აკაკი ბაქრაძე
იწამე გადარჩენა
("ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა")
1857 წლის 18 მარტს გუსტავ ფლობერი კერძო ბარათით წერდა მადმუაზელ ლერუაიე და შანტპის: „ხელოვანი თავის ქმნილებაში ისე უნდა იყოს, როგორც ღმერთი ბუნებაში, უნდა იყოს უხილავი და ყოვლადძლიერი. მას ყველგან უნდა გრძნობდე, მაგრამ ვერ ხედავდე“. ეს უკამათო სიბრძნე რატომღაც მომდევნო თაობებმა არ გაიზიარეს, ხელოვანი არ გაუჩინარდა თავის თხზულებაში, პირიქით, თავისთავი წინ წამოსწია და გამოჰყო. პუბლიკუმს საკუთარი მე-თი დანახული სამყარო შესთავაზა. ყოველი მოვლენა მე-ში გარდატეხილ-არეკლილი წარმოადგინა. როცა გარესამყაროსდამი ამგვარმა დამოკიდებულებამ საყოველთაოდ მოიკიდა ფეხი, ხელოვნება-მწერლობაში დამკვიდრდა ერთგვარი ერთფეროვნებისა და მოწყენილობის განწყობა. გაჩნდა ნატვრა უთვალავფერიანი სამყაროს ხილვისა. როდესაც ასეთ ვითარებაში ხანდახან იღბალი გაგიღიმებს და წააწყდები ხელოვნების ამა თუ იმ დარგის ნაწარმოებს, სადაც ავტორი ცდილობს ობიექტურად, ჩაურევლად ასახოს ადამიანთა ყოფა, თავგადასავალი, ბედი თუ უბედობა, ბუნებრივია, განიცდი სულიერი კმაყოფილების გრძნობას.
ეს გრძნობა დამეუფლა, როცა ვნახე ფილმი „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“. იგი ეკრანიზაციაა ოთარ ჩხეიძის რომანისა „ბორიაყი’’.
ჩვეულებრივ ეკრანიზაციის დროს ორი რამ ხდება:
ან პირველწყარო (სულერთია, პროზაული იქნება ეს თხზულება თუ დრამატურგიული) ზღუდავს ფილმს, ჩარჩოში აქცევს და უკარგავს კინოთავისთავადობას, ან ფილმი შლის, არღვევს პირველწყაროს მხატვრულ - აზრობრივ ქსოვლილს, აგონჯებს მას და, არსებითად, მაყურებელი ვერ ხვდება, რა მიზანი ჰქონდა ეკრანიზაციას.
ძალიან იშვიათია ბედნიერი შემთხვევა, როცა არც პირველწყარო ზიანდება და არც ფილმი კარგავს საკუთარ, დამოუკიდებელ კინემატოგრაფიულ სახეს.
„ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში“ ეს ძნელად შესანარჩუნებელი თანაზომიერება ზუსტად არის დაცული. სცენარის ავტორებს ერლომ ახვლედიანსა და გიორგი შენგელაიას არც რომანის მხატვრულ-აზრობრივი შინაარსი დაუმახინჯებიათ და არც ფილმისთვის მოუკლიათ კინემატოგრაფიული ეშხი . მაგრამ ეს მაინც უნდა ვთქვა: ვისაც სურს ბოლომდე ჩაწვდეს ფილმის აზრობრივ შინაარსს, მან აუცილებლად უნდა წაიკითხოს რომანიც. ეს აუცილებლობა ნაკარნახევია მხოლოდ ერთი ფაქტორით-დროის პრობლემის გადაწყვეტით.
როგორც კი ფილმი დაიწყება, ეკრანზეც და მაყურებელთა დარბაზშიც მაშინვე ისადგურებს განწყობილება, რომელსაც ვუწოდებ ავის მოლოდინით სავსე მყუდროებას.
მყუდროება სუფევს ყველგან, სადაც კი ახალგაზრდა კომპოზიტორი ნიკუშა ჩაჩანიძე (მსახიობი ლევან აბაშიძე) მიდის და ჩვენც მივყვებით. მყუდროებაა გიორგი ყანჩელის ბინაში, ელიზბარ ხეთერელის, ეფემია კათარელის, გიორგი ოცხელის, არჯევნელების, იტრიელების ოჯახში, მართალია, ნიკუშას ყველა აფთხილებს დიდი ხიფათი მოგელისო, მაგრამ ყმაწვილი ვერ მიმხვდარა, მყუდროებით სავსე ქვეყანაში რა საფრთხეა მოსალოდნელი. ვერც მაყურებელი ხედავს მომავალ ფათერაკს, თუმცა ირგვლივ გამეფებული სიწყნარე სიმშვიდეს არ გგვრით. პირიქით, ძრწოლვით გავსებთ. მყუდროება ამზადებს ტრაგედიას.
რეჟისორი გიორგი შენგელაია და ოპერატორი ლევან პაატაშვილი ქმნიან პასიურ მყუდროებას (ანუ მოჩვენებით სიმშვიდეს) და აქტიური ბორიტმოქმედების კონფლიქტს, შინაგან წინააღმდეგობას. შინაგანი ქიშპი ვლინდება იდუმალებით და მყუდროების მოულოდნელი დარღვევით, რაც თანდათანობით ძაბავს ვითარებას.
კომპოზიტორი ნიკუშა ჩაჩანიძე ეტლით ისე ჩადის შიდა ქართლში, ხევთისს, რომ მგზავრობის უშფოთველ და მშვიდობიან ატმოსფეროს თითქოს არაფერი არღვევს, მაგრამ უცბად მოულოდნელად, წყაროსთან აგდია სასიკვდილოდ ნაცემი კაცი.
ექიმ ხეთერელის (მსახიობი ზ.ყიფშიძე) კარ-მიდამოშიც სიჩუმეა და მდუმარება. აქაც თითქოს არსად ჭაჭანებს საფრთხის ორანი, მაგრამ, უეცრად მოასვენებენ ტყვიით შუბლგახვრეტილ შალვა ხეთერელს (მსახიობი რ.მიქაბერიძე) .
ვარაზელების ქოხშიც ღამის დუმილია. ჩამიჩუმიც არსაით ისმის. სტუმარ- მასპინძელთა მასლაათს თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ მოულოდნელად, ერთბაშად თავს ესხმიან ვარაზელთა ოჯახს. პეტრე ვარაზელი და მისი სტუმრები ძლივს გაუსხლტნენ ხელიდან მომხდურებს .
მოსავალს აბინავებდნენ ძმები იტრიელები. შუადღის სიცხის ლულში მშვიდობიანი შრომის ჰარმონიაა. ჭრიჭინობელაც კი არ ჭრიჭინებს. მაგრამ ანაზდეულად მათ კარს მოადგება დამსჯელი რაზმი. მართალია, ისინი ჯერ მხოლოდ დაპურებას ითხოვენ (თუმცა ეს თხოვნა, უფრო ძარცვაა, ვიდრე საზრდელის მიღება), მაგრამ მერე, ცოტა მოგვიანებით, უკვე იტრიელთა დასაჭერად მოცვივდებიან.
ეკლესიის ეზოში ფერიცვალობის დღესასწაულია. ხალხი ნადიმობს, ილხენს, იმღერს, ცეკვა-თამაშობს, საზეიმო განწყობილებაა, მაგრამ იჩქითად ცეცხლის ალი ამოვარდება. იწვის ეკლესია. ცეცხლი ნთქავს, ანდგურებს ყველაფერს. იწყება ხალხის აწიოკება, გვემა, ხოცვა.
მყუდროების ასეთი მოულოდნელი დარღვევანი, ერთი მხრივ, ამბის მსვლელობას ძაბავს, ამძაფრებს მოლოდინის გრძნობას, ხოლო მეორე მხრივ, გაფიქრებინებს, გაიძულებს მოძებნო მოვლენათა აზრი.
როცა ამბის მსვლელობას თვალს გავადევნებთ, ცხადად დავინახავთ, რომ მყუდროების თვისება-ხასიათი არ იცვლება. იგი ერთფეროვანია. სამაგიეროდ, იცვლება, იზრდება, მრავალფეროვანი ხდება ხდება ბოროტება. ჯერ ცემა, მერე მკვლელობა, თავდასხმა, ცეცხლის მოკიდება-გადაწვა, ტოტალური დაჭერა. ბუნებრივია, ბოროტების გალაღება საერთო სახალხო უბედურებით უნდა დამთავდეს. გამოდის, რომ მყუდროება-სიმშვიდე არ ყოფილა არც უვნებლობის გარანტია, არც თავდაცვის საშუალება, არც ბრძოლის ფორმა. იგი ყოფილა ბოროტმოქმედების ხელშემწყობი.
მატყუარაა იდუმალებაც, რომლითაც გარემოცულია „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში“ დახატული ადამიანის ყოფა.
დიდი, ორი თუ სამსართულიანი, სახლი. ოდესღაც მისი პატრონი მდიდარი ყოფილა. ახლა სიღარიბის კვალი ატყვია ყველაფერს. ეზოც გაპარტახებულია, სახლის კედლები და კარ-ფანჯრებიც შელანძღული. სულიერების ჭაჭანება არ არის ახლომახლო. ნიკუშა ჩაჩანიძე და ლეკო თათაშელი მოადგებიან ამ სახლს. ჩუმად, იდუმალად იღება კარი. გამოჩნდება ახალგაზრდა ფარეში ქალი. მისი ლამაზი სახე მდუმარებს, უტყვია, ნაკვეთიც არ ირხევა. უსიტყვოდ მიუძღვის სტუმრების წინ. ბნელ დერეფანში მიჰყავს. მათ სახეებს ოდნავ ანათებს თაფლის სინათლის შუქი. ისინი მიდიან დიდხანს, დიდხანს. ელი, რომ შეხვალ საიდუმლოებით მოცულ გარემოში, მაგრამ ტყუვდები. ოთახში, სადაც ნიკუშა ჩაჩანიძესა და ლეკო თათაშელთან ერთად შედიხარ, სკამზე ზის მარტოხელა, ავადმყოფი, უპატრონი დედაბერი ეფემია კათარელი (მსახიობი ლ.იოსელიანი ). რისი სურვილი ან შეიძლება უნდა ჰქონდეს ამ ქალს, ვისი ამქვეყნიური წუთები უკვე დათვლილია?
ჯერ ძველი პეწი არ გახუნებიათ. გალავანი გალავანს ჰგავს, სასახლე- სასახლეს, ეზო-კარი - ეზო-კარს. ეტიკეტიც არ ირღვევა: უფროსმა-უფროსი იცის, უმცროსმა-უმცროსი. ოთახებიც ძველებურად არის მორთულ - მოფარდაგებული . არც სიზვიადე დაუკარგავთ, არც საკუთარი ღირსების გრძნობა. არჯევანელები სტუმარს ისე იღებენ, როგორც მათ გვარს ეკადრება. ასევე გაისტუმრებენ. ოღონდ არაფერში ჩაერევიან, არაფერს შეცვლიან. თავიანთ კარჩაკეტილობას არ დაარღვევენ... იქნებიან ასე მოწყვეტილი მთელ ქვეყანას. თურმე აქაც ცარიელი სიტყვა დარჩენილა: ქალბატონი დედა ბრძანებს... მეტი არაფერი. არჯევანელების იდუმალებაც სიცრუეა. რა უნდათ? რა შეუძლიათ ?
გიორგი ოცხელმა (მსახიობი თ.ჯაფარიძე) განათლება უცხოეთში მიიღო. შინ რომ დაბრუნდა, ქონება, ადგილ-მამული გლეხებს დაურიგა, როგორც გინდათ მოიხმარეთო. არავინ დაუფასა. ახლა მის არსებობას სწორედ ისინი ემუქრებიან, ვის კეთილდღეობაზეც ზრუნავდა. როცა გიორგი ოცხელს ღამით სტუმრად მიადგებიან ნიკუშა ჩაჩანიძე და ალეკო თათაშვილი, იგი მათ ვახშამს მიართმევს, მაგრამ თან დააყოლებს: - არ ვიცი, ვინა ბრძანდებით, არც მინდა ვიცოდე... დაგაპურებთ, მოგასვენებთ... თუ გზას განაგრძობთ, თქვენი ნებაა, ხელი მოგიმართოთ ღმერთმა, განაგრძეთ ეწიეთ თქვენს საწადელსა... მე ჩემდათავად არც დაგიმახსოვრებთ, ვერც გიცნობთ, სადმე რომ გადაგეყაროთ... გიორგი ოცხელმა ხომ არ მიიღო და არ მიიღო სტუმრები ხელგაშლით, გულღიად, მის სახლში კიდევ არის ვიღაც, რომელსაც ვერც ვხედავთ, მხოლოდ ხმა გვესმის მისი :
- ვიღაცეები გყოლია...
- ლეკოა.
- რას დაწრწის ?
- შემოღამებია და შემომეფარა.
- დაეტიოს თავის სოფელში ...
ამ უცნობს გამოჩენაც არ უნდა. არც სხვასთან შეხვედრა სურს. ისიც იდუმალებას არჩევს. მაგრამ რისთვის? რა მიზნით?
თანდათანობით ნათელი ხდება: ეს იდუმალება ბრძოლისთვის მზადებას არ გულისხმობს, იგი გამოვლენაა შიშით დათრგუნულობისა.
ამ ადამიანებს ენატრებათ თავისუფლება. დიდი სურვილი აქვთ, თავი დააღწიონ გარემოებას, რომელშიც მოაქცია დრომ და უღონობამ, გამოვიდნენ ჩიხიდან, იხსნან თავი, მაგრამ არა საკუთარი ძალ-ღონით, არამედ ვიღაცის საშუალებით. ვინ არის ეს ვიღაც, არც მათ იციან. მაგრამ ხომ არ შეიძლება ყველაფერი გაიყინოს, გაქვავდეს, უძრავად იდგეს ერთ ადგილს? ბუნების (და საზოგადოების) სიცოცხლის ძირითადი ნიშანი მოძრაობაა, დინებაა. მაშასადამე, ეს გაშეშებული უძრავი ყოფაც უნდა ამოქმედდეს. გამოჩნდეს ვიღაც, ვინც მოიტანს იმედს, ვინ იცის, იქნებ ხსნასაც. და მყუდროებასა და მოლოდინში უნებლიეთ დაიბადება ცრუ გინცი, სუსტ-ლიდერით და თვითმარქვია წმინდანით. ყმაწვილ კომპოზიტორს, რომელიც ხალხური სიმღერების ჩასაწერად ჩამოვიდა, მიიღებენ საგანგებო დავალებით გამოგზავნილ შეთქმულებად. მართალია, ნიკუშა ცდილობს თვალი აუხილოს ყველას, თქვას სიმართლე, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებს ამას. არავის სურს დაიჯეროს, რომ ეს ახალგაზრდა კაცი ოდენ იმისთვის არის ჩამოსული, რომ ხალხური სიმღერები ჩაიწეროს. მათთვის ეს ნიღაბია, კამუფლაჟია. არსი კი ის არის, რომ ნიკუშა ჩაჩანიძემ ხალხი უნდა შეკრიბოს, შეაგროვოს, მეომრებს მოუხმობს, ბრძოლის მიზანდასახულობა გააცნოს და წინ გაუძღვეს. ფიქრობენ, იგი გიორგი ყანჩაველის დავალებას ასრულებს. გიორგი ყანჩაველი კი კარგა ხანია არავითარ ბრძოლას არ აპირებს. გიორგი ყანჩაველი კი კარგა ხანია არავითარ ბრძოლას არ აპირებს. იგი ერთი იმათგანია, ვინც დამარცხებას შეურიგდა და მყუდროებაში ჩაიკეტა. არათუ ერის საომრად დარაზმვაზე აღარ ოცნებობს, ნიკუშა ჩაჩანიძეს ეხვეწება - სიმღერების შესაკრებად შიდა ქართლში ნუ წახვალ, საშიშია, ქვეყანა არეულია და ღმერთმა უწყის, რა ხიფათს გადააწყდებიო.
ვერც გაამტყუვნებთ „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის“ პერსონაჟებს იმისთვის, რომ ისინი ცრუ იმედს ებღაუჭებიან, არარსებული შეთქმულების სჯერათ და მომავალი ბრძოლის ერთ-ერთ ლიდერად ის მიაჩნიათ, ვისაც ამაზე არასოდეს უფიქრია. მუდმივ, გაუთავებელ მოლოდინსა და სასაფლაოსებურ მყუდროებაში არსებობა უკვე აღარ შეუძლიათ. ნათელია: იქნებიან ასე უსიტყვოდ, უხმოდ, უმოძრაოდ თუ ამოქმედდებიან, იომებენ, იბრძოლებენ, სულერთია, მაინც სიკვდილი და გადაშენება ელით. დიდიხანია უკვე, რაც მათ ბრძოლა-მოქმედება აღარ ძალუძთ. ამიტომ უხარიათ (ზოგიერთს მაინც, თუ ყველას არა) ნიკუშა ჩაჩანიძის გამოჩენა. ახალგაზრდა კომპოზიტორი დასტურია იმისა, რომ სადღაც სიცოცხლე კიდევ ფეთქავს. ფარ-ხმალი ყველას არ დაუყრია. მაგრამ, მიუხედავად სიხარულისა, ნიკუშას გაყოლას, გვერდით დგომას არავინ აპირებს. ერთადერთი კაცი პეტრე ვარაზელია (მსახიობი ლ.თურმანიძე ), რომელიც იტყვის - თუ არის იმედი, სულ ცოტა იმედი, ფრჩხილისოდენა იმედი თუ არის, მაშინ დავრჩებიო, ე.ი ვიბრძოლებო, მართლაც, იგი ერთადერთია ფილმში, იარაღით ხელში კვდება. სხვებს კი ცხვრებივით გარეკავენ სასაკლაოზე.
ფილმში გამეფებული მყუდროება და მოლოდინი გახსენებთ ერთ ძველისძველ ხუმრობას: როცა საქართველოში რუსეთის მმართველობა დამკვიდრებულა, რომელიღაც ორბელიანი თუ მაჩაბელი შინ ჩაკეტილა და გარეთ აღარ გამოსულა. ხანდახან დარაბებს გააღებდა და იკითხავდა თურმე: კიდევ აქ არიან არ წასულანო? როდესაც უპასუხებდნენ: - არ წასულან, ყაზარმებს აშენებენო, გაბრაზებული ისევ ჩაიკეტებოდა და გულმოსული იტყოდა: - ხედავ, შენ, ამ ზამთარსაც აქ აპირებენ დარჩენასო.
მაგრამ დგება წუთი (ზოგიერთისთვის მაინც), როცა დუმილი ყვირილს იწყებს, მყუდროება - ხმაურს. ხეთერელების ოჯახში ახალგაზრდა კომპოზიტორის მოსვლამ შალვა ხეთერელისათვის დუმილი ააყვირა და მყუდროება აახმაურა. ერთბაშად ირწმუნა, რომ მისი საათი დადგა. ახლა მან, ყოფილმა ოფიცერმა, იარაღს უნდა მოკიდოს ხელი და ბრძოლა დაიწყოს. გათავდა, ერთხელ და სამუდამოდ გათავდა უმოქმედობის დრო. ჯიუტად ჩააცივდა კომპოზიტორს - გიორგი ყანჩაველმა ჩემთან რა დაგაბარაო. არც გახსენებია გიორგი ყანჩაველს შალვა ხეთერელი, არც არაფერი შემოუთვლია მისთვის. ვერა და ვერა, ვერაფრით ვერ დაარწმუნა ნიკუშა ჩაჩანიძემ შალვა ხეთერელი - თქვენთან არც არაფერი დაუბარებიათ და არც არაფერი შემოუთვლიათო. როცა შალვა ხეთერელი მაინც არ მოეშვა, ყმაწვილმა კაცმა რაღაც, ოდესღაც ბუნდოვნად განაგონი გაიხსენა: - დაარბიესო ხეთერელთა დიდი გვარი, ორიოდემ უცხოეთში გაასწრო, იქ მხოლოდ ელიზბარი დაგხვდებაო. იმის უმცროსი ძმაც უნდა გადარჩენილიყოო ... მაგრამ ის აქ, სადღაც თბილისში უნდა იყოსო...
სხვაგვარად გაიგო ეს სიტყვები შალვა ხეთერელმა: თბილისში უნდა იყოსო... მან დედაქალაქში საიდუმლოდ მიხმობად ჩათვალა. აღელდა, აცეტდა, აფუსფუსდა ძველი ოფიცერი. მოსვენება დაკარგა. ღამით ჩუმად ადგა. თავლიდან ცხენი გამოიყვანა და თბილისისკენ გამოეშურა. დილით კი მკვდარი მოასვენეს შინ. ასე საბედისწეროდ დამთავდა შალვა ხეთერელისთვის გმირის წინამძღოლის მოლოდინი. უსასრულო მოლოდინმა საღი განსჯის უნარი დააკარგვინა, გარემოების ფხიზლად შეფასების ნიჭი წაართვა, არარსებული არსებულად მოაჩვენა, სუსტი მუსიკოსი ბიჭი დიდი საიდუმლოს მფლობელი და გმირად წარმოადგენინა.
შალვა ხეთერელის ბედი არ არის ოდენ პიროვნების ბედი. უსასრულო მოლოდინის შედეგად ასე შეიძლება მთელ ხალხსაც. ხალხსაც შეიძლება აერიოს თავგზა და ის მოეჩვენოს, რაც არ არსებობს. გმირად და წინამძღოლად ის იწამოს, ვინც საამისოდ არ გამოდგება. იმას ენდოს, ვინც მოატყუებს და უფსკრულში გადაჩეხავს. როცა არსებობს სურვილი, ნატვრა, მოლოდინი გმირისა და წმინდანისა, ნამდვილი კი არ ჩანს, მის ადგილს ცრუ გმირი და ცრუ წმინდანი იკავებს. თან სრულიად დასაშვებია, ეს ცრუ გმირი და ცრუ წმინდანი სულაც არ იყოს თაღლითი, ცრუპენტელა, ყალთაბანდი, შეგნებულად ავისმოქმედი, არამედ იყოს უბრალო, გონებასუსტი, მალემრწმენი კაცი. ის პიროვნება იყოს, ვინც რუასის (გონება) სიდუხჭირის გამო იოლად იჯერებს, რომ მასაც შეუძლია დიადი მისიის შესრულება . ასეთ ადამიანებს, ნებით თუ უნებლიეთ, დიდი უბედურება მოაქვთ. ამგვარი კაცი ფილმში ლეკო თათაშელია.
ლეკო თათაშელმა არა მარტო ნიკუშა ჩაჩანიძის ლეგენდის შექმნას შეუწყო ხელი, არამედ საკუთარი საპატიო ადგილიც განსაზღვრა ამ ზღაპარში. მან იმდენად დაიჯერა სიცრუე, რომ ერთდროულად შეასრულა პროვოკატორისა და წამებულის როლი. როცა დამსჯელმა რაზმმა, ეკლესიის ეზოში, ნიკუშაც შეიპყრო და ლეკოც, თათაშელმა, ერთი მხრივ, დაადასტურა რომ არსებობდ საიდუმლო დავალება ხალხის ასამბოხებლად, და, მეორე მხრივ, თავად დაიბრალა აჯანყების თავკაცობა-მეთაურობა. ნიკუშასაც გამოექომაგა - უბრალო და უდანაშაულოაო, შემზარავ წამებას გაუძლო და ბოლოს პათეტიკურად მოითხოვა: - გადამიწყვიტეთ, რაც რომ მეკუთვნის, მომიზღეთ ხვედრი, როგორც გენებოთ, ოღონდ კოცონი არ გადამიწყვიტოთ, არც სახრჩობელა გადამიწყვიტოთ, არც დახვრეტა გადამიწყვიტოთ: მომკვეთეთ თავი, მეტი რა გინდათ?! მომკვეთეთ თავი და შემოატარეთ მთელი საქართველო... ალბათ ეგონა, თუ საქართველო ლეკო თათაშელის მოკვეთილ თავს დაინახავდა, ერთსულოვნად და ერთხმად ფეხზე ადგებოდა და იარაღს აისხამდა თავისუფლების მოსაპოვებლად. ლეკო თათაშელის წამებული სული ჩაუნერგავდა დაკარგულ მხნეობას ისე, როგორც ეს ოდესღაც აბო თბილელმა გააკეთა.
მასხარამ წამებულისა და წმინდანის ეკლის გვირგვინი დაიხურა. ეროვნული ტრაგედია ფარსად აქცია. ამ უბედურებაში სულ მცირე შეღავათს ლეკო თათაშელს ის აძლევს, რომ ილუზიით დაბრმავებული არც ბოლოს გამოფხიზლებულა. თავი მოიკლა დაჯერებულმა, რომ მაღალ მისიას ემსახურებოდა.
ასე აღმოჩნდა ერთმანეთის პირისპირ უღონობით და უძლურებით დაბადებული ილუზია და საგანგებოდ მოფიქრებული, აწონდაწონილი მზაკვრობა. დამსჯელი რაზმის ოფიცერმა (მსახიობი ი. ხიზანიშვილი) ჩინებულად იცის, ვინ არის ნიკუშა ჩაჩანიძე, მით უმეტეს, ლეკო თათაშელი. ისიც ნათელია მისთვის, რა რუკაა ის რუკა, რომელიც ნიკუშასა და ლეკოს უპოვეს. ამ რუკაზე ის სოფლებია აღნიშნული, სადაც ყმაწვილ კომპოზიტორს ხალხური სიმღერების ჩაწერა შეუძლია და არა ის პუნქტების, სადაც აჯანყება უნდა მომზადდეს. მაგრამ რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს ცრუსაბუთი ოფიცერმა იმის გასანადგურებლად, რომელთა არსებობა მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია? მერე რა, რომ ისინი სახლში არიან ჩაკეტილი, არ მოქმედებენ, გარემოსამყაროსთან კავშირიც გაწყვეტილი აქვთ, მშვიდად ცხოვრობენ, არაფერს აპირებენ... მათი მყუდრო, ჩუმი, წყნარი არსებობაც საშიშია. საშიშია, იმ საზოგადოებისთვის, რომელთაც ოფიცერი და მისი რაზმი ემსახურება.
ოფიცერი და მისი მშობელი საზოგადოება თავისი წეს-ჩვეულებით ცხოვრობენ. ამ საზოგადოებაში ქადაგებენ არ იპაროთო და ქურდობენ, არ იმრუშოთო და ბოზობენ, არა კაცჰკლაო და ხოცავენ, სხვისი არ ინდომოო და ძარცვავენ .
მართალია, კათარელები, ხეთერელები, ოცხელები, იტრიელები , არჯევნელები ხმას არ ამოიღებენ, პროტესტს არ განაცხადებენ, მშვიდად და მყუდროდ იცხოვრებენ კარჩაკეტილში, მაგრამ არც იმას გააკეთებენ სიტყვით არ იქურდო იქადაგონ და საქმით მოიპარონ, სიტყვით არ იმრუშოო დაგარიგონ და საქმით იბოზონ; სიტყვით არა კაც ჰკლაო გიგიჩინონ და საქმით უდანაშაულო და დამნაშავე ერთნაირად ხოცონ. ამ თვისების გამო არიან ისინი საშიში და ხელის შემშლელნი. ამიტომ უნდა განადგურდნენ.
ანადგურებს კიდეც.
ვერ იხსნა ისინი კარჩაკეტილობამ, დუმილმა, მყუდროებამ.
როცა ბოროტი და კეთილი იბრძვის, არჩევანი თავად უნდა გააკეთოს კაცმა, თორემ ძალით გააკეთებინებენ, და არა კეთილის სასარგებლოდ.
როცა ქრისტე გოლგოთაზე ჯვარს მიათრევდა, გაუჭირდა, მაშინ ლეგიონერებმა ხელი წაავლეს ვიღაც სიმონ კვირინელს, მას აჰკიდეს ჯვარი და აზიდვინეს.
სიმონ კვირინელი არც ქრისტეს მომხრე იყო და არც ლეგიონერებისა. იგი თავისთვის არსებობდა, მაგრამ მაინც ჯახადეს ჯვარისტვირთვის მონაწილე. კიდევ კარგი, ღმერთკაცის ტანჯვის შემსუბუქება დაევალა, თორემ შეიძლება იმ ლეგიონერის ფუნქცია დაეკისრებინათ, რომელმაც შუბი ჰქრა იესოს ფერდში.
არც კეთილშობილების გათამაშებამ უნდა მოგვატყუოს. როსტომ იტრიელი (თ.ბიჭიაშვილი) და დამსჯელი რაზმის უფროსი თანაკლასელები აღმოჩნდნენ. გაქცევის საშუალებას მოგცემთო, შესთავაზა ოფიცერმა როსტომს. უარი თქვა როსტომმა მოწყალებაზე. ოღონდ ეს კი ითხოვა: ნიკუშა ჩაჩანიძე გაუშვით, უდანაშაოულოა, არაფერ შუაშიაო. შეუსრულეს როსტომს თხოვნა: ნიკუშა გაუშვეს, მაგრამ რა? როცა დაპატიმრებულს სასაკლაოზე მიერეკებოდნენ, ჩაფარმა იცოდა, რომ სათვალავში ერთი აკლდა. დანაკლისი უნდა შეევსო, თორემ დაჭერა-დახვრეტის გეგმას ვერ შეასრულებდა (მოწესრიგებულ საზოგადოებაში, რისთვის იბრძვის ოფიცერი, ყველაფერი წინასწარ არის გათვალისწინებული). ჩაფარმა გზად უდარდელად მიმავალი მეურმე გააჩერა, ურმიდან გადმოაგდო და პატიმრების გუნდში შეაგდო. სათვალავი გაასწორა და დავალებაც შეასრულა.
რა გამოვიდა ცრუ კეთილშობილობიდან? ერთი უდანაშაულო გაუშვეს, მაგრამ მის ადგილზე უფრო ალალ-მართალი დასვეს. ასეთია ვერაგობა-მზაკვრობის „კეთილშობილება“.
...და მიდიან ისინი -კეთილშობილნი, ჭკვიანნი, მშრომელნი, ჯიში და ლაზათი ერისა, მაგრამ უღონონი და უძლურნი - მზით გადამწვარ-გადახრუკულ ხრიოკზე და უდაბნოს მდუმარებას არ არღვევს ჩქამიც კი, ოღონდ ყურში წივის სიტყვები:
„ნუ მიენდობი სიმუხთლეს ბედისა, განსჭვრიტე ჭეშმარიტი, იწამე გადარჩენა. გადარჩენა იწამე, გადარჩენა იწამე. გაჰფანტე აღრევანი გონებისანი, სულმოკლეობა მორჩილებისა, აღამაღლე სული უძველესი ხალხისა, სული უკვდავებისა, სული უკვდავებისა...“.
მართალია, რომანის ეს სიტყვები ფილმში არ არის, მაგრამ კინოსურათი გაჟღენთილია ამ სულისკვეთებით.
1985წ.
აკაკი ბაქრაძე. კინო.თეატრი. „ხელოვნება“ თბილისი.1989. გვ.214-224