თათა ზანდუკელი. ორის ანარეკლი
საკუთარი თავის, გზისა და დანიშნულების პოვნის მცდელობა ხშირად თავად იქცევა ხოლმე ცხოვრების გზად, რადგან ცოტაა ადამიანი, რომელსაც თამამად შეუძლია თქვას, რომ ჩასწვდა შინაგანი სამყაროს საიდუმლოებებით მოცულ კუთხე-კუნჭულებს და, ამასთან ერთად, დაბრკოლებებით სავსე გარე სამყაროში რეალიზაციაც მოახერხა. კონფლიქტები, ხშირად ზეწოლად ქცეული გავლენა, ვალდებულების გრძნობა, რწმენა, ტრადიცია და სხვა ფაქტორები პერიპეტიათა დაუსრულებელ წყებად გვევლინება ისედაც დაეკლილ ბილიკზე. ადამიანური ურთიერთობების დუალიზმი კი, ხან რომ სიცოცხლის ელექსირად გვესახება, ხან კი, გააზრებით თუ გაუაზრებლად, დამღუპველ ისარს გვიმიზნებს, დიდ როლს თამაშობს კულმინაციაში და ხანდახან, შესაძლოა, ტრაგიკული დასასრულიც კი იყოს მის სინდისზე.
ალის და მის ოჯახს წილად ხვდათ მკურნალი წყლის პატრონობა, რომლის საშუალებითაც ის და მისი ერთადერთი ქალიშვილი, ცისნამე, ანუ ნამე, თანასოფლელებს კურნავენ. ალის სამი ვაჟი ჰყავს, რომლებმაც სულ სხვა გზა აირჩიეს, რამაც ერთგვარი ჩუმი კონფლიქტი წარმოშვა მოხუც მამასა და შვილებს შორის. ერთ დღესაც, მკურნალი წყლის მთავარი ბინადარი თევზი ავადდება, რასაც მოვლენათა მთელი ჯაჭვი და გარეგანი თუ შინაგანი კონფლიქტების გამოაშკარავება მოჰყვება. ასეთია ზაზა ხალვაშის ფილმის „ნამეს“ (2017) სიუჟეტი, რომელიც მაყურებლის არა გულს, არამედ გონებას უმიზნებს.
ექსპოზიციურ ნაწილშივე ფილმის ტონი შესანიშნავადაა შერჩეული. ნელი ტემპი, ხანგრძლივი, სტატიკური, ცივი კადრები, თითქმის მთლიანად ახლო ხედების გამოყენება, არანაირი მუსიკა, მხოლოდ ბუნებრივი ხმაურები - ეს ყველაფერი, კადრების ესთეტიკურ მშვენიერებასთან ერთად, მაყურებელს ფილმში წარმოჩენილი სამყაროსა და პერსონაჟების თავისებურებებისთვის განაწყობს. მომნუსხველ ახლო ხედებში, რომლებშიც წყალი და თევზი ფიგურირებს, იკითხება პერსონაჟებისა და წყლის განსაკუთრებული ურთიერთობა. საინტერესოა ავტორის ჩანაფიქრი, ჯერ ეს ურთიერთობა გაგვაცნოს და შემდეგ - თავად პერსონაჟები, თუმცა თანდათანობით ვხვდებით, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება.
ფილმში საოპერატორო ხელოვნება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. თითოეული კადრი კარგად ნაფიქრ და უკეთესად განხორციელებულ ფოტოსურათს ჰგავს, თუმცა დამდგმელი ოპერატორი, გიორგი შველიძე, კადრების ვიზუალური მშვენიერებით არ შემოიფარგლება და თხრობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. კადრების უმრავლესობაში საჭიროა, ამოიცნო, რას გეუბნება გამოსახულება გარდა იმისა, რაც აშკარაა და ფილმის მთავარი ღირსება, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ორმა კადრმა, რომლებშიც რეჟისორს მთავარი პერსონაჟები შემოყავს.
ალის სახეს პირველად წყლის ანარეკლში ვხედავთ. ერთი შეხედვით, ეს თითქოს არაფერია, ლამაზი გამოსახულების გარდა, მაგრამ პერსონაჟის გაცნობასთან ერთად მაყურებელი კადრის რეალურ დატვირთვასაც ხვდება. ბერიკაცისთვის ყველაფერია ეს წყალი და მასში მყოფი თევზი. მან ამ წყლის დაცვასა და მისით მკურნალობაში იპოვა საკუთარი თავიც, გზაც და დანიშნულებაც, ამას შეალია მთელი ცხოვრება, ამიტომ სიმბოლურია, რომ მის სახეს წყლის ანარეკლიდან ვეცნობით. მეორე მხრივ, ნამეს სახეს პირველად სარკეში ვხედავთ, რაც, ერთი შეხედვით, ასევე არ არის უჩვეულო და, რეალურად, ასევე სიმბოლურია.
ნამე ადამიანია, რომელსაც წილად ხვდა ოჯახური ტრადიციის (წყლით მკურნალობის) გაგრძელება, რადგან მას, ძმებისგან განსხვავებით, სწამს წყლის ძალის და, რაც მთავარია, მკურნალის ნიჭით დაჯილდოებულია. ეს არის ახალგაზრდა ადამიანი, ქალი, რომელსაც არ აქვს საშუალება, იპოვოს საკუთარი თავი, დანიშნულება, აირჩიოს გზა - თითქოს ბუნებამ და მამამ გააკეთეს მის მაგივრად ეს ყველაფერი. ამ პერსონაჟის სარკის ანარეკლიდან გაცნობა, შესაძლოა, იმაზე მიუთითებს, რომ მას, როგორც ყველა ადამიანს, მაინც აქვს დაუოკებელი წყურვილი საკუთარი რეალური მეს შეცნობისა, თუმცა სურვილი ვალდებულებას, რწმენას, ტრადიციას ეჯახება და ახალგაზრდა ქალში შინაგან ბრძოლას იწვევს. ამ მოსაზრებას ამყარებს სცენა, რომელშიც ნამე კოსმეტიკის მაღაზიაშია. ამ შემთხვევაშიც მის სახეს სარკეში ვხედავთ. ნათლად ვხედავთ შინაგან ბრძოლასაც, თუმცა აქაც ვალდებულება იმარჯვებს. ჯერჯერობით.
კინოსურათში დიალოგი მინიმალისტურადაა გამოყენებული. ფილმი აგებულია კარგად ათვისებულ კინოენაზე, სიჩუმესა და ბუნებრივი ხმაურების მონაცვლეობაზე, ნელ, თანაბარ ტემპზე, რომელიც მნიშვნელობებით დატვირთული კადრების აღქმის საშუალებას იძლევა. ეს კარგიც არის, რადგან ფილმის, უხეშად რომ ვთქვათ, სუსტი წერტილი, ვფიქრობ, სწორედ დიალოგები და მსახიობების მიერ მათი მაყურებლამდე არაბუნებრივად მოტანაა. მსახიობებს კარგად აქვთ როლები მორგებული, მათი ქმედებები აბსოლუტურად ჯდება იმ სამყაროს ხასიათში, რომელსაც ზაზა ხალვაში გვიჩვენებს, თუმცა როგორც კი ხმას ამოიღებენ, თითქოს რაღაც იკარგება, თითქოს ზედმეტად ცდილობენ, იყვნენ ბუნებრივები, სახასიათოები და, ჩემი აზრით, ამ მცდელობაში საპირისპირო შედეგამდე მიდიან.
შესაძლოა, მათი თამაშის მანერის მიღმა ემოციებისგან გააზრებულად დაცლილი დიალოგებიც დგას. როგორც აღვნიშნე, ფილმი მაყურებლის გონებას კვებავს და არა - გულს, თუმცა ბალანსის პოვნის მცდელობაც კი არ იგრძნობა, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს რეჟისორის ჩანაფიქრის შედეგია და არა - შემთხვევითობა. ამ შემთხვევაში, ალბათ, მსახიობებმაც რეჟისორის მითითებებიდან გამომდინარე წარმოთქვეს დიალოგები ასეთ განყენებულ სტილში. არცერთი პერსონაჟის მიმართ არ გამჩენია ემპათია, მათთან ვერანაირი ემოციური კავშირი ვერ ვიგრძენი. ერთადერთი გრძნობა, რაც გამიჩნდა, იყო სურვილი, ამომეხსნა თითოეული კადრის მნიშვნელობა, მათ მიღმა კი - ავტორის სათქმელი. არადა, ფილმის სიუჟეტიც, პერსონაჟებიც და მათი ურთიერთობაც საშუალებას იძლევა, მაყურებლისკენ ფიქრების ქარიშხალთან ერთად ემოციების სიომაც დაუბეროს. ოჯახური ურთიერთობების კომპლექსურობა; მშობლების მტკიცე, მათთვის უწყინარი, მაგრამ ხშირად ზიანის მომტანი სურვილი, შვილები მათ გზას გაყვნენ; გაუცხოება შვილებთან და შვილებს შორის; შინაგანი ბრძოლა და ა.შ. - ზაზა ხალვაშს შეეძლო ყველა ეს თემა ისე გადმოეცა, რომ მაყურებელში ემპათიის მცირე დოზა მაინც გამოეწვია, თუმცა მან ან საერთოდ არ ჩათვალა ემოცია საჭიროდ, ან ფილმში იმდენად მინიმალურად ჩააქსოვა, რომ უბრალოდ დაიკარგა და ჩვენამდე ვერ მოაღწია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მაყურებლის გარკვეული ნაწილისთვის კინოსურათი ერთგვარად მიუღებელი იყოს, რადგან ემოციის არარსებობისა თუ ნაკლებობის გარდა, ერთი შეხედვით, თითქოს პერსონაჟებიც არ არიან განსაკუთრებით საინტერესონი. მაყურებელი, ნელი ტემპიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მისტიკურ სამყაროშია დაკარგული და, ალბათ, გაუგებრობის განცდაც თან ახლავს. პერსონაჟები და მათი ურთიერთობები უფერულდება გარემოს შეცნობისა და სიტუაციაში გარკვევის სურვილით. თუმცა, ეს ერთი შეხედვით. სინამდვილეში, ფილმის სილამაზე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მაყურებელმა თავად უნდა შეაკოწიწოს მთავარი გმირების სახეები და მათ მოქმედებებსა და სიტყვებზე დაკვირვებით მიუახლოვდეს ავტორის სათქმელს. ეს კი განსაკუთრებით ორ პერსონაჟს - ალის და ნამეს და მათ ურთიერთობას ეხება.
ალი პერსონაჟია, რომელსაც ის ჯადოსნური, რიტუალური, მისტიკურ-ფოლკლორული განწყობა შემოაქვს, ფილმს ასე განსაკუთრებულად რომ აქცევს. მაყურებელი ამ პიროვნების ორ სახეს ხედავს, რომლებიც ერთმანეთშია გადახლართული. ერთი მხრივ, ალი ხანშიშესული ადამიანია, როგორც ჩანს, ახლახანს დაქვრივებული. ამასთან ერთად, იგი მამაა, იმ დარდით დამძიმებული, რომ სამივე ვაჟმა უარი თქვა ტრადიციის გაგრძელებაზე და მკურნალი წყლის ძალისკენ მიმართულ სკეპტიციზმს ბოლომდე გაჰყვა. „ხალხში არ ვამბობ, თორე გულში ვამაყობ... დედაშენი დამაკლდა ძალიან... თქვენც ძალიან ადრე გამიფრინდით“ - ამ ფრაზით, რომელსაც იგი თავის ერთ-ერთ შვილს ეუბნება, ალის წუხილი სააშკარაოზე გამოდის, თითქოს მის შინაგან სამყაროში ჩახედვის საშუალება გვეძლევა და მას ვხედავთ, როგორც ერთ ჩვეულებრივ მოხუც ადამიანად, შვილები და გარდაცვლილი მეუღლე რომ ენატრება.
მიზეზს, თუ რატომ არ გამოხატავს შვილებით სიამაყეს ხალხში, ალის მეორე, არაჩვეულებრივ სახემდე მივყავართ. იგი სოფლის მკურნალია, მისი რწმენა წყალსა და თევზში, რომლებსაც მთელი ცხოვრებაა იცავს, ნებისმიერ რელიგიას გაუტოლდება. მიუხედავად მისი რწმენისა და სიყვარულისა, ამ საქმიანობას დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან, წინაპრებისა და თანასოფლელების წინაშე.
ეს პასუხისმგებლობა ამძიმებს მოხუცს, იგი მზადაა თავიც კი გაწიროს, ოღონდ კი თევზი გადარჩეს, „მაინცდამაინც მის ხელში არ მოკვდეს“ და ხალხს კვლავ სჯეროდეს, რომ წყალი ყველას მოევლინება მკურნალად. „მაშინ რისთვის ვიცხოვრე?!“ - ამ კითხვას ალი ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სცენაში სვამს. აქ, ალბათ, სასოწარკვეთასთან ერთად ოდნავი ეგოიზმიც გამოსჭვივის. სცენის მნიშვნელოვნება რამდენიმე საკითხში მდგომარეობს. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, ამჯერად სიტყვიერად, ვხედავთ ალის დამოკიდებულებას თავის საქმიანობისადმი. მას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ცხოვრების გაგრძელება ოჯახის მიერ ამ ტრადიციის დაცვისა და მკურნალად ყოფნის გარეშე. მაგრამ ყველაზე კონცემპტუალური რამ, რაც ამ სცენაშია, არის მისი დამოკიდებულება შვილებისა და მათ მიერ არჩეული გზებისადმი. „ჩემს გზას უნდა გაჰყოლოდით!“ - იგი მტკიცედ დგას ამ აზრზე, რომელსაც ამავე სცენაში, თავის ვაჟთან ლაპარაკისას აფიქსირებს. საინტერესოა რეჟისორის გადაწყვეტილება, საერთო ხედები გამოიყენოს ოჯახის წევრებს შორის გამართული თითქმის ყველა დიალოგის ჩვენებისას. აქაც შორიდან ვუყურებთ ოთახის მეორე ბოლოში მსხდომ მამა-შვილს. თითქოს რეჟისორს უნდა, მაყურებელმაც იგრძნოს ის ხიდჩატეხილობა, გაუცხოება, რაც ამ ადამიანებს შორის სუფევს. და ბოლოს, აუცილებლად ცალკე აღსანიშნია ის, თუ როგორ და რად აღიქვამს იგი ერთადერთ ქალიშვილს - ნამეს.
„ვერ მიხვდა, ვინაა ნამე“ - ასეთი პასუხით ისტუმრებს ალი ერთ-ერთ ვაჟს კითხვაზე, თუ რა დაუწუნა პოტენციურ სასიძოს. და მართლაც, ვინაა ნამე? კითხვა, რომელიც არა მხოლოდ თვითონ ნამეს, არამედ მაყურებელსაც ღრღნის. „რატომ ვარ სხვა?“ - იგი ხვდება, რომ განსხვავებულია, ამას ჩვენც ვხვდებით, მაგრამ რას გულისხმობს ეს განსხვავებულობა? რა დანიშნულება აქვს მას? კითხვები, მხოლოდ კითხვები, და ნამესთვის პასუხებისკენ მიმავალი ჩახერგილი გზა. ალის სიტყვებშიც და ქცევაშიც იგრძნობა ის დამოკიდებულება, რომ ნამე ვალდებულია, მიჰყვეს მამის გზას, დაუთმოს ცხოვრება ტრადიციის გაგრძელებას და დაემორჩილოს დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ცხადია ისიც, რომ მისი, როგორც მამის და როგორც კაცის, სიტყვა კანონია - ნამეს არ აქვს უფლება უყვარდეს ის, ვისაც წყლის ძალის არ სჯერა, ის, ვინც მისი ღირსი არ არის, ამას კი არა თავად ნამე, არამედ ალი გადაწყვეტს. მამა შვილს მარტოობას ასწავლის, თითქოს ამშვიდებს - „გავა დრო და მიეჩვევი“ - მაგრამ, რეალურად, აშკარაა, რომ ნამეს შინაგანი ბრძოლის ნაპერწკლები ამ სიტყვებით უფრო ალდება. საინტერესო არჩევანია, რეჟისორისა და მსახიობის (მარიშკა დიასამიძე) მხრიდან, პერსონაჟის უსიცოცხლოდ, მონოტონურად წარმოჩენა მაშინ, როცა მასში ასეთი ქარცეცხლი ტრიალებს.
მინდა გამოვყო სცენა, რომელშიც თავის ყოველდღიურ საქმეზე გარეთ გამოსულ ნამეს გვერდზე მომღერალ-მოცეკვავე ხალხი ჩაუვლის. კამერა სტატიკურია. ხედი - საერთო. გზა ორად იყოფა - ერთ მხარეს ხალხი მიდის, სიცოცხლით სავსე, იმ მომენტით ბედნიერი, მეორე მხარეს - ნამე, გალეული, ჩამქრალი და სრულიად ეული. სიმღერაც თითქოს წამიერად არღვევს ნამეს სამყაროში გამეფებულ სიჩუმეს და შემდეგ ისიც კვდება. ვფიქრობ, ეს საუკეთესოდ წარმოაჩენს იმ მარტოსულ ცხოვრებას, რისთვისაც ის მამას ჰყავს გაწირული. მაგრამ ყველაფერს მამასაც, ცხადია, ვერ გადავაბრალებთ. ახალგაზრდა ქალის შინაგანი დილემა ჯერჯერობით ყველასა და ყველაფერზე ძლიერია, სიყვარულზეც კი. არადა, ნამეს უყვარს. ნამეს მერაბთან ყოფნა უნდა. და პომადის ყიდვა. ფილმის მთავარი კონფლიქტიც ესაა - ხშირ შემთხვევაში შემბოჭავი ტრადიციებისა და საკუთარი თავის პოვნის, საკუთარი არჩევნის გაკეთების სურვილის ჩუმი ჭიდილი.
ფილმისთვის უკეთეს დასასრულს ვერ ვინატრებდი. ისევ და ისევ ყოველგვარი სიტყვის გარეშე, მეტყველი გამოსახულებითა და მსახიობების თამაშით, სიტუაციაში გარკვევა მაყურებელს თავადვე უწევს, დაუხმარებლად. ეს პირველი და ერთადერთი სცენაა, როდესაც ოჯახის ხუთივე წევრს ერთად ვხედავთ. ძმების სახეებზე დაძაბულობა და შოკი იკითხება, თითქოს ლაპარაკის უნარიც კი წაერთვათ, ალის გამომეტყველება კი დამნაშავისას ჰგავს, თავი დახრილი აქვს, თვალებში ვერ უყურებს შვილებს. ნამე ისეთია, როგორც ყოველთვის - მშვიდი და მარტო. ვფიქრობ, გაურკვევლობის ეფექტი სპეციალურად შექმნა ავტორმა. ჩვენ არ უნდა გავიგოთ საუბრის შინაარსი, რა თქვა ასეთი მამამ, მისი შედეგის ნახვაც საკმარისია.
ისედაც სიმბოლოებითა და მეტაფორებით დახუნძლული ფილმის დასასრულს მათი მთელი არმია იყრის თავს, რომელთა ზუსტად ამოხსნის პრეტენზია არც მაქვს და, ვფიქრობ, რომც მქონდეს, მაინც ვერ ჩავწვდებოდი სრულყოფილად ავტორის კომპლექსურ სათქმელს. რას გულისხმობს რეალურად ესა თუ ის სიმბოლო, მხოლოდ ზაზა ხალვაშმა იცის. თუმცა, რანაირად იქნებოდა ხელოვნების ნიმუში „ნამე“, ინტერპრეტაციათა ზღვა რომ არ მოეტანა. ამიტომ, ჩემებურად გაგებული ფინალი იდეალურ დასასრულად მეჩვენება.
ნამე პირველად დგამს საკუთარი არჩევნით (თუმცა არ ვიცით, საუბარმა რა გავლენა იქონია მასზე) განსაზღვრულ ნაბიჯს. ამ ნაბიჯს თან ახლავს შიში. ძველებური შელოცვის მომნუსხველი ხმა ნამეს შინაგანი ხმაა, საკუთარი თავის გამხნევებას რომ ცდილობს. ეს ისტორია წყლიდან დაიწყო, ყველაფერი წყალს უკავშირდება და წყალშივეა მისი დასასრული. თევზის გაშვებით ნამე თევზს - ადამიანებისგან, ადამიანებს კი - თევზისგან ათავისუფლებს. ტრადიციის ჯაჭვი სამუდამოდ წყდება, იგი ვეღარავის აღუდგება ყველაზე მნიშვნელოვანი მისიის წინ - იპოვონ საკუთარი თავი და მასთან ერთად სილაღე, ბედნიერება. იქნებ, ნამეს განსხვავებულობაც არა მის რწმენაში, არამედ იმ ძალაში მდგომარეობს, რომლითაც შინაგან ბრძოლაში ვალდებულების გრძნობა დაამარცხა და ეს გამარჯვება მოქმედებად აქცია. და, ალბათ, წყალში შესვლაც გარდაქმნის სიმბოლოა, იქნება ეს ორ სამყაროს შორის გაბმულ ხიდზე გავლის შედეგად გარდაქმნა თუ ერთი რეალობის მეორით შეცვლა სამუდამოდ.
„ნამე“ ფილმია, რომელიც მაყურებელთან დიდხანს რჩება და აზროვნებისკენ უბიძგებს. დაუსრულებლად შეიძლება თითოეული კადრის მნიშვნელობაზე ფიქრი და ლაპარაკი, პერსონაჟებისა და მათი ურთიერთობების მრავალი კუთხით გაანალიზება, თან ისე, რომ არც დაიღლები, არც მოგბეზრდება, პირიქით, ისიამოვნებ. შესაძლოა, ტემპმა და უჩვეულო სამყაროს უჩვეულო პერსონაჟებმა თავდაპირველად „დაგვაფრთხოს“, მაგრამ როგორც კი გავიაზრებთ, რომ ამ ფილმს თანამედროვე კომერციული კინოს თვალით არ უნდა შევხედოთ და სწორედ ამ განყენებულ სტილში უნდა ვეძიოთ ფილმის არსი, სიამოვნების ტალღებიც მაშინვე მოვა და ისე ჩაგვითრევს აზრთა ოკეანეში, მათგან თავის დაღწევას კიდევ დიდხანს ვერ შევძლებთ და, ვფიქრობ, არც გვენდომება.
„ნამე“ „ჭკვიანი კინოს“ შესანიშნავი ნიმუშია. ავტორი არ თვლის საჭიროდ ყველაფრის დაწვრილებით ახსნას და მაყურებლის აზროვნებასა და თავისუფალი ინტერპრეტაციის უნარს ენდობა, რასაც ძალიან ვაფასებ, რადგან, ვფიქრობ, ავტორის ასეთი დამოკიდებულებით ფილმიც და მაყურებელიც ბევრად მეტს იღებს. ჩემთვის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები სწორედ იმას აკეთებენ, რასაც „ნამე“ - შლიან ზღვარს ავტორსა და მაყურებელს შორის, საშუალებას იძლევიან, ნამუშევარი შენეულად აღიქვა და შენად აქციო.