ტატა თვალჭრელიძე                                            

სამი დღე და მთელი სიცოცხლე

( მერაბ კოკოჩაშვილის „ცხელი ზაფხულის სამი დღე“)

 მერაბ კოკოჩაშვილის უკანასკნელი ნამუშევარია ხუთსერიიანი სამეცნიერო-პოპულარული სატელევიზიო ფილმი „გზა“, რომელშიც იგი როგორც რეჟისორი და ფილმის წამყვანი მოგვითხრობს ქართველი ერის დრამატიზმით აღსავსე ისტორიას.

 უფრო ადრე კი მ. კოკოჩაშვილმა გადაიღო მხატვრული ფილმი „ცხელი ზაფხულის სამი დღე“. სამი ეკრანული დღის მანძილზე გაიელვებენ ჩვენ წინ ფილმის პერსონაჟები, მაგრამ ეს სამი დღე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორია მათი მიზნები და მისწრაფებანი, რითი სულდგმულობენ, რა დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, როგორი უნდა იყოს ზნეობრივი პოზიცია, რომლის საფუძველზეც სხვადასხვა თაობებმა შეიძლება შეხების საერთო წერტილები, საერთო ენა გამონახონ.

  ფილმის პირველივე ეპიზოდში, ქართული მატერიალური კულტურის უძველესი ნიმუშების ფონზე, ისმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის პროფესორ სულხანის ხმა:

 „რა არის ის ძალა, რომელმაც ჩვენი პატარა ერი დღემდე შემოინახა?!“

 „ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს!“ - ამბობს ფილმის დასასრულს ახალგაზრდა თამრიკო.

 გუნდის რეპეტიციაზე ყოფნისას ერთი მუსიკალური ბგერის დამუშავებაზე დახარჯული დროითა და ენერგიით გაოცებული სულხანი თამრიკოს ირონიულ კითხვაზე: „კი მაგრამ,რამ შეაშინა ასე ის კაცი?“ გაღიზიანებით უპასუხებს:  „ყველამ თავისი „ი-ი-ი“ უნდა აკეთოს!“.

 ფილმის ეს სამი აზრობრივი მოტივი ავტორებმა დავით ჯავახიშვილმა, ერლომ ახვლედიანმა, მერაბ კოკოჩაშვილმა კომპოზიციურად სამი დღე-ღამის ამბების თხრობით წარმოგვიდგინეს.

 ამ აზრობრივი აქცენტების მხოლოდ აღნიშვნაც უკვე მეტყველებს ფილმის ხასიათზე, ზნეობრივი საკითხებისადმი დამოკიდებულებაზე, სწრაფვაზე ადამიანის რთული და ხშირად დარამატული სულიერი სამყაროს სიღრმივი წვდომისაკენ.

 ფილმი პირდაპირ, ზოგჯერ პუბლიცისტური გულახდილობით სვამს ამ საკითხებს მაყურებლის წინაშე, გვაიძულებს ჩავუფიქრდეთ როგორ, რა გზით „ვიხარჯებით“ ჩვენ, რა ტონალობაში ვაკეთებთ ჩვენს „ი-ი-ი“-ს (ისე, როგორც გუნდის ხელმძღვანელი ფხაკაძე), უჩუმრად, აფიშირების გარეშე, ძვირფასი ბგერები რომ შემოუნახა შთამომავლობას, თუ აშკარად, ყველას დასანახად, როგორც ტელერეჟისორი ლევანი. თუმცა მისი საქმე ფილმში არანაკლებ იკვეთება, როგორ შეგვაქვს თუნდაც პატარა, თუნდაც უმნიშვნელო წვლილი იმ „ძალის“გასამტკიცებლად,რომელიც მომავალშიც „შემოინახავს  ჩვენს  პატარა ერს“, რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ სულიერი სიმტკიცე და ნებისყოფა კიდევ უფრო გავუმყაროთ ისტორიულ სიძნელეებთან შეჯახებისას?!

 გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან პიროვნების ურთიერთობათა კომპლექსი, მისი მრავალმხრივი ასპექტის ჩვენება მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი  დამახასიათებელი თვისებაა. იგი გვთავაზობს ამ ურთიერთობათა არა სწორხაზოვან შეფასებას, არამედ ამ კავშირებში შთაწვდომას, მათ გამოაშკარავებას ყოველგვარი რეცეპტებისა და შეჯამების გარეშე.

 „დიდ მწვანე ველში“ მწყემსი სოსანა უპირისპირდება ყველას და ყველაფერს -ცივილიზაციას, მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, კოლმეურნეობას, საკუთარ მეუღლეს, დაბოლოს - ერთადერთ მეგობარსაც. სოსანა ჯიქურ ადგას მამა-პაპათა მიერ გაკვალულ გზას. მას არც სურს გაერკვეს შემოჭრილი დინების არსში. მის აღქმაში ირღვევა ის აუცილებელი კავშირი ადამიანსა და ბუნებას შორის, რომელიც მისთვის მხოლოდ განადგურების მომასწავებელია. სოსანასთვის უცხოა ეჭვები, გაორებანი; ხასიათის დრამატიზმი გარე სამყაროსთან დაპირისპირებიდან მომდინარეობს და სწორედ აქ ყველაზე უფრო საინტერესოა მერაბ კოკოჩაშვილის  ზნეობრივი პოზიცია. იგი არ კიცხავს თავის გმირს, არ ცდილობს მას მიაწებოს რაიმე იარლიყი; მშვიდად და აუჩქარებლად გვიჩვენებს ამგვარი გმირების განწირულობას, თუმცა ჩვენი თანაგრძნობა სოსანას მხარეზეა - მისი გაურყვნელი, სუფთა ბუნება,მისი რწმენა, ნიჭი უსაზღვრო სიყვარულისა, განსაზღვრავს ამ გმირისადმი ჩვენს დამოკიდებულებას.

 მაგრამ ცხოვრება ადამიანებისაგან შეგუებას და ზოგჯერ შემგუებლობასაც კი ითხოვს. ცხოვრების დინებას ვერ დაამუხრუჭებ, ვერ გააჩერებ ადამიანთა სწრაფვას ტექნიკური პროგრესისაკენ, ხელთუქმნელად ვერ შემოინახავ თანამედროვე ცხოვრების მჩქეფარე რიტმისაგან მაღალი მთებით გათიშულ, თუნდაც ერთ პატარა სოფელს. ბოლოს ეს მძლავრი ტალღა მაინც გაარღვევს თოვლიან მთებს, დიდ მწვანე ველზეც შემოიჭრება და თუ არ მიიღებ მას, არ შეუერთდები - ან გაგსრისავს, ან მარტოს დაგტოვებს. სოსანამ თავად შეაქცია ზურგი ახალ ცხოვრებას, თავისი ნებითა და სურვილით გაეცალა, განერიდა, რადგან მიხვდა, რომ ბრძოლა უშედეგოა, რაგინდ მძლავრი მკლავიც არ უნდა გქონდეს. ამაყად ასწია მან თავი და წავიდა შორს, კიდევ უფრო მაღლა მთებში.

 ფილმის ემოციური ზეგავლენა გრძნობათა სწორედ ამ კომპლექსიდან მომდინარეობდა. კეთილი, მონოლითური, გაურყვნელი სოსანა სწორედ პიროვნული მთლიანობის გამო სიმარტოვისათვისაა განწირული, რადგან იგი თანამედროვეობის აუცილებელ მოთხოვნებს ვერ ეგუება. რამდენადაც უცილობელი და ლოგიკურია კონფლიქტი, მით უფრო დრამატულია ეკრანული ამბავი, მით უფრო ცხადი ხდება სოსანასნაირ პიროვნებათა მარცხი.

 რეჟისორი არ თხოულობდა მზა ფორმულის ზედაპირულ, დადებით-უარყოფითი სახის ჩამოყალიბებას. იგი შეეცადა ეჩვენებინა ცხოვრების სირთულე და ამ სირთულის წინაშე მდგარი პიროვნების არჩევანის დრამატიზმი.

 ასეთივე არჩევანის წინაშე იდგნენ ოდესღაც „ცხელი ზაფხული სამი დღის“ გმირები. ზოგმა წყნარი, უშფოთველი და მისი ყოფისათვის ასე ხელსაყრელი კომპრომისული გზა აირჩია და საკმაოდ ბევრსაც მიაღწია ამ გზაზე, ზოგმა ცხოვრების მიზნად მეტად მორიდებული ამოცანა დაისახა - ბავშვები საკუთარი მიწის სიყვარულს აზიაროს, ზოგმაც - გაჩუმება და მოლოდინი  არჩია...

 სულხანმა ვერ მოახერხა იოლი გზით ევლო ამ ცხოვრებაში. მას ყველაფერი აღელვებდა, მშვიდად ვერ ეგუებოდა ვერც გულგრილობას, ვერც მაქსიმალიზმს, ვერც სიტყვის გატეხვას, ადვილად ვერ იცვლიდა რეგისტრებსა და ტონალობებს, მისი მთელი ცხოვრების საქმის -  ძველი ნაქალაქარის დამარხვასთან ერთად გაწყდა ბოლო ძაფი, სულხანს ამ სამყაროსთან რომ აკავშირებდა. ამ საქმის დასრულება განგებამ სხვას, მომავალ თაობას მიანდო. ბევრს იტევდა სულხანის გული და ამიტომ იყო, ალბათ, რომ ბოლოს უმტყუნა, ყველა გრძნობის უმაღლეს დაძაბულობას ვერ გაუძლო...

 ამ მხრივ ფილმში თითქოს ორი ფინალი იკითხება.

 ...სულხანმა ვერ მოახერხა მის წინ მდგარი სიძნელეების გადალახვა, ვერც საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა მოიპოვა, რათა თავისი გამოკვლევა ბოლომდე მიეყვანა. ამიტომ ნასახლარის კონსერვირება გადაწყვიტა. ვერც სამდღიანმა ოდისეამ - მიზანდასახულ, ჯიუტ თამრიკოსთან ერთად მთელი ინსტანციები და ნაცნობები რომ მოიარეს - ვერ უშველა. “ბორცვი“ დაიმარხა, მოსულმა ხალხმა „პანაშვიდი“ გადაიხადა და ახლა ნადიმს შეუდგა. ყველა კუთხიდან სულხანს უძახიან, ხელს უქნევენ, უღიმიან. სულხანიც იღიმება, სადღეგრძელოებს ამბობს, მოცეკვავეთა წრეშიც აღმოჩნდება და ვნებაანთებული ეცეკვება თამრიკოს. მაგრამ ხალხი ნელ-ნელა დაიშალა, ირგვლივ სიბნელე ჩამოწვა. მიდიან მანქანები, კვეთენ ფარების შუქით სიბნელეს. დაიცალა ფერდობი. მხოლოდ სულხანის მანქანა ანათებს იქაურობას.

 მარტო დარჩენილ სულხანს თამრიკო ამოუდგა გვერდით. მას თვალებში ცრემლი ჩასდგომია. უცებ სიმწრის ტალღა ახალი ძალით შემოაწვება, აათრთოლებს. უშნო ქართველებო...“ თითქმის ყვირის თამრიკო. ყვირილი ისტერიკაში გადადის - „პანაშვიდებისა და ქეიფების ხალხო... უჯიშოებო... მეზიზღებით, მეზიზღებით“...  სულხანი დიდხანს, დაკვირვებით უმზერს მას, თითქოს კიდევ რაღაც ახალი აღმოაჩინაო ქალიშვილში, უყურებს დაფიქრებული, სევდიანი და მშვიდი ღიმილით. თვალებში ნაღველი და სახეზე ის ცრემლნარევი ირონია აღბეჭდვია, რომელსაც ფილმის მანძილზე უკვე შევეჩვიეთ. აუჩქარებლად, ფრთხილად, სათუთად გადაუსვამს სულხანი თამრიკოს თავზე ხელს, ჩუმი ღიმილით ქაღალდს ამოიღებს ჯიბიდან და თვალში თვალს გაუყრის: „საიდან დავიწყოთ?!“ -გაახსენებს მათი „თანამშრომლობის“ დასაწყისში ნათქვამ ფრაზას. თამრიკო ფართოდ გახელილ ცისფერ თვალებს დაახამხამებს, გამოერკვევა, სიცილ-ტირილით აიტაცებს სულხანის ხუმრობას... „ისევ ერეკლესგან“ - ხუმრობითვე უპასუხებს. მოულოდნელად და სწრაფად დაიღუნება, სულხანის ხელს აიღებს და მოწიწებით ტუჩებთან მიიტანს. ამ ჟესტში იკითხება ბევრი რამ და რაც მთავარია ის, რომ სულხანმა სამ დღეში დააბრძენა თამრიკო, მისი მაქსიმალიზმი და პირდაპირობა დაანახა, თავისი თავშეკავებითა და შემწყნარებლობით ჩააფიქრა, გააგებინა, რომ ცხოვრება ამ ბორცვთან მომავალ გზასავით კლაკნილი და ოღროჩოღროა, რომ სიმაღლის ასაღებად ზოგჯერ მოლოდინი, მომზადება და შემწყნარებლობაა საჭირო. თამრიკოსათვის ახლა, ალბათ, ნათელი გახდა საკუთარ ბრალდებათა პრიმიტიულობა, სირთულეების გაუთვალისწინებლობა. დროთა განმავლობაში იგი, ალბათ, იმასაც მიხვდება, რომ თვითდაჯერება და უყოყმანოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღება გამოუცდელობისა და უცოდინრობის შედეგია. სულხანის გვერდით სამი დღის მანძილზე ყოფნამ შინაგანად გარდაქმნა თამრიკო, სულიერი ფასეულობებით მცხოვრები ადამიანის ზნეობრივი მაგალითი ხელშესახები გაუხადა. სწორედ ამ ერთმა ჟესტმა დაგვანახა, რომ თამრიკოც ის პიროვნებაა, რომელსაც ძალუძს ყოველივე ეს მიიღოს, შეისისხლხორცოს, საკუთარი სიუხეშე და თვითდაჯერებულობა დაინახოს.

 შემდეგ თამრიკოც ტოვებს სულხანს.

 გრძელი პანორამით ჯერ ვხედავთ როგორ დაედევნება სულხანის „ვილისი“ თეთრ „ჟიგულს“. თანდათან მანძილი მანქანებს შორის იზრდება. სულხანის მანქანა ჯერ ერთ აღმართს აივლის, შემდეგ კლაკნილი გზა მეორე აღმართთან მიიყვანს. უცებ მანქანა ნელ-ნელა უკან-უკან იწყებს დაგორებას. უცნაურად, უსწორმასწოროდ მოგორავს თავქვე, მერე ირიბად მოტრიალდება და შეჩერდება.

 ეკრანზე ახლო ხედით სულხანის გაფითრებული სახე გამოჩნდება. იგი ოფლს მოიწმენდს, ხელის მუხრუჭის მოსაზიდად უკანასკნელ ძალას მოიკრებს, სულს მოითქვამს და კარს გააღებს. ძლივძლივობით გადმოვა მანქანიდან და იქვე ბალახზე წამოწვება. ჯიბეებს მოქექავს, მაგრამ წამალს ვერ ნახავს. ერთგული ძაღლი, რომელიც სულხანს მუდამ თან ახლავს, გაშმაგებული დარბის აქეთ-იქით, ყეფს, მშველელს ეძებს, მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანს. წევს სულხანი თვალდახუჭული, ოფლი ზოლებად ჩამოსდის სახეზე, ძაღლი ადგილს ვერ პოულობს, გრძნობს საშიშროებას, პატრონს მკერდზე ბალახს დაუდებს. სულხანი ძლივს მოახერხებს თვალის გახელას, გაიღიმებს და ჩაილაპარაკებს: „აი,ეხლა კი ნაღდად ჩავიჭერი“... (ეს, ამ უმძიმეს წუთებში, თამრიკოს მეგობრის სიტყვების ირონიული გამეორებაა.)

 აქ თითქოს დასრულდა სულხანის სულიერი ბრძოლის ამბავი, დაისვა წერტილი, მაგრამ ავტორები სულხანის მოღვაწეობას ფილმის გმირებსავე შეაფასებინებენ. ეკრანულ თხრობას პატარა, ბნელ დარბაზში გადაიტანენ და იქ თავს მოუყრიან სულხანის მეგობრებს. ისინი იმ კინოფირს უყურებენ, რომელზეც ნასახლარის დაკონსერვების ცერემონიალია აღბეჭდილი. ერეკლე, რომელსაც დიდი თანამდებობა უკავია, ფიცს დებს, რომ სულხანის საქმეს ბოლომდე მიიყვანს. შემდეგ კი თამრიკოს ეკითხებიან, თუ რაში ხედავს იგი ცხოვრების აზრს და თამრიკო მტკიცედ უპასუხებს: „ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს!“

 ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელს ათქმევინებენ ავტორები ამ სენტენციას, სულხანის მომდევნო თაობას აფასებინებენ წინას ნამოღვაწარს.

„დიდ მწვანე ველში“ არის ასეთი ეპიზოდი: ჩუმად, ფეხაკრეფით შეიყვანს სოსანა თავის მცირეწლოვან ვაჟს გამოქვაბულში, მამა-პაპათა რწმენას აზიარებს, ანდერძად უტოვებს  - წმინდად შეინახოს წინაპართა ადათ-წესები, მათი ტრადიციული ხელობა, მათი სათაყვანო კერპი; დაავალებს, წმინდად აღასრულოს მათი წმინდა საქმე. უძველესი კერპის ნესტოებსა და რქებს სინათლე ეფინება. ბავშვის დიდრონ, შავ თვალებში ირეკლება ანთებული ლამპარი...

თაობათა გადაძახილი, ძირითადი ზნეობრივი მრწამსის გადალოცვა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმების ერთ-ერთი მთავარი მოტივია. რეჟისორის სადიპლომო ნამუშევარში                         „ხმელ წიფელში“ - „ფიქრობს ხმელი წიფელი თავის თავზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე; გულში თითქოს ღრმად ჩასჭედვია მწუხარება. ხანდახან გადმოაცქერდება მის ერთ ფესვის ბოლოზე ამოსულ პატარა დასახულს ყლორტს, რომელიც მზეს და წვიმას უცდის, რომ გაიზარდოს. ესღაა მისი ნუგეში“...

სოსანა თავის ვაჟს უნერგავს ქართველი გლეხის თანდაყოლილ თვისებებს, “ცხელი ზაფხულის სამ დღეში“ ვაჟა მასწავლებლის (ე.ახვლედიანი) პატარა მოსწავლე - სულხანი წინაპართა ნაკვალევიდან მუჭით აიღებს მიწას და მუხლმოდრეკილი ტუჩებთან მიიტანს...არა მარტო თამრიკოს თაობას გადასწვდა სულხანისა და ვაჟა მასწავლებლის  სულიერი სიმტკიცე, მათი ჩუმი, მოკრძალებული სიყვარული ერისა და საქმისა, პატარა სულხანი უკვე თამრიკოს შემდგომი თაობაა, მათაც თავისი სულხანი, თავისი სოსანა და გიორგი ეყოლებათ...

 აქ, ალბათ, უკვე დადგა დრო აღინიშნოს მერაბ კოკოჩაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება - მისი მუშაობა მსახიობთან. კოკოჩაშვილი ის რეჟისორია, რომელიც ზედმიწევნით კარგად იცნობს მსახიობს, იცის მასთან მუშაობა და უყვარს კიდევაც. ეს სიყვარული, უაღრესად ფაქიზი დამოკიდებულება, იგრძნობა ყველაფერში - იმაშიც, თუ როგორ ეძებს და ირჩევს იგი მსახიობს ამა თუ იმ როლზე, როგორ წარმართავს მასთან ურთიერთობებს, რა ფუნქციას ანიჭებს მას მაყურებლამდე მიიტანოს კინონაწარმოების ძირითადი აზრი.

ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, რეჟისორს პირველი წარმატება მოკლემატრაჟიანმა ფილმმა “მიხამ“მოუტანა. მთავარი როლის შემსრულებელი - ზურაბ ქაფიანიძე დღეს ცნობილი და პოპულარული აქტიორია, მაგრამ თამამად შეიძლება ვაღიაროთ, რომ მისი პირველი დიდი წარმატება მიხას ეკრანული სახე იყო. კოკოჩაშვილმა ქაფიანიძეში უტყუარად ამოიცნო „სოფლის პირველი ხუმარა, მოლხინე, მოჭიდავე,  მომღერალი და მოსარჩლე“ მიხა. მსახიობმაც მწერლისეული ერთი შტრიხიც არ გამოტოვა. მისი მიხა „დათვივით დაბორიალობდა, თავითაც ეტაკებოდა ქალებს და ისეთი რხევით უვლიდა წრეს და ისე მარდად ათამაშებდა ფეხებს, როგორც უწინდელი გაწკეპილი აზნაური, რომელსაც თავისი დღეები ფეხების ქნევით დაელია“.  ასეთია ქაფიანიძის მიხაც - სიცოცხლის დამამკვიდრებელი, მხიარული და ჯანსაღი ტემპერამენტით აღსავსე. მსახიობის კოლორიტული ფიგურა  ბუნებრივად იკვეთებოდა სოფლის ცოცხალი სურათის ფონზე.

 ამ ეკრანული სახით რეჟისორის შემოქმედებაში იწყება კვლევა ეროვნული ხასიათისა. ხშირია შემთხვევა, როცა ამგვარი ხასიათების განხორციელებას ეკრანზე რეჟისორი საკმაოდ აღიარებულ მსახიობებს სთავაზობს, მაგრამ ისინი ახალი, მოულოდნელი კუთხით გამოავლენენ ხოლმე თავიანთ მონაცემებს. ასე იყო „დიდ მწვანე ველში“, სადაც მთელი სისავსით გამოვლინდა დოდო აბაშიძის მკაფიო ინდივიდუალობა, სწორედ აქ გამოჩნდა მისი აქტიორული ნატურა, მთელი ძალით გამომჟღავნდა წლობით შეძენილ ოსტატობასთან შერწყმული მსახიობური მომხიბვლელობა.

მერაბ კოკოჩაშვილმა უტყუარი ალღოთი შეიგრძნო, რომ ქართული ეროვნული ხასიათის კვლევისას, მისი ღრმა ფესვების ჩასაწვდომად სწორედ დოდო აბაშიძის ფაქტურის მსახიობი ესაჭიროებოდა, რადგან მის გარეგნობაში ნათლად ამოიკითხა ქართველ მეურნეთა თაობების თვისებათა კომპლექსი. ისინიც ხომ სოსანასავით აუჩქარებლად მეტყველებდნენ, სადად ცხოვრობდნენ, ღირსებით მოქმედებდნენ. ქართველმა მშრომელმა კაცმა კარგად იცოდა ნდობისა და უნდობლობის, სიყვარულისა და სიძულვილის, სიკეთისა და ბოროტების ფასი.  მერაბ კოკოჩაშვილს სწორედ ამგვარი თვითმყოფადობა ესაჭიროებოდა, რომელიც, სხვათა შორის, მოძრაობის რიტმშიც, რეაქციის თავისებურებაშიც გამომჟღავნდებოდა. რეჟისორისათვის მთავარი იყო მაყურებელში მნიშვნელოვანი და სულის ამაღელვებელი გრძნობები გაეღვიძებინა - მაყურებლამდე მიეტანა სოსანას არსებობის ზნეობრივი საფუძვლები. მაგრამ საკუთარი ზნეობრივი კონცეფციის განხორციელებისას, რეჟისორი პრობლემას ხელის ერთი მოსმით როდი წყვეტს. იგი მაყურებელს ანდობს, თავად განსაზღვროს ფილმის გმირთა მომავალი, სოსანას შემდგომი ცხოვრების გზა, თუ რა არის ეს - გაუცნობიერებელი აუცილებლობა, ტრადიციებისადმი ბრმა მორჩილება, თუ ხასიათის უკომპრომისობა?!

გავა 15 წელი და კოკოჩაშვილი კვლავ დასვამს ამ საკითხებს, მაგრამ ამჯერად მისი კვლევის, ფიქრის, განსჯის საგანი უკვე ქალაქის ინტელიგენცია ხდება. მხოლოდ დრო და პირობები თავის კორექტივს შეიტანენ ტრადიციისა და სიახლის, ტექნიკური პროგრესისა და ეროვნული კულტურის ფენომენში.

 ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ დოდო აბაშიძე, ისევე როგორც კახი კავსაძე, კოკოჩაშვილის ფილმებში სულ სხვა და საკმაოდ მოულოდნელი კუთხით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

 დოდო აბაშიძემ შექმნა მწყემსი სოსანას მტკიცე, მონოლითური სახე. ამ ადამიანში ძლიერი ვნებები ბობოქრობენ. ეს ბავშვურად მიმნდობი მზერა შეუძლებელია არ იყოს გულწრფელი, ეს მძლავრი მკერდი არ შეიძლება წვრილმან ანგარებას იტევდეს, მას ნებისყოფა ჰყოფნის ცოლს ღალატიც კი აპატიოს, გადალახოს შინაგანი ტანჯვა, რადგან უსაზღვროდ სწამს სიკეთე. საღამოთი, როცა ცოლ-შვილს აღელვებით უჩვენებს საკუთარი ნახატების დიაპოზიტივებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ესეც სოსანას სულია. ასეთია იგი - ბავშვივით გულუბრყვილო, პატიოსანი და, ამავე დროს, კლდესავით მტკიცე თავის რწმენაში.

 ამგვარივე კონტრასტული ხერხებით ხასიათის მთლიანობამდე შევსება სულხანის ხასიათის კონსტრუირების მხატვრულ პრინციპს შეადგენს. ბავშვივით უხარია კახი კავსაძის სულხანს, როცა თამრიკოს გაუმხელს: “დილას ერეკლეს ჩვენთვის თვალი არ აურიდებია“. ამას სულხანი ამბობს თავისი ყრმობის მეგობარზე,  რომელიც ამჯერად სოციალური კიბის სათავეშია მოქცეული. მას გულწრფელად უხარია,  რომ ერეკლემ (ო.ლითანიშვილი) არ დაკარგა მეგობრობის უნარი. მაგრამ ცხოვრების გამოცდილებით დაუმძიმებელ თამრიკოს ეს არ ესმის, არ შეიძლება გაიგოს. მისი ასაკი არ გულისხმობს ამგვარ საკითხებზე დაფიქრებას და შეწუხებას. ამჯერად მის წინ ერთადერთი ამოცანა დგას და იგი სწორხაზოვანი პირდაპირობით მიიწევს, მიაბიჯებს, მიჰქრის ამ ამოცანის გადაუდებლად გადაწყვეტისათვის.

სულხანი კი წამით გაჩუმდება, ირონიულად შეხედავს, უფრო სწორად თავის გადახრით ჩახედავს თვალებში, ოდნავ აწევს წარბებს გაკვირვებით. “რა...ეს არ არის მნიშვნელოვანი?!“ -ჩუმად ჰკითხავს ქალიშვილს. იგი კარგად ხვდება, რომ თამრიკომ ჯერ არ შეიძლება გაიგოს ადამიანური ურთიერთობების უცნაურობანი; რომ თითოეული „გამარჯობა“ ან „ნახვამდის“ იმისდა მიხედვით, თუ როგორ, რა ტონით, რა გრძნობით იქნება წარმოთქმული, შეიძლება გადამწყვეტი გახდეს უახლოესი ადამიანების ურთიერთობაში, რომ ერთი შეხვედრის გამო ადამიანებმა შეიძლება დაკარგონ ერთმანეთი და რომ ეს ცხოვრებაში ყველაზე მეტად დასანანია. თამრიკომ ჯერ არ შეიძლება იცოდეს გულწრფელობის ჭეშმარიტი ფასი.

 თამრიკოს შეპასუხება თითქოს დასტურია ამ ფიქრისა. “როგორ არა, - ყალბი აღტაცებით წამოძახებს იგი, - ამაზე მნიშვნელოვანი, აბა, რა უნდა იყოს?! რა დროს გათხრებია, რაღაც ნასახლარებში ჩიჩქნა, რა დროს სირბილია უფლების მოსაპოვებლად, რომ ეს ჩიჩქნა გავაგრძელოთ... თქვენთვის ხომ ადამიანური ურთიერთობაა ყველაზე მთავარი?!“ - ამას თამრიკო უკვე აშკარა ირონიით, დაცინვით ლაპარაკობს, სწრაფად, სხაპასხუპით, ხმაში თანთადან გაბრაზება შეეპარება - „სხვათა შორის, არა მარტო თქვენთვის, ჩემთვისაც, თუმცა...“-თამრიკო მწარედ ჩაიცინებს - „მარტო თქვენ რას გერჩით, ყველამ თავისი პატარა „ი-ი-ი“ უნდა აკეთოს“ - პირდაპირ შეხედავს სულხანს და შემდეგ დამფრთხალი გუნდის ხელმძღვანელის ინტონაციას დაიჭერს: “ერთხელ წამომცდა რაღაც ამისი მსგავსი და კინაღამ ჩამქოლეს!“ -თამრიკო ისევ მწარე ირონიული ხდება - „შევიცოდოთ, არა, საწყალი შეშინებული მომღერალი?!“ თამრიკო უკვე ისეა აღელვებული, ყოველგვარი ყალბი აღტკინების გარეშე აფრქვევს, რაც გულს უწვავს, თითქოს სურს სულხანმა მშვიდად გადაარწმუნოს, რწმენა დაუბრუნოს თავის თავში, თავის საქმეში, მაგრამ სულხანი დუმს. “ყველა ეგეთები ხართ...მთელი თაობა...“ თამრიკო წამით შეჩერდა, შემდეგ  თითქოს უკანასკნელი დარტყმისათვის მოემზადაო, ძალა მოიკრიბა და სულხანისნაირი ინტონაციით იკითხა: „რა არის ის ცხოველმყოფელი ძალა, რომელმაც ეს ჩვენი პატარა ერი დღემდე შემოინახა?!“ - თამრიკო უკვე ყვირის მწარედ ,ცრემლმორეული. “რა არის, რა!“ მერე უცებ დაწყნარდება და ჩუმად დაუმატებს:  „არა, ბატონო სულხან, შეიძლება მე თქვენთან აღარ ვიმუშაო...!“ სულხანმა ერთი შეხედა თამრიკოს, რომელიც უკვე წასვლას აპირებდა. ამ დროს თამრიკოს მეგობარმა ფამილიარულად ჩაიცინა: „ჩაიჭერით, ბატონო სულხან?!“

 კახი კავსაძე ქმნის ქართველი ინტელიგენტის დრამატულ ხასიათს. რეჟისორს არ ეშინია მისთვის ისეთი სიტუაციების გამონახვა, სადაც ცოდნით დამძიმებული სულხანი, ეს აღიარებული მეცნიერი, შეიძლება სასაცილო და საცოდავიც კი გამოჩნდეს. აქ მსახიობი და რეჟისორი იცავენ იმ ზღვარს, რომლის იქით უკვე კომიკური, გროტესკული ელემენტებია. ამ საზღვრის დაცვა კი ირონიული ნოტებით ავსებს ხასიათს, რაც ფილმში მოთხრობილ შინაარსს ფორმით უფრო მეტად ესადაგება.

 ...სულხანი ვერც კი ამჩნევს, როგორ შეიპყრო იგი თამრიკოს ნახვის უსაზღვრო სურვილმა. მიწისქვეშა გადასასვლელში მეუღლეს გაეცლება, არ დაუძახებს, თვითონაც კი უკვირს საკუთარი სულიერი აფორიაქება. წამით შედგება, თითქოს სურს გაერკვეს გრძნობებში, მაგრამ იქვე იცილებს ფიქრებს, გულის ლტოლვას მიჰყვება გაუაზრებლად, მისთვის უჩვეულო სისწრაფით - უმტყუნა სიდინჯემ, დარბაისლობამ. მალე თამრიკოს სახლში აღმოჩნდება. იქ მიიპატიჟებენ, სიხარულით შეხვდებიან, მაგრამ სულხანი მხოლოდ თამრიკოს ხედავს, მზერას ვერ აშორებს. პირველმა წამებმა განვლო, სულხანი გამოერკვა, თამრიკოს საქმროც შენიშნა და უცებ მიხვდა თავის უმწეო, უხერხულ მდგომარეობას - იგი, თმაშევერცხლილი, დინჯი მეცნიერი დგას აქ, ამ ქალიშვილის წინაშე, რომლის მზერა, გვერდით ყოფნა ასე აუცილებელი შეიქნა მისთვის. დაბნეულობა აისახა კახი კავსაძის გმირის სახეზე, თვალებში წამით გაელვებული ბედნიერი ნაპერწკალი უსაზღვრო სევდამ შეცვალა, მაინც მოიხმო იუმორი, უმწეოდ გაშლილი ხელი საფეთქელთან მიიტანა და თამრიკოს ბებიის გამოცნაურებაზე, პაპამისს რომ იცნობდა, როგორც „დუელიანტს“, ხუმრობით ვითომ გამოჰკრა ჩახმახს თითი.

 კახი კავსაძემ შექმნა სერიზული, საინტერესო ეკრანული სახე და გამოააშკარავა სხვა პოტენციური შესაძლებლობანი. მთელი ჩვენი სიმპათიები ამ რბილი ინტელიგენტის მხარეზეა, რომელიც ძნელ, კრიტიკულ  მომენტში შინაგანად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე გაბედული თამრიკო.

 თამრიკოს როლი „კინომსახიობის“ თეატრის მსახიობის ნინელი ჭანკვეტაძის დებიუტია კინოში. ასეთივე დებიუტი იყო პირიმზეს როლი ლია კაპანაძისათვის. იმაში, თუ როგორ ირჩევს კოკოჩაშვილი როლისათვის მსახიობს, ჩანს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს იგი შემსრულებლის გარეგნულ მონაცემებს. ეს ეპიზოდურ სახეებზეც ვრცელდება. “ცხელ ზაფხულში“ ყურადღებას იქცევს არაპროფესიონალ მსახიობთა უხვი გამოყენება, ისეთი აქტიორის გვერდით, როგორიც, მაგალითად, რამაზ ჩხიკვაძეა.ეს, რაღა თქმა უნდა, რეჟისორის ოსტატობის მაჩვენებელია, მისი უნარი, ტიპაჟში არტისტიზმი აღმოაჩინოს.

 თუკი „დიდი მწვანე ველის“ გმირი სოსანა მთლიანი, გაუხლეჩავი პიროვნებაა, მისი მეუღლე პირიმზე დაბნეულ, დაღლილ ქალად გვევლინება. ეკრანზე ჩვენ ვხედავთ ადამიანებს იმ ვითარებაში, როცა საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბებული ბევრი რამ წარსულს ბარდება, ხოლო ახალს ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაუდგამს ფესვები. ამ ვითარებამ თავისი დაღი დაატყო გმირებს. ამ ისტორიულმა თვალსაზრისმა განაპირობა გმირთა ხასიათების სირთულე, განსაზღვრა თხრობის ობიექტურობის მაღალი დონე და ანალიზის სიღრმე.

 მეუღლესთან მუდმივი განშორებებით დაღლილი, მთებში ერთფეროვანი ცხოვრებით დაქანცული, ადამიანურ სითბოს მონატრებული, უსაზღვროდ დამნაშავე და ერთდროულად უდანაშაულო ლია კაპანაძის პირიმზე ჩვენს თანაგრძნობას იწვევს თავისი გმირის გატეხილი ცხოვრებით. კაპანაძეს არ ეშინია თავისი გმირის უარყოფითი მხარეების წარმოჩენა. იგი ააშკარავებს პირიმზეს მეშჩანურ შეზღუდულობას, მის ქალურ სისუსტეს, მაგრამ, ამავე დროს, ახერხებს დაგვანახოს თავისი გმირის შინაგანი აფორიაქება, ცხოვრების ხარბი წყურვილი. აი, ცოლ-ქმარი შორდება ერთმანეთს. პირიმზემ სოსანას მიტოვება გადაწყვიტა. ჩუმად, ნელა, მონოტონურად ესვრის პირიმზე ქმარს ყველა ბრალდებას, აუღელვებლად ჩამოუთვლის ყოველ თავის ტანჯვას. გარიყული, გულგრილი ზის იგი ოთახის შუაგულში და ძნელი წარმოსადგენია, რომ რამდენიმე წუთის წინ ეს ის ქალი იყო, რომელიც ასე მწარედ, ისტერიულად ევედრებოდა ღმერთს ამგვარი ცხოვრებისაგან განთავისუფლებას.

 კოკოჩაშვილთან მოულოდნელი მხატვრული ძალით წარმოგვიდგა თავის პირველ ეკრანულ სახეში ლია კაპანაძე. ეს იყო 20 წლის წინ. ამის შემდეგ პირიმზეს სადარი მხატვრული სახე კაპანაძეს, სამწუხაროდ, აღარ შეუქმნია.

 ასევე საინტერესოა კოკოჩაშვილის მუშაობა ნინელი ჭანკვეტაძესთან. მართალია, თამრიკოს როლი სულხანთან შედარებით ერთგვარი სწორხაზოვნებით ხასიათდება, მისი ტექსტი ზოგჯერ პლაკატების ელფერსაც ატარებს, რაც ართულებს ახალგაზრდა მსახიობის საშემსრულებლო ამოცანებს (ამიტომ შეიძლება შევედავოთ სცენარის ავტორებს თამრიკოს ხასიათის ამგვარ გააზრებაში), მაგრამ ნინელი ჭანკვეტაძის მოქმედება, მისი განსახიერების მანერა ზუსტად გამოხატავს ავტორთა ჩანაფიქრს. ჯერ კიდევ ლიტერატურულ სცენარში თამრიკო ისახება თავისი ასაკისათვის ზედმეტად თამამ, პირშიმთქმელ, ოდნავ ცივ, ზოგჯერ ზედმეტად მკაცრ და მკვახედ მოლაპარაკე ქალიშვილად. გამომდინარე აქედან, ჭანკვეტაძეს არ აინტერესებს აჩვენოს თამრიკოს სინაზე, სინატიფე, მაგრამ გოგონას სისხარტე, ხაზგასმული მზადყოფნა სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად, უნებლიედ მაინც წარმოაჩენს მის ქალურ მომხიბვლელობას, ერთგულებას და ღრმა გრძნობათა უნარს. სწორედ სულხანისა და თამრიკოს ხაზი არის ის ძირითადი სიუჟეტური ღერძი, რომლის ევოლუცია აინტერესებს ფართო მაყურებელს. დიდი ტაქტით, თითქმის უთქმელად, რეჟისორმა წარმართა ეს ხაზი შინაგანი დაძაბულობის გაძლიერებით. მსახიობთა ახლო ხედები, მათი მზერა ათვალსაჩინოებს გრძნობის ჩასახვას, მის განვითარებას და ამავე დროს მის განწირულობას.

თუკი ფილმის აზრობრივი მხარე პერსონაჟთა დიალოგებში, მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებში ვლინდება, ძირითადი ხაზი რეჟისორმა წმინდა კინემატოგრაფიული გზით გადაწყვიტა, უსიტყვოდ, დეტალებისა და მსახიობთა გამომეტყველების ხაზგასმით.

 ფილმის გამომსახველ კულტურაში (ოპერატ. გ.გერსამია, მხატ. გ.მიქელაძე), მისი გადაღების სტილისტიკაში იგრძნობა თანამედროვე ცხოვრების სუნთქვა, მისი რიტმი, მისი ფაქტურა. დოკუმენტურობის პრინციპი დაცულია არა მარტო გადაღების მანერაში, არამედ ცალკეულ პერსონაჟთა დახასიათებაშიც.  ამგვარი დაწვრილებითი კინოთხრობისას ყოველი დეტალი წმინდა სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს (მაგ., ტელეგამოსახულების ხასიათი და შინაარსი უკანა ხედზე, უწესრიგოდ დაყრილი ქვები ან ძელი მასწავლებლის ეზოში, და ბოლოს, ნასახლარის, ანუ სულხანის მთელი ცხოვრების საქმის „დამარხვა“). ამგვარი სიმბოლიკა შინაგანად გამართლებულია, ორგანულად ერწყმის ეკრანულ თხრობასა და მსახიობთა მოქმედებას. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ფილმში მსახიობები და „ტიპაჟები“ ერთ მთლიან აქტიორულ ანსამბლს შეადგენენ. მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს რამაზ ჩხიკვაძის უაღრესად სადა, თავშეკავებული თამაში. მისი პერსონაჟი ექიმია და მსახიობი ყოველ ეპიზოდში, ყოველ სცენაში ყოველგვარი ხაზგასმის გარეშე ავლენს თავისი გმირის შესისხლხორცებას საქმესთან, პროფესისასთან. არც ერთი წუთით ჩხიკვაძის გივის არ ავიწყდება სხვაზე ზრუნვა, დედა იქნება ეს, მისი მეგობარი სულხანი (რომელსაც იგი ხან ღვინის ჭიქას ჩამოართმევს, ხან ჩუმი ხელის გაკვრით საცეკვაო წრიდან გააგდებს), თუ ჩამოსული სტუმრები.  ეს არა მარტო ექიმის ზრუნვაა ავადმყოფზე, ეს არის სითბო, თანაგრძნობა, სულის ნაწილის გაღება.

 პიროვნების ფსიქოლოგიის ანალიზი, მისი ზნეობრივი სიმტკიცის შესაძლებლობისა და საფუძვლების ძიება - აი, საკითხები, რომლებიც წამოჭრილია მერაბ კოკოჩაშვილის ყველა ფილმში, მათი მასშტაბისა და ცხოვრებისეული მოვლენების კვლევის სიღრმის მიუხედავად.

 ერთ-ერთ თავის წერილს რეჟისორი ასე ამთავრებს: „...ქართული კინემატოგრაფის ძლიერება მისი მრავალფეროვნებაა...“ თვით მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედება,  თავისი მიღწევებითაც და წარუმატებლობითაც, ამ მრავალფეროვნების დასტურია. მას შეაქვს ქართული კინოხელოვნების საერთო დინებაში თავისი საკუთარი წვლილი, ეროვნული, მართალი, მაღალმოქალაქეობრივი.

   

    ტატა თვალჭრელიძე. კინემტოგრაფიული ძიებანი. „ხელოვნება“. თბილისი. 1989.

გვ.62-74