ს.კეთილაძე
ერთი ფილმის ავ-კარგი
კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ახალი ნაწარმოები „გიორგობისთვე", რომელსაც ამ დღეებში უჩვენებენ ჩვენი ქალაქის კინოეკრანებზე, მრავალმხრივ იქცევს მაყურებლის ყურადღებას და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფილმში დასმულია ჩვენი ცხოვრების ისეთი მტკივნეული საკითხები, რომლებიც არ შეიძლება არ აღელვებდეს ადამიანს, არ იწვევდეს მის ცხოველ ინტერესს.
სცენარის ავტორს ა.ჭიჭინაძესა და დამდგელ რეჟისორს ო.იოსელიანს მიზნად დაუსახავთ ემხილებინათ ის მანკიერებანი, რომელთაც არც თუ ისე იშვიათად ვხვდებით ცხოვრებაში. დიახ, ზოგიერთი საწარმოს საქმიანობაში, ადამიანთა ურთიერთობაში, ახალგაზრდობის აღზრდასა და ყოფაქცევაში ცოტა როდია ჩრდილოვანი მხარეები, რაც არ ეკადრება დღევანდელობას, ნათელი იდეებით აღსავსე ჩვენს ყოფას, ჩვენს დიად დღეებს.
მაინც რაზე მოგვითხრობს ფილმი?
ერთ ღვინის ქარხანაში მოკალათებულია უსაქმურთა და კომბინატორთა ხროვა, რომელსაც პირადი გამდიდრების მეტი არაფერი აინტერესებს. ვიღაცის მწყალობელ კალთას შეფარებულ ამ მუქთახორებში, გარდა წამგლეჯობისა, ჩამკვდარია სხვა ყოველგვარის გრძნობა.
მათ როდი აფიქრებთ ქართული ღვინის მარკის ღირსება და, მაშასადამე, არც საკუთარი ღირსების გრძნობა გააჩნიათ.
ქარხნის დირექტორს კაბინეტში პიანინო უდგას და საკუთარ ბავშვებს აქ ამეცადინებს. მისი „საქმიანი“ დღე მხოლოდ ბილიარდის თამაშით იწყება და მთავრდება. ხელმძღვანელ-დიქტატორს კარგად შეუთვისებია ხელქვეითთა დატუქსვის ხელოვნება, ყველა ყურმოჭრილ მონასავით მოქმედებს. მშვიდად და უშფოთველად მიდის ქარხნის ცხოვრება. ანდა რა აქვთ სადავიდარაბო და თავსატეხი, როცა ყველა ერთ წისქვილზეზ უშვებს წყალს, როცა ყველას ეძლევა საკმაო კბილწასაკრავი.
შემთხვევით როდი ეუბნება ერთ-ერთ ძველი მუშაკი ქარხანაში ახლად მისულ სპეციალისტს: აქ, ძმაო, პრინციპულობა არ გამოგადგება, რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო, თორემ გაისრისებიო.
აი, ასეთ კოლექტივში მოხვდა სამუშაოდ ორი ახალგაზრდა სპეციალისტი ოთარ საკანდელიძე და ნიკო მაჩაიძე. პირველმა სწრაფად აუღო ალღო საწარმოში შექმნილ მდგომარეობას, გახდა უფროსთა მაამებელი, მათ საძრახ საქმეთა თანამონაწილე. ხელმძღვანელებმაც მოწყალე თვალით გადახედეს მას. მეორე კი წინ აღუდგა ყალთაბანდებს, რისთვისაც რისხვა დაიმსახურა და უნდა ვიფიქროთ, რომ მას კიდევაც მოიშორებენ თავიდან...
თუ რატომ, ამაზე ქვემოთ.
სიუჟეტის ამ მთავარ ძარღვთან დაკავშირებულია სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ასევე უმეტესად ცხოვრების მახინჯ მხარეებს წარმოგვიდგენენ.
ფილმის ავტორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მიგნებულად, მახვილად მიგვანიშნებენ ცხოვრების მტკივნეულ მხარეებზე. მთელი სიმკაცრით აშიშვლებენ ზოგიერთი ახალგაზრდას სულში შეჭრილ ქარაფშუტულ, ზერელე, განწყობილებას, ქალიშვილების მსუბუქ ყოფაქცევას, რაც ძირს უთხრის ჯანსაღ ყოფაცხოვრებას. ამ უარყოფით მოვლენათა მხილება და სააშკარაოზე გამოტანა აუცილებელია და ხელოვნება მოწოდებულია თქვას თავისი სიტყვა, თქვას პირუთვნელად და მოურიდებლად.
კარგია ფილმის დასაწყისი. თვალს იტაცებს ყურძნით დახუნძლული ზვრები, რომელთაც თავს დასტრიალებს მშრომელი კაცის მარჯვენა.
ვენახი!.. რაოდენი სიყვარულის დამტევია ეს სიტყვა, რაოდენ საფიცარია იგი ქართველი კაცისათვის. ვენახს თავს ევლებოდნენ ჩვენი მამა-პაპანი, ვენახს უმღეროდნენ ისინი ოდითგანვე. მოსეულმა ურჯულოებმა ქართველობა რომ ვერ გადააშენეს, ვენახის გაჩეხვით დაიწყეს ველური განზრახვის სისრულეში მოყვანა. მტერმაც გაიგო, რომ ვენახის გარეშე ქართველ კაცს არ შეეძლო არსებობა.
და აი, გულგასახარად მოჩხრიალებს ყურძნის წვენი საწნახელიდან, მოჩხრიალებს და მიედინება ქვევრებში. ყურძნის ეს შეუბღალავი წვენია ძალასა და ენერგიას რომ ჰმატებს მშრომელი კაცის მარჯვენას.
მაგრამ რას ვხედავთ ღვინის ქარხანაში?
საწარმოს მესვეურებს ქართული ღვინის წარმოება საკუთარი ჯიბის გასქელების მიზნისათვის დაუმორჩილებიათ, მათ როდი ადარდებთ ქართული მარკის ღირსება. როცა ახალგაზრდა ტექნოლოგი წინ აღუდგა ქარხანაში გაბატონებულ ღვინის ხარისხის შებღალვის დაკანონებულ პრაქტიკას, მას ერთბაშად თავს დააცხრნენ. და აი, დაიწყო კონფლიქტო...
მაგრამ გულახდილად უნდა ითქვას, რომ ფილმის ავტორებს ერთ რამ მხედველობიდან გამორჩენიათ.
ხელოვნების მარადიული თემაა ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. თუ ეს ბრძოლა შესუსტებულია, მაშინ ნაწარმოებიც კარგავს ზემოქმედებას ადამიანზე. როდისაა უფერული ეს ბრძოლა? მაშინ, როცა ერთი ჭარბობს მეორეს, როცა ერთი ზენიტზეა ასული, მეორე კი სადღაც ღობე-ყორეს ეფარება. ფილმში კი ჩვენ ვხედავთ უარყოფითი ძალების ყოვლისშემძლეობას, მათს თავაშვებულ პარპაშს, მათს უცხვირპირობასა და გაიძვერობას. მეორე მხარეზე კი დგას წესიერი ახალგაზრდა ნიკო მაჩაიძე, რომელიც უთუოდ ძლიერია თავისი სიმართლით, მაგრამ, აბა, რა უნდა გააწყოს ერთა, თუნდაც მართალმა ბიჭმა, იმათ წინააღმდეგ, რომელთა რიგები გაცილებით მძლავრია და რომელთა ხელშია მთელი ძალა?
მართალია, დირექტორი „ურჩობას“ თითქოს უწონებს ნიკოს, მაგრამ პერსპექტივაში ჩანს, ახალგაზრდა მებრძოლის ბედი გადაწყვეტილია, მის თავზე ახალი ძალით იქუხებს რისხვა... ამას მიგვანიშნებს ბილიარდის შარების ჭექა-ქუხილი, რაც დირექტორის მრისხანების გამომხატველია.
მეორეც, თავად ნიკაც ვერ გამოიყურება ისე, რომ მას შესწევს ძალა და უნარი დაუპირისპირდეს, გაუმკლავდეს ამდენ უკეთურ ძალას. იგი ჯერ კიდევ ბავშვური და მიამიტია, მაინც და მაინც ბევრი არაფერი ესმის სიკეთისა და ბოროტის ბრძოლის არსის შესახებ. ერთი სიტყვით, ფილმში თავმოყრილი ამდენი უარყოფითი მოვლენების წინაშე უმწეოდ დგას ერთი ყმაწვილი, რომელიც განწირულია დამარცხებისათვის. ნაწარმოების ფინალში კი, ყველასათვის მოულოდნელად, კომბინატორთა ხროვამ თითქოსდა ერთბაშად ხელები აწია მის წინაშე. ვიმეორებთ, გადაგვარებული ელემენტები ასე იოლად არ გადიან სცენიდან. ფილმში ვერ ვნახეთ ჯანსაღი გმირების მწვავე შეჯახება უარყოფით ძალებთან, ვერ ვნახეთ ამ ჭიდილის ამაღელვებელი, დაძაბული პერიპეტიები, ამდენად კონფლიქტი გახდა უსახური, არადამაჯერებელი, ცალმხრივი.
მარინესა და ლიას სახით ფილმში გამოყვანილია მსუბუქი ყოფაქცევის ქალიშვილები, რომელთა მთავარ საზრუნავს მხოლოდ პირადი სიამოვნება, ქარაფშუტობა, ქალ-ვაჟს შორის ჯანსაღი სიყვარულისა და ურთიერთობის უგულებელყოფა წარმოადგენს. მათ მორალურ დაცემას კიდევუფრო მკაფიოს გახდიდა საპირისპიროდ მოწინავე, ზნეობრივად სრულყოფილი ქალიშვილის ტიპის დახატვა, რომელთა რიცხვი უფრო მეტია სინამდვილეში, ვიდრე მარინეს მსგავსებისა.
ნამდვილად გადაჭარბებულია ამდენი ექსკურსიების ჩვენება ქარხანაში. ჩვენი აზრით, ტიტრზე დღეთა დახელების წარწერაც არ იყო საჭირო, ბოლოს იგი მოსაბეზრებელიც კი ხდება.
საერთოდ, ფილმს უთუოდ ატყვია ნიჭიერი რეჟისორის ხელი, რომელსაც შესწევს უნარი სულ მცირე დეტალითაც გახსნას მთავარი და არსებითი. აი, თუნდაც საუზმის სცენა საკანდელიძეტა ოჯახში.
- აი, ხომ ხედავ, ვჭამ თუ არა, ვჭამ თუ არა!.. - ისე ამბობს ამ სიტყვებს ოთარი, რომ მაშინვე ვრწმუნდებით ამ ყმაწვილიდან მომავალში კარგს არაფერს უნდა მოველოდეთ. სამაგიეროდ, ძალზე მიმზიდველად არის წარმოსახული მაჩაიძეთა პატიოსანი, სათნო ოჯახი.
წუნს ვერ დავდებთ მსახიობთა თამაშს, ისინი ნამდვილი, მაღალი ოსტატობით ასრულებენ თავიანთ როლებს და დასამახსოვრებელ სახეებსაც ქმნიან.
ფილმი ძალზე დინამიურად ვითარდება. კომპოზიტორ ა.იოსელიანს უხვად გამოუყენებია მრავალფეროვანი ეროვნული მოტივები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მაყურებელზე კინოსურათის ემოციურ ზემოქმედებას.
აი, ასე გვესახება ამ ერთობ თავისებური ფილმის ავი და კარგი.
„ქუთაისი“, 9 ივნისი, 1967
9 ივნისი, 1967