ნინო მხეიძე

“მარილი სვანეთს” 

 

მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში “მარილი სვანეთს” მხატვრული და დოკუმენტური ისეა ერთმანეთში გადახლართული, რომ მთლიანობას არ არღვევს. რეჟისორმა შეძლო საოცარი დამაჯერებლობით ეჩვენებინა სვანეთის ყოფა, ბუნება. უშგული კოშკებს კალატოზიშვილის კინოაპარატი სხვადასხვა რაკურსით ხედავს, ხან ზემოდან ქვემოთ და პირიქით, ხანაც საერთოდ დაყირავებულს. კალატოზიშვილის ხელში კინოაპარატი “სუბიექტური” ხდება. რეჟისორს ყველაფერი აინტერესებს – ყოფა, ბავშვის დაბადება, მკვდრის მიწასთან მიბარების წესი, მის აპარატს არაფერი რჩება შეუმჩნეველი. კალატოზიშვილმა, ძიგა ვერტოვის მსგავსად, აპარატი “კინოთვალად” აქცია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა ოპერატორის ულევი შესაძლებლობები. ფილმს იგი სვანეთის ლამაზი ბუნების ჩვენებით იწყებს, იმ მთების ჩვენებით, რომლებსაც სიხარულის მოტანაც შეუძლიათ და უბედურების დატრიალებაც. კალატოზიშვილის სვანეთი ზვიადია და მიუვალი. ძნელია ამ მთებში ცხოვრება, ადამიანის ყოველდღიური საქმინობა მძიმე შრომასთან არის დაკავშირებული. შრომის პროცესის ჩვენებისას კინოაპარატი არ არის სტატიკური, იგი სულ მოძრაობაშია. ადამიანები კამერის წინ მექანიკურ მოძრაონას კი არ ასრულებენ, არამედ თვით აპარატი მიჰყვება მათი მუშაობის ტემპს. მდინარეზე გადებული ბეწევის ხიდი მათთვის ცხოვრების ბეწვის ხიდია, რომელიც ოდნავი სიმძიმისაგან შეიძლება ჩატყდეს და მილიონობით ადამიანი მდინარემ შთანთქას. განა აგორებული ზვავიც ასე არ არის? სვანეთში ყველაზე უკეთ იგრძნობა ადამიანის დაუსრულებელი ჭიდილი ბუნებასთან. კალატოზიშვილი სწორედ ამ ასპექტს დიდ ყურადღებას აქცევს და ბევრ თავის შემდეგდროინდელ ფილმს ადამიანისა და ბუნების მუდმივ ბრძოლას მიუძღვნის.
  “28 ივლისი. 1929 წელი – ცხელი დღე იდგა” – იწერება ეკრანზე და ჩვენს თვალწინ, ბუნების კიდევ ერთი საოცრება იბადება. ღრუბლები ციდან მზეს დევნიან, რათა ამ ზაფხულის ცხელ დღეს სვანეთს თოვლი მოუვლინონ. ირგვლივ  - კოშკებზე, მთებზე, სათესზე – ყველგან თოვლი დევს. მაგრამ ამ თოვლში სვანები მუშაობას აგრძელებენ, რათა პირი არსობისა არ დაკარგონ. 
       ისინი მიეჩვივნენ ბუნების მოულოდნელ სახეცვლილებას. თოვლს ისევ საშინელი სიცხე შეცვლის, რომელიც ადამიანს თენთავს, სიცოცხლის ხალისს უკარგავს. შრომობენ არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც. მათი შრომა უფრო მძიმეა. ფიცარზე, რომელსაც სახნავად იყენებენ ქალი და აკვანში ჩაწვენილი ბავშვი თავსდებიან. დაუსრულებელია მათი ტრიალი, დამქანცველია მათი შრომა. ილაჯგამოცლილ ქალს თავბრუ ესხმის, დატრიალდა სვანური კოშკები, ყველაფერი მოძრაობაშია მოყვანილი, თითქოს შეუძლებელია ამ დატრიალებული სამყაროს გაჩერება. ასევე მოძრაობაშია მოყვანილი ბედის წისქვილი, სვანეთს მარილი სჭირდება, ის კი არსაიდან ჩანს. მარილი! – ღაღადებენ ადამიანები; მარილი! – ითხოვენ ცხოველები. მამაცი სვანები თოვლსა და ზვავს არ უშინდებიან, მაინც მიდიან ბარში საშოვარზე. მძიმეა ლოდინი, გარინდულან მთები, ადამიანები. ელის ქალი  ბავშვით ხელში, იგი ჰაეროვანი და მსუბუქია, მისი ლოდინი სავსეა რწმენით, რომ ისინი დაბრუნდებიან. მათი ვედრება ღმერთმა არ ისმინა, აბობოქრდნენ მთები, წამოვიდა ზვავი – ქალის შეშლილ სახეზე ირეკლება ზვავის საშინელება. ყვირის, მაგრამ შველა არავის ძალუძს, ზვავმა შთანთქა ხალხი, კვლავ დაამარცხა ბუნებამ ადამიანი. ისევ კონტრასტული კადრები: ოჯახში  უბედურებაა, მიცვალებული მიწას უნდა მიაბარონ, ეს კითავის ადათ-წესებს მოითხოვს. პირველ რიგში მშობიარე ქალს აგდებენ სახლიდან, რათა მან სადმე შორს, მარტომ, ყველასაგან გარიყულმა შვას ბავშვი. აკი ამბობენ ახლის დაბადება, ყოველთვის სიკვდილს იწვევსო. აქაც ასეა. რეჟისორმა დასაფლავების სცენები საოცარი სარკაზმით გადაიღო: მისდევენ მიცვალებული გვამს, ძლივს ეწევიან, შემდეგ ნახევრადმთვრალი მღვდელი წირვას კითხულობს, მიცვალებულს თეთრი ძროხა, ცხენი, ფული შესწირეს, მიწას მიაბარეს და შემდეგ ღრეობა დაიწყეს. პარალელურად კი, ქალმა ბიჭი შობა. მის სისხლს ძაღლი დაეწაფა, სწორედ ისე, როგორც ქელეხში ხალხის ბრბო ღვინოსა და საჭმელს. ერთმა სიკვდილმა მეორე სიკვდილი დაბადა. ბავშვს თვით დედა მარხავს, როგორც ცოდვის შვილს და მიწას საკუთარი რძით ანოყიერებს. შეძრწუნებულია ქალი, მის უბედურებას საზღვარი არა აქვს. 
“მარილი სვანეთს” არ იყო გადაღებული მათთვის, ვისაც მხოლოდ სვანეთის ეგზოტიკური ბუნებით ტკბობა სურდა. ფილმში დიდი სიმართლით არის ნაჩვენები სვანები ცხოვრების სიმძიმე, მაგრამ დროის მოთხოვნილება სხვაგვარი იყო. ფილმი ოპტიმისტურად უნდა დამთავრებულიყო. კალატოზიშვილი იძულებული გახდა დოკუმენტურ ფილმში დადგმული, გათამაშებული სცენები შემოეტანა. ფეთქდება მთები, ინგრევა კლდეები, რათა გაიყვანონ გზა, რომელივ სვანეთში გაცილებით უფრო გვიან მივა, ვიდრე ეს სურათშია ნაჩვენები. აქაც რეჟისორი თავის თავის ერთგული დარჩა, მან ნგრევის და ახლის შენების პროცესი გადაიღო მოძრაობაში და არა სტატიკაში. განა თვითონ არ აღნიშნავდა პრესის ფურცლებზე “საჭიროა ვუჩვენოთ მოვლენები მოძრაობაში  და არა სიმშვიდეში, რომელშიც ისინი არასოდეს იმყოფებიან”. (ჟურ. “მემარცხენეობა”). მან თავისი სიტყვები ფილმით გაამართლა. “ჯიმ შვანთეში” ყველაფერი მუდმივ მოძრაობაშია. ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის ორგანულად. კალატოზიშვილმა, როგორც ოპერატორმა შავ-თეთრი გამოსახულების საოცარი ფერადოვნება შექმნა. მიუხედავად თავისი სიმკაცრისა ჯიმ შვანთე” მონტაჟურ-პოეტური ფილმია. შწორედ ამიტომ ვერ იქნა იგი შეფასებული ჯეროვან დონეზე. კალატოზიშვილი ახალგაზრდა იყო. დამარცხება, კრიტიკა, მძიმედ განიცადა. ფილმი “მარილი სვანეთს” აკრძალეს. “ფორმალისტი” რეჟისორი დახვტრეტას გადაურჩა და სასწავლებლად ლენინგრადში გაემგზავრა. ჟურ. “მემარცხენეობაში” კალატოზიშვილი წერდა: “ კრიტიკოსი უნდა ცდილობდეს დაეხმაროს და არა დამარხოს ესა თუ ის ხელოვანი და მისი ნაწარმოები”. 1930 წელს მიხეილ კალატიზიშვილი “სუბიექტური” კამერით იღებდა ობირქტურად არსებულ ბუნებას. ფილმში “მარილი სვანეთს” კალატოზიშვილმა შეძლო უსულო საგნებისათვის სული შთაებერა. აქ თითოეული ხე, კოშკი, ქვა მოძრაობაშია მოყვანილი. მან დაწუნებული მხატვრული ფილმის  - “უსინათლოს” მასალების გამოყენებით შექმნა დოკუმენტური კინოს შედევრი.  რეჟისორის ფილმებზე ხშირად ამბობენ, რომ რაკურსი, გადაღების ხერხები მის ფილმებში ყოველთვის სჭარბობს სიუჟეტს, ის კი ავიწყდებოდათ, რაც მან თავისი შემოქმედების დასაწყისშივე აღნიშნა: “რაკურსმა არ უნდა გააორგინალოს ან გაალამაზოს ნივთები, ის უნდა იყოს, როგორც სტილისტური ხერხი, რომელიც აზრიანად იქნება გამიზნული სიუჟეტის წყობასთან მიმართებაში” – სწორედ ამ აზრის ერთგული დარჩა წლების განმავლობაში ხელოვანი. ფორმა და შინაარსი მისთვის ცალ-ცალკე არ არსებობდა. "მარილი სვანეთს” თითქმის 30 წლით შემოდეს თაროზე. 1957 წელს კანის საერთაშორისო ფესტივალზე “მიფრინავენ წეროების” გრანდიოზულმა წარმატებამ, დოკ.ფილმი "მარილი სვანეთს” კვლავ დაუბრუნა მაყურებელს. ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ბევრი კინემატოგრაფიული ხერხი, რომელივ მაყურებელში აღფრთოვანებას იწვევდა, კალატოზიშვილმა ჯერ კიდევ  ფილმის “მარილი სვანეთს” გადაღებებზე გამოიყენა. 
მიხეილ კალატოზიშვილმა მთელი თავისი შემოქმედებით ჰიმნი უმღერა ბუნებას დიადს, მიუწვდომელს, ამაღლებულს. ბუნება მთელი ძალით მან სწორედ სვანეთში შეიყვარა და ეს მოკრძალებული სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე თან ატარა. თუკი შეიძლება ეკრანს ჰყავდეს თავისი პოეტები, მათ შორის მიხეილ კალატოზიშვილი უდაოდ პირველთაგანია. 

ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი. პროექტის ავტორი დავით აბდალაძე. თბილისი. 2012 წელი