ირინე კუჭუხიძე
ცისფერი მთები
კინოკრიტიკას არაერთგზის გაუანალიზებია ელდარ შენგელაიას ცალკეული ფილმების და მთლიანად შემოქმედებითი, ზოგად-ესთეტიკური თავისებურებანი: ახალი სახეები, გამოკვეთილი თემატური და ჟანრული მიდრეკილებები, მოხდენილი, ძალდაუტანებელი სტილი და ამასთან მნიშვნელოვანი, ზოგჯერ ძალზე მწვავე სათქმელი.
ელ. შენგელაიამ საეკრანო გმირებად აქცია ადამიანები, რომლებიც მართლაც არსებობენ ყოფაში. თავისებური რაკურსით დანახულ ქართულ ხასიათებს თუ ცხოვრებისეულ პლასტებს, რომელთა აღქმა საკმარისი აღმოჩნდა ელ. შენგელაიას შემოქმედებითი ენერგიის მოძრაობაში მოსაყვანად, სხვა, თუნდაც ნიჭიერი ხელოვანი არ აუღელვებია. რა არის მისი უმთავრესი თემა? უკეთუ ასეთი ფართო განზოგადება შესაძლებელი და მისაღებია - ეს არის ე.წ. “უბრალო” ადამიანის თემა. საქმე ის არის, რომ უბრალო ადამიანის ფსიქიკა, მისი ფიზიონომია, ინტერესები, მისი მორალური სახე თუ იდეალები იცვლება დროსთან ერთად და ტიპი, რომელიც ამა თუ იმ ეტაპზე მიჩნეულია ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანის ტიპიურ სახედ, ჩქარა ძველდება, რადგან ცხოვრებაში სხვა, ახალ თვისებებს იძენს. ამიტომ ხელოვნებისათვის ეს თემა დაუშრეტელია და როცა მოდის მხატვარი, რომელიც ამჩნევს ტრადიციული ტიპის ევოლუციას, ცვლილებებს და მის მხატვრულ განზოგადებას ახერხებს, შედეგი ასეთი ხელოვანის შემოქმედებისა ყოველთვის საეტაპოა, რადგან სწორედ უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანია ის არსება, რომელშიც, როგორც კრისტალში, ზუსტად აირეკლება თანამედროვეობა და ტრადიცია.
უკვე “არაჩვეულებრივ გამოფენაში” და შემდგომაც ელდარ შენგელაია მისთვის საგულისხმო მოვლენებისა და ხასიათების მხატვრული გააზრების საწყის წერტილად წინ წამოსწევს ობიექტისადმი კომედიურ-ესთეტიკურ დამოკიდებულებას. თუმცა მისი ფილმები წმინდა ჟანრის ნაწარმოებებად ვერ ჩაითვლება. მათი სტრუქტურა მრავალშრიანია და ერთდროულად ითავსებს სასაცილოსა და სევდიანს, ანეგდოტურ სიტუაციებს, კომიკურსა და ტრაგი-კომიკურ პასაჟებს, ფარსისა და აბსურდიზაციის ელემენტებს. სხვათა შორის, სწორედ ეს უკანასკნელი იკვეთება განსაკუთრებული თვალსაჩინოებით მის ბოლო ფილმებში - “ცისფერი მთები” და “ექსპრეს-ინფორმაციაში". ზემოთ აღნიშნული პოლარულად განზიდული საწყისების, განსხვავებული ინტონაციების გაერთმთლიანება ხდება ელ. შენგელაიას ფილმების სტილური დომინანტიც. ეს ნაზავი განსაზღვრავს არა მარტო ფილმის მხატვრული სახის, მისი კონსტრუქციის შინაგან ლოგიკას, არამედ ხშირად გამომსახველობითი პლასტიკის თავისებურებებსაც: ერთი მხრივ, რეჟისორი არ ახდენს რეალობის დეფორმირებას, უარს არ ამბობს საგნობრივ შესაბამისობაზე, დეტალიზაციაზე, მაგრამ, მეორეს მხრივ, ამ ბუნებრივ კომპოზიციებში უცდომელი გემოვნებით შეაქვს სხვადასხვაგვარი გაზვიადებანი, პირობითი, ზოგჯერ კი - აშკარად მეტაფორულ-სიმბოლური ელემენტები. კარგია, როდესაც შემოქმედი პროფესიას სრულყოფილად ფლობს, დიდებულია, როდესაც აქვს მხატვრული ალღო და საკუთარი ხელწერა, მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ მაშინ იძენს მნიშვნელობას, როდესაც ნაწარმოების კონცეფცია, ავტორის სათქმელი საგულისხმო და საფიქრალია. ელდარ შენგელაიას მსუბუქ, ლაღ და სასაცილო ფილმებში ერთობ სერიოზულ, კონკრეტულ და ამავდროულად მარადიულ პრობლემებზეა საუბარი.
“ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი...” სათაური, ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი, თითქმის შიფრია ფილმისა. დაუჯერებელი ამბავიო - ნათქვამია მასში. ამ დროს პირველივე კადრები გვარწმუნებენ, რომ ავტორი დაუჯრებელს არაფერს მოგვითხრობს. პირიქით, სავსებით სარწმუნოდ გამოიყურება ყოველივე, რასაც ეკრანზე ვხედავთ. სათაურის მეორე (რიგით პირველ) ნაწილში - “ცისფერი მთები” - თითქოს რაღაც ლამაზი, პოეტური, ესთეტიკური უნდა ვიგულისხმოთ. სინამდვილეში კი - რა გაცვეთილი და ბანალურია ეს გამოთქმა!.. აქ, მგონი, უკვე გაცხადებულია ის, რაც ფილმის სათქმელი და ჩვენი საფიქალია. სახიფათო მოვლენა იმდენად ჩვეულებრივი ხდება, ისეთ ფორმებში იჩენს თავს, რომ, ერთის შეხედვით, შესაშფოთებელი თითქოს არაფერია. მეორეს მხრივ, ჩვენ ხომ ხშირად თავსაც კი ვიწონებთ ჩვენი “სილაღით”, იმით რომ ჩარჩოებში ყოფნა არ გვიყვარს... სინამდვილეში, მართლაც დაუჯერებელია ადამიანთა ისეთი ინერტულობა, სულიერი ამორფულობა, როგორიც ფილმში იხატება; დაუჯერებელია იმ ურთიერთ გათიშვის პროცესი, რაც გულგრილს გვხვდის სხვისი ბედისა და ცხოვრებისადმი...
რეჟისორ ელდერ შენგელაიას და დრამატურგ რეზო ჭეიშვილის ფილმის სიუჟეტის სიტყვებით გადმოცემა თითქმის შეუძლებელია. მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კარკასი კი ასეთია: ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მიაქვს ახალი ნაწარმოები - “ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი”. ყველა სიხარულით იტაცებს ხელნაწერს, მას თითქოს მოუთმენლად ელოდნენ, მაგრამ გადის დღეები, თვეები, წელიწადის ოთხი დრო და ნაწარმოებს არავინ კითხულობს, იფანტება და იკარგება ხელნაწერები, ამაზე კი არავინ დარდობს, არავინ ღელავს.
უნდა ითქვას, რომ ფილმის დასაწყისშივე ნათელი ხდება: სოსოს (ასე ჰქვია მწერალს) თხზულებას აქ თავმოყრილი ადამიანები არ წაიკითხავენ. თითქოს არაფერი რჩება გამოსაცნობი, ყველაფერი წინასწარ გარკვეულია. ფილმი კი ამის გამო სულაც არ ხდება მოსაწყენი, უინტერესო. აქ, ალბათ, საქმე ისევეა, როგორც თეატრში - ვიცით, რომ ოტელო დეზდემონას დაახრჩობს და თავს მოიკლავს, მაგრამ ეს არ ანელებს ჩვენს ინტერესს სპექტაკლისადმი.
“ცისფერი მთების” ცოცხალ ქსოვილს სწორედ ის შეადგენს, რაც სიუჟეტური კარკასის მიღმა რჩება. რედაქციის ყოველდღიურობა, ურთიერთობანი, რაღაც ფუსფუსი, გაუთავებელი ყოფითი პრობლემები, აკვიატებული ჩვევები... ყოველივე ამის შედეგად, ჩვენს თვალწინ იხატება ფართოდ გავრცელებული ტიპები თანამედროვე ადამიანებისა, სულ უფრო ნათელ კონტურებს იძენს სოციალური მოვლენის არსი, იკვეთება მისგან გამომდინარე ზნეობრივ-ეთიკური პრობლემები.
უცნაური სწორედ ის არის, რომ ელდარ შენგელაიას ფილმი არც რაიმე ახალ მოვლენაზე მოგვითხრობს, არც პრობლემათა სფეროა სრულიად უცხო და ჩვენი ხელოვნებისათვის ახალი და მიუხედავად ამისა, ფილმი გვაღელვებს, გვაფიქრებს და პირველ რიგში გვახარებს, როგორც მხატვრული ქმნილება. აქ უკვე გაცნაურებული მოვლენები ჭეშმარიტად დამთავრებული ფორმით, რეჟისორული დახვეწილობითაა მოწოდებული. არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ამ თვალსაზრისით, ალბათ, ყველაზე ფასეულია ფილმში - ადამიანის სახეთა მდიდარი გალერეა, რომელიც საოცარი სიზუსტითა და ოსტატობითაა შესრულებული პროფესიონალ და არაპროფესიონალ მსახიობთა მიერ.
შეიძლება უცებ მოგვეჩვენოს, რომ ახალგაზრდა მწერალი (მსახ. რამაზ გიორგობიანი) ავტორების მიერ დაპირისპირებულია იმ სამყაროსთან, რომელშიც უხდება ყოფნა. ეს წამიერი ილუზია სწრაფად იფანტება და ნათელი ხდება, რომ სამწუხაროდ, სოსოც არაფრით განსხვავდება სხვებისაგან, ისიც ისევე მოშლილი, უძარღვო, უენერგიო და ინდიფერენტულია, როგორც ყველა. ფაქტობრივად, იგი სისხლი-სისხლთაგანი და ხორცი-ხორცთაგანია თავისივე რედაქტორების და კოლეგებისა.
სამწუხაროდ, ასეთივე აღმოჩნდება ამ კოლექტივის ახალი წევრიც - ახალგაზრდა ქალი ბელა (მსახ. დარეჯან სუმბათაშვილი), რომელიც სამსახურში მოდის იმიტომ, რომ სახლში არ იჯდეს და თან, რა თქმა უნდა, ხელფასისთვისაც. არც სოსოს და არც ბელას იმის ენერგიაც კი არ აღმოაჩნდებათ, რომ რაღაც გარკვეული ფორმა მიანიჭონ იმ იმპულსებს, რომელიც ერთმანეთისადმი აშკარად აღეძრად. ბელას ქმარი (მსახ. გურამ პეტრიაშვილი), როგორც ეს კარგად ჩანს, დიდი ხანია უფლებააყრილია და სულაც არ არის ამ პროცესის ხელისშემშლელი, რომელიც არ ვითარდება თვით ბელასა და სოსოს ინერტულობის გამო. აქ ყველანი ინერციით არსებობენ, თავის პატარა, წვრილმანი “საქმეებით” არიან გართულნი, ფუსფუსებენ, მოძრაობენ, ერთი ოთახიდან მეორეში შედიან და გამოდიან, ერთი სართულიდან მეორეზე ადიან და ჩადიან, მაგრამ გადის დღეები, წელიწადის ოთხი დრო და არაფერი იცვლება, არაფერი ხდება, მხოლოდ შენობას უჩნდება დამანგრეველი ბზარები, მაგრამ არც ნგრევას მოყვება რაიმე სიახლე. ახალ შენობაში კვლავ ძველებურად ცხოვრობენ, კვლავაც უწინდელი პრობლემებია გამეფებული...
საოცარი ბუნებრიობით, პედალირების გარეშე დახატა რეჟისორმა რაღაც “ტოტალური” უსაქმურობის, შინაგანი დაცლილობის, ადამიანთა ერთმანეთისაგან გათიშვის ატმოსფერო. ყოველი პერსონაჟი, დეტალი, თვით რიტმი ფილმისა ამისთვის არის მოწოდებული და არის კიდევ ერთი რგოლი დრამატურგიისა - პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებული სიცხადით გვიხატავს ამ მოვლენის ორსახოვნებას. რედაქციის დირექტორი ბატონი ვაჟა ზაზაევიჩი - გარეგნულად მომხიბვლელი, დემოკრატი, კეთილგანწყობილი და საოცრად “საქმიანი” კაცი, არსებითად გულგრილი, სულიერად დაცლილი და ისეთივე უსაქმურია, როგორც ყველა.
ცხადია, დირექტორიც ოდესღაც ავტორი იყო, შეიძლება ახლაც წერს და ბეჭდავს რაღაცას. როგორც ჩანს, ისიც იყო ახალგაზრდა და ერთი სათაური არ ჰყოფნიდა, სოსოსავით ორ სათაურს აწერდა თავის თხზულებებს. ახლა მან იცის “ფუჭი” ორიგინალობის ფასი და ამიტომ იმეორებს დაჟინებით, ორი სათაური საჭირო არ არისო. ალბათ, ახლანდელი დირექტორის თხზულებებსაც არავინ კითხულობდა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მისი მოძრაობისათვის იერარქიულ კიბეზე - აბლიდან მაღლა. ამისათვის შემოქმედებითი ნიჭი და უკომპრომისობა კი არა, სულ სხვა ნიჭი და თვისებებია საჭირო. ამიტომაა დირექტორი ასეთი მშვიდი. ამ სიმშვიდეს ის აფრქვევს გარშემო და მეთოდურად, დაჟინებით უნერგავს სოსოს, რომელიც, უნდა ვაღიაროთ, ამ გზაზე წარმატებებს ამჟღავნებს - არც ერთხელ წელიწადის ოთხი დროის მანძილზე არ აფეთქებულა, წონასწორობა არ დაუკარგავს.
როდესაც უცქერ თეიმურაზ ჩირგაძეს დირექტორის როლში, სავსებით გავიწყდება, რომ ის პირველად თამაშობს ასეთ დიდ როლს. იგი უფრო მეტია, ვიდრე პროფესიონალი კინოარტისტი - ის დაბადებულია არტისტად და ამიტომ შეასრულა ეს როლი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ასე ვირტუოზულად. როცა არტისტი როლს კარგად თამაშობს, მაყურებელი აუცილებლად აიტაცებს ხოლმე მის მიერ ნათქვამ ფრაზას ან სიტყვას. ასეა ამ შემთხვევაშიც. თ. ჩირგაძის მიერ არაერთხელ გამეორებული: “ძალიან კარგი! ძალიან კარგი!” - აუცილებლად აგეკვიატება. ეს სიტყვები ერთგვარი კოდია მთელი როლისა, ამ სიტყვებით ის უკვე ჩვენს შემეცნებაში შემოდის როგორც ცოცხალი არსება და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს.
აღსანიშნავია, ერთი მსგავსი ხასიათის პასაჟიც. ეს უკვე წმინდა რეჟისორული შტრიხი გახლავთ: ორი მამაკაცი გამუდმებით ეძებს ვინმე გივის - რედაქციის თანამშრომელს, რომლის ოთახის კარი ყოველთვის, წელიწადის ნებისმიერ დროს დაკეტილია. ამ შტრიხს ზუსტად ისეთივე ღირებულება აქვს რეჟისორის პალიტრაზე, როგორც მსახიობის მიერ დემონსტრირებულ ოსტატობას იმ ფრაზის წარმოთქმისას, რომელიც აგვეკვიატება ხოლმე.
ერთადერთი კაცი, რომელიც ამ ფილმში ღელავს და მძაფრ ემოციებს ამჟღავნებს, ეს არის ბატონი ვასო ჩორგოლაშვილი, მართალია, ის ღელავს არა პროფესიასთან დაკავშირებულ საქმეთა გამო, მაგრამ ასე თუ ისე არღვევს დაწესებულებაში გამეფებულ იდილიურ სიმშვიდეს. ეს პერსონაჟი, საოცარი ოსტატობით არის ნათამაშევი ვასილ კახნიაშვილის მიერ. მსახიობი აქ არ ჰგავს არც თავის თავს (ასე ხდება ხოლმე კინოში!) და არც მის მიერ ადრე შესრულებულ სხვა პერსონაჟებს. საერთოდ “ცისფერ მთებში” კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა ელდარ შენგელაიას იშვიათი უნარი მსახიობების (“ტიპაჟების” და პროფესიონალების) შერჩევისა და მათთან მუშაობის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკლებლივ ყველა შემსრულებელი თავის სიმაღლეზეა, საოცარი სიზუსტით და კინემატოგრაფიული ხერხებით, ფსიქოლოგიური პლანის გამოტოვებით ქმნიან სოციალურ-საზოგადოებრივ ტიპებს და ამავე დროს, ეროვნულად დაკონკრეტებულ ადამიანთა სახეებს.
სესილია თაყაიშვილმა შეძლო გადმოეცა ის, რაც ძალზე დამახასიათებელი და ტიპიურია ბუღალტრისათვის. მსახიობი ბუღალტრის რაღაც წმინდა პროფესიულ ნიშან-თვისებათა აღნუსხვას კი არ შეუდგა, არამედ ითამაშა მთავარი: ამ დაწესებულების, ამ ოჯახის მარჩენალი. ის, სწორედ ის აჭმევს პურს ამ უსაქმურებს. როგორც ჩანს, ეს მომენტი კარგად ჰქონდა შენიშნული სესილი თაყაიშვილს და ცხადადაც გამოკვეთა თავის უკანასკნელ ქმნილებაში.
არ ღალატობს რა თავისი რეჟისორული სტილის ძირითად პრინციპებს, მხატვრული ხერხების მთელ კომპლექსს, რომელიც უკვე დამახასიათებელი და, შეიძლება ითქვას, ტრადიციულია ამ ოსტატისათვის, ფილმში “ცისფერი მთები” ელ. შენგელაიას შემოაქვს ერთგვარად განსხვავებული თხრობის ინტონაცია, კინოაზროვნების ახალი ელემენტები, ჟანრისა და სტილის თვალსაზრისით მისთვის უცხო საღებავები.
პირველ ყოვლისა, აქ შექმნილია უფრო მკვეთრი, თითქოს ჩაკეტილი და პირობითი მოდელი, რომელმაც სიტუაციის და მოვლენის კონცენტრირებით მეტის თვალსაჩინოებით უნდა გამოკვეთოს ფილმის სოციალური შინაარსი და მის ფონზე ზნეობრივი კოორდინატების დაზუსტება მოახდინოს. აქ გამიზნულად კონსტრუირებულ მოდელში გათამაშებულმა ამბავმა ასევე უნდა ნათელყოს ავტორთა მსოფლაღქმა და ორიენტაცია.
აქაც, ისევე როგორც წინა ფილმებში, რეჟისორი ერთად უყრის თავს ხასიათებისა და სიტუაციების დახასიათების, მათი ესთეტიკური შეფასების განსხვავებულ ხერხებს, მაგრამ “ცისფერ მთებში” ძირითად შეფასებით კატეგორიათა - ირონიის, იუმორის და აფსურდის გვერდით თანაარსებობას იწყებს ფარსისა და სარკაზმის ელემენტები, რომლებიც საკმაო ორიგინალობითაა ჩაქსოვილი მხატვრულ სისტემაში.
თანამედროვე ხელოვნებამ უკვე არაერთგზის დაამტკიცა, რომ ფარსს (უფრო მეტიც _ ტრაგიფარსს) შეუძლია იარსებოს “უცნაური” სიუჟეტურ-კომპოზიციური და გამომსახველობითი ხერხების გარეშეც. დღეს კინომატოგრაფის ძლიერად განვითარებული ანალიტიკური შესაძლებობანი პირობებს უქმნის ხელოვანს იმ შემთხვევაშიც კი მოიხელთოს მოვლენებისა და ადამიანის ბედის ფარსული არსი, როცა მისი გარეგნული გამოხატულება არაფრით გამორჩეული არ არის.
როგორები არიან დღეს ეს გულგრილი, ინდიფერენტული, შინაგანად უენერგიო ადამიანები? ჩვეულებრივნი, სიმპათიურებიც კი... უცნაური არსის ამოსაცნობი არავითარი მკვეთრი თვისებები არ გააჩნიათ, არ ამჟღავნებენ ყოველდღიურ ურთიერთობაში ცინიზმს, გარემოში საკმაოდ ადაპტირებულნი არიან. გარეგნულად ყოველივე თითქოს ჩვეულ ფორმას ინარჩუნებს, მაგრამ სახე და არსი ყოველწამს ერთმანეთს უპირისპირდება, სრულ უთანხმოებაშია ერთიმეორესთან.
ფილმში ყველა პერსონაჟი დახატულია მსუბუქი, რბილი იუმორით, მაგრამ პერსონაჟთა ერთობის, როგორც სოციალური მოდელისადმი დამოკიდებულება - უკვე სარკასტული და შეურიგებელია. სავსებით სიმპათიური თანამშრომლები რედაქციისა როგორც კი გადაიქცევიან სოციალურ ერთობად, სოციალურ მექანიზმად, კარგავენ უცოდველობას და საშინელი ზნეობრივი ცოდვის მატარებელნი ხდებიან. ამდენად, მოდელი, რომელიც ავტორმა შექმნა და რომელიც კონკრეტული დაწესებულებიდან ფართო განზოგადოებამდე აიყვანა, ხასიათდება როგორც აბსურდული, შინაარსს მოკლებული მექანიზმი. ყოველივე ეს სავსებით ნათელს ხდის რეჟისორის შეურიგებელ დამოკიდებულებას დანახული მოვლენისადმი და თვით ეს დამოკიდებულება უკვე თავისთავად შეიცავს სატირულ სარკაზმს. მართალია, აქ არ ისმის სარკასტული სიცილი, მაგრამ, ვფიქრობ, მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორი არ აძლევს თავის თავს ხმამაღალი სიცილის უფლებას. სარკასტული სიცილიც კი, როგორც ჩანს, უფრო მსუბუქი ხერხი იქნებოდა. რეჟისორი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სარკასტულად სდუმს და ეს მეტად ორიგინალური მხატვრული ხერხია.
“ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” ჟანრის თვალსაზრისით, ალბათ, სატირულ პარაბოლას წარმოადგენს. პარაბოლისათვის დამახასიათებელი ეპიური სიმშვიდე, რომელიც მჟღავნდება ფილმის გამომსახველობითი მხარის სრულყოფასა (ოპერატორი ლევან პაატაშვილი) და აუჩქარებელ მდინარებაში, მოჩვენებითია, ერთგვარი ავტორისეული ნიღბის როლს თამაშობს. სინამდვილეში ფილმი სარკასტულია - სარკასტულია იმდენად, რამდენადაც მისი მორალი გამანადგურებლად მკაცრია და უშეღავათო.
ეს დაუჯერებელი ამბავი, როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, საუბედუროდ, სავსებით დასაჯერებელი და სარწმუნოა - აი, ეს არის ამ იგავის მორალი.
ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი. პროექტის ავტორი დავით აბდალაძე. თბილისი. 2012 წელი