („მტვრის გემო“, „ცხელი ძაღლი“, „ყავა და ლუდი“,   „თენდება გვიან“, „მგლების ხორუმი“ და სხვა); ამ ადრეულ წლებშივე  იყო მისტიკური სერიალის კიდევ ერთი მცდელობა „ატაგენუსი“ (2004), იყო პირველი სიტკომიც „ძილის წინ“. 

 ამ სერიალთა შორის   იყო წარუმატებლებიც და წარმატებულებიც,  თუმცა მთლიანობაში ეს დადებითი მოვლენად მინდა შევაფასო.  ხდებოდა აქამდე აუთვისებელი ტერიტორიების ათვისება, ტრადიციისთვის საფუძვლის ჩაყრა; მაგრამ  კალმის მოსინჯვები მალე დამთავრდა და ქართული ტელესერიალი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მყარად შეჩერდა ტელენოველებზე და სიტკომებზე.

 რაც ეხება დიდ ეკრანს - ერთი შეხედვით უფრო გაუმართლა მელოდრამებს. თუმცა თუ დაკვირვებით განვიხილავთ, ხელში შეგვრჩება ძირითადად არა მელოდრამად, არამედ დრამად  ჩაფიქრებული ფილმები, რომლებიც რიგი მიზეზების გამო მელოდრამად აღიქმება. ეს მიზეზები კი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს: პერსონაჟების სწორხაზოვნება, კონფლიქტის არადამაჯერებლობა ან სუსტი განვითარება,  პათეტიკურობა და ა.შ.

 მელოდრამაში სამარცხვინო არაფერია,   მით უფრო კარგ მელოდრამაში. მაგრამ მაშინ  მიზანდასახულად  უნდა  იფიქრო მელოდრამის წესების მაქსიმალურად სწორ და, სასურველია, შემოქმედებით გამოყენებაზე;  „შემთხვევით გამოსული“ მელოდრამა კი, ბუნებრივია,  ვერ იქნება მისი საუკეთესი ნიმუში.

 მელოდრამად ჩაფიქრებული მელოდრამა სულ ორი მოიძებნება 2000-იანი წლების კინოფილმებში: ზაზა ურუშაძის „დარჩი ჩემთან“ (2011) და მარიამ ქაცარავას „ზღვარი“ (2014).  მათაც, სამწუხაროდ, ვერ მოიპოვეს ვერც კრიტიკის და, რაც  მთავარია, ვერც მაყურებლის კეთილგანწყობა.

  ჰორიზონტზე არ ჩანს არც წარმატებული და ხარისხიანი კომედია. ქართული კინო ვერც გიორგი შენგელაიას „მიდიოდა მატარებლით“ (2005), ვერც ავთო ვარსიმაშვილის  კომედიებითა  და  ვერ „მაიტა ნასოსებით“ (რეჟ. გ.კაჭარავა, ს. ჯაჭვლიანი, 2010 და 2016) ვერ იტრაბახებს   ახლა  თუ მომავალში.

 

     

 სამაგიეროდ, ქართულ კინორეპერტუარში გამოჩნდა მისთვის აქამდე აუთვისებელი ჟანრი -    რომანტიკული კომედია.   ერთი პერიოდი ეს  ჟანრი საკმაოდ თამამად შემოვიდა ქართულ კინოსივრცეში:  გიორგი ლიფონავას „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ (2008), გიგა აგლაძის „გოგონა სლაიდიდან“ (2009),  დავით იმედაშვილის „ოცნების ქალაქი“ (2010) და ა.შ. მათი შესრულების ხარისხი (ისევე როგორც იუმორის)  უმეტეს შემთხვევაში არც კი ჯდებოდა კინოხელოვნების ჩარჩოებში, მაგრამ პერსპექტივის თვალსაზრისით მაინც შეიძლებოდა  ის დადებით მოვლენად მიგვეჩნია. თუმცა მოძრაობა ამ მიმართულებით მალევე შეწყდა, შესაძლოა წარუმატებლობით გამოწვეული გულაცრუების გამო - რამდენიმე  გამონაკლისის გარდა მაყურებელი ამ ფილმებით არ აღფრთოვანებულა.

 რაღა დარჩა? შეიძლება გავიხსენოთ „სეზონი“ (2010, რეჟ. დათო ბორჩხაძე) -   მისტიკური დრამა, თრილერი - „241 გრადუსი ფარენჰეიტით“ (რეჟ. ლევან ბახია და ბექა ჯგუბურია, 2011)... სხვა ჟანრული ფილმების გახსენება ჭირს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თუ ასეთები იყო კიდეც, მათ ქართული კინოპროცესისთვის შეუმჩნევლად ჩაიარეს - ვერ შეამჩნია მაყურებელმა, ვერ შეამჩნია კრიტიკამ.

  

რა არის  ასეთი სიმწირის მიზეზი?                                                                 

 იქნებ  ის, რომ ქართული კინოსთვის მაყურებელი აბსტრაქტული ცნებაა. ასე იყო საბჭოთა პერიოდში, როცა რეჟისორისთვის    მთავარი გამოწვევა ზემდგომი ორგანოები იყვნენ. ასე რჩება  დღესაც, როცა ასეთ გამოწვევად საფესტივალო ცხოვრება იქცა. ეს არცაა გასაკვირი ქვეყანაში სულ რამდენიმე კინოთეატრის, არასანდო აღრიცხვისა და კომპიუტერებს მიჯაჭვული მაყურებლის პირობებში. ფესტივალები კი, ცნობილი ფაქტია, ჟანრულ კინოს დიდად არ სწყალობენ, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ამ განსაკუთრებულ შემთხვევებს კი  დიდი ფინანსები ან დიდი შემოქმედებითი ნიჭი ქმნის, ან ორივე ერთად. 

 იქნებ მიზეზი ისიც  არის, რომ „რეალისტური ფილმი“, როგორც ზემოთ ვთქვი,   ცხოვრებას მინიმალურად ამუშავებს, ეკრანზე  მისი გადატანა თითქმის ინტუიციურად ხდება, ის არ მოითხოვს პირობითობის კანონებზე ფიქრს და მათ ზედმიწევნით დაცვას. ან იქნებ ქართველ რეჟისორებს არა თუ არ იციან და არ შეუძლიათ, პრინციპულად არ სურთ  იმუშაონ  ჟანრის კანონების მიხედვით, მიუღებლად თვლიან დაემორჩილონ რამეს, გარდა საკუთარი შთაგონებისა? ვფიქრობ,  არც ამ მიზეზის გამორიცხვა შეიძლება, რადგან ამ სიჯიუტის კვალი ბევრ ჟანრულ კინოს ეტყობა.

 ასეა თუ ისე,   დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში ქართულ კინოს განსაკუთრებული ინტერესი ჟანრული კინოსადმი არ გამოუჩენია და თუ გამოუჩენია,  უფრო ხშირად წარუმატებლად. 

 მაშ რომელი ჟანრის სივრცეშია განთავსებული ქართული ფილმები, რომელთა გამარჯვებების შესახებ წერენ ფესტივალები, რომელთაც ელოდებიან თბილისის ეკრანებზე? ისევ და ისევ „რეალისტური ფილმის“ ფარგლებში, ტრადიცია გრძელდება.

 ერთადერთი ცვლილება, რაც მკაფიოდ გამოიკვეთა - ეს არის გარკვეული მოძრაობა დრამის ჟანრისკენ, უკვე არა „რეალისტური ფილმის“ გაგებით. ბოლო პერიოდის ქართულ ფილმებს დაეტყო კონფლიქტის ძიების, მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების სურვილი, ინტერესი პერსონაჟების არაერთმნიშვნელოვანი დახასიათებისკენ, ყურადღება სოციალური ფონისადმი. ეს მიმართულება არც იუმორს უხშობს კარს, არც ირონიას და საშუალებას იძლევა ტრადიცია სპირალის ახალ ხვეულზე გავაგრძელოთ.

 მაგრამ რა ვუყოთ სიახლის სურვილს? იქნებ სჯობს არც ვიოცნებოთ  პოპულარულ ჟანრებზე, მისი მოთხოვნილება გარედან შემოსული პროდუქციით დავიკმაყოფილოთ (დეფიციტზე ნამდვილად ვერ დავიჩივლებთ), ხოლო წარმოებით ვიმუშაოთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი და გამოცდილი მიმართულებით,  სადაც წარმატების გზები კარგა ხანია გაკვალულია.

 არა მგონია ეს კარგი არჩევანი იყოს. ჩემი ღრმა რწმენით, ეროვნული პრიორიტეტები კარგია, მაგრამ ნებისმიერ კინემატოგრაფს უნდა გააჩნდეს კარგად განტოტვილი ჟანრული სისტემა, რომლის ყველა ტოტი შეიძლება ერთნაირად ნაყოფიერი არ აღმოჩნდეს, მაგრამ ყველაზე სუსტიც კი ამდიდრებს და    ახალ პერსპექტივებს   უსახავს ქვეყნის კინემატოგრაფიულ განვითარებას. არადა, რა საინტერესოდ შეიძლება ქართულ ხასიათის, ქართული ცხოვრების, აზროვნების სტილის  სხვადასხვა ჟანრულ სიბრტყეში გაშლა და კვლევა.

 მაგრამ ჩვენ, კრიტიკას, მაყურებელთან ერთად შეგვიძლია მხოლოდ ვიოცნებოთ, საბოლოო სიტყვა სცენარისტებზე და რეჟისორებზეა.

 

  

12.03.2018 

 

ჟ. კინოფორუმი. საქართველოს კინოაკადემია. იანვარი-ივნისი.1. 2018

 

 

 

 

 



[1] Козлов Л. О жанровых общностях и особенностях -  წიგნში «Жанры кино», М., «Искусство». 1979.  გვ7 **

[2] Ямпольский М. Тезисы к проблеме жанров – «Киноведческие записки». 1991.   №11, с.63-64