მანანა ლეკბორაშვილი

მიპატიჟება სვანეთში

ს. ჯაჭვლიანის "სვანი"

 

    სვანური თემა მოდაში შემოვიდა? -  ჩვენს სინამდვილეში, როცა წარმოებული   ფილმების რიცხვი ასე მცირეა, ერთმანეთის მიყოლებით გადაღებული ორი ფილმი უკვე მოდად აღიქმება...   ძმები ჯაჭვლიანების ”სვანი” გონების თვალს ძალაუნებურად   მამა-შვილ ბაბლუანების ”მემკვიდრეობასთან” აბრუნებს. მთავარი მსგავსება კი, თემატურის გარდა, ალბათ ისაა, რომ ორივე ფილმს გარეშე თვალის მოხიბვლა აქვს უპირატეს მიზნად დასახული. 
    მაგრამ თავი დავანებოთ მსგავსებებს, კიდევ უფრო თვალში საცემია განსხვავება.   ”მემკვიდრეობაში”  უხვად არის ”ცარიელი ადგილები” - თითქოს დრო ბევრია, ამბავი კი - ცოტა და ავტორებმა არ იციან, რითი შეავსონ სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის გამოყოფილი დრო. ძმები ჯაჭვლიანების ფილმში ”სვანი” სრულიად საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე: ფილმი  გადატვირთულია სიუჟეტური ხაზებით, რომელთაგან თითოეული მათგანი სრულყოფილ ფილმად შეიძლება ქცეულიყო. და ამ შემთხვევაში სწორედ ფაბულური სიჭარბე ქმნის ”ცარიელ ადგილებს” ფილმში.
    ავტორებმა თითქოს მიზნად დაისახეს სვანური ოჯახების შუღლის და სისხლის აღების მიზეზების და შედეგების ენციკლოპედია შეექმნათ: შუღლი ტყის დასაკუთრების მიზნით, შუღლი სისხლის აღრევის და შეუსრულებელი პირობის გამო, სისხლის აღება მომავალი შურისძიების შიშის გამო  (ვინ ვის დაასწრებს), სისხლის აღება ძმადნაფიცის გამო... ამას დამატებული რუსი ქალიშვილის და სვანი ყმაწვილის სიყვარულის ისტორია და უცხო რძალი სვანური სამართლის გარემოში, კიდევ დამატებული - საკუთარი შვილებიდან ერთ-ერთის გაწირვის ისტორია ძმისშვილის გადასარჩენად, რათა არ გაქრეს კიდევ ერთი სვანური გვარი...
    მაგრამ მიუხედავად შემზარავი ისტორიების ასეთი სიუხვისა და 14 მკვლელობისა (როგორც თავად სოსო ჯაჭვლიანმა დაგვითვალა) ფილმი საოცრად მონოტონურია. ძალაუნებურად  გახსენდება  ერთი ანეკდოტი სვანის დღიურის შესახებ, რომლის ყოველდღიური ჩანაწერები ასე გამოიყურება: 
- მოწყენილი ვააარ.
- მოწყენილი ვააარ.
- ჩავუხტით ფარჯიანებს, ამოვწყვიტეთ.
- მოწყენილი ვააარ.
- მოწყენილი ვააარ.
- ჩავუხტით არღვლიანებს, ამოვწყვიტეთ.
- მოწყენილი ვააარ.
- მგონი ჩაჩხიანები მოდიან....
    ალბათ იმიტომ, რომ ავტორებისთვის მთავარია ამბავი (ამბები) და არა ადამიანები. ვერც ერთი პერსონაჟი, მიუხედავად მისთვის დათმობილი საეკრანო მცირე თუ შედარებით დიდი დროისა, სისხლსავსე ადამიანად ვერ იქცა. შეიძლება ზოგზე ვთქვათ, რომ ის უფრო ბოროტია, მეორეზე  - უფრო სამართლიანი, მესამე - ერთგული და ა.შ. მაგრამ სულ ეს არის. ერთი ნიშნით იწურება პერსონაჟთა  დახასიათებები. და ეს ერთი ნიშანიც ისეთი შაბლონური, ხშირად კი ყალბი სიტუაციით, ჟესტით, მიმიკით არის მოწოდებული, რომ გამოცდილი მაყურებლისთვის მასზე თვალის დახუჭვა ძალზე ძნელი ხდება. 
    ძალაში შედის სტანისლავისკის ცნობილი ფრაზა: ”არ მჯერა”. და ეს ”არ მჯერა”  ეხება არა უშუალოდ ამბავს (ალბათ უარესებიც მომხდარა რეალურ ცხოვრებაში), არამედ კონკრეტულ სიტუაციას და მის ხორცშესხმას ეკრანზე - რომ ასე სწრაფად და ცივსისხლიანად შეიძლება გადაწყვიტო საკუთარი შვილის ბედი, ასე უბრალოდ გაიმეტო ადამიანი ხის გულისთვის, რომელიც შემდეგ საერთოდ აღარ ფიგურირებს მოვლენათა მსვლელობაში, ძმის მკვლელობის შემდეგ ჯარს შეაფარო თავი, არც ჯარიდან მობრუნების შემდეგ გაწუხებდეს ეს და სამაგიეროდ ძმადნაფიცის სისხლის აღებაზე იფიქრო და ა.შ.  
    მე იმის თქმა მინდა, რომ მაყურებელი შეიძლება დაარწმუნო ყველაფერში, დამაჯერებელი გახადო ყველაზე ალოგიკური საქციელიც კი, მაგრამ ამისთვის მოწოდებულია ხელოვნება და არა ამბის უბრალოდ დაფიქსირება სიტყვაში ან  მისი ვიზუალური ილუსტრირება. 
   ჩანაფიქრით ფილმი აშკარად მოწოდებულია კათარსისისთვის, მაგრამ სად, ფილმის რომელ ნაწილში ვეძებოთ იგი? ან რამდენი კათარზისი შეიძლება იყოს მხატვრულ ნაწარმოებში? ვფიქრობ ან ერთი, ან არც ერთი - მრავლობითი კათარსისის პრეცედენტი რაღაც არ მახსენდება. 
    მაგრამ ქართველმა მაყურებელმა მაინც მოახერხა კათარსისის განცდა. კინოსეანსის შემდეგ ამ განცდების კვალის აღმოჩენა ადვილად  შეიძლებოდა მავანთა და მავანთა სახეზე. თუმცა გასაკვირი არაფერია, წარმატება შეიძლება შედგეს სრულიად სხვადასხვა ფაქტორებისგან და მათ შორის ხელოვნების ხარისხს სულაც არ უკავია პირველი ადგილი. ამ შემთხვევაში ფილმში მოყვანილი ამბები იმდენად შოკისმომგვრელია, რომ ამგვარი უმი, გადაუმუშავებელი სახითაც კი ახდენს შთაბეჭდილებას იმ მაყურებელზე, რომლისთვისაც   მთავარია ”რა” და არა  ”როგორ”. 
    მით უფრო არ არის გასაკვირი ფილმის წარმატება სხვადასხვა ფესტივალებზე. როგორც კინოცენტრის ვებგვერდიდან ვიგებთ, ფილმი კიევის კინოფესტივალზე ”ზოლოტოი ბრიგ” დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური პრიზით, ხოლო ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი დარეჯან ხარშილაძეს ერგო წილად; ასევე პრიზით ”ოქროს რემი” აღინიშნა იგი ჰიუსტონის   41-ე კინოფესტივალზე World Fest.
    როგორც უკვე ვთქვით, ფილმი წინდაწინვე უცხო თვალზე იყო გათვლილი, უცხო თვალისთვის კი გაცილებით ძნელი აღსაქმელია სიყალბე დიალოგში და ინტონაციაში, ცხოვრებისეულ სიტუაციაში და ქცევაში, სამაგიეროდ მისთვის სხვა მხარეები გამოდის წინა პლანზე  - ლამაზი ბუნება, ეგზოტიკური გარემო, არაორდინარული ისტორიები... 
    თანაც, როგორც იტყვიან, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო. მე  არსებული კინოსურათი მაინც უფრო პროდიუსერებისთვის წარსადგენ სინოფსისად წარმომიდგება, მომავალი ფილმის (უფრო სწორად, ფილმების) ესკიზად, რომელიც ელის სრულყოფილ განხორციელებას. აკი, როგორც ამბობენ, ბოლივუდმა შეიძინა კიდეც ფილმის სცენარი ინდური რიმეიქის გადასაღებად. დაველოდოთ, როგორ გაშლიან მას ინდოელი ოსტატები და მომავალი წარმატებები ვუსურვოთ ფილმს.

                                                                             

 

გაზეთი ”იბერია” №3 (9) 

2-20 ოქტომბერი 2007