მანანა ლეკბორაშვილი

ქართველი მარგარიტას სულისშემძვრელი ისტორია

ქართული კინო წლების განმავლობაში საბჭოთა კინემატოგრაფის ავანგარდში იდგა, მაგრამ დრო იცვლება და ბოლო წლებში მან ვეღარ შეძლო ამჟამად უკვე პოსტსაბჭოთა სივრცის კინემატოგრაფისათვის ფეხდაფეხ მიყოლა (ბუნებრივია, საქართველოში დატრიალებული პოლიტიკური და სოციალური მოვლენების გამო). მაგალითად, კარგა ხანია ყოფილი საბჭოთა, ახლა კი რუსული კინოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟებად მეძავი ქალები იქცნენ.

უკანასკნელ დრომდე  ქართულმა კინომ როგორღაც გასაღები ვერ მოარგო ამ თემას (თუმცაღა ეპიზოდური მცდელობები იყო). და აი,  ბოლოს და ბოლოს, ეკრანებზე გამოდის ერეკლე ბადურაშვილის ფილმი „თბილისი ჩემი სახლია“ (სცენარის ავტორი ლეილა ბეროშვილი, ოპერატორი ნუგზარ ნოზაძე) და დღეს უკვე ქართველებსაც შეგვიძლია თქმა, რომ ჩვენც გვყავს ჩვენი მარგარიტა გოტიე.

რა თქმა უნდა, ლაპარაკი არ არის პირდაპირ ანალოგიაზე და ჩვენი ფილმის გმირსაც მარგარიტა კი არა, ლილი ჰქვია (მსახიობი ნინო ლეჟავა). როგორც ფილმის პირველივე კადრებიდან ვიგებთ, ლილი სოფლიდან არის ჩამოსული, თბილისში მარტოხელა მოხუცს შეკედლებია და რომელიღაც ტექნიკუმში სწავლობს; თუმცა, მაინცდამაინც თავს არ იკლავს სწავლით და მეგობარ გოგონასთან ერთად ფულიანი კლიენტების ძებნას უთმობს მეტ დროს.

ფილმი ორ დროით პლასტში ვითარდება. დღევანდელობიდან ავტორები დროდადრო ლილის სოფელში ცხოვრების პერიოდშიც გვაბრუნებენ. ამ რეტროსპექტული ჩანართების მიზანია აგვიხსნას, რატომ და რა ვითარების გამო აღმოჩნდა ლილი ქალაქში, ხოლო ფსიქოლოგიურ პლანში - გვიჩვენოს, როგორ იქცა ნათელი და მეოცნებე გოგონა მეძავად. 

ინფორმაციის სახით ვიგებთ, რომ ლილისთვის საბედისწერო შეცდომა პირველი გატაცებისადმი მთელი არსებით მინდობა აღმოჩნდა. შერცხვენილი, ბავშვით ხელში, ის სოფელში ყველას თითით საჩვენებელი და დასაცინი შეიქნა. სწორედ ამ სირცხვილს გაარიდეს მშობლებმა ლილი და დიდ ქალაქში გამოუშვეს ახალი ცხოვრების დასაწყებად. ინფორმაცია ინფორმაციად, მაგრამ გმირის დასახასიათებლად ისეთი ეპიზოდებია შერჩეული (მეგობარ გოგონასთან დიალოგი, პირველი პაემანი, ღირსების დაკარგვის სცენა) და ისეთი კუთხით აღებული, რომ ლილი მოსულელოს შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე მეოცნებისას. სადღაც ბუნდოვნად თითქოს გაკრთება გოგონას სხეულში ჩაბუდებული შინაგანი, გაუცნობიერებელი ვნების მოტივი, მაგრამ ეს გაკრთომა იმდენად ეფემერულია, რომ, ვფიქრობ, ეს უფრო შემთხვევითობაა (ან შესაძლოა, საკუთარი ფანტაზიის ნაყოფიც), ვიდრე ავტორების მიერ გათვლილი ეფექტი.

დღეს ლილი გამხდარი, თვალებში სევდაჩამდგარი, ტუბერკულოზით დაავადებული  ახალგაზრდა ქალია. სოფლელ ქალიშვილსა და მას შორის კი, უზარმაზარი შავი ხვრელია, რომელშიც უკვალოდ დანთქმულა დროის ამ ორ მონაკვეთს შორის მოქცეული ყველა მოვლენა, განცდა, ფიქრი, მხოლოდ რამდენიმე ფრაზის ნაწყვეტიღა შემორჩენილა ფილმში იმ დროიდან, მათ შორის მილიციაში თქმული: „პროფესიამ თავად ამირჩია“.

რატომ აირჩია? როგორ? - ჩვენ მხოლოდ მკითხაობა შეგვიძლია. არადა, ხელოვნებისთვის ხომ სწორედ ეს არის საინტერესო - რატომ და როგორ არჩევს კონკრეტული ადამიანი ამა თუ იმ ცხოვრების გზას, რა ხდება ამ არჩევანში წამყვანი - შინაგანი იმპულსები თუ გარემოებათა საბედისწერო თანადამთხვევა; საინტერესოა სწორედ პროცესი და არა შედეგი.

ფილმი კი პროცესს მთლიანად კადრს მიღმა ტოვებს. სახეზეა მხოლოდ შედეგი: ტუბერკულოზის მკურნალობის დაუმთავრებელი კურსი, გაუთავებელი ხველება და მაინც უწყვეტად სიგარეტი, შეხვედრები კლიენტებთან, კონფლიქტები მილიციასთან და ა.შ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორებს აინტერესებთ არა კონკრეტული ადამიანი, არამედ თვითონ თემა; არა - ინდივიდის სულიერი სამყარო, არამედ მის მიერ არჩეული გზის ტიპური დამახასიათებელი ნიშნები; მხოლოდ ნიშნები, რადგან ლილის სულში ჩაწვდომის მცდელობაზე გმირის მომაბეზრებლად ხშირი და გამაღიზიანებლად ზემსხვილი პორტრეტები თუ  მიგვანიშნებს, ხოლო მის სულიერ მდგომარეობაზე მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ლილი უკმაყოფილოა თავისი ცხოვრების წესით და რომ ის გულში ატარებს სოფელში, თავის ქალიშვილთან ამაყად, ლამაზად, მდიდარ ქალბატონად დაბრუნების ფარულ ოცნებას.

ეს არის და ეს. დანარჩენი კი - კითხვები, კითხვები, კითხვები...

რა საჭირო ასე ხაზგასმით გამოკვეთილი ანჩხლი და კაპასი დედა, თუ ის არავითარ როლს არ თამაშობს შვილის ცხოვრებაში?

ვინ არის ის საიდუმლოებით მოცული ქალი (გურანდა გაბუნიას შესრულებით), რომელიც სულ ორჯერ გამოჩნდება ფილმში: ერთხელ სწორედ მისი რჩევით გზავნიან ლილის მშობლები თბილისში, მეორედ - ლილი მას  საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად თურქეთში მიმავალს გადაეყრება შემთხვევით.

მხოლოდ გრძნობის კარნახით ირჩევს ლილი კლიენტებს? და თუ არა,  მაშ რატომ ეწინააღმდეგება ასე გააფთრებით მილიციის უფროსის სურვილს, თუმცა კარგად იცს, რის ფასად შეიძლება ეს დაუჯდეს?

რატომ უარყოფს ასე ხელაღებით ლილი მეზობელი მხატვრის მიერ შემოტავაზებულ ერთად ცხოვრების წინადადებას, რომელიც მისთვის თავშესაფრის, სულიერი სიმშვიდის, შვილთან ერთად ყოფნის შესაძლებლობას ნიშნავს? მით უფრო, რომ მათ ურთიერთობაში აშკარად იგრძნობა ურთიერთსიმპათია. 

ფილმის ავტორები არც ცდილობენ რაიმე მოტივის შემოთავაზებას, მაგრამ მაყურებლის ფანტაზიას რა უშლის ხელს? იქნებ დავუშვათ, რომ ესოდენ მოულოდნელი და აუხსნელი საქციელის მიზეზი თბილისის მიზიდულობის ძალა იყო (მხატვარს ხომ სახლი ბათუმში აქვს)? თავად ფილმი ამ დაშვების არანაირ საფუძველს არ იძლევა, თუ არ ჩავთვლით მის მეტად მომხიბვლელ და მრავლისმთქმელ სახელწოდებას - „თბილისი ჩემი სახლია“.

თუ ამ სახელწოდებიდან ვიმსჯელებთ, ავტორების მთავარი ჩანაფიქრი სწორედ დიდი ქალაქისა და კონკრეტული პიროვნების ურთიერთობის კვლევა უნდა ყოფილიყო. დიდი ქალაქი, როგორც მაგნიტი, როგორც მაცდური სანთელი, რომლის ალიც ისევ და ისევ იზიდავს მირიად ფარვანას, რათა  თავისი ცხოვრების ორომტრიალში ჩაითრიოს, მასაში გათქვიფოს, სილამაზით მიტყუებული სიმახინჯის მორევში ჩაძიროს და ბოლოს ფარვანასავით ფრთებდამწვარი თავიდან მოიცილოს.

აი, ის ნაყოფიერი ნიადაგი, რომლის დამუშავებასაც, ალბათ, ცდლობდა ფილმი; მაგრამ სად არის მაშინ თბილისი, როგორც ამ ანდამატის ხატი? სად არის ის, როგორც ფილმის ერთ-ერთი (თუ არა მთავარი) გმირი? სად, შემოქმედების რომელ ეტაპზე გადაუხვია კინოსურათმა ამ,  მისთვის მხსნელ ხაზს, რომელიც კარგად ნაცნობი ქალაქის ახლებურად დანახვის ფართო შესაძლებლობებს უხსნიდა ავტორებს?

მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი აუხდენელი სურვილებია, გაცრუებული მოლოდინი, პერსონაჟების არსებობის წესის შინაგან თუ გარეგან მოტივირებათა ამაო ძიება. ავტორებს კი ამ წვრილმანებისათვის არ საცლიათ. ისინი შეუპოვრად მიიწევენ წინ, წინ - გმირის ტრაგიკული არსასრულისკენ.

მოვლენები უკვე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება: ჩხუბი რესტორანში, მეგობრის ღალატი, ციხე, ტუბდისპანსერი, ბოლოს, როგორც უკანასკნელი ნავთსაყუდელი, მშობლიურ სახლში დაბრუნება. მაგრამ აქ ლილის ახალი დარტყმები ელის: შვილი უარს ამბობს ცნოს იგი დედად, პირველ სიყვარულთან შეხვედრა და ავტორები (რა თქმა უნდა, პერსონაჟის სახით) სხვა ფსიქოლოგიურ ნიუანსს ვერ პოულობენ, გარდა ცინიკური შეძახილისა: „ვა, ლილი?!“

აქ უკვე ავტორებმა ჩათვალეს, რომ ლილის თვითმკვლელობის გარდა აღარაფერი დარჩენია და ისიც განმარტოებული, გამალებით იყრის პირში წამლის ტაბლეტებს, გაჭირვებით ღეჭავს (ავტორებმა წყალიც კი არ გაიმეტეს მისთვის) და იქვე, ჩვენს თვალწინ  სულს ლევს.

ნებისმიერი ხელოვნება, და მათ შორის კინემატოგრაფიც, სულაც არ არის მოწოდებული იყოს რეალობის ასლი. ის ყოველთვის შეიცავს პირობითობას ამა თუ იმ დოზით, მაგრამ ამ პირობითობასაც თავისი კანონები აქვს, და თუ ნაწარმოები ვერ ახერხებს მხატვრული დამაჯერებლობის მიღწევას, მაშინ უფლებამოსილნი ვართ მისგან უბრალო ყოფითი დამაჯერებლობა მაინც მოვითხოვოთ, რასაც ეს სცენა აბსოლუტურად მოკლებულია.

ასე სრულდება მარგარიტას, უკაცრავად, ლილის სევდიანი ისტორია. რჩება ცუდად შენიღბული მორალი: გულუბრყვილო სოფლელო გოგონებო, ნუ აყვებით პირველ გრძნობას; თავშესაფრის ძებნას ნუ დაიწყებთ დიდი ქალაქში, ნუ გადაუხვევთ სწორი გზიდან, თორემ... მაგალითი სახეზეა. მაგრამ ის კი ავიწყდებათ ფილმის ავტორებს, რომ ცუდად წაკითხული მორალი მხოლოდ და მხოლოდ უკურექციას და ცინიკურ განწყობას იწვევს.

 

გაზეთი „კავკასიონი“

4.07.1995 N121(190)