ლელა ოჩიაური. საფეხური

ალექსანდრე რეხვიაშვილის ერთ კონკრეტულ ფილმზე საუბარი თითქმის წარმოუდგენელია. მისი კინემატოგრაფია ერთიანი, მონოლითური კინემატოგრაფია, სადაც თითოეული ფილმი სხვასთან კონტექსტში არსებობს, სადაც ერთი მეორის გაგრძელებას წარმოადგენს, სადაც ერთი მეორიდან იბადება და მის განუყოფელ ნაწილად იქცევა. რეჟისორის მიერ შექმნილი ტრიპტიქი, რომელიც აერთიანებს ფილმებს: „ნუცა“, „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ და „გზა შინისაკენ“, ჩანაფიქრშივე განსაზღვრავს ერთიან, ფრიზისებურ ხაზს. მაგრამ სტილისტურ-პრობლემური თანხვედრა ამ შემთხვევაში სრულიადაც არ ნიშნავს ერთფეროვნებას. რეჟისორული ძიებები სულ უფრო ღრმად იჭრება და ამ ერთიანობაში იბადება მრავალფეროვნება, მრავალწახნაგოვნება.

ალ. რეხვიაშვილის ფილმებს საერთოც ბევრი აქვთ და ასევე ბევრი განსხვავებული კუთხეებიც. 

თუ პირველი სამი ფილმი შეიძლება ერთ დიდ ნაწარმოებად აღვიქვათ, მეოთხე, ბოლო ნამუშევარი, „საფეხური“, მის ლოგიკურ გაგრძელებად, ტრიპტიქის დამაგვირგვინებელ „ნაწილად“ შეიძლება მივიჩნიოთ. 

ეს ფილმი თავად იქცა ერთგვარ საფეხურად რეჟისორისათვის. მე არ ვგულისხმობ მხატვრულ უპირატესობას სხვა ფილმებთან, არც იმას, რომ ფილმმა ახალი კუთხით დაგვანახა ავტორი. „საფეხური“ არის ერთგვარი თავმოყრა, შედეგი უკვე მიღწეულისა. უფრო განწმენდილი და დახვეწილი, გარკვეულად გადახარისხებული აღმოჩნდა ის, რაც წინა ნამუშევრებში ჩადებული, აღმოჩენილი და გადაწყვეტილი იყო. წინა ფილმებისაგან განსხვავებით „საფეხური“ თანამედროვე თემაზე შექმნილი ნაწარმოებია მოქმედების დროის თვალსაზრისით, რადგან ალ. რეხვიაშვილისათვის არასოდეს მნიშვნელობა არ ჰქონია მოქმედების კონკრეტულ ეპოქას. იქნება ეს XIX საუკუნე, თუ XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნა, გადმოცემული ამბავი ყოველთვის თანამედროვე, ყოველთვის განფენილია.

რეჟისორისათვის მთავარია ადამიანი, იმის მიუხედავად თუ რომელ ეპოქაში მოუწია მას ცხოვრება. ადამიანის ბედი მისთვის ერთი ცხოვრებით არ შემოისაზღვრება. იგი გაცილებით დიდია, ხანგრძლივია, ვიდრე სიცოცხლისათვის განკუთვნილი მცირე მონაკვეთი.

მისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის მიერ საკუთარი გზის, საკუთარი თავის, ადგილის ძიება. ადამიანობის შენარჩუნების თუ დაკარგვის პრობლემა წარმმართველია, რადგან ყველაზე მეტად მტკივნეულია.

„საფეხური“ - ფილმის გმირის, ალექსის (მსახიობი მ. ნინიძე) გზაა შინისაკენ. რეჟისორის მიერ არჩეული გზა ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეცნობისაკენ, საკუთარი ადგილის პოვნისაკენ. „საფეხურს“ შეიძლება XX საუკუნის ქართული ქრონიკა ვუწოდოთ. გმირის ძიებები აქაც და სხვა შემთხვევაშიც, მისი მოუწყობელი და მოწყობილი საქმეები რეჟისორის მიერ ყოველგვარი სუბიექტივიზმის გარეშეა წარმოდგენილი. იგი ირჩევს სხვადასხვა ვარიანტს, ადამიანს სხვადასხვა ვითარებაში ათავსებს, სხვადასხვა ბედს უმზადებს, სხვადასხვა ხვედრს არგუნებს, რათა მასთან ერთად გაერკვეს და ჩვენც გაგვარკვიოს, თუ რა, რატომ და როგორ ხდება. რა ემართება ადამიანს, როგორ იქცევა იგი სხვადასხვა სიტუაციაში, რა სურს და რა არ სურს მას.

რეხვიაშვილისათვის არ არსებობს ერთი გზა. ერთნაირ ვითარებაშიც კი ყველა გზა სხვადასხვაგვარია. ამიტომაც ეს ძიებები განსხვავებულად მიმდინარეობს „ქრონიკაში“, „ნუცაში“ და ა. შ. 

იგი არასოდეს გვახვევს თავს ერთ - საკუთარ აზრს. გვიჩვენებს. თუ გავიგებთ, გავიგებთ - ან ამას ავირჩევთ ან იმას. ამაზე მეტს ჩვენი ცნობიერებისათვის არაფერს გვაწვდის. რადგან თითოეული ადამიანი ისევე ინდივიდუალურია ზნეობის, მორალისა და ადამიანობის იმ საკითხებში, რომლებსაც რეხვიაშვილი წამოჭრის თავის ფილმებში, როგორც ამ ფილმების მოქმედი გმირები. მისი ფილმები ხომ მხოლოდ ალექსის, ნიკოს, ანთიმოზს, ინალის, ან ვინმე ჩინოვნიკს, კანცელარისტს არ ეხება, არამედ ნებისმიერ ადამიანს: აქტიურს, ძლიერს, სუსტს, მებრძოლს, უუნაროს. ბოროტს, კეთილს, ერთგულს, მოღალატეს, მჩაგვრელსა და ჩაგრულს, ყველას, ვისაც ამქვეყნად უცხოვრია. 

ალ. რეხვიაშვილი ხედავს, ირჩევს, აფიქსირებს, სადღაც გამოიკვეთება მისი განწყობა, თანაგრძნობა, თუ წინააღმდეგობა. მაგრამ ყველაფერი შეფარვით, თავშეკავებით, ქვეცნობიერადაც კი ხდება, რადგან მისთვის არ არსებობს ერთი გზა, რადგან ცხოვრებაში მრავალი ასეთი გზაა, რომელიც ყველამ თავად უნდა ამოიცნოს. ამიტომაც ბოლომდე ვერ ვიგებთ, რა ემართება ნიკოს, როგორ კლავენ ანთიმოზს, ვერ ვიგებთ რატომ და სად, კონკრეტულად სად მიდის ალექსი და რა ელოდება მას. 

ყველაზე მძაფრად (და შეფარულად) ამაზე სწორედ „საფეხურშია“ საუბარი, რადგან ყველაზე უშედეგო ალექსის გზაა, რადგან ნიკო, მართალია პასიურად, მაგრამ მაინც იბრძვის, ანთიმოზი მთელი არსებით ეწინააღმდეგება მოვლენებს, სულ შინისაკენ მიილტვის, აქტიურობას კი ფინალში ამჟღავნებს. ალექსის შესახებ ისიც არ ვიცით, ამ უგზო მთის ფერდობს საით, რა მიმართულებით გაუყვება და საერთოდ, თუ ექნება რაიმე შედეგი ამ გაქცევას საკუთარი „ციხიდან“? 

რეხვიაშვილი თუმცა ყოველთვის აზოგადებს დროს, ეპოქას, სათქმელს, დრო მასთან ფილმიდან ფილმში დის. 

ნუცას“ მოქმედება უფრო ფორმირებულ გარემოში და შეიძლება დროშიც ხდება. „ქრონიკაში“ მოცემულია სახე  ქალაქისა, სოფლისა. ადამიანები ორად გაიყვნენ. ზოგი აჩრდილად იქცა, ზოგი მხსნელის მომლოდინე, მართალია პასიურ, მაგრამ საკუთარი სახის მქონე ჯგუფად. 

ფილმში „გზა შინისაკენ“ ძალთა გადაწონვა მოხდა. იმძლავრა ბოროტებამ და გამრავლდა, გამძლავრდა მოღალატე, მჩაგვრელი, გამოიკვეთა მისი არსი. ჩაგრული უფრო დაიჩაგრა, რაოდენობრივადაც შემცირდა, განადგურდა. დრო, ადგილი უფრო განიფინა, გაიშალა. კონკრეტული ნიადაგი სრულიად მოირყა.

საფეხურში“ კი თითქოს ყველამ სახე დაკარგა. აქ აღარც ბოროტია და აღარც კეთილი, აღარც ძლიერი და აღარც სუსტი, აღარც მჩაგვრელი და აღარც ჩაგრული. ადამიანმა საკუთარი თავი დაკარგა. დაკარგა ძალა. გარემო დაპატარავდა და რამდენიმე ბინის ინტერიერში მოთავსდა. ალექსი ძალზე ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელ ჭაბუკად მოგვევლინა, რომელმაც არა თუ არ იცის რისთვის იბრძოლოს, არამედ ისიც ვერ გაუგია, საით წავიდეს. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. ადამიანმა არ იცის, რა სურს. ამიტომაც მას მიზანი არ გააჩნია. მან იცის, თუ რა არა სწამს, ის კი არ იცის, რა იწამოს. 

იგი გზააბნეულია, გვერდითაც არავინ ჰყავს, ხელი რომ გაუწოდოს მისაშველებლად. ყველაფერში: მოძრაობაში, გამომეტყველებაში, ჟესტებში დაბნეულობა გამოსჭვივის. მისთვის ყველაფერი სულერთია. 

ანთიმოზის, ნუცას, ნიკოს ამ შთამომავალმა თანდათან დაკარგა სახე. იგი რაღაცას ეძებს, სუსტად, მაგრამ მაინც რაღაცას აპროტესტებს, არ ჩერდება, ვერ ისვენებს. ალექსის აქვს მოქმედი ადამიანის თვისებები. მისმა ნაშრომმა მოწონება დაიმსახურა, ე. ი. შრომის უნარიც შესწევს და რაღაცის შექმნისაც. იგი არც ჩინოვნიკად ქცეულ ხელმძღვანელს ერიდება და სიმართლეს პირში მიახლის. სხვებთან ურთიერთობების გარკვევაც შეუძლია. და ბოლოს გადაწყვეტილებასაც მი- იღებს: წავიდეს, განერიდოს, რაღაცას ეწიოს. 

მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო ნაბიჯებია, ისეთი სუსტია მისი პროტესტიც და ამბოხებაც, რომ რას მოუტანს, არავინ უწყის. 

ალექსიც თავისი დროის, თავისი ეპოქის, ქალაქის, ოჯახის შვილია. მანაც იგივე ფაზები გამოიარა, რაც ყველა დანარჩენმა. მასაც იგივე ისტორია ჰქონდა და იგივე გარემოში იზრდებოდა. მაგრამ მაინც გამოირჩა სხვებისგან, ისევე, როგორც ნიკო და ანთიმოზი. ის სუსტი ამბოხიც, მომავალში იქნებ სასიკეთო აღმოჩნდეს, და არა მარტო მისთვის. 

პიროვნებას გარემო, ვითარება, ისტორია აყალიბებს. ნუცა იძულებული გახდა თავად შეეჭამა შხამიანი კენკრა. ნიკო სხვისი იდეების მატარებელი, გზის გამკვალავი იყო — თუმც დამარცხებული, მაინც მიზანდასახული. ანთიმოზი შეგნებული გზით ისწრაფოდა შინისაკენ. თუმც იქ აღარავინ ელოდებოდა. მათ გარშემო ისეთი ამბები ხდებოდა, რომ ვიღაცას აუცილებლად უნდა ეკისრა მესიის, წინამძღოლისა თუ უბრალო მაგალითის ფუნქცია. 

ანთიმოზის სიკვდილი — საკუთარი თავისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი (ხომ არავინ იცოდა, რა ეწერა ქაღალდში), თავად რომ წაუკითხა ჩაფრებს, მოულოდნელი, მაგრამ ამავე დროს ამ ბრძენი და ნათელი კაცის ცხოვრების ლოგიკური დასასრულია. სხვისთვის, თავისი ერისთვის, ყველა ადამიანისათვის ცხოვრების გაკვეთილია. იგი შეეწირა თავის გზას, საქმეს, სახლს, ადამიანებს. სხვის თხოვნას დაქვემდებარებულმა ნიკომ თავი დასდო ტყის გადასარჩენად. 

ალექსი წავიდა სადღაც... იქ, სადაც თვითონ უნდა გაეკვლია გზა, სადაც ბილიკიც კი არ მოჩანს, საიდანაც ახლახან ვიღაც გამოიქცა. ეს ვიღაც მიწაზე ზის და კონსერვი ქილიდან საჭმელს შეექცევა. მისთვის ეს გზა მცდარი აღმოჩნდა. 

ალექსი წავიდა საკუთარი თავის საპოვნელად, რადგან სახე, ძალა დაკარგა. იგივე მიზნით, როგორითაც ნიკო, ანთიმოზი სხვისთვის სიკეთის, სიხარულის მოსატანად.

თვით სურვილი, მცდელობა რაღაც გააკეთო, გზა მოძებნო, უკვე ნაბიჯია, უკვე აქტია, რადგან ამან შენთვის თუ არა, შეიძლება სხვისთვის გამოიღოს შედეგი. მილოშ ფორმანის ფილმში „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ არის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი: როდესაც ჯეკ ნიკოლსონის გმირი წყლის ავზს დაეჭიდება და ძვრას ვერ უზამს, იტყვის: ხომ ვცადეო. ფინალში კი ინდიელი სწორედ ამ ავზით გაამტვრევს ფანჯარას და თავისუფლებას მოიპოვებს. 

სწორედ ამგვარი მაგალითია ანთიმოზის, ნიკოს და თვით ალექსის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ზოგი სუსტად, ზოგი უფრო ძლიერად ცდის ძალას ე. ი. მოქმედებს, ეწინააღმდეგება, იბრძვის. 

თუმცა ისინი გამარჯვებას ვერ აღწევენ, მაგრამ უუნაროდ, უმოქმედოდ, უაზროდ ყოფნას ისევ უშედეგო მცდელობა ურჩევნიათ. 

ნიკოს სიკვდილი ხალხს გამოაფხიზლებს, ანთიმოზის სიკვდილი ადამიანური ზნეობის უდიდეს მაგალითს იძლევა. თუმცა ასეთ დროს, როდესაც შედეგი არ ჩანს, ამას მნიშვნელობა აღარა აქვს. 

ალექსის მცდელობა გამოსავალია იმ მოქუფრული და ჩაკეტილი სიტუაციიდან, სადაც იგი ტრიალებს. თუმცა, ანთიმოზთან და ნიკოსთან შედარებით ეს ნაბიჯი სუსტია (მომავალი კი გაურკვეველი), მაგრამ იგი მაინც აქტიურობად შეიძლება მივიჩნიოთ, თუ გავითვალისწინებთ იმ დროსა და მდგომარეობას, რომელშიც ფილმის გმირებს უხდებათ არსებობა.

გადის ეკრანული დრო, „მოვლენები“ ვითარდება, თუ შეიძლება განვითარება ვუწოდოთ ერთი და იგივეს მონოტონურ, ციკლურ გამეორებას და ალექსი გაპროტესტებას იწყებს. ეს მასში ხდება ცვლილება და ბიძგებიც მის სულში წარმოიშვება. მასში პიროვნება იწყებს გაღვიძებას. ოღონდ მხოლოდ იწყებს... 

„საფეხურში“ ადამიანმა დაკარგა სახე, პროფესია. დაიკარგა ავი და კეთილი ძალა. როდესაც არსებობს მჩაგვრელი, მას, ცხადია, ჩაგრულიც ჰყავს. ზოგჯერ ჩაგრული ბრძო- ლას იწყებს, აქტიურდება. ბოროტებას სიკეთე უპირისპირდება. 

„საფეხურში“ ასე არ ხდება. ადამიანი უკვე შინაგანად არის დაცარიელებული. რა თქმა უნდა, არც გარე ფაქტორები გამოირიცხება. ისინი მხოლოდ იგულისხმება. ეს ყველაფერი წინა ფილმებშია ჩადებული. ამხელა წინაპირობამ, ალბათ, მაინც გარკვეული დაღი დაასვა კაცობრიობას. ჩვენ იმის შედეგს ვხედავთ, რაც მანამდე იყო და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა იყო მანამდე, რამ მიიყვანა ეს ხალხი აქამდე. ადამიანი დასუსტდა, შეეგუა, შეეთვისა და იქცა ჩვეულებრივ არაკაცად. ისეთივე აჩრდილად, „ქრონიკაში“ კანცელარიის ჩაბნელებულ დერეფანში რომ დაბორიალობდა. მაგრამ უფრო დასუსტებულ-გაფერმკრთალებულად, რადგან მისი თვისება — ძალადობაც კი დაკარგა. 

„საფეხურში“ არც მოძალადე ჩანს, არც მტერი, არც ერია ჩავარდნილი რაიმე განსაკუთრებულ, ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორც ეს ალ. რეხვიაშვილის სხვა ფილმებში ხდებოდა. გარეგნულად არც სიტუაცია გამოიყურება ისე პირქუშად, არც ნგრევის ხაზგასმული სურათია ნაჩვენები. ჩვეულებრივი, ლამაზად ჩაცმული ადამიანები კარგ პირობებში ცხოვრობენ. 

მაგრამ აი, ალექსის მოუწყობელი ბინა, მიხეილის მყუდროებას მოკლებული ძველი ოთახი, ინსტიტუტის ათასი უსარგებლო ნივთით გამოვსებული, არეული შენობა, ძველი ეკლესიის ნანგრევი ფინალში რაღაც ძვირფასის და ღირებულის დაკარგვაზე მიგვანიშნებს. ნგრევისა და სიცარიელის სურათს თვით ადამიანები ქმნიან. აქ, მთელ სამყაროში, სიცარიე- ლე, უსაქმურობა, უმოქმედობა გამეფებულა. დრო გადის, არაფერი არ იცვლება, არაფერი არ ხდება, ცხოვრება უმიზნოა, ინტერესების სფერო შეზღუდულია. 

ფილმში განუწყვეტელი ქაოსია. მიმოსვლა, მოძრაობა. ერთი შეხედვით, უსაქმოდ არავინ ჩერდება. მაგრამ იმდენად არაფრისმთქმელი და არაფრისმომტანია ეს ფუსფუსი, რომ იქმნება შეჩერების, გაყინულობის შთაბეჭდილება. მიდი-მოდის ხალხი ალექსის ბინაში, ინსტიტუტის თანამშრომლები ქაღალდებით დატვირთულები დაიარებიან, სულ ამაოდ აკითხავს ალექსი უფროსს თავის სამსახურებრივ საქმეებზე, რათა მისგან უაზრო, ერთი და იგივე პასუხი მიიღოს. 

აქ არ არსებობს, არ ჩანს ადამიანის ბედით ჭეშმარიტი დაინტერესება. ალექსის ბინაში ახალგაზრდები, ნაცნობები და უცნობები იკრიბებიან. უაზროდ საუბრობენ, უაზროდ უსმე- ნენ მუსიკას, უაზროდ ამრავლებენ სოკოებს, უაზროდ ტრიალებს პატეფონის ფირფიტაზე ლეკვი, რომელიღაც ფირმის ფირფიტების ეტიკეტს რომ ამშვენებდა ოდესღაც. 

აქ უკვე აღარ არის საჭირო მატერიალიზებული, ხორცშესხმული მოძალადე. აღარც გაპარტახებული ტყის, ეკლესიების, დაშინებული და გაუბედურებული ადამიანების, მოღალატეების და მჩაგვრელების ჩვენება არის საჭირო. 

ის სიცარიელე, რაც ადამიანებს დაუფლებიათ, უაზრობა და ულმობლობა, აქ რომ სუფევს, არანაკლებ მკვეთრად და მძაფრად გამოხატავს სათქმელს. ადამიანებს აღარანაირი მიზნები და ინტერესები არ გააჩნიათ. მათ არც სიცოცხლისათვის ბრძოლა სურთ და არც შესწევთ ამის უნარი, რადგან გამოფიტულ სულს არაფერი არ შეუძლია. თვით ღალატიც კი კარგავს ძალას. ისეთი შემთხვევები, როგორიც არის ალექსის მეგობარ გოგონასთან უცხო ვაჟის გახშირებული სტუმრობა, მამის დაქორწინება შვილისტოლა ქალზე, გარდაცვლილი მიხეილის ნათესავების მიერ მისი „ქონების“ მითვისება არანაირ მძაფრ ემოციას არ იწვევს. საწყენია, მაგრამ მთავარი ეს არ არის. 

ისევ, როგორც წინა ფილმებში, აქაც შეიგრძნობა დრო, წელიწადისა თუ დღის რაიმე მონაკვეთი. ამას ხელს ის ფაქტორიც უწყობს, რომ ყველაფერი ინტერიერში ხდება, ჩაკეტილ სივრცეში, დღის სინათლე აქ ნაკლებად აღწევს. 

დრო აქ ვერაფერს ცვლის. დროის დინება შინაგანია, უფრო. ფაქტობრივი. ალექსი ზოგ ურთიერთობას გაწყვეტს, დამოკიდებულებებს შეცვლის და არსებობის ახალ გზას დაადგება. 

იგი სივრცეში გადის. ფილმში პირველად ჩნდება ნატურა. ბუნება, მართალია ხრიოკი, ცარიელი, აქ მაინც იმედია. 

ადამიანები, გარს რომ ახვევიან ალექსის, ნიღბებს მოგვაგონებენ, რომლებიც ემოციას, სიცოცხლესმოკლებულნი სხვადასხვა მოქმედებას მექანიკურად ასრულებენ. 

„ქრონიკის“ ადამიანი-აჩრდილებისაგან განსხვავებით მათ სახეებს და კონკრეტულ მოქმედებას უფრო ხანგრძლივად ვხედავთ. სახლის პატრონი სიმპათიური ქალი (მსახიობი — ი. ჭიჭინაძე) გაყინული, ცივი გამომეტყველებით სახეზე, სუნამოს ფლაკონების შეგროვებით და მათზე მტვრის გადაწმენდით არის გართული. ეს უასაკო, უცნაური ქალი მყის მზად არის ალექსისთან შევიდეს, როგორც კი მას ვინმე ესტუმრება. ალექსის კი სულ სტუმრები ჰყავს. თუმცა დიასახლისი ამასაც ისევე გულგრილად აკეთებს, როგორც ყველაფერ სხვას. რაიმე განსაკუთრებული მიზანი და ინტერესი მას არ გააჩნია. 

მიტო (მსახიობი ლ. აბაშიძე), მიუხედავად მშვენიერი გარეგნობისა, არანაირ პიროვნულ ინტერესს არ იწვევს. სწორედ მისი იდეა იყო ალექსის სარდაფში სოკოების მოშენება. ეს უსაგნო, უსაფუძვლო საქმიანობა მისი ყოფის უაზრობაზე მეტყველებს და სხვა არაფერზე. 

დიასახლისის ქალიშვილი (მსახიობი — ნ. თარხან-მოურავი) აშკარად დაინტერესებულია ალექსის პიროვნებით, მაგრამ ისიც რაღაცნაირი გულგრილი, განყენებული, უმოქმედოა. 

მიხეილი (მსახიობი - ა. ფხალაძე), ერთადერთი ნათელი წერტილი ფილმში, ალექსის მასწავლებელი, გზის მაჩვენებელია. სწორედ მიხეილი ურჩევს ალექსის წავიდეს აქედან, სხვას მოუტანოს სიკეთე. მაგრამ ისიც რაღაცნაირად დასუსტებული, ძალაგამოცლილია და განსაკუთრებულ ემოციას, მოქმედების უნარსმოკლებული. 

„საფეხური“, ისევე როგორც ალ. რეხვიაშვილის სხვა ფილმები, სცილდება კონკრეტული დროის, ერის, ადამიანთა გარკვეული წრისა და მდგომარეობის ფარგლებს. თუ წინა ნამუშევრებში სათქმელის განზოგადებას ხელს უწყობდა პერსონაჟთა ეპოქალურად, სტილურად აღრეული კოსტიუმები (შუა საუკუნეების ყაჩაღები ჯინსის შარვლებში ან თანამედროვე ლაბადებში იყვნენ ჩაცმულნი), ამ შემთხვევაში ეს რეჟისორის მიერ უარყოფილია. აწმყო განუყოფლად არის გამომზეურებული. 

აქ განზოგადება უფრო დახვეწილი და ნატიფი ფორმით ხდება, ელემენტებისა და დეტალების, ფრაზებისა და ქმედების მკაცრი შიფრისა და სიმბოლიკის მეშვეობით. 

„საფეხურში“ არ არის არც ერთი ნაცნობი, ხელშესახები, ჩვეულებრივი ყოფის ამსახველი სიტუაცია. მოქმედების გადატანა ინტერიერში, ჩაკეტილ სივრცეში ქმნის ეგზისტენციალურ გარემოს. გაუცხოებულს, თუმცა ამავე დროს, ძალიან რეალურსა და ახლობელს, გავრცობილსა და ფართო მასშტაბით აღებულს, სადაც მძაფრად იკვეთება ადამიანის სამყაროსთან და სხვებთან შეუთავსებლობის, თავის თავში ჩაკეტვის, გამოუვალობის პრობლემა. 

ნივთების, პერსონაჟების, სიტუაციების აბსურდულობა, შინაგანი უკონტაქტობა აიდუმალებს ამბავს, რაც გვაგონებს სიურრეალიზმის სიზმრისეულ რეალობას. ერთმანეთთან თითქოს დაუკავშირებელი სიტუაციები და დეტალები თავის თავშივე უცნაური სათქმელის განზოგადებისა და გარეალურების წინაპირობას ქმნიან. 

თუ სხვა ნამუშევრებში იყო რთულად ამოსაცნობი, მრავალნიშნოვანი, მაგრამ მძაფრად აქცენტირებული დეტალები, ისეთი, როგორიც ციცხვი „ქრონიკაში“, სათლი „გზაში“, ქარების ქროლვა და წვიმა და ამგვარი დამხმარე საშუალებები, „საფეხურში“ ამგვარი ხერხი თითქმის უარყოფილია. თუკი რაიმე ნივთს ან ჟესტს აქვს ნიშნის დატვირთვა, იგი იმდენად შეფარული და რთული ამოსახსნელია, რომ შეიძლება ყურადღებაც არ მივაქციოთ, მათი ამოცნობის სირთულეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. 

რას ნიშნავს ჩოჩორი, ან სოკოს პლანტაცია, ან ლეკვი, ან თევზი (სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა სინამდვილეში) ძნელი ამოსაცნობია. ცხადია, აქ მეტად რთული კოდური სისტემა მოქმედებს, მაგრამ, ამავე დროს, იმის აზრიც გვებადება, რომ ჩვენ მხოლოდ რეჟისორის მიერ ჩადებულ ერთ, ან რამდენიმე, ხაზგასმულ აზრს კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ სრული შინაგანი გათავისუფლებით საკუთარ არჩევანს ვაკეთებდეთ. 

აქ ერთ ან რამდენიმე დეტალს გარკვეული ფუნქცია კი არა აქვს დაკისრებული ეპიზოდის ან რაიმე სიტუაციის გასაშიფრად, არამედ მხოლოდ საერთო ზოგადი ვითარების ამოხსნასა თუ მიჩქმალვას ემსახურება. 

ალ. რეხვიაშვილი მხატვრული აზროვნების მოვლენებში ინტუიციური წვდომის უდიდეს შესაძლებლობებს ამჟღავნებს. იქმნება ერთგვარი დისტანციურობისა და სიცივის შეგრძნება. 

ერთგვარი განყენებულობა, გარეთ დგომა, მოქმედებაში ჩაურევლობა გვაახლოებს ამბავთან, პრობლემასთან, რადგან ჩვენ უკვე რეჟისორის ემოციებსა და შთაბეჭდილებებს კი აღარა ვართ აყოლილნი და ძალაუნებურად თავსმოხვეული გრძნობებითა და შთაბეჭდილებებით კი არ ვივსებით, არამედ ჩვენი, ინდივიდუალური განცდებით, რომელთაც ჩვენში ბადებს ხელოვნების ეს ნაწარმოები. და ძალაუნებურად, აქტიურად ვერთვებით მოქმედებაში. უკვე საკუთარი გზის არჩევანზე ვფიქრობთ, რაღაცის გადაფასებას ვიწყებთ, და არა მხოლოდ ნაჩვენებ სიტუაციაში, არამედ იმ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენ პირადად საკუთრივ გაგვაჩნია. 

იმედის ის მცირე სხივი, რომელიც „საფეხურის“ შინაგანად დაბურულ გარემოში გამოკრთის, რეჟისორის მუდმივი და ჩაუმქრალი იმედია, რაც ნიკოს გზის, ანთიმოზის გზის დასასრულს სდევდა თან. ეს არის შინისაკენ მიმავალ გზაზე, ზემოთ, მთის ფერდობზე ასასვლელი საფეხურის იმედი.

„კინო“ N1 1988