მანანა ლეკბორაშვილი
"სამი სახლისა" და სხვათა გამო
ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, 30-იან წლების იტალიურ კინოში, როცა ხელისუფლებაში ფაშისტები მოვიდნენ, გაჩნდა მიმდინარეობა, რომელთა წარმომადგენლებსაც მემარცხენე კინემატოგრაფისტებმა "კალიგრაფისტები" უწოდეს. "კალიგრაფისტებმა" კინოში თავის იდეალად ფერწერის დიდი ოსტატების (განსაკუთრებით XVII საუკუნის, და განსაკუთრებით კარავაჯოს) მემკვიდრეობა და XIX საუკუნის ლიტერატურული კლასიკა აღიარეს და მათ ეკრანიზაციას მიჰყვეს ხელი. "კალიგრაფისტების" შემოქმედების ცენტრალურ პრობლემად კინოენის გამომუშავება იქცა. მათი მთელი ყურადღება ეპოქის რეალიების, დეტალების ზუსტი ასახვისკენ, კადრის ესთეტიკისკენ იყო მიმართული.
იყო მათ მისწრაფებაში სურვილი კინემატოგრაფი იაფფასიანი გასართობიდან ხელოვნების ნიმუშად ექციათ, თუმცა შეუძლებელია არ შევნიშნოთ რეალობიდან გაქცევის მნიშვნელოვანი წილიც _ ფაშისტური პროპაგანდისტული ფილმების გადაღებას მათ ნეიტრალური პოზიციის დაკავება ამჯობინეს.
რეჟისორ ზაზა ურუშაძის ახალმა ფილმმა "სამი სახლი", რატომღაც სწორედ ეს "კალიგრაფისტები" გამახსენა. რა თქმა უნდა, ასოციაცია საკმაოდ ზედაპირულია: ისტორიული რეალიები სულ სხვაა, დღევანდელ ქართველ კინორეჟისორებს არც იდეოლოგიური წნეხი აწუხებთ და არც ეს ნაწარმოებია კლასიკის ეკრანიზაცია.
თუმცა ამაში დასაძრახი, რა თქმა უნდა, არაფერია. რთულ და გამუდმებით ცვალებად რეალობაში ორიენტირების გაურკვევლობის, ფასეულობების დაკარგვის და სიღრმეში წვდომის შესაძლებლობის არარსებობის პირობებში სჯობია საერთოდ მოვერიდოთ გარკვეულ საკითხებს, ვიდრე ზედაპირული და ვულგარული ინტერპრეტაციების საწყალობელი ნიმუშები შევთავაზოთ საზოგადოებას.
მით უმეტეს, რომ სიყვარული მარადუჭკნობი და მარადაქტუალური თემაა, ხოლო "სამი სახლი" სწორედ სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმი სამი ნოველისგან შედგება. XIX საუკუნე, XX საუკუნის 40-იანი წლები, დღევანდელობა. სხვადასხვა ეპოქა, სხვადასხვა სახლები, სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვაგვარად გამოხატული გრძნობები, მაგრამ ყველა მათგანის აღსანიშნავად ჩვენ ერთ სიტყვას ვიყენებთ და ეს სიტყვა სიყვარულია.
ავტორები ცდილობენ თვითეულ ნაწილს თავისი ხასიათი მიანიჭონ, შექმნან დამახასიათებელი განწყობა. ნოველები ერთმანეთისგან ჟანრობრივადაც განსხვავდება – პირველი ნოველის რომანტიკულ და მისტიკურ განწყობას ფსიქოლოგიური ნიუანსირებისკენ მისწრაფება ცვლის, თანამედროვე ნოველა კი კომიკურ ინტონაციაშია გადაწყვეტილი.
გარდა თემატური ერთიანობისა, ფილმის ავტორებმა ნოველებს კიდევ ერთი დამაკავშირებელი რგოლი გამოუძებნეს – ეს ნახატია, რომელიც ნოველიდან ნოველაში (ე.ი. ეპოქიდან – ეპოქაში, ოჯახიდან – ოჯახში) გადადის და ფილმის პერსონაჟებისათვის ბევრს ნიშნავს. თუმცა უნდა ითქვას, რომ, მაგალითად, მეორე ნოველაში ეს კავშირი სიუჟეტურად საკმაოდ სუსტია და ხელოვნურად თავსმოხვეულად გამოიყურება.
მაგრამ ფილმის ძლიერი მხარე მის ფორმაში უნდა ვეძიოთ. ავტორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დღევანდელ ქართულ კინოში გაბატონებული ერთგვარი დაუდევრობის საპირისპიროდ მათთვის მნიშვნელოვანია ფილმის ვიზუალური ესთეტიკა. ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ ეპოქის სტილის აღდგენას ყოფის დეტალებში, ჩაცმულობაში და ქცევის მანერაშიც კი. თუმცა ზოგჯერ ეს ყურადღება ზედმეტ გულმოდგინებაში გადადის და ფილმს სიმსუბუქეს უკარგავს.
მთლიანობაში ფილმი დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს და მით უფრო დასანანია ის ცალკეული ჩავარდნები, უხერხული მომენტები თუ რეპლიკები, რომელთა გამოსწორება დიდ სირთულესთან არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. უმთავრესად ეს მასალის დრამატურგიულ დამუშავებას ეხება, და ძალაუნებურად აზრი ისევ კონკრეტული ფილმიდან ზოგადი პრობლემისკენ მიემართება:
ძნელია ნოსტალგიურად განეწყო საბჭოთა კინოწარმოების წესისადმი, მაგრამ იყო მასში გარკვეული მომენტები, რომელიც დღესაც წაადგებოდა ქართულ კინოს, ჩვენ კი ყველაფერი ერთიანად მოვისროლეთ, როგორც იტყვიან, ისტორიულ სანაგვეზე და ნაბან წყალს ხშირად ბავშვიც გადავაყოლეთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი მხატვრული საბჭოს გამოცდილებას შეეხება, რომელიც წარმოებაში ჩაშვებულ პროექტებს რეგულარულად განიხილავდა სცენარის, მასალის თუ უკვე დასრულებული ფილმის ეტაპზე. რა თქმა უნდა, საბჭოს ოფიციალური ფუნქცია იდეოლოგიურ ცენზურას უკავშირდებოდა, მაგრამ რეალობაში ის ხშირად სათათბირო ორგანოს უფრო ემსგავსებოდა და მეტად საქმიანი და სასარგებლო რჩევების მიცემაც ხელეწიფებოდა. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, როგორ აკლია ასეთი ავტორიტეტული და საქმის მცოდნე მრჩეველი თანამედროვე ქართულ კინოს.
როგორც წესი, რეჟისორი მთლიანად ჩაძირულია მასალაში და უფრო ხშირად მას მხოლოდ პირად შემოქმედებად მიიჩნევს მიუხედავად იმისა, რომ ფილმის შექმნას უამრავი ადამიანის შემოქმედებითი ტალანტი თუU ტექნიკური ცოდნა ემსახურება, და მხოლოდ საზოგადოებრივი თუ კერძო ფინანსების საფუძველზე ხდება მისი რეალიზება. მისთვის უმეტეს წილად ძალზე ძნელია დისტანცირება მოახდინოს მისთვის სისხლხორცეულად ქცეული მასალიდან თუ ფილმიდან, უცხო, გარეშე თვალით შეხედოს მას. არადა, რა იცი, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ფილმს თავის დროზე ნათქვამმა (და გაგებულმა) კეთილმოსურნე სიტყვამ.
შეიძლება ამგვარი საკონსულტაციო ორგანოს არსებობის საჭიროებას სულაც ვერ გრძნობენ თავად ფილმის შემოქმედნი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვგრძნობთ ჩვენ, მაყურებელი. ვინ იცის, რამდენ დასანან ლაფსუსს თუ არაპროფესიონალურ გადაწყვეტილებას ავიცილებდით თავიდან, რამდენად უკეთეს ფილმებს მივიღებდით მეტ-ნაკლებად მაინც? იქნებ ერთად ვიფიქროთ ამაზეც?!
22.10.2008
ჟურნალი "კინემა" N1