პაატა იაკაშვილი
"ელისო"
იმის თაობაზე, თუ როგორ გაიაზრა ლიტერატურული პირველწყარო, ნიკოლოზ შენგელაია წერდა: `ჩვენს მიზანს არ შეადგენდა ალ. ყაზბეგის "ელისოს" ილუსტრაცია მოგვეწყო კინოში დაგვაინტერესა იდეამ, რომელიც მოცემულია "ელისოში". ეს არის ძველი რეჟიმის დაპყრობითი პოლიტიკის გამოაშკარავება და მისი შედეგების სახეობა. როდესაც ჩვენ შევუდექით სცენარის დამზადებას და ჩეჩნეთის ლოკალის შესწავლას, გამოირკვა რომ ყაზბეგს ბელეტრისტიკის ხათრით დაუმახინჯებია ისტორიული სიმართლე. კოლონიალური პოლიტიკა, ან უკეთ ვერ გაუნათებია საჭიროებისდაგვარად. მაშინ ჩვენ დავიწყეთ, თვით ისტორიული დოკუმენტების შესწავლა. გავეცანით თერგის ოლქის უფროსის საიდუმლო არქივს (რომელიც მხოლოდ რევოლუციის შემდეგ იქნა გამოაშკარავებული და ხელმისაწვდომი). და ამ მასალების შემდეგ, ჩვენ "ელისოს" დრამატული კოლიზია სრულიად შევცვალეთ. სცენარში შევიყვანეთ უფრო მასების მოქმედება და მისი მდგომარეობის გადმოცემა. ფაბულა დავაზუსტედ და სიუჟეტის სიბრტყე გადავიტანეთ თვით საზოგადოების მოქმედების სიღრმეში. აქედან ცხადია, სურათი არ წარმოადგენს "ელისოს" ილუსტრაციას და ეს არც არის საჭირო (იხ. ნიკოლოზ შენგელაია, `რამდენიმე წინასწარი შენიშვნა სურათ "ელისოს" შესახებ, ჟურნალი "მემარცხენეობა" 1928 წელი N2, გვ.57).
დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობამ ფილმის ავტორებს სხვაგვარად შეაფასებინა ალ. ყაზბეგის მოთხრობა. ამიტომ, სცენარში განსხვავებული მოტივები იქნა აქცენტირებული. მოთხრობაში, გმირების პიროვნულ ტრაგედიას ფონად ერის ტრაგედია ედო. სცენარში გმირების პიროვნული ტრაგედია ფონია, რომელზედაც ერის ტრაგედია თამაშდება. ამან ფილმის ფინალის სხვაგვარი გადაწყვე განაპირობა. მოთხრობაში ანზორ ჩერბიჟი ჯერ ეწინააღმდეგება თავისი ქალიშვილის ელისოსა და ქრისტიანი ვაჟაიას სიყვარულს, მაგრამ სიყვარულის ძალამ ის დაამარცხა და შეყვარებულთან ერთად გარბის. გზად რუსების საგუშაგოს გადააწყდებიან. რუსები დახოცავენ ლტოლვილებს. ფილმში, აულ ვერდის მამასახლისი ასტამური (ასე ჰქვია ფილმში ანზორ ჩერბიჟს), უფრო მეტია, ვიდრე სოფლის თავკაცი. ის ერის ლიდერის დონემდე მაღლდება. მისთვის მთავარი თავისი ხალხის ბედია. და გონების ძალას არ იშურებს მის დასაცავად. ის ეწინააღმდეგება ელისოსა და ვაჟის სიყვარულს. ელისო გაგებით ეკიდება ასტამურის სურვილს. აღარ მიჰყვება ვაჟიას. მამასთან რჩება თავისი ხალხის ბედის გამზიარებელი და ღირსების დამცველი. იგი გადაწვავს აულ ვერდს, რომ რუსებს არ დარჩეთ ჩეჩენთა სახლ-კარი. ვაჟია მარტო მიდის მოსდოკს, თან მიჰყავს გარდაცვლილი ჩეჩენი ქალის ბავშვი, რომ იქ ნათესავებს ჩააბაროს. ფილმში სამივე მთავარი გმირის ხასიათია შეცვლილი. შამილის დაბერებული ნაიბის, ანზორის მაგიერ შორსმჭვრეტელ პოლიტიკოს ასტამურს ვხედავთ. შეცვლილია ელისოს ხასიათიც, თუმცა მას გაბედულება არც მოთხრობაში აკლდა, რადგან კონფესიულ კუთვნილებას არად დაგიდევდათ და შეიყვარა კიდეც ქრისტიანი ჭაბუკი, მაგრამ ფილმში ის ზნემაღალ პატრიოტად გვევლინება, რომელიც მზადაა თავისი ხალხის ინტერესებს შეეწიროს. ფილმში სხვაგვარ დატვირთვას იძენს ვაჟიაც, პირადი ბედნიერებისთვის მებრძოლი მოხევე აქ ჩეჩენთა დამცველ გმირად მოგვევლინება. გავიხსენოთ სცენა, როცა ვაჟია რუსი გენერლის კაბინეტში შეიჭრება. ის ითხოვს, გააუქმონ ჩეჩენთა გადასახელების ბრძანება. ვაჟია განაიარაღებს ადიუტანტებს, ჩაკეტავს გენერლის კაბინეტში და აიძულებს მრავალგზის დაუსვას ბეჭედი მისთვის სასურველ ბრძანებას. ამ ეპიზოდში ვაჟია მეტად დიდი პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს - მისი ეს პრეტენზია ვერ არის სათანადოდ დრამატურგიულად არგუმენტირებული.
ალ. ყაზბეგის "ელისოს" ამგვარი გააზრება 20-იანი წლების მეორე ნახევრის ქართულ კინოში დამკვიდრებული ახალი იდეალური ორიენტირებიდან მომდინარეობდა: ფაქტის, დოკუმენტის მნიშვნელობის გათვალისწინება, პუბლიცისტული ელემენტის შეტანა, მასების ტრაგედიით პიროვნული ტრაგედიის შეცვლა. სოციალურად აქტიური გმირი, მონარქისტული რუსეთის კოლონიალიზმის დაუფარავი მხილება და ა.შ. ყველაფერი ეს სცენარში აისახა და მიუხედავად ამისა, ეს არ მიშნავს, რომ საქმე სრულიად ახალ ნაწარმოებთან გვაქვს. არა და აი, რატომ: სიუჟეტიც, პერსონაჟებიც და მსოფლმხედველური პოზიციაც ფილმშიც ალ. ყაზბეგისაა, აქცენტების შეცვლა, მის აზრობრივ მიზანდასახულობას არ ცვლიდა. თუ დროის თავისებურებამ ფილმის შემქმნელებს საშუალება მისცა მაქსიმალურად თამამად მოეთხროთ რუსული კოლონიალიზმის საშინელებებზე და პატარა ერის ტრაგედიაზე. დროის თავისებურება ასევე მოითხოვდა მოთხრობის ავტორისაგან თავშეკავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენზურა შექმნიდა პრობლემებს...
ასე რომ, ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ყაზბეგს ბელეტრისტიკის ხათრით დაუმახინჯებია ისტორიული სიმართლე. და მან მაინც გვითხრა სიმართლე. ოღონდ, სხვაგვარი ფორმულირებით. ისტორიული ჭეშმარიტების წარმოჩენისა და მხატვრული ხორცშესხმის თვალსაზრისით, მოთხრობა და ფილმი ერთი მეორეს გაგრძელებას წარმოადგენს...
ფილმი "ელისო" ხელოვნებაში დათრგუნული ეროვნული ენერგიის გამოვლენის კლასიკურ ნიმუშად იქცა. ეს ქართული ქორეოგრაფიული ტრადიციების სათანადო გააზრების შედეგად იქნა მიღწეული. ლაპარაკია ცეკვაზე, რომელიც ნიკოლოზ შენგელაიამ გამოიყენა ფილმში ე.წ. "უბედურებისა და ცეკვის" ეპიზოდში ეს სცენა ტემპო-რიტმული გადაწყვეტიოს კულმინაციური მომენტია. ფილმი თავიდან დუნე ტემპით იწყება. ვხედავთ "ჯამაათის" სცენას ჩეჩენი უხუცესები ფეხმორთხმით მსხდომნი ბჭობენ იმის თაობაზე მიაქირაონ საძოვრები ხევსურებს, თუ - არა. "ჯამაათი" ჩეჩენთა თვითმართველობის უმაღლესი ინსტანციაა, ნელი რიტმი წარმოაჩენს როგორც უხუცესთა ასაკს, ასევე მათი საქმიანობის ხასიათს _ უშეცდომოდ განაგონ თავიანთი ხალხის საქმეები... სულ სხვაა ფილმის ტემპი ეპიზოდში, რომელშიც აულის მოსახლეობა ქვრივ მუსლომატას სახლს აშენებს, ისეა რეჟისორულად დადგმული და დამონტაჟებული, ისეთია მისი ტემპო-რიტმი, რომ ამ სცენას `ცეკვით შენება~ შეიძლება ეწოდოს. ქალები ფეხით თიხას ზელენ, კადრების მონტაჟური წყობის დინამიკა იმდაგვარია, რომ იქმნება ფერხულის ცეკვის შთაბეჭდილება. მამაკაცები კედელს აშენებენ - რიტმი, რომლითაც ერთმანეთს აწვდიან აგურს, აგრეთვე მათი მოძრაობა, პლასტიკა საცეკვაოს უახლოვდება. ეკრანზე გამოსახულების ცვლის ტემპი ჩქარდება. ვხედავთ მუსიკოსების ინსტრუმენტებს და მშენებელთა იარაღებს. ხელებს, სახეებს, სამშენებლო მასალას. მსხვილი და საშუალო ხედები რიტმულად ენაცვლებიან ერთმანეთს და ამ გზით, წარმოჩინდება ეპიზოდის აზრობრივი მიზანდასახულობა. ერთი მიზნით გაერთიანებულ ადამიანთა მასა საცეკვაო ტემპით, აშენებს სახლს... აღმშენებლური პათოსით აღტკინებული ხალხი პოზიტიური ქმედებით, შენებით აღშობს ჩახშულ ეროვნულ ენერგიას...
ფილმის სხვა ეპიზოდში, რომელშიც ჩეჩენთა პასიური პროტესტია ნაჩვენები, წყვეტილად ვლინდება ეროვნული ენერგია. ასევე, არათანაბარია ეპიზოდის ტემპო-რიტმი. ის აჩქარება-შენელების პრინციპითაა შექმნილი: როცა აულის მოსახზლეობამ გაიგო, რომ მოტყუებით მოაწერინეს ხელი ვითომ ნებაყოფლობით გადასახლების თხოვნაზე, მეჩეთთან შეიკრიბნენ და აპროტესტებენ ამ სიცრუეს, ხელების ქნევით ამცნობენ რუსებს, რომ სამშობლოს დატოვებას არ აპირებენ. რუსები ურჩი ჩეჩნების ცხენის ფლოქვებით გადათელვას აპირებენ., კაზაკთა ცხენოსანი რაზმი ხალხისკენ დაიძვრება. ამ კადრებში ტემპი ჩქარდება, ეკრანზე ერთმანეთს ენაცვლება აბობოქრებული ჩეჩნები, მათ დასათრგუნად გამოქანებული კაზაკები, _ მათი ცხენების ჭენება. ამნაირი ძალის შეტაკება უნდა იქცეს ეპიზოდის ტემპის ზეაღსვლის კულმინაციად, მაგრამ უეცრად ჩეჩნები მიწაზე დასხდებიან, უძრავნი, გარინდულნი ელიან ამ ბრძნული გადაწყვეტილების შედეგს... ის არის რაზმმა ზედ უნდა გადაუაროს მიწაზე მსხდომთ, რომ ცხენები შეჩერდებიან... ამ კადრში ტემპი ეცემა, რუსები ცდილობენ ცხენები დაძრან... მაგრამ ისინი ურჩობენ. ამ ეპიზოდში ცხენები რუსებისგან იცავენ ადამიანებს...
კაზაკებთან შეტაკებისას კიდევ ერთხელ გამოვლინდა ჩაგრული ხალხის ეროვნული ენერგია. თითქოს ჩეჩენთა მოქმედება პასიური ხასიათისაა, სინამდვილეში მათ რაციონალურ საქციელში ჩანს მცირერიცხოვანი ერის საუკუნოვანი სიბრძნე, რამაც ამ ხალხს აქამდე გააძლებინა...
რიტმული მონტაჟის თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა ელისოს მიერ მიტოვებული აულის გადაწვის ეპიზოდი, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, მთელი ფილმის ტემპო-რიტმული გააზრების კულმინაციას წარმოადგენს "უბედურების და ცეკვის" სცენა. დევნილ ჩეჩნებს შორის მომაკვდავი ქალიც არის, - ის ურემში წევს, გვერდით უწევს ატირებული ბავშვი. ქალი წლისოს სთხოვს ამ ბავშვის წაყვანას ნათესავებთან მოზდოკში. ქალი კვდება, ელისო ტირის, ხალხი მიცვალებულისკენ მირბის. მოტირალი ქალები თმებს იწეწავენ... ამ დროს ძლიერდება ფილმის ტემპო-რიტმი. კადრები სწრაფად ცვლიან ერთმანეთს. ეპიზოდის კიდევ უფრო დრამატიზირებისთვის პარალელური მონტაჟის მეშვეობით ურთიერთშეპირისპირებულად ნაჩვენებია მომაკვდავი ქალი და ცეცხლმოკიდებული აული; ტირილი და მოთქმა მატულობს, ქალები თმებს იგლეჯენ და ლოყებს იხოკავენ. მამაკაცები მოთქვამენ და გულში მჯიღს იცემენ. ეს უკვე მიცვალებულის დატირებას არ ჰგავს, ეს საკუთარი თავის გამოტირებაა...
ამდენი ხნის მანძილზე აულ ვერდის მოსახლეობა გასაოცარი შემართებით ხვდებოდა ყველა გასაჭირს, ბრძნული თავდაჭერით იგერიებდა რუსი კოლონიზატორების ხრიკებსა და ძალადობას. გულს აწვათ დარდი, მაგრამ იყვნენ ამაყნი, ახლა სწორედ ეს სიამაყე გაქრა. უცბად იჩინა თავი გულგატეხილობამ, უიმედობამ მოიცვა ყველა. იწყება საყოველთაო ისტერია, ახლა სულ სხვანაირად იკითხება კვლავ გამეორებული ცეცხლმოდებული აულ ვერდის კადრები. ჩეჩენთა პროტესტის ეს სიმბოლო კონტრასტულია სულიერი დაცემის მაუწყებელ საკუთარი თავის გლოვასთან.
ერთადერთი, ვისაც ვერ ითრევს გლოვის ისტერია, აულ ვერდის მამასახლისი ასტამურია. ის გრძნობს მოახლოებულ კატასტროფას და ცდილობს შეაჩეროს იგი. ის უბრძანებს მუსიკოსებს დაუკრან. აიძულებს ახალგაზრდებს იცეკვონ. თავადაც აცეკვდება, ცეკვავს ელისოც. სულ უფრო იზრდება ცეკვის ტემპი. შესაბამისად, დინამიური ხდება ეპოზოდის მონტაჟური რიტმი, რომელიც მთლიანად მსხვილი ხედებით არის ნაჩვენები, ამიტომ მოქმედ პირთა განწყობილების ცვლას მაშინვე ამჩნევს მაყურებელი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მუნჯია, ხვდები რომ, მოტირალ ქალებამდეც მიაღწია მელოდიამ. მათ ჯერ გაორება ეტყობათ, ჯერ ისევ თმებს იგლეჯენ, მაგრამ ცალი ყურით მუსიკას უსმენენ, თავიდან გაოგნებულები არიან, შემდეგ ანგარიშმიუცემლად ერთვებიან ამ იმპროვიზებულ ზეიმში, ისევე ეგზალტირებული უკრავენ ტაშს, როგორც წეღან იხოკავდნენ სახეს.
გლოვის ექსტაზში მყოფნი მხიარულების ექსტაზში გადადიან, - გადამყვანი ცეცხლოვანი ცეკვაა... ეს არის ელვისებური სისწრაფით განვლილი გზა, სულიერი დაცემიდან ამაღლებამდე. უბედურებისგან დაშლილი ჩეჩნები ერთად შეკრა ნაცნობმა მელოდიამ და საცეკვაო ილეთებმა. გავიხსენოთ ქვრივის სახლის მშენებლობის კადრები, საცეკვაო რიტმით დამონტაჟებული. ამ ეპიზოდს შეიძლება ვუწოდეოთ "ცეკვით შენება". გლოვიდან გამოსვლის ეპიზოდს კი - "ცეკვით გადარჩენა".
ამ ეპიზოდში ცეკვა დევნილთათვის იქცა ერთგავარ ეთნიკურ დომინანტად, რომელმაც გამოიხმო მათი ეროვნული ენერგია და ამ გზით იხსნა ექსრტემალურ სიტუაციაში მყოფი ხალხი...
ასეთია ფილმი `ელისო~ რომლის მნიშვნელობა კინოესთეტიკის ფარგლებს სცილდება და ეროვნული ენერგიის გამოვლენის საუკეთესო მაგალითს გვიჩვენებს...
ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი. პროექტის ავტორი დავით აბდალაძე. თბილისი. 2012 წელი