მანანა ლეკბორაშვილი
დაკარგული სამოთხე
თუ გადავხედავთ ქართული კინოს ისტორიას, ადვილად აღმოვაჩენთ, რომ კომედია მის ყველა ეტაპზე დომინანტურ ჟანრად გვევლინება. ასევე ადვილად შესამჩნევია ქართული კინოკომედიის ერთი თავისებურებაც - ის უპირატესობას ანიჭებს არა სარკასტულ, გამანადგურებელ სიცილს, არამედ უფრო თბილ, კეთილ იუმორს. ყველაზე უარყოფითი თვისებების გაშარჟების დროსაც კი ავტორებს მაინც უყვართ თავისი გმირები, შემწყნარებლურად ეკიდებიან მათ უარყოფით მხარეებსაც და ანალოგიური გრძნობით განაწყობენ მაყურებელსაც.
მაგრამ საბჭოთა ოფიციოზი კომედიის ჟანრს, განსაკუთრებით 30-იან წლებში, მკაცრ რეგლამენტს უწესებდა და პრიორიტეტს სატირულ კომედიებს ანიჭებდა. სატირის საგანი უეჭველად ძველი და დრომოჭმული - კლასები, ტრადიციები, ქცევის ნორმები და სხვა, უნდა ყოფილიყო, რომელსაც ახალი და ნათელი მომავალი უპირისპირდებოდა.
ამ ჩარჩოს ფარგლებში იყო გადაღებული “დაკარგული სამოთხეც”. თავად-აზნაურობის, როგორც კლასის, დაცემა და კვდომა ფილმის მთავარი თემაა, კონკრეტულ სამიზნედ კი ავტორებმა კლდიაშვილისეული “შემოდგომის აზნაურები” აირჩიეს. მართალია, სცენარისტთა გვარებს შორის ვერ ამოიკითხავთ დავით კლდიაშვილის გვარს, ვერც მის რომელიმე კონკრეტულ მოთხრობაზე მითითებაა შესაძლებელი, მაგრამ ფილმში აშკარად ტრიალებს კლდიაშვილის სურნელი.
თუმცა განსხვავებულია პერსონაჟებისადმი დამოკიდებულება: ახალი დროება მოწინააღმდეგე კლასის მიმართ კლდიაშვილის ცრემლიან ღიმილს, კომიზმში განზავებულ ტრაგიზმის ნოტებს ვეღარ უშვებს. ფილმის მთავარი გმირები - მიქელა და ასლან კალმახაძეები, გაღატაკებული აზნაურები, რომელთაც ქონებასთან ერთად ღირსებაც დაუკარგავთ და მხოლოდ მისი გარეგნული ნიშნების დაცვასღა ცდილობენ, მხოლოდ სიცილს იწვევენ.
დროის მოთხოვნების გათვალისწინებით ფილმის ავტორებს სიუჟეტში შეჰყავთ ჩაგრულთა კლასის წარმომადგენლებიც: კალმახიძეების მოჯამაგირე, ლაზარია და მისი შეყვარებული, პეპელა; სწორედ ისინი არიან ჩაფიქრებული, როგორც ახალი დროის სიმბოლოები და შესაბამისად, დადებითი გმირები.
კალმახიძეებს ყოფილი დიდებიდან მხოლოდ აზნაურის წოდება, გაპარტახებული და გირაოში ჩადებული კარ-მიდამო, ერთი ცხენი, ერთიც ჰოლანდიური მამალი და საზიარო ჩექმა დარჩენიათ. მათი გადარჩენა მხოლოდ სარფიან ქორწინებას შეუძლია. ბედის ირონიით და მაჭანკლების მცდელობით სასურველი საპატარძლო პეპელა აღმოჩნდება, რომელსაც, როგორც ამბობენ (თუმცა მხოლოდ ამბობენ), მზითვად 100 თუმანს ატანენ. პეპელას ხელზე ერთდროულად და ერთმანეთის დამოუკიდებლად პრეტენზიას აცხადებს მიქელაც და ასლანიც, ისევე როგორც მათი მეზობლის, შეძლებული გლეხის ორი ვაჟი; მაგრამ პეპელას მოხერხებულობის წყალობით ქორწინება იშლება, კალმახიძეების მამული იყიდება.
აზნაურის სიტყვას მინდობილი და მუდამ ჯამაგირის მომლოდინე ლაზარია ისევ გაწბილებული რჩება. უკეთესი მომავლის ძიებაში ის პეპელასთან ერთად ქალაქს მიაშურებს, როგორც ახალი, ნათელი ცხოვრების სიმბოლოს.
ყოველივე ამის ფონზე უცნაურად ჩანს, რომ ერთი შეხედვით ოფიციალური საბჭოთა იდეოლოგიის ყველა წესის დაცვით გადაღებული ფილმი დღესაც ქართული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო კომედიად არის აღიარებული როგორც სპეციალისტების, ისე მაყურებელების მიერ. ალბათ იმიტომ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მოხდა ის, რაც იშვიათობა არ იყო ქართულ კინოში: ხელოვნებამ დაჯაბნა სქემა, ეროვნული თვითმყოფადობის შეგრძნებამ - იდეოლოგია.
მართალია, ავტორებმა უარი თქვეს პერსონაჟების ტრაგიკომიკურ გმირებად წარმოდგენაზე და ისინი მხოლოდ კომიკური გმირები არიან, სიტუაციის დრამატიზმის განცდის გარეშე, მაგრამ ეს კომიზმი მაინც საკმაოდ შორს დგას ოფიციოზისთვის სასურველი სარკაზმისგან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფილმში კომიზმის საფუძვლად გვევლონება არა იმდენად კლასობრივი ნიშნები (თუმცა ფორმალურად ეს ასე გამოიყურება), არამედ საქართველოს კონკრეტული კუთხის, უფრო ზოგადად კი, ეროვნული ხასიათის, თავისებურებანი, რომელიც სხვადასხვა სოციალური ყოფის პირობებში კი იღებს სხვადასხვა ფორმებს, მაგრამ არსებით ცვლილებებს ძნელად განიცდის. ამას ადასტურებს თავად დავით რონდელის მოგონებებიც, რომლის მიხედვითაც ფილმის მოსამზადებელ პერიოდში მან ცნობილ ქართველ მხატვართან დავით კაკაბაძესთან (ფილმის დამდგმელი მხატვარი) ერთად იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში, სადაც დაკვირვებით სწავლობდა იმერელი გლეხობის ყოფას და ხასიათს. სწორედ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეხვედრების შედეგად იცვლებოდა სცენარი, იკვეთებოდა მომავალი ფილმის ინტონაცია, თითოეული კადრის კომპოზიცია, პლასტიკური გადაწყვეტა, ყოფითი ნიუანსებით მდიდრდებოდა პერსონაჟების ხასიათები.
ფილმი შემოქმედებითი ჯგუფის ერთობლივი შემოქმედებითი ძალისხმევის შესანიშნავი მაგალითია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დავით კაკაბაძის წვლილი ფილმის უაღრესად სახოვანი და ამავე დროს, ზუსტი ვიზუალური სტილის შექმნაში, ისევე როგორც ქრისტესია ლებანიძის კოსტუმები სოციალურად და სახასიათოდ მეტყველი დეტალებით. სხარტ სცენებში სრულად იხსნება პერსონაჟთა ხასიათი. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნიუანსებში გააზრებული გარემო, მახვილგონივრული დეტალები რეპლიკებში, პერსონაჟთა ჩაცმულობაში, ჟესტიკულაციაში.
ყოველივე ეს შესანიშნავ სამსახიობო ანსამბლს ხელს უწყობს შექმნას სისხლსავსე და ცოცხალი ხასიათები, ისინი სცდებიან იდეოლოგიურ სქემებს და ჭეშმარიტად ეროვნულ ტიპაჟებად გვევლინებიან, რომელთაც დრო მხოლოდ ხიბლს მატებს, მაგრამ ვერ ახუნებს.