მანანა ლეკბორაშვილი

ზღვარი თუ არჩევანი

 

მელოდრამა მთელ მსოფლიოში დაფასებული ჟანრია, მას ყოველთვის ჰყავს მაყურებელი და თანაც აუდიტორიის   სხვადასხვა ფენაში: უმაღლესი  თუ საშუალო განათლების მქონეთა  წრეში, ქალაქად თუ სოფლად, თინეიჯერებში თუ ზრდასრულ ადამიანებში, ქალებსა თუ მამაკაცებში ( თუნდაც ამ უკანასკნელთ ამის ხმამაღლა აღიარება არ უყვარდეთ).

        ასეთი ფართო სპექტრი არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მელოდრამას უამრავი განშტოება და ქვეჟანრი აქვს, დაწყებული „საპნის ოპერებიდან“  დამთავრებული დახვეწილი „ნუარებით“, რომლებსაც „მელოდრამას მამაკაცებისთვის“ უწოდებენ.

საქართველოშიც უყვართ მელოდრამა, მაგრამ უყვარს მაყურებელს; ქართველ რეჟისორებს კი თითქმის ყოველთვის ერცხვინებოდათ  მისი  - ხან საწარმოო კონფლიქტით ნიღბავდნენ, ხან პრობლემური ფილმით, ხანაც კინომოთხრობის ჟანრით. სასიამოვნოა, რომ ამ ბოლო დროს ეს მიდგომა თითქოს იცვლება. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორები უკვე ღიად იღებენ იმას, რაც მოსწონს, ან თავად თვლიან, რომ მოსწონს ქართველ მაყურებელს. თუმცა  ტრადიციის უქონლობა მაინც იჩენს თავს.

      ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ქაცარავას ფილმი „ზღვარიც“ მელოდრამაა.  უფრო კონკრეტულად,  მაყურებელს ის წარუდგინეს როგორც რომანტიკული მელოდრამა,  და ეს ბუნებრივად გამომდინარეობს მისი სიუჟეტიდან, დრამატული სიყვარულის ისტორიას რომ გვიყვება.

სამწუხაროდ,  ბანალური ჭეშმარიტება, რომ  ხელოვნებაში მთავარია არა რა,  არამედ  - როგორ, და მით უმეტეს დღეს, როცა ყველაფერი უკვე ნათქვამი, დაწერილი, გადაღებულია -  ამ შემთხვევაშიც აქტუალური ხდება. 

      რა თქმა უნდა, კინოს პრაქტიკაშიც არის შემთხვევები, როცა პრობლემის აქტუალობის, სათქმელის სიმწვავის ფონზე, ყველა ესთეტიკური და ფორმალური მოთხოვნა უკან იხევს. თუმცა, დამეთანხმებით, მელოდრამა და, ზოგადად ჟანრული კინო, ეს შემთხვევა ნამდვილად არ არის.

ამბავი გოგონასი, რომელიც მოულოდნელად თავსდატეხილი „არასწორი“ სიყვარულის გამო სწირავს მშვიდ, უზრუნველყოფილ მომავალს  -  არც ცხოვრებისთვის არის ორიგინალური და არც ხელოვნებისთვის.  თუმცა, ანა მხეიძის მოთხრობა „არჩევანი მე“ , რომლის მიხედვითაც  ეს ფილმი არის გადაღებული, 70-იანი წლების ჰიტად იქცა და, ჩემი აზრით  - სრულიად დამსახურებულად.  რა თქმა უნდა, ამბავი თავისთავად მიმზიდველი აღმოჩნდა მსგავსი სიუჟეტების მოყვარული მკითხველთა წრისთვის, მაგრამ ამასთან ერთად მოთხრობის  მსუბუქი, თითქოს მფრინავი სტილი,  თვითირონია და იუმორი კონტრაპუქტს უქმნიდა დრამატულ ისტორიას, აშორებდა მას ცრემლიან სენტიმენტებს და უფრო მძაფრს ხდიდა ფილმის ფინალს.

         შეიძლება შემედავონ, რომ წიგნის და ფილმის შედარება არაკორექტულია, რომ  ფილმი   დამოუკიდებელი ნაწარმოებია და ისინი სხვადასხვა კანონებით უნდა განისაჯოს. ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ისიც   ფაქტია, რომ  მხოლოდ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ  და  შედარების სურვილი   მაშინ ჩნდება (ეს კი  ძალზე  ხშირია კინომცოდნეობით პრაქტიკაში), როცა ცვლილებები მხოლოდ უარესს ხდის კინოვერსიას და პირველწყაროსთან შედარებისას ის აშკარად აგებს.

     რადგან ავტორმა  მოთხრობის ეკრანიზაცია აირჩია, ბუნებრივია, ვიგულისხმოთ, რომ მას ის მოეწონა, მაგრამ ალბათ კარგი იქნებოდა დაფიქრებულიყო, რა მოეწონა, რამ მოახდინა მასზე შთაბეჭდილება? მხოლოდ ამბავმა, რომელიც, ეტყობა, ბოლომდე მაინც არ აკმაყოფილებდა, რადგან ფინალი რადიკალურად არის  შეცვლილი? თუ გმირების ხასიათებმა -  მაშინ  სად გაქრნენ ისინი? თუ ფორმამ, ინტონაციამ, მაშინ ალბათ ისიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომ სიტყვისა და ვიზუალური ნიშნის შესაძლებლობები, ზემოქმედების მექანიზმი  საკმაოდ განსხვავებულია (ისევ ბანალური ჭეშმარიტება) და ფილმის ავტორი ალბათ კარგად უნდა დაფიქრებულიყო, შეძლებდა თუ არა მისი მოწონებული ნაწარმოების ყველაზე ძლიერი მხარეების გადატანას ეკრანზე. 

 ფილმში აღარ ჩანს  პირველწყაროს თხრობის ინტონაცია, ნიუანსები, აღარ არიან მისი პერსონაჟები: ზაზა -  "ლამაზი პირუტყვი",  მოთხრობის პირველი პირი და ფილმის მთავარი პერსონაჟი, ნინო - ირონიული, გულწრფელი, ძლიერი. გაქრა    ვნება, რომლის წინაშე   გონება უძლურია. სხვაგვარად რა რჩება ეკრანზე? - მხოლოდ ბანალური სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველწყაროსთან შედარებით გაცილებით სწორხაზოვანია.   

შეიცვალა ფინალიც, და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მოთხრობისეული ფინალი სრულიად გაუგებარი იქნებოდა ფილმისეული პერსონაჟებიდან გამომდინარე. სამაგიეროდ,  გამოყენებულია ტიპური მელოდრამისთვის უსაყვარლესი მეთოდი „მისი უდიდებულესობა შემთხვევა“, მას ხომ  ვერავითარ ლოგიკას თუ ფსიქოლოგიურ მოტივირებას ვერ მოსთხოვ.  

      „არჩევანი მე“ არ იყო რომანტიკული პროზა. მისგან რომანტიკული მელოდრამის გაკეთებას შეეცადნენ,  და ეს ავტორის უფლებაა.  ალბათ არის კიდეც გარკვეული, თუმცა საკმაოდ სტერეოტიპული რომანტიზმი ზღვაზე შეყვარებულების  ტკბობის საკმაოდ თბილ, თუმცა სტანდარტულ სცენებში, თავად ამბავში...  

      ფილმს,   სავარაუდოდ, ჰყავს და ეყოლება გულშემატკივრები, მაყურებლისთვის ხომ, განსაკუთრებით კი გარკვეულ ასაკში, ხშირად ამბავი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როგორ არის ეს ამბავი მოტანილი, მაგრამ მე მენანება დაკარგული   პოტენციალი, ქართულ კინოში კარგი მელოდრამის, შესაძლოა, რომანტიკული დრამის დამკვიდრების ხელიდან გაშვებული კიდევ ერთი შანსი. 

 ჟურნალი Filmprint N16

ზაფხული 2015